მთარგმნელი მოსულიშვილი მიხო
თავი პირველი,
რომელშიც მოწინავე ქალი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
„რევიუ პარიზიენ“ (პარიზი),
14(2) ივლისი, 1877 წ.
ჩვენი კორესპონდენტი, რომელიც უკვე მეორე კვირა ხდება, დუნაის რუსულ არმიასთან იმყოფება, გვაცნობებს, რომ გუშინდელი 1-ელი ივლისის (13 ივლისის ევროპული სტილით) ბრძანებით, იმპერატორი ალექსანდრე მადლობას უცხადებს გამარჯვებულ არმიას, დუნაის წარმატებული ფორსირება რომ მოახდინა და ოსმალეთის სახელმწიფოს საზღვრებში შეიჭრა. უმაღლეს ბრძანებაში ნათქვამია, რომ მტერი საბოლოოდ დამარცხებულია და არა უგვიანეს ორი კვირის შემდგომ კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიას ტაძარზე მართლმადიდებლური ჯვარი დაიდგმება.
შეტევაზე გადასულ ჯარს თითქმის არ ხვდება წინააღმდეგობა, თუკი იმ კოღოების ნაკბენებს არ მივიღებთ მხედველობაში, რომლებსაც რუსულ კომუნიკაციებს აყენებენ „ბაშიბუზუკების“ („ცოფიანთავიანების“) სწრაფი ჯგუფები, ნახევრად ყაჩაღები, ნახევრად პარტიზანები, რომლებიც ცნობილი არიან ველური საქციელით და სისხლის მწყურვალებით“.
„ქალი არის სუსტი და არასაიმედო ქმნილება“, თქვა ნეტარმა ავგუსტინემ. მართალია ეს ბნელეთის მოციქული და ქალთმოძულე, ათასგზის მართალი. ყოველ შემთხვევაში, ერთ არსებასთან მაინც, სახელად ვარვარა სუვოროვა რომ ჰქვია.
დაიწყო როგორც მხიარული თავგადასავალი და აი, რით დამთავრდა. ასე მოუხდება ამ ჩერჩეტს. დედა სულ ამბობდა, ვარია ადრე თუ გვიან ცუდად დააბოლოებსო, ჰოდა, აი, დააბოლოვა კიდევაც. მამამ კი, დიდი სიბრძნისა და ანგელოზური მოთმინების კაცმა, ერთ-ერთი მორიგი მღელვარე ახსნა-განმარტებისას, ქალიშვილის ცხოვრების გზა სამ პერიოდად დაჰყო: ეშმაკუნა ქვედატანში; ღვთის სასჯელი; ჭკუაზე გადასული ნიჰილისტი. ასეთი დეფინიციით ვარია დღევანდლამდე ამაყობდა და ამბობდა, მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებო, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა ავად გაეხუმრა.
და რატომ დასთანხმდა ფუნდუკში გაჩერებას, თუ როგორ ჰქვია ამ ჩამოფხაულ ავაზაკთა ბუნაგს? გამყოლმა, გაიძვერა, ქურდმა მიტკომ აიტეხა: „ცხენუკებს დავალევინოთ, ცხენუკებს დავალევინოთ“.
ჰოდა, აი, დაარწყულეს კიდევაც ცხენები. ღმერთო, ახლა რა ქნას?..
იჯდა ვარია ბნელ, თახსირ ფარდულში, გაურანდავ ფიცრულ მაგიდასთან და შიშისგან გული უსკდებოდა. ასეთი წყეული, უიმედო შიში მხოლოდ ერთხელ განიცადა, ექვსი წლისამ, როცა ბებიკოს საყვარელი ფინჯანი გატეხა და დივანის ქვეშ დაიმალა გარდაუვალი სასჯელის მოლოდინში.
ელოცა მაინც, მაგრამ მოწინავე ქალები არ ლოცულობდნენ. ხოლო სიტუაცია, სხვათა შორის, სრულიად გამოუვალი ჩანდა.
მოკლედ, ასე. გზის მონაკვეთი პეტერბურგი-ბუქარესტი სწრაფად და კომფორტითაც კი გაილია, ჩქარმა მატარებელმა (ორი კარგი ვაგონი და იარაღიანი ათი პლატფორმა) სამ დღეში ჩააქროლა ვარია რუმინეთის სამთავროს დედაქალაქში. ამ გაკრეჭილი ქალბატონის თაფლისფერი თვალების გამო, რომელიც პაპიროსებს ეწეოდა და პრინციპულად არ იძლეოდა ხელზე კოცნის უფლებას, ოფიცრებსა და სამხედრო ჩინოვნიკებს, საომარ მოქმედებათა თეატრისკენ რომ მიდიოდნენ, ლამის დაეხოცათ ერთიმეორე. ყოველ გაჩერებაზე ვარიასთვის თაიგულები და ხელკალათებით მარწყვი მოჰქონდათ.
თაიგულებს ფანჯარაში გადაუძახებდა ხოლმე, საძაგლობად მიაჩნდა, მალე კი მარწყვზეც მოუხდა უარის თქმა, რადგან წითელი წვენი გაუვიდა. მხიარული და სასიამოვნო მოგზაურობა გამოუვიდა, თუმცა გონებრივი და იდეური კუთხით ყველა კავალერი, რასაკვირველია, ნამდვილი ინფუზორია იყო. ერთს, ვინმე კორნეტს, მართალია, ლამარტინი წაეკითხა, შოპენჰაუერიც კი გაეგონა და უფრო დახვეწილად ეარშიყებოდა, ვიდრე სხვები, მაგრამ ვარიამ ამხანაგურად აუხსნა, რომ საქმროსთან მიდის, და ამის მერე კორნეტს სასაყვედურო აღარაფერი ჩაუდენია. და თავისთავად, არც ისე სულელი იყო, ლერმონტოვს ჰგავდა. ერთი სიტყვით, იმ კორნეტს თავის გზაზე გაუმარჯოს.
მოგზურობის მეორე ეტაპმაც წვალებისა და ვაი-ვიშის გარეშე ჩაიარა. ბუქარესტიდან ტურნე-მეგურელემდე დილიჟანსი დადიოდა. ნჯღრევამ და მტვერის ყლაპვამ მოუწია, სამაგიეროდ, მიზნამდე ხელის გაწვდენაღა რჩებო¬და — მოარული ხმების მიხედვით, დუნაის არმიის მთავა¬რი საბინადრო მდინარის იქითა ნაპირზე, ცა¬რე¬ვიცში იყო.
ახლა თავისი გეგმის ყველაზე საპასუ¬ხის¬მგებლო ნაწილი უნდა განეხორციელებინა, ჯერ კიდევ პეტერბურგში რომ დაამუშავა (ვარია თავისთვის ასე, ხაზ¬გასმულად ეძახდა — გეგმაო). გუშინ, საღამოს, სიბ¬ნელის საფარქვეშ, ნავით გადაცურა დუნაი, ზიმნიცას ზემოთ, სადაც ორი კვირის წინ გენერალ დრაგომიროვის თავდადებული მეთოთხმეტე დივიზია ფორსირებას ახდენდა გადაულახავ წყლის წინააღმდეგობაზედ. აქედან თურქული ტერიტორია იწყებოდა, საომარ მოქმედებათა ზონა და ადვილად შეიძლებოდა ჩავარდნილიყო. გზებზე კაზაკების ჯგუფები დააჭენებდნენ, პატარაზე თვალებს დაუცეცებ და ყველაფერი დაკარგულია, მაშინვე უკან, ბუქარესტში დაგაბრუნებენ. მაგრამ ვარიამ, ამ მოხერხებულმა გოგონამ, ეს წინასწარ განჭვრიტა და სათანადო ზომებიც მიიღო.
ბულგარულ სოფელში, დუნაის სამხრეთ ნაპირზე რომ მდებარეობდა, მეტად დროულად აღმოაჩინა ფუნდუკი. მერე მთლად უკეთესი: პატრონს რუსული ესმოდა და დაჰპირდა, რომ სულ ხუთ მანეთად საიმედო „ვოდაჩს“, გამყოლს მოუყვანდა. ვარიამ ფართო შარვალი, ხალათი, ჩექმები, უსახელო ქურთუკი და შალის სულელური შლაპა იყიდა, გამოიცვალა და უეცრად ევროპელი ქალბატონიდან გამხდარ ბულგარელ მოზარდად გადაიქცა.
ამნაირი არც ერთ გამვლელში ეჭვს არ გამოიწვევს. შემოვლითი გზა საგანგებოდ დაუკვეთა, სამარშო კოლონებისთვის გვერდის ასავლელად, რომ ცარევიცში ჩრდილოთიდან კი არა, სამხრეთიდან მოხვედრილიყო. იქ, არმიის მთავარ ბინაში იმყოფება პეტია იაბლოკოვი, ვარიას... ისე, ძნელი გასაგებია, ვინ. საქმრო? ამხანაგი, ქმარი? ასე ვთქვათ: ყოფილი ქმარი და მომავალი საქმრო. და, ბუნებრივია, ამხანაგიც.
შესამჩნევად გამოვიდნენ ჭრიალა, ჯანჯღარა კარეტით.
გამყოლი, ჭაღარაულვაშიანი, სიტყვაძუნწი მიტკო, დაუსრულებლად რომ ღეჭავდა თამბაქოს და გზაზე აფურთხებდა გრძელ ნაკადად (ვარიას ყოველ ასეთ ჯერზე აჟრჟოლებდა), თავიდან რაღაც ეგზოტიკურ-ბალკანურს მღეროდა, მერე გაჩუმდა და ღრმად ჩაფიქრდა — ახლა უკვე გასაგებია რაზეც.
შეეძლო, მოვეკალი, ჯერ შეხტა და მერე გაიფიქრა ვარიამ. ანდა რამე უფრო უარესი. და ძალიან ადვილად — აქ ვინ მოგხედავს? იმათზე იფიქრებდნენ, როგორ ეძახიან? ჰო, ბაშიბუზუკებზე.
მაგრამ მკვლელობის გარეშეც საძაგლად გამოვიდა. ამ გამყიდველმა მიტკომ თანამგზავრი ფუნდუკში შეიყვანა, უფრო ავაზაკთა ბუნაგს რომ მიაგავდა, მაგიდასთან დასვა, ყველისა და დოქით ღვინის მოტანა უბრძანა, თავად კი კარისკენ მიტრიალდა, ხელით ანიშნა, ახლავე დავბრუნდებიო.
ვარია თან გაჰყვა, არ ისურვა დარჩენილიყო ამ ბინძურ, ბნელ და აქოთებულ ავაზაკთა სოროში, მაგრამ მიტკომ უთხრა, უცილობლად უნდა გავიდეო... ესე იგი, ფიზიოლოგიური საჭიროებისათვის. როცა ვარია ვერ მიხვდა, ჟესტით აუხსნა, და ისიც, დარცხვენილი თავის ადგილს დაუბრუნდა.
ფიზიოლოგიური საჭიროება ყოველგვარ წარმოსადგენ საზღვრებს გასცდა.
ვარიამ ცოტაოდენი დამარილებ¬ული, უგემური ყველი შეჭამა, ტუჩები გაისველა მჟავე ღვინით, მერე კი ვეღარ აიტანა ის ყურადღება, რომლის გამომჟღავნება დაიწყეს მისი პერსონის მიმართ სასმური დაწესებულების საზარელმა სტუმრებმა და ეზოში გამოვიდა.
გამოვიდა და გაშრა.
კარეტის კვალიც აღარ ჩანდა. შიგ კი ჩემოდანი ჰქონდა, ნივთებით. ჩემოდანში საგზაო აფთიაქია, აფთიაქში, შესახვევ ნაძენძსა და ბინტებში პასპორტია და მთელი, მთელი ფული.
ვარიას უნდოდა გზაზე გაქცეულიყო, მაგრამ ფუნდუკიდან უეცრად პატრონი გამოხტა, წითელ ხალათში, წამოჭარხლებული ცხვირით, ლოყაზე ბეწვებიანი ხალით, გაბრაზებულმა დაიყვირა და ანიშნა, ჯერ გადაიხადე, მერე წადიო. ვარია დაბრუნდა, პატრონის შეეშინდა. არადა, რითღა უნდა გადაეხადა, წყნარად ჩამოჯდა კუთხეში და სცადა მომხდარისთვის ისე შეეხედა, როგორც თავგადასავლისათვის. არ გამოვიდა.
ფუნდუკში ერთი ქალიც კი არ იყო. ჭუჭყიანი, მყვირალა გლეხები მთლად ისე ვერ იქცეოდნენ, როგორც რუსი „მუჟიკები“ — ისინი მორჩილნი არიან და სანამ არ დათვ¬რე¬ბიან, დაბალ ხმაზე ლაპარაკობენ, ესენი კიდევ ღრიალებდნენ, ფიალებით წითელ ღვინოს სვამდნენ და გამუდმებით აფრქვევდნენ ველურ (ასე მოეჩვენა ვარიას) ხარხარს.
შორს, გრძელ მაგიდასთან, კამათელს აგორებდნენ და ყოველი ყრის შემდეგ ხმამაღლა იგინებოდნენ. ერთხელ ჩვეულებრივზე ხმამაღლა აყაყანდნენ და ერთს, პატარას, მაგრად მთვრალს, თიხის ფიალა გადააფშვნეს თავზე. ისევ ისე ეგდო მაგიდის ქვეშ, არავინაც არ მისულა.
პატრონმა ვარიასკენ გააქნია თავი და პირქუშად თქვა რაღაც ისეთი, რის გამოც მეზობელი მაგიდებიდან შემობრუნდნენ და უსიამოვნოდ ახარხარდნენ. ვარია მოიბუზა და ქუდი ჩამოიფხატა თვალებზე. ფუნდუკში სხვა არავინ მჯდარა ქუდით, მაგრამ მოხდა არ შეიძლება, თმა გაეშლება. არც ისე გრძელი თმა აქვს, — ასეც უნდა ჰქონდეს თანამედროვე ქალს, ვარია მოკლედ იჭრიდა, — მაგრამ მაშინვე გათქვამს სუსტი სქესისადმი მის კუთვნილებას. საზიზღარი, კაცების გამოგონილი განსაზღვრება — „სუსტი სქესი“, მაგრამ, სამწუხაროდ, მართებული.
ახლა ვარიას ყოველი მხრიდან აშტერდებოდნენ, მათი მზერა წებოვანი იყო, უსიამოვნო.
მხოლოდ კამათლის მოთამაშეებს არ სცხელოდათ მისთვის, კიდევ ერთი მაგიდის იქით, დახლთან ახლოს, ზურგშექცევით იჯდა ვიღაც, თავჩაქინდრული, ღვინის ფიალაში ცხვირჩაყოფილი. მხოლოდ შეკრეჭილი შავი თმა მოუჩანდა და ჭაღარა საფეთქლები.
ვარიას ძალიან შეეშინდა. აღუუ, თითზე არ მიკბინო, — უთხრა საკუთარ თავს. შენ დიდი, ძლიერი ქალი ხარ. კატების მომვლელი ქალბატონი კი არა. უნდა თქვას, რომ რუსია, საქმროსთან მიდის არმიაში. ჩვენ — ბულგარეთის გამათავისუფლებლები ვართ, ჩვენი ყოფნა აქ ყველას უხარია.
ბელგარულად ლაპარაკი იოლია, მხოლოდ ყველაფერს „ტა“ უნდა დაამატო — რუსული არმიატა, საცოლე-ტა, საცოლე-ტა რუსი ჯარისკაცისა. რაღაც ამის მაგვარი.
ფანჯრისკენ შეტრიალდა — უცებ რომ მიტკო გამოჩნდეს? იქნებ წყლის დასალევად ჰყავდა ცხენები და ახლა ბრუნდება? მაგრამ არც მიტკო, არც კარეტა მტვრიან შარაზე არ ჩანდნენ, სამაგიეროდ, ვარიამ იმისთანა რამ დაინახა, რასაც ადრე ყურადღებას არ მიაქცევდა. სახლების ზემოთ მოჩანდა არც ისე მაღალი, პატარა მინარეთი. ოი! ნუთუ სოფელი მუსლიმანებისაა? მაგრამ ბულგარელები ხომ ქრისტიანები არიან, მართლმადიდებლები, ეს ყველამ იცის. ახლაც კი, ღვინოს სვამენ, მუსლიმანებს კი ყურანი უკრძალავს. მაგრამ თუკი სოფელი ქრისტიანულია, მაშინ რატომ არის მინარეთი? და თუ მუსლიმანურია, ვისკენ არიან — ჩვენკენ თუ თურქებისკენ? ალბათ, ჩვენკენ არა. გამოდიოდა, რომ „არმიატა“ ვერ უშველიდა.
როგორ მოიქცეს, ღმერთო ჩემო?
თოთხმეტი წლისას, საღმრთო სჯულის გაკვეთილზე, ვარენკა სუვოროვას თავისი სიცხადით უეჭველი აზრი მოუვიდა — ადრე როგორ ვერავინ მიხვდა.
თუკი ღმერთმა ჯერ ადამი შექმნა და ევა — მერე, მაშინ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალი სრულყოფილი არ არის. მამაკაცი ადამიანის საცდელი ნიმუშია, ესკიზი, მაშინ, როდესაც ქალი — საბოლოოდ დამტკიცებული ვარიანტია, შესწორებული და რაღაცებდამატებული. ეს ხომ ცხადზე უცხადესია. მაგრამ მთელი საინტერესო, ნამდვილი ცხოვრება რატომღაც მამაკაცებს ეკუთვნით, ქალები კი მხოლოდ მშობიარობენ და კერავენ. მშობიარობენ და კერავენ. რატომაა ამისთანა უსამართლობა? იმიტომ, რომ მამაკაცები ძლიერები არიან. ესე იგი, ძლიერი უნდა იყო.
და ვარენკამ გადაწყვიტა, რომ სხვანაირად იცხოვრებდა.
აი, ამერიკის შტატებში უკვე არსებობს პირველი ქალი-ექიმი მერი ჯეიკობი, და პირველი ქალი-მღვდელი ანტუანეტა ბლეკველი, რუსეთში კი ყველაფერი ძველებურადაა. მაგრამ არა უშავს, დრო მოგვეცით.
გიმნაზიის დამთავრებამდე ვარიამ, ამერიკის შტატების მსგავსად, წარმატებული ომი გადაიხადა დამოუკიდებლობისთვის (რბილი აღმოჩნდა მამიკო, ადვოკატი სუვოროვი) და სამეანო კურსებზე შევიდა, რითაც „ღვთის სასჯელიდან“ „უგუნურ ნიჰილისტად“ გადაიქცა.
კურსებზე არაფერი გამოვიდა. თეორიული ნაწილი ვარენკამ იოლად აითვისა, თუმცა ბევრი რამ ადამიანური არსების შექმნის პროცესში საკვირველი და დაუჯერებელი მოეჩვენა, მაგრამ როცა ნამდვილ მშობიარობაზე დასწრებამ მოუწია, კონფუზი მოუვიდა, ანუ უხერხულობაში ჩავარდა — ვერ აიტანა მშობიარის საზარელი შეკივლებები და საშინელი სანახაობა — ახალდაბადებულის ლორწოიანი თავი, რომელიც დასახიჩრებული, დასისხლიანებული საშოდან მოძვრებოდა. ვარია სამარცხვინოდ გადავარდა გულწასული და ამის მერე მხოლოდ ისღა დარჩენოდა, სატელეგრაფო კურსებზე წასულიყო. ერთ-ერთ პირველ რუს ტელეგრაფისტ ქალად გახდომა თავიდან საამაყო იყო — ვარიას შესახებ დაიწერა კიდეც „პეტერბურგის უწყებანში“ (1875 წლის 28 ნოემბრის ნომერი, სტატია „დიდი ხანია, დროა“), თუმცა სამსახური აუტანლად მოსაწყენი აღმოჩნდა და არც რაიმე მომავალი ჰქონდა.
და ვარია, მშობლების გულის გასახარად, ტამბოვის მამულში წავიდა — მაგრამ უსაქმურობისთვის კი არა, არამედ გლეხების შვილების სასწავლებლად და აღსაზრდელად. იქ ახალ, ფიჭვის სურნელებით სავსე სკოლაში, გაიცნო კიდეც პეტერბურგელი სტუდენტი პეტია იაბლოკოვი. პეტია ასწავლიდა არითმეტიკას, გეოგრაფიასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლებს, ვარია კი — ყველა დანარჩენ დისციპლინას.
ძალიან მალე გლეხები მიხვდნენ, რომ არც ჯამაგირს, არც სხვა სიამოვნებას სკოლაში სიარულით ვერ მიიღებდნენ და ბავშვები სახლებში დაიბრუნეს (რა დროს უსაქმურობაა, მუშაობაა საჭირო), მაგრამ იმ დროისათვის ვარიას და პეტიას უკვე ჰქონდათ მომავალი ცხოვრების პროექტი — თავისუფალი, თანამედროვე, აგებული ურთიერთპატივისცემაზე და მოვალეობების გონივრულ განაწილებაზე.
დამამცირებელი დამოკიდებულება მშობლების ნაბოძვარზე დამთავრდა. ვიბორგსკაიაზე ბინა იქირავეს — თაგვებიანი, მაგრამ სამაგიეროდ სამი ოთახი, რათა ეცხოვრათ, როგორც ვერა პავლოვას ლოპუხოვთან: თითოეულს თავისი ტერიტორია, ხოლო მესამე ოთახი — ერთობლივი საუბრებისთვის და სტუმრების მისაღებად. ბინის მეპატრონეებს ცოლ-ქმრად გაეცვნენ, მაგრამ თანაცხოვრობდნენ მხოლოდ და მხოლოდ ამხანაგურად. საღამოს კითხულობდნენ, სვამდნენ ჩაის და მუსაიფობდნენ საერთო სასტუმროში, მერე ერთიმეორეს ღამე მშვიდობისას უსურვებდნენ და თავ-თავიანთ ოთახებში მიდიოდნენ. ასე იცხოვრეს ლამის წელიწადი და მშვენივრადაც იცხოვრეს, ჭეშმარიტად ერთ სულ და არა ერთხორცად, საძაგლობებისა და ჭუჭყის გარეშე. პეტია უნივერსიტეტში დაიარებოდა და მოსწავლეებსაც ამეცადინებდა, ხოლო ვარიამ სტენოგრაფისტობა ისწავლა და თვეში ას რუბლამდე ფულს შოულობდა. სასამართლოში ოქმებს წერდა, ჭკუაზე გადამცდარი გენერლის მემუარებს იწერდა, ვარშავის დამმორჩილებლისა, მერე კი მეგობრების რეკომენდაციით რომანის სტენოგრაფირებისთვის ერთ დიად მწერალთან მოხვდა (სახელის გარეშე გავიდეთ ფონს, რადგან ულამაზოდ დამთავრდა ეს ამბავი).
დიად მწერალს ვარია თაყვანისცემით ეპყრობოდა და ფულის აღებაზე უარი თქვა, რამეთუ ისედაც ბედნიერებად ჩათვალა მასთან მუშაობა, თუმცა კი აზრთა მპყრობელმა ვარიას უარი უკუღმართად გაიგო. საშინლად ბებერი იყო, მეექვსე ათწლეულს მიტანებული, დიდი ოჯახობით გარშემორტყმული და თანაც კიდევ სრულიად ულამაზო. სამაგიეროდ, მჭევრმეტყველურად და დამარწმუნებლად ლაპარაკობდა, ვერ შეედავებოდი: ნამდვილად, უბიწოება სასაცილო ცრურწმენაა, ბურჟუაზიული მორალი საზიზღრობაა, ხოლო ადამიანის ბუნებაში არაფერია სამარცხვინო. ვარია უსმენდა, მერე მოვალეობის გამო, საათობით რჩევებს იღებდა პეტრუშასგან, როგორ მოქცეულიყო. პეტრუშა დაეთანხმა, რომ უმანკოება და ფარისევლობა — ბორკილებია, ქალისთვის თავსმოხვეული, მაგრამ დიად მწერალთან ფიზიოლოგიურ ურთიერთობაში შესვლას მტკიცედ არ ურჩევდა. ღელავდა, უმტკიცებდა, რომ არც მთლად ისეთი დიადია, თანაც ადრინდელი დამსახურებების გამო ბევრი მოწინავე ადამიანი რეაქციონერად მიიჩნევდა. ყველაფერი დასრულდა, როგორც ზემოთ ითქვა, ულამაზოდ.
ერთხელ დიადმა მწერალმა შეწყვიტა დაუჯერებელი ძალის სცენის კარნახი (ვარია თვალებზე ცრემლმომდგარი იწერდა), ხმაურით დაიწყო სუნთქვა, ცხვირით დაიქსუტუნა, უხერხულად მოეხვია ქერათმიან სტენოგრაფისტს მხრებზე და დივანისკენ გაითრია. გარკვეული დროით ვარია ითმენდა იმის უგუნურ ჩურჩულს და აკანკალებული თითების ფათურს, რომლებიც მთლად გაებლანდნენ ღილებში თუ ღილკილოებში, მერე უცებ გარკვევით მიხვდა — მიხვდა კი არა, იგრძნო: ყველაფერი ეს არასწორია და არაფრით შეიძლება მოხდეს. დიად მწერალს ხელი ჰკრა, გარეთ გამოვარდა და იქ აღარასოდეს დაბრუნებულა.
ამ ამბავმა ცუდად იმოქმედა პეტიაზე. მარტი იყო, გაზაფხული ნაადრევად დაიწყო, ნევიდან სივრცისა და დაძრული ყინულის სუნთქვა მოდიოდა და პეტიამ ულტიმატუმი წამოაყენა: ასე გაგრძელება აღარ იქნება, ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილი, მათი დამოკიდებულება დროითაა შემოწმებული. ორივე ცოცხალი ადამიანია, და ვერც ბუნების კანონებს გააცურებ. ის, რა თქმა უნდა, თანახმაა ხორციელ სიყვარულზე ჯვრისწერის გარეშეც, მაგრამ სჯობს, დაქორწინდნენ ნამდვილად, რამეთუ ეს ბევრი სირთულისგან იხსნით. და როგორღაც ისე მარჯვედ მოეხვია, რომ შემდეგში მხოლოდ ერთი რამის გარშემო ჰქონდათ დისკუსია — როგორ ქორწინებაში ეცხოვრათ — სამოქალაქოში თუ საეკლესიოში.
კამათი აპრილამდე გაგრძელდა, ხოლო აპრილში კი დიდი ხნის ნალოდინარი ომი დაიწყო სლავი ძმების გასათავისუფლებლად და პეტია იაბლოკოვი, როგორც წესიერი კაცი, ვოლონტიერად წავიდა ომში. წასვლის წინ ვარია ორ რამეს დაჰპირდა: რომ მალე მისცემს საბოლოო პასუხს და რომ აუცილებლად ერთად იომებენ — თავადვე მოიფიქრებს რამეს.
და მოიფიქრა. მაშინვე ვერა, მაგრამ მოიფიქრა. დროებით — სამხედრო ჰოსპიტალში ანდა საველე ლაზარეთში მოწყობა ვერ შეძლო — დაუსრულებელი სამეანო კურსები ვარიას არ ჩაუთვალეს. ქალ-ტელეგრაფისტებს მოქმედ არმიაში არ იღებდნენ. ვარია ლამის სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, მაგრამ ამ დროს რუმინეთიდან წერილი მოვიდა: პეტია ჩიოდა, რომ ქვეითებში არ მიიღეს ბრტყელტერფიანობის გამო და დატოვეს მთავარსარდლის, დიდი თავადის, ნიკოლაი ნიკოლაევიჩის შტაბთან, რამეთუ მოხალისე იაბლოკოვი მათემატიკოსია, ხოლო თუ არმიაში, სამწუხაროდ, არ ჰყოფნით გამშიფრავებიო.
ჰოდა, რაიმე სამსახური რომ იშოვო მთავარ შტაბში ანდა, უარეს შემთხვევაში, დაიმალო ზურგის ორომტრიალში — ძნელი არ იქნებაო, გადაწყვიტა ვარიამ და დაუყოვნებლივ შეადგინა გეგმა, რომელიც პირველ ორ ეტაპზე საოცრად კარგი იყო, მესამეზე კი კატასტროფით დასრულდა.
ამასობაში კვანძის გახსნა ახლოვდებოდა. წითელცხვირა პატრონმა რაღაც ჩაიბურტყუნა მუქარით, ხელები ნაცრისფერ პირსახოცზე შეიწმინდა და პირდაპირ ვარიასკენ გასწია, თავისი წითელი ხალათით კუნძისკენ მიმავალ ჯალათს ჰგავდა.
ვარიას პირი გაუშრა და მსუბუქად წამოაზიდა. იქნებ ყრუ-მუნჯად მოაჩვენოს თავი?
თავჩაქინდრული, ზურგშექცევით რომ იჯდა, აუჩქარებლად წამოდგა, ვარიას მაგიდასთან მივიდა და ხმაამოუღებლად დაჯდა ვარიას პირდაპირ. მან დაინახა ფერთმკრთალი და, მიუხედავად შევერცხლილი საფეთქლებისა, ძალიან ახალგაზრდა, თითქმის ბიჭური პირისახე ცივი, ცისფერი თვალებით, წვრილი ულვაშით და გაუცინარი პირით. უცნაური სახე იყო, ისეთი სრულიადაც არა, როგორიც დანარჩენ გლეხებს ჰქონდათ, თუმცა უცნობი ისევე იყო გამოწყობილი, როგორც ისინი — ოღონდ ქურთუკი უფრო ახალი იყო და პერანგიც გაცილებით სუფთა ეცვა.
მოახლოებული პატრონისთვის ცისფერთვალებიანს არც კი შეუხედავს, მხოლოდ ხელი აუქნია და მრისხანე ჯალათი დაუყოვნებლივ გამაგრდა დახლს იქით. მაგრამ ამას ვარია არ დაუმშვიდებია. პირიქით, აი სწორედ ახლა დაიწყება ყველაზე საშინელი რამ.
ვარიამ შუბლი შეიჭმუხნა და უცხოს მოსასმენად მოემზადა. ჯობს, არ ილაპარაკოს, მხოლოდ უკანტუროს და გაუქნიოს ხოლმე თავი.
ოღონდ არ უნდა დაავიწყდეს — ბულგარელებს ყველაფერი პირიქით აქვთ: როცა თავს უკანტურებ, ეს ნიშნავს „არას“, როცა თავს გაუქნევ, ეს ნიშნავს „ჰოს“.
მაგრამ ცისფერთვალებას არაფერი უკითხავს. მწუხარედ ამოისუნთქა და მსუბუქად ენადაბორკილმა თქვა, სუფთა რუსულით:
— ეჰ, მ-მადმუაზელ, სჯობდა საქმროს შინ დალოდებოდით. თქვენ აქ მაინ რიდის რომანი ხომ არ გგონიათ. შეიძლებოდა ცუდად დ-დამთავრებულიყო.
მეორე თავი
რომელშიც ბევრი საინტერესო მამაკაცი გამოჩნდება
„რუსი ინვალიდი“ (სანკტ-პეტერბურგი),
2 (14) ივლისი, 1877 წ.
„...პორტასა და სერბეთს შორის დადებული ზავის შემდეგ სლავური საქმის ბევრი პატრიოტი, რუსული მიწისთვის თავდადებული რაინდები, მოხალისეებად რომ მსახურობდნენ მამაცი გენერლის, ჩერნიაევის მეთაურობით, მეფე-განმათავისუფლებლის მოწოდებას გა¬მოეხმაურნენ და სიცოცხლის გაწირვის ფასად გადადიან ველურ მთებზე და ბნელ ტყეებზე ბულგარეთის მიწაზე, რათა შეუერთდნენ მართლმადიდებელ მეომრებს და დიდი ხნის ნალოდინარი გამარჯვებით დააბოლოონ თავიანთი წმინდა, სამართლიანი გმირობა...“
ვარიამდე ნათქვამის აზრმა მაშინვე ვერ მიაღწია. ინერციით ჯერ თავი დააკანტურა, მერე თავი გააქნია და მხოლოდ ამის მერეღა დააღო პირი გაოცებით.
— ნუ გაგიკვირდებათ, — მოწყენილი ხმით წარმოთქვა უცნაურმა გლეხმა, — ქალი რომ ხართ, ეგრევე ჩანს. ეს ერთი (ვარიამ ქურდულად დამალა გამცემი კულული). რუსი რომ ხართ, აგრეთვე ცხადია: პაჭუა ცხვირი, ღაწვების ველიკორუსული ნახაზი, ქერა თმა და მ-მთავარი — გარუჯული არა ხართ.
ეს ორი. საქმროზეც ადვილია: ჩ-ჩუმად შემოიპარეთ — როგორც ეტყობა, პრივატული ინტერესით და რა პრივატული ინტერესი უნდა გააჩნდეს თქვენი ასაკის გოგონას მოქმედ არმიაში? მხოლოდ რომანტიული. ახლა მ-მეოთხე: ის ულვაშა, ვინც აქ მოგიყვანათ, მერე კი გაქრა, — თქვენი გამცილებელია? და ფული, რასაკვირველია, ნივთებს შორის იყო დამალული. ს-სისულელეა. ყველაფერი საჭირო თ-თან უნდა იქონიოთ. რა გქვიათ?
— სუვოროვა ვარია. ვარვარა ანდრეევნა, — შიშით დაიჩურჩულა ვარიამ, — თქვენ ვინ ხართ? და საიდან?
— ერასტ პეტროვიჩ ფანდორინი.
სერბეთის ვოლონტიერი, მოხალისე. თურქთა ტყვეობიდან ვბრუნდები.
მადლობა ღმერთს, თორემ ვარიამ უკვე გადაწყვიტა, რომ ჰალუცინაცია დაეწყო. სერბეთის ვოლონტიერი! თურქთა ტყვეობიდან! ვარიამ პატივისცემით შეათვალიერა მისი შევერცხლილი საფეთქლები და თავი ვეღარ შეიკავა, რომ არ ეკითხა, თანაც თითით მეტად არადელიკატურად მიუთითა:
— იქ გაწამებდნენ, არა? წამიკითხავს თურქთა ტყვეობის საშინელებებზე და ენაც ალბათ ნამდვილად ამისგან დაგებათ.
ერასტ პეტროვიჩ ფანდორინი შეიჭმუხნა, უხალისოდ მიუგო:
— მე არავის ვუწამებივარ. დილიდან საღამომდე ყავას მასმევდნენ და მხოლოდ ფრანგულად მელაპარაკებოდნენ. სტუმარივით ვცხოვრობდი ვიდინის კ-კაიმაკამთან.
— ვისთან? — ვერ მიხვდა ვარია.
— ვიდინი ქალაქია რუმინეთის საზღვარზე. ხოლო კაიმაკამი — გუბერნატორი. რაც შ-შეეხება ენის დაბორკვას, ეს დიდი ხნის წინანდელი კონტუზიის შედეგია.
— გამოიქეცით, არა? — შურით ჰკითხა, — მოქმედ არმიამდე მიღწევა გინდათ, რომ იომოთ?
— არა.
საკმაოდ ვიომე.
ალბათ, ვარიას სახეზე უკიდურესი განცვიფრება აღებეჭდა. ყოველ შემთხვევაში, ვოლონტიერმა საჭიროდ ჩათვალა განმარტება:
— ომი, ვარვარა ანდრეევნა, — საშინელი საზიზღრობაა. იქ არც მართლები არსებობენ და არც დამნაშავენი; ხოლო კარგები და ცუდები ორივე მხარეს არიან. ოღონდ კარგებს ჩვეულებრივ პ-პირველ რიგში კლავენ.
— მაშინ რატომღა წახვედით სერბეთში მოხალისედ? — მღელვარედ ჰკითხა, — იქ ხომ არავინ გაგდებდათ?
— ეგოისტური მოსაზრებებით. ავად ვიყავი, მკურნალობა მჭირდებოდა.
ვარიას გაუკვირდა:
— განა ომში მკურნალობენ?
— ჰო, სხვისი ტ-ტკივილის დანახვა ადვილად გადაგატანინებს შენსას. ფრონტზე ჩერნიაევის არმიის დამარცხებამდე ორი კვირით ადრე მოვხვდი. მერე კიდევ მთებში დავეხეტებოდი და ვისროდი...
მადლობა ღმერთს, ე-ეტყობა, ტყვია არავისთვის მომიხვედრებია.
„ან ჩემი დაინტერესება უნდა, ან უბრალოდ ცინიკოსია“, ცოტა არ იყოს, წყენით გაიფიქრა ვარიამ და შხამიანად შენიშნა:
— ჰოდა, მჯდარიყავით იმ თქვენს მაკამასთან ომის დასრულებამდე, რაღას გამორბოდით?
— არ გამოვქცეულვარ. იუსუფ-ფაშამ გამომიშვა.
— და ბულგარეთში რაღამ მოგიყვანათ?
— არის საქმე, — მოკლედ მოუჭრა ფანდორინმა, — თქვენ პ-პირადად, საით მიდიხართ?
— ცარევიცში, მთავარსარდლის შტაბში. თქვენ?
— ბელაში. ჭორებს თუ დავუჯერებთ, იქაა მისი უდიდებულესობის სადგომი... — ვოლონტიერი გაჩუმდა, უკმაყოფილოდ გაიქნია თავი, ამოიოხრა, — მაგრამ მთავარსარდალთანაც შეიძლება.
— მართლა? — გაუხარდა ვარიას, — მოდი, ერთად წავიდეთ, ჰა? პირდაპირ არ ვიცი, რას ვიზამდი, თქვენ რომ არ შეგხვედროდით.
