Litclub.ge

ნიშარძეულის წყალი
როდესაც რომელიმე კრებას თუ საქმიან თათბირს ვესწრები ხოლმე და ფიცხი ორატორების გამოსვლას ყურს ვუგდებ, მაშინვე ჩვენი ფორე მომაგონდება!
ფორე! გუგულიანი საათი რომ გამოიწერა ვარშავიდან! ნათლად მახსოვს ის დღე, როცა მან ჩემი დასწრებით ამანათი გახსნა და ყუთიდან ამოღებულმა საათმა ფორეს ხელშივე ,,გუგუ” დაიძახა!
ფორე! რომელმაც 1910 წელს, ლევ ტოლსტოის სიკვდილზე სთქვა, რუსეთის მზე მოკვდა, მე რომ ფული მქონდეს, მთელ რუსეთს შავებს ჩავაცმევდიო!
ფორემ, პირველმა სოფელში, სამკალი მანქანა შემოიტანა, მთელი სოფელი ზედ დაეცა გაკვირვებული. ალბათ ისე აღტაცებული იყო ადამიანი, როდესაც პირველად წყლის წისქვილი გამოიგონეს და მძიმე ხელსაფქვავების ბრუნვისაგან გაანთავისუფლა მონა ქალები.
ეს ის ფორეა __ ქრისტეფორე თამარიძე, რომლის ოთახის კედლებზე ეკიდა რუსთაველის, შექსპირის, სპენსერის, ოუენის სურათები. გორის საოსტატო სემინარია ჰქონდა გათავებული, მაშ, რა გეგონათ!
სწორედ ის ფორეა, რომელმაც მღვდელს შენიშვნაზე, __ რათა სჭამ მარხვას, სულს გაუფრთხილდიო, უპასუხაა: მეც იმიტომ ვჭამ ცოცხალი ფერზე დავრჩე, სული არ დამემშესო!
რით იყო სახელდებული ფორე?
იგი იყო დაუღალავი წყლისთვის მებრძოლი, მეცადინე წყლის ჩა ყვანისა თავის უწყლო სოფელში!
აქედან დაიწყო მისი გასახელება!
ჭეშმარიტად საყვარელი იყო ფორე, წყლის ტრფიალი, წყლის სიყვარულით გაშმაგებული! მთელი სიცოცხლე მეცადინეობდა, რათა მრავალქაფა ნიშარძეულის წყალი ჩვენს სოფელში ჩამოეყვანა.
სოფელში ფორეს სახელქება ისმოდა, მაგრამ არავინ არ ეხმარებოდა, მხოლოდ ორიოდე მეზობელი ტკბილი სიტყვით აქეზებდა ამ წმინდა საქმეზე! გაწყალებულ პატარა სოფელს, სიღარიბის ბურტყლი რომ ასდიოდა, რა დახმარების გაწევა შეეძლო მეოცნებისთვის? ვინ გამოიღებდა ხელს? არავინ! ამიტომაც შერჩნენ ერთმანეთს მარტონი, __ ოცნება და ფორე, ფორე და სოფელი!
იდგა კლდის რქაზე და მუდამ პირდაცული ფორე ახლა მტკიცე გონებით ღაღადებდა:
