მთვარიან ღამეში სოფლის ვიწრო, ოღრო-ჩოღრო გზა დიდ მანძილზეა დაკავებული.
ხუთი ცხენოსანი, რამდენიმე ქვეითი და სამი ურემი ბრუნდება დღეობიდან.
მოყვარე კარგად დაჰხვდა სტუმრებს; ყველა ნასიამოვნები მიდის სახლში: ყმაწვილები შეზარხოშებულნი არიან, მოხუცები - მთვრალნი; დედაბრებმა მოიგონეს თავიანთი წარსული, იმასლაათეს, მკვდარი აქეს და ცოცხალი გაქექეს; ქალიშვილებმა ცეკვით იჯერეს გული; ჭრელი თავსაფარი, წითელი ქოლგა ხალხს აჩვენეს, იკასკასეს, იცინეს; ბავშვებმა ირბინეს, ბურთი ითამაშეს.
შვილებმა იქეიფეს; დედ-მამამ მტერს თვალი დაუყენა და მოყვარეს გული გაუხარა ოჯახის ბედნიერებით.
როცა უკან ჩამორჩენილი ურემი ჩრდილით მიძინებულ ადგილს მოჰხვდება, ახალგაზრდა, ჩაბალახჩამოფარებული ბიჭი მივარდება ურემთან, ვიღასაც მუჯლუგუნს წაჰკრავს და ჩაუჩურჩულებს:
- მეიწიე აქეთ, ძღაბო!
- გაჩუმდი, დეიდა გეიგონებს...
- ნუ გეშინია, სძინავს. თუ გინდა, გეიგონოს, მაგი ჩემკენაა. საფერისცვალებოთ ისეთი ბაღდათი მოუტანე, სულ იკივლა სიხარულით. მითხრა, მე ვიციო...
- წადი, შე გასაწყვეტო, მომშორდი; აქ სინათლეა.
ბიჭი შორდება რამდენიმე ხნით. ჩრდილთან ერთად ისიც აჩრდილსავით მიეპარება ურემს. გოგოს, სანამ მოვიდოდეს, გული მოსდის, სად არის ამდენ ხანსაო.
- ოლიკო...
- ჰო, რა გინდა, რა შემიწვრილე გული?!
- ი ბიჭი ვინ იყო, შენთან რომ ცეკვავდა?
- ვინ იყო?! რა შენი საქმეა, ვინ იყო...
- თავს ნუ იგდებ! ვინ იყო-მეთქი? - ბიჭმა გოგოს ხელი წაატანა ხელში და მოუჭირა.
- ვინ იყო და ძაან კაი ბიჭი! ოქრომჭედელია... ბაბაიმ მითხრა იმას მიგცემო... იი! გასკდი გულზე!
- ძაღლმა შემჭამოს, თუ შენც და ისიც საშობაო გოჭსავით არ გამოგფატროთ!.. - და ბიჭმა ძალზე მიიზიდა გოგო თავისკენ, ხელი კიდევ უფრო მოუჭირა და ჩაეკითხა: - მართალს ამბობ, თუ ხუმრობ?..
მთვარის სინათლემ ისევ გადაკრა მათ.
- ვხუმრობ, ვხუმრობ! ნუ გადირიე, შეგვხედავენ!
მგზავრების წინ, სულ თავში, გოგოს მთვრალი მამა მიდის; ცხენზე აქეთ-იქით ეკეცება და ბუზღუნობს: „ძაან კაი, შენ ნუ მომიკვდე! გვარიანათ ვიქეიფეთ, დავთვრით... ჩემი გოგო იმ ბიჭს მეეწონა... შეძლებული და კაი ხელობის კაცია. ერთი ორი კვირე კიდე და უფსკვნი ჯვარს... და.. მოვრჩები ერთ საქმეს“...
- აბა, სიტყვა მომეცი! - მიუახლოვდა ისევ ბიჭი.
- რისი? - თითქოს არ იცისო იცუღლუტა გოგომ.
- რომ არ მიმტყუნებ, ჩემს მეტს არ ინდომებ.
- ჯერ შენ მომეცი. არა, შემომფიცე!
- შენ თუ გიმტყუნო, დამექცეს ოჯახი, წმიდა გიორგის ლახვარი მომხვდეს!
- შენ მეტს თუ გავყვე, ღმერთი გამიწყრეს, დედა წამიწყდეს...
- აბა, ნახვამდის, არ დაგავიწყდეს! - და ბიჭი გადუხვევს გზაბოძალში.
მთვარიან ღამის ჩრდილში მზადდება დრამა.
ქაღალდზე კი არ დაიბეჭდება, მსახიობები კი არ წარმოადგენენ, ცხოვრების ჭრელ დაფაზე შეეტაკებიან ხასიათები: იქნება ბრძოლა ნებათა, სურვილთა, ძალთა და უფლებათა. დამარცხებული ვეღარ იხარებს მთვარიან ღამის ჩრდილში.
1909