— ა-არაფერი. პატრონს უბრძანებდით, უახლოესი რუსული ნაწილის დაქვემდებარებეში გადამეცითო და საქმეც დამთავრდებოდა.
— ვუბრძანებდი? ფუნდუკის პატრონს? — შიშით შეეკითხა ვარია.
— ეს ფუნდუკი კი არა, მეხანაა.
— იყოს მეხანა. მაგრამ სოფელი ხომ მუსლიმანურია?
— მუსლიმანურია.
— ჰოდა, ისინი თურქებს გადამცემდნენ!
— არ მინდა თქვენი განაწყენება, ვარვარა ანდრეევნა, მაგრამ თურქებისთვის საინტერესო არ ხართ.
აი, თქვენი საქმროს უფროსში კი ნ-ნამდვილად არ დაინანებდნენ ჯილდოს.
— მე თქვენთან მირჩევნია, — შეევედრა ვარია, — გეხვეწებით, რა!
— ერთი ჯაგლაგი მყავს, თანაც მისიკვდილებული. ამისთანაზე ორნი ვერ შევჯდებით. ფ-ფული კიდევ სამი ყურუში. ღვინისა და ყველის გასასტუმრებლად გვეყოფა, მაგრამ მეტად ვეღარ... კიდევ ერთი ცხენი გვინდა, ანდა ვირი მაინც. ეს კი ყველაზე ნაკლებ ასი ყურუში მაინც ღირს.
ვარიას ახალი ნაცნობი გაჩუმდა და მცირე ხნის ფიქრის შემდეგ კამათლის მოთამაშეებს მოავლო თვალი. კვლავ ღრმად ამოიოხრა.
— აქ იჯექით.
ახლავე მოვალ.
ნელა მიუახლოვდა მოთამაშეებს, ხუთი წუთი მაგიდის მახლობლად იდგა. აკვირდებოდა. მერე რაღაც ისეთი თქვა (ვარიას არ ესმოდა), რის გამოც კამათლის ყრას თავი დაანებეს და მისკენ შემოტრიალდნენ. ფანდორინმა ვარიასკენ მიუთითა და ისიც ჩაკვდა სკამზე მისკენ მიშტერებული მზერებით. მერე ხარხარმა იფეთქა — როგორც ჩანს, სკაბრეზულმა და ვარიასთვის შეურაცხმყოფელმა, მაგრამ ფანდორინს არც კი უფიქრია მანდილოსნის ღირსების გამოსარჩლება. ამის სანაცვლოდ ხელი გაუწოდა ვიღაც ულვაშიან სქელოს და სკამზე დაჯდა. სხვებმა ადგილი დაუთმეს, ხოლო მაგიდის გარშემო მაშინვე შეიკრიბა ცნობისმოყვარეთა ბრბო.
ამრიგად ვოლონტიერმა, როგორც ჩანს, თამაში წამოიწყო.
მაგრამ რა ფულით? სამი ყურუშით? დიდხანს მოუწევს თამაში ცხენის მოსაგებად. ვარია აღელდა, წარმოიდგინა, რომ მიენდო კაცს, რომელსაც სრულიად არ იცნობს. უცნაურად გამოიყურება, უცნაურად ლაპარაკობს, უცნაურად იქცევა... მეორე მხრივ, განა ვარიას აქვს სხვა არჩევანი?
ბრბოში მოყაყანეები ახმაურდნენ — ეს სქელომ გააგორა კამათელი. მერე კიდევ ერთხელ გაისმა ჩხრიალი და კედლებმაც დაიზრიალა ერთბაშად ამოხეთქილი ყვირილისაგან.
— თ-თორმეტი, — წყნარად გამოაცხადა ფანდორინმა და წამოდგა, — სადაა მაგარეტო?
სქელოც წამოხტა, ვოლონტიერს სახელოში სწვდა და სხაპასხუპით უთხრა რაღაც, წყენით აფახულებდა თვალებს.
ერთთავად ამას იმეორებდა:
— ოშტე ვეტნაჟ, ოშტე ვეტნაჟ!
ფანდორინმა მოუსმინა და მტკიცედ დაუქნია თავი, მაგრამ წაგებული რატომღაც კმაყოფილი არ დარჩენილა მისი თანხმობით. ადრინდელზე უფრო ხმამაღლა აყვირდა, ხელების ქნევაც დაიწყო. ფანდორინმა ისევ დაიქნია თავი, უფრო მტკიცედ და აქ უცებ ვარიას ბულგარული პარადოქსი გაახსენდა: როცა თავს დაუქნევ, ეს ნიშნავს „არას“.
ახლა უიღბლომ სიტყვიდან საქმეზე გადასვლა დააპირა — ფართოდ გაშალა ხელები და ცნობისმოყვარეებმა უკან დაიხიეს, მაგრამ ერასტ პეტროვიჩი არ შერხეულა, მხოლოდ მარჯვენა ხელი, თითქოს არაფერიაო, ჯიბეში ჩაიცურა.
ჟესტი თითქმის შეუმჩნეველი იყო, მაგრამ სქელოზე მაგიურად იმოქმედა. მხრები ჩამოყარა, ამოიხვნეშა და რაღაც საწყლად ჩაიბურტყუნა. ამჯერად ფანდორინმა თავი გაუქნია, იქვე გაჩენილ პატრონს რამდენიმე მონეტა გადაუგდო და გასასვლელისკენ გაემართა. ვარიასთვის არც კი შეუხედავს, მაგრამ იმას მიწვევა არა სჭირდებოდა — ადგილიდან მოწყდა და იმწამს თავისი მხსნელის გვერდით აღმოჩნდა.
— ბოლოდან მ-მეორე, — მიზანმიმართულად მიუთითა ერასტ პეტროვიჩმა, პარმაღზე რომ შედგა.
ვარიამ თვალი გააყოლა მის მზერას და ცხენების მისაბელთან ცხენების, ვირებისა და ჯორების მთელი ფლანგი დაინახა, უზრუნველად რომ ახრამუნებდნენ თივას.
— აგერ ისიც, თქვენი ბ-ბუცეფალი, — მიუთიტა ვოლონტიერმა მურა სახედარზე — უშნოა, სამაგიეროდ, არ გადმოვარდებით.
— თქვენ რა, მოიგეთ? — მიხვდა ვარია.
ფანდორინმა მდუმარედ დაუქნია თავი, თან გალეულ სისვ ფაშატს ხსნიდა.
თანამგზავრი ქალს ხის უნაგირზე შეჯდომაში მიეხმარა, თავად ერთობ მსუბუქად შეახტა თავის სისვს და ორივენი სოფლის გზაზე გამოვიდნენ, ერთიანად რომ გაეჩახჩახებინა შუადღის მზეს.
— შორია ცარევიცამდე? — ჰკითხა ვარიამ და თან გაბანჯგვლულყურებიანი სატრანსპორტო საშუალების მოკლე ნაბიჯების ტაქტზე ირწეოდა.
— თუკი გზა არ აგვებნა, დაღამებისთვის მივალთ, — უთხრა და ამაყად გადმოხედა მხედარმა.
„მთლად გათურქებულა ტყვეობაში“, ბრაზიანად გაიფიქრა ვარიამ. ხომ შეეძლო, მანდილოსანი ცხენზე შეესვა. ტიპურად მამაკაცური ნარცისიზმი. ბუკიოტი! მამალი იხვი! ოღონდ ნაცრისფერ დედალ იხვთან მოაწონებინა თავი.
ისედაც ღმერთმა უწყის, რას ჰგავს ვარია და ახლა კიდევ სანჩო პანსა ითამაშე ამ მწუხარე სახის რაინდთან.
— მართლა, ჯიბეში რა გაქვთ? — გაახსენდა ვარიას, — პისტოლეტი, ხომ?
ფანდორინი გაოცდა:
— რომელ ჯიბეში? აჰ, ჯ-ჯიბეში. სამწუხაროდ, არაფერი.
— ჰოდა, იმას რომ არ შეშინებოდა?
— ვისაც არ შეეშინდებოდა, იმასთან არც დავჯდებოდი სათამაშოდ.
— მაგრამ როგორ მოახერხეთ ერთ ჯერზე ვირის მოგება? — დაინტერესდა ვარია, — ნუთუ ის კაცი სამ ყურუშში ვირს ჩამოვიდა?
— არა, რა თქმა უნდა.
— მაშ, რაზე თამაშობდით?
— თქვენზე, — წარბშეუხრელად მიუგო ფანდორინმა, — გოგონა ვირის წინააღმდეგ — ეს მომგებიანი სვლაა. თქვენ კი დ-დიდსულოვნად შეგვინდეთ, ვარვარა ანდრეევნა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო.
— შეგინდოთ? — ვარია ისე შეირხა უნაგირზე, რომ კინაღამ განზე გადაქანდა — და რომ წაგეგოთ?
— მე, ვარვარა ანდრეევნა, ერთი უცნაური თვისება მაქვს. ვერ ვ-ვიტან აზარტულ თამაშებს, მაგრამ როცა თამაში მომიწევს, აუცილებლად ვიგებ. Lეს ცაპრიცეს დე ლა ფ-ფორტუნე (ფრანგულად „ბედის ახირება“). მე თავისუფლებაც კი ვიდინის ფაშას ნარდში მოვუგე.
ვარიამ არ იცოდა, რა ეთქვა ამ ჩიტირეკიულ განცხადებაზე და გადაწყვიტა, სასტიკად გაბრაზებულიყო. ამიტომ ჩუმად განაგრძობდნენ გზას.
ბარბარუსული უნაგირი, წამების იარაღი, ვარიას უსიამოვნებას უსიამოვნებაზე აყენებდა, მაგრამ ითმენდა, დროდადრო სიმძიმის ცენტრს იცვლიდა.
— სისასტიკეა? — ჰკითხა ფანდორინმა, — გინდათ, ჩემს ქურთუკს დაგიფენთ?
ვარიამ არ უპასუხა, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, წინადადება მთლად ჩვეულებრივი არ მოეჩვენა, და მეორეც — პრინციპის გამო.
გზა გრძლად მიიკლაკნებოდა დაბალ, ტყიან გორებს შორის, მერე ველზე დაეშვა.
ამ დროის განმავლობაში მგზავრებს არავინ შეხვედრიათ და ეს შემაშფოთებელი ხდებოდა. ვარიამ რამდენჯერმე ცერად გახედა ფანდორინს, მაგრამ ის ყეყეჩი სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა და საუბრის წამოწყებას არ აპირებდა.
რა სანახაობა იქნება, ცარევიცში ასე გამოწყობილი რომ გამოცხადდეს? დავუშვათ, პეტიასთვის სულერთია, იმას თუ გინდა, ტომარაგადაცმული შეხვდი — ვერ შეამჩნევს, მაგრამ იქ ხომ შტაბია, მთელი საზოგადოება. ამისთანა საფრთხობელა რომ მიხვალ... ვარიამ ქუდი მოიძრო, თითებით თმა ჩამოივარცხნა და მთლად გაღიზიანდა. თმა ისედაც ვერაფერიშვილი ჰქონდა — იმ მქრქალი, თაგვისფერი შეფერილობისა, რომელსაც ქერა ჰქვიოდა, თანაც კიდევ ამ მასკარადისგან სულ აეშალა, ბღუჯა-ბღუჯად დაასხდა. ბოლოს სამი დღის წინ დაიბანა, ბუქარეშტში. არა, ისევ ქუდით ჯობს.
სამაგიეროდ, ბულგარელი გლეხის ჩაცმულობა სულაც არ არის ურიგო — პრაქტიკულია და თავისებურად ეფექტურიც. შარვალი რაღაცით სახელგანთქმულ „ბლუმერებს“ აგონებს, რომელშიც ოდესღაც დაიარებოდნენ ანღლიელი სუფრაჟისტები, მოუხერხებელ და დამამცირებელ პანტალონებსა და ქვედაკაბებს რომ ეომებოდნენ; წელზე რომ ალისფერი სარტყელი შემოირტყეს, როგორც „სერალიდან გატაცებაშია“ (გასულ შემოდგომაზე პეტიასთან ერთად მოუსმინა მარიას საოპერო თეატრში), ფერწერულიც კი იქნებოდა.
მოულოდნელად ვარვარა ანდრეევნას ფიქრები ყოვლად უცერემონიოდ შეწყდა. ვოლონტიერი გადაიხარა, სახედარს აღვირში სწვდა, ჩერჩეტი ცხოველი მკვეთრად შეაჩერა და ვარია კინაღამ გადაფრინდა გრძელყურებიანი კინკრიხოს ზემოდან.
— თქვენ რა, შეიშალეთ?
— ახლა კი, რაც უნდა მოხდეს, ჩუმად იყავით, — ხმადაბლა და ძალიან სერიოზულად უთხრა ფანდორინმა, თან სადღაც წინ იყურებოდა.
ვარიამ თავი ასწია და დაინახა მტვრის ღრუბლით გარშემორტყმული, უფორმო ბრბოდ მოძრავი და მათ შესახვედრად მომავალი მხედართა ჯგუფი — თითქმის ოც კაცამდე.
ჩანდა ბეწვიანი ქუდები, მზის სხივებს თამაშობა გაემართათ აღკაზმულობაზე, იარაღზე. ერთი მხედარი დაწინაურებულიყო და ვარიამ ცხადად დაინახა ფაფახის გარშემო შემოვლებული მწვანე ნაჭერი.
— ესენი ვინ არიან, ბაშიბუზუკები? — მჟღერად შეეკითხა ვარია და ხმა აუთრთოლდა, — ახლა რა მოხდება? დავიღუპეთ? დაგვხოცავენ?
— თუკი ჩუმად იქნებით, ალბათ, ვერა, — როგორღაც დაეჭვებით მიუგო ფანდორინმა, — თქვენი მოულოდნელი ალაპარაკება დროული არ არის.
ფანდორინს სრულიად აღარ ებმოდა ენა და ამან ვარიას მთლად დაუკარგა მოთმინება.
ერასტ პეტროვიჩმა ისევ დაიჭირა ვირი აღვირით, გზისპირზე გადავიდა და ვარიას თვალებამდე რომ ჩამოაფხატა ქუდი, ჩასჩურჩულა:
— ფეხებს ქვემოთ იყურეთ და ხმა არ ამოიღოთ.
მაგრამ ვარიამ თავი ვერ შეიკავა — შუბლქვემოდან ერთი მზერა მაინც სტყორცნა სახელგანთქმულ მკვლელებს, რომლებზეც აგერ უკვე მეორე წელიწადი გადიოდა, ყველა გაზეთი წერდა.
წინ რომ მოაჭენებდა (ნამდვილად ბეგი იყო), მოწითალო წვერი ჰქონდა, დახეული და ჭუჭყიანი ბუშმეტი ეცვა, მაგრამ ვერცხლის იარაღი აესხა. გვერდით ჩაიარა, არც კი შეხედა საწყალ გლეხებს.
სამაგიეროდ, იმის ბანდას თავი უფრო უბრალოდ ეჭირა. რამდენიმე მხედარი ვარიასა და ფანდორინის მახლობლად შეჩერდა და ხმამაღალი ლაპარაკი დაიწყეს. ბაშიბუზუკებს ისეთი ფიზიონომიები ჰქონდათ, რომ ვარვარა ანდრეევნას დაჯღანვა მოუნდა — არც კი უვარაუდია, რომ შეიძლებოდა ადამიანებს ამისთანა ნიღბები ჰქონოდათ. უცებ ამ კოშმარულ სიფათებში ვარიამ ჩვეულებრივ ადამიანურ სახეს მოჰკრა თვალი. ფერმკრთალი იყო, სისხლჩაქცეული თვალით, მაგრამ სამაგიეროდ მეორე თვალი, თაფლისფერი და სასიკვდილო სევდით სავსე, პირდაპირ ვარიას მისჩერებოდა.
ყაჩაღთა შორის უნაგირზე უკუღმა იჯდა რუსი ოფიცერი, მტვრიან, დახეულ მუნდირში. ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული, ყელზე რატომღაც გაშიშვლებული ხმალი ეკიდა, ხოლო პირის კუთხეში სისხლი შეხმობოდა. ვარიამ ტუჩი მოიკვნიტა, რომ არ წამოეკივლა.
ვეღარ აიტანა უიმედობა, ტყვის გამოხედვაში რომ იკითხებოდა, და თვალები დახარა. მაგრამ ყვირილი, უფრო სწორად, ისტერიული კივილი მაინც აღმოხდა შიშისგან გამშრალი ყელიდან — ერთ-ერთ ბანდიტს უნაგირის თავზე მიემაგრებინა ქერათმიანი და გრძელულვაშა ადამიანის თავი. ფანდორინმა ვარიას მხარზე ხელი მაგრად მოუჭირა და ორიოდ სიტყვა თქვა თურქულად — ქალმა გაარჩია სიტყვები: „იუსუფ-ფაშა“ და „კაიმაკამი“, მაგრამ ყაჩაღებს წარბიც არ შეუხრიათ. ერთმა, წვეტიანი წვერი და დიდი, კეხიანი ცხვირი რომ ჰქონდა, ფანდორინის ფაშატს ზედა ლაში აუწია, გრძელი, აქოთებული კბილები დააკრეჭინა. მერე დაურიდებლად გადააფურთხა და რაღაც თქვა, რის გამოც დანარჩენებმა გაიცინეს. მერე მათრახი გადაუჭირა ჯაგლაგს გავაზე, ისიც შიშით გახტა გვერდზე და მაშინვე გადავიდა არათანაბარ ჩორთზე. ვარიამ ვირს გაბერილ ფერდებზე ქუსლები უცხუნა და უკან გაედევნა, ეშინოდა იმის დაჯერება, რომ საფრთხემ ჩაიარა.
ისევ თვალწინ ედგა კოშმარული თავი ტანჯვით დახუჭული თვალებით, პირის კუთხეებში შემხმარი სისხლი კი მოსვენებას არ აძლევდა. „თავისმომჭრელები — ეს ისინი არიან, ვინც თავებს ჭრიან“, თავში უტრიალებდა ბრიყვული, ბუნდოვანი ფრაზა.
— თუ შეიძლება, გულის წასვლის გარეშე, — წყნარად თქვა ფანდორინმა, — შეიძლება, დაბრუნდნენ.
და ენამაც უყივლა. ერი წუთის შემდეგ უკნიდან მოახლოებული ფლოქვების თქარუნი მოისმა.
ერასტ პეტროვიჩმა გაიხედა და უჩურჩულა:
— არ მობრუნდეთ, წ-წინ.
ვარია კი ადგა და მაინც მიბრუნდა, ოღონდ ჯობდა, ეს არ ექნა. ბაშიბუზუკებს ორასიოდ ნაბიჯამდე გამოსცდნენ, მაგრამ მხედართაგან ერთ-ერთი, სწორედ ის, მოჭრილი თავით, — უკან მოაჭენებდა და საცაა დაეწეოდათ. საშინელი ნადავლი მხიარულად ხტუნავდა მისი ცხენის გავაზე.
ვარიამ უიმედოდ შეხედა თავის თანამგზავრს. ეტყობა, იმასაც უღალატა მუდმივმა სიმშვიდემ — თავგადაგდებული, ნერვიულად სვამდა წყალს სპილენძის დიდი მათარიდან.
წყეული სახედარი მელანქოლიურად ამოძრავებდა ფეხებს, არაფრით სურდა აჩქარება. კიდევ ერთი წუთის შემდეგ სწრაფი მხედარი უიარაღო მგზავრებს გაუსწორდა და ადგილზე გააქვავა მღელვარე ქურანი ცხენი.
ბაშიბუზუკი გადაიხარა, ვარიას თავიდან ქუდი მოაძრო და ველურად გადაიხარხარა, როცა მის მხრებზე ქერა თმა ჩამოიშალა.
— ჰოჰო! — დაიყვირა და თეთრი კბილები გააელვა.
პირქუშმა და დაძაბულმა ერასტ პეტროვიჩმა მარცხენა ხელის სწრაფი მოძრაობით ყაჩაღს ბეწვიანი ფაფახი მოაძრო და მთელი ძალით დაჰკრა მათარა გადახორტილ თავზე. გაისმა გულისამრევად მჟღერი ხმა, მათარა გასკდა და ბაშიბუზუკმა მტვერში მოადინა ზღართანი.
— ჯანდაბას ვირი! ხელი მომეცით. უნაგირზე, სწრაფად... მთელი ძალით გარეკეთ, არ მობრუნდეთ, — ნაწილ-ნაწილ და ჩქარა-ჩქარა თქვა ფანდორინმა, კვლავაც აღარ დაბმია ენა.
ენაჩავარდნილ ვარიას ქურანზე შეჯდომაში მიეხმარა, უნაგირის საფენიდან თოფი ამოაძრო და ჭენებით გაქუსლეს. ყაჩაღის ცხენი მაშინვე წინ გავარდა და ჩამოვარდნის შიშით ვარიამ თავი მხრებში ჩამალა. ყურებში ქარი უწიოდა, მარცხენა ფეხი მეტად გრძელი უზანგიდან ამოუვარდა, უკან სროლა ისმოდა, რაღაც მძიმე მტკივნეულად ეხლებოდა მარჯვენა ფერდზე.
ვარიამ თვალი გააპარა ქვემოთ და აცეკვებული, ლაქებიანი თავი დაინახა. განწირული შეკივლებით გაუშვა ხელი სადავეებს, რისი გაკეთებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა.
მომდევნო წამში უნაგირიდან გადმოფრინდა, ჰაერში ცისარტყელა მოხაზა და რაღაც მწვანეში, რბილში და მტვრევადში კვნესით ჩავარდა.
ეს გზისპირა ბუჩქი აღმოჩნდა.
აქ კი დრო იყო, გონება დაეკარგა, მაგრამ რატომღაც არ გამოუვიდა. ვარია ბალახზე იჯდა და დაკაწრულ ლოყაზე ხელს იჭერდა, ხოლო გარშემო კი დამტვრეული ტოტები ცვიოდა.
ამასობაში, გზაზე აი, რა ხდებოდა. ფანდორინი გამეტებით ურტყამდა კონდახს ბედკრულ ჯაგლაგს, რომელიც თავდაუზოგავად გარბოდა, წინ მიისროდა ძვლადქცეულ ფეხებს. იმ ბუჩქამდე, სადაც დაცემით გაბრუებული ვარია იჯდა, თითქმის აღარაფერი რჩებოდა, ხოლო უკან, სულ რაღაც ასიოდე ნაბიჯში, თოფების გრიალით მოქროდა მდევართა ჯგრო — არანაკლებ ათი მხედრისა. მოულოდნელად სისვმა ფაშატმა სვლა შეანელა, საწყლად გადაუვარდა თავი, განზე წავიდა, მერე წაბორძიკდა და ნელ-ნელა ჩაიკეცა, თან მხედრის ფეხი ქვეშ მოიყოლა. ვარიამ წამოიკივლა. ფანდორინი როგორღაც გამოძვრა ცხენიდან, წამოდგომას რომ ცდილობდა, და მთელი სიმაღლით წამოიმართა.
ვარიას გახედა, თოფი მოიმარჯვა და ბაშიბუზუკებს დაუმიზნა.
სროლას არა ჩქარობდა, სამიზნის მოხელთებას ცდილობდა და მისი პოზა ისე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, რომ ყაჩაღებიდან არც ერთს არ მოუსურვებია ტყვიის ქვეშ შემძვრალიყო, — ჯგრო გზიდან მდელოზე გაიშალა, ნახევარწრეში მოაქცია ლტოლვილები და ვარია მიხვდა: ცოცხლად უნდოდათ მათი აყვანა.
ფანდორინი უკან-უკან იხევდა, თოფს ხან ერთ მხედარს მიუშვერდა, ხანაც მეორეს.
მანძილი ნელ-ნელა მცირდებოდა. როცა ვოლონტიერი თითქმის გაუსწორდა ბუჩქს, ვარიამ შეჰკივლა:
— ესროლეთ, რაღას უცდით!
ერასტ პეტროვიჩმა მისკენ მოუხედავად გამოცრა:
— ამ პარტიზანის თოფი გატენილი არ არის.
ვარიამ მარცხნივ გაიხედა (იქ ბაშიბუზუკები იყვნენ), მარჯვნივ (იქითაც ფაფახიანი მხედრები დააჭენებდნენ), უკან მიტრიალდა — და არც ისე ხშირ მცენარებში რაღაც შესანიშნავი დაინახა.
მინდორზედ ჭენებით მიქროდნენ მხედრები: წინ, ღონიერ შავრა ულაყზე, ჟოკეისებურად ფეხებამოკაპიწებული მოაჭენებდა, უფრო სწორად, ჰაერში მოფრინავდა ვიღაც ფართოფარფლიან ამერიკულ შლაპაში. მას სხვანაირად მორბენალი, ოქროსსამხრეებიანი თეთრი მუნდირი მოსდევდა. შემდეგ კი ერთობლივ გუნდად მოქროდა ათი ყუბანელი კაზაკი, ხოლო სულ ბოლოს, უშიშრად ჩამორჩენილი, ვიღაც წარმოუდგენელი ბატონი ქვაბურა ქუდითა და გრძელი რედინგოტით უნაგირზე ხტუნვა-ხტუნვით მოაგელვებდა ცხენს.
ვარია მოჯადოებულივით უცქერდა ამ ველურ კავალკადას, ხოლო კაზაკებმა ამასობაში თავისებურად დაუსტვინეს და დაჰკივლეს კიდეც. ბაშიბუზუკებიც გაოგნდნენ და შეჯგუფდნენ — მათ საშველად მოიჩქაროდნენ დანარჩენები იმ ჟღალწვერიანი ბეგის მეთაურობით.
ვარია და ფანდორინი ამ საშინელ ადამიანებს გადაავიწყდათ, მათთვის აღარ ეცალათ.
ხორცვა-ჟლეტა ახლოვდებოდა. ვარია ხან აქეთ ატრიალებდა თავს, ხანაც იქით, საფრთხე დავიწყებოდა, — სანახაობა საშინელიც იყო და ლამაზიც.
მაგრამ ძლივს დაწყებული ბრძოლა დამთავრდა. მხედარმა ამერიკულ შლაპაში (ის ახლა სულ ახლოს იყო და ვარიამ დაინახა გარუჯული სახე, წვერი ა ლა Lოუის-Nაპოლეონ და დაგრეხილი, სქელი ულვაში) სადავე მოქაჩა, შედგა და მის ხელში გრძელლულიანმა პისტოლეტმა იელვა. პისტოლეტმა — ბახ! ბახ! — ორი ბრაზიანი ღრუბელი გადმოაფურთხა და დახეულბუშმეტიანი ბეგი უნაგირზე შექანდა, გეგონება, მთვრალიაო და გვერდით გადაქანდა. რომელიღაც ბაშიბუზუკი მისწვდა, თავისი ცხენის ნიდაოზე გადაიკიდა და მთელმა ჯგრომ უბრძოლველად გაქუსლა უკან.
ვარიას და უსარგებლო თოფზე ჩამოყრდნობილ, გასავათებულ ფანდორინს მწკრივად ჩაუქროლეს ჯადოსნურმა მსროლელებმაც, თოვლისფერმუნდირიანმა მხედარმაც (მხარზე გენერლის ოქროს სამხრე რომ უბრწყინავდა) და კაზაკების ფაფარაშლილმა ცხენებმაც.
— იქ დატყვევებული ოფიცერია! — დაადევნა მათ ვოლონტიერმა.
ამასობაში აუჩქარებლად მოახლოვდა ამ საოცარი კავალკადის ბოლო, ცივილიზებული ბატონი და გაჩერდა — დევნა, როგორც ეტყობოდა, არ იზიდავა.
მრგვალი, ნათელი თვალები სათვალის ზემოდან დააცქერდა გადარჩენილებს.
— ტსკვილები ხართ? — იკითხა ცივილიზებულმა ძლიერი ინგლისური აქცენტით.
— ნოუ, სერ, — მიუგო ფანდორინმა და კიდევ რაღაც დაამატა იმავე ენაზე, მაგრამ ვარიამ ვერ გაიგო, რადგან გიმნაზიაში ფრანგულსა და გერმანულს სწავლობდა.
ვარიამ მოუთმენლად მოქაჩა ვოლონტიერის სახელო და იმანაც დამნაშავის ხმით აუხსნა.
— მე ვ-ვეუბნები, რომ ჩვენ წყვილები კი არა, რუსები ვართ და ჩვენებისკენ მივდივართ.
— წყვილები ვინ არიან?
— ბულგარელი აჯანყებულები.
— ოო, თქვენ მანდილოსანი ხართ? — ინგლისელს ხორციან, კეთილ სახეზე გაოცება აღებეჭდა. — ოღონდაც, როგორი მესკარადია! მე არ ვიცოდი, თუ რუსები ქალებს იყენებენ ესპიანაჟისთვის. თქვენ ეშმაკი ხართ, მადამ.
რა გქვიათ? ეს დზალიან საინტერესო იკნება ჩემი მკითკჰველისთვის.
სალაშქრო ჩანთიდან ბლოკნოტი ამოიღო და ვარიამ მხოლოდ ახლაღა დაუნახა სახელურზე შემოხვეული სამფეროვანი ნომერი 48 და წარწერა „კორესპონდენტი“.
— მე ვარვარა ანდრეევნა სუვოროვა ვარ და არავითარ „ესპიანაჟში“ არ ვმონაწილეობ. შტაბში საქმრო მყავს, — ღირსებით თქვა, — ეს კი ჩემი თანამგზავრია, სერბი ვოლონტიერი ერასტ პეტროვიჩ ფანდორინი.
კორესპონდენტმა დარცხვენით მოიხადა ქვაბურა ქუდი და ფრანგულზე გადავიდა:
— ბოდიშს ვიხდი, მადმუაზელ. შეიმას მაკლაფლინი, ლონდონის გაზეთ „დეილი პოსტის“ თანამშრომელი.
— სწორედ ის ინგლისელი, რომელიც თურქთა მხეცობაზე წერდა ბულგარეთში? — ჰკითხა ვარიამ, ქუდი მოიხადა და თმა, ასე თუ ისე, მოიწესრიგა.
— ირლანდიელი, — მკაცრად გაუსწორა მაკლაფლინმა, — ეს სულაც არ არის ერთი და იგივე.
— და ისინი ვინ არიან? — ვარიამ იქით მიანიშნა თავით, სადაც მტვრის ღრუბლები იდგა და საიდანაც სროლის ხმა ისმოდა, — შლაპაში ვინ არის?
— ეს უბადლო კოვბოი გახლავთ თავად მუსიე დერვე, ბრწყინვალე კალამი, ფრანგი მკითხველის თაყვანისცემის საგანი და გაზეთ „რევიუ პარიზენის“ ტუზი კოზირი.
— „რევიუ პარიზენის“?
— ჰო, ეს პარიზული ყოველდღიური გაზეთია. ტირაჟი — ასორმოცდაათი ათასი, რაც საფრანგეთისთვის დაუჯერებლად ბევრია, — დაუდევრად ახსნა კორესპონდენტმა, — მაგრამ ჩემი „დეილი პოსტი“ ორას ორმოცი ათასი ცალი იყიდება ყოველდღიურად, ასე თუ ისე.
ვარიამ თავი გააქნია, თმა რომ უკეთესად დაწყობოდა და სახელოთი დაიწყო მტვრის წმენდა სახიდან.
— აჰ, ბატონო, დროულად მოგვისწრიათ. თქვენ თავად განგებამ გამოგაგზავნათ.
— ჩვენ აქ მიშელმა მოგვიყვანა, — მხრები აიჩეჩა ბრიტანელმა, უფრო ზუსტად, ირლანდიელმა, — უსაქმოდ დარჩა, შტაბზეა მიწერილი და ცოფებს ყრის უსაქმურობისგან. დღეს დილით ბაშიბუზუკებმა პატარაზე გაიფაჩუნეს რუსულ ზურგში და მიშელი თავად გამოედევნა; ხოლო მე და დერვე მაგას დავდევთ ფინიებივით — სადაც ისაა, ჩვენც იქ ვართ. ჯერ ერთი, ჩვენ ძველი ნაცნობები ვართ, ჯერ კიდევ თურქესტანიდან და მეორეც, სადაც მიშელია, იქ აუცილებლად მოიძებნება კარგი სიუჟეტი სტატიისთვის...
აგერ, ისინიც ბრუნდებიან და, რასაკვირველია, როგორც რუსები იტყვიან, ნე სოლონო კჰლებავსჰი.
— რატომ „რასაკვირველია“? — ჰკითხა ვარიამ.
კორესპონდენტმა მაშინვე გაიღიმა და გაჩუმდა, მის მაგივრად ფანდორინმა უპასუხა, აქამდე რომ მონაწილეობა არ მიუღია საუბარში:
— თქვენ ხომ ნახეთ, მადმუაზელ, რომ ბ-ბაშიბუზუკებს დასვენებული ცხენები ჰყავთ, მდევართ კი გადაღლილი.
— Aბსოლუტელყ სო (ინგლისური „აბსოლუტურად ასეა“), — თავი დაუქნია მაკლაფლინმა.
ვარიამ ცუდად გადახედა ორივეს: ნახე, თითქოს შეთქმულან, რომ ქალი სულელად გამოიყვანონ. თუმცა, ფანდორინმა იქვე დაიმსახურა პატიება — ჯიბიდან გასაოცრად სუფთა ცხვირსახოცი ამოიღო და ვარიას ლოყაზე მიადო. ოჰ, ნაკაწრი სულ გადაავიწყდა!
კორესპონდენტი შეცდა, როცა თქვა, მდევარი ხელცარიელი ბრუნდებაო — ვარიამ სიხარულით შენიშნა, რომ ტყვე ოფიცერი მაინც წაურთმევიათ: ორ კაზაკს ხელებით და ფეხებით მოჰქონდათ შავმუნდირიანი მოღვენთილი სხეული.
თუ, ღმერთმა არ ქნას და, მკვდარია?
ამჯერად წინ ფრანტი მოდიოდა, რომელსაც ბრიტანელმა მიშელი დაუძახა. ეს იყო ახალგაზრდა გენერალი, მხიარული ცისფერი თვალებით და ლამაზი სუფთა, ფაფუკი და გვერდებზე გადავარცხნილი წვერით, ფრთების ყაიდაზე.
— წაგვივიდნენ, არამზადები! — შორიდანვე დაიძახა და გამოიყენა გამოთქმა, რომლის აზრი ვარიამ მთლად ვერ გაიგო
— თჰერე’ს ლადყ ჰერე (ინგ. „აქ მანდილოსანია“), — თითით დაემუქრა მაკლაფლინი, ქვაბურა ქუდი რომ მოეხადა და მელოტ, ვარდისფრად ალაპლაპებულ თავს იწმენდდა.
გენერალი გამოცოცხლდა, ვარიას შეხედა, მაგრამ მაშინვე მოიწყინა. გასაგებიც იყო: დაუბანელი თმა, ლოყაზე ნაკაწრი, უშნო ჩაცმულობა.
— მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ამალიდან გენერალ-მაიორი სობოლევ-მეორე — წარუდგა მიშელი და კითხვით შეხედა ფანდორინს.
მაგრამ გენერლის გულგრილობით განაწყენებულმა ვარიამ თავხედურად ჰკითხა:
— მეორე? და პირველი ვიღაა?
სობოლევი გაოცდა:
— როგორ თუ ვინ? მამაჩემი, გენერალ-ლეიტენანტი დმიტრი ივანოვიჩ სობოლევი, კავკასიის კაზაკური დივიზიის მეთაური, ნუთუ არ გაგიგონიათ?
— არა, არც იმაზე და არც თქვენზე, — მოუჭრა ვარიამ და იცრუა, რადგან სობოლევ-მეორეზე, თურქესტანის გმირზე, ხივასა და მაჰრამას დამპყრობზე მთელმა რუსეთმა იცოდა.
გენერალზე ათას რამეს ამბობდნენ.
ერთნი ადიდებდნენ როგორც უებრო ვაჟკაცს, უშიშარ რაინდს და ბო¬ნაპარტსაც კი უწოდებდნენ, სხვები ლანძღავდნენ, როგორც პოზიორს და პატივმოყვარეს. გაზეთებში იმაზე წერდნენ, თუ როგორ შეებრძოლა მარტოხელა სობოლევი ტეკელების მთელ ურდოს, შვიდი ჭრილობა მიიღო, მაგრამ უკან არ დაიხია; ანდა პატარა რაზმით როგორ გადალახა მკვდარი უდაბნო და დაამარცხა ათჯერ აღმატებული, მრისხანე აბდურაჰმან-ბეგის ჯარი, ხოლო ვარიას ნაცნობებიდან ზოგიერთი სხვანაირ ჭორებს იმეორებდა — მძევლების დახვრეტაზე და კიდევ რაღაც ამისთანას ამბობდნენ გატაცებული კოკანდის ხაზინაზე.
კოხტა გენერლის ნათელ თვალებს რომ შეხედა, ვარია მიხვდა: შვიდ ჭრილობასა და აბდურაჰმან-ბეგზე ალალი სიმართლეა, ხოლო მძევლებზე და ხანის ხაზინაზე სისულელე და შურიანების ნაბოდვარი.
მით უმეტეს, რომ სობოლევმაც მიაპყრო მზერა ვარიას და, ეტყობა, ამჯერად რაღაც საინტერესოც დაინახა ქალში.
— როგორ მოხვდით, ქალბატონო, აქ, სადაც სისხლი იღვრება? და თანაც ამ კოსტიუმში! მე დაინტრიგებული ვარ.
