მთარგმნელი ლალი გოგაძე
კონსული დინჯად მუშაობდა თავის ყოველწლიურ მოხსენებაზე: ამდენი და ამდენი ათასი ტონა ბანანი, ამდენი ცალი ფორთოხალი თუ ქოქოსი, ამდენი უნცია ოქროს მტვერი, ამდენი გირვანქა კაუჩუკი, ყავა თუ ინდიგო გაიტანესო; წინა წელთან შედარებით ექსპორტიცა და იმპორტიც ოცი პროცენტით გაიზარდაო.
კონსული კმაყოფილი ჩანდა: ,, ხომ შეიძლება სახელმწიფო დეპარტამენტში ჩემი მოხსენება წაიკითხონ და…” –აზრი აღარ დაასრულა, სკამის საზურგეს მიეყრდნო და გაეღიმა, -მგონი, ჩემს წინამორბედს ვემსგავსებიო.
თაგალონი შორს სადღაც ზღვაში მდებარე უმნიშვნელო რესპუბლიკის ერთი უმნიშვნელო კუნძული იყო. კონსულს მოაგონდა- საკარანტინო სამსახურის ერთ-ერთმა ექიმმა ჟურნალი ,,ლონდონური ლანცეტი” მხოლოდ იმიტომ გამოიწერა, რომ იმედი ჰქონდა, ახალი ორლეანის ჯანმრთელობის სამინისტროსათვის თაგალონიდან გაგზავნილ თავის მოხსენებებს ტროპიკული ციებ-ცხელების შესახებ იმ ჟურნალში დაბეჭდილს იხილავდა. კონსულს კარგად მოეხსენებოდა, რომ შტატებში მისი ნაცნობებიდან თითქმის არავინ არაფერი იცოდა თაგალონის შესახებ. ორიოდე კაცი თუ წაიკითხავდა მის მოხსენებას: სახელმწიფო დეპარტამენტის ერთი-ორი წვრილი მოხელე და ასევე ერთი-ორი სტამბის ასოთამწყობი. შეიძლება მბეჭდავ მემანქანესაც მიექცია ყურადღება, კუნძულზე კომერცია თანდათანობით იკიდებს ფეხსო და ამის შესახებ თავის ნაცნობთან ელაპარაკა.
კონსული თავის მოხსენებაში წერდა: ,,გაუგებარია ის გულგრილობა, რასაც ჩვენი ექსპორტიორები იჩენენ. ნუთუ არ ესმით, რომ ამით Fფაქტობრივად ეხმარებიან ფრანგებსა და გერმანელებს მართონ ბაზარი ამ მდიდარსა და ნაყოფიერ…”- აზრის დამთავრება ვერ მოასწრო, გემის ხრინწიანი საყვირის ხმა შემოესმა.
უილარდ ჯედიმ კალამი დადო, თავის ფართოფარფლებიან ქუდსა და ქოლგას ხელი წამოავლო და მიხვეულ-მოხვეული, მაგრამ დაჩრდილული გზით სანაპიროსაკენ გაემართა. კუნძულს ხილის რეგულარულად მზიდავი გემი ,,ვალჰალა” უახლოვდებოდა. მის სანახავად, ჩვეულებისამებრ, ლამის ნახევარი თაგალონი გამოსულიყო. კუნძულს ნავსადგური არ ჰქონდა, ამიტომ გემმა ნაპირიდან ერთი მილის დაშორებით ჩაუშვა ღუზა.
ჯედის სახლიდან სანაპირომდე დრო ზუსტად ჰქონდა გამოთვლილი. მივიდა თუ არა, მებაჟეებმა ნავი წყალში შეაცურეს, ნიჩბებს მოუსვეს და თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად გემისაკენ გაემართნენ. ამასობაში გემიდან წამოსული კარჭაპი, რომელსაც ხაზინადარი მოჰყავდა, ნაპირს მოადგა.
