Litclub.ge

ბედის ირონია
მთარგმნელი ჩუბინიძე ნათია
 
ნიუ იორკში მაწანწალების ბომონდი საჯარო პარკებში სახლობს, ეს კარგად იცოდა ვალანსმა და, როცა მეცხრე ციდან პირდაპირ მიწაზე ჩამოაგდეს, სხვა რა გზა ჰქონდა, მედისონ სკვერს მიაშურა.
მოსწავლე გოგონასავით ქორფა და მორცხვი მაისი გაკვირტული ხეებიდან იმზირებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ციოდა, ამიტომ სკვერის ახალმა სტუმარმა პალტო მჭიდროდ შემოიხვია, უკანასკნელ სიგარეტს მოუკიდა და ერთ-ერთ ძელსკამზე ჩამოჯდა. სამიოდე წუთი იმ ბოლო ას დოლარზე სწუხდა, რომელსაც ავტომობილით საბოლოოდ სეირნობისას გამოეთხოვა, საგზაო პოლიციამ წესების დარღვევისთვის დააჯარიმა, მერე დარდი გულიდან გადაიყარა და იმედიანად მოისინჯა თითოეული ჯიბე, მაგრამ უშედეგოდ, ერთი პენიც კი აღარ დარჩენოდა. 
საბრალო, დილით ბინიდანაც გამოაგდეს, ავეჯი ვალების გასატუმრებლად გაყიდა, ტანსაცმელი კი მსახურს უსახსოვრა ხელფასის ნაცვლად, მხოლოდ ისღა შემორჩა, რაც ახლა ეცვა. მთელს ქალაქში მისთვის ამიერიდან აღარც საწოლი მოიპოვებოდა, აღარც ხეირიანი საჭმელი, აღარც ავტომობილი, აღარც წითელი მიხაკი ღილკილოში ჩასაბნევად, რადგან საკუთარი სახსრები აღარ გააჩნდა, მეგობრების ხარჯზე კი ცხოვრებას არ იკადრებდა.