ვარიამ თავი წარუდგინა და მოკლედ უამბო თავისი თავგადასავალი, შეუმცდარი ინსტინქტით გრძნობდა, რომ სობოლევი არ გასცემდა და ბუქარეშტში ბადრაგით არ გაუშვებდა.
— მშურს თქვენი ქმრისა, ვარვარა ანდრეევნა, — თქვა გენერალმა, ვარიას მზერით ეფერებოდა, — თქვენ უბადლო ქალიშვილი ხართ. ახლა კი ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ ჩემი ამხანაგები. მისტერ მაკლაფლინი, მე მგონი, უკვე გაიცანით, ეს კი ჩემი შიკრიკი სერიოჟა ვერეშჩაგინია, იმ ვერეშჩაგინის ძმა, მხატვრისა (ვარიას მორცხვად დაუკრა თავი კაზაკურ ჩოხაში გამოწყობილმა, გამხდარმა, კეთილაღნაგმა ყმაწვილმა). სხვათა შორის, თავადაც შესანიშნავი მხატვარია. დუნაიზე დაზვერვისას ისე გამოხატა თურქული პოზიციები — დადექი და დატკბი. დერვე სადღაა? ჰეი, დერვე, აქეთ მოდი, საინტერესო მანდილოსანთან წარგადგენთ.
ვარია ცნობისმოყვარედ ათვალიერებდა ფრანგს, რომელიც ბოლოს მოვიდა.
ფრანგი (სახელურზე შემოხვეული წარწერით: „კორესპონდენტი ¹32) საოცრად კარგი ვინემ იყო, თავისებურად სობოლევსაც კი არ ჩამოუვარდებოდა: დახვეწილი, კეხიანი ცხვირით, დაგრეხილი ჩალისფერი ულვაშით, პატარა ჟღალი ესპანიოლით და ჭკვიანი ნათელი თვალებით. თვალები, სხვათა შორის, ბრაზით იყურებოდნენ.
— ეს გაიძვერები — თურქეთის არმიის სირცხვილია! — აღელვებით წამოიყვირა ჟურნალისტმა ფრანგულად, — მხოლოდ მშვიდობიანი მცხოვრებლების აჩეხვაში არიან მაგრები, პატარა ბრძოლა და მაშინშვე ჩირგვებში მიძვრებიან. ქერიმ-ფაშას ადგილზე რომ ვიყო, ყველას განვაიარაღებდი და ჩამოვკიდებდი!
— დამშვიდდით, მამაცო შევალიე, აქ მანდილოსანია, — დაცინვით გააწყვეტინა მაკლაფლინმა, — გაგიმართლათ, რომანტიკულ გმირად წარუდექით, ასე რომ, ნუ დაიბნევით. აგერ, როგორ შემოგყურებთ.
ვარიამ ამოიოხრა და ირლანდიელს გაბრაზებული მზერა სტყორცნა, მაგრამ მაკლაფლინმა მხოლოდ გულკეთილად გადაიხარხარა. სამაგიეროდ, დერვე ისე მოიქცა, როგორც ჭეშმარიტ ფრანგს შეეფერება, — მიუახლოვდა და თავი დაუკრა.
— შარლ დ’ერვე, თქვენი მონა-მორჩილი, მადმუაზელ.
— ვარვარა სუვოროვა, — გულითადად უთხრა ქალმა, — მოხარული ვარ, რომ გაგიცანით და ყველა თქვენგანის მადლობელი ვარ, ბატონებო. დროულად გამოჩნდით.
— ნება მიბოძეთ, თქვენი სახელიც გავიგოთ, — ჰკითხა დერვემ და ცნობისმოყვარეობით შეხედა ფანდორინს.
— ერნსტ ფანდორინი, — მიუგო ვოლონტიერმა, სხვათა შორის, ფრანგს კი არა, სობოლევს უყურებდა, — ვიბრძოდი სერბეთში, ახლა კი მ-მთავარ შტაბში მივდივარ მნიშვნელოვანი ცნობით.
გენერალმა თავით ფეხებამდე შეათვალიერა ფანდორინი. პატივისცემით დაეკითხა:
— ალბათ, მწუხარებასაც გაუგეთ გემო? რას აკეთებდით მანამდე?
შეყოყმანებულმა ერასტ პეტროვიჩმა უპასუხა:
— საგარეო საქმეთა სამინისტროში ვირიცხებოდი.
ტიტულიანი მრჩეველი ვარ.
ეს მოულოდნელი იყო. დიპლომატი? სიმართლე რომ ვთქვათ, ახალმა შთაბეჭდილებებმა რამდენადმე შეასუსტა ის ჩინებული (რაღა დასამალია) ეფექტი, რომელიც ვარიაზე მოახდინა მისმა სიტყვაძუნწმა თანამგზავრმა, თუმცა ახლა კვლავ დატკბა მისით, დიპლომატი, მოხალისედ რომ წავიდა ომში — ეს, დაგვეთანხმებით, ხშირად არ ხდება. არა, ნამდვილად, სამივე კარგები იყვნენ, თითოეული თავისებურად: ფანდორინიც, სობოლევიც და დერვეც.
— რა ცნობაა ამისთანა? — შეიჭმუხნა სობოლევი.
ფანდორინი შეყოყმანდა, ეტყობა, თქმა არ სურდა.
— თავი დაანებეთ მადრიდის სასახლის საიდუმლოებათა გავრცელებას, — შეუძახა გენერალმა, — ბოლოს და ბოლოს, ეს უმადურობაა თქვენი გადამრჩენების მიმართ.
ვოლონტიერმა მაინც დაუწია ხმას და კორესპონდენტებმაც ყურები ცქვიტეს.
— მე ვიდინიდან გამოვაღწიე, ბ-ბატონო გენერალო. ოსმან-ფაშა სამი დღის წინ გამოვიდა კორპუსთან ერთად პ-პლევნას მიმართულებით.
— ვინ ოსმანი? რომელი პლევნა?
— ოსმან ნური-ფაშა — თურქეთის არმიის საუკეთესო სარდალი, სერბების დამმარცხებელი. ჯერ ორმოცდახუთი წლისაა და უკვე მ-მუშირია, ესე იგი, ფელდმარშალი. და ჯარისკაცებიც ისეთები არ ჰყავს, როგორებიც დუნაიზე იდგნენ. პლევნა კი პატარა ქალაქია.
აქედან დასავლეთით, ო-ოცდაათ ვერსზე.
უნდა დავასწროთ ფაშას და ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი დავიკავოთ. ის სოფიისკენ მიმავალ გზას კეტავს.
სობოლევმა ხელისგული დაირტყა მუხლზე — მისი ცხენი არათანაბრად გადავიდა ფეხიდან ფეხზე.
— ეჰ, პოლკი მაინც რომ მომცა! მაგრამ მე, ფანდორინ, საქმეს ჩამოცილებული ვარ. შტაბში უნდა წახვიდეთ, მთავარსარდალთან. მე რეკოგნოსცირება უნდა დავამთავრო, თქვენ კი ბადრაგს გამოგაყოლებთ ცარევიცამდე. საღამოს გულით გეპატიჟებით სტუმრად, ვარვარა ანდრეევნა. ბატონი კორესპონდენტების კარავში მხიარულება იცის ხოლმე.
— სიამოვნებით, — თქვა ვარიამ და შიშით გაიხედა გვერდზე — იქით, სადაც ბალახზე დაუშვეს ნატყვიარი ოფიცერი.
ორი კაზაკი მის მახლობლად ჩაცუცქდა და რაღაცას უკეთებდნენ.
— ის ოფიცერი მკვდარია, არა? — ჩურჩულით იკითხა ვარიამ.
— ცოცხალია, — მიუგო გენერალმა. — გაუმართლა ამ ეშმაკის ფეხს, ახლა ასი წელიწადი გაძლებს. როცა ჩვენ ბაშიბუზუკებს კვალში ჩავუდექით, ტყვია დაახალეს თავში და მოკურცხლეს. ხოლო ტყვია — როგორც ცნობილია, აკარაკი რამეა. ოდნავ გაკაწრა, მხოლოდ კანი ააგლიჯა. რა ქენით, ძმებო, შეუხვიეთ კაპიტანს? — გასძახა კაზაკებს.
ოფიცერს ხელი შეაშველეს.
ისიც დაბარბაცდა, მაგრამ მაინც წამოდგა, ხოლო კაზაკებს, მხრებში ამოდგომას რომ ცდილობდნენ, ჯიუტად ხელი ჰკრა. რამდენიმე აბარბაცებული ნაბიჯი ძლივს გადადგა, მუხლები ეკეცებოდა, გეგონებოდათ, საცაა ჩაიფეხვებაო. მერე ხელები შარვლის ნაკერების გაყოლებაზე დაიწყო და ხრინწიანი ხმით დასძახა:
— გე... გენერალური შტაბიდან კაპიტანი ერემეი პერეპელკინი, თქვენო აღმატებულებავ. ზიმნიციდან მოვდიოდი სამსახურის ადგილზე, დასავლეთის რაზმის შტაბში. დანიშნული ვარ გენერალ-ლეიტენანტ კრიდენერთან, ოპერატიულ განყოფილებაში. გზაში მტრის რეგულარულმა კავალერიამ შემომიტია და ტყვედ ამიყვანეს.
დამნაშავე ვარ... არაფრით მოველოდი ჩვენს ზურგში... პისტოლეტიც კი არ მქონდა, მხოლოდ ხმალი.
ახლა ვარიამ უკეთესად შეათვალიერა ტანჯული, მაღალი არა, მაგრამ დაძარღვული იყო, წაბლისფერი არეული თმა, წვრილი, თითქმის უტუჩო პირი და მკაცრი, მუქი თაფლისფერი თვალები ჰქონდა. უფრო სწორად, ერთი თვალი, იმიტომ, რომ მეორე ადრინდელივით არ უჩანდა, სამაგიეროდ კაპიტნის მზერაში უკვე აღარ იყო არც სასიკვდილო დარდი, არც გაწბილება.
— იცოცხლე... და ყოჩაღად, — გულკეთილად უთხრა სობოლევმა, — პისტოლეტის გარეშე კი ოფიცერი არ იქნება, შტაბისაც კი. ეს იგივეა, მანდილოსანი ქუჩაში უშლაპოდ რომ გავიდეს — ფეხმსუბუქად ჩათვლიან... — გადაიხარხარა, მაგრამ გაბრაზებული ვარიას გამოხედვა დაიჭირა, ჩაახველა, — პარდონ, მადმუაზელ.
გენერალს მკვირცხლი ურიადნიკი მიუახლოვდა და თითი სადღაც, გვერდით გაიშვირა.
— თქვენო აღმატებულობავ, როგორც ჩანს, სემიონოვია!
ვარია შემობრუნდა და აირია: ბუჩქთან, ღმერთმა იცის საიდან, ბანდიტების სწორედ ის ქურანი გამოჩნდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ თვითონ მიაჭენებდა.
ქურანა, თითქოს არაფერი მომხდარაო, ბალახს ახრამუნებდა, ხოლო გვერდზე კი კვლავინდებურად დასთამაშებდა გულისამრევი ტვირთი.
სობოლევი მიწაზე ჩამოხტა, ცხენს მიუახლოვდა. სკეპტიკურად თვალმოჭუტულმა შეატრიალ-შემოატრიალა კოშმარული ბურთი.
— განა ეს სემიონოვია? — დაეჭვდა სობოლევი, — ცრუობ, ნეჩიტაილო. სემიონოვს სულ სხვა სახე აქვს.
— აბა, მაშ, ვინ არის, მიხაილ დმიტრიჩ, — ღელავდა ურიადნიკი, — აი, მოხეული ყურიც, აი, შეხედეთ, — მკვდარ თავს იისფერი ტუჩები გაუწია. — და წინა კბილიც არ აქვს. ნამდვილად სემიონოვია!
— ეტყობა, — თავი დაუქნია ჩაფიქრებულმა გენერალმა, — როგორ დაუსახიჩრებიათ. ეს, ვარვარა ანდრეევნა, მეორე ასეულის კაზაკია, რომელიც ამ დილით გაიტაცეს დაუდ-ბეგის მესხებმა, — აუხსნა ვარიასკენ შემოტრიალებულმა.
მაგრამ ვარიას აღარაფერი ესმოდა — მიწაც და ცაც დატრიალდა, თითქოს ადგილები გაცვალეს და დერვემ ფანდორინთან ერთად ძლივს მიუსწრეს გულშეღონებულ ქალბატონს.
მესამე თავი,
თითქმის მთლიანად რომ ეძღვნება აღმოსავლურ ცბიერებას
„რევიუ პარიზიენი“ (პარიზი)
15 (3) ივლისი, 1877წ.
„რუსეთის იმპერიის გერბი, ორთავიანი არწივი, შესანიშნავად ასახავს მმართველობის სისტემას ამ ქვეყანაში, სადაც ნებისმიერი პატარა საქმეც კი გადაეცემა არა ერთ, არამედ, საუკეთესო შემთხვევაში, ორ ინსტანციას, რომლებიც ხელს უშლიან ერთმანეთს და პასუხსაც არ აგებენ. იგივე ხდება არმიაში.
ფორმალურად მთავარსარდალია დიდი თავადი ნიკოლაი ნიკოლაევიჩი, ამჟამად სოფელ ცარევიცში რომ იმყოფება, თუმცა მისი შტაბის უშუალო სიახლოვეს, პატარა ქალაქ ბელაში, განთავსებულია იმპერატორ ალექსანდრე მეორის ბანაკი, სადაც იმყოფებიან კანცლერი, სამხედრო მინისტრი, ჟანდარმთა შეფი და სხვა უმაღლესი მოხელეები.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მოკავშირე რუმინეთის არმია ექვემდებარება თავის მთავარსარდალს თავად კარლ ჰოჰენცოლერნ-ზიგმარინგენის სახით, მაშინ ფრთოსანთა ორთავიანი მეფე კი აღარ გაგვახსენდება, არამედ მახვილგოaნივრული რუსული არაკი გედზე, კიბორჩხალასა და ქარიყლაპიაზე, წინდაუხედავად რომ შეებნენ ერთ ეკიპაჟში...“
— ჰოდა, როგორ მოგმართოთ, „მადამ“ თუ „მადმუაზელ“? — ჰკითხა უსიამოვნოდ ტუჩებგახსნილმა, ხოჭოსავით შავმა ჟანდარმერიის პოდპოლკოვნიმა, — მე და თქვენ ბალზე კი არა ვართ, არამედ არმიის შტაბში და მე კომპლიმენტებს კი არ გეუბნებით, დაკითხვას ვაწარმოებ. ასე რომ, ეშმაკობას ნუ ინებებთ.
პოდპოლკოვნიკს ივან ხარიტონოვიჩ კაზანზაკი ერქვა და ვარიას მდგომარეობაში შესვლას არაფრით აპირებდა და საქმე ეტყობა იქითკენ მიდიოდა, რომ ქალი იძულებით დაებრუნებინა რუსეთში.
გუშინ ცარევიცამდე მხოლოდ ღამით მიაღწიეს. ფანდორინმა დაუყოვნებლივ გასწია შტაბისკენ, ხოლო ვარიამ, თუმცა დაღლილობისგან ფეხები ეკეცებოდა, აუცილებელი საქმის კეთება დაიწყო. ბარონესა ვრეისკის სანიტარული რაზმის გულმოწყალე დებმა ტანისამოსი მისცეს, წყალი გაუცხელეს და ვარიამ ჯერ თავი მოიწესრიგა და მერეღა დაეცა ლაზარეთის საწოლზე — საბედნიეროდ, ჰოსპიტლის კარვებში დაჭრილები თითქმის არ იყვნენ. პეტიასთან შეხვედრა ხვალისთვის გადადო, რაღაი მოსალოდნელი ახსნა-განმარტებისთვის მომზადებული უნდა ყოფილიყო.
თუმცა დილით გამოძინების საშუალება მაინც არ მისცეს. გამოცხადდა ორი მუზარადიანი ჟანდარმი, კარაბინებით, და „ქალიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი სუვოროვად დაასახელა“ პირდაპირ დასავლეთის რაზმის განსაკუთრებულ ნაწილში წაიყვანეს. ხეირიანად თმის დავარცხნის საშუალებაც კი არ მისცეს.
და აგერ უკვე მერამდენე საათი იყო, ვარია ცდილობდა პირგაპარსული, მსხვილწარბა და ცისფერმუნდირიანი მტარვალისთვის აეხსნა, რა სახის ურთიერთობა აკავშირებდა გამშიფრავ პიოტრ იაბლოკოვთან.
— ღმერთო დიდებულო, გამოიძახეთ პიოტრ აფანასიევიჩი და ყველაფერს დაადასტურებს, — იმეორებდა ვარია, პოდპოლკოვნიკი კი ჯიუტად მიუგებდა:
— ყველაფერს თავისი დრო აქვს.
ჟანდარმს განსაკუთრებით აინტერესებდა ვარიას შეხვედრა „პირთან, რომელმაც საკუთარი თავი ტიტულიან მრჩეველ ფანდორინად მოიხსენია“.
კაზანზაკიმ ყველაფერი ჩაიწერა ვიდინელ იუსუფ-ფაშაზე და ყავაზეც, ფრანგულ ენასთან ერთად... და ნარდში მოგებულ თავისუფლებაზეც. ყველაზე მეტად პოდპოლკოვნიკი მაშინ გამოცოცხლდა, როცა შეიტყო, რომ ვოლონტერი ბაშიბუზუკებს თურქულად ელაპარაკებოდა. მაშინვე დაინტერესდა, სახელდობრ, როგორ საუბრობდა — ენის ბორძიკით თუ სხაპასხუპით. და ამ სულელურ ენის ბორძიკზე ახსნა-განმარტებას ნახევარ საათზე ნაკლები დრო როდი მოუნდა.
და როცა ვარია მშრალი, უცრემლო ისტერიის ზღვ¬რამ¬დე მივიდა, თიხით ნალესი ქოხის, სადაც განსაკუთრებული ნაწილი იყო განთავსებული, კარი მოულოდნელად გაიღო და შემოვიდა, უფრო ზუსტად, შემოირბინა ძალიან მნიშვნელოვანმა გენე¬რ¬ალმა, მბრძანებლურად გად¬მოკა¬რ¬კლული თვა¬ლე¬ბითა და სქელი საულვაშით.
— გენერალ-ადიუტანტი მიზინოვი, — ომახიანად გამოაცხადა ზღურბლიდანვე და მკაცრად შეხედა პოდპოლკოვნიკს, — კა¬ზანზაკი?
ანაზდად ღილებშეკრული ჟანდარმი გაიჯგიმა და ტუჩები ააცმაცუნა, ხოლო ვარია თვალხარბად მიაჩერდა მთავარ სატრაპსა (ანუ თვითნება, დესპოტ მმა¬რ¬თველს) და თავისუფლების ჯა¬ლათს, როგორც აღიარებული იყო მოწინავე ახალგაზრდობაში, მესამე განყოფილების უფროსს და ჟანდარმერიის კორპუსის შეფს, ლავრენტი არკადიევიჩ მიზინოვს.
— ნამდვილად, თქვენო მაღალაღმატებულებავ, — დასძახა ვარიას გამნაწყენებელმა, — ჟანდარმერიის კორპუსის პოდპოლკოვნიკი კაზანზაკი. ადრე კიშინიოვის გან¬ყოფილებაში ვმსახურობდი, ახლა დანიშნული ვარ დასავლეთის რაზმის შტაბის განსაკუთრებული ნაწილის უფროსად. დაკავებულის დაკითხვას ვაწარმოებ.
— ვინ არის? — გენერალმა წარბები ასწია და ცუდად გადახედა ვარიას.
— ვარვარა სუვოროვა.
ამტკიცებს, რომ პირადული წესით ჩამოვიდა საქმროსთან შესახვედრად, ოპერაციული განყოფილების გამშიფრავ იაბლოკოვთან.
— სუვოროვა? — დაინტერესდა მიზინოვი, — მე და თქვენ ნათესავები ხომ არ ვართ? ჩემი პაპის მამა დედის მხრივ ალექსანდრ ვასილიევიჩ სუვოროვ-რინიკსკი იყო.
— იმედი მაქვს, ნათესავები არ ვართ, — მოუჭრა ვარიამ.
სატრაპმა მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა და დაკავებულისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია.
— კაზანზაკი, ათასი სისულელით თავბრუ ნუ დამახვიე. სადაა ფანდორინი? მოხსენებაში ნათქვამია, რომ თქვენთანაა.
— ნამდვილად, დაცვა მივუჩინე, — ყოჩაღად მოახსენა პოდპოლკოვნიკმა, თან ხმას დაუწია და დაამატა, — მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ სწორედ ფანდორინია ჩვენი დიდი ხნის ნალოდინარი სტუმარი ანვარ-ეფენდისგან. ყველაფერი ემთხვევა, თქვენო მაღალაღმატებულებავ. ოსმან-ფაშაზეც და პლევნაზეც — ნამდვილი დეზინფორმაციაა. და აი, როგორ მარჯვედ დაატრიალა...
— ყეყეჩო! — დაუღრიალა მიზინოვმა, თან ისე მრისხანედ, რომ პოდპოლკოვნიკმა თავი მხრებში ჩამალა, — ახლავე აქ მოიყვანე! ცოცხლად!
კაზანზაკი დაგეზებული გავარდა გარეთ, ხოლო ვარია სკამის საზურგეს მიეყრდნო, მაგრამ აღელვებულ გენერალს ქალი დაავიწყდა. ხმაურით ქშინავდა და ნერვიულად აკაკუნებდა თითებს მაგიდაზე სწორედ იმ წამამდე, ვიდრე პოდპოლკოვნიკი არ დაბრუნდა ფანდორინთან ერთად.
ვოლონტერს დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა. თვალებქვეშ მუქი წრეები გასჩენოდა — ეტყობოდა, განვლილ ღამეს დაძინების საშუალება არ მისცემია.
— გ-გამარჯობა, ლავრენტი არკადიევიჩ, — უხალისოდ თქვა, ვარიას კი მსუბუქად დაუკრა თავი.
— ღმერთო, ფანდორინ, ნუთუ ეს თქვენ ხართ? — შესძახა სატრაპმა, — თქვენი ცნობა თითქმის შეუძლებელია.
ათი წლით მაინც დაბერდით! დაბრძანდით, ჩემო კარგო, ძალიან მოხარული ვარ, რომ გნახეთ.
გენერალმა ერასტ პეტროვიჩი დასვა და თავადაც დაჯდა, სხვათა შორის, ვარია გენერლის ზურგს უკან აღმოჩნდა, ხოლო კაზანზაკი გამოჭიმული იდგა ზღურბლთან.
— რა მდგომარეობაში ხართ ამჟამად? — ჰკითხა მიზინოვმა, — მე მინდოდა, ჩემი უღრმესი ბოდიში...
— არ ღირს, თქვენო აღმატებულებავ, — თავაზიანად, მაგრამ მკაცრად შეაწყვეტინა ფანდორინმა, — ახლა სრულ წ-წესრიგში გახლავართ. სჯობს მითხრათ, გადმოგცათ თუ არა ამ ბ-ბატონმა (დაუდევრად მიანიშნა პოდპოლკოვნიკისკენ) პლევნის შესახებ. ყოველი საათი ხომ გადამწყვეტია.
— დიახ, დიახ. მე თან მაქვს მთავარსარდლის ბრძანება, მაგრამ ჯერ მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ ეს ნამდვილად თქვენ იყავით. აი, მომისმინეთ, — ჯიბიდან ფურცელი ამოიღო, თვალში მონოკლი ჩაისვა და წაიკითხა — „დასავლეთის რაზმის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ბარონ კრიდენერს. გიბრძანებთ, დაიკავოთ პლევნა და გამაგრდეთ იქ დივიზიაზე არანაკლები ძალით.
ნიკოლაი“.
ფანდორინმა თავი დაუქნია.
— პოდპოლკოვნიკო, დაუყოვნებლივ დაშიფრეთ და კრიდენერს გაუგზავნეთ ტელეგრაფით, — ბრძანა მიზინოვმა.
კაზანსკიმ მოკრძალებით აიღო ფურცელი და დეზების ჟღარუნით გავარდა დავალების შესასრულებლად.
— მაშ, ისე მოხდა, რომ შეგიძლიათ იმსახუროთ? — ჰკითხა გენერალმა.
ერასტ პეტროვიჩი შეიჭმუხნა:
— ლავრენტი არკადიევიჩ, მგონი, ჩ-ჩემი მოვალეობა აღვასრულე, თურქული ფლანგის მანევრზე მოგახსენეთ; ხოლო ამ ბედკრულ თურქეთთან ომისგან კი, — ჩვენი თავდადებული ძალისხმევის გარეშეც რომ დაინგრეოდა, — გამათავისუფლეთ.
— არ გაგათავისუფლებთ, მოწყალეო ხელმწიფევ, არ გაგათავისუფლებთ! — გაბრაზდა მიზინოვი, — თუკი თქვენთვის პატრიოტიზმი ცარიელი სიტყვაა, მა¬შინ თავს ნებას მივცემ მოგაგონოთ, რომ თქვენ, ბატო¬ნო ტიტულიანო მრჩეველო, გადამდგარი კი არ ხართ, არამედ მხოლოდ უვადო შვებულებაში იმყოფებით და თუმცა დიპლომატიურ უწყებაში ირიცხებით, ძველებურად ჩემთან მსახურობთ, მესამე განყოფილებაში!
ვარიამ ამოიოხრა. ფანდორინი, რომელიც წესიერ კაცად მიაჩნდა, — პოლიციის აგენტია და თანაც პეჩორინად მოაქვს თავი! საინტერესო სიფერმკრთალე, დაბინდული მზერა, კეთილშობილი ჭაღარა. მოდი და ენდე ამის მერე ადამიანებს!
— თქვენო მ-მაღალაღმატებულებავ, — წყნარად თქვა ერასტ პეტროვიჩმა, ეტყობა, არც უეჭვია, რომ ვარიას თვალში საბოლოოდ იყო მკვდარი, — მე თქვენ კი არა, რუსეთს ვემსახურები. და იმ ომში, რომელიც რუსეთისთვის უსარგებლო და დამღუპველიც კია, მონაწილეობას არ მივიღებ.
— ომს რაც შეეხება, არც შენ იწყებ და არც მე. ხელმწიფე იმპერატორი იწყებს, — მოუჭრა მიზინოვმა.
უხერხული პაუზა ჩამოვარდა. როცა ჟანდარმთა შეფმა ისევ დაიწყო ლაპარაკი, მისი ხმა სულ სხვანაირად ჟღერდა.
— ერასტ პეტროვიჩ, ჩემო კარგო, — გულში ჩამწვდომად დაიწყო გენერალმა, — ასეულათასობით რუსი ხომ სასწორზე დებს თავის სიცოცხლეს, ქვეყანა ომის სიმძიმით წელშია გაწყვეტილი...
ავი წინათგრძნობა მაქვს.
ყველაფერი რაღაც კარგად მიდის. ვშიშობ, კარგად არ დასრულდება...
როცა პასუხი ვერ მოისმინა, გენერალმა დაღლილი მოძრაობით მოიწმინდა თვალები და გამოტყდა:
— მიჭირს, ფანდორინ, ძალიან მიჭირს. ირგვლივ უნიჭობაა, ბორდელი. თანამშრომლები არ გვყოფნის, განსაკუთრებით — საქმიანი ხალხი. მე ხომ რუტინა არ უნდა ჩამოგკიდოთ, ერთი საკმაოდ ძნელი ამოცანა მაქვს, ზუსტად სათქვენო.
ერასტ პეტროვიჩმა კითხვის ნიშნად თავი გადახარა, ხოლო გენერალმა შემპარავად წარმოთქვა:
— გახსოვთ ანვარ-ეფენდი? სულთან აბდულ-ჰამიდის მდივანი, აი, სწორედ ის, მსუბუქად რომ გაიელვა „აზაზელის“ საქმეში?
ერასტ პეტროვიჩი ძლივს შესამჩნევად შეირხა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
მიზინოვმა დაიჩივლა:
— ამ იდიოტ კაზანზაკის ანვარ-ეფენდი ეგონეთ, — ღმერთი, რჯული. გვაქვს ცნობები, რომ ეს საინტერესო თურქი პირადად ხელმძღვანელობს ჩვენი ჯარის საწინააღმდეგო საიდუმლო ოპერაციას. შეუპოვარი ბატონია, ავანტიურული მიდრეკილებით.
შეუძლია პირადად გამოცხადდეს ჩვენს განკარგულებაში. მისგან მოსალოდნელია. აბა, საინტერესოა?
— გისმენთ, ლავრენტი არკადიევიჩ, — ვარიას ირიბად გახედა და მერე თქვა ფანდორინმა.
— ჰოდა, შესანიშნავია, — გაუხარდა მიზინოვს და დაიყვირა, — ნოვგოროდცევ! საქაღალდე!
აუჩქარებლად შემოვიდა ხნიერი მაიორი, ადიუტანტის აქსელბანტებით. გენერალს წითელი, მუხლიანი ბივუ¬არი გაუწოდა და მაშინვე გავიდა. ღია კარში ვარიამ პოდპოლკოვნიკ კაზანზაკის გაოფლილ ფიზიონომიას მოჰკრა თვალი და აღმატებულ-დამცინავი გრიმასით დაეჯღანა — ასე მოგიხდება, შე სადისტო, დამწნილდი მაგ კართან.
— ჰოდა, აი, ისიც, რაც ვიცით ანვარზე, — ფურცლები ააშრიალა გენერალმა, — ხომ არ ჩაიწერდით?
— დავიმახსოვრებ, — მიუგო ერასტ პეტროვიჩმა.
— ადრეულ პერიოდზე მონაცემები მეტად ძუნწია. დაიბადა დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის წინ. ზოგიერთი ცნობით, ბოსნიის მუსლიმანურ ქალაქ ხევრაისში.
მშობლები უცნობია. იზრდებოდა სადღაც ევროპაში, ლედი ესთერის ერთ-ერთ ცნობილ დაწესებულებაში, რომელიც თქვენ, წესით და რიგით, უნდა გახსოვდეთ „აზაზელის“ ამბიდან.
მეორედ ესმოდა ვარიას ეს უცნაური სახელწოდება და ფანდორინმა მეორედაც უცნაური რეაგირება მოახდინა — ნიკაპი ისე გააქნია, თითქოს საყელომ მოუჭირაო.
— ანვარ-ეფენდიმ ათი წლის წინ ამოყვინთა, როცა ევროპაში პირველად ალაპარაკდნენ დიდ თურქ რეფორმატორ მიდჰათ-ფაშაზე. ჩვენი ანვარი, — მაშინ ჯერ ეფენდი არ იყო, — მასთან მდივნად მუშაობდა, აბა, მოუსმინეთ, როგორია მიდჰათის სამსახურებრივი სია, — მიზინოვმა ერთი ფურცელი აიღო და ჩაახველა, — მაშინ დუნაის ვილაიეთის გენერალ-გუბერნატორი იყო. მისი მფარველობით ანვარმა ამ მხარეში დილიჟანსების უწყება გახსნა, ააშენა რკინიგზა, დააარსა ქსელი „ისლაჰჰანე“ — საქველმოქმედო სასწავლო დაწესებულებები როგორც მაჰმადიანური, ისე ქრისტიანული აღმსარებლობის ობოლი ბავშვებისათვის.
— მ-მართლა? — დაინტერესდა ფანდორინი.
— დიახ, სანაქებო ინიციატივაა, არა? საერთოდ, მიდჰათ-ფაშამ ანვართან ერთად აქ იმისთანა საქმეები ქნა, რომ რუსული გავლენის ზონიდან ბულგარეთის გასვლის სერიოზული საშიშროება შეიქმნა. ჩვენი ელჩი კონსტანტინოპოლში, ნიკოლაი პავლოვიჩ გნატევი, მთელ თავის გავლენას იყენებდა სულთან აბდულ-აზიზზე და მიაღწია იმას, რომ მეტისმეტად თავგამოდებული გუბერნატორი უკან გაეწვიათ. შემდეგ მიდჰათი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე გახდა და გაიტანა კიდეც კანონი საყოველთაო სახალხო განათლებაზე — შესანიშნავი კანონი, რომელიც ჩვენთან, რუსეთში, სხვათა შორის, აქამდე არ არსებობს. აბა, გამოიცანით, ვინ დაამუშავა კანონი? მართალია, ანვარ-ეფენდიმ.
ყველაფერი ეს მეტად გულისამაჩუყებელი იქნებოდა, მაგრამ განმანათლებლობის გარდა ჯერ კიდევ მაშინ ჩვენი ოპონენტი სასახლის ინტრიგებში აქტიურად მონაწილეობდა, კიდევ კარგი, მის მფარველს მტრები საკმაოდ ჰყავდა. მიდჰათს უგზავნიდნენ მკვლელებს, ყავაში შხამს უყრიდნენ, ერთხელ კეთრით სნეული მხევალიც მიუგდეს... და ანვარის მოვალეობა იყო, დაეცვა დიდი ადამიანი ამ უწყინარი ანცობებისგან. იმჯერად სასახლესთან არსებული რუსული პარტია უფრო ძლიერი აღმოჩნდა და 1869 წელს ფაშა გენერალ-გუბერნატორად გადაისროლეს ყველაზე მიყრუებულ ადგილას, ველურ და ღარიბ მესოპოტამიაში. როცა მიდჰათმა სცადა იქ რეფორმების გატარება, ბაღდადში აჯანყებამ იფეთქა. იცით, რა გააკეთა? მოიწვია ქალაქის უხუცესები, სასულიერო პირები და მათ წინაშე ამგვარი შინაარსის მოკლე სიტყვა წარმოთქვა — სიტყვასიტყვით ვკითხულობ, რამეთუ გულწრფელად მოხიბლული ვარ ავტორის ენერგიითა და წერილის სტილით: „პატივცემულო მოლებო და უხუცესებო, თუკი ორი საათის შემდეგ არეულობა არ შეწყდება, ვუბრძანებ, ყოველი თქვენგანი ჩამოახრჩონ, ხოლო სახელგანთქმულ ქალაქ ბაღდადს ოთხივე მხრიდან ცეცხლს დავუშენ, და დაე, მერე დიადმა ფადიშაჰმა — ალაჰიმც ფარავდეს — მეც ჩამომკიდოს ამისთანა ბოროტმოქმედებისთვის“. ბუნებრივია, ორი საათის მერე ქალაქში სიმშვიდემ დაისადგურა, — მიზინოვმა დაიქსუტუნა, თავი გააქნია, — ახლა უკვე შეიძლებოდა, რეფორმებს შესდგომოდა.
მიდჰათის გუბერნატორობის არასრული სამი წლის განმავლობაში მისმა ერთგულმა თანაშემწემ ანვარ-ეფენდიმ მოასწრო ტელეგრაფის გაყვანა, ბაღდადში კონკის გახსნა, ევფრატზე თბომავლები გაუშვა, დააარსა პირველი ერაყული გაზეთი და კომერციული სკოლისთვის მოწაფეები მოაგროვა. როგორია? აღარაფერს ვამბობ ისეთ უბრალო რამეზე, როგორიცაა სააქციო „ოსმანური სახომალდო კომპანიის“ შექმნა, რომლის გემებიც სუეცის არხის გავლით ლონდონში დადიან. მერე ძალიან ეშმაკური ინტრიგის მეოხებით ანვარმა დიადი ვეზირის მაჰმუდ ნედიმის ჩამოგდებაც მოახერხა, რომელიც ისე იყო დამოკიდებული რუსეთის ელჩზე, რომ თურქებმა „ნედიმოვი“ შეარქვეს. მიდჰათი სათავეში ჩაუდგა სულთნის მთავრობას, მაგრამ ამ მაღალ პოსტზე მხოლოდ ორთვე-ნახევარი გაძლო — ჩვენმა გნატევმა ისევ მოუგო. მიდჰათის მთავარი ნაკლი, სხვა ფაშების შეხედულებითაც, მოუსყიდაობაა. მექრთამეობასთან წამოიწყო ბრძოლა და ევროპელი დიპლომატების წინაშე წარმოთქვა ფრაზა, რომელმაც დაღუპა კიდეც: „დროა დავანახვოთ ევროპას, რომ ყველა თურქი საწყალი კახპა არ არის“. „კახპების“ მეოხებით სტამბოლიდან სალონიკს გაამგზავრეს გუბერნატორად.
ბერძნულმა ქალაქმა დაუყოვნებლივ დაიწყო აყვავება, ხოლო სულთნის სასახლე კვლავ ჩაიძირა ძილში, განცხრომასა და ხაზინაპარიობაში.
— როგორც ვატყობ, თქვენ შ-შეგყვარებიათ ეს კაცი, — გააწყვეტინა გენერალს ერასტ პეტროვიჩმა.
— მიდჰათი? რა თქმა უნდა, — მხრები აიჩეჩა მიზინოვმა, — და ბედნიერი ვიქნებოდი, რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელად რომ მეხილა.
მაგრამ რუსი კი არა, თურქია. თანაც ისეთი თურქი, ვინც ინგლისზეა ორიენტირებული. ჩვენი სწრაფვა საპირისპიროა და ამიტომ მიდჰათი ჩვენი მტერია. მტრებიდან ყველაზე სახიფათო. ევროპას ჩვენ არ ვუყვარვართ და ეშინია კიდეც, სამაგიეროდ, მიდჰათს ხელისგულზე ატარებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თურქებს კონსტიტუცია აჩუქა. ახლა კი, ერასტ პეტროვიჩ, მოთმინება მოიკრიბეთ.