ჯედიმ ქოლგა დაკეცა და ქვიშაში ჩაარჭო. წელში ოდნავ მოხრილმა ხელები წინ გაიშვირა. ხაზინადარმაც არ დააყოვნა, თითქოს ბურთს ეთამაშებაო, ზონრით შეკრული გაზეთების მძიმე გრაგნილი გადმოუგდო. ჯედიმ ჰაერში დაიჭირა და იქვე მოხეტიალე უსაქმურების სიცილი, ტაში და აღტაცება დაიმსახურა. თაგალონზე ჟურნალ-გაზეთები კვირაში ერთხელ მოდიოდა. ამ ამბავს იქაურები შეჩვეულნი იყვნენ და არც აწუხებდათ, რომ ცხელ-ცხელი ამბები კუნძულზე ცოტა არ იყოს ,,გაგრილებული” აღწევდა.
ჯედიმ ქვიშიდან ქოლგა ამოაძრო და აუჩქარებელი ნაბიჯით გაემართა საკონსულოსაკენ, რომელიც ოროთახიან ნაგებობას წარმოადგენდა. შენობას Bბამბუკის აივანი ჰქონდა და პალმებით იყო გარშემორტყმული. ზედ კარის თავზე ტარით გახუნებული დროშა მიემაგრებინათ. დროშაზე ვარსკვლავები და ზოლები იყო გამოსახული. ერთი ოთახი სადად გაწყობილ კანტორას ეკავა. ოთახში სკამები, ბამბუკის ტახტი და მაგიდა იდგა. მაგიდაზე საქმიანი ქაღალდები ელაგა. კედელზე პირველი და ბოლო პრეზიდენტების სურათები ერთმანეთის პირდაპირ ეკიდა. რაც შეეხება მეორე ოთახს, იქ ჯედი ცხოვრობდა.
თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც იგი სანაპიროდან დაბრუნდა. საუზმის დროც მოსულიყო და კარიბელი მზარეული ქალი- ჩანსა- აივნის დაჩრდილულ მხარეს სუფრას შლიდა. თევზის წვნიანი, მოხარშული კიბორჩხალა, მოშუშული ხორცი, ანანასი, ღვინო და ყავა მოიტანა.
კონსული სუფრას მიუჯდა და დინჯად გახსნა გაზეთების გრაგნილი. ორი დღე მაინც დასჭირდებოდა მათ წაკითხვას. ქვეყანაზე მომხდარი ამბები იმ შორეულ კუნძულზე ისე აღიქმებოდა, როგორც ჩვენ აღვიქვამთ ხოლმე მეცნიერთა ახირებულ შეხედულებებს მარსიანელთა ცხოვრებაზე. კონულის შემდეგ პრესას ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ოჯახები გაეცნობოდნენ.
ჯედის პირველად ხელში მოხვდა ვეებერტელა, ლეიბივით სქელი ნიუ-იორკში გამოცემული მრავალგვერდიანი გაზეთი, რომლის წაკითხვისას შეუძლებელია კაცს საღათას ძილით არ ჩასძინებოდა. ჯედიმ გაზეთი მაგიდაზე გაშალა. აუჩქარებლად შეუდგა ჭამას. თან ნელ-ნელა ფურცლავდა და უინტერესოდ ათვალიერებდა პუბლიკაციებს. უცებ ნაცნობ სურათს მოჰკრა თვალი. თითქმის ნახევარი გვერდი ჰქონდა დათმობილი გემის ბუნდოვან სურათს. დაიხარა და სურათის ქვემოთ განსხვავებული შრიფტით დაბეჭდილმა სათაურმა და პატარა ტექსტმა მიიპყრო მისი ყურადღება.
დიახ, არ შემცდარა. სურათზე რვაას ტონიანი იახტა ,,აიდალაია’’ იყო აღბეჭდილი. მის მფლობელს ჯ. უარდ თოლივერს ლამაზი ეპითეტებით ამკობდნენ : ,,უმშვენიერესი ყმაწვილიო’’, ,,მდიდარი და უნაკლოო’’.
