შოთა ნიშნიანიძე სწავლობდა ვაჟთა 37-ე სკოლაში. ფიზიკურად მეტად ძლიერი იყო და სპორტისკენაც ჰქონდა მიდრეკილება. განათლების სამინისტროს ფეხბურთის გუნდში თამაშობდა ცენტრალურ მცველად. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და საერთოდ ჩამოშორდა სპორტს.
მეთერთმეტე კლასში უკვე საკმაოდ ჰქონდა დაგროვილი პატარ-პატარა ლირიკული ლექსები. იმ დროისათვის შოთას დედობილთან ცხოვრობდა მისი მოსკოველი ბიძაშვილი. მან იოსებ ნონეშვილთან წაიყვანა. იოსებს რამდენიმე ლექსი მოსწონებია და "ახალგაზრდა კომუნისტში" გამოუქვეყნებია.
1947 წელს დაამთავრა სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიოლოგიის ფაკულტეტზე. მაგრამ მალევე გაირიცხა პირველი სემესტრის დამთავრებამდე ლექციების გაცდენის გამო. შემდეგ, მეორედ ჩაირიცხა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი დაამთავრა 1954 წელს. 1958 წელს მწერალთა კავშირმა გორკის ინსტიტუტთან არსებულ უმაღლეს ლიტერატურის კურსებზე მიავლინა.
1964 წელს დროებით დაიწყო მუშაობა გამომცემლობა "მერანის" ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგედ. 1974 წელს მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირის მთავარ ლიტერატურულ კონსულტანტად.
1958-60 წლებში სწავლობდა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე. 1968-74 წლებში იყო გამომცემლობა "მერანის" ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგე; 1974-77 წლებში - მწერალთა კავშირის კონსულტანტი, 1976-82 წლებში -ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი, 1981-84 წლებში-საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, 1984-86 წლებში ამ კავშირის თავმჯდომარე. სიცოცხლის ბოლო წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "საუნჯეს".
მას დაწერილი აქვს ბელეტრისტული ოცი პოემა, რომელიც არ გქმოქვეყნებულა. შოთა ნიშნიანიძის პირველი პოეტური კრებული "მე და შენ" გამოვიდა 1956 წელს. ამ დროიდან მოყოლებული პოეტმა არაერთი წიგნი გამოსცა, რომელთაც მკითხველთა ფართო საზოგადოების დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვეს. ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. 1975 წელს გახდა შოთა რუსთაველის, ხოლო 1977 წელს გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი.
შოთა ნიშნიანიძე გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.