მე წაგიკითხავთ მეტად უცნაურ წერილს, ჯერ კიდევ გასულ წელს რომ გამომიგზავნა ნიკოლაი პავლოვიჩ გნატევმა. ის ნათელ წარმოდგენას მოგცემთ მოწინააღმდეგეზე, ვისთანაც საქმის დაჭერა მოგიწევთ.
ჟანდარმთა შეფმა ბივუარიდან ფურცლები ამოიღო, წვრილად რომ იყო შევსებული მწერლის თანაბარი ხელწერით და კითხვას შეუდგა.
„ძვირფასო ლავრენტი, ამ ჩვენს ალაჰისგან დაფა¬რულს სტამბოლში მოვლენები ისეთის სისწრაფით ვითარდება, რომ მეც კი ვეღარ ვეწევი. არადა, თქვენს მონა-მორჩილს, ყალბი მოკრძალების გარეშე, ავადმყოფის ევროპის მაჯა არაერთ წელიწადს სჭერია ხელში. ამ მაჯის ცემა არცთუ ჩემს ჩაურევლად თანისთანობით მიილეოდა და მალე სრულიად გაჩერებასაც გვპირდებოდა, მაგრამ მაისის თვიდან...“
— ლაპარაკია გასულ 1876 წელზე, — განმარტება საჭიროდ ჩათვალა მიზინოვმა.
„მაგრამ მაისის თვიდან ისეთი ციებ-ცხელება დაეწყო, რომ აგერ-აგერ ბოსფორი ნაპირებიდან გადმოვა, ცარგრადის კედლები დაინგრევა და შენც ვეღარაფერზე დაჰკიდებ შენს ფარს.
საქმე კი ისაა, რომ მაისში დიადი და სწორუპოვარი სულთნის, აბდულ-აზისისა და უზენაესის ჩრდილისა და რწმენის დამცველის დედაქალაქში გადასახლებიდან ტრიუმფულად დაბრუნდა მიდჰათ-ფაშა და თან ჩამოიყვანა თავისი „რუხი კარდინალი“, ეშმაკი ანვარ-ეფენდი.
დაჭკვიანებული ანვარი ამჯერად ალალბედზე მოქმედებდა — ევროპულადაც და აღმოსავლურადაც. ევროპულად დაიწყო: მისი აგენტები გაანაწილეს ვერფებზე, არსენალში, ზარაფხანაში — და მუშები, რომლებსაც დიდი ხანია, არ უხდიდნენ ჯამაგირს, ქუჩებს მიაწყდნენ. შემდეგ ამას წმინდა აღმოსავლური ტრიუკი მოჰყვა. 25 მაისს მიდჰათ-ფაშამ მართლმორწმუნეებს გამოუცხადა, რომ სიზმარში წინასწარმეტყველი გამოეცხადა (აბა, მიდი და შეამოწმე) და თავის მონას დაავალა, გადაერჩინა მომაკვდავი თურქეთი.
ამ დროს ჩემი ახლო მეგობარი აბდულ-აზისი, ჩვეულებისამებრ, თავის ჰარემში იჯდა, საყვარელი ცოლის, მშვენიერი მიჰრი-ხანუმის საზოგადოებაში ერთობოდა, რომელიც დღე-დღეზე მოსალოგინებელი იყო.
ამიტომ ხშირად ჭირვეულობდა და მოითხოვდა, რომ მბრძანებელი სულ მასთან ყოფილიყო. ეს ოქროსთმიანი, ცისფერთვალა ჩერქეზი არამიწიერი სილამაზის გარდა იმითაც იყო სახელგანთქმული, რომ სულთნის სალარო დააცარიელა. მხოლოდ ბოლო ერთი წელიწადის განმავლობაში ფრანგულ მაღაზიებში ათ მილიონ მანეთზე მეტი გაანიავა და სავსებით გასაგებია, რომ კონსტანტინოპოლელებს, როგორც იტყოდნენ, Uნდერსტატემენტ-ისკენ (მეტად მოკრძალებული გამოთქმა — ინგლ.) მიდრეკილი ინგლისელები, ეს ქალბატონი ძალიან არ უყვარდათ.
დამიჯერე, ლავრენტი, არაფრის შეცვლა არ შემეძლო. ვაფიცებდი, ვემუქრებოდი, ვაინტრიგებდი ჰარამხანის საჭურისივით, მაგრამ აბდულ-აზისი ყრუ იყო. 29 მაისს დოლმა-ბახჩეს სასახლის (მახინჯი ნაგებობა ევროპულ-აღმოსავლურ სტილში) ირგვლივ მრავალათასიანი ბრბო გუგუნებდა, ხოლო ფადიშაჰს არც კი უცდია ქვეშევრდომების დამშვიდება — თავისი რეზიდენციის საქალებო ნაწილში ჩაიკეტა, სადაც შესვლის უფლება არ მაქვს და უსმენდა, თუ როგორ უკრავდა მიჰრი-ხანუმი ფორტეპიანოზე ვენურ ვალსებს.
ამ დროს ანვარი სამხედრო მინისტრთან იჯდა და ამ ფრთხილ და წინდახედულ ბატონს პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის აუცილებლობაში არწმუნებდა. ჩემი აგენტის მოხსენებით, რომელიც ფაშასთან მზარეულად მსახურობდა (და ეს განაპირობებს მოხსენების სპეციფიკურ ელფერს), საბედისწერო მოლაპარაკება ასე მიმდინარეობდა. ანვარი ზუსტად შუადღისას მივიდა მინისტრთან.
ბრძანება გაიცა, ყავა და ერთგვარი კავკასიური პური, ჩურეკი მიეტანათ. მეოთხედი საათის შემდეგ მინისტრის კაბინეტიდან მისი აღმატებულების აღშფოთებული ყვირილი მოისმა და ადიუტანტებმა ანვარი ჰაუპტვახტში წაიყვანეს. ფაშა ნახევარი საათის განმავლობაში ნერვიულად სცემდა ბოლთას ოთახში და ორი თეფში ჰალვა შეჭამა, რომლის დიდი მოყვარულიც იყო. მერე ისურვა, მოღალატე თავადვე დაეკითხა და ჰაუპტვახტისკენ გაემართა. სამის ნახევარზე ბრძანება გასცა, ხილი და ტკბილეული მიეტანათ, ოთხს რომ თხუთმეტი წუთი დააკლდა — კონიაკი და შამპანური. ხუთ საათზე, ყავა რომ დალიეს, ფაშა სტუმართან ერთად მიდჰათთან წავიდა. როგორც ამბობენ, შეთქმულებაში მონაწილეობისთვის მინისტრს დიდი ვეზირის თანამდებობას დაჰპირდნენ და კიდევ მილიონ გირვანქა სტერლინგს ინგლისელი მფარველებისგან.
საღამოსთვის ორმა მთავარმა შეთქმულმა მშვენივრად ააწყო ყველაფერი და იმავე ღამით სახელმწიფო გადატრიალება მოხდა.
ფლოტმა სასახლე ზღვიდან დაბლოკა, დედაქალაქის გარნიზონის მეთაურმა კი დარაჯები თავისი ხალხით შეცვალა. სულთანი დედამისსა და ფეხმძიმე მიჰრი-ხანუმთან ერთად ნავით გადაიყვანეს ფერიიეს სასახლეში.
ოთხი დღის შემდეგ სულთანმა მანიკიურის მაკრატლით წვერი ისე მოუხერხებლად შეიკრიჭა, რომ ორივე ხელზე ვენები გადაიჭრა და მაშინვე გარდაიცვალა. ევროპის საელჩოთა ექიმებმა, სიკვდილის დასამოწმებლად რომ მიიწვიეს სასახლეში, ერთხმად დაადასტურეს, რომ მოხდა თვითმკვლელობა, რამეთუ სხეულზე მიცვალებულს ძალადობის კვალი არ აღმოაჩნდა. ერთი სიტყვით, ყველაფერი უბრალოდ და დახვეწილად გათამაშდა, როგორც ჭადრაკის კარგ პარტიაში — ასეთია ანვარ-ეფენდის სტილი.
მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დებიუტი იყო, მას მიტელშპილი მოჰყვა.
სამხედრო მინისტრმა თავისი საქმე გააკეთა და ახლა სერიოზულ დაბრკოლებად იქცა, რაღაი რეფორმები და კონსტიტუცია ოდნავადაც არ იტაცებდა. უფრო მეტად მას ის აინტერესებდა, თუ როდის გადასცემდნენ ანვარისგან შეპირებულ მილიონს. და საერთოდაც, სამხედრო მინისტრი ისე იქცეოდა, თითქოს მთავარი პირი იყო ხელისუფლებაში, არც იმის შეხსენებით იღლებოდა, რომ აბდულ-აზისი სწორედ მან ჩამოაგდო და არა მიდჰათმა.
ამაშივე არწმუნებდა ანვარ-ეფენდი ერთ ყაჩაღ ოფიცერს, ადიუტანტად რომ მსახურობდა განსვენებულ სულთანთან. ოფიცერს ჰასან-ბეის ეძახდნენ, მშვენიერ მიჰრი-ხანუმს ძმად ერგებოდა და სასახლის ლამაზმანებში დაუჯერებელი პოპულარობით სარგებლობდა, რაღაი გარეგნობა კარგი ჰქონდა, მამაცი იყო და დიდებულად ასრულებდა იტალიურ არიებს.
ჰასან-ბეის ყველა ჩერქეზს ეძახდა.
რამდენიმე დღის მერე, მას შემდეგ, რაც აბდულ-აზისმა ასე მოუხერხებლად შეიმოკლა წვერი, დაუცხრომელმა მიჰრი-ხანუმმა მკვდარი შვილი შვა და საშინელ ტანჯვაში დალია სული. სწორედ ამ დროისათვის ანვარი და ჩერქეზი გულითადი მეგობრები გახდნენ. ერთხელაც ჰასან-ბეი მიდჰათ-ფაშას რეზიდენციაში მივიდა მეგობრის სანახავად. ანვარი არ დაუხვდა, სამაგიეროდ, სწორედ ამ დროს ფაშასთან მინისტრები მოგროვილიყვნენ სათათბიროდ. ჩერქეზს ამ სახლში მიეჩვივნენ და თავისიანივით იღებდნენ. ადიუტანტთან ერთად ყავა დალია, გააბოლა, ილაპარაკა აქეთურზე, იქითურზე. მერე ზანტად გაისეირნა დერეფანში და მოულოდნელად იმ დარბაზში შეიჭრა, სადაც თათბირი მიმდინარეობდა.
მიდჰათს და სხვა მოხელებს ჰასან-ბეი არ შეხებია, მაგრამ სამხედრო მინისტრს რევოლვერით ორი ტყვია დაახალა მკერდში, მერე კი იატაგანით აკუწა ბერიკაცი. მინისტრებმა ჭკუა იხმარეს და თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ, მაგრამ ორმა გადაწყვიტა, ვაჟკაცობა გამოეჩინა და სულ ამაოდ, რამეთუ გაცოფებულმა ჩერქეზმა ერთს იქვე გააფრთხობინა სული, მეორე კი მძიმედ დაჭრა. სწორედ ამ დროს დაბრუნდა მამაცი მიდჰათ-ფაშა თავისი ორი ადიუტანტით. ჰასან-ბეიმ ორივეს ტყვია დაახალა, მიდჰათს კი ამჯერადაც არ შეხებია. ბოლოს და ბოლოს, მკვლელს ხელები გადაუგრიხეს, მაგრამ კიდევ მოასწრო პოლიციის ოფიცრის მოკვლა და შვიდი ჯარისკაცის დაჭრა. ჩვენი ანვარი კი ამ დროს გულმოდგინედ ლოცულობდა მეჩეთში, რისიც უამრავი მოწმე არსებობს.
ღამე ჰასან-ბეიმ ციხესიმაგრის სადარაჯო სადგომში გაატარა, თან ხმამაღლა მღეროდა არიებს „ლუჩია დი ლამერმურიდან“, რითაც, როგორც ამბობენ, ანვარ-ეფენდი სავსებით აღაფრთოვანა. ანვარმა თავზეხელაღებული ბოროტმოქმედის შეწყალება ითხოვა, მაგრამ განრისხებული მინისტრები მაგრად დადგნენ და დილით მკვლელი ხეზე ჩამოჰკიდეს.
ჰარამხანის ჩადროსნები, ასე ძლიერ რომ უყვარდათ თავიანთი ჩერქეზი, მისი დასჯის სანახავად მივიდნენ, მწარედ ტიროდნენ და ჰაეროვან კოცნებს უგზავნიდნენ.
ამიერიდან მიდჰათს აღარავინ ეღობებოდა — ბედისწერის გარდა, რომელმაც სრულიად მოულოდნელი მხრიდან დაარტყა. დიად პოლიტიკოსს მისივე მარიონეტმა, ახალმა სულთანმა მურადმა უღალატა.
ჯერ კიდევ 31 მაისის დილით, გადატრიალებისთანავე, მიდჰათ-ფაშა ვიზიტით ეწვია ჩამოგდებული სულთნის ნათესავს, პრინც მურადს, რითაც გაუგონრად დააფრთხო და შეაშინა ეს უკანასკნელი.
აქ აუცილებელია მცირე გადახვევა, რათა ავხსნათ, რა საცოდავი ფიგურაა ოსმალეთის იმპერიაში მემკვიდრე.
საქმე ის არის, რომ წინასწარმეტყველ მუჰამედს, მართალია, თხუთმეტი ცოლი ჰყავდა, მაგრამ ერთი შვილიც არ დარჩენია და არც რაიმე ინსტრუქცია დაუტოვებია ტახტის მემკვიდრეზე. ამიტომ საუკუნეთა მანძილზე მრავალრიცხოვან სულთნის ცოლთაგან თითოეული ოცნებობდა თავისი შვილის ტახტზე აყვანაზე და ამასთან, მეტოქე ცოლების შვილების ამოწყვეტას ყველანაირად ცდილობდა. სასახლეში სასაფლაოც არის უდანაშაულოდ მოკლული პრინცებისთვის, ასე რომ, ჩვენ, რუსები, ჩვენი ბორისით, გლებითა და უფლისწული დიმიტრით თურქული მასშტაბებისთვის მხოლოდ სასაცილო ვართ.
გვირგვინი ოსმალეთის იმპერიაში მამიდან შვილზე კი არა, უფროსი ძმიდან უმცროსზე გადადის. როცა ძმების მარაგი იწურება, ძალაში მომდევნო თაობა შედის და შემდეგ გვირგვინი ისევ უფროსი ძმიდან უმცროსზე გადადის. ყველა სულთანს გაუგონრად ეშინია თავისი უმცროსი ძმისა.
ძმის, ანუ უფროსი ნათესავისა და მემკვიდრის შანსები, რომ გამეფებამდე იცოცხლოს, უკიდურესად უმნიშვნელოა. მემკვიდრე პრინცს სრულ იზოლაციაში ამყოფებენ, მასთან არავის უშვებენ და ეს არამზადები ცდილობენ, ისეთი მხევლები გამოუძებნონ, რომლებიც ბავშვებს ვერ იყოლიებენ. ძველისძველი ტრადიციით, მომავალ ფადიშაჰს ენამოჭრილი და ყურის აპკებდახვრეტილი მონები ემსახურებიან. შეგიძლიათ თავად წარმოიდგინოთ, ასეთი აღზრდის პირობებში როგორი იქნება მემკვიდრის სულიერი ჯანმრთელობა. მაგალითად, სულეიმან მეორე ოცდაცხრამეტი წელიწადი ჰყავდათ ჩაკეტილი, ამ ხნის განმავლობაში იგი ყურანს იწერდა და ასურათებდა კიდეც. როცა, ბოლოს და ბოლოს, სულთანი გახდა, მალე თქვა უარი გვირგვინზე. მშვენივრად მესმის ამ კაცისა — სურათების გაფერადება გაცილებით სასიამოვნოა.
თუმცა მურადს დავუბრუნდეთ.
ეს იყო ლამაზი, არცთუ სულელი და საკმაოდ ნაკითხი ყმაწვილი, თუმცა კი მიდრეკილი გადამეტებული სმისკენ და შეპყრობილი არცთუ უსაფუძვლო დევნის მანიით. მან სიხარულით მიანდო ბრძენ მიდჰათს მმართველობის სადავეები, ასე რომ, ჩვენი ეშმაკი პოლიტიკოსების საქმე გეგმას მიჰყვებოდა. მაგრამ ბიძამისის საკვირველმა სიკვდილმა ისე იმოქმედა საბრალო მურადზე, რომ თავისთვის ლაპარაკი დაიწყო და სულ გაშმაგდა. ევროპელი ფსიქიატრები, საიდუმლოდ რომ ეწვივნენ ფადიშაჰს, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მურადი ვერასოდეს გამოჯანმრთელდება და შემდგომში მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.
დააკვირდით ანვარ-ეფენდის შორსმჭვრეტელობას. მურადის გამეფების პირველსავე დღეს, როცა ჯერ კიდევ ყველაფერი თითქოს კარგად იყო, Oურ მუტუალ ფრიენდ-მა („ჩვენი საერთო მეგობარი“ — ინგლ.) უცებ სულთნის ძმისა და ტახტის მემკვიდრის, პრინც აბდულ-ჰამიდის მდივნობა ითხოვა. როცა ეს გავიგე, მივხვდი, რომ მიდჰათ-ფაშას მურად მეხუთის დიდი იმედი არ ჰქონდა. ანვარი ახალ მემ¬კვიდრეს დააკვირდა.
ეტყობა, მისაღებად ჩათვალა, რაკი მიდჰათმა აბდულ-ჰამიდს პირობა წაუყენა: სიტყვა მომეცი, რომ ქვეყანაში კონსტიტუციას შემოიღებ და ფადიშაჰი გახდებიო. პრინცი, რასაკვირველია, დაეთანხმა.
მერე რაც მოხდა, შენთვის ცნობილია. 31 აგვისტოს შეშლილი მურად მეხუთის ნაცვლად ტახტზე აბდულ-ჰამიდ მეორე ავიდა, მიდჰათი დიდი ვეზირი გახდა, ხოლო ანვარი ახალ სულთანთან დარჩა კულისებმიღმა მანიპულატორად და საიდუმლო პოლიციის გამოუცხადებელ შეფად — ესე იგი (ჰა-ჰა) შენს კოლეგად, ლავრენტი.
ისიც ნიშანდობლივია, რომ თურქეთში ანვარ-ეფენდის შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცის. წინ არ მიძვრება, ხალხს ხშირად არ ენახვება. მე, მაგალითად, მხოლოდ ერთხელ ვნახე, როცა ახალ ფადიშაჰს წარვუდექი. ანვარი ტახტის გვერდით იჯდა, ჩრდილში, უშველებელი, შავი წვერით (მგონი, ყალბით) და მუქი სათვალით, რაც სასახლის ეტიკეტის გაუგონარი დარღვევაა. აუდიენციის დროს აბდულ-ჰამიდმა რამდენჯერმე გადახედა ანვარს, თითქოს მხარდაჭერას ან რჩევას ელოდა.
აი, ვისთან მოგიწევს ამიერიდან საქმის დაჭერა.
თუკიღა წინათგრძნობა არ მღალატობს, მიდჰათი ანვართან ერთად თავის ჭკუაზე ატარებს სულთანს და ერთი-ორი წლის შემდეგ...“
— ჰო, მერე საინტერესო აღარ არის, — ისედაც გაჭიანურებული კითხვა შეწყვიტა მიზინოვმა და ცხვირსახოცით მოიწმინდა გაოფლილი შუბლი, — მით უმეტეს, რომ წინათგრძნობამ მაინც მოატყუა უჭკვიანესი ნიკოლაი პავლოვიჩი.
მიდჰათ-ფაშამ ხელისუფლება ვერ შეინარჩუნა და გააგდეს.
ერასტ პეტროვიჩმა, ძალიან ყურადღებით რომ უსმენდა და მთელი ეს დრო არ შერხეულა (ვარიასგან განსხვავებით, რომელიც სულ ცმუკავდა მაგარ სკამზე), მოკლედ ჰკითხა:
— დებიუტის შესახებ გასაგებია, მიტელშპილზეც. მაგრამ სადღაა ენდშპილი?
გენერალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია:
— ამაშია მთელი ეშმაკობა. ენდშპილი ისეთი აზრიანი აღმოჩნდა, რომ თვით გამოცდილი გნატევისთვისაც კი მოულოდნელი გამოდგა. ამა წლის 7 თებერვალს მიდჰათ-ფაშა გამოიძახეს სულთანთან, დაცვა მიუჩინეს და თბომავალზე დასვეს, რომელმაც შერისხული პრემიერ-მინისტრი ევროპაში სამოგზაუროდ წაიყვანა. ჩვენმა ანვარმა კი თავისი კეთილისმყოფელი გაყიდა და ახლა არა მთავრობის მეთაურის, არამედ თავად სულთნის „რუხი კარდინალი“ გახდა. ყველაფერი გააკეთა, რათა პორტასა და რუსეთს შორის ურთიერთობა შეწყვეტილიყო.
და აი, ცოტა ხნის წინ, როცა თურქეთი ბეწვზე დაეკიდა, ჩვენს ხელთ არსებული აგენტურული მონაცემებით, ანვარ-ეფენდიმ საომარ მოქმედებათა თეატრისკენ გამოსწია, რათა მოვლენათა მსვლელობა რომელიღაც საიდუმლო ოპერაციის მეოხებით შეცვალოს, რომლის შინაარსზეც ჩვენ მხოლოდ მკითხაობა შეგვიძლია.
უეცრად ფანდორინი რაღაც უცნაურად ალაპარაკდა:
— არავითარი მოვალეობები. ეს ერთი. მ-მოქმედების სრული თავისუფლება. ეს ორი. ანგარიშს მხოლოდ თქვენ გაბარებთ. ეს სამი.
ვარიამ ვერ გაიგო, რას ნიშნავდა ეს სიტყვები, მაგრამ ჟანდარმთა შეფს ძალიან გაუხარდა და სწრაფად თქვა:
— ჰოდა, დიდებულია! ადრინდელი ფანდორინი მეცნობა. არადა, ჩემო კარგო, როგორღაც გაიყინეთ.
მომიტევეთ, სამსახურებრივად კი არა, არამედ როგორც ასაკით უფროსი გეუბნებით, მამობრივად... არ შეიძლება, ცოცხლად დაიმარხო თავი. სასაფლაო მკვდრებს დაუტოვეთ. თქვენს ასაკში, წარმოგიდგენიათ?! თქვენ ხომ, როგორც არიაში მღერიან, თოუტე ლა ვიე დევანტ სოი („მთელი ცხოვრება წინა გაქვთ“ — ფრ.).
— ლავრენტი არკადიევიჩ! — ვოლონტერ-დიპლომატ-ჯაშუშის, ფერმკრთალი ლოყები რომ წამში ასწითლებოდა, ხმაში რკინამ გაიჟღერა, — მე, მ-მგონი, არ მითხოვია პრივატული აღსარებები...
ვარიამ ეს შენიშვნა დაუშვებლად უხეშად ჩათვალა და თავი მხრებში ჩამალა: ახლა განაწყენებული მიზინოვი იისე განრისხდება, იიისე დაიყვირებს! მაგრამ სატრაპმა მხოლოდ ამოიოხრა და ცივად გამოსცრა:
— თქვენი პირობები მიღებულია. გექნებათ მოქმედების თავისუფლება, მე პირადად, სწორედ ამას ვგულისხმობდი. უბრალოდ, შეხედეთ, უსმინეთ და თუ რაიმე ნიშანდობლივს დაინახავთ... მოკლედ, ჩემგან არ გესწავლებათ.
— აფ-ცხიკ! — დააცემინა ვარიამ და შიშით ჩამალა თავი მხრებში.
თუმცა გენერალს უფრო მეტად შეეშინდა, ჯერ შეხტა, მერე შემობრუნდა და გაოგნებული მიაჩერდა კონფიდენციალური საუბრის უნებლიე მოწმეს.
— ქალბატონო, აქ რატომ ხართ? განა თქვენ პოდპოლკოვნიკთან ერთად არ გახვედით? როგორ გაბედეთ!
— უნდა გამოგეხედათ, — ღირსებით უპასუხა ვარიამ, — მე კოღო ან ბუზი არ ვარ, იგნორირება რომ გამიკეთოთ. სხვათა შორის, მე დაპატიმრებული ვარ და არავის გავუთავისუფლებივარ.
ვარიას მოეჩვენა, რომ ფანდორინს ტუჩები ოდნავ შეერხა. მაგრამ არა, მოეჩვენა, — ამ სუბიექტს გაღიმება არ შეეძლო.
— მაშ, კარგიი... — მიზინოვის ხმაში შეფარული მუქარა გაისმა, — თქვენ, ქალბატონო არანათესავო, ისეთი რამ გაიგეთ, რისი ცოდნაც არაფერში გარგიათ. სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნით, მე თქვენ დროებით ადმინისტრაციულ პატიმრობაში ამყავხართ. ბადრაგის თანხლებით მიგიყვანენ კიშინიოვის გარნიზონის კარანტინში და იქ გაგაჩერებენ ამ კამპანიის დამთავრებამდე. ასე რომ, საკუთარ თავს დააბრალეთ.
ვარია გაფითრდა.
— მაგრამ მე საქმრო არც კი მინახავს...
— ომის მერე ნახავთ, — მოუჭრა მალიუტა სკურატოვმა და კარისკენ შეტრიალდა, რათა თავისი ოპრიჩნიკებისთვის მოეხმო, თუმცა აქ საუბარში ერასტ პეტროვიჩი ჩაერთო.
— ლავრენტი არკადიევიჩ, ვფიქრობ, ს-საკმარისი იქნება, ქალბატონ სუვოროვას პატიოსანი სიტყვა ჩამოვართვათ.
— პატიოსან სიტყვას ვიძლევი! — მაშინვე წამოიძახა მოულოდნელი მხარდაჭერით გამხნევებულმა ვარიამ.
— ბოდიში, ჩემო კარგო, მაგრამ გარისკვა არ შეიძლება, — მოუჭრა გენერალმა ისე, რომ არც კი შეუხედავს ქალისთვის, — თანაც კიდევ ეს საქმრო.
შეიძლება ამ გოგონას ვენდოთ? თავადვე იცით — თმაგრძელი და ჭკუამოკლეო.
— სულაც არ მაქვს გრძელი თმა, ხოლო თუ ჭკუაზე ამბობთ — ეს სიმდაბლეა! — ვარიას მოღალატურად აუთრთოლდა ხმა, — მე რა საქმე მაქვს მაგ თქვენს ანვარებსა და მიდჰათებთან!
— ჩემი პასუხისმგებლობით, თქვენო ა-აღმატებულებავ. ვარვარა ანდრეევნას თავდებად ვუდგები.
უკმაყოფილოდ წარბებშეჭმუხნილი მიზინოვი დუმდა, ვარიამ კი გაიფიქრა, რომ თურმე პოლიციის აგენტი შეიძლება არ იყოს მთლად ხელიდან წასული. რაც უნდა იყოს, მაინც სერბეთის ვოლონტერია.
— სისულელეა, — ჩაიბურდღუნა გენერალმა. ვარიას მოუტრიალდა და უსიამოვნოდ დაეკითხა, — რამის გაკეთება შეგიძლიათ? კარგი ხელწერა გაქვთ?
— მე სტენოგრაფიის კურსები დავამთავრე! ტელეგ¬რაფისტად ვმუშაობდი! და ბებიაქალადაც... — რატომღაც იცრუა ბოლოს ვარიამ.
— სტენოგრაფისტად და ტელეგრაფისტად? — გაოცდა მიზინოვი, — მაშინ მით უმეტეს. ერასტ პეტროვიჩ, ამ ქალბატონს აქ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი პირობით დავტოვებ: თქვენთან მდივნის მოვალეობა უნდა შეასრულოს. სულერთია, მაინც დაგჭირდებათ ვინმე კურიერი ანდა მეკავშირე, ეჭვს რომ არ აღძრავს.
მაგრამ იცოდეს, — თავდებად დაუდექით.
— ოღონდ ეს არა! — ერთხმად წამოიძახეს ვარიამაც და ფანდორინმაც და ქოროდვე დაამთავრეს, ოღონდ უკვე სხვადასხვანაირად.
— მე მდივნები არ მჭირდება.
ხოლო ვარიამ:
— ოხრანკაში არ ვიმსახურებ!
— როგორც გენებოთ, — მხრები აიჩეჩა გენერალმა და წამოდგა, — ნოვგოროდცევ, ბადრაგი!
— თანახმა ვარ! — დაიყვირა ვარიამ.
ფანდორინი გაჩუმდა.
მეოთხე თავი,
რომელშიც მტერი პირველად დაარტყამს
„დეილი პოსტი“ (ლონდონი),
15 (3) ივლისი, 1877წ.
„...მოუხელთებელი გენერლის გურკოს მო¬წი¬ნავე რაზმმა ბულგარეთის სამეფოს უძველესი დე¬დაქალაქი, ქალაქი ტირნოვო აიღო და ში¬პ¬კინ¬ს¬კ¬ის უღელტეხილისკენ მიიწევს, რომლის იქით და¬უცველი ველებია, ვიდრე კონსტანტინოპოლამდე. სამხედრო ვეზირი რედიფ-ფაშა და მთავარსარდალი აბდულ ქერიმ-ფაშა მოხსნეს თავიანთი პოსტებიდან და სასამართლოში არიან გადაცემული. ახლა თურქეთს მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს“.
პარმაღთან შედგნენ. ახსნა იყო საჭირო.
ფანდორინმა ჩაახველა და თქვა:
— ძალზედ ვწუხვარ, ვარვარა ანდრეევნა, ა-ასე რომ მოხდა.
რასაკვირველია, თქვენ სავსებით თავისუფალი ხართ და თქვენს იძულებას ჩემთან სათანამშრომლოდ არ ვაპირებ.
— გმადლობ, — ცივად მიუგო ქალმა, — მეტად კეთილშობილურია. ეს რომ არა, გამოგიტყდებით და ვიფიქრე, რომ საგანგებოდ მოაწყვეთ ყველაფერი. თქვენ ხომ მშვენივრად გამიცანით და ეტყობა, ხვდებოდით, რით დამთავრდებოდა ეს.
რაო, ძალიან გჭირდებათ მდივანი?
ერასტ პეტროვიჩის თვალებში ისევ გაიელვა ნაპერწკალმა, რომელსაც ადამიანს, ჩვეულებრივ, მხიარულების ნიშნად ჩაუთვლიდით.
— მ-მიხვედრილი ყოფილხართ, მაგრამ უსამართლო. მე მართლა ყოველგვარი განზრახვის გარეშე მოვიქეცი ასე, მაგრამ მხოლოდ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ლავრენტი არკადიევიჩი დაუყოვნებლივ გაგიშვებდათ მოქმედი არმიიდან, ხოლო ბატონი კაზანზაკი ჟანდარმსაც მოგიჩენდათ. ახლა კი აქ რჩებით სავსებით კ-კანონიერ საფუძველზე.
ამის საწინააღმდეგო ვარიას არაფერი ჰქონდა, მაგრამ ამ საწყალი ჯაშუშისათვის მადლობის გადახდა არ სურდა.
— როგორც ეტყობა, მართლაც მარჯვე ხართ თქვენს ნაკლებად პატივსაცემ პროფესიაში, — ბოროტად თქვა, — მთავარი კაციჭამია და, ისიც კი გააბრიყვეთ.
— კაციჭამია ლავრენტი არკადიევიჩია? — გაოცდა ფანდორინი, — ჩემი აზრით, არ ჰგავს. და მ-მერე, რა არის ნაკლებად პატივსაცემი იმაში, რომ სახელმწიფო ინტერესები დაიცვა?
აბა, ამისთანას რა უნდა ელაპარაკო?
ვარია დემონსტრაციულად მიბრუნდა, თვალი მოავლო ბანაკს: თეთრკედლიანი სახლები, კარავთა სწორი მწკრივები, ახალი სატელეგრაფო ბოძები. ქუჩაში ჯარისკაცი მორბოდა, მეტად ნაცნობად მოიქნევდა გრძელ, მოუქნელ ხელებს.
— ვარია, ვარენკა! — შორიდანვე დაიყვირა ჯარისკაცმა, თავიდან გრძელსაჩეხიანი ქუდი მოიძრო და ქნევა დაიწყო, — მაინც ჩამოხვედი!
— პეტია! — ამოიოხრა ქალმა, მაშინვე დაივიწყა ფანდორინი და იმის შესახვედრად გაიქცა, ვისი გულის¬თვისაც ათას-ნახევარი ვერსი სიგრძის გზა გადმოლახა.
ერთმანეთს სავსებით ბუნებრივად მოეხვივნენ და გადაკოცნეს, უხერხულობის გარეშე, როგორც ადრე არასდროს. შესახედად ულამაზო, მაგრამ კეთილ, ბედნიერებით გაბრწყინებულ პეტიას გახარებული სახე ჰქონდა. გამხდარიყო, გარუჯულიყო, ადრინდელზე მეტად მოხრილიყო წელში.
წითელსამხრეებიანი შავი მუნდირი ტომარასავით ადგა, მაგრამ ისევ ის ღიმილი ჰქონდა — ფართო, თაყვანისმცემელი.
— მაშ, თანახმა ხარ? — იკითხა მან.
— ჰო, — უბრალოდ თქვა ვარიამ, თუმცა მაშინვე არ აპირებდა დათანხმებას, არამედ მხოლოდ გრძელი და სერიოზული საუბრის მერე, ზოგიერთ პრინციპულ პირობას რომ წამოაყენებდა.
პეტიამ უშნოდ დაიჭყივლა, მაგრამ ვარია უკვე გონს მოეგო.
— თუმცა, დაწვრილებით უნდა განვიხილოთ ყველაფერი. ჯერ ერთი...
— განვიხილავთ, ყოველ მიზეზგარეშე განვიხილავთ. ოღონდ ახლა არა, საღამოს. ჟურნალისტების კარავში შევხვდეთ, კარგი? იმათ იქ კლუბივით რაიმე აქვთ. შენ ხომ იცნობ ფრანგს? ჰო, დერვეს. კარგი ვინმეა.
იმან მითხრა, რომ ჩამოხვედი. მე ახლა საშინლად დაკავებული ვარ, წუთით გამოვიქეცი. თუ ჩამავლეს, მაინცდა¬მაინც თავს არ გამაგდებინებენ. საღამომდე, საღამომდე!
და უკანვე გაიქცა, მძიმე ჩექმებით გზას ამტვერებდა და წარამარა იყურებოდა უკან.
მაგრამ საღამოს შეხვედრამ არ მოუწიათ. მაცნემ შტაბიდან წერილი მოიტანა: „მთელი ღამე ვმუშაობ. ხვალ. მიყვარხარ.
პ.“.
რას ვიზამთ, სამსახური სამსახურია. და ვარიამ საკუთარი თავის დაბინავებას მიჰყო ხელი. საცხოვრებლად მოწყალების დებმა აიყვანეს, კეთილმა და დახმარებისთვის მუდამ მზად მყოფმა ქალებმა, მაგრამ ასაკიანებმა, ოცდათხუთმეტ წლამდე, და მოსაწყენებმა. მათვე მოუგროვეს ყველაფერი დაკარგული ბაგაჟის მაგივრად, ფხიან მიტკოს რომ ერგო — ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კიოლნის წყლის ფლაკონი (არადა, საოცარი პარიზული სუნამო ჰქონდა), წინდები, თეთრეული, სავარცხელი, თმის სარჭები, კარგი საპონი, პუდრი, მზის საწინააღმდეგო მალამო, კოლდკრემი, კანის შემარბილებელი რძე, გვირილის ესენცია თმის დასაბანად და სხვა საჭირო ნივთები. კაბები, რა თქმა უნდა, საშინელი იყო, ერთის გამოკლებით — ცისფერისა, თეთრი ფურჩალიანი საყელოთი. ვარიამ მოდიდან გამოსული მანჟეტები მოაძრო და ერთობ საყვარლად გამოვიდა.
აი, დილიდან კი მოიწყინა. დები ლაზარეთში წავიდნენ — ლოვჩის შემოგარენიდან ორი დაჭრილი მოიყვანეს.
ვარიამ მარტოობაში დალია ყავა, მშობლებთან დეპეშის გასაგზავნად შეიარა: ჯერ ერთი, ჭკუიდან რომ არ გადასულიყვნენ, და მეორეც, ფული რომ გამოეგზავნათ (მხოლოდ ვალად — იმედი ნუ ექნებათ, რომ ვარია გალიაში დაბრუნდება). გაისეირნა ბანაკში, დაათვალიერა უცხო მატარებელი ურელსებოდ: იმ ნაპირიდან აღალი მოვიდა მექანიკური გამწევით. ორთქლის მფრქვეველ რკინის დიდბორბლებიან ლოკომობილებს მძიმე ქვემეხები და ტყვია-წამლის ფურგონები მოჰქონდათ.
სანახაობა შთამბეჭდავი იყო, პროგრესის ნამდვილი ტრიუმფი. მერე უსაქმურობისაგან ფანდორინის სანახავად შეაჭრა, რომელსაც ცალკე პალატა გამოუყვეს შტაბის სექტორში. ერასტ პეტროვიჩიც უსაქმურად იყო: სალაშქრო საწოლში იწვა თურქული წიგნით და იქიდან რაღაც სიტყვებს იწერდა.