ჯედი ნელ-ნელა წრუპავდა ყავას და თან სურათის ქვემოთ დაბეჭდილ ტექსტს კითხულობდა მისტერ თოლივერის ქონებასა და ობლიგაციებზე. და კიდევ იმაზე, რომ მისტერ თოლივერი იახტაზე მიპატიჟებულ სტუმრებთან ერთად ექვსკვირიან კრუიზს აწყობდა ამერიკის ცენტრალურ და სამხრეთ სანაპიროებსა და ბაჰამის კუნძულებზე. სტუმართა შორის მოხსენებულნი იყვნენ მისის ქემბერლენდ ფეინი და მის აიდა ფეინი.
მკითხველის დასაინტერესებლად პუბლიკაციის თავკერძა ავტორი რაღაც-რაღაცეებს იგონებდა. გადაკრულად წერდა მის ფეინისა და მისტერ თოლივერის მოსალოდნელ დაქორწინებაზე. ისეთ გამოთქმებს ხმარობდა, როგორიცაა : ,,პატარა ჩიტუნია’’, ,,სანატრელი’’, ,,მითქმა-მოთქმის სამიზნე ქალბატონი’’. ,,არავის გაუკვირდება,თუ…’’ და ბოლოს მილოცვით ამთავრებდა.
ჯედიმ ისაუზმა, გაზეთები აიღო, აივნის დასავლეთ მხარისაკენ გაემართა და თავის საყვარელ სარწეველა სავარძელში ჩაეშვა. ფეხები ბამბუკის მოაჯირზე შემოაწყო, სიგარას მოუკიდა და ზღვას გახედა. სიხარულნარევი კმაყოფილება იგრძნო. წაკითხულ ამბავს ოდნავადაც არ აუღელვებია. ნამდვილად სძლია თავს. დავიწყებით აიდას ვერასოდეს დაივიწყებდა, მაგრამ მასზე გაფიქრებისას ტკივილს უკვე აღარ გრძნობდა. იმ ჩხუბის შემდეგ გაგიჟებით ეძებდა ახალ სამუშაოს და მიიღო კიდეც კონსულის ადგილი. მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა : ჩქარა გასცლოდა იქაურობას და შორს გადახვეწილიყო. უნდოდა, სამაგიერო ამით გადაეხადა ქალისათვის. მოახერხა კიდეც : თვრამეტი თვე იყო კუნძულ თაგალონზე კონსულად და სიტყვაც კი არ მიუწერიათ ერთმანეთისათვის. ზოგჯერ გაკვრით იგებდა ქალის ამბებს იმ მეგობრებისაგან, რომლებთანაც იშვიათად, მაგრამ ჯერ კიდევ ჰქონდა მიმოწერა. სადღაც გულის კუნჭულში ესიამოვნა კიდეც, რომ ქალი ჯერ არ გაჰყოლოდა ცოლად თოლივერს და არც სხვა ვინმეს. მაგრამ ალბათ თოლივერი მალე მიაღწევდა მიზანს.
კაცისათვის ახლა ამას აღარავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. აქ, ამ დალოცვილ ქვეყანაში განცხრომით ცხოვრობდა. ბედნიერი და კმაყოფილი იყო. შტატებში გატარებული თითქოსდა ის სავსე დღეები ახლა გამაღიზიანებელ სიზმრად ეჩვენებოდა. იმედოვნებდა, რომ აიდაც ბედნიერი იყო. აქაური რბილი კლიმატი, თავისუფლება, მომხიბლავი დღეების იდილია, ცხოვრება ამ რომანტიკული და, ცოტა არ იყოს, ზარმაცი ხალხის გვერდით, მუსიკა, ყვავილები და ხმადაბალი სიცილი, მომაჯადოებელი ზღვისა და მთის სიახლოვე, სიყვარულით, სილამაზითა და ზღაპრებით აღსავსე ეს თეთრი ტროპიკული ღამეები გაცილებით ბევრს ნიშნავდა ჯედისათვის და თანაც პაოლა ო’ ბრენიგანიც ხომ აქ ჰყავდა.
