Litclub.ge

სურათი
ხრამის პირს მიყვება ფერდობზე გაჭრილი სოფლის გზა. ხრამი და გზა უეცრად უხვევს. კუთხეში ხრამიდან თავი ამოუყვია ვეებერთელა ცაცხვს და მჭიდრო ჩრდილი ფარავს ორივ მხრივ ამოსული მუხებით გადაბურულს ყინულივით ცივ წყაროს. წყარო ფერდობის ძირში ღარიდან მორიკრიკობს; ამ ადგილას კენჭებით მოყრილ გზაზე ეცემა და ჩხრიალით უფსკრულში ვარდება. აქ მუდამ გრილა; თითქმის ცივა. 

წყაროს ფეხში ჩერდებიან მგზავრები; დაიბანენ პირს, დალევენ წყალს; ცხენს თვალს ამოუწმენდენ; ყურს დაუწევენ, ურმის ღერძს დასაპნავენ; შორს მიმავალი აქ ისაუზმებს, მიითვლემს. 

ყმაწვილი ქალი ღარის წინ ქვაზე ჩამომჯდარა; თავსაფარი გადავარდნია; მაყვალსავით შავი თმა ბეჭებზე სცემს, ქვაზე იღრაკლნება და გვერდში დადებულს, პატარა ფუთას სწვდება. 

მთელი სხეულით, მიხრა-მოხრითაც კი გამოიხატება უმწვერვალესი სიყვარული და ყურადღება პაწია, ბუნჩულა არსებისადმი, რომელიც მიყრდნობია თეთრს, სიცოცხლით სავსე, ფეროვანს, განსპეტაკებულს მკერდს და თითქმის მიძინებული სწოვს ძუძუს. 

მზრუნველობაში გართული, სხვა ფიქრით გატაცებული ქალი ვერც კი ამჩნევს სანადირო ძაღლს, რომელიც ხარბათ თქვლეფს წყალს. ღარის ქვეშ დამდგარა ძაღლი წყალში ჩაყრილ ქალის ფეხების ახლო. 

ქალს თავი დაუხრია. შავგვრემან, ოდნავ ჭორფლიან სახეს, მოკლე, თხელ, მოღუნულ ცხვირს, დაფიქრებული დიდრონი თვალები ამშვენებენ და წითელ ტუჩებს, მშუქავი, თეთრი ჩამწკრივებული კბილები ალამაზებენ. 

- გამარჯობა, დობილო! - წამომცდება რაღაც ეშმაკად. 

- აჰ! - შეკრთება ქალი და ცდილობს საჩქაროთ შეიკრას გული, ჩამოუშვას კაბა, სახელოთი დაფაროს დაკოტავებული მკლავები და მიმალოს უბეში პაწია. 

განა რომელიმე მათგანი დასამალავია? 


1909 წ.