__ მოდით, მხარი მომაბით, მიშველეთ,სათხარი, მიმართება მივცეთ ამ ფურის ძუძუსავით ნაწველ ნიშარძეულის წყალს!
დაწვრილებით აგიხსნიდა რა დამართებით უნდა წაეყვანა წყალი: აი, __ აგზნებით ამბობდა ფორე, __ ჯერ წმინდა კაჟის კლდეზე გადმოვაქცევთ, მერე ხმელი კლდის გამოვილით დიდგვერდზე, გოხიან კლდეებზე, კამაროვანსა და მარმაროვანზე გადმოცურდება, რომ იმინდვრებს, ურწყულ მინდვრებს სარწყავად გაჰხდის, გამინდვრებულის მერე, სოფელში შემოსრიალდება ნიშარძეული და ბელტს დაალბობს. მერე... ფესვმა უნდაა გაიბას ჩინჩლი; როგორ იმედიანად აიყრის ზრო ტანს და დაყვავილდება ბუტკო; __ აგიყვავდებათ ძმებო, მწვანილი, ფეხის მოსავალი, დაისხამს ვაზი, ხეხილი! სამპირ მოსკდება __ შავფხა, შავთაველა, წითელი დიკა, დატაროვებული სიმინდი; მაშინ ნახეთ საქონლის მეხორცულობა, ყოჩი, შაქი! ნახეთ ავსებულობა, __ წველა, რძე, ერბო, თაფლი! თქვე პირუბანელებო, პირი ვერ დაგიბანიათ უწყლოობით. საწყალობელნო, უწყალო გაჭირვება გადგათ კარს! სად არი ღვთის წყალობა, მისი მოიმედენი რომ ხართ! ,, წყალობა”_ც ხომ ,, წყალი”_დან მოდის? გაანძრიეთ ხელი, მიშველეთ ერთკილოვნად, უგზაური ნიშარძეულის წყალი სოფელში ჩამოვიყვანოთ, მუხათწყაროში!
ასე მოუწოდებდა მიწურებში ჩასულ სოფელს, გულში კი უფრო თავისი ფხისა, გამჭრიახობის და მონდომების იმედი ჰქონდა! უნდოდა, ერთ დღეს, აღდგომი წითელ კვერცხივით მიემკვლია სოფლისათვილ ნიშარძეული!
თითქმის ყოველ კვირას ნიშარძეულში ადიოდაა ფორე, იქ ჩანჩქრის ჩქროს ესაუბრებოდა, ესაყვარლებოდა, ელაციცებოდა. მართლაც და, უპაემნო რა კაცია? უმიჯნურო სიარული რა ცხოვრებაა!
წყლის მხურვალე მაძიებელსა და გამომძიებელს გახრიოკებულ სოფელში შემრგო, სუბუქი, გემრიელი და იაფი წყალი შემოჰყავდა! რა იყო ამაზე კეთილშობილური საქმე? და აი, ზრუნვაში გართული ფორე ძიობდა წყლებს ჩვენი მიდამოების ტყესა თუ ღრეში. ჰსინჯავდა წყაროებს, ნაკადულებს, წყაროსთვალს, კოდას, ხევებს, სჩხრეკდა მათ სათავეებს, __ სათაურებს უსინჯავდა ფესვებს, ნიადაგს, ეძებდა მოკლე სადენ გზებს , გეზებს, ჰსახავდა გეგმებს, ჰხაზავდა მიმართულებას; დღემუდამ ჩოთქი ეჭირა ხელში, წყლის გამოსაყვან ხარჯთაღრიცხვას ანგარიშობდა; კიდევ კაპიკებს სწურავდა, მომჭირნეობდა.
ფორეს ჰნახავდით ტყის შეუვალ ტევრში, კლდის რქაზე, უძირო ხევებში, ჩამორიყულ ხეწვრილებში, ჭალებში, მწვერვალებზე.
ოცნების მიმდევარი, ხალხისათვის ბედნიერების მაძებარი, ხელში წერაქვით, ქაფჩით, რაღაც შინგაკეთებული საზომებით, მუდამ საწვიმარგადაცმული; გახუნებული ქუდით, ტალახიანი, მტვრიანი ფეხსაცმელებით, შეჭაღარევებული, შუბლდანაოჭებული, სევდიანი, საქმიანი, მზისაგან ამწვარი, გარუჯული, სიცოცხლის ალმურადენილი, ზეშთაგონებული! აი, ფორეს მაშინდელი სურათი!
გაზაფხულდა, მწვანე ნერგი აყვავდა...
აპრილის ბალახი ნიავზე სივსივებდა. ვანახის დედოფალი __ ატამი ყვავილით ბრწყინვალებდა.
თაფლატყეში, შხეფით სოველ კლდეზე იდგა ფორე და ნიშარძეულის ჩანჩქრის სამყვირალო ხმას ისმენდა, თითქოს ჯიხვების ჯახანი ისმისო. უყურებდა პიტალო ალმასგადმოფანტულ ჩანჩქერს.