ჯედი პაოლას ცოლად შერთვას აპირებდა, თუ, რა თქმა უნდა, პაოლაც თანახმა იქნებოდა. თუმცა ქალის ნაზ გრძნობებში დარწმუნებული იყო, ხელის თხოვნას მაინც აჭიანურებდა. რაღაც იდუმალი ძალა აჩერებდა. შესაძლოა ქვეცნობიერად სჯეროდა, რომ პაოლაზე დაქორწინებით იმ უკანასკნელ ძაფსაც გაწყვეტდა, რითაც წარსულს უკავშირდებოდა.
რაც მართალი მართალია, პაოლასთან ბედნიერი იქნებოდა. კუნძულზე მას ვერც ერთი გოგონა ვერ შეედრებოდა. პაოლა ორი წელი შტატებში სწავლობდა. თვით ინგლისის საგრაფოების- ნორფოლკისა და მენჰეტენის გოგოებისგანაც არ გამოირჩეოდა. მხრებმოშიშვლებულ საშინაო კაბაში ხომ ძალზე მომხიბლავი იყო.
მამამისი Bბერნარდ ო’ ბრენიგანი კუნძულ თაგალონზე ბითუმად ვაჭრობდა. მდიდარი კაცი იყო. მისი ოჯახი ახალი ორლეანიდან გამოწერილი ავეჯით გაწყობილ ორსართულიან სახლში ცხოვრობდა. პაოლას დედა ადგილობრივი მაღალი წრის ქალბატონი ბრძანდებოდა. შავგვრემანი გახლდათ. მის ძარღვებში ირლანდიური და ესპანური სისხლი ჩქეფდა. ეს კი, ჩვეულებრივ, იშვიათი სილამაზისა და ცოცხალი ბუნების საწინდარია.
ამრიგად, პაოლას მშვენიერი მშობლები ჰყავდა. მათი სახლის ზედა სართული ჯედისა და პაოლასათვის იყო განკუთვნილი. ახალგაზრდები იქ იცხოვრებდნენ, როცა ჯედი მათი სიძე გახდებოდა.
ჯედი დაახლოებით ორი საათი კითხულობდა და დაიღალა. გაზეთებიც აქეთ-იქით მიმოეფანტა. თავი ასწია. მიმოიხედა. იქაურობა ჭეშმარიტ სამოთხეს ჰგავდა. ბანანის ხეები მზეს უჩრდილავდა. ფერდობი, რომელიც საკონსულოდან ზღვისკენ ეშვებოდა, ყვავილობაში ახლად შესული მუქმწვანე ფოთლოვანი ლიმონისა და ფორთოხლის ხეებით იყო დაფარული. დაბლა ზღვის რუხი ყურე ხმელეთში სოლივით შემოჭრილიყო, ხოლო შორს მაღლობზე შეფენილი ხეები თოთქოს ღრუბლებს სწვდებოდა. მშვიდი ზღვის კლდოვან ნაპირზე ქოქოსის მწვანედ მოელვარე პალმები თვალს იტაცებდა. ჯედი შეჰყურებდა ტყის სიმწვანეში ალაგ-ალაგ გარეულ აყალო მიწის მოყვითალო ფერს, ხილისა და ყვავილების სურნელთან ერთად ისრუტავდა ეზოში, ხის ძირას მოწყობილ ჩანსას თიხის ღუმელიდან ამოსულ კვამლის სუნს. ესმოდა, ქოხებიდან ქალების კისკისი და ხეებიდან ბეღურების ჟივჟივი. ნაპირიდან აქაფებული ტალღების ჩქაფუნიც სწვდებოდა მის ყურთასმენას. მარილიანი ნელი სიო კი სახეზე ელამუნებოდა. მოულოდნელად შორს ღია ზღვაში თეთრ ლაქასავით გამოჩნდა