— სახელმწიფო ინტერესებს იცავთ, ბატონო პოლიციელო? — ჰკითხა ვარიამ, რაკი გადაწყვიტა, რომ ყველაზე შესაფერისი იქნებოდა, თუ აგენტს დამცინავ-აგდებული ტონით დაელაპარაკებოდა.
ფანდორინი ადგა და მხრებზე სამხედრო, უსამხრეებო სერთუკი (ისიც, ეტყობა, სადღაც შეიმოსა) მოიხურა. პერანგის გახსნილი საყელოს მიღმა ვარიამ ვერცხლის ძეწკვი დაინახა. ჯვარია? არა, მგონი, მედალიონია.
საინტერესოა. ვნახოთ, შიგ რა აქვს. მაშ, ბატონი ფილერი რომანტიკისაკენ არის მიდრეკილი?
ტიტულიანმა მრჩეველმა საყელო შეიკრა და სერიოზულად უპასუხა:
— თუკი ს-სახელმწიფოში ცხოვრობ, საჭიროა, ან გაუფრთხილდე, ანდა გაემგზავრო — სხვანაირად პარაზიტიზმი გამოდის და ლაქიური ჭორიკნობა.
— მესამე შესაძლებლობაც არის, — მიუგო „ლაქიური ჭორიკნობით“ გამწარებულმა ვარიამ, — უსამართლო ხელისუფლება შეიძლება დაანგრიო და მის მაგივრად სხვა ააშენო.
— სამწუხაროდ, ვარვარა ანდრეევნა, სახელმწიფო ს-სახლი არ არის, არამედ უფრო ხეა. არ აშენებენ, თავისით იზრდება, ბუნების კანონებს ემორჩილება და ეს დიდი ხნის ამბავია. ა-აქ კალატოზი კი არა, მებაღეა საჭირო.
ვარიას შესაფერი ტონი გადაავიწყდა და მღელვარედ შეჰყვირა:
— ჩვენ მძიმე, რთულ დროში ვცხოვრობთ! პატიოსანი ადამიანები კვნესიან სიბრიყვისა და ჩაგვრის უღელქვეშ, თქვენ კი ბებერივით მსჯელობთ, რომელიღაც მებაღეზე მელაპარაკებით!
ერასტ პეტროვიჩმა მხრები აიჩეჩა:
— ძვირფასო ვარვარა ანდრეევნა, მე დავიღალე „ჩვენს მძიმე დროზე“ ლ-ლაპარაკის მოსმენით.
მეფე ნიკოლაის ხანაში, როცა ახლანდელზე უფრო მძიმე დრო იდგა, თქვენი „პატიოსანი ადამიანები“ გ-გამოწკეპილები დადიოდნენ და დაუღალავად აქებდნენ თავიანთ ბედნიერ ცხოვრებას. ახლა კი, თუკი შესაძლებელი გახდა სიბრიყვისა და ჩაგვრის ხსენება, ესე იგი, დრო გ-გამოსწორებულა.
— თქვენ უბრალოდ...
თქვენ უბრალოდ ტახტის მსახური ხართ! — მისი აზრით, ყველაზე საწყენი რამ გამოსცრა ვარიამ, ხოლო როცა ფანდორინი არც კი შერხეულა, გასაგებ ენაზე უთხრა, — ერთგული მონა, ჭკუისა და სინდისის გარეშე.
დაახეთქა და თავისი სიბრიყვისა შეეშინდა, თუმცა ერასტ პეტროვიჩი ოდნავადაც არ გაბრაზებულა, მხოლოდ ამოიოხრა და თქვა:
— თქვენ არ იცით, როგორ მოიქცეთ ჩემთან. ეს ერთი. არ გსურთ, ჩემი მადლიერი იყოთ და ამიტომ ბრაზობთ. ეს ორი. დაივიწყეთ, ჯანდაბას, მადლიერება და, ჩვენ ბრწყინვალედ გ-გავუგებთ ერთმანეთს. ეს სამი.
ასეთმა ლმობიერებამ ვარია უფრო მეტად გააბრაზა, მით უმეტეს, რომ აგენტი, ღმერთი, რჯული, მართალი იყო.
— ადრევე შევამჩნიე, რომ თქვენ ცეკვის მასწავლებელივით ხართ: ერთი-ორი-სამი, ერთი-ორი-სამი.
ვინ გასწავლათ ეს სულელური მანერა?
— იყვნენ მასწავლებლები, — მიუგო მოღრუბლულმა ფანდორინმა და უზრდელად ჩაეფლო იმ თავის თურქულ წიგნში...
ის კარავი, სადაც მთავარ ბინასთან აკრედიტებული ჟურნალისტები იკრიბებოდნენ, შორიდანვე ჩანდა. შესასვლელში, გრძელ ზონარზე, სხვადასხვა ქვეყნის დროშები და ჟურნალ-გაზეთების ვიმპელები ეკიდა და კიდევ, რატომღაც, წითელი, თეთრვარსკვლავებიანი აჭიმები.
— ეტყობა, გუშინ ლოვჩის წარმატება აღნიშნეს, — ივარაუდა პეტიამ, — ვიღაცამ თავი გამოიჩინა აჭიმების დაკარგვით.
მან ტილოს ფარდა გადასწია და ვარიამ შიგნით შეიხედა.
კლუბი ულაზათო იყო, მაგრამ თავისებურად მყუდრო: ხის მაგიდები, დაკრიალებული სკამები, დახლი ბოთლების მწკრივებით. იდგა ჩიბუხის ბოლის, ცვილის სანთლისა და მამაკაცის ოდეკოლონის სუნი. განცალკევებულ, გრძელ მაგიდაზე ეწყო რუსული და უცხოური გაზეთების დასტები. ვარიამ გადახედა ლონდონურ „დეილი პოსტს“ და გაუკვირდა — დღევანდელი დილის გამოშვება იყო. ეტყობა, რედაქციიდან ტელეგრაფით აგზავნიან. მაგარია!
ვარიამ განსაკუთრებული კმაყოფილებით ისიც შენიშნა, რომ აქ მხოლოდ ორი ქალია, თანაც ორივე პენსნეიანი და არც ახალგაზრდები არიან.
სამაგიეროდ, კაცები მრავლად იყვნენ, მათ შორის, ნაცნობებიც აღმოჩნდნენ.
უპირველეს ყოვლისა, ფანდორინი და... ისევ წიგნით. რა სიბრიყვეა — კითხვა ხომ შენს კარავშიც შეგიძლია.
მოპირდაპირე კუთხეში ჭადრაკის ერთდროული თამაშის სეანსი მიმდინარეობდა. მაგიდის ერთ მხარეს სიგარის ბოლებით ლმობიერ-კეთილი მაკლაფლინი მიმოდიოდა, მეორე მხარეს კი ისხდნენ გაფაციცებული სობოლევი, დერვე და კიდევ ორნი.
— ოჰ, ჩვენო პატარა ბულგარელო! — წამოიძახა გენერალმა მიშელმა და კმაყოფილი წამოდგა, — ვეღარ მიცვნიხართ! კარგი, შეიმას, ჩავთვალოთ, რომ ყაიმია.
დერვე გულთბილად მიესალმა შემოსულებს (ეს სასიამოვნო იყო) და მზერა ვარიაზე შეაჩერა, თუმცა თამაში განაგრძო. სამაგიეროდ, სობოლევთან წარმოუდგენლად ბრწყინვალე მუნდირში გამოწყობილი შავგრემანი ოფიცერი მიიჭრა, ყოველ წარმოსადგენ საზღვრებს მიღმა გადაგრეხილ ულვაშზე ხელი მოისვა და ფრანგულად შეჰყვირა:
— გენერალო, გემუდარებით, წარმადგინეთ თქვენს მშვენიერ ნაცნობთან! სანთლები ჩააქრეთ, ბატონებო! აღარ დაგვჭირდება — მზე ამოვიდა!
ორივე ხნიერმა მანდილოსანმა უკიდურესი უკმაყოფილებით შეხედა ვარიას; თავადაც ცოტათი შეკრთა ასეთი იერიშისაგან.
— ეს პოლკოვნიკი ლუკანია, ჩვენი ძვირფასი მოკავშირის, მისი უდიდებულესობა რუმინეთის თავადი კარლის პირადი წარმომადგენელი, — გაიცინა სობოლევმა, — გაფრთხილებთ, ვარვარა ანდრეევნა, პოლკოვნიკი ქალთა გულებისთვის ანჩარზე უფრო მომაკვდინებელია.
მისი ტონიდან მაშინვე ცხადი შეიქნა, რომ რუმინელის თბილად მოპყრობა არ ღირდა, და ვარიამ თავდაჭერილად მიუგო, თან საგანგებოდ დაეყრდნო პეტიას მკლავს:
— ძალიან მოხარული ვარ. ჩემი საქმრო, მოხალისე პიოტრ იაბლოკოვი.
ლუკანი ორი თითით გალანტურად მისწვდა ვარიას მაჯას (გაიბრწყინა ბეჭედმა არცთუ სახუმარო ბრილიანტით) და კოცნას აპირებდა, მაგრამ სათანადოდ მოიგერიეს:
— პეტერბურგში თანამედროვე ქალებს ხელზე არ კოცნიან.
სხვათა შორის, საინტერესო საზოგადოება იყო და ვარიას კორესპონდენტების კლუბი მოეწონა. ოღონდ საწყენი იყო, რომ დერვე სულ იმ თავის სულელურ ჭადრაკს თამაშობდა. თუმცა, ეტყობა, თამაში მთავრდებოდა — მაკლაფლინის ყველა სხვა მოწინააღმდეგემ უკვე კაპიტულაცია გამოაცხადა და ფრანგიც ნამდვილად განწირული იყო. თუმცა ეს, ეტყობოდა, სულაც არ ანაღვლებდა, ხშირ-ხშირად გადახედავდა ხოლმე ვარიას, უზრუნველად იღიმებოდა და მელოდიურად უსტვენდა შანსონიეების მოდურ სიმღერას.
სობოლევი იქვე დადგა, დაფას დახედა, დაბნეულად დაიჭირა მისამღერი:
— ფოლიშონ-ფოლიშონეტ... დანებდით, დერვე, ეს სუფთა ვატერლოოა.
— გვარდია კვდება, მაგრამ არ ნებდება! — ფრანგმა ვიწრო, წვეტიან წვერზე იტაცა ხელი და ისეთი სვლა გააკეთა, რომ ირლანდიელი შეიჭმუხნა და შეფიქრიანდა.
ვარია გარეთ გამოვიდა, მზის ჩასვლით და სიგრილით რომ დამტკბარიყო. როცა კარავში დაბრუნდა, ჭადრაკი უკვე აელაგებინათ და საუბრობდნენ, არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანისა და ღმერთის ურთიერთდამოკიდებულებაზე.
— აქ არ შეიძლება იყოს არავითარი ურთიერთპატივისცემა, — მღელვარედ ამბობდა მაკლაფლინი, ეტყობა, დერვეს რეპლიკას პასუხობდა, — ადამიანის დამოკიდებულება უზენაესთან აგებულია წინასწარ აღიარებულ უთანასწორობაზე.
ბავშვებს ხომ თავში არ მოსდით, რომ მშობლებთან თანასწორობაზე ჰქონდეთ პრეტენზია! ბავშვი უსიტყვოდ აღიარებს მშობლის უპირატესობას, თავის დამოკიდებულებას მშობელზე, გრძნობს მის მიმართ მოწიწებას და ამიტომ დამჯერია — თავისსავე საკეთილდღეოდ.
— თავს ნებას მივცემ თქვენივე მეტაფორით ვისარგებლო, — გაიღიმა ფრანგმა და თურქული ჩიბუხი მოქაჩა, — ეს ყველაფერი მართებულია მხოლოდ პატარა ბავშვებისათვის. როცა ბავშვი იზრდება, აუცილებლად ეჭვქვეშ დააყენებს მშობლის ავტორიტეტს, თუმცა ის მისთვის მაინც ჯერ კიდევ განუსაზღვრელად ბრძენი და ძლიერია. ბუნებრივია, ეს კარგია, უამისოდ ადამიანი სამუდამოდ ბავშვად დარჩება. იმავე ხანაშია ახლა გაზრდილი კაცობრიობაც. მერე, როცა კაცობრიობა კიდევ უფრო გაიზრდება, იმასა და ღმერთს შორის უშუალოდ დამყარდება ახალი დამოკიდებულება, დაფუძნებული თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე.
და ოდესმე ბავშვი იმდენად გაიზრდება, რომ მშობელი სრულიად აღარ დასჭირდება.
— ბრავო, დერვე, თქვენ ისევე მოხდენილად ლაპარაკობთ, როგორც წერთ, — წამოიძახა პეტიამ, — მაგრამ საქმე ის არის, რომ არავითარი ღმერთი არ არსებობს, არამედ არის მატერია და კიდევ — წესიერების ელემენტარული პრინციპები. თქვენ კი გირჩევთ, თქვე¬ნივე კონცეფციიდან ფელეტონი გააკეთოთ „რევიუ პარიზიენისთვის“ — ბრწყინვალე თემაა.
— კარგი ფელეტონის დასაწერად თემა რა საჭიროა, — განაცხადა ფრანგმა, — უბრალოდ, კარგად წერა უნდა შეგეძლოს.
— აი, აქ კი სხვაგან გაუხვიეთ, — აღშფოთდა მაკლაფლინი, — თემის გარეშე სიტყვების ისეთ ეკვილიბრისტსაც კი, როგორიც თქვენ ხართ, გზიანი არა გამოუვა რა.
— დაასახელეთ ნებისმიერი საგანი, თუნდაც ყველაზე ტრივიალური და მე მასზე სტატიას დავწერ, რომელსაც ჩემი გაზეთი სიამოვნებით დაბეჭდავს, — ხელი გამოიწოდა დერვემ, — სანაძლეო გინდათ? ჩემი ესპანური უნაგირი თქვენი ცეისის ბინოკლის წინააღმდეგ.
ყველა უჩვეულოდ გამოცოცხლდა.
— ორას მანეთს ჩამოვდივარ დერვეზე! — გამოაცხადა სობოლევმა.
— ნებისმიერ თემაზე? — ნელა გაიმეორა ირლანდიელმა, — მაშ, ნებისმიერზე, არა?
— აბსოლუტურად. თუნდაც აი, იმ ბუზზე, ულვაშზე რომ აზის პოლკოვნიკ ლუკანს...
რუმინელმა სასწრაფოდ შეიბერტყა ულვაში და თქვა:
— სამასს ვდებ მესიე მაკლაფლინზე. მაგრამ რომელი საგანი ავიღოთ?
— აი, თუნდაც ძველი ჩექმები, — მაკლაფლინმა თითი მიარტყა ფრანგის მტვრიან იუსტის ჩექმებს, — აბა, სცადეთ, ამათზე ისერიგად დაწეროთ, რომ პარიზის საზოგადოებამ წაიკითხოს და აღფრთოვანდეს.
სობოლევმა ხელისგულები მოიმარჯვა:
— სანამ ხელი ხელს დაგიკრავთ, მე — პას, ძველი ჩექმები — ეს უკვე მეტისმეტია.
ბოლოს ირლანდიელზე ათასი დადეს, ხოლო ფრანგზე ფულის დადების მსურველი არავინ აღმოჩნდა. ვარიას შეებრალა ბედკრული დერვე, მაგრამ ფული არც თავად ჰქონდა, არც პეტიას. ფანდორინს მიუახლოვდა, ისევ რომ შლიდა თურქულ, უდღეურკრავებიან ფურცლებს და გაბრაზებულმა უჩურჩულა:
— რაღას ელოდებით! იმაზე ჩამოდით, თქვენთვის არაფერია! ალბათ, თქვენი სატრაპისგან რაღაც ვერცხლს მიიღებდით. მერე დაგიბრუნებთ.
ერასტ პეტროვიჩი შეიჭმუხნა და მოწყენილი ხმით ამოთქვა:
— ასი მანეთი მ-მესიე დერვეზე...
— და ისევ ჩაეფლო კითხვაში.
— საბოლოოდ, ათი ერთზე, — შეაჯამა ლუკანმა, — ბატონებო, მოგება დიდი არ არის, მაგრამ ნაღდია.
ამ დროს კარავში ვარიას ნაცნობი კაპიტანი პერეპელკინი შემოიჭრა. ვეღარ იცნობდით: გამოწკეპილი მუნდირი, ჩექმები უპრიალებს, თვალზე — იმპოზანტური შავი სახვევი (ეტყობა, ისევ ჩალურჯებული ჰქონდა), თავი — თეთრი ბინტით შეხვეული.
— თქვენო აღმატებულებავ, ბატონებო, სწორედ ახლა გეახელით ბარონ კრიდენერისგან! — სოლიდურად გამოაცხადა კაპიტანმა, — მნიშვნელოვანი განცხადება მაქვს პრესისთვის. შეგიძლიათ ჩაიწეროთ — გენერალური შტაბის კაპიტანი პერეპელკინი, ოპერატიული განყოფილება. პე-რე-პელ-კი-ნი. ნიკოპოლი აღებულია შტურმით! ტყვედ ავიყვანეთ ორი ფაშა და ექვსი ათასი ჯარისკაცი! ჩვენი დანაკარგი მეტად უმნიშვნელოა. გამარჯვება, ბატონებო!
— ჯანდაბა! ისევ უჩემოდ! — კვნესა აღმოხდა სობოლევს და გარეთ ისე გავარდა, არავის დამშვიდობებია.
კაპიტანმა ცოტა დაბნეული მზერით გააცილა გენერალი, მაგრამ მაცნეს ყოველი მხრიდან შემოეხვივნენ ჟურნალისტები. პერეპელკინმა დაუფარავი კმაყოფილებით დაიწყო პასუხების გაცემა მათ შეკითხვებზე, თანაც თავს იწონებდა ფრანგულით, ინგლისურითა და გერმანულით.
ვარია გააკვირვა ერასტ პეტროვიჩის საქციელმა.
წიგნი მაგიდაზე დააგდო, კორესპონდენტები მისწი-მოსწია და ხმადაბლა ჰკითხა:
— ნ-ნება მომეცით, კაპიტანო, ხომ არ გეშლებათ? კრიდენერმა ხომ პლევნის აღების ბრძანება მიიღო. ნიკოპოლი სრულიად ს-საპირისპირო მიმართუ¬ლებით არის, — მის ხმაში იყო რაღაც ისეთი, რისგანაც კაპიტანი შეშფოთდა და ჟურნალისტებს აღარ აქცევდა ყურადღებას.
— სულაც არა, მოწყალეო ხელმწიფევ. დეპეშა პირა¬დად მივიღე უმაღლესი შტაბიდან, გაშიფვრისას იქ ვიყავი და თავად მივართვი ბატონ ბარონს. ბრწყინვალედ მახსოვს ტექსტი: „დასავლეთის ჯგუფის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ მარიონ კრიდენერს. გიბრძანებთ, დაი¬კავოთ ნიკოპოლი და იქ გამაგრდეთ დივიზიაზე არანაკლები ძალით. ნიკოლაი“.
ფანდორინი გაფითრდა.
— ნიკოპოლი? — უფრო ჩუმად ჰკითხა, — და პლევნა?
კაპიტანმა მხრები აიჩეჩა.
— წარმოდგენა არა მაქვს.
შემოსასვლელთან ნაბიჯების ხმა და იარაღის ჟღარუნი მოისმა. ფარდა უცებ გაიწია და კარავში პოდპოლკოვნიკმა კაზანზაკიმ შემოიხედა.
თითქოს საუკუნე გასულიყო, რაც არ ენახა იგი ვარიას. პოდპოლკოვნიკის ზურგს უკან ბადრაგის ხიშტები ბრწყინავდა. ჟანდარმმა წამით შეაჩერა მზერა ფანდორინზე, ვარიას მიღმა გაიხედა, ხოლო პეტიას სიხარულით გაუცინა.
— აჰა, აი, ისიც, ჩვენი გვრიტუნია! ასეც ვფიქრობდი. მოხალისე იაბლოკოვ, თქვენ დაპატიმრებული ხართ. აიყვანეთ, — ბრძანა ბადრაგისკენ მიბრუნებულმა. კლუბში მკვირცხლად შემოვიდა ორი ცისფერმუნდირიანი და ამ საშინელებით დამბლადაცემულ პეტიას იდაყვებში წაავლეს ხელები.
— გააფრინეთ?! — იკითხა ვარიამ, — ახლავე დაანებეთ თავი!
კაზანზაკიმ პასუხის ღირსადაც არ ცნო. თითები გაატკაცუნა და დაპატიმრებული სწრაფად გაიყვანეს გარეთ, ხოლო პოდპოლკოვნიკი შეყოვნდა, ირგვლივ იყურებოდა გაურკვეველი ღიმილით.
— ერასტ პეტროვიჩ, ეს რა არის? — წკრიალა ხმით მოუწოდა ვარიამ ფანდორინს, — უთხარით რა, რამე!
— საფუძველი? — ჰკითხა მოღუშულმა ფანდორინმა, თან ჟანდარმს საყელოზე მისჩერებოდა.
— იაბლოკოვის შედგენილ შიფრში ერთი სიტყვაა შეცვლილი.
პლევნის მაგივრად ნიკოპოლი, სულ ეს არის. ამასობაში კი სამი საათის წინ ოსმან-ფაშას ავანგარდმა ცარიელი პლევნა დაიკავა და ჩვენს ფლანგს დაემუქრა. აი, ასე, ბატონო დამკვირვებელო.
— აი, თქვენი საოცრებაც, მაკლაფლინ, ღომელსაც შეუძლია თუღქეთის გადაღჩენა, — მიაღწია ვარიამდე დერვეს ხმამ, საკმაოდ სუფთა რუსულს რომ ლაპარაკობდა, მაგრამ მომაჯადოებელი „ღ“-ებით.
— საოცრება კი არა, მუსიე კორესპონდენტო, არამედ ჩვეულებრივი ღალატი, — ჩაიცინა პოდპოლკოვნიკმა, მაგრამ ამ დროს ფანდორინს უყურებდა, — უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია, ბატონო ვოლონტერო, რას ეტყვით მის მაღალაღმატებულებას.
— ბევრს ყბედობთ, პოდპოლკოვნიკო, — ერასტ პეტროვიჩის მზერა უფრო ქვემოთ დაეშვა, ჟანდარმის მუნდირის ზედა ღილზე, — პატივმოყვარეობამ ს-საქმეს არ უნდა ავნოს.
— რაო?! — კაზანზაკის შავგრემანი სახე ოდნავ დაეღმიჭა, — მორალს მიკითხავთ? თქვენ — მე? თუმცაღა...
მე ხომ თქვენზე, ბატონო ვუნდერკინდო, ზოგ-ზოგიერთი ცნობის შეკრება მოვასწარი... სამსახურის რაგვარობაზე. უმტკივნეულოდ ზნეობრივი ფიზიონომია გამოგდით. წლობით არ უნდებით წინსვლას.
როგორც ჩანს, მომგებიანი ქორწინება ინებეთ, არა? თანაც ორმაგი მოგებით — კარგი მზითევიც მოიპოვეთ და თან თავისუფლებაც შეინარჩუნეთ. დახვეწილი ნამუშევარია. გილოც...
თქმა აღარ დასცალდა, რადგან ერასტ პეტროვიჩმა მეტად მარჯვედ, როგორც კატამ თათი, ხელისგული დაჰკრა სქელ ტუჩებზე. ვარიამ „ვაი“ შეჰყვირა, ხოლო ოფიცრებიდან ვიღაცამ ფანდორინს ხელი დაუჭირა, თუმცა მაშინვე გაუშვა, რადგან დამრტყმელი მღელვარების ნიშნებს არ ამჟღავნებდა.
— ვისროლოთ, — ვითარების სადაგად თქვა ერასტ პეტროვიჩმა და ახლა პოდპოლკოვნიკს თვალებში უყურებდა, — ახლავე, ამ წუთებში, სანამ მეთაურობა ჩარეულა.
კაზანზაკი აჭარხლდა. ქლიავივით შავი თვალები სისხლით აევსო. პაუზის მერე ნერწყვი გადაყლაპა და თქვა:
— მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ბრძანებით ომის პერიოდში დუელები სასტიკად აკრძალულია. და თქვენ, ფანდორინო, ეს მშვენივრად იცით.
პოდპოლკოვნიკი გავიდა, მის კვალზე ტილოს ფარდამ დაიწყო რხევა.
ვარიამ ჰკითხა:
— ერასტ პეტროვიჩ, როგორ მოვიქცეთ?
მეხუთე თავი
რომელშიც აღწერილია ჰარამხანის მოწყობილობა
„რევიუ პარიზიენ“ (პარიზი)
18 (6) ივლისი, 1877 წ.
შარლ დერვე
ძველი ჩექმები
(ფრონტული ჩანახატი)
მათი ტყავი დაიბზარა და ცხენის ლაშებზე უფრო მსუბუქი გახდა. კარგ საზოგადოებაში ასეთი ჩექმებით ვერ გამოჩნდები. ამას არც ვაკეთებ — ჩექმები სხვა რამისთვის მაქვს.
ათი წლის წინ შემიკერა მოხუცმა სოფიელმა ებრაელმა. ათი ლირა წამგლიჯა და მითხრა: „ბატონო ჩემო, ჩემს ძვლებზე კაი ხნის ამოსული იქნება ბირკავები, შენ რომ კიდევ ივლი ამ ჩექმებით და ისააკს კეთილი სიტყვებით მოიგონებ“.
წელიწადიც არ გასულა, რომ ასირიული ქალაქის გათხრებზე, შუამდინარეთში, მარცხენა ჩექმას ქუსლი მოსძვრა. მარტოს მომიხდა ბანაკში დაბრუნება. გახურებულ ქვიშაზე კოჭლობით მივდიოდი, უკანასკნელი სიტყვებით ვლანძღავდი ბებერ სოფიელ თაღლითს და ვიფიცებოდი, რომ ჩექმებს კოცონზე დავწვავდი.
ჩემმა კოლეგებმა, ბრიტანელმა არქეოლოგებმა, ვერ მიაღწიეს განათხარამდე — მათ თავს რიფატ-ბეგის ცხენოსნები დაესხნენ, გიაურებს რომ შაითნის შვილებად თვლიან, და ყველა აჩეხეს, უკანასკნელ კაცამდე. მე ჩექმები არ დავწვი, ქუსლი გავუკეთე და ვერცხლის ნალები შევუკვეთე.
1873 წლის მაისში, როცა ხივაში მივდიოდი, გამცილებელმა ასაფმა გადაწყვიტა, ჩემს საათს, ჩემს თოფსა და ჩემს ქურანა ახალთექურ „იატაგანს“ დაუფლებოდა.
ღამით, როცა კარავში მეძინა, გამცილებელმა ჩემს მარცხენა ჩექმაში ეფა ჩააგდო, რომლის ნაკბენიც სასიკვდილოა. მაგრამ ჩექმა პირდაღებული იყო და ეფა უდაბნოში გასრიალდა. დილით თავად ასაფმა მიამბო ეს, რადგან ალაჰის ხელი დაინახა მომხდარში.
ნახევარი წლის შემდეგ თბომავალი „ადრიანოპოლი“ კლდეს შეეჯახა ტერმაიკოსის ყურეში. ნაპირამდე ვიცურე ორ-ნახევარი ლიე. ჩექმები ფსკერისკენ მექაჩებოდა, მაგრამ არ გამიხდია. ვიცოდი, ეს კაპიტულაციის ტოლფასი იქნებოდა და მაშინ კი ვერ გავიდოდი ნაპირზე. ჩექმები დამეხმარა, რომ არ დავნებებულიყავი.
ნაპირამდე მხოლოდ მე მივაღწიე, დანარჩენები დაიხრჩვნენ.
ახლა იქ ვარ, სადაც კლავენ. ჩვენს თავზე ყოველდღე სიკვდილი ტრიალებს, მაგრამ მშვიდად ვარ. ვიცვამ ჩემს ჩექმებს, ათ წელიწადში შავიდან მოწითალოდ რომ იქცა და ცეცხლში თავს ისე ვგრძნობ, როგორც ქალის ფეხსაცმელში სარკესავით პარკეტზე.
მე არასოდეს გავათელვინებ ბირკავას ჩემს ცხენს — ვაითუ, მოხუცი ისააკის ძვლებზეა ამოსული!
მესამე დღე იყო, რაც ვარია ფანდორინთან მუშაობდა. პეტიას გამოხსნა იყო საჭირო, ხოლო ერასტ პეტროვიჩის სიტყვით, ამის გაკეთება ერთადერთი ხერხით შეიძლებოდა, — ნამდვილი დამნაშავე ეპოვათ. და ვარია თავად შეეხვეწა ტიტულოვან მრჩეველს, რომ თანაშემწედ აეყვანა.
პეტიას საქმე ცუდად იყო. მისი ნახვის ნებას ვარიას არ აძლევდნენ, მაგრამ ფანდორინისგან იცოდა, რომ ყველა მტკიცებულება გამშიფრავის საწინააღმდეგო იყო. პოდპოლკოვნიკ კაზანზაკისგან მთავარსარდლის ბრძანება რომ მიიღო, იაბლოკოვმა მალევე დაიწყო დაშიფვრა და მერე, ინსტრუქციის თანახმად, პირადად წაიღო დეპეშა სატელეგრაფო პუნქტში.
ვარია ეჭვობდა, რომ დაბნეულ პეტიას, შესაძლოა, ქალაქები არეოდა, მით უმეტეს, რომ ნიკოპოლის ციხესიმაგრე ყველამ იცოდა, ხოლო პატარა ქალაქი პლევნა ადრე ცოტას თუ სმენოდა. თუმცა, კაზანზაკის დაბნეულობისა არა სჯეროდა. თავად პეტიაც თავისაზე იდგა და ამბობდა, რომ მშვენივრად ახსოვდა, როგორ დააკოდირა სწორედ პლევნა, მეტად სასაცილო სახელწოდება. ყველაზე უარესი ის იყო, რომ, ერთ-ერთ დაკითხვაზე დამსწრე ერასტ პეტროვიჩის თქმით, იაბლოკოვი რაღაცას მალავდა და ამას მეტად უნიათოდ აკეთებდა. პეტიას ტყუილის თქმა რომ არ შეეძლო, ეს ვარიამ კარგად იცოდა და ამასობაში ყველაფერი ტრიბუნალისკენ მიდიოდა.
ნამდვილ დამნაშავეს ფანდორინი როგორღაც უცნაურად დაეძებდა. დილაობით, სულელურზოლებიან ტრიკოში გამოწყობილი, დიდხანს ვარჯიშობდა ინგლისურ გიმნასტიკაში. მთელი დღეები სალაშქრო საწოლზე იწვა, იშვიათად შეივლიდა შტაბის ოპერატიულ განყოფილებაში, ხოლო საღამოობით აუცილებლად იჯდა კლუბში, ჟურნალისტებთან.
ეწეოდა სიგარებს, კითხულობდა წიგნს, დაუთრობლად სვამდა ღვინოს და საუბრებში უხალისოდ ერთვებოდა. არანაირ დავალებას არ იძლეოდა. სანამ „ღამე მშვიდობისას“ უსურვებდა, მხოლოდ იტყოდა: „ხ-ხვალ საღამოს კლუბში შევხვდებით“.
ვარიას აცოფებდა თავისი უსუსურობის შეგრძნება. დღისით ბანაკში დაიარებოდა, აკვირდებოდა, საეჭვო ხომ არაფერი გამომჟღავნდაო. საეჭვო არაფერი მჟღავნდებოდა და დაღლილი ვარია ერასტ პეტროვიჩის კარავში მიდიოდა, რათა აემოძრავებინა და აემოქმედებინა. ტიტულიანი მრჩევლის ბუნაგში საშინელი უწესრიგობა სუფევდა: ყველგან წიგნები, სამვერსიანი რუკები, ბულგარული ღვინის დაწნული ბოთლები, ტანსაცმელი, ზარბაზნის ჭურვები (ეტყობა, ასაწევ სიმძიმეებად იყენებდა) ეყარა. ერთხელ ვარიამ ვერ შენიშნა და ცივი ფლავის თეფშზე დაჯდა, რომელიც რატომღაც სკამზე აღმოჩნდა.
საშინლად გაბრაზდა და მერე ვერაფრით ამორეცხა ქონიანი ლაქა თავისი ერთადერთი კარგი კაბიდან.
შვიდი ივლისის საღამოს პოლკოვნიკმა ლუკანმა პრესკლუბში (ასე დაარქვეს ინგლისურ ყაიდაზე ჟურნალისტების კარავს) წვეულება გამართა, თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად.
ამ ამბისთვის ბუქარეშტიდან სამი ყუთი შამპანური მოიტანეს. იუბილარი ირწმუნებოდა, ბოთლში ოცდაათი ფრანკი გადავიხადეო. ფული ტყუილად დაიხარჯა — დღესასწაულის მიზეზი მალე დაივიწყეს, იმიტომ, რომ დღის ჭეშმარიტი გმირი დერვე იყო.
დილით შერცხვენილი მაკლაფლინისგან მოგებული ცეისის ბინოკლით შეიარაღდა (ფანდორინმა, სხვათა შორის, თავისი საწყალი ასი მანეთის სანაცვლოდ მთელი ათასი მიიღო — და ყველაფერი ეს ვარიას წყალობით) და ფრანგმა თავხედური ოპერაცია ჩაატარა, — მარტომ შეიარა პლევნაში, კორესპონდენტის სამკლაურის საფარით მოწინააღმდეგის მოწინავე საზღვარი გადალახა და ინტერვიუც კი აიღო თურქი პოლკოვნიკისგან.
— მუსიე პერეპიოლკინმა გულითადად ამიხსნა, როგორ აჯობებდა ქალაქთან მიახლოება ისე, რომ ტყვიას ავცდენოდი, — ჰყვებოდა აღფრთოვანებული მსმენელით გარშემორტყმული დერვე, — სინამდვილეში, ეს სულაც არ აღმოჩნდა ძნელი, — თურქები გუშაგების დაყენებით თავს არ იწუხებენ. პირველი ასკერი მხოლოდ გარეუბანში გადამეყარა. „რას მომშტერებიხარ? — ვუყვირი, — ჩქარა, წამიყვანე ყველაზე მთავარ უფროსთან“. აღმოსავლეთში, ბატონებო, ყველაზე მთავარია, ფადიშაჰივით გეჭიროს თავი.
თუკი ღრიალებ და იგინები, ალბათ, გაქვს კიდევაც ამის უფლება. მიმიყვანეს პოლკოვნიკთან. ალი-ბეი ჰქვია — წითელი ფესი ახურავს, შავი წვერი და მკერდზე სენ-სირის ნიშანი აქვს. დიდებულია, გავიფიქრე, მშვენიერი საფრანგეთი გადამარჩენს-მეთქი. ასე და ასეა, ვეუბნები, პარიზის პრესა. ბედისწერამ რუსულ ბანაკში გადამისროლა, იქ კი სასიკვდილო მოწყენილობაა, არავითარი ეგზოტიკა — მარტო ლოთობა. უარს ხომ არ მეტყვის პატივცემული ალი-ბეი ინტერვიუზე პარიზის საზოგადოებისთვის? უარი არ მითხრა.
ვსხედვართ, ცივ შერბეთს ვსვამთ. ჩემი ალი-ბეი მეკითხება: „კიდევ არის ის საოცარი კაფე რასპაის ბულვარისა და რიუ-დე-სევრის გადაკვეთაზე?“ მე, სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არა მაქვს, კიდევაა თუ არა, რაღაი დიდი ხანია, პარიზში არა ვყოფილვარ, მაგრამ ვამბობ: „აბა, მაშ, როგორ და ადრინდელზე უფრო მეტად ყვავის“. ვილაპარაკეთ ბულვარებზე, კანკანზე, კოკეტებზე. პოლკოვნიკი მთლად შეძრულია, წვერი გაუფუვდა — არადა, წვერი კარგი აქვს, ალალად მარშალი დე რეა — და ოხრავს. „არა, აი, დამთავრდება ეს წყეული ომი და პარიზისაკენ, პარიზისაკენ“. „მალე დამთავრდება, ეფენდი?“ „მალე, — მეუბნება ალი-ბეი, — ძალიან მალე. აი, გამომაგდებენ რუსები ჩემი საწყალი სამი ბატალიონით პლევნიდან და შეიძლება, დავაბოლოოთ კიდეც.
გზა თვით სოფიამდე გაიხსნება“. „ჰაი-ჰაი, — ვუტევ მე, — თქვენ მამაცი კაცი ხართ, ალი-ბეი. სამი ბატალიონით უმკლავდებით მთელი რუსეთის არმიას. მე დაუყოვნებლივ დავწერ ამას ჩემს გაზეთში. მაგრამ რა იქნა დიადი ოსმან ნური-ფაშა თავისი კორპუსით?“ პოლკოვნიკმა ფესი მოიხადა, ხელი ჩაიქნია: „დამპირდა, ხვალ მოვალო. ოღონდ ვერ მომისწრებს, — ცუდი გზებია. დიდი-დიდი, ზეგ საღამოს“.
ერთი სიტყვით, კარგად ჩავუსხედით. კონსტანტინოპოლზეც ვილაპარაკეთ, ალექსანდრიაზეც. ძლივს დავაღწიე თავი — პოლკოვნიკმა ცხვრის დაკვლა ბრძანა. მონსიეურ პერეპყოლკინ-ის რჩევით ჩემი ინტერვიუ დიდი თავადის შტაბს გავაცანი. ჩემი მუსაიფი პატივცემულ ალი-ბეისთან იქ საინტერესოდ მიიჩნიეს, — მოკრძალებით დაამთავრა კორესპონდენტმა, — იმედი მაქვს, თურქ პოლკოვნიკს ხვალვე მოელის პატარა სიურპრიზი.
