Litclub.ge

ქეთი

                 1

 

  ჩემო ბარტყო, როგორაც დაფრთიანდი,

  სხვის ბუდეში უმალ გადაფრთხიალდი.

 

  აღარ გინდა დედა, მამა, ქეთია,

  გულის კარი ჩვენთვის დაგიკეტია,

  სასწაული ბუნებისა ესაა _

  სიყვარული და სიგიჟე ერთია.

 

  ბავშვობიდან მახსოვს ჩემი მშობლების

  მედეას და იაზონის როლები,

  ახლა შვილი გადაიქეც მედეად,

  ჩამოლეწე ბედისწერის ბროლები.

  დედაჩემიც როცა გაჰყვა მამაჩემს,

  თურმე დანას ეხეოდა ბებია,

  რას გაუგებ წუთისოფლის განაჩენს,

  ტირილი და სიცილი ხომ დებია.

 

  დედოფალი განა დედოფალაა?!

  ან ქორწილი _ თამაშობა ვადამდი?!

  შვილო, სკოლის დიდი შესვენებიდან

  შენ ოჯახის სადაგველში ჩავარდი.

 

  ასეთია ნუთუ წესი განგების,

  რომ ცოცხალი მკვდარივით მენატრები?!

 

  ულმობლად რომ ვიკლავ შენს მონატრებას,

  იქნებ ამით განვარისხებ განგებას?!

 

  დავდიოდი, ბუზსაც არ ავიფრენდი,

  ახლა ცრემლებს ვმალავ შავი სათვალით,

  იქნებ მეტად მკაცრი მამა ვიყავი,

  თავს უშველე და ხარ ცამდე მართალი?!

 

  თუ ასეა, ჩემგან შენდობილი ხარ,

  ამგვარია წუთისოფლის იგავი,

  სიყვარულით გულბორკილო ქეთია,

  მამაძაღლო, ბედნიერი იყავი.

 

  იქნებ ბედი ჩემზე გონიერია,

  უფალი კი ბედზე ღონიერია.

 

  დე, განქარდნენ შფოთიანი სიზმრები

  და გამრავლდნენ შენი მართვე-ციცრები.

 

 

                 2

 

  წუთისოფლის სასწაული ამიხდა:

  დილით შვილი მიღიმოდა აკვნიდან,

  შუადღეზე სათამაშოდ წავიდა,

  საღამოზე გათხოვილი დამიხვდა;

  წუთისოფლის სასწაული ამიხდა

  და დაიწყო ყოველივე თავიდან:

  შვილიშვილმა ყველა დარდი დაფლითა,

  ხოლო როცა მოინათლა ჯიხეთში,

  მზე გადმოდგა დაირით და დაფითა,

  “დამშვიდდიო?”_ ჩამომესმა მაღლიდან

  და ავტირდი ჩუმად უფლის მადლითა.

 

                              2008