რაღაც, რომელიც ნელ-ნელა იკვეთებოდა რუხი ზღვის ფონზე. ჯედი უინტერესოდ შესცქეროდა ჰორიზონტს, სანამ ის თეთრი ლაქა ,,აიდალაიად’’ არ გადაიქცა, რომელიც სრული სვლით მოემართებოდა. ჯედი გახევებული მიშტერებოდა ამ მშვენიერ, თეთრ იახტას. მალე იგი დაახლოებით ერთ მილზე მოუახლოვდა კუნძულს. კაცი თვალნათლივ ხედავდა იახტის ნატიფ სპილენძის კორპუსს, რომელიც მზეზე საოცრად ბრწყინავდა. კარგად ჩანდა გემბანზე ზოლიანი, საჩრდილობელი ტილოს სოკოებიც. ჯადოსნური გემივით შემოცურდა ,,აიდალაია’’ კონსულის პატარა, განათებულ სამყაროში და სწრაფადვე მიეფარა თვალს. მხოლოდ პაწაწინა კვამლის ღრუბელი დატოვა წყლის ზედაპირზე. თითქოს არამიწიერი, არაამქვეყნიური ქიმერა იყო.
ჯედი კანტორაში შევიდა და უხალისოდ მიუბრუნდა თავის მოხსენებას. თუკი გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას ოდნავადაც არ აუღელვებია, ,,აიდალაიას’’ ის ჩუმი გაელვება ხომ მით უმეტეს ვერ შეძრავდა მის სულს! ამის გაფიქრებამ სიმშვიდე მოჰგვარა და ეჭვებიც გაუფანტა. ზოგჯერ ადამიანებს ქვეცნობიერად რაღაცის იმედი აქვთ. მაგრამ ახლა ორი ათასი მილის სიშორიდან მოსული გემი, რომელმაც არხეინად განაგრძო გზა და რომელსაც ერთი ძარღვიც კი არ შეუტოკებია ჯედისათვის, იმას ნიშნავდა, რომ კაცი ქვეცნობიერადაც კი აღარ ებღაუჭებოდა წარსულს.
ნასადილევს, როდესაც მზე გადაიხარა, ჯედიმ ქოქოსის პალმებით დაჩრდილულ სანაპიროზე გაისეირნა. ქარი ხმელეთისაკენ ქროდა და ზღვა აქოჩრილ ტალღებს დაეფარა. აქაფებულმა ტალღამ ნაპირზე რაღაც მრგვალი და ბრჭყვიალა საგანი გამორიყა,რომელიც ტალღის მიქცევას უკანვე მიჰყვა. მეორე ტალღამ ისევ ნაპირისაკენ გამოაგორა. ჯედი დაიხარა და აიღო. გრძელყელიანი ღვინის გამჭვირვალე ბოთლი აღმოჩნდა. თავი დაცობილი ჰქონდა და მუქი წითელი ლუქით დალუქული. ეტყობა, ბოთლში ჩაშვებისას დახვეული ქაღალდი სანახევროდ გაშლილიყო. ლუქს ბეჭდის კვალი აჩნდა. ამ ბეჭედს კი ჯედი კარგად იცნობდა. იგი აიდა ფეინს ეკუთვნოდა. ეს უბრალო ბეჭედი ქალს ყოველნაირ ძვირფასეულობას ერჩია და ყოველთვის ეკეთა კიდეც თითზე. ჯედიმ ლუქზე ნაცნობი მონოგრამა ,,ა. ფ.’’ ამოიკითხა. რაღაც უცნაური მოუსვენრობა დაეუფლა. გემის ხილვისას არ მოსვლია ასეთი რამ, მონოგრამის დანახვამ კი ინტიმური გრძნობები აღუძრა. ჯედიმ ბოთლი სახლში წამოიღო და მაგიდაზე დადგა.