ბედმა პარკებისა და სკვერების მეტი არჩევანი არ დაუტოვა.
აქამდე ვალანსი ბიძის მემკვიდრეობას ღებულობდა, ახლა კი მოხუცი გაცხარდა და გაბრაზებულმა ანდერძი გააუქმა, რადგან ძმისწულმა უარი უთხრა, მისი შერჩეული გოგონა მოეყვანა ცოლად. იმედიც აღარაფრის ჰქონდა, ბიძამისს სხვა ძმისწულიც ჰყავდა, გენიალოგიური ხის მეორე შტოდან, ადრე მის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იყო, მაგრამ მოგვიანებით შეიცვალა აზრი, ის ბიჭიც უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა ჰორიზონტიდან... ხომ შეიძლებოდა უეცრად გამოჩენილიყო და მთელი მემკვიდრეობა მას დარჩენოდა..., თავს ისე გრძნობდა, როგორც ჯოჯოხეთის კუპრით სავსე ქვაბში ჩავარდნილი ლუციფერი...
ჩაფიქრებული იჯდა მემკვიდრეობადაკარგული ახალგაზრდა ძელსკამზე, სიგარეტის ნარჩენს ისევ მოუკიდა, საათს დახედა, ათი სააათი სრულდებოდა. პარკში ცოტა ხალხი დარჩა, სკამების მუდმივი ბინადრებიც არ იყვენენ ბევრნი, ეტყობა, დააფრთხო გაზაფხულის ჯერ კიდევ ცივმა ამინდმა.
მოგვიანებით ვალანსმა შენიშნა, რომ გვერდითა სკამიდან ვიღაც წამოდგა, უცნობი პირდაპირ მისკენ გამოემართა და გვერდით მიუჯდა, ვერ იტყოდი რა ასაკის იყო, არც ახალგაზრდა ეთქმოდა, არც მოხუცი, იაფფასიანი თავშესაფრის ბინადარივით ობის სუნი ასდიოდა, სამართებელზე და სავარცხელზე, ჩანს, დიდი ხნის წინ ეთქვა უარი, სასმელი, ეტყობოდა, ძალიან უყვარდა და ცხვირი ასწითლებოდა. ახალმოსულმა გაუბედურებულ ახალგაზრდას ასანთი სთხოვა, სიგარეტს მოუკიდა და გამოლაპარაკა:
_ აქ ეტყობა ახალი ხარ, პირველად გხედავ, თან რიგიანი მკერავის შეკერილი ტანსაცმელი გაცვია, ერთი შეხედვით შემიძლია ამის გამოცნობა, ცოტა ხნით შემოიარე? ხელს ხომ არ გიშლი? მეშინია, ძალიან მეშინია, გესმის?! ხალხს ჰგონია, გავგიჟდი, ამას რომ ვამბობ, დღეს მთელი დღის მანძილზე ერთი ბრეტცელი და ვაშლი ვჭამე მხოლოდ, ხვალ კი რიგში უნდა ჩავდგე ადვოკატთან სამი მილიონის მისაღებად, მერე ხშირად ვივლი აი, იმ ძვირადღირებულ რესტორანში, ქუჩის გადაღმა რომ დგას და გარს მოდური ავტომანქანები შემორტყმია, არ გჯერა?
_ როგორ არ მჯერა, მწარედ გაეცინა ვალანსს, ეჭვიც არ შემპარვია შენს სიტყვებში, მე კი გუშენდელი დღიდან დავსახლდი პარკში და ჯიბეში ხუთი ცენტიც კი არ მიგდია.
_ იცი, მაწანწალას არ გავხარ, მიუგო ახალმა ნაცნობმა, მგონი ვხვდები რაც დაგემართა, რამდენიმე წლის წინ მეც მაღალ საზოგადოებაში ვტრიალებდი, რამ გაგაუბედურა, თამაშიდან როგორ გამოვარდი?
_ სამსახური დავკარგე.
_ ხო, ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, დღეს ფაიფურის ჭურჭლიდან მიირთმევ, ხვალ კი მშიერი ხარ, მეც არანაკლებ დამჩაგრა ბედმა, ხუთი წლის წინ ჩემზე ბედნიერი ადამიანი იშვიათი იყო, ხელის განძრევაც კი არ მჭირდებოდა, ფუფუნებაში ვცხოვრობდი, არ გაგიკვირდეს, ამას რომ ხშირად ვიმეორებ, მაგრამ მეშინია, მართლა მეშინია...… სახელი არ მითქვამს შენთვის, აიდი მქვია, გაგიგია მოხუცი მილიონერი, პაულდინგი? ბიძაჩემია, ერთ დროს მის სახლში ვცხოვრობდი, ჩემს ნებისმიერ სურვილს ხალისით ასრულებდა... მართლა, თქვენი სახელი?
_ დოუსონი მქვია, მიუგო ვალანსმა.
_ მერე ბედის ბორბალი უკუღმა დამიტრიალდა, მემკვიდრეობა გამიუქმეს და ქუჩაში დავრჩი... ერთი კვირის წინ ქვანახშირის შესანახ სარდაფში ვცხოვრობდი დივიზიონ სტრიტზე, განაგრძო აიდიმ, ერთ თაღლითთან, თვალებფახულა მორისთან ერთად, წასასვლელი არსად მქონდა, გავიხედე და კარს პოლიციის შიკრიკი მოგვადგა წერილით ხელში, დოუსონ, წერილი, ბიძაჩემის სახელით, ცნობილმა მოსამართლემ, მიდიმ გამომიგზავნა, მოხუცს მოუსურვებია, ისევ გავხდე მისი მემკვიდრე და კვლავ ხელგაშლით ვხარჯო ფული.