— ოჰ, დერვე, თავგანწირულო კაცო! — ეცა ფრანგს სობოლევი, ყველას დაანახვა, როგორია გენერლის გადახვევა, — ჭეშმარიტი გალი! მოდი, გაკოცო!
დერვეს სახე ხშირ წვერში დაიმალა, ხოლო მაკლაფლინმა, ჭადრაკს რომ თამაშობდა პერეპიოლკინთან (კაპიტანს უკვე მოეხსნა შავი სახვევი და დაფას დასჩერებოდა ორივე მიზანმიმიმართულად დახრილი თვალით), ცივად შენიშნა:
— კაპიტანმა არ უნდა გამოგიყენოთ მზვერავად. დარწმუნებული არ ვარ, ძვირფასო შარლ, რომ თქვენი გამოხდომა სავსებით უხინჯოა, ჟურნალისტური ეთიკის თვალსაზრისით. ნეიტრალური ქვეყნის კორესპონდენტს არ აქვს უფლება, კონფლიქტში რომელიმე მოწინააღმდეგის მხარე დაიჭიროს და მით უმეტეს, თავის თავზე აიღოს ჯაშუშის როლი, რამდენადაც...
— თუმცა ყველანი, ვარიას ჩათვლით, ისე მეგობრულად მიეტივნენ აბეზარ კელტს, რომ იძულებული შეიქნა, გაჩუმებულიყო.
— ოჰო, აქ თურმე მხიარულობენ! — უცებ გაისმა მჟღერი, მტკიცე ხმა.
შებრუნებულმა ვარიამ შესასვლელში ჰუსარების წარმოსადეგი ოფიცერი დაინახა, შავთმიანი, თავმომწონე ულვაშით, თავხედური, ოდნავ გადმოცვენილი თვალებით და ახალი „გიორგის“ მედლით მენტიკზე (ჰუსარის მოსასხამზე). შემოსული ოდნავადაც არ შეუცბუნებია საყოველთაო ყურადღებას — პირიქით, ჰუსარმა ეს ისე მიიღო, როგორც რაღაც თავისთავად ნაგულისხმევი.
— გროდნოს ჰუსართა პოლკის როტმისტრი, გრაფი ზუროვი, — თავი წარადგინა ოფიცერმა და სობოლევს მიესალმა, — ვერ მიხსენებთ, თქვენო აღმატებულებავ? კოკანდს ერთად ვუტევდით, მე შტაბში ვმსახურობდი, კონსტანტინ პეტროვიჩთან.
— მახსოვს, როგორ არა, — თავი დაუქნია გენერალმა, — თქვენ, მგონი, სასამართლოს გადაგცეს ლაშქრობაში კარტის თამაშისთვის და ვიღაც ინტენდანტთან დუელისათვის.
— ღმერთი მოწყალეა, ყველაფერმა ჩაიარა, — ლაღად მიუგო ჰუსარმა, — მითხრეს, რომ აქ თურმე ჩემი ძველი ნაცნობი, ერაზმ ფანდორინი მოდის ხოლმე. ვიმედოვნებ, არ მომატყუეს.
ვარიამ სწრაფად შეხედა შორეულ კუთხეში მჯდომ ერასტ პეტროვიჩს. ის წამოდგა, მძიმედ ამოიოხრა და უხალისოდ წარმოთქვა:
— შენა ხარ, იპოლიტ? აქეთ რა ქარმა გადმოგაგდო?
— აი, ისიც, ეშმაკმაც წამიღოს! — ჰუსარი ფანდორინს მივარდა, მხრებზე ხელი წაავლო და ისეთი გულმოდგინებით დაუწყო ნჯღრევა, რომ ერასტ პეტროვიჩს თავი აუყანყალდა, — არადა, გაიძახოდნენ, სერბეთში თურქებმა სარზე გასვესო! ოჰო, გამოსულელებულხარ, ძმაო, ვეღარ მიცვნიხარ! საფეთქლებს იმპოზანტურობისთვის იღებავ?
საინტერესო ნაცნობთა წრე აღმოაჩნდა ტიტულიან მრჩეველს — ვიდინელი ფაშა, ჟანდარმთა შეფი, ახლა კიდევ ეს ბაზრის კოხტაპრუწა, მოთამაშის ჩვევებით. ერთი სიტყვაც კი რომ არ გამოჰპარვოდა, ვარია მათ თითქოს უნებურად მიუახლოვდა.
— გვიმტყუნა მე და შენ ბედმა, გვიმტყუნა, — ზუროვმა თანამოსაუბრის ნჯღრევას თავი დაანება და ნაცვლად ამისა, მის მხარზე ხელის ტყაპუნს მოჰყვა, — ჩემს თავგადასავალს ცალკე გიამბობ, ტეტ-ა-ტეტ, რადგან მანდილოსნების მოსასმენი არაა, — მხიარულად გადახედა ვარიას, — ფინალი კი ცნობილია — უგროშოდ დავრჩი, მარტო, ეული და ნამსხვრევებად ქცეული გულით, — (ისევ ვარიას გახედა).
— ვ-ვინ იფიქრებდა, — დასძინა ფანდორინმა და უკან გაიწია.
— ენა გებმის? კონტუზია? ეგ არაფერი, გაგივლის.
მე კოკანდთან აფეთქების ტალღამ ისე მიმაჯახა მეჩეთს, რომ ერთი თვე კბილებს ვაკაწკაწებდი.
თუ დამიჯერებ, ჭიქა ვერ მიმქონდა პირთან. მერე არაფერი, ამიშვა.
— ა-აქ საიდან მოხვედი?
— ეს, ძმაო ერაზმ, გრძელი ამბავია.
ჰუსარმა მზერა მოავლო კლუბის მუდმივ კლიენტებს, დაუფარავი ცნობისმოყვარეობით რომ მისჩერებოდნენ, და თქვა:
— არ მოიწყინოთ, ბატონებო, აქეთ მობრძანდით.
მე აქ ერაზმს ჩემს შაჰრაზადს ვუამბობ.
— ოდისეას, — ხმადაბლა გაუსწორა ერასტ პეტროვიჩმა, პოლკოვნიკ ლუკანის ზურგს უკან რომ მიიმალა.
— ოდისეა, როცა საბერძნეთში ხარ. მე კიდევ სწორედ შაჰრაზადი მქონდა, — ზუროვმა ერთი გემრიელი პაუზა გააკეთა და მოყოლა დაიწყო, — ჰოდა, ბატონებო, ზოგიერთ გარემოებათა შედეგად, რომელთა შესახებაც მხოლოდ მე და ფანდორინმა ვიცით, მე ნეაპოლში ამოვყავი თავი, მთლად უსახსროდ. რუს კონსულს ხუთასი მანეთი ვესესხე, — იმ ქვაწვიამ მეტი ვერ გაიმეტა, — და ზღვით გამოვცურე ოდესაში. მაგრამ გზად ეშმაკი დამემგზავრა, შემომიჩნდა და კაპიტანსა და შტურმანთან პატარა წავითამაშე. ბოლო კაპიკამდე გამფცქვნეს იმ გაიძვერებმა! ჰოდა, მეც ალალად განვაცხადე პროტესტი, ერთგვარი ზიანი მივაყენე ხომალდის კუთვნილ ნივთებს და კონსტანტინოპოლში მომისროლეს... ესე იგი, მინდა ვთქვა, რომ ნაპირზე გადმომსვეს, უფულოდ, უნივთებოდ და, თქვენ წარმოიდგინეთ, უშლაპოდაც კი. არადა, ზამთარია, ბატონებო.
მართალია, თურქული ზამთარი, მაგრამ მაინც ხომ ცივა? რა უნდა მექნა, ჩვენი საელჩოსკენ გავწიე. ყველა წინააღმდეგობა გადავლახე და თვით ელჩამდე მივედი, ნიკოლაი პავლოვიჩ გნატევამდე. გულითადი ადამიანია. მეუბნება, რადგან ყველანაირი სესხის პრინციპული წინააღმდეგი ვარ, ფულის სესხება არ შემიძლია, მაგრამ თუკი ხელს გაძლევთ, გრაფ, შემიძლია, ადიუტანტად აგიყვანოთ — მამაცი ოფიცრები მჭირდება. ქირისასაც მიიღებთ და სხვა დანარჩენსაცო. ჰოდა, მეც ადიუტანტი გავხდი.
— თავად გნატევთან? — თავი გადააქნია სობოლევმა — ეტყობა, ეშმაკმა მელამ თქვენში რაღაც განსაკუთრებული დაინახა.
ზუროვმა მოკრძალებით გაშალა ხელები და განაგრძო:
— ახალი სამსახურის პირველსავე დღეს საერთაშორისო კონფლიქტი და დიპლომატიური ნოტების გაცვლა გამოვიწვიე. ნიკოლაი პავლოვიჩმა თხოვნით გამაგზავნა ცნობილ რუსთმოძულესა და წმინდანთან ჰასან ჰაირულასთან — ეს მთავარი თურქი მღვდელია, რომის პაპივით ვიღაცა.
— შეიხ-ულ-ისლამი, — დააზუსტა მაკლაფლინმა, ბლოკნოტში რომ რაღაცას იწერდა, — უფრო თქვენი სინოდის ობერპროკურორს ჩამოჰგავს.
— ჰო-ჰო, — თავი დაუქნია ზუროვმა, — მეც მაგას ვამბობ.
მე და ამ ჰაირულას თავიდანვე არ მოგვივიდა თვალში ერთმანეთი. მე პატივისცემით ვეუბნები, თარჯიმნით: „თქვენო უწმინდესობავ, სასწრაფო პაკეტი გენერალ-ადიუტანტ გნატევისგან“. ის კიდევ, ის ძაღლისშვილი, თვალებს ნაბავს და ფრანგულად მპასუხობს, თარჯიმანმა რომ არ შეარბილოს: „ახლა ლოცვის დროა. დამელოდე“. ნოხზე დაჯდა, პირისახით მექისკენ და შეუბერა: „ო, დიადო და ყოვლისშემძლე ალაჰო, სიკეთეს ნუ მოაკლებ შენს ერთგულ მონას, სიცოცხლეშივე დაანახვე, როგორ იწვიან ჯოჯოხეთში ლაჩარი გიაურები, ღირსნი რომ არ არიან, შენს წმინდა მიწას თელავდნენ“. კარგი ამბავია! როდის აქეთ ევედრებიან ალაჰს ფრანგულად? კარგი, ვფიქრობ, თუ ასეა, მეც სიახლეს შევიტან მართლმადიდებლურ კანონში-მეთქი. ჰაირულა ჩემკენ მოტრიალდა, კმაყოფილია, — აბა, მაშ, როგორ, გიაური თავის ადგილას მოსვა.
„მოიტა შენი გენერლის წერილი“, — მეუბნება. „პარდონნეზ-მოი, ემინენცე (ფრანგ. „გთხოვთ მომიტევოთ, თქვენო უწმინდესობავ“), — ვპასუხობ. — ჩვენ, რუსებს, სწორედ ახლა გვაქვს წირვის ჟამი. ერთი წუთით მოითმინეთ“. დავეცი მუხლებზე და კორნელისა და როკამბოლის ენაზე ვლოცულობ:
„ღმერთო ყოვლადძლიერო, გაახარე შენი ცოდვილი მონა, რომელი არს შევალიე იპოლიტი, უფლება მიანიჭე დატკბეს, თუ როგორ იხრაკებიან ტაფაზე მუსლიმანი ძაღლები“. ერთი სიტყვით, ისედაც რთული რუსულ-თურქული ურთიერთობა კიდევ უფრო გავართულე.
ჰაირულამ პაკეტი არ გამომართვა, ხმამაღლა შეიგინა თავის ენაზე და მე და თარჯიმანი გარეთ გამოგვაძევა. ჰოდა, ნიკოლაი პავლოვიჩმა სხვათა დასანახად გამლანძღა, მაგრამ თავად, მგონი, კმაყოფილი დარჩა. ეტყობა, იცოდა, — ვინ ვისთან და რატომ გაეგზავნა.
— მაგარია, თურქესტანული, — გაამართლა სობოლევმა,
— მაგრამ არცთუ ისე დიპლომატიური, — ჩაურთო კაპიტანმა პერეპიოლკინმა, ავად რომ ათვალიერებდა ყბაღია ჰუსარს.
— მე კიდევ დიდხანს ვერ გავძელი დიპლომატად, — ამოიოხრა ზუროვმა და ფიქრიანად დასძინა, — ეტყობა, ჩემი მოწოდება არაა.
ერასტ პეტროვიჩმა საკმაოდ ხმამაღლა ამოისლუკუნა.
— ერთხელაც გალათის ხიდზე მივდივარ, რუსული მუნდირის დემონსტრაციას ვაკეთებ და ლამაზმანებს ვათვალიერებ. მართალია, ჩადრებში არიან, მაგრამ ქსოვილს, ეს ეშმაკუნები, უგამჭვირვალესს არჩევენ, — ასე უფრო მაცდურად გამოდის. უცებ ვხედავ, ეტლით მოდის ვიღაც ღვთაება, ხავერდოვანი თვალები უბრწყინავს პირსაბურავის ზემოდან. იქვე მსუქანი აბისინიელი საჭურისია, ნამდვილი კერატი, უკან კიდევ ეტლია, მოახლეებით. გავჩერდი, თავი დავუკარი, — ღირსებით, როგორც დიპლომატს შეჰფერის.
იმან კიდევ ხელთათმანი წაიძრო და თეთრი ხელით (ზუროვმა ტუჩები მოამრგვალა) ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა.
— ხელთათმანი წაიძრო? — ექსპერტის გამო¬მეტყველებით ჩაეკითხა დერვე, — ეს ხუმრობა აღარაა, ბატონებო. წინასწაღმეტყველი კაღგ ხელებს ქალის სხეულის ყველაზე მაცდუნებელ ნაწილად თვლიდა და მკაცღად აუკღძალა კეთილმოღწმუნე მუსლიმან ქალებს უხელთათმნოდ სიაღული, ღათა მამაკაცთა გულები ცდუნებისკენ აღ მიემაღთათ. ასე რომ, გახდილი ხელთათმანები — ც’ესტ უნ გრანდ სიგნე („ეს დიდი ნიშანია“ — ფრანგ.) იგივეა, ღომ ევღოპელმა ქალმა გაიხადოს... სხვათა შოღის, პაღალელებისგან თავს შევიკავებ, — ცერად გადახედა ვარიას და სიტყვა გაწყვიტა.
— აი, ხომ ხედავთ, — აიტაცა ჰუსარმა, — ამის მერე განა შემეძლო, უყურადღებობით გამენაწყენებინა ქალი? ცხენს აღვირით ვიჭერ, ვაჩერებ, მინდა, წარვუდგე. ამ დროს იმ საჭურისმა, იმ ვირისშვილმა, ისეთი გამილაწუნა მათრახით ლოყაშიი... რა უნდა მექნა? ვიშიშვლე ხმალი, გავუყარე და მეორე მხარეს გავატანე, ხმლის პირი იმის აბრეშუმის ხიფთანზე გავწმინდე და დარდიანი წავედი შინ. იმ ლამაზმანისთვის ვიღას სცხელოდა.
ვგრძნობდი, კარგი ბოლო არ ექნებოდა და გეგონება, წყალში ჩამეხედოს — მურტლად გამოვიდა.
— რა მოხდა? — დაინტერესდა ლუკანი, — ფაშას ცოლი გამოდგა?
— უარესი, — ამოიოხრა ზუროვმა, — თავად მუსლიმთა უდიდებულესობის, აბდელ-ჰამიდ მეორის ცოლი და საჭურისიც, ალალად, სულთნისა ყოფილა.
ნიკოლაი პავლოვიჩი მიცავდა, როგორც შეეძლო, თვით ფადიშაჰს უთხრა, ჩემს ადიუტანტს რომ მონისგან მათრახის დარტყმა მოეთმინა, საკუთარი ხელით დავაგლეჯდი სამხრეებს რუსი ოფიცრის წოდების შერცხვენისთვისო. მაგრამ განა იმათ ესმით, რა არის ოფიცრის მუნდირი? გამომიშვეს, ოცდაოთხ საათში. პაკეტბოტზე დამსვეს და ოდესაში გამომიშვეს.
კიდევ კარგი, მალე ომი დაიწყო. ნიკოლაი პავლოვიჩი გამომშვიდობებისას მეუბნებოდა: „უფალს უმადლოდე, ზუროვ, რომ უფროსი ცოლი კი არა, არამედ მხოლოდ „პატარა ქალბატონი“ გამოდგა, „ქუჩუმ-ყადინე“.
— „ქ-ქუჩუმი“ კი არა „ქუჩუკი“, — გაუსწორა ფანდორინმა და უცებ გაწითლდა, რაც ვარიას უცნაურად ეჩვენა.
ზუროვმა წაუსტვინა:
— ოჰო, შენ საიდანღა იცი?
ერასტ პეტროვიჩი ხმას არ იღებდა, ამასთან, უაღრესად უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა.
— ბატონი ფანდორინი თურქ-ფაშასთან იყო სტუმრად, — მოკლედ გამოაცხადა ვარიამ.
— და იქ მთელი ჰარამხანა გივლიდა? — გამოცოცხლდა გრაფი, — აბა, მოჰყევი.
— მთელი ჰარამხანა კი არა, მარტო ქუჩუკ-ხანუმი, — წაიდუდუნა ტიტულიანმა მრჩეველმა, ნამდვილად არ უნდოდა წვრილმანებს ჩაღრმავებოდა, — ძალიან კარგი, გულითადი გ-გოგონაა და ძალიან თანამედროვე. იცის ფრანგული და ინგლისური, ბაირონი უყვარს. მედიცინა აინტერესებს.
აგენტი ახალი, მოულოდნელი მხრიდან წარმოჩნდა, რომელიც ვარიას რატომღაც არ მოეწონა.
— თანამედროვე ქალი ჰარამხანაში არ იცხოვრებს მეთხუთმეტე ცოლად, — გააწყვეტინა მან, — ეს დამამცირებელი და, საერთოდ, ბარბაროსობაა...
— ბოდიშს ვიხდი, მადმუაზელ, მაგღამ ეს მთლად სამაღთლიანი შენიშვნა აღ აღის, — ისევ ღ-ებით ალაპარაკდა დერვე, თუმცა მაშინვე ფრანგულზე გადავიდა, — იცით, აღმოსავლეთში მოგზაურობების დროს არცთუ ურიგოდ შევისწავლე მუსლიმანური ყოფა.
— დიახ, დიახ, შარლ, გვიამბეთ, — სთხოვა მაკლაფლინმა, — მე მახსოვს თქვენი ნარკვევების სერია ჰარამხანის ცხოვრებაზე.
მშვენიერი იყო, — და ირლანდიელი თავისივე დიდსულოვნებისაგან გაიბადრა.
— ნებისმიერი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, მათ შორის მრავალცოლიანობაც, ისტორიულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, — პროფესორის ტონით დაიწყო დერვემ, მაგრამ ზუროვმა ისეთი ფიზიონომია შეკერა, რომ ფრანგი გონს მოეგო და ადამიანურად ალაპარაკდა, — სინამდვილეში, და თანაც აღმოსავლეთის პირობებში, ჰარამხანა გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა. თავად განსაჯეთ, — მუსლიმანები თავიდანვე მეომართა და წინასწარმეტყველთა მოდგმა იყო. კაცები ომით ცხოვრობდნენ, იხოცებოდნენ და უამრავი ქალი რჩებოდა ქვრივად, ანდა სულ ვერ პოულობდა ქმარს. ვინ გამოკვებავდა ამ ქალებსა და მათ შვილებს? მაჰმადს თხუთმეტი ცოლი ჰყავდა, მაგრამ უზომო სიამტკბილობის სიყვარულით კი არა, არამედ ადამიანობის გამო. ის საკუთარ თავზე იღებდა დაღუპული თანამებრძოლების ქვრივებზე ზრუნვას და დასავლური აზრით, ამ ქალებს მისი ცოლებიც კი არ დაერქმეოდათ. რა არის ჰარამხანა, ბატონებო? თქვენ წარმოგიდგენიათ, მოჩუხჩუხე შადრევნები, ნახევრად შიშველი მხევლები, ზანტად რომ შეექცევიან რაჰათ-ლუქუმს, ყელსაბამების წკრიალი, სუნამოების სასიამოვნო სურნელი და ყველაფერი ეს გარემოცულია გარყვნილ-გამაძღარი კვამლით.
— ხოლო შუაში — მთელი ამ საქათმის მბრძანებელი, ხალათში, ყალიონითა და წითლად შეღებილი წვერიდან გამონათებული ნეტარი ღიმილით, — წაიოცნება ჰუსარმა.
— უნდა გაგაწბილოთ, მუსიე როტმისტრო. ჰარამხანა, ცოლების გარდა, კიდევ ყველა ღარიბი ნათესავია, უამრავი ბავშვი, ურიცხვი მსახური, მოხუცი მონები, სიკვდილს რომ უცდიან და ღმერთმა იცის, კიდევ ვინ.
მთელი ეს ურდო უნდა გამოკვებოს და შეინახოს პატრონმა მამაკაცმა. რაც უფრო მდიდარი და ძლიერია, მით მეტი მუქთამჭამელი ჰყავს, მით მეტი პასუხისმგებლობის ტვირთი აწევს. ჰარამხანის სისტემა მხოლოდ ჰუმანური კი არა, ერთადერთი შესაძლებლობაა აღმოსავლეთის პირობებში, — სხვაგვარად მრავალი ქალი დაიღუპებოდა შიმშილისგან.
— თქვენ რომელიღაც ფალანსტერს აღწერთ, ხოლო თურქი მამაკაცი შარლ ფურიეს მსგავსი გამოგდით, — ვეღარ მოითმინა ვარიამ, — უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, საშუალება მიგვეცა ქალისთვის, თავად შეენახა საკუთარი თავი და არა მონის მდგომარეობაში გვყოლოდა?
— აღმოსავლეთის საზოგადოება ზანტია და არ უყვარს ცვლილებები, მადმუაზელ ბარბარა, — პატივისცემით მიუგო ფრანგმა. ისე თბილად წარმოთქვა ვარიას სახელი, რომ მასზე გაბრაზება შეუძლებელი შეიქნა, — იქ ძალიან ცოტა სამუშაო ადგილია, თითოეული ადგილისთვის ბრძოლა უწევთ და ქალი მამაკაცების კონკურენციას ვერ გაუძლებს. ამასთან, ცოლი სულაც არაა მონა. თუკი ქმარი არ მოსწონს, ყოველთვის შეუძლია თავისუფლების დაბრუნება. ამისთვის საკმარისია, თავის კეთილისმყოფელს ისეთი აუტანელი ცხოვრება შეუქმნას, რომ მან გულით წამოიძახოს მოწმეების თანდასწრებით: „შენ ჩემი ცოლი აღარ ხარ!“ დამეთანხმებით, ქმრის ამ მდგომარეობამდე მიყვანა სულაც არ არის ძნელი.
ამის მერე შეგიძლია მოაგროვო შენი ნივთები და წახვიდე. გაყრა აღმოსავლეთში ადვილია, დასავლურს კი არ ჰგავს. თან კიდევ, გამოდის, რომ ქმარი მარტოა, ქალები კი მთელ კოლექტივს წარმოადგენენ. განა ღირს იმით გაოცება, რომ ნამდვილი ძალაუფლება ჰარამხანას ეკუთვნის და არა მის მფლობელს? ოსმალეთის იმპერიაში მთავარი პირები სულთანი და დიდი ვეზირი კი არა, ფადიშაჰის დედა და საყვარელი ცოლი არიან. და, რასაკვირველია, ყიზლიარ-აღაზი — ჰარამხანის მთავარი საჭურისი.
— და მაინც, რამდენი ცოლის ყოლის უფლება აქვს სულთანს? — ჰკითხა პერეპიოლკინმა და დამნაშავესავით გახედა სობოლევს, — მე ისე, მხოლოდ ცნობისმოყვარეობისთვის გეკითხები.
— როგორც ნებისმიერ მართლმორწმუნეს, ოთხი. თუმცა, სრულუფლებიანი ცოლების გარდა, ფადიშაჰს კიდევ ჰყავს იქბალები, — ჩვენებურად, ფავორიტები — და სრულიად ახალგაზრდა გედიქლები, „თვალისთვის საამური გოგონები“, იქბალობის პრეტენდენტები.
— ჰოდა, ეგრე არა ჯობია? — თავი კმაყოფილებით დააკანტურა ლუკანმა და ულვაშები გადაიგრიხა, როცა ვარიამ აუგი თვალით შეათვალიერა.
სობოლევმა (ეგეც კარგი ვინმეა!) ავხორცულად ჰკითხა:
— ცოლების და მხევლების გარდა, ხომ არიან მონა ქალებიც?
— სულთნის ყველა ქალი მონაა, მაგრამ იქამდე, სანამ ბავშვი გაუჩნდება. შვილი რომ ეყოლება, დედა მაშინვე იღებს პრინცესას ტიტულს და ყველა შესაბამისი პრივილეგიით სარგებლობს.
მაგალითად, სულთნის დიადი ცოლი ბესმა, განსვენებული აბდულ აზისის დედა, თავის დროზე უბრალო გამბანებელი იყო, მაგრამ ისე წარმატებულად საპნავდა მეჰმედ მეორეს, რომ იმან ჯერ მხევლად აიყვანა, მერე კი საყვარელ ცოლად აქცია.
ქალებს თურქეთში კარიერის გაკეთების შესაძლებლობები ჭეშმარიტად შეუზღუდავი აქვთ.
— თუმცა, ალბათ, ძალიან დამღლელია, როცა კისერზე ასეთი აღალი გყავს ჩამოკონწიალებული, — ფიქრიანად თქვა ერთმა ჟურნალისტმა, — ეს უკვე მეტისმეტია.
— ზოგიერთი სულთანიც მისულა ამგვარ დასკვნამდე, — გაიცინა დერვემ, — იბრაჰიმ პირველს, მაგალითად, საშინლად მობეზრდა ყველა თავისი ცოლი. ივანე მრისხანე, ანდა ანრი მერვე ამისთანა სიტუაციაში იოლად პოულობდნენ გამოსავალს: მოხუცი ცოლი — საჯალათო კუნძზე, ანდა მონასტერში და შეგიძლია, ახალი აიყვანო. მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, როცა მთელი ჰარამხანა გყავს?
— და როგორ იქცეოდნენ? — დაინტერესდნენ მსმენელები.
— თურქები, ბატონებო, სიძნელეების წინაშე პასს არ ამბობენ. ჰოდა, ფადიშაჰმაც ბრძანა, ყველა ცოლი ტომარაში გამოეკრათ და ბოსფორში ჩაეხრჩოთ. დილისთვის მისი უდიდებულესობა უცოლოდ დარჩა და შეეძლო, ახალი ჰარამხანა გაეჩინა.
მამაკაცებმა გადაიხარხარეს, ხოლო ვარიამ წამოიძახა:
— გრცხვენოდეთ, ბატონებო, ეს ხომ საშინელებაა!
— მაგრამ, აი, უკვე თითქმის ასი წელია, მადმუაზელ ვარია, რაც სულთნის კარის ზნე-ჩვეულებები შერბილდა, — დაამშვიდა დერვემ, — ერთი საუცხოო ქალის წყალობით, სხვათა შორის, ჩემი თანამემამულისა.
— გვიამბეთ, — სთხოვა ვარიამ.
— ეს ამბავი ასე მოხდა. ხმელთაშუა ზღვაში ფრანგული ხომალდი მიცურავდა, ხოლო მგზავრთა შორის იყო ჩვიდმეტი წლის გამორჩეული სილამაზის გოგონა.
სახელად ემე დიუბიუკ დე რივერი ერქვა და დაიბადა ჯადოსნურ კუნძულ მარტინიკაზე, რომელმაც მსოფლიოს არცთუ ცოტა ლეგენდარული ლამაზმანი აჩუქა, მათ შორის იყვნენ მადამ დე მენტენონი და ჟოზეფინა ბოგარნე. ამ უკანასკნელს, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ უბრალოდ ჟოზეფინა დე ტაშერს ეძახდნენ, ეს ჩვენი ნორჩი ემე კარგად იცნობდა და მეგობრობდა კიდევაც. ისტორია დუმილით უვლის გვერდს იმას, თუ რატომ დასჭირდა მშვენიერ კრეოლ ქალს ცურვა მეკობრეებით გავსებულ ზღვებში. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სარდინიის ნაპირებთან ხომალდი კორსარებმა ჩაიგდეს ხელთ და ფრანგი ქალი ალჟირში მოხვდა, მონათა ბაზარზე, სადაც ის თავად ალჟირის დეიმ იყიდა — სწორედ იმან, ვისაც მონსიეურ პოპრისტცჰინე-ის მტკიცებით, ცხვირს ქვემოთ კოპი აქვს. დეი მოხუცი იყო და ქალის სილამაზე აღარ აინტერესებდა, სამაგიეროდ, ძალიან აინტერესებდა კარგი დამოკიდებულება ბრწყინვალე პორტასთან და საწყალმა ემემ სტამბოლისკენ გაცურა, როგორც სულთან აბდულ-ჰამიდ პირველის, ამჟამინდელი აბდულ-ჰამიდ მეორის პაპისპაპის, ცოცხალმა საჩუქარმა. ფადიშაჰი ტყვეს ისე უფრთხილდებოდა, როგორც ფასდაუდებელ საუნჯეს — არაფერს აიძულებდა და მუსლიმანობის მიღებაც კი არ დაუძალებია. ბრძენმა ბატონმა მოთმინება გამოიჩინა და ამისთვის ემემ ის სიყვარულით დააჯილდოვა.
თურქეთში მას იცნობენ, როგორც ნაშედილ-სულთანს. მან გააჩინა პრინცი მეჰმედი, რომელიც შემდგომში მონარქი გახდა და ისტორიაში შევიდა როგორც დიადი რეფორმატორი. დედამ შეასწავლა ფრანგული ენა, შეაყვარა ფრანგული ლიტერატურა და ფრანგული თავისუფალი აზროვნება. მას შემდეგ თურქეთი ევროპისაკენ შემოტრიალდა.
— თქვენ მეზღაპრე ხართ, დერვე, — ჭირვეულად წარმოთქვა მაკლაფლინმა, — ალბათ, როგორც ყოველთვის, იცრუეთ და შეალამაზეთ ეგ ამბავი.
ფრანგმა ეშმაკურად გაიღიმა და გაჩუმდა, ხოლო ზუროვმა, გარკვეული დროიდან მოუთმენლობის აშკარა ნიშნების გამომჟღავნება რომ დაიწყო, უცებ აღფრთოვანებით წამოიძახა:
— სხვათა შორის, ბატონებო, პატარა ხომ არ წაგვეთამაშა? სულ ვლაპარაკობთ და ვლაპარაკობთ. რაღა დასამალია და, რაღაც არაადამიანურად ვიქცევით.
ვარიამ გაიგონა, როგორ ამოიოხრა ყრუდ ფანდორინმა.
— ერაზმ, შენ არ გეპატიჟები, — სასწრაფოდ დასძინა გრაფმა, — შენ ეშმაკი გიფარავს.
— თქვენო აღმატებულებავ, — აღშფოთდა პერეპიოლკინი, — იმედი მაქვს, არ დაუშვებთ, რომ თქვენი თანდასწრებით აზარტული თამაში მიდიოდეს.
მაგრამ სობოლევმა ისე აარიდა თავი, როგორც მოსაწყენ ბუზს:
— მორჩით, კაპიტანო, თავი ნუ მომაბეზრეთ. თქვენ რა გიჭირთ, თქვენს ოპერატიულ განყოფილებაში უსაქმობის საქმეს აკეთებთ, მე კიდევ უსაქმურობისგან დავიჟანგე. გრაფ, მე თავად არ ვთამაშობ, — დაუდეგარი ხასიათი მაქვს, — ყურებით კი, გიყურებთ.
ვარიამ დაინახა, პერეპიოლკინი ლამაზ გენერალს ნაცემი ძაღლივით რომ უყურებდა.
— ცოტა-ცოტასაც არ ჩამოვიდეთ? — ყოყმანით გაწელა ლუკანმა, — საბრძოლო მეგობრობის განსამტკიცებლად.
— რა თქმა უნდა, განსამტკიცებლად და მხოლოდ ცოტა-ცოტა, — თავი დაუქნია ზუროვმა, შეკვრიდან კარტის დასტები წამოყარა მაგიდაზე, — ას-ასს ჩამოვდივართ.
კიდევ ვის უნდა, ბატონებო?
ბანკი წუთში შედგა და მალე კარავში გაისმა ჯადოსნური:
— ქალი წავიდა!
— სულთანიკოსაც ზედ მივაყოლებთ, ბატონებო!
— ლ’ას დე ცარეაუ („აქ გულებია“ — ფრანგ.).
— ჰა-ჰა, გაჭრილია.
ვარია ერასტ პეტროვიჩთან მივიდა და ჰკითხა:
— ერაზმს რატომ გეძახით?
— ეგრე გ-გამოვიდა, — პასუხს თავი აარიდა გულჩახვეულმა ფანდორინმა.
— ეჰე-ჰე, — ხმაურით ამოიოხრა სობოლევმა, — კრიდენერი, ალბათ, პლევნას უახლოვდება, მე კიდევ სულ ვზივარ, როგორც ხოჭო ნეხვში.
პერეპიოლკინი თავის კერპთან ისეთი სახით ტრიალებდა, თითქოს თავადაც დაინტერესებული იყო თამაშით.
გაბრაზებულმა მაკლაფლინმა, მარტო რომ იდგა იღლიაში ამოდებული ჭადრაკის დაფით, რაღაც ჩაიბურდღუნა ინგლისურად და თავადვე გადმოთარგმნა რუსულად:
— პრესქლაბი იყო და ბუნაგად იქცა.
— ჰეი, ბიჭო, ქაფქაფა გაქვს? წამოიღე, — შეჰყვირა მებუფეტისკენ შეტრიალებულმა ჰუსარმა, — თუ მხიარულებაა, მხიარულება იყოს.
და მართლაც მხიარულად მიდიოდა საღამო...
* * *
სამაგიეროდ, მეორე დღეს პრესკლუბს ვეღარ იცნობდით: რუსები დაღვრემილები და მოწყენილები ისხდნენ, კორესპონდენტები გაღიზიანებულნი იყვნენ, ხმადაბლა ლაპარაკობდნენ და დროდადრო ხან ერთი, ხანაც მეორე, ახალ ამბავს რომ გაიგებდა, ტელეგრაფის პუნქტში გარბოდა, — დიდი სენსაცია მოხდა.
ჯერ კიდევ სადილობისას ბანაკში რაღაც ცუდი ჭორები დაირხა, ხოლო ექვსი საათისთვის, როცა ვარია და ფანდორინი სასროლეთიდან ბრუნდებოდნენ (ტიტულიანი მრჩეველი თავის თანაშემწეს „კოლტის“ სისტემის რევოლვერთან ურთიერთობას ასწავლიდა), მათ მოღუშულ-აღგზნებული სობოლევი გადაეყარა.
— კარგი ამბავია, — თქვა მან, ნერვიულად იფშვნეტდა ხელებს, — გაიგეთ?
— პლევნა? — განწირული ხმით ჰკითხა ფანდორინმა.
— სულ გაგვანადგურეს. გენერალი შილდერ-შულდნერი ჯიქურ მიდიოდა, დაზვერვის გარეშე, უნდოდა ოსმან-ფაშასთვის მიესწრო.
ჩვენები შვიდი ათასი იყვნენ, თურქები — გაცილებით მეტი. კოლონებმა წინა ხაზს შეუტიეს და ჯვარედინ ცეცხლში მოჰყვნენ. მოკლულია არხანგელოგოროდსკის პოლკის მეთაური როზენბომი, სასიკვდილოდაა დაჭრილი კოსტრომის პოლკის მეთაური კლეინჰაუზი, გენერალ-მაიორი კნორინგი კი საკაცით მოიყვანეს. ჩვენების მესამედი ჩაიხოცა. საყასბოა ნამდვილი.
ესეც თქვენი სამი თაბორი და თურქებიც რაღაც სხვანაირები არიან, ისეთები კი არა, როგორიც ადრე! ეშმაკებივით იბრძოდნენ.
— დერვე რაღას ამბობს? — სწრაფად შეეკითხა ერასტ პეტროვიჩი.
— არაფერს. სულ მწვანეა, თავს იმართლებს. კაზანზაკიმ დასაკითხად წაიყვანა... ჰოდა, ახლა დაიწყება. იქნებ, ბოლოს და ბოლოს, მეც დამნიშნონ სადმე. პერეპიოლკინმა მიმანიშნა, რომ არის შანსი... — და გენერალმა ზამბარისებრი სიარულით გასწია შტაბის მხარეს.
საღამომდე ვარია ჰოსპიტალში იყო, ქირურგიული ინსტრუმენტების სტერილიზაციაში ეხმარებოდა.