სასწრაფოდ მოიხადა ქუდი, გაიძრო პიჯაკი, აანთო ნათურა და ნაპირზე გამორიყული ნადავლის თვალიერებას შეუდგა.
ბოთლს სინათლეზე გახედა და შეამჩნია, რომ მასში მჭიდროდ ნაწერი ორი ფურცელი იდო. ქაღალდის ზომა და ფერი აიდას საწერ ქაღალდს ემთხვეოდა. ხელწერაც ქალისას ჰგავდა. მართალია შუშის ქვეშ ვერც ერთი სიტყვის ამოკითხვა ვერ შესძლო, მაგრამ დიდი ასოების დანახვისთანავე მიხვდა, რომ ბარათი აიდას დაწერილი იქნებოდა.
ჯედის თვალებში ღიმილი ჩაეღვარა. ბოთლი იატაკზე დადგა. მაგიდაზე სამი სიგარა დაალაგა, აივნიდან სარწეველა სავარძელი შემოიტანა და მოხერხებულად ჩაჯდა. უნდა აეწონ-დაეწონა შექმნილი მდგომარეობა, სანამ ამ სამ სიგარას მოსწევდა.
ნეტავ საერთოდ არ ეპოვა ეს ბოთლი, მაგრამ რას იზამდა, ბოთლი უკვე ოთახში ედგა. ნეტავ ვის რაში სჭირდება ამდენი უსარგებლო და სულის ამაფორიაქებელი ნივთი?
ამ საოცნებო მიწაზე, სადაც დრო თითქოს ტაატით მიდიოდა, ჯედი მხოლოდ უმნიშვნელო ამბებზე ფიქრს შეეჩვია. მაგრამ ამჯერად თავში ათასნაირი მიზეზი ამოუტივტივდა, რის გამოც შეიძლებოდა ბოთლი ზღვაში გადაეგდოთ. როცა გემს საფრთხე ელის, ბოთლში ჩადებული წერილით უხმობენ მშველელს. მაგრამ ჯედიმ ხომ სულ რაღაც სამი საათის წინ თავისი თვალით იხილა ,,აიდალაია’’, რომელიც სრული სვლით მიცურავდა. ისე, გემით მოგზაურობის დროს გოგონებსაც ბევრჯერ უხუმრიათ, მაგრამ ასეთი რამ აიდას არ სჩვეოდა. იქნებ გემის ეკიპაჟი აჯანყდა, მგზავრები ტრიუმში ჩაამწყვდიეს და ისინიც ამ ბარათით შველას ითხოვდნენ? მაგრამ საეჭვოა ასეთ მძიმე ვითარებაში ოთხი გვერდი წერილი დაეწერა ვინმეს.
ამრიგად ჯედიმ მალევე უკუაგდო ეს სულელური მოსაზრებები და უხალისოდ მიუბრუნდა ისევ იმ აზრს, რომ წერილი პირადად მისთვის იყო განკუთვნილი. ქალმა იცოდა, რომ ჯედი კუნძულზე იმყოფებოდა და ალბათ ჩავლისას წყალში გადააგდო ბოთლი. ქარმაც ხელი შეუწყო, ნაპირისაკენ გვარიანად ქროდა და გამორიყა კიდეც.
როგორც კი ჯედი ამ დასკვნამდე მივიდა, შუბლი შეეჭმუხნა და ტუჩები ჯიუტად მოკუმა. მერე ციცინათელებმა მოსტაცეს თვალი, ბალახიან ბილიკებს რომ მოდებოდნენ.
