არ ვიცი, შენ თუ შენზე ოცნება
შემყვარებია ასე ძალიან,
ამით არავინ არ გაოცდება,
ჩვენთვის ქალაქში არვის სცალია.
შენი ქუჩა კი რა ლამაზია,
თვალმოფახულე ჭადრის ჩრდილებით,
ოცნებებივით შემომასია
ქარმა ფოთლები _ მწვანე ჩიტები.
ო, რა შორსაა სიცოცხლით დაღლა,
სიყვარულის და ტკბობის ჯერია,
ჩვიდმეტი წლის ვართ ორივე ახლა,
ცისარტყელები ჩვენთვის მღერიან.
თბილისი მართლაც კარგი მხარეა,
მაგრამ ის ამ გულს ბევრად არ უჩანს,
თუ მიხარია, ის მიხარია,
რომ არის სადღაც აქ შენი ქუჩა,
რომელიც შენი ნაბიჯებით და
ჩემი თვალთვალით დაფენილია
( გაიკვირვებდა ალბათ ჩემი და _
ისე გავნაზდი, რიგორც ლილია).
კურთხეულ იყოს, ვინც ჩვენი ბედის
გზები თბილისში გამოატარა,
რომ იმ საღამოს ერთმანეთს შევხვდით
და გულმა თავი გულს შეაფარა.
1971