იმდენი დაჭრილი მოიყვანეს, რომ კიდევ დადგეს ორი დროებითი კარავი. მოწყალების დებს ფეხები ეკეცებოდათ. იდგა სისხლისა და ტანჯვის სუნი, დაჭრილები ყვიროდნენ და ლოცულობდნენ. მხოლოდ ღამით შეძლო კორესპონდენტების კარავში გაღწევა, სადაც, როგორც უკვე ითქვა, ატმოსფერო მკვეთრად განსხვავდებოდა გუშინდელისგან.
მხოლოდ სათამაშო მაგიდასთან იგრძნობოდა გამოცოცხლება, სადაც უკვე მეორე დღე-ღამე იყო თამაში მიდიოდა. გაფითრებული ზუროვი სიგარას აბოლებდა და სწრაფად არიგებდა კარტს. არაფერი უჭამია, სამაგიეროდ, შეუჩერებლად სვამდა და ამასთან, ოდნავადაც არ თვრებოდა. მისი იდაყვის მახლობლად ბანკნოტების, ოქროს მონეტებისა და ვალის ხელწერილების მთა აღმართულიყო.
საპირისპირო მხარეს, საკუთარ თმას ჩაფრენილი, გონზე გადასული პოლკოვნიკი იჯდა. იქვე ეძინა ვიღაც ოფიცერს, ქერათმიანი თავი გადაჯვარედინებულ ხელებზე დაედო. შორიახლოს მსუქან ფარვანასავით ტრიალებდა მებუფეტე, ჰაერშივე იჭერდა იღბლიანი ჰუსარის სურვილებს.
ფანდორინი კლუბში არ იყო, არც დერვე, მაკლაფლინი ჭადრაკს თამაშობდა, ხოლო ოფიცრებით გარშემორტყმული სობოლევი სამვერსიან რუკასთან ჯადოქრობდა და ვარიასთვის არც კი შეუხედავს.
უკვე ნანობდა, აქ რომ მოვიდა და თქვა:
— გრაფ, არ გრცხვენიათ? ამდენი ხალხი დაიღუპა.
— მაგრამ ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ, მადმუაზელ, — დაბნეულად გამოეპასუხა ზუროვი, თან თითებს კარტის დასტაზე აკაკუნებდა, — რაო, დროზე ადრე დავისაფლაოთ თავი? ოი, ბლეფზე მიდიხარ, ლუკა. ორით მაღლა ვწევ.
ლუკანმა თითიდან ბრილიანტის ბეჭედი წაიძრო.
— ვხსნი, — და აკანკალებული ხელი ნელ-ნელა გასწია ზუროვის კარტისკენ, დაუდევრად რომ ეწყო მაგიდაზე, პერანგით მაღლა.
უცებ ვარიამ დაინახა, როგორ უხმაუროდ შემოდიოდა კარავში პოდპოლკოვნიკი კაზანზაკი, საშინლად მიაგავდა შავ ყვავს, გვამის გემრიელი სუნი რომ მისვლია. ვარიამ გაიხსენა, რით დასრულდა ჟანდარმის წინა გამოჩენა და შეაჟრჟოლა.
— ბატონო კაზანზაკი, სადაა დერვე? — შემოსულისკენ შემობრუნდა მაკლაფლინი.
პოდპოლკოვნიკი მრავალმნიშვნელოვნად გაჩუმდა, მოიცადა, კლუბში რომ სიჩუმე ჩამოვარდნილიყო, და მოკლედ მოუჭრა:
— ჩემთან, ახსნა-განმარტებას წერს, — ჩაახველა და ბოროტად დასძინა, — და მერე გადავწყვეტთ.
ჩამოვარდნილი დუმილი ზუროვის ბანმა დაარღვია:
— ეს არის სახელგავარდნილი ჟანდარმი კოზინზაკი? მოგესალმებით, ბატონო ნაბეგვო სიფათო, — და თვალების თავხედური ელვარებით მოლოდინით მიაჩერდა გაწითლებულ პოდპოლკოვნიკს.
— მე კი თქვენზე მსმენია, ბატონო ბრეტერო, — აუჩქარებლად წარმოთქვა კაზანზაკიმ, ისიც თვალებში მისჩერებოდა ჰუსარს, — თქვენი პიროვნება ცნობილია. ენის ჩაგდება ინებეთ, თუ არა და, მორიგეს მოვუხმობ და ჰაუპტვახტში მიგაბრძანებთ ბანაკში აზარტული თამაშისთვის, მაგ ბანკს კი დავაპატიმრებ.
— ეგრევე იცნობ სერიოზულ კაცს, — ჩაიცინა გრაფმა, — ყველაფერი გავიგე და მუნჯი ვარ, როგორც საფლავი.
ლუკანმა, ბოლოს და ბოლოს, გახსნა ზუროვის კარტი, გაბმულად ამოიკვნესა და თავზე იტაცა ხელი. გრაფი სკეპტიკურად ათვალიერებდა მოგებულ ბეჭედს.
— არა, მაიორო, რა ჯანდაბის ღალატი! — გაიგონა ვარიამ გაბრაზებული სობოლევის ხმა, — მართალია პერეპიოლკინი, შტაბის თავი აქვს, — უბრალოდ, ოსმანი ფორსირებული მარშით წავიდა, ხოლო ჩვენი ქუდისროლიები თურქებისგან ასეთ მოსვლას არ ელოდნენ.
ახლა ხუმრობა მორჩა. მრისხანე მოწინააღმდეგე გამოგვიჩნდა და ომი სერიოზულად გაგრძელდება.
მეექვსე თავი
რომელშიც პლევნა და ვარია ალყას უძლებენ
„ვინერ ცაიტუნგი“ (ვენა)
30(18) ივლისი, 1877 წ.
„ჩვენი კორესპონდენტი გვაცნობებს შუ¬მენიდან, სადაც განლაგებულია თურქეთის ბალკანეთის არმიის შტაბბინა.
პლევნასთან შერცხვენის შემდეგ რუსები სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათი კოლონები გაწელილია ათეულობით და ასეულობით კილომეტრზეც კი სამხრეთიდან ჩრდილოეთით, კომუნიკაციები დაუცველია, ზურგი — გახსნილი.
ოსმან-ფაშას გენიალურმა საფლანგო მა¬ნ¬ევრმა თურქებს საშუალება მისცა, დრო მოეგოთ გადასაჯგუფებლად, ხოლო პატარა ბულგარული ქალაქი რუსული დათვისთვის ბანჯგვლიან გვერდზე დიდებულად წათხიპნილი ნეხვი შეიქნა. კონსტანტინოპოლის სასახლესთან დაახლოებულ წრეებში თავშეკავებული ოპტიმიზმის ატმოსფერო სუფევს“.
ერთი მხრივ, საქმე ჭაკად იყო, ანდა, შეიძლება ითქვას, ისე, რომ უარესი აღარ იქნებოდა. საწყალი პეტია ისევ ცხრაკლიტულში იჯდა, — პლევნის სისხლისღვრის შემდეგ ბოროტმავნე კაზანზაკის გამშიფრავისთვის აღარ ეცალა, მაგრამ ტრიბუნალის საფრთხე არსად გამქრალა. თან საომარი ფორტუნაც ცვალებადი გამოდგა — ოქროს თევზიდან ჩხვლეტია ჩიქვად იქცა და დასისხლიანებამდე გადაგლეჯილი ხელებით მორევში წავიდა.
მეორე მხრივ (ვარიას რცხვენოდა ამის აღიარება), ადრე არასდროს უცხოვრია ასე... საინტერესოდ.
სწორედაც — „საინტერესო“ ყველაზე ზუსტი სიტყვაა.
ხოლო მიზეზი, გულახდილად რომ ვთქვათ, მეტისმეტად მარტივი იყო. სიცოცხლეში პირველად ვარიას ერთბაშად ამდენი თაყვანისმცემელი ეარშიყებოდა, თან როგორი თაყვანისმცემლები! იმ ამასწინანდელ რკინიგზის თანამგზავრებს კი არ ჰგავდნენ, ანდა მოოქროვილ პეტერბურგელ სტუდენტებს. ქალის უგვანი ხასიათი, რამდენიც უნდა ჩაახშო, ჩერჩეტი, ბაქია გულიდან მაინც ამოდის სარეველა ბალახივით. არ ვარგა.
აი, თვრამეტი ივლისის დილითაც, მნიშვნელოვან და შესანიშნავ დღეს, რასაც მერე მოჰყვება, ვარიამ ღიმილით გაიღვიძა. უფრო სწორად, ჯერ არც გაღვიძებოდა — მხოლოდ მზის შუქი იგრძნო მოხუჭულ ქუთუთოებზე, მხოლოდ გემრიელად გაიზმორა, და მაშინვე გაუხარდა, გაიზეიმა, გამხიარულდა.
ეს უკვე მერე, როცა სხეულის კვალზე გონებამაც გაიღვიძა, გაახსენდა პეტია და ომი. ვარიამ ნებისყოფის დაძაბვით აიძულა თავი, მოღუშულიყო და სადარდოზე ეფიქრა, მაგრამ სარეველებით სავსე, დაუმორჩილებელ თავში სულ სხვა ფიქრი მიუძვრებოდა, აგაფია ტიხონოვნას სტილში: პეტიას ერთგულებას სობოლევის დიდება რომ მივუმატოთ, ზედაც ზუროვის თავხედობა, ზედაც შარლის ტალანტი და კიდევ — ფანდორინის თვალებმოწკურული მზერა...
თუმცა არა, ერასტ პეტროვიჩი აქ არ გამოგვადგება, რაკიღა თაყვანისმცემლებს ძალდატანებითაც კი ვერაფრით მიათვლიდა.
ტიტულიან მრჩეველთან რაღაც გაუგებრად გამოდიოდა. ვარია მის თანაშემწედ მხოლოდ ნომინალურად ირიცხებოდა. თავის საიდუმლოებებს ფანდორინი არ ანდობდა და, სხვათა შორის, რაღაც საქმეები ჰქონდა და, ეტყობა, მნიშვნელოვანიც. ხან დიდხანს გაქრებოდა, ხანაც, პირიქით, სულ კარავში იჯდა და მასთან მოდიოდნენ ვიღაც ბულგარელი გლეხები, სუნიანი ცხვრის ქუდებით. ნამდვილად პლევნიდან, ხვდებოდა ვარია, მაგრამ სიამაყის გამო არაფერს ეკითხებოდა. როგორ არ ენახა პლევნის მცხოვრებლები, რუსულ ბანაკში არცთუ იშვიათად ჩნდებოდნენ. თვით მაკლაფლინსაც კი ჰყავდა საკუთარი ინფორმატორი, კორესპონდენტს უნიკალურ ცნობებს რომ ატყობინებდა თურქული გარნიზონის ცხოვრებიდან.
მართალია, რუსების მეთაურობას ირლანდიელი ამ ცოდნას არ უზიარებდა, „ჟურნალისტურ ეთოსზე“ დაყრდნობით, სამაგიეროდ, „დეილი ნიუსის“ მკითხველმა იცოდა ოსმან-ფაშას დღის განრიგიც და უძლეველი რედუტების — მიწური საველე სიმაგრეებისა და სანგრების — შესახებაც, რომლებითაც დღითიდღე კი არა, საათ-საათ იზრდებოდა ალყაშემორტყმული ქალაქი. მაგრამ რუსული არმიის დასავლეთ ჯგუფშიც ამჯერად საფუძვლიანად ემზადებოდნენ ბრძოლისთვის. შტურმი დღეისთვის იყო დანიშნული და ყველა ამბობდა, რომ ახლა კი „პლევნის გაუგებრობა“ აღმოიფხვრებოდა. გუშინ ერასტ პეტროვიჩმა ჩხირი აიღო, ვარიას მიწაზე დაუხატა ყველა თურქული სიმაგრე და აუხსნა, რომ მის ხელთ არსებული სანდო მონაცემებით, ოსმან-ფაშას ჰყავს ოცი ათასი ასკერი და აქვს ორმოცდათვრამეტი ზარბაზანი, ხოლო გენერალ-ლეიტენანტმა კრიდენერმა ქალაქთან ოცდათორმეტი ათასი ჯარისკაცი და ას სამოცდათექვსმეტი ქვემეხი გადაისროლა, თან რუმინელებიც უნდა მოვიდნენ. დამუშავებულია ეშმაკური, მკაცრად გასაიდუმლოებული დისპოზიცია ფარული შემოვლითი მანევრითა და ყალბი შეტევით. ფანდორინმა ისე კარგად აუხსნა, რომ ვარიამ მაშინვე ირწმუნა რუსული იარაღის წარმატება და არცთუ ისე ყურადღებით უსმენდა, — უფრო ტიტულიან მრჩეველს უყურებდა და მარჩიელობდა, ვინ იყო ამ კაცისთვის ის ქერათმიანი, მედალიონიდან. კაზანზაკი რაღაც უცნაურობას ამბობდა ქორწინებაზე.
ნეტავ მართლმორწმუნე ხომ არ არის? ძალიან ახალგაზრდაა საამისოდ, გოგონაა მთლად.
მერე კი ასე გამოვიდა, — სამი დღის წინ, საუზმის შემდეგ, ვარიამ ერასტ პეტროვიჩთან შეიარა კარავში და ნახა, რომ საწოლზე ჩაცმული წევს, ჭუჭყიანი ჩექმებით, და ღრმა ძილით სძინავს. წინა დღით არ ჩანდა და ეტყობა, მხოლოდ გამთენიისას დაბრუნდა. ვარიას უნდოდა, ჩუმად გაპარულიყო, მაგრამ უცებ შეამჩნია, რომ გახსნილი საყელოდან მძინარეს მკერდზე ვერცხლის მედალიონი უციმციმებდა. ცდუნება მეტისმეტად დიდი იყო. ვარია ფეხისწვერებზე მიიპარა საწოლთან, ისე, რომ ფანდორინისთვის მზერა არ მოუცილებია. ის თანაბრად სუნთქავდა, პირი გაღებული ჰქონდა და ახლა ტიტულიანი მრჩეველი იმ ბიჭს ჰგავდა, საონავროდ პუდრით რომ შეუთეთრებია საფეთქლები.
ვარიამ ფრთხილად, ორი თითით ასწია მედალიონი, ჩხაკუნით ახადა სახურავი და პატარა პორტრეტი დაინახა. ვიღაც თოჯინა, მედჰენ-გრეტჰენი: ოქროსფერი კულულები, თვალები, პირი, ლოყები.
დიდი არაფერი. ვარიამ დამცინავად გადახედა მძინარეს და გაწითლდა — გრძელი წამწამებიდან სერიოზული თვალები მისჩერებოდნენ, ღია ცისფერი, ძალიან შავი წერტილებით.
ახსნა-განმარტება სისულელე იქნებოდა და ვარია გაიქცა, რაც აგრეთვე არ გამოვიდა ჭკვიანური, მაგრამ უსიამოვნო სცენას ხომ მაინც გადაურჩა. რაც უნდა უცნაური იყოს, შემდეგში ფანდორინი ისე იქცეოდა, თითქოს ეს ეპიზოდი სრულიად არ მომხდარაო.
ცივი, უსიამო კაცია, გარეშე საუბრებში იშვიათად ჩაერევა, ხოლო თუ ჩაერევა, მაშინ აუცილებლად იტყვის რაღაც ისეთს, რაზეც ვარია ყალყზე დგება. აი, თუნდაც, ავიღოთ კამათი პარლამენტსა და ხალხის ძალაუფლებაზე, პიკნიკის დროს რომ გაჩაღდა (გორების გადაღმა წავიდნენ დიდ კომპანიად და ფანდორინიც ძალით გაიყოლიეს, თუმცა იგი თავის ბუნაგში დასაწოლად მიიწევდა).
დერვემ კონსტიტუციაზე წამოიწყო ლაპარაკი, რომელიც თურქეთში გასულ წელს შემოიღო ყოფილმა დიდმა ვეზირმა მიდჰათ-ფაშამ. საინტერესო იყო. აბა, უყურე, — ველური, აზიური ქვეყანაა და პარლამენტი აქვს, რუსეთს კი არ ჰგავს!
მერე კამათი დაიწყეს, რომელი საპარლამენტო სისტემა უფრო უკეთესიაო. მაკლაფლინი ბრიტანულს ემხრობოდა, დერვე, ფრანგი კი არის, მაგრამ — ამერიკულს, სობოლევი კი რაღაც განსაკუთრებულს იჩემებდა, ჭეშმარიტად რუსულს, თავადურ-გლეხურს.
ვარიამ რომ არჩევანის უფლება მოითხოვა ქალებისთვის, ყველამ მასხარად აიგდო.
სალდაფონმა სობოლევმა დაცინვა დაუწყო:
— ოჰ, ვარვარა ანდრეევნა, თქვენ, ქალებს, ოღონდ კი საარჩევნო ხმა მოგცათ. მაშინ ხომ მხოლოდ ლამაზმან დუსია-პუსიებს აირჩევთ პარლამენტში. თქვენ რომ არჩევანის საშუალება მოგეცეთ, ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკისა და ამ ჩვენ როტმისტრ ზუროვს შორის, — რომელს ჩაუგდებდით კენჭს, ჰა? საქმეც ესაა.
— ბატონებო, ნუთუ პარლამენტში იძულებით ირჩევენ? — შეშფოთდა ჰუსარი და ყველა უფრო მეტად გამხიარულდა. ვარია ამაოდ მოჰყვა ამერიკულ ტერიტორია ვაიომინგში თანაბარ უფლებებზე, სადაც ქალებს ხმის მიცემის უფლება აქვთ და ვაიომინგს ამის გამო არავითარი საშინელება არ დამართნია. მისი სიტყვები სერიოზულად არავის მიუღია.
— და თქვენ რაღას გაჩუმებულხართ? — შეუძახა ვარიამ ფანდორინს და იმანაც ხმა ამოიღო, მაგრამ ისეთი თქვა, აჯობებდა, გაჩუმებულიყო:
— მე, ვარვარა ანდრეევნა, საზოგადოდ დემოკრატიის მოწინააღმდეგე ვარ, — თქვა და გაწითლდა, — ერთი ადამიანი თავიდანვე არაა მეორის თანასწორი და აქ ვეღარაფერს გახდები. დემოკრატიული პრინციპი ზღუდავს იმათ უფლებებს, ვინც უფრო ჭკვიანია, ტ-ტალანტიანი, მშრომელი. მათ სულელების, უნიჭოებისა და ზარმაცების ბრმა ნების ტყვეობაში ამყოფებს.
იმიტომ, რომ ეს უკანასკნელნი ყოველთვის მეტნი არიან საზოგადოებაში. მოდი, ჯერ ჩემი და თქვენი თანამემამულეები ღორობას გადაეჩვიონ, მ-მოქალაქის სახელის ტარების უფლება მოიპოვონ და აი, მერე ვიფიქროთ პარლამენტზე.
ამ გაუგონარმა განცხადებამ ვარია დააბნა, მაგრამ დერვე წაეშველა.
— და მაინც, თუკი ქვეყანაში უკვე დანერგილია საარჩევნო უფლება, — რბილად თქვა მან (ლაპარაკი, რასაკვირველია, ფრანგულად მიდიოდა), — უსამართლობა იქნება, გავანაწყენოთ მთელი კაცობრიობის ნახევარი და თანაც უკეთესი.
ეს შესანიშნავი სიტყვები რომ გაახსენდა, ვარიამ გაიღიმა, გვერდზე გადაბრუნდა და დერვეზე დაიწყო ფიქრი.
მადლობა ღმერთს, რომ ბოლოს და ბოლოს, კაზანზაკიმ თავი დაანება ამ კაცს.
გენერალი კრიდენერი სულ იმაზე ოცნებობდა, რომელიღაც ინტერვიუს საფუძველზე მიეღო სტრატეგიული გადაწყვეტილება! საწყალი დერვე სულ ბოდიშობდა, ყველა გამვლელ-გამომვლელს ახსნა-განმარტებებს აძლევდა და სულ თავს იმართლებდა. ასეთი დამნაშავე და უბედური გაცილებით მოსწონდა ვარიას, თუ ადრე ცოტა საკუთარი თავის მოყვარული ჩანდა, მეტისმეტად მიჩვეული საყოველთაო აღფრთოვანებას და ვარიაც საგანგებოდ იცავდა დისტანციას, ახლა იყო ამის საჭიროება გაქრა და ვარია უბრალოდ და ალერსიანად ექცოდა ფრანგს. ამჩატებული კაცი იყო, მხიარული, ერასტ პეტროვიჩს კი არ ჰგავდა, და საშინლად ბევრი იცოდა — თურქეთზეც, ძველ აღმოსავლეთზეც, საფრანგეთის ისტორიაზეც. სად აღარ გადაეგდო თავგადასავალთა წყურვილს! და რა საყვარლად ჰყვებოდა იმ თავის რეციტს დროლეს (ანეკდოტები — ფრანგ.) — მახვილგონივრულად, ცოცხლად, თან¬მიმდევრულად. ვარიას ძალიან უყვარდა, როცა დერვე განსაკუთრებულ პაუზას გააკეთებდა მის რომელიმე შეკითხვაზე, დამაინტრიგებლად გაიღიმებდა და იდუმალი გამომეტყველებით იტყოდა: „ოჰ, ც’ესტ ტოუტე უნე ჰისტოირე, მადემოისელლე“ („ოჰ, ეს ხომ მთელი ისტორიაა, მადმუაზელ“ — ფრანგ.).
და პირქუში ფანდორინისგან განსხვავებით, იქვე მოჰყვებოდა მთელ იმ ისტორიას.
ხშირად ეს ისტორიები სასაცილო იყო, ზოგჯერ კი საშინელი.
ერთი მათგანი ვარიამ განსაკუთრებით კარგად დაიმახსოვრა.
„აი, თქვენ, მადმუაზელ ვარია, აზიატებს ლანძღავთ, ადამიანის სიცოცხლეს რომ არ უფრთხილდებიან და სწორადაც იქცევით (საუბარი ბაშიბუზუკების მხეცობას შეეხებოდა), მაგრამ ესენი ხომ ველურები არიან, ბარბაროსები, თავისი განვითარებით არცთუ ისე შორს არიან რომელიმე ვეფხვის ან ნიანგისაგან. აი, მე აგიწერთ სცენას, რომელსაც ქვეყნებიდან ყველაზე ცივილიზებულ ინგლისში შევესწარი. ო, ეს მთელი ისტორიაა... ბრიტანელები იმდენად აფასებენ ადამიანის სიცოცხლეს, რომ ცოდვათაგან ყველაზე უარესად თვითმკვლელობა მიაჩნიათ — და გულხელდაკრეფის მცდელობას სიკვდილით სჯიან. აღმოსავლეთში ამდენი ჯერ ვერ მოიფიქრეს. რამდენიმე წლის წინ, როცა ლონდონში ვიყავი, იქაურ ციხეში პატიმარი უნდა ჩამოეხრჩოთ. მან საშინელი დანაშაული ჩაიდინა — როგორღაც სამართებელი იშოვა, ყელის გამოჭრა სცადა და ნაწილობრივ ეს მოასწრო კიდეც, მაგრამ დროზე გადაარჩინა სატუსაღოს ექიმმა.
მე გამაოცა მოსამართლის ლოგიკამ და გადავწყვიტე, დაუყოვნებლივ, საკუთარი თვალით მენახა ეგზეკუცია. ჩემი კავშირები გამოვიყენე, სასჯელზე საშვი ვიშოვე და არც გავწბილებულვარ.
სიკვდილმისჯილმა სახმო სიმები დაიზიანა და მხოლოდ ხრიალი შეეძლო, ამიტომ საბოლოო სიტყვას გვერდი აუარეს.
საკმაოდ დიდხანს კამათობდნენ ექიმთან, რომელმაც განაცხადა, ამ კაცის ჩამოხრჩობა არ შეიძლება — ჭრილობა გაიხსნება და ჩამოკიდებული პირდაპირ ტრაქეით ისუნთქებსო. პროკურორმა და ციხის უფროსმა მოითათბირეს და ჯალათს უბრძანეს, საქმეს შესდგომოდა, მაგრამ ექიმი მართალი გამოდგა: ყელზე შემოჭერილმა ყულფმა ჭრილობა გახსნა და თოკზე ჩამოკონწიალებულმა საზარელი სტვენით დაიწყო ჰაერის შეწოვა. ეკიდა ხუთი, ათი, თხუთმეტი წუთი და არ კვდებოდა — მხოლოდ სახე ულურჯდებოდა.
გადაწყვიტეს, ის მოსამართლე გამოეძახათ, ვინც განაჩენი გამოიტანა. რაკი სასჯელის აღსრულება განთიადისას ხდებოდა, მოსამართლეს დიდხანს აღვიძებდნენ. ის ერთი საათის შემდეგ მოვიდა და სოლომონივით გადაწყვიტა: ბრალდებული სახრჩობელიდან ჩამოეხსნათ და ხელახლა ჩამოეკიდათ, მაგრამ ამჯერად ყულფი ჭრილობის მაღლა კი არა, დაბლა შემოეტარებინათ. ასეც მოიქცნენ.
ამჯერად ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ესეც თქვენი ნაყოფი ცივილიზაციისა“.
ჩამოხრჩობილი, მოხარხარე ყელით, იმავე ღამით ესიზმრა ვარიას. „არავითარი სიკვდილი არ არსებობს, — თქვა ყელმა დერვეს ხმით და სისხლით შეიღება, — არის მხოლოდ სტარტთან დაბრუნება“.
მაგრამ სტარტთან დაბრუნება — ეს უკვე სობოლე¬ვისეული იყო.
— აჰ, ვარვარა ანდრეევნა, მთელი ჩემი ბარიერებზე ხტუნვაა, — ეუბნებოდა ახალგაზრდა გენერალი და მწუხარედ არხევდა მოკლედ შეკრეჭილ თმას, — ოღონდ მსაჯი დაუსრულებლად მხსნის დისტანციიდან და სტარტთან მაბრუნებს. თავად განსაჯეთ. კავალერგარდობით დავიწყე, პოლონელებთან ომში თავიც გამოვიჩინე, მაგრამ სულელურ ამბავში გავები ერთ პანასთან, — და უკან, სტარტზე... გენშტაბის აკადემია დავამთავრე, თურქესტანში გამამწესეს, — იქ კიდევ იდიოტური დუელი სასიკვდილო შედეგით და ისევ სტარტზე მიკრეს თავი. თავადის ქალი შევირთე, ვიფიქრე, ბედნიერი ვიქნები-მეთქი — რაზეა ლაპარაკი...
ისევ მარტო ვარ. ბევრის მნდომი ცოტასაც დაკარგავსო. ისევ უდაბნოში წასვლა ვითხოვე, არც თავს ვინდობდი და არც ხალხს, სასწაულით გადავრჩი ცოცხალი — და ისევ არაფერი... უმიზნოდ ვარ, მდგმურად და ახალ სტარტს ველოდები. ოღონდ ვეღირსები კი?
სობოლევი, დერვესგან განსხვავებით, სულაც არ იყო საბრალო. ჯერ ერთი, სტარტის თაობაზე მიშელი თავს ისაწყლებდა, თავს იწონებდა — ასეა თუ ისე, ოცდაცამეტი წლისაა და ამალის გენერალია, ორი „გიორგის“ ჯვარი აქვს და ოქროს ხმალი. და მეორეც, მეტისმეტად ცდილობდა სიბრალულის გამოწვევას.
ეტყობა, ჯერ კიდევ იუნკრობისას აუხსნეს უფროსმა მეგობრებმა, რომ სასიყვარულო ვიქტორია ორი გზით მიიღწევა — ან კავალერიის შეტევით, ანდა თანაგრძნობას დახარბებული ქალის გულისკენ აპროშების გაჭრით.
აპროშებს კი სობოლევი საკმაოდ ულაზათოდ თხრიდა, მაგრამ მისი არშიყობა ვარიას მაინც ეამებოდა, — რაც უნდა იყოს, ნამდვილი გმირია, თუმცა, სახეზე სულელური ცოცხით. დელიკატურ რჩევაზე, წვერის ფორმა შეეცვალა, გენერალი ვაჭრობას იწყებდა, — მზად ვარ, ეს მსხვერპლი გავიღო, მაგრამ სანაცვლოდ განსაზღვრული გარანტიები უნდა მქონდესო. გარანტიების მიცემა კი ვარიას მიზნებში არ შედიოდა.
ხუთი დღის წინ სობოლევი ბედნიერი მოვიდა, — ბოლოს და ბოლოს, მიიღო საკუთარი რაზმი, კაზაკთა ორი პოლკი და პლევნის შტურმში მიიღებს მონაწილეობას, კორპუსის სამხრეთ ფლანგს დაიცავს. ვარიამ წარმატებული სტარტი უსურვა. შტაბის უფროსად მიშელმა პერეპიოლკინი აიყვანა, თანაც მოსაწყენ კაპიტანზე ასეთი რამ თქვა:
— დადიოდა, მეღიჯინებოდა, თვალებში შემომყურებდა, ჰოდა, მეც ავიყვანე. და როგორ ფიქრობთ, ვარვარა ანდრეევნა? ერემეი იონოვიჩი, მართალია, გულისგამაწვრილებლად აბეზარია, მაგრამ მარჯვე, ნამდვილი გენერალურშტაბელი. ოპერატიულ განყოფილებაში იცნობენ, სასარგებლო ცნობებს აწვდიან და თანაც ვხედავ, რომ ჩემი ერთგულია, — არ ავიწყდება ბაშიბუზუკებისგან რომ ვიხსენი.
მე კიდევ ცოდვილი კაცი ვარ, ხელქვეითებში განსაკუთრებულად ვაფასებ ერთგულებს.
ახლა სობოლევს უამრავი საზრუნავი ჰქონდა, მაგრამ გუშინწინ მისმა შიკრიკმა, სერიოჟა ბერეშჩაგინმა, მისი აღმატებულების გამოგზავნილი წითელი ვარდების თაიგული მოიტანა. ვარდები ბოროდინოს გოლიათებივით იდგნენ და წაქცევას არ აპირებდნენ. მთელი კარავი გაიჟღინთა სქელი, ზეთოვანი სურნელით.
შუალედში, გენერლის უკუქცევისას რომ შეიქმნა, ზუროვი შემოიჭრა, საკავალერიო შეტევების მტკიცე მომხრე. ვარიას სიცილი წასკდა, როცა გაიხსენა, როგორ ცუდად ჩაატარა როტმისტრმა წინასწარი რეკოგნოსცირება.
— აი, ამისთანა ბელვიუა, მადამ ბუნება! — თქვა ერთხელაც, გაბოლილი პრესკლუბიდან ვარიას რომ გამოჰყვა, რომელსაც მზის ჩასვლის ცქერა ჩაეფიქრებინა და დროის დაუკარგავად თემა შეცვალა, — დიდებული კაცია ერაზმი, არა? ზეწარივით სუფთა სულისაა და ბრწყინვალე მეგობარია, თუმც, რასაკვირველია, ბაიყუშია.
აქ ჰუსარმა პაუზა გააკეთა, მოლოდინით უყურებდა ქალს ლამაზი, თავხედი თვალებით. ვარია უცდიდა, რა მოჰყვებოდა ამას.
— კარგი ვიღაცაა, თანაც კიდევ შავთმიანი. ჰუსარის მუნდირში მთლად ყოჩაღი იქნებოდა, — თავისი ხაზი მტკიცედ მიჰყავდა ზუროვს, — ეს ახლა დაიარება გაწუწული ქათამივით, მაგრამ ნეტავ ადრინდელი ერაზმი გენახათ! ცეცხლი! არაბეთის ქარიშხალი!
ვარია ამ ცრუპენტელას უნდოდ უყურებდა, რაკი ტიტულიანი მრჩევლის წარმოდგენა „არაბეთის ქარიშხლად“ სრულიად შეუძლებელი რამ იყო.
— რატომ შეიცვალა ასე? — შეეკითხა ვარია, რამე მაინც რომ გაეგო ერასტ პეტროვიჩის გამოუცნობ წარსულზე, მაგრამ ზუროვმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა:
— ეშმაკმა უწყის. ერთი წელიწადია, ერთმანეთი არ გვინახავს.
სხვა რა უნდა ყოფილიყო, თუ არა საბედისწერო სიყვარული. თქვენ ხომ ჩვენ, კაცები, უსულგულო ბრიყვები გგონივართ, არადა, ფიცხი სული გვაქვს, ადვილად მოწყვლადი, — მწუხარედ ჩაქინდრა თავი, — გული თუ გაგიტყდა, ოცი წლისაც მოხუცად იქცევი.
ვარიამ დაიქსუტუნა:
— რა ოცისა, სახეზე არ გეტყობათ.
— ჩემზე კი არა, ფანდორინზე ვამბობ, — აუხსნა ჰუსარმა, — ეგ ხომ მხოლოდ ოცდაერთი წლისაა.
— ვინ, ერასტ პეტროვიჩი?! — გაიკვირვა ვარიამ, — მორჩით, ეს მე ვარ ოცდაორი წლისა.
— ჰოდა, მეც მაგას არ ვამბობ? — გამოცოცხლდა ზუროვი, — ვინმე უფრო სოლიდური გინდათ, ოცდაათ წლამდე რომ იყოს.
მაგრამ ამ ცნობით გაოცებული ვარია აღარ უსმენდა. ფანდორინი მხოლოდ ოცდაერთისაა? ოცდაერთის?! წარმოუდგენელია! კაზანზაკიმაც „ვუნდერკინდი“ უწოდა. ანუ, ტიტულიან მრჩეველს, რასაკვირველია, სახე ბიჭური კი აქვს, მაგრამ თავის დაჭერის მანერა, გამოხედვა, ჭაღარა საფეთქლები?! ერასტ პეტროვიჩ, ასე რამ გაგყინათ, ჰა?
ჰუსარმა ვარიას დაბნეულობა თავისებურად ახსნა, გაიჯგიმა და გამოაცხადა:
— ჰოდა, საით ვუკაკუნებ, — თუკი იმ არამზადა ერაზმმა დამასწრო, დაუყოვნებლივ უკან დავიხევ. რასაც უნდა ლაპარაკობდნენ ავისმოსურნენი, მადმუაზელ, ზუროვი — პრინციპული კაცია. არასოდეს ხელყოფს იმას, რაც მეგობარს ეკუთვნის.
— ამას ჩემზე ამბობთ? — მიხვდა ვარია, — თუ მე „ის ვარ, ვინც ფანდორინს ეკუთვნის“, ხელს არ მახლებთ და თუ „ის არ ვარ“, — მახლებთ? სწორად გაგიგეთ?
ზუროვმა დიპლომატიურად აათამაშა წარბები, სხვათა შორის, ოდნავადაც არ დაურცხვენია.
— მე ვეკუთვნი და ყოველთვის მივეკუთვნები საკუთარ თავს, მაგრამ მე საქმრო მყავს, — მკაცრად უთხრა თავხედს ვარიამ.
— გავიგე, მაგრამ ბატონი პატიმარი ჩემს მეგობართა წრეს არ ეკუთვნის, — მიუგო გამხიარულებულმა როტმისტრმა და რეკოგნოსცირებაც ამით დასრულდა.
შემდეგ საკუთრივ შეტევა დაიწყო.
— გნებავთ სანაძლეო, მადმუაზელ? თუკი გამოვიცნობთ, პირველი ვინ გამოვა კარვიდან, თქვენ მე კოცნას მაჩუქებთ. ვერ გამოვიცნობ და პირწმინდად ვიპარსავ თავს, ბაშიბუზუკივით.
გადაწყვიტეთ! მართლა, რისკი თქვენთვის მინიმალურია, — იქ, კარავში ოცი კაცი მაინც არის.
ვარიას თავისი ნების საწინააღმდეგოდ ტუჩები ღიმილმა გაუპო.
ზუროვმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს ჩაფიქრდა და განწირულად გაიქნია თავი:
— ეჰ, მშვიდობით, ჩემო კულულებო... პოლკოვნიკი საბლინი. არა, მაკლაფლინი. არა... მებუფეტე სემიონი, აი, ვინ!
მან ხმამაღლა ჩაახველა და წამის შემდეგ კლუბიდან აბრეშუმის წინსაფრის კალთაზე ხელების წმენდით გამოვარდა მებუფეტე. საქმიანად შეხედა მოწმენდილ ცას, ჩაილაპარაკა: „ოჰ, ნეტავ კი წვიმა არ მოვიდოდეს“, — და უკან შებრუნდა, ზუროვს არც კი შეხედა.
— ეს საოცრებაა, ზეციური ნიშანი! — წამოიყვირა გრაფმა, ულვაშები გადაიგრიხა და აკისკისებული ვარიასკენ დაიხარა.
ვარიას ეგონა, ლოყაზე მაკოცებსო, როგორც პეტია აკეთებდა ყოველთვის, მაგრამ ზუროვმა ტუჩებში დაუმიზნა და კოცნა გრძელი, საუცხოო, თავბრუდამხვევი გამოდგა.
ბოლოს, რომ იგრძნო, სადაცაა გაიგუდებოდა, ვარიამ ხელი ჰკრა კავალერისტს და გულზე იტაცა ხელები.
— ვაი... აი, ახლა ისეთ სილას გაგაწნავთ, — მინავლული ხმით დაემუქრა ვარია, — ხომ მაფრთხილებდა კეთილი ხალხი, რომ პატიოსნად არ თამაშობთ.
— სილისთვის ორთაბრძოლაში გამოგიწვევთ.
და უეჭველად, დავმარცხდები, — თვალები გადაატრიალა და წაიკნავლა გრაფმა.
ამ კაცზე გაბრაზება შეუძლებელი იყო...