თუკი ბარათი აიდასაგან იყო, ქალს შერიგების გარდა სხვა რა უნდა ეთხოვა? და თუ ეს ასეა, რატომ არ გამოიყენა კავშირის უფრო საიმედო საშუალება- ფოსტა, ვიდრე ეს არასაიმედო და არასერიოზული გზა ? ბარათი ცარიელ ბოთლში ჩადო და ღია ზღვაში გადააგდო ! ქალის ამგვარი უდარდელობა და ქარაფშუტობა სხვა რა უნდა ყოფილიყო, თუ არა დაცინვა და კაცის აბუჩად აგდება ?!
ასეთმა ფიქრებმა ჯედი გააღიზიანა და შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. პიჯაკი ჩაიცვა, ქუდი დაიხურა და გარეთ გავიდა. სანაპიროსაკენ გაუყვა გზას. ზღვასთან ახლოს მოედანზე ორკესტრი უკრავდა და უდარდელი და ბედნიერი ხალხი სეირნობდა. რამდენიმე მორიდებული სენიორიტა შორიახლო მიდი-მოდიოდა. თმაში ციცინათელები ჩაეპნიათ და ჯედის ელვარე, შავი თვალებით უჭვრეტდნენ. ჰაერში ჟასმინისა და აყვავებული ფორთოხლის სუნი ტრიალებდა.
ჯედი ბერნარდ ო’ ბრენიგანის სახლს მიუახლოვდა. პაოლა აივანზე ჰამაკში იწვა. ჰამაკიდან ისე წამოფრინდა, როგორც ჩიტი წამოფრთხიალდება ხოლმე ბუდიდან. ჯედის ხმის გაგონებაზე ლოყები შეეფაკლა.
კაცი მოხიბლა ქალის გარეგნობამ. მაქმანით გაწყობილი ჩითის კაბა და თეთრი ფლანელის ჟილეტი ძალიან უხდებოდა. ტანსაცმელი კოხტად და გემოვნებით ჰქონდა შეკერილი. ჯედიმ ქალს გასეირნება შესთავაზა. გორაკისაკენ მიმავალ გზას დაადგნენ. ინდიელთა ძველისძველ ჭასთან შეჩერდნენ. იქვე ჩამოსხდნენ და ჯედიმ ლაპარაკი წამოიწყო. დარწმუნებული იყო, ქალი უარს არ ეტყოდა, მაგრამ მაინც სიხარულის ჟრჟოლამ აიტანა, როდესაც იგრძნო, ქალის სიყვარულითა და ერთგულებით გამსჭვალული გული მთლიანად მას ეკუთვნოდა. გული, რომლისთვისაც უცხო იყო ჭირვეულობა და ეჭვიანობა.
იმ ღამეს, როდესაც ჯედიმ ქალს სახლთან აკოცა, მერე კი შინისაკენ გაემართა, თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა. ასეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილა. ამ ფუყე ლოტოსების ქვეყანაში ხალხი განცხრომით ცხოვრობდა. მეზღვაურებისა არ იყოს, მასაც ეჩვენებოდა, რომ საუკეთესო ის არის, რაც ადვილად მიიღწევა. ჯედის აქ იდეალური მომავალი ელოდა. ჭეშმარიტ სამოთხეში შედგა ფეხი. მართალია, მისი წარსული სავსე იყო სწორი და უფრო ხშირად მცდარი ნაბიჯებით, მაგრამ უბედნიერესი იქნებოდა, თუკი სამუდამოდ გაწყვეტდა იმ ძაფს, რომელიც წარსულთან აკავშირებდა. უილარდ ჯედი საბოლოოდ ამ კუნძულზე უნდა დასახლებულიყო. მისი მომავალი ცხოვრება აქ წარიმართებოდა. ეს ამბავი იმ საღამოს გადაწყვიტა და თანდათან სიმშვიდე და კმაყოფილება დაეუფლა.