ხვალ, ათ საათზე ვარ დაბარებული ოფისში, სამი მილიონის მემკვიდრე ვხდები, ჯიბის ფულად კი ათი ათასზე მეტი მექნება, მაგრამ მეშინია, დოუსონ, ძალიან მეშინია...
მაწანწალა ფეხზე წამოხტა, აკანკალებული ხელები თავზე შემოიჭდო, სუნთქვა უჭირდა და ისტერიულად ბურდღუნებდა...
ვალანსმა ხელი სტაცა, კვლავ სკამზე დასვა; -წყნარად, დამშვიდდი, კაცი იფიქრებს, რაღაც უბედურება დაემართაო, ხმამაღლა შემოუძახა საბრალოს, - კი მაგრამ, რისი გეშინია?
აიდი ცახცახებდა, ბროდვეის ნეონის შუქები შიშისგან შეცვლილ სახეს ანათებდნენ.
_ რისი მეშინია? მეშინია რომ ხვალამდე რაღაც დამემართება, არ ვიცი, რა, მაგრამ ხელი შემეშლება მემკვიდრეობის მიღებაში... შეიძლება მანქანამ გამიტანოს, ხე გადატყდეს და დამეცეს, სახლის სახურავიდან ჩამოვარდნილმა აგურმა თავი გამიტეხოს... ადრე არაფრის მეშინოდა, პარკში ასობით ღამე მაქვს გატარებული, ისე, რომ წარბიც არ შემიხრია, ისიც კი არ ვიცოდი, პირში ხემსის ჩადება მეღირსებოდა თუ არა, ახლა კი... ფული მიყვარს, დოუსონ, თავი ყოვლისშემძლე მგონია, როცა ხელში ტკიცინა დოლარები მიჭირავს... მუსიკა... ყვავილები... დახვეწილი სამოსი...

თუმცა, როცა გავუბედურდი, დიდად არ მიდარდია, დავივიწყე უწინდელი ცხოვრება, მაშინაც ბედნიერი ვიყავი, ჩამოძონძილი და მშიერი შადრევნის ცეკვას ან ეტლების მისვლა-მოსვლას რომ ვადევნებდი თვალს, რადგან უკვე აღარაფრის იმედი მქონდა, არ ვფიქრობდი, რომ ღმერთი კვლავ გამოიმეტებდა ჩემთვის წყალობას... ახლა კი ვიცი, კიდევ მომეცა შანსი, ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო და თორმეტი საათი ვეღარ მომოთმენია, დრო სასწაულად გაიწელა... ვინ იცის, რამდენი რამ შეიძლება დამემართოს, იქნებ დავბრმავდე ხვალამდე, ან იქნებ გული გამისკდეს, იქნებ დღეს სამყაროს აღსასრულიც კი დადგეს...
აიდი ისევ ფეხზე წამოხტა აკანკალებული, მეზობელი სკამებიდან დანარჩენმა მაწანწალებმაც დაიწყეს ცქერა, ვალანსმა ხელმკლავი გამოსდო,სასეირნოდ წაიყვანა საბრალო და დამშვიდება სცადა.