და თითქოს გულში შესძახოდა:
__ მე დაგიმორჩილებ! მე შენზე ღონიერი ვარ!
მთაში ნაშობი თეთრ_ლურჯი ქაფი, თითქოს რძის ათასი აუზი გადმოსჩქეფსო გრიალით, ჩადიოდა ჩახევებულ ღრანტეკლდეებში და მერე ჯურღმულებში იკარგებოდა.
ბროლით ამტვერებული გარდმოსაქანელი, შვიდ-წალიკად ჩამოდიოდა. მთების ძუძუს წყარო პიტალოზე შხეფსა და ბუნგალს იტყორცნებოდა...
უყურებდა სიხარულით მორჭმული ფორე წყლის მჩქეფარებას, კაშკაშს და ჩანჩქერის საფიცხე მის გულს ემატებოდა. ფორე წყალს დაშტერებოდა, თითქოს ცხენთა ჯოგი დგრიალებსო, და ფორეს უნდა ქამანდი ესროლოს, რომ ეს ათასობით თეთრი ქურანი გააბასო.
სანახაობამ დაბანგა...
__ ჰეიდა, გულს აღარ უნდოდა შემოცდა! პირდაპირ ჰსურდა, ახლავე შესდგომოდა მდინარის დაურვებას; მოცდა, მოსაათება ეძნელებოდა...
__ ჩაიყვანე სოფელში და გააძღე წყლით მიწა!
ჩანჩქერი კი... იფრქვეოდა და კლდე იწველებოდა, როგორც სიმაძღრის ძუძუ და ვერცხლის ღვარს მოჰქონდა ლოდნარი, ქვაყრილი, ძელყორე...
უსაღვთოესი, მყოფადი ოცნება ახლა თითქოს ხორციელდებოდა. ფორე გონებაში ამ წყალს სოფლის ვენახებსა და ხოდაბუნებში ჰხედავდა უკვე. ორივე ხელი გაეშალნა და არ ვიცი, მღეროდა, თუ ჩანჩქერს შესძახოდა:
__ მე დაგიმორჩილებ, დაგიურვებ, მე ხომ შენზე ღონიერი ვარ!
ჩანჩქერი, რომ იტყვიან, ღმერთში ადიოდა შეუწონელი ძალით.
რაღა უნდა ენახა ფორეს __ დასიცხულ, დაგვალულ სოფლის შვილს, ამაზე უსანატრესი, უტკბესი?
__ იცი რა არი ნიშარძეული?
__ ოქრო ჯიღა!
ზემო მთებიდან მომავალი გლეხი წაადგა ფორეს კონცხზე მდგომარეს, ნეტარების ბურანში დაბანგულს, მოხათრე გლეხმა გაუბედავად შეახო ხელი.
__ მოგწონს?
__ განა რომ საყვარელია? __ უპასუხა ფორემ.
__ როდის გახდება ჩვენი ნიშარძეული? __ შეეხითხა გლეხი ჩანჩქერს.
__ ხვალ! მტკიცედ უთხრა ფორემ.
ეს იყო დიდი ხნის წინათ...
კაი სახელებია: ვარდისოფელი, ვარდიგორა, ოქრობაგეთი, ოქროწყარო, მაგრამ ჩემი სოფელი მუხათწყარო მეკერძებოდა; თუმცა აღარც მუხა იდგა, აღარც წყარო მჩქეფარებდა. სიპოხეგამოწოვილი მიწა თვალცემულივით ბერწობდა.
__ მოხრეკილი ხევი, მშრალხევი, გოხნარი, ნაწყაროვალი, ნატბეურა, ნარუალი, ნაჭალევი __ ასეთი სახელები ერქვა ჩვენი სოფლის მიდამოებს და აქედანაც კი ჩანდა უწყლოობა, თვალიც რომ არ გადაევლოთ უხეტყეო, მაგრამ ოდესღაც ნატყევარი მიდამოებისთვის.
