Litclub.ge

ზაფხულის ბოლო აცანაში

  ისეთი მშვიდი, კარგი დილაა,

  თითქოს სამყარო ბავშვის კბილაა;

 

  ისე დაგალობს ჩიტი კენწეროს,

  თითქოს დილიდან ლექსი ეწეროს;

 

  ჩვილი ბადიში ჩემს მკერდზე კვესავს,

  რძის სუნი ასდის მასაც და მზესაც;

 

  ვეება, კანში დაუტევარი

  ლერწზე ჰკიდია მწვანე მტევანი, _

 

  ქარვად იქცევა მალე ზურმუხტი,

  მზე დუღს და მაჭრობს ქედზე ზურგუთის;

 

  ამოფრქვეულან მწვანე ჩქერებით

  მთაზე ხეების ჰეიზერები ;

 

  წრეზე ბრუნავენ ჩრდილნი ხეების _

  ფერხულს ცეკვავენ თითქოს ტყეები ;

 

  კვამლი ლივლივით მიისვეტება _

  კარგი ტაროსი დაგვებედება;

 

  ღმერთო, ისეთი კარგი დილაა,

  თითქოს სამყარო ბავშვის კბილაა.

 

                              2009