აიდი ცოტა დამშვიდდა, მაგრამ სთხოვა, ხვალამდე არ დამტოვოო.
ცარიელ მეხუთე ავენიუს გაუყვნენ, შემდეგ დასავლეთით ოცდამეათე ავენიუ გადაკვეთეს, იქიდან ბროდვეიზე გავიდნენ, ვალანსმა სულ ერთი წამი მოცდა თხოვა აიდის და სიბნელეში გაუჩინარდა, იქვე ნაცნობი სასტუმრო ეგულებოდა.
სასტუმროს ბარში ძველი ბარმენი, ჯიმი დახვდა, მან ჯერ არ იცოდა, რა გადახდა თავს მდიდარ კლიენტს და უწინდელი პატივით მიესალმა.
_ ჯიმი, გარეთ მაწანწალა დგას, ძალიან მშიერია, ფული რომ მივცე, წავა და დალევს, თუ შეგიძლია, ორიოდე სენდვიჩი მომეცი, გავუტან.
_ როგორც მიბრძანებთ, ბატონო ვალანს, მიუგო ბარმენმა და ქაღალდის ხელსახოცში გახვეული ორი ცალი უფასო სენდვიჩი გაატანა ძველ კლიენტს.
აიდი მორჩილად იდგა იქ, სადაც დატოვა, სენდვიჩების დანახვამ ძალიან გაახარა, მოშივებოდა, ჯერ ერთი აიღო, მაგრამ როცა კომპანიონმა მიუგო, არ მშია, მეორეც შენი იყოსო, საგულდაგულოდ შეინახა, მეტი არ მინდა, მეშინია, არ მაწყინოსო, მიუგო გაოცებულს.
მოგვიანებით ორივენი პარკში დაბრუნდნენ, ღამე ძელსკამებზე უნდა გაეთიათ. 
აიდი გამხიარულდა, ,,საწოლი” ახალ მეგობარს თავის გვერდით შეურჩია, თან დასძინა, აქ შუქი არ აღწევს და კარგად დაგეძინებაო, მერე კი შეპირდა, ხვალ მემკვიდრეობას მივიღებ თუ არა, სამსახურს გაშოვნინებ, ძალიან დამეხმარე, შენ რომ არა, ხვალამდე ვერ მივაღწევდიო.
ვალანსს არ ეძინებოდა, კარგა ხანი უცქერდა ვარსკვლავებს, გრძნობდა, რომ ემოციებისგან დაიცალა, გათავისუფლდა შიშისგან, სინანულისგან, ტკივილის შეგრძნებისგან...ფიქრებში ჩაეფლო, გაახსენდა თავისი უცნაური კომპანიონი და გაეცინა... ამასობაში განთიადიც მოახლოვდა, როგორც იქნა ჩაეძინა ხმელ, მოუხერხებელ ძელსკამზე...
მეორე დღეს, ზუსტად ათ საათზე, ორივე მოსმართლე მიდის ოფისთან იდგნენ ენ სტრიტზე.
აიდი, რაც უფრო ახლოვდებოდა შესვლის დრო, მით უფრო იძაბებოდა, მალე უხმეს კიდეც, ორივემ ერთად შეაბიჯა კაბინეტში...
მოსამართლემ გაოცებით შეათვალიერა მოსულნი, პირველი, ვალანსი, ძველი ნაცნობი იყო, გააკვირვა მისმა დანახვამ მაწანწალასთან ერთად, მაგრამ არაფერი თქვა, მერე აიდის შეავლო თვალი და მიუგო:
_ ბატონო აიდი, გუშინ მეორე წერილიც გამოგოგზავნეთ, არ მიგიღიათ? ბატონმა პაულინგმა ბოლო წამს გადაიფიქრა თქვენთვის მემკვიდრეობის დაბრუნება და მთხოვა მეცნობებინა, რომ მისი ნათესაობის იმედი აღარ გქონდეთ. 
აიდიმ უცებ შეწყვიტა კანკალი, სახეზე ფერი დაუბრუნდა, ბეჭებში გასწორდა, ყბა წინ წამოეწია, თავიდან შელახული ქუდი მოიგლიჯა, ღრმად ამოისუნთქა და მწარედ ჩაიცინა: _ გადაეცით ბებერ პაულდინგს, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია, მე არაფერი მიჭირს, როგორმე გავიტან თავს, შეტრიალდა და უკანმოუხედავად დატოვა მოსამართლის ოთახი მტკიცე ნაბიჯებით.


მოსამართლე მიდი ახლა ვალანსისკენ შებრუნდა და გაღიმებულმა მიუგო:
_ რა კარგია რომ მოხვედი და შენი ძებნა არ დამჭირდა, ბიძაშენს სურს შინ დაბრუნდე, მეტად აღარ ბრაზობს, შეურიგდა არსებულ სიტუაციას, შენ ისევ მისი ...
აქ უკვე სიტყვა გაუწყდა მოსამართლეს, შეხედა ახალგაზრდას და თავის კლერკს უხმო…აღელვებულმა:
_ ადამს, დროზე მოდით და ერთი ჭიქა წყალი წამოიღეთ, ბატონ ვალანსს გული წაუვიდა...