ბავშვებს არასდროს არ ენახათ არც ჩანჩქერი, არც ჩახრიალა, არც შადრევანი, არც უხვი წყლით გახარებული ბაღნარი, არც მტევნის ძუძუ, არც მზის ყანა!
ბავშობიდანვე მეზობლები გვალვას, სიცხესა და მტვერს, შესთხოვდნენ კმასაყოფელ წყალს, წვიმის მომცემელ ლაზარეს __ ქვეყნის ნაყოფით გამომზრდელს და ცხოვრობდნენ ნაკლულად, მწყურვალედ!
ეჰ, რა უსაწყურვილესი იყო სოფელი! ოჰ, რა ბრეს ადენდა ხორშაკი ქარი! სოფელი მტვერში ეხვეოდა; რასაც დასთესდნენ ბოსტანში თიბათვის დამდეგ აიფშრუკებოდა, მკათათვეში ამტვერდებოდაა.
__ რაღადა სთესთ? __ შევეკითხებოდი სოფლის დედაკაცებს.
__ მაშ. რა ვქნათ, სოფელს ხომ არ გავაციებთ, სირცხვილია!
. . . . . . . .
ერთადერთი ნუგეში წვიმაღა იყო, თუ ავდრიანი გაზაფხულ-ზაფხული იქნებოდა, ჩვენი ბოსტნებიც ღაღანებდნენ, ხეხილიც მხიარულობდა. ვაი, რომ უფრო გვალვა
იცოდა ჩვენს მხარეში! გაქვავებული ნახეთქი, უხალისო, გამშრალი მიწა.
აბუზული ხეები სევდიან სიჩუმეს გამოსცემდნენ. სოფელს თვალები ცაზე ყურებით სტკიოდა შავღრუბლის ცვარის მოლოდინში!
ჰხედავდა ფორე სოფლის არემარეს, ამპირ-იმპირ გადამწირულს, გადაბუგულს. წარღვნის წყალი არ ეყოფა ამ ნამშრალ მიწას! იტყოდა გულში:
ახ, ბედი გაიხსნებოდეს! ახ, შეიმარეშოს აქ წყალმა მადინარმა!
ბოლო ხნის გვალვების გამო, სოფელში რაც წყაროები იყო ან დაშრნენ, ან დამოკლდნენ. ჩვენი უბნის წყაროს ნაწრეტი წყალიც ნეკის სისხოდღა მოღანცალებდა. აღარ ისმოდამისი ცქაფი ჩხრიალი, ყრმობისას რომ სიმღერასავით მომესმოდა.
წყაროს თავზე მდგარი ნაგალი ხეც ჩათუთქულიყო, დაღონებული ტოტები ჩამოეყარა: უხალისო ფოთლები სევდიანად შრიალებდნენ.
__ ახ, ერთი მენახა ჩემი სოფლის მიწა გასველებული! წყალგამჯდარი! ჭყანტი იდგეს, ბჟანტალი ნიადაგი მენახოს!
და როცა ხალხზე ზრუნვას უქებდნენ, __ ბარაქალა, ფორე!
__ რა დროს ეგ არი? __ შეაწყვეტინებდა გაღიმებული. __ წყალი გამომაყვანინეთ თქვე უღმერთოებო, დამეხმარეთ, მიშველეთ!
... და ისევ უღრან ტყეში, სოფლიდან დიდად მოშორებით გადმომჩქეფარე წყალს ჰზვერავდა, ზვირთებს უთვლიდა! შინ, კი ისევ ანგარიშობდა, ჰხაზავდა, დაფიქრებული, ჩაჰყურებდა ნახაზსა და ციფრებს. ჯიქურად წინ დასდგომოდა პირდაპირ შეუძლებელ საქმეს, წამიერად კიდევაც ხედავდა სოფელში ჩამოყვანილ წყალს და იმ წუთას იგი ახალგაზრდავდებოდა, ცმუკავდა, კიდევაც ღიღინებდა.
თუ ჩვენს კუთხეში შემთხვევით ინჟინერი ან ტექნიკოსი მოხვდებოდა ან სტუდენტი შემოივლიდა, ხელს ჩაავლებდა, წაიყვანდა, დაატარებდა, საწყლო ადგილებს აჩვენებდა, თავის აზრს გაუზიარებდა. რჩევას ჰკითხავდა და კიდევ ერთხელ აღიგზნებოდა, იქაურობას დააკორიანტელებდა!