კარავში ჩამრგვალებული და ბენტერა გოგოს, ლუშკას მრგვალი ფიზიონომია გამოჩნდა, მოწყალების დებთან მოსამსახურისა და მზარეულის მოვალეობას რომ ასრულებდა, დაჭრილების მატებისას კი სანიტარიც იყო.
— ქალბატონო, ერთი სამხედრო გელოდებათ, — გამოსძახა ლუშკამ, — შავტუხა, ულვაშიანი და თაიგულიც აქვს. რა ვუთხრა?
ძაღლის ახსენეო, ეშმაკი, გაიფიქრა ვარიამ და კვლავ გაიღიმა. ზუროვის საალყო მეთოდები გვარიანად ართობდა.
— დამელოდოს. მალე მოვალ, — თქვა ვარიამ და მოსასხამი მოიხსნა.
მაგრამ ჰოსპიტლის კარვების მახლობლად, სადაც ყველაფერი მზად იყო ახალი დაჭრილების მისაღებად, ჰუსარი კი არ დასეირნობდა, არამედ კეთილსურნელოვანი სუნამონაპკურები პოლკოვნიკი ლუკანი, — კიდევ ერთი მაძიებელი.
ვარიამ მძიმედ ამოიოხრა, მაგრამ უკან დახევა გვიანი იყო.
— რავისსანტე ცომმე ლ’აურორე! („მომხიბლავი, როგორც ცისკრის ქალღმერთი!“ — ფრანგ.) — ვარიას ხელისკენ დააპირა გაწევა პოლკოვნიკმა, მაგრამ შედგა, თანამედროვე ქალების ამბავი გაახსენდა.
ვარიამ თავი დაუკრა, თაიგულზე უარი უთხრა, შეხედა ოქროს ბუზმენტებით აბრჭყვიალებულ მუნდირს და ცივად ჰკითხა:
— რატომ მართავთ დილიდანვე ამ აღლუმს?
— ბუქარესტში მივდივარ, სამხედრო საბჭოზე, მის უდიდებულესობასთან, — თავმომწონედ განაცხადა პოლკოვნიკმა, — დასამშვიდობებლად და საუზმით გასამასპინძლებლად შემოგიარეთ.
ლუკანმა ტაში შემოჰკრა და ამ დროს კუთხიდან მდიდრული ეტლი გამოვიდა.
სადავეებთან გაკიწკიწებულფორმიანი დენშჩიკი იჯდა, თეთრი ხელთათმანებით.
— გთხოვთ, — თავი დაუკრა ლუკანმა და უნებურად დაინტერესებული ვარია ზამბარებიან სავარძელში ჩაჯდა.
— სად მივდივართ? — შეეკითხა ვარია, — ოფიცრების კანტინაში?
რუმინელმა მხოლოდ იდუმალად გაიღიმა, თითქოს თანამგზავრს ცხრა მთას იქით უპირებდა გაქროლებას.
საერთოდ, ბოლო ხანს პოლკოვნიკი უცნაურად იქცეოდა. ღამღამობით ძველებურად უჯდა კარტს, მაგრამ თუკი ზუროვთან ავბედითი ნაცნობობის პირველ დღეებში მოშხამული და უბედური გამომეტყველება ჰქონდა, ახლა გამოკეთდა და, თუმც არცთუ ცოტა ფულს აგებდა, ოდნავადაც არ იტეხდა გულს.
— როგორ ჩაიარა გუშინდელმა თამაშმა? — ვარიამ ლუკანს ყავისფერი წრეები შენიშნა თვალებქვემოთ და ამიტომ შეეკითხა.
— ბოლოს და ბოლოს, ფორტუნა ჩემკენ შემობრუნდა, — სახე გაუბრწყინდა პოლკოვნიკს, — მორჩა, თქვენს ზუროვს აღარ უმართლებს. ცნობილია თუ არა თქვენთვის დიდი რიცხვების კანონი? თუკი დღითიდღე დიდ თანხას ჩახვალთ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოიგებთ.
როგორც ვარიას ახსოვდა, პეტიამ ეს თეორია ცოტა სხვანაირად აუხსნა, მაგრამ კამათს ხომ არ დაუწყებდა.
— გრაფის მხარეს ბრმა წარმატებაა, ხოლო ჩემკენ — მათემატიკური გათვლა და უშველებელი სიმდიდრე.
აი, ვნახოთ, — თითებზე დაიწყო ჩამოთვლა, — წავაგე ჩემი საგვარეულო ბეჭედი. ინდური ალმასი, თერთმეტკარატიანი. ჩემმა წინაპარმა ჩამოიტანა ჯვაროსნული ლაშქრობიდან.
— ნუთუ რუმინელებიც მონაწილეობდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობებში? — წინდაუხედავად გაიკვირვა ვარიამ და ამიტომ მთელი ლექცია მოსმინა პოლკოვნიკის საგვარეულოზე, რომელიც რომაელი ლეგატის, ლუკან მაპრიციუს ტულასგან წარმოდგებოდა.
ამასობაში ეტლი ბანაკის საზღვრებს გასცდა და ჩრდილიან ჭალასთან შეჩერდა. ბერმუხის ძირში თეთრად ანათებდა გახამებული სუფრაგადაფარებული მაგიდა, ხოლო ზედ იმდენი გემრიელი კერძი იყო, რომ ვარიას მაშინვე მოშივდა. აქ იყო ნაირ-ნაირი ფრანგული ყველი, ხილი, შებოლილი ორაგული, ვარდისფერი შაშხი, მეწამული კიბოები, ვერცხლისფერ ვედროში მყუდროდ ჩაედგათ ლაფიტის ბოთლი.
უთუოდ უნდა ეღიარებინა ლუკანის ზოგიერთი ღირსება.
როცა პირველი ბოკალი ასწიეს, შორს ყრუდ დაიგრუხუნა და ვარიას გული მოეწურა. ასე როგორ გაერთო! შტურმი დაიწყო. იქ ახლა დახოცილები ეცემიან, დაჭრილები კვნესიან, თვითონ კი...
ვარიამ დანაშაულის შეგრძნებით გასწია ადრეული ზურმუხტისფერი ყურძნით სავსე ვაზა და თქვა:
— ღმერთო, ყველაფერი გეგმის მიხედვით მაინც წავიდოდეს.
პოლკოვნიკმა უცებ გადაჰკრა და მაშინვე დაისხა.
ჭამისას შენიშნა:
— გეგმა, რა თქმა უნდა, კარგია. როგორც მისი უდიდებულესობის პირადი წარმომადგენელი, ვიცნობ და გარკვეულწილად შედგენაშიც ვმონაწილეობდი. განსაკუთრებით მახვილგონივრულია შემოვლითი მანევრი გორების მწკრივის საფარქვეშ. შახოვსკისა და ველიამინოვის კოლონები აღმოსავლეთიდან მიდიან პლევნაზე. სობოლევის მცირე რაზმი სამხრეთიდან მიიქცევს ოსმან-ფაშას ყურადღებას. ქაღალდზე ლამაზად გამოიყურება, — ლუკანმა ბოკალი გამოცალა, — მაგრამ ომი, მადმუაზელ ვარვარა, ქაღალდი არ არის და თქვენს პატრიოტებს არა გამოუვათ რა.
— მაგრამ რატომ? — ამოიოხრა ვარიამ,
პოლკოვნიკმა გაიცინა და თითი მიიკაკუნა საფეთქელზე.
— მე სტრატეგი გახლავართ, მადმუაზელ, და თქვენს გენშტაბელებზე გაცილებით შორს ვიყურები. აქ (თავისი პლანშეტისკენ გაიქნია თავი) არის ჩემი პატაკის ასლი, ჯერ კიდევ გუშინ რომ ვაახლე თავად კარლს.
მე რუსებს სრულ ფიასკოს ვუწინასწარმეტყველებ და დარწმუნებული ვარ, მისი უდიდებულესობა სათანადოდ დააფასებს ჩემს გამჭრიახობას. თქვენი სარდლები მეტად კუდაბზიკები და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან, მეტისმეტად აფასებენ თავიანთ ჯარისკაცებს და ვერ აფასებენ თურქებს. და ვერც ჩვენ, რუმინელ მოკავშირეებს. არა უშავს, დღევანდელი გაკვეთილის შემდეგ მეფე თავად გვთხოვს დახმარებას, აი, ნახავთ.
პოლკოვნიკმა როკფორის გემრიელი ნაჭერი მოიტეხა, ხოლო ვარიას საბოლოოდ წაუხდა ხასიათი.
* * *
ლუკანის ავი წინასწარმეტყველება ახდა.
საღამოს ვარია და ფანდორინი პლევნისკენ მიმავალ გზისპირზე იდგნენ, ხოლო გზაზე დაუსრულებელ ნაკადად მოედინებოდა დაჭრილებიანი ურიკები. დანაკარგის დათვლა ჯერ არ დამთავრებულიყო, მაგრამ როგორც ჰოსპიტალში თქვეს, არანაკლებ შვიდი ათასი მწყობრის ჯარისკაცი დაეცაო. ამბობდნენ, რომ სობოლევმა გამოიჩინა თავი, თურქების კონტრშეტევა საკუთარ თავზე მიიღო, — მისი კაზაკები რომ არა, დამარცხება ასგზის უარესი იქნებოდა. გაოცებას იყვნენ თურქი არტილერისტები, რომლებმაც სატანური სიზუსტე გამოავლინეს და კოლონები ჯერ კიდევ გადაადგილებისას დაბომბეს, მანამ, სანამ ბატალიონები შეტევისათვის გაშლას მოასწრებდნენ.
ყველაფერ ამას ვარია ერასტ პეტროვიჩს უამბობდა, ის კი დუმდა — ან ყველაფერი უკვე იცოდა, ანდა თავზარდაცემული იყო, — ვერ გაიგებდი.
კოლონა გაიჭედა — ერთ-ერთ ურიკას ბორბალი მოსძვრა.
ვარიამ, რომელიც ცდილობდა, ნაკლებად ეცქირა დასახიჩრებულთათვის, ყურადღებით შეხედა დაკოჭლებულ საზიდარს და ამოივიშვიშა — ეცნო დაჭრილი ოფიცრის სახე, თეთრად რომ ელავდა ზაფხულის ჩრდილში.
ახლოს მივიდა, და მართლაც — ეს პოლკოვნიკი საბლინი იყო, კლუბის ერთ-ერთი მუდმივი მუშტარი. უგონოდ იწვა, სისხლიანი შინელი ეხურა. მისი სხეული უცნაურად მოკლე ჩანდა.
— ნაცნობია? — ჰკითხა პოლკოვნიკის გამცილებელმა ფერშალმა, — ჭურვმა ფეხები მოაგლიჯა. არ გაუმართლა.
ვარია უკან გაიქცა, ფანდორინისკენ და აქვითინდა.
დიდხანს ტიროდა, მერე ცრემლი გაუშრა, შემდეგ შესცივდა, ხოლო დაჭრილები სულ მოჰყავდათ და მოჰყავდათ.
— კლუბში ლუკანი სულელი ჰგონიათ, ის კიდევ კრიდენერზე ჭკვიანი გამოდგა, — თქვა ვარიამ, რადგან დუმილის ძალა აღარ შესწევდა.
ფანდორინმა კითხვის თვალი მიაპყრო და ვარიამაც აუხსნა:
— ჯერ კიდევ დილით მითხრა, ამ შტურმიდან არაფერი გამოვა. დისპოზიცია კარგია, მაგრამ სარდლები არ გივარგათო. და მაინცდამაინც არც ჯარისკაცები...
—ასე თქვა? — კიდევ ჩაეკითხა ერასტ პეტროვიჩი. — აი, თურმე რა ყოფილა.
ეს ცვლის...
და აღარ დაუმთავრებია, წარბები შეჭმუხნა.
— რას ცვლის?
სიჩუმე.
— რას ცვლის, ჰა? — გაბრაზდა ვარია, — რა ბრიყვული მანერაა! თქვათ „ა“ და აღარ თქვათ „ბ“! რა არის ეს, ბოლოს და ბოლოს?
ვარიას ძალიან მოუნდა, ტიტულიანი მრჩევლისთვის მხრებში წაევლო ხელი და ერთი მაგრად შეენჯღრია. გაბერილი, უზრდელი ძუძუმწოვარა! ინდიელთა ბელადი ჩინგაჩჰუკი ჰგონია თავი!
— ეს, ვარვარა ანდრეევნა, ღალატია, — მოულოდნელად თქვა ერასტ პეტროვიჩმა.
— ღალატი? რა ღალატი?
— ამას ჩვენ გავარკვევთ.
მაშ, ასე, — ფანდორინმა შუბლი მოიწმინდა, — პოლკოვნიკი ლუკანი, არცთუ გონიერი კაცი, მხოლოდ ის უწინასწარმეტყველებს რუსეთის არმიას დამარცხებას. ეს ერთი. დისპოზიციას იცნობდა და თან როგორც თავად კარლის წარმომადგენელმა მიიღო ასლი. ეს ორი. ოპერაციის წარმატება დამოკიდებული იყო გორების საფარქვეშ ჩატარებულ მანევრზე.
ეს სამი. ჩვენი კოლონები თურქულმა არტილერიამ კვადრატებში დაბომბა, წინასწარი დაზვერვის გარეშე. ესეც ოთხი. დასკვნა?
— თურქებმა წინდაწინ იცოდნენ, როდის და სად ესროლათ, — დაიჩურჩულა ვარიამ.
— ხოლო ლუკანმა წინასწარ იცოდა, რომ შეტევა წარუმატებელი იქნებოდა. სხვათა შორის, მეხუთე, — ბოლო დღეებში ამ კაცს ბევრი ფული გაუჩნდა საიდანღაც.
— მდიდარია. რაღაც საგვარეულო ძვირფასეულობა, მამულებიო, მიყვებოდა, მაგრამ უყურადღებოდ ვუსმენდი.
— ვარვარა ანდრეევნა, ამას წინათ პოლკოვნიკი ცდილობდა, სამასი მანეთი ესესხა ჩემგან, ხოლო მერე, რამდენიმე დღეში, თუკი ზუროვს დავუჯერებთ, თხუთმეტი ათასი წააგო. რასაკვირველია, იპოლიტს შეეძლო, ეცრუა...
— და მერე როგორ, — დაეთანხმა ვარია, — მაგრამ ლუკანმა მართლა ბევრი წააგო.
დღეს თავად მითხრა, ვიდრე ბუქარეშტში წავიდოდა.
— წავიდა?
ერასტ პეტროვიჩი შეტრიალდა და ჩაფიქრდა, დროდადრო თავს გააქნევდა ხოლმე. მისი სახე რომ დაენახა, ვარიამ შემოუარა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი დაუნახავს, — თვალებმოწკურული ფანდორინი მარსს შეჰყურებდა.
— აი, რა, ძ-ძვირფასო ვარვარა ანდრეევნა, — წყნარად დაიწყო ერასტ პეტროვიჩმა და ვარიას სული გაუთბა, — ჯერ ერთი, იმიტომ, რომ „ძვირფასო“... და მეორე, იმიტომ, რომ... — ისევ დაება ენა, — მაინც მომიწევს, დ-დახმარება გთხოვოთ, თუმცა, დაგპირდით...
— რაც გინდათ, გავაკეთებ! — მეტისმეტად სწრაფად ჩამოიყვირა ვარიამ და დაამატა, — პეტიას გადასარჩენად.
— ჰოდა, შესანიშნავია, — ფანდორინმა გამომცდელად შეხედა, — მაგრამ დ-დავალება ძალიან რთულია და არცთუ სასიამოვნო. მე მინდა, თქვენც გაემგზავროთ ბუქარეშტში, იქ ლუკანი მოძებნოთ და ს-სცადოთ, გაიგოთ, რა კაცია. ვთქვათ, გაარკვიეთ, მართლა ასეთი მდიდარია თუ არა. წააქეზეთ მისი პატივმოყვარეობა, ბაქიაობა, ს-სიბრიყვე.
ერთხელ ხომ წამოროშა თქვენთან ზედმეტი? ახლაც გაიფოფრება, — ერასტ პეტროვიჩი შეყოვნდა, — თქვენ ხომ ახალგაზრდა და მ-მიმზიდველი არსება ხართ...
ფანდორინმა ჩაახველა და გაჩუმდა, რადგან ვარიამ მოულოდნელობისგან დაუსტვინა. როგორც იქნა, კომანდორის ქანდაკებამ ქათინაური უთხრა. რა თქმა უნდა, არცთუ გულითადი, — „ახალგაზრდა მიმზიდველი არსება“, მაგრამ მაინც, მაინც...
თუმცა ფანდორინმა მაშინვე ყველაფერი გააფუჭა.
— რასაკვირველია, მარტო რომ წახვიდეთ, აზრი არ აქვს, თ-თან უცნაურიც იქნება. ვიცი, რომ დერვე აპირებს ბუქარეშტში წასვლას. ის, რა თქმა უნდა, უარს არ გეტყვით წაყვანაზე.
არა, ნამდვილად, ეს ადამიანი კი არა, ყინულის ნაჭერია, გაიფიქრა ვარიამ. აბა, სცადე და ამისთანა გაალხვე! ნუთუ ვერ ამჩნევს, რომ ფრანგი თავს დასტრიალებს? თუმცა, რა, ყველაფერსაც ხედავს, უბრალოდ, მაგას, როგორც ლუშკა იტყვის, სულ ფეხებზე ჰკიდია.
ეტყობა, ერასტ პეტროვიჩმა ვარიას უკმაყოფილო სახე თავისებურად ახსნა.
— ფულზე არ იდარდოთ. თქვენ ხომ ჯამაგირი გ-გერგებათ, სამგზავრო და ასე შემდეგ.
მე მოგცემთ. იქ რამე იყიდეთ, გაერთეთ.
— ჰო, შარლთან არ მოვიწყენ, — ნიშნის მოგებით თქვა ვარიამ.
მეშვიდე თავი
რომელშიც ვარია წესიერი ქალის სახელს კარგავს
„მოსკოვის საგუბერნიო უწყებანი“
22 ივლისი (3 აგვისტო), 1877წ.
კვირის ფელეტონი
როცა თქვენმა უმორჩილესმა მსახურმა შეიტყო, რომ ეს ქალაქი, ბოლო თვეებში ასე კარგად ათვისებული ჩვენი ზურგის უმაქნისებისგან, ძველ დროს დაარსებულ იქნა თავად ვლადის, მეტსახელად ძელზეგამსმელის, მიერ (ცნობილი, ასევე, როგორც დრაკულა), ბევრი რამ გაირკვა. ახლა გასაგებია, თუ რატომ იძლევიან ერთ რუბლში სამ ფრანკს და ისიც — უკეთეს შემთხვევაში, ანდა რატომ ჯდება ტრაქტირში უბრალო სადილი იმდენი, რამდენიც ბანკეტი „სლავურ ბაზარში“, ხოლო სასტუმროს ნომერში იმდენს იხდი, თითქოს ბუკინგემის სასახლე გიქირავებიაო. სწოვენ, სწოვენ წყეული სისხლისმსმელები რუსულ სისხლს, გემრიელად ილოკავენ ტუჩებს და თან ბუქნაობენ კიდეც. ყველაზე უსიამოვნო ისაა, რომ რუმინელ მმართველად მესამეხარისხოვანი გერმანელი პრინცის არჩევის შემდეგ, თავისი ავტონომიით რუსეთისგან რომ არის დავალებული, ამ დუნაის პროვინციას გერმანული სურნელი აუვიდა. ჰერ ბისმარკთან შეივლიან ხოლმე ბატონი თავადები, ჩვენი ძმა რუსი კიდევ განტევების ვაცია, — ჯიქანს უცარიელებენ, ცხვირს კი უბზუებენ. კაცი იფიქრებს, რუმინეთის თავისუფლებისთვის კი არ ღვრიან პლევნის მინდვრებზე თავიანთ წმინდა სისხლს...“
შეცდა ვარია, ძალიან შეცდა.
ბუქარეშტში წასვლა მოსაწყენი გამოდგა.
რუმინეთის სათავადო დედაქალაქში დასასვენებლად ფრანგის გარდა კიდევ რამდენიმე კორესპონდენტი მიდიოდა. ყველასთვის ნათელი იყო, რომ უახლოეს დღეებში და, შესაძლოა, კვირებშიც საომარ მოქმედებათა თეატრში საინტერესო აღარაფერი მოხდებოდა, — პლევნის სისხლისღვრის შემდეგ რუსები მალე ვერ გაიმართებოდნენ წელში. ჰოდა, ძმებმა ჟურნალისტებმაც ზურგის ცდუნებებისკენ აიღეს გეზი.
დიდხანს ემზადებოდნენ და მხოლოდ გუშინწინ გავიდნენ. ვარია, როგორც ქალი, მაკლაფლინთან გაამწესეს ბრიჩკაში, დანარჩენები ცხენებზე ამხედრდნენ და ფრანგის ცქერამ, შემაღონებლად ნელა მიმავალი „იატაგანით“ რომ მიდიოდა, შორიდან მოუწია, საუბარი კი ირლანდიელთან მოუხდა. იმან კი ვარიასთან ერთად ყოველმხრივ განიხილა კლიმატური პირობები ბალკანეთზე, ლონდონსა და შუა აზიაში, თავისი ეკიპაჟის რესორების მოწყობილობაზე უამბო და დაწვრილებით აღუწერა რამდენიმე მახვილგონივრული საჭადრაკო ეტიუდი. ყველაფერ ამისგან ვარიას განწყობა გაუფუჭდა, და შესვენებისას მძულვარებით უმზერდა გამოცოცხლებულ თანამგზავრებს, რომელთა რიცხვშიც სიარულისგან ლოყებშეფაკლული დერვეც იყო.
მგზავრობის მეორე დღე, — უკვე ალექსანდრია გაიარეს, — უფრო შემსუბუქდა, რადგან კავალკადას ზუ¬როვი წამოეწია. მან თავი გამოიჩინა ალყისას, სიმარჯვ¬ისთვის სობოლევის ადიუტანტადაც გაამწესეს, თითქოს გენერალს „ანაზეც“ უნდოდა მისი წარდგენა, მაგრამ ნაცვლად ამისა, ჰუსარმა ერთკვირიანი შვებულება დასტყუა, — როგორც ამბობდა, კამათლის გასაგორებლად.
თავდაპირველად ჰუსარი ვარიასთვის ყოჩაღობდა, — ჭენებისას ლურჯ მაჩიტელებს წყვეტდა, ოქროს იმპერიალებით ჟონგლიორობდა და უნაგირზე დგებოდა.
მერე სცადა, მაკლაფ¬ლინი¬სთვის გაეცვალა ადგილი, ხოლო როცა უნიათო, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო, თავის ალისფერ ფაშატზე ბრიყვი მეეტლე გადასვა, თავად დაჯდა სადავეებთან და ქალისკენ თავმიბრუნებული, ვარიას ართობდა თავის ჰეროიზმზე მონაგონით და ეჭვიანი ჟერომკა პერეპიოლკინის ხრიკებით, ვისთანაც ახალგამომცხვარი ადიუტანტი ძაღლი და კატასავით იყო. ამასობაში ჩავიდნენ კიდეც.
ლუკანის პოვნა, როგორც ერასტ პეტროვიჩი წინასწარმეტყველებდა, ძნელი არ გამოდგა. ინსტრუქციის თანახმად, ვარია ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმრო „რუაიალში“ დაბინავდა, პორტიეს პოლკოვნიკზე ჰკითხა და აღმოჩნდა, რომ სონ ეხცელლენცე-ს („მისი აღმატებულება“ — ფრანგ.) აქ კარგად იცნობენ, — გუშინაც და გუშინწინაც რესტორანში ტრიალებდა. ალბათ, დღესაც იქ იქნება.
დრო საღამომდე ბევრი იყო და ვარია სასეირნოდ ფეშენებელურ კალია-მოგოშოაზე წავიდა, კარვული ცხოვრების შემდეგ ნევის პროსპექტად რომ მოეჩვენა, — მდიდრული ეკიპაჟები, დუქნების ფანჯრებში — ზოლიანი მარკიზები, დამაბრმავებელი სამხრეთელი ლამაზმანები, სურათებიდან გადმოსული შავგვრემანები ცისფერ, თეთრ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ვარდისფერ სერთუკებშიც კი, და მუნდირები, მუნდირები, მუნდირები. რუსული და ფრანგული თვალში საცემად სჭარბობდა რუმინულს. ვარიამ ნამდვილ კაფეში ორი ფინჯანი კაკაო დალია, ოთხი ნამცხვარი შეჭამა და ლამის მთლად გამდნარიყო განცხრომისაგან, მაგრამ უნებურად შლაპების მაღაზიის ვიტრინაში ჩაიხედა და ამოიკვნესა. იმიტომაც იყურებიან შემხვედრი მამაკაცები გვერდზე და მის მიღმა!
ეს საფრთხობელა გახუნებული ცისფერი კაბითა და შელანძღული ჩალის ქუდით რუსი ქალის სახელს არცხვენდა.
ამ დროს კი ტროტუარებზე ისეთი მესალინები დაგოგმანებდნენ, სულ უახლეს პარიზულ მოდაზე ჩაცმულები!
რესტორანში ვარიამ საშინლად დაიგვიანა. მაკლაფლინს შვიდზე შეუთანხმდა, არადა, ცხრაზე გამოჩნდა. „დეილი პოსტის“ კორესპონდენტი, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი, რანდევუზე მაშინვე დათანხმდა (რესტორანში მარტო ხომ ვერ წავა, — კოკეტად ჩათვლიან), და არც დაგვიანება უსაყვედურია ერთი სიტყვითაც კი, მაგრამ ღრმად ბედკრული კაცის გამომეტყველება ჰქონდა. არა უშავს, ვალს გადახდა უნდა, — გზაზე ხომ გამოალაყა თავისი მეტეოროლოგიური ცოდნით, ჰოდა, ახლა სარგებელიც მოიტანოს.
ლუკანი ჯერ არ იყო დარბაზში და ვარიამ მხოლოდ და მხოლოდ თავაზიანობის გამო სთხოვა მაკლაფლინს, კიდევ ერთხელ აეხსნა ძველი სპარსული დაცვა. ირლანდიელმა, სულ რომ ვერ შეამჩნია ვარიას ჩაცმულობაში თუ გარეგნობაში მომხდარი ცვლილება (არადა, ექვსი საათი და თითქმის მთელი სამივლინებო ფული — ექვსას ოთხმოცდახუთი ფრანკი დახარჯა), ცივად შენიშნა, ამგვარ დაცვას სრულიად არ ვიცნობო. ამიტომ იძულებული შეიქნა, იმით დაინტერესებულიყო, ყოველთვის ასე თუ ცხელა ივნისის ბოლოს ამ განედებზე. თურმე ყოველთვის, მაგრამ ეს სულ არაფერია ბანგალორის ნესტიან სიცხესთან.
როცა თერთმეტის ნახევარზე მოოქრული კარი გაიღო და დარბაზში რომის ლეგატის მთვრალი შთამომავალი შემოვიდა, ვარიას ისე გაუხარდა, როგორც ნათესავის დანახვისას დაემართებოდა, წამოხტა და გულწრფელად გაშალა ხელები.
თუმცა ამ დროს გაუთვალისწინებელი გართულებაც გაჩნდა ფუმფულა წაბლისფერთმიანის სახით, მკლავზე რომ ეკიდა პოლკოვნიკს.
გართულებამ დაუფარავი მტრობით შეათვალიერა ვარია და ვარიას შერცხვა, — ფიქრადაც არ მოსვლია, რომ ლუკანი შეიძლებოდა ცოლიანი ყოფილიყო.
მაგრამ პოლკოვნიკმა ჭეშმარიტად მეომრული სიმტკიცით გადაწყვიტა პრობლემა, — თავის თანამგზავრს გრძელი შლეიფის ქვეშ მსუბუქად მოარტყა სილაქი და წაბლისფერთმიანი, რაღაც ბოროტად რომ ჩაისისინა, განრისხებული წავიდა. „ეტყობა, ცოლი არ არის“, გაიფიქრა ვარიამ და უფრო მეტად შერცხვა.
— ჩვენს მინდვრის ყვავილს ფურცლები დასცვივდა და მშვენიერი ვარდი გამოდგა!.. — წაიღიღინა ლუკანმა და მთელი დარბაზის გასაგონად უთხრა ვარიას, — როგორი კაბაა! როგორი შლაპა! ღმერთო, ნუთუ ელისეს მინდვრებზე ვარ!
რა თქმა უნდა, კოხტაპრუწა და უგვანია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა.
ვარიამ ნებაც კი მისცა, ხელი შეეთავაზებინა, პრინციპულად მოიქცა. საქმის სასარგებლოდ. პოლკოვნიკმა ირლანდიელს აშკარა კეთილგანწყობით დაუკრა თავი (მეტოქე არ იყო!) და მიწვევას არ დალოდებია, მაგიდას მიუჯდა. ვარიას მოეჩვენა, რომ მაკლაფლინსაც გაუხარდა რუმინელის მოსვლა. ნუთუ კლიმატზე ლაპარაკით დაიღალა? არა, ალბათ, არა.
ოფიციანტებს უკვე მიჰქონდათ მომჭირნე კორესპონდენტის მიერ შეკვეთილი ყავადანი და კექსი, მოჰქონდათ ღვინო, ტკბილეული, ხილი, ნაირ-ნაირი ყველი.
— ბუქარეშტი აღარ დაგავიწყდებათ! — დაჰპირდა ლუკანი, — ამ ქალაქში ყველაფერი მე მეკუთვნის!
— რას გულისხმობთ? — ჰკითხა ირლანდიელმა, — ქალაქში უძრავ ქონებას ფლობთ?
რუმინელმა პასუხის ღირსად არ ცნო.
— მომილოცეთ, მადმუაზელ, ჩემი პატაკი დამსახურებისამებრ დაფასდა, უახლოეს ხანში დაწინაურებას ველოდები.
— რომელი პატაკი? — კვლავ დაინტერესდა მაკლაფლინი, — რა დაწინაურება?
— დაწინაურება მთელ რუმინეთს ელის, — თავმომწონედ განაცხადა პოლკოვნიკმა, — ახლა სავსებით ცხადია, რომ რუსების იმპერატორმა გადაჭარბებულად შეაფასა თავისი არმიის ძალები.
სანდო წყაროებისგან ვიცი, — ხმა შესამჩნევად დაიდაბლა და დაიხარა, გადაგრეხილი ულვაშით ვარიას ლოყაზე ჩხვლეტდა, — რომ გენერალ კრიდენერს დასავლეთის ჯგუფის სარდლობიდან დაითხოვენ და ჯარებს, რომლებსაც ალყაში ჰყავთ პლევნა, ჩვენი თავადი კარლი უხელმძღვანელებს.
მაკლაფლინმა ჯიბიდან ბლოკნოტი ამოიღო და ჩაწერას შეუდგა.
— ღამის ბუქარეშტში განავარდებას ხომ არ ისურვებდით, მადმუაზელ ვარვარა? — პაუზით ისარგებლა და ყურში ჩასჩურჩულა ლუკანმა, — ისეთ რამეს გაჩვენებთ, თქვენს მოსაწყენ ჩრდილოეთის დედაქალაქში ვერ ნახავდით. გეფიცებით, მოსაგონებელი ბევრი გექნებათ.
— ეს რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებაა თუ, უბრალოდ, თავადი კარლის სურვილი? — ჰკითხა აბეზარმა ჟურნალისტმა.
— მისი უდიდებულესობის სურვილი სავსებით საკმარისია, — მოუჭრა პოლკოვნიკმა, — ურუმინეთოდ და მისი მამაცი ორმოცდაათიათასიანი არმიის გარეშე რუსები უსუსურნი იქნებიან. ო, ბატონო კორესპონდენტო, ჩემს ქვეყანას დიდი მომავალი აქვს. მალე, ძალიან მალე თავადი კარლი მეფე გახდება, ხოლო თქვენი მონა-მორჩილი, — დასძინა მან, ვარიას მიმართავდა, — მეტად მნიშვნელოვანი პერსონა შეიქმნება. შესაძლოა, სენატორიც კი. ჩემი გამჭრიახობა დამსახურებულად დაფასდა.
მაშ, რას იტყვით რომანტიკულ გასეირნებაზე? გთხოვთ.
— ვიფიქრებ, — დაჰპირდა მოღრუბლული ვარია, თან ფიქრობდა, როგორ შეებრუნებინა საუბარი საჭირო მიმართულებით.
ამ დროს რესტორანში ზუროვი და დერვე შემოვიდნენ, — საქმისთვის სულ არ იყვნენ საჭირო, მაგრამ ვარიას მაინც გაუხარდა — მათთან ლუკანს სიცქვიტე მოემატებოდა.
ვარიას მზერის მიმართულებით რომ გაიხედა, პოლკოვნიკმა უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა:
— „რუაიალი“ თანდათან ბაზარს ემსგავსება.
ცალკე კაბინეტში უნდა გადავსულიყავით.
— საღამო მშვიდობისა, ბატონებო, — ვარია მხიარულად მიესალმა ნაცნობებს, — ბუქარეშტი პატარა ქალაქია, არა? სწორედ ახლა პოლკოვნიკი თავის გამჭრიახობაზე გვეტრაბახებოდა. მან წინასწარ გამოიცნო, რომ პლევნას შტურმი მარცხით დასრულდებოდებოდა.
— მართლა? — ჰკითხა დერვემ და ყურადღებით დააკვირდა ლუკანს.
— შესანიშნავად გამოიყურებით, ვარვარა ანდრეევნა, — თქვა ზუროვმა, — ეს რა გაქვთ, მარტელი? ბოკალები აქეთ!
რუმინელმა კონიაკი დალია და ორივე მწუხარე მზერით გაზომა.
— ვის უწინასწარმეტყველა? როდის? — თვალები მოჭუტა მაკლაფლინმა.
— თავისი მეფის სახელზე დაწერილ პატაკში, — აუხსნა ვარიამ, — და ახლა პოლკოვნიკის გამჭრიახობა დამსახურების მიხედვით ფასდება.
— მიირთვით, ბატონებო, შესვით, — სტუმრები მიიპატიჟა ლუკანმა და უცებ წამოხტა, — მე გეპატიჟებით. მე და ქალბატონი სუვოროვა კი სასეირნოდ მივდივართ. დამპირდა.
დერვემ გაოცებით ასწია წარბები, ზუროვმა კი ურწმუნოდ წამოიძახა:
— ეს რა მესმის, ვარვარა ანდრეევნა? თქვენ ლუკანს მიჰყვებით?
ვარიას პანიკამდე ბევრი არაფერი აკლდა. ლუკანს რომ გაჰყოლოდა, სამუდამოდ შეილახავდა რეპუტაციას, თანაც გაურკვეველი იყო, რით დამთავრდებოდა ყველაფერი ეს. უარი რომ ეთქვა, მინდობილ დავალებას ჩააფლავებდა.
— ახლავე დავბრუნდები, ბატონებო, — წაიკნავლა და ჩქარი ნაბიჯით გასწია გასასვლელისკენ.
აზრის მოკრება სჭირდებოდა.
ფოიეში მაღალ, ბრინჯაოთი მოვარაყებულ სარკესთან შედგა, ხელი ალმოდებულ შუბლზე მიიდო. როგორ მოიქცეს? ავიდეს თავის ნომერში, ჩაიკეტოს და კაკუნზე არ უპასუხოს? მაპატიე, პეტია; ნუ დამსჯით, ბატონო ტიტულიანო მრჩეველო, არ გამოდგბა ვარია სუვოროვა ჯაშუშად.
კარმა გამაფრთხილებლად გაიჭრიალა და სარკეში, პირდაპირ ზურგს უკან, პოლკოვნიკის წითელ, გაბრაზებულ ფიზიონომიას მოჰკრა თვალი.
— მაპატიეთ, მადმუაზელ, მაგრამ მიხაი ლუკანს ასე არ ექცევიან. თქვენ ერთგვარ ავანსებს მიკეთებდით, ახლა კი სახალხოდ გადაწყვიტეთ ჩემი შერცხვენა?! რაღაც გეშლებათ! თქვენ აქ პრესკლუბი ხომ არ გგონიათ, ეს ჩემი სახლია!
მომავალი სენატორის გალანტურობისგან კვალიც არ დარჩენილა. თაფლისფერ-ყვითელნარევი თვალები უელავდა.
— წამოდით, მადმუაზელ, ეკიპაჟი გვიცდის, — და ვარიას მხარზე დაეცა მუქი, ბალნიანი ხელი, გასაოცრად ძლიერი, თითქოს რკინისგან ჩამოსხმული თითებით.
— თქვენ შეიშალეთ, პოლკოვნიკო! კურტიზანი ხომ არ გგონივართ! — წამოიყვირა ვარიამ და აქეთ-იქით მიმოიხედა.
ფოიეში საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, უმეტესად ბატონები საზაფხულო პიჯაკებში და რუმინელი ოფიცრები. ისინი ინტერესით შეჰყურებდნენ პიკანტურ სცენას, მაგრამ ქალბატონის გამოსარჩლებას (თან ქალბატონი არის კი?), ეტყობა, არ აპირებდნენ.
ლუკანმა რაღაც თქვა რუმინულად და მოსეირეებმა გაიცინეს.
— ასე ცეცხლოვანი ხარ, მარუსია? — ჰკითხა ერთ-ერთმა რუსულად და ისევ ახარხარდნენ.
პოლკოვნიკმა ძალით მოხვია ხელი წელზე და გასასვლელისკენ წაიყვანა, თან ისე მარჯვედ, რომ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა არ იყო.
— თავხედო