ჯედი ლამაზი და ნაღვლიანი სიმღერის სტვენა-სტვენით შინ შევიდა. მისი მოშინაურებული მაიმუნი თაროდან ჩამოხტა. ჯედის ქვემოდან მიაჩერდა და გამალებით მოჰყვა კბილების კაწკაწს- მშიაო. კონსული მაგიდისაკენ გაემართა. უნდოდა იქ შენახული თხილი აეღო და ნახევრად სიბნელეში ხელი ბოთლს წაკრა. ჯედის ბოთლი სულ გადაავიწყდა. შეკრთა და ჩუმად შეუკურთხა.
შუქი აანთო და მაიმუნს აჭამა. მერე ბოთლი აიღო და სანაპიროსაკენ დაეშვა. მთვარე ანათებდა და ზღვა დიდებული სანახავი იყო. საღამოობით კუნძულზე ქარი იცოდა. ოღონდ ახლა ზღვისკენ ქროდა. ჯედი ზედ წყალთან მივიდა და ბოთლი ზღვაში გადააგდო. ბოთლი წუთით ჩაიძირა, მაგრამ მალევე ამოტივტივდა. ჯედი იდგა და თვალს ადევნებდა. ნათელი, მთვარიანი ღამე იყო. ვაჟი აშკარად ხედავდა, როგორ ანანავებდა ბოთლს ტალღები და რა ნელ-ნელა სცილდებოდა იგი ნაპირს. ქარს ბოთლი ღია ზღვისკენ მიჰქონდა და მალე შავ ლაქად იქცა, რომელიც დროდადრო თუ გამოჩნდებოდა. იდუმალი ბოთლი იდუმალმა ოკეანემ შთანთქა. ჯედი სანაპიროზე იდგა, სიგარას ეწეოდა და წყალს გაჰყურებდა.
სანაპიროზე, ერთ პატარა ქოხში მოხუცი მეთევზე საიმონი ცხოვრობდა. მისი კარჭაპი ,,პეიჯარო’’ პატარა ყურეში იდგა. მოხუცი დილაადრიან ვიღაცის ძახილმა გამოაღვიძა. ნახევრად მძინარე გავიდა გარეთ და დაინახა, გემ ,,ვალჰალას’’ ერთ-ერთი ნავი ნაპირს უახლოვდებოდა. კვლავ დაუძახეს და მეთევზეც ნავისაკენ გაემართა. ნავში კაპიტნის თანაშემწე- საიმონის ძველი ნაცნობი- და სამი მეზღვაური ისხდნენ.
-მოხუცო, სასწრაფოდ მოიყვანე სასტუმროდან ექიმი ფერიში, ან მისტერ ველესლი, ან კონსულის, მისტერ ჯედის, რომელიმე მეგობარი!- დაუძახა კაპიტნის თანაშემწემ.
-ღმერთო მაღალო! მისტერ ჯედის ხომ არაფერი დაემართა?- იკითხა ნამძინარევი ხმით საიმონმა.
- აქ არის ნავში, ბრეზენტის ქვეშ,- უპასუხა კაპიტნის თანაშემწემ.
-ცოტაც და დაიხრჩობოდა. გემიდან დავინახეთ. გიჟივით მიცურავდა წყალზე მოტივტივე ბოთლისაკენ, რომელიც ნაპირიდან დაახლოებით ერთ მილზე იქნებოდა. კარჭაპი ჩავუშვით და დავედევნეთ. მისტერ ჯედი თითქმის მისწვდა ბოთლს, მაგრამ ხელი უცაბედად გაეშვა და ჩაძირვა დაიწყო. კიდევ კარგი, რომ დროზე მოვუსწარით. ჯერ ცოცხალია. ერთი სიტყვით, ექიმი გვჭირდება.
-ბოთლი ?- თვალების ფშვნეტით იკითხა საიმონმა. მთლად გამოღვიძებული არც იყო. – ბოთლი სად არის ?
-სადღაც შორს ტივტივებს, – ხელი ზღვისკენ გაიშვირა კაპიტნის თანაშემწემ. – აბა, წადი, მოხუცო, ჩქარა წადი !