მაგრამ მხარს არავინ აბამდა! მარტო იყო ფორე თავისს საქმიანობაში!
ბოლოს გადაწყვიტა თავდაპირველად ხარჯი თვითონ გაეღო. დაინახავენ, მომიდგებიანო! გაყიდა ცხენი, გაყიდა ფუტკარი, გაყიდა პატარა ვენახი, სამიოდა თხა, ათი კოდი პური შარშანდელ შემოსავლიდან შემონახული და ყოველივე ფულად აქცია! მაგრამ არ იყო საკმარისი მუშაობის დასაწყებად. ახლა მან გაბედა უქნელი საქმე. ერთ დილას იგი მიადგა ჩვენი დაბის წმინდა გიორგის მღვდელს და მაზრის ბლაღოჩინს მამა თევდორეს, მდიდარს, შეძლებულს, ძუნწსა და ხელმოჭერილს.
ფორემ მოურიდებლდ სთხოვა ფულით თანაშეწევნა და დაჰპირდა თავისი მამულის გირაოდ მიცემას.
თევდორე მღვდელმა, რომელიც ფულს სარგებლით ასესხებდა ხოლმე, მოიმიზეზა წმ. გიორგის საყდრის შეკეთებისათვის შემოწირული ფულის უკმარობა.
__ მე მხოლოდ წმ. გიორგის მოვალე ვარ! __ განაცხადა ბლაღოჩინმა.
__ თუ მართლა წმინდა გიორგი გიყვარს, მაშინ მისი საქმე გააკეთე!
__ რა საქმე?
__ ხომ იცი, რად გვწამს ქართველებს წმინდა გიორგი მთავარმოწამე? რად არი ჩვენი თავსალოცავი? თუმცა შენ ჩემზე მეტი უნდა იცოდე, მოგახსენებ... გველეშაპმა ხალხს სასმელი წყალი შეუკრა, თავის მყრალი ტანით ზედ გადაეფარა წყაროსთვალს, კლანჭებში ჩაამწყვდია. ხალხი უწყლოდ იხოცებოდა. გმირი და მხედარი გიორგი შეებრძოლა ვეშაპს, ჩასცა შუბი, სული გაანთხევინა და სახალხო წყალი დაიხსნა! ამ გმირობისათვის იწამა წმიდანად ქართველმა ხალმა, თორემ წმიდანი არა ყოფილა! და თუ შენ, წმიდა გიორგის მოსავი ხარ, დაგვეხმარე წყლის გამოყვანაში; გახდი წმიდა გიორგის მიმდევარი, წყალი მიეცი ხალხს! __ უკვე ფიცხად შეუძახა ფორემ მამამთავარს.
ბლაღოჩინს მხოლოდ წყნარად გაეღიმა მეამიტ ფორეს ახალ დებულებაზე წმიდა გიორგის შესახებ... ეს იყო და ეს...
როდი იცოდა ფორემ შეპუება! მან იყიდა სამოციოდე მილი და ეზოში დაალაგა, არხი კი ჯერ არ იყო გათხრილი! ეშმაკები ტიკებს ალბობდნენ, ღვინო არსად არ იყოო!
დიდი ფიქრის შემდეგ ფორემ გადაწყვიტა ნიშარძეულის ფონდის დაარსება გაზეთში და ამ მხრივ შეწირულების მოგროვება. ამ გამოგონებაზე ისევ გაუთბა გამყინვარებული გული, ისევ შემოიქროლა იმედმა, ისევ ეჩვენებოდა, რომ დაიმორჩილა ჩანჩქერის წყალი: ეჩვენებოდა თითქოს ნიშარძეული მერანი იყო და ქეჩოზე ხელწავლებული მოჰყავდა და მერანიც მშვიდად მოსდევდა სოფელში! ხან თითქოს ფორეს კვერთხი ეჭირა და მისს კვერთხს უკან მოსდევდა, მოსთრევდა წყალი! რას არ ჰხედავდა, რას არ წარმოიდგენდა! საორაგულე ფაცხებს სდგამდა მდინარის ტოტში, შიგ მურა კალმახს იჭერდა!
მაგრამ გრიგალ-ქარივით ატყდა მსოფლიო ომი და ყოველ კეთილ დაწყობილებას მიეცა თავისი აღსარული! ბევრი მწარე გაკვნიტა ხალხმა!
გავიდა დრო, ჩვენი ფორე მობერიკაცო გახდა, სამოცს გადასცილდა, __ მობერდა თავისი აუხდენელი ოცნების გაცამტვერებით. ფორეს შუბლი დაეღარა გუთან-გავლებულ მინდორივით, წვერ-ულვაში გადაეთოვლა, სახე შეუჭკნა, მის ღიმილს მადლიანი ეშხი გაუქრა, მოწუწუნეც გახდა, მწვავედ ჰგრძნობდა, რომ ხელიდან უსხლტებოდა ის ერთადერთი ნათელი ოცნება, რითაც იგი აქამდე ჰსუნთქავდა, სცოცხლობდა, მოქმედობდა!
მაინც ვხედავდი ნიშარძეულის კლდის ქიმზე ზევიდაან გადმომზირალს! უყურებდა ტანშევერცხლილ ჩანჩერს, ეალერსებოდა მის თვითოეულ ზვირთს; ჩანჩქერის თვითეულ წვეთში იყო ჩამწვარი ფორეს ფიქრიც და ოცნებაც!
სულ პირუკუღმა მოდიოდა ფორეს საქმე. წყალზე დაადნა ფორეს თვალგული! მაინც არაფერი გამოვიდა! არვინ წაეხმარა!
ომმა სულ გაწყვიტა სოფელი, ვინ იყო მხსნელი?
__ დაიწვას ცარიელი ჯიბე! __ წაიკვნესებდა ბერიკაცი.
უფრო დაბერდა ფორე, სამოცდაათს გადასცილდა. ,,ძია ფორე” ,, ფორე პაპამ” შესცვალა, მაგრამ წყლის საქმეს არა ეშველა რა!
ახლა სიტყვიტაც აღარაავინ ეხმარებოდა წყლის მებრძოლს, თანაგრძნობაც სამგორის ქარს გაებურთავებინა! სოფელში ეკვე ლაპარაკიც ეზარებოდათ ნიშარძეულის წყლის გამოყვანაზე, როგორც გარკვეულად აუხდენელ ოცნებაზე და ფორეს კიდევაც ალმაცერად უყურებდნენ.
__ თავში იწყვიტოს, ფორე უცოლშვილოა, შესანახი არავინა ჰყავს, ნება აქვს ქარიანობისა, ოცნების აყოლისა, ჩვენ კი __ წვრილშვილებს რაში გამოგვადგება ფორეს აყოლა?!
ასე ფიქრობდნენ ზედმიწევნით ფორეს მეზობელი გლეხები, რომელნიც სიღარიბით ისე დააიხელთნენ, რომ ვერაფრით ვერ შეეწივნენ სოფლისთვის მარტომბრძოლ ფორეს!
ხანიერმა, სახენაცვალმა ფორემ ერთხელ კიდევ შეუტია სოფელს ცეცხლოვანი მოწოდებით:
__ ძმებო, გავიდეთ კლდის გამკაფველებათ, ბელტის მჭრელებად, რუსხმულის მკეთებლად, არ უკანასკნელი კაპიკი, კალაპოტში ჩავსვათ ჩვენი გიჟმაჟი ნიშარძრეული და სოფელში გამოვიყვანოთ! რომ იცოდეთ, რა შემრგო წყალია, რა მსუბუქი, თამარ-მეფეს აუწონია ლერწმის წბილით!
ახლა ამის საპასუხოდ სოფელში თქვეს: ფორეს ტვინი უფრინავს! ურგები კაციაო! სალექსედ გახადეს.
დანართვილარი გული კიდევ ემხურვალებოდა, მაგრამ აღარაავინ არ გამოეხმაურა, ყურიც არ მიუგდეს! მობეზრდა სოფელს უქმი საქმე, სიტყვაა უსაქმო! დრო მიდიოდა, ფორე თითონ უძლურდებოდა, მუხლში სიბერემ ჩაიდგა ფესვი, გულს მყინვარი შეეპარა! მხედველობა მიუსუსტდა და... ამაზე უბედურება რაღა იქნებოდა, ნიშარძეულის სანახავადაც კი ვეღარ
მიდიოდა, გულჯავრეული, ბღუნვით მავალი! ჩამოძენძილი ჩოხით, ჩამორღვეული პაჭიჭებით მოსიარულე.
რაღაც სასიცოცხლო მოაკლდა ფორეს, თითქოს მისი არსება გამოიფიტა, გამოშრა, თითქოს სამოთხეს მოსწყვიტეს! ვერც ვერავის ანდობდა თავის სევდას და ხვაშიადს. ჩაიკეტებოდა თავის ოთახში, თავის გულში და თავის მზერაში და ისე, უნახავად ჰხედავდა ნიშარძეულის ჩანჩქერს გახურებული გულით, შუბლგაცხელებული, გაფაციცებული!
მტკიცედ გამოფიცული, უცვალებელი ოცნება მაინც ცოცხლობდა ფორეს მკერდქვეშ.
ამ დროს ფორეს გული ნაღვერდალს ისროდა! მაგრამ ღამეობით იყო ძნელი! ვეღარ იგებდა ფორე, თუ სად იყო, შინ თუ ნიშარძეულზე? გახელებულ ტრფიალს ხშირად ეჩვენებოდა ქაფიანი ჩანჩქერი და გულს უხოკავდა შმაგური სიყვარული!
ეს იყო ფორეს საკვებელიც და გულის სატკივარიც!
... აი, უეცრივ, ძილში თითქოს არწივთ იხუვლა მთიდან და ფორეს ეზოში ჩამოვარდა, მზის ჭიატმა ციალა შუქით შეანათა ფორეს გამოხუნებული კარ-მიდამო.
მოკრეხილს, მტვრიან ეზოძი მიწიდან სცემდა და სცემდა აფეთქებული შადრევნები, დაბროლებული, მარჯნით ნაელვები ჩქეფები; შიგ მიჭვრიტანული კდემით სრიალებდნენ ელვამდგარი ცისარტყელები, ჩაცრილი ოქრო, ლურჯანა ნარგიზფერი __ ერთად.
ვერცხლურ ღვარიდან მოსრიალებდნენ ცისფერი ბაღდადები, მარმაშა ზვირთებში წყობისად იდგნენ დასხმული ვაზები, ვაშლ-ატამის ბრიალა ტოტები, ყვავილნარი, ხევნარი, კორდი, მდელო, მტილი, მოლი, ირგვლივ, შემობურვოდა კაკლის ჭალა. ნიგვზნარის ხასხასა შრიალი საამოდ ელამუნებოდა ფორეს გაბადრულ გულს.
თითქოს ირგვლივ დაჰქროდნენ ფრთალაჟვარდული ჩიტები, ფირფატები, თოლიები; თითქოს მოჟუჟუნე ქალები გალობდნენ ტკბილად საგალობულს და მრგვლივ საყნოსავი ყვავილსურნელება იდგა და მღიმარი ყვავილები უმწიკვლო ღვარებში ელვარებდნენ. უთეთრესი, უბროლესი, ულურჯესი და ჟოქროესნი, ანკარა, თაფლისა და არძის ნიაღვარშხეფი გამოსჩქეფდა თქართქარით. წაღმით ავარდნილი, დამძლავრებული შხაპი მარგალიტს იტყორცნებოდა, მცინარე ლალის გამოსხივებანი გულს ანათებდნენ, თვალებში უსრიალებდა საფირონისა, ფირუზისა და ბადახშანის ციმციმი. დაჩითული კალმახები მიმოქროდნენ ზვირთებში! ფორე სიხარულით ჰბორგავდა ძილში. როგორ შეაყელთა უწყლობამ, რამდენი იტანჯა, იწვალა და აჰა, თითონ წამოსულა წყალი სოფელში, გაურჯელად!
აუსრულდა ფორეს უსაწადლესი ნატვრა!.. სახეატკრეცილი, გაგანიერებული თვალებით, ხარბად შეჰყურებდა წყლის კაშკაშს, ბროლის მცვრევას და თვალს როდი უჯერებდა უეცარი სანახაობით მონადირებული! თითქოს ტრფიალი და სატრფიალო ერთმანეთს შემოხვდნენო! მადლი, მშვიდობა, სიხარული ჰსუფევდა ეზოში! __ სანატრელი სახილველი!
ჰქუხდა ჩაქუხა ჩანჩქერი და ემადლებოდა ფორე მოულოდნელ სიხარულს.
ვაგლახ, ნაგონარი გამოდგა, მეოცნების ფიცხი გამონაფიქრი!
გამოიღვიძა, თვალშეხედული მოჩვენება განქრა! გვერდით მდგარ ლიტრაში ისევ დუბელა წყალი იდგა ნადუღარივით. თითონ სიცხესა და სიზმარს დაედუნებინა, ფორეს მკერდზე ხვითქი სდიოდა. ისევ უყვარული სინამდვილე... ისევ ურწყული, უძუძური მიწა... ამტვერებული შარა... გამხმარი ხეები. მიმჭკნარი ბოსტანი, უღიმღამო დედაკაცები, სევდიანი ბავშვები... ოცნების უსაზრდელობა...
სადღაა ბროლის ტბორები, შუშხუნასავით მფეთქავი ტანბროლა შადრევნები?!
ისე დააჭმუნვარა ფორე, ისე შეარყია ამ ცხადივით ჩვენებამ, რომ მთელი დღეები გარინდებული იჯდა დერეფანში. აღარ საქმობდა, მხოლოდ იმ ადგილებს დაჟინებით უყურებდა დერეფანში, საიდანაც სრიალა შადრევნები სცემდა სიზმარში, კვიპაროსივით ასული, მაშხალასავით ცაში შეტყორცნილი!
სად წავიდნენ? ცაში თუ ავიდნენ დაუბრუნებლივ!...
მართლაც, სად წავიდნენ შადრევნები? სად წავიდა ახალგაზრდობა, ღონე, იმედი? __დაფიქრდებოდა ღამენათევარი, როცა მთვარე თეთრად დაანათებდა ბალიშს და აღარ აძინებდა მოხუც მეოცნებეს.
__ სად წავიდა ოცნება, სიყვარული? ახალგაზრდობის ჩოხა გაცვითა, გული, გონება, შეძლება თავისს ოცნებას გარდააგო და რა უეცრად გაცურდა თითებშუა ყველაფერი, რა ძნელია, რა ძნელია ყველაფრის გაქარწყლებანი?
და სულ პირველად, ფორეს თვალზე კურცხალი დაიწურა. თითქოს მისი ცხელი ცრემლი ნიშარძეულის ჩანჩქერს შეუერთდა, მისივე ხმელი გულისა და მისი მშობლიური მიწის მოსარწყავად!
წყალს შეალია ფორემ თავისი ახალგაზრდობა, ოცნებას დააწვევინა! ქვასა და კლდეს შეაცხო თავისი სიცოცხლე, მაგრამ მარტოდმარტომ ვერ დაიმორჩილა ვერც ჩანჩქერი, ვერც ვერავის გული! ერთი საქმიანი თანამგრძნობელი არ მისცა ბედმა!
ფორე სანახევროდ კიდევაც დაბრმავდა! ეზოშიც კი ვერ იარებოდა უჯოხოდ, მაინც დიდ მეოცნებეს სჯეროდა, რომ ნიშარძეულის წყალი სოფელში უსიკვდილოდ ჩამოვიდოდა!
და აკი ერთ ღამეს, თითონაც გადამდნარიყო იმ ოცნებაში!
ნიშარძეული კი მხოლოდ წრეულს ჩაამოვიდა მუხათწყაროში.