Litclub.ge

ოსანა, სტეფანწმინდას!
ბუმბერაზ მთებზე ავიტანე დაღლილი სხეული, 
ოსანა, სტეფანწმინდას, გერგეთის სამებას! 
თითქოს ბარს შევატოვე გეენა ცეცხლოვანი, 
ოსანა, მაღალთა შინა, ოსანა წამებას 
უფლისათვის, - გალობდა ზეცით სტეფანწმინდა. 
ივნისის ჩაჟამებულ თოვლივით შელახული 
სული მომაქვს, უფალო, და შვება მე რად მინდა. 
ციცაბო, ქვა-ღორღიან, ხვატიან სავალზე 
წვალება შემარგე - ავსება მე თასიდან, 
რომელიც ჩემამდეც ათასგზის დაღვრილა. 

და მათგან "ვისაც სურს თავის სულს გაუფრთხილდეს, 
ის დაკარგავს მას", - თქმულა და წერია. 
და მაგთან "ვინც უფლისთვის დაკარგავს სულს, 
ის მოიპოვებს მას", - თქმულა და წერია. 

ცოდვების მთელი ძნა გერგეთზე ავიტანე, 
ვდგავარ და მაგონებს ის თვით გეთსიმანიას, 
სამება - დაჩოქილ, მლოცველ მაცხოვარს. 
მისთვის დავკარგო სული მე კი ძალიან 
მინდა, თუმც არ ძალმიძს. ვხედავ, რომ აქვეა, 
და მაინც ვერ ვხედავ... "ელოი, ელოი, 
ლამა საბაქთანი?"... და ასე ვეძახი. 

ბუმბერაზ მთებზე ავიტანე დღეს ჩემი ჯვარი, 
ოსანა, სტეფანწმინდას, არს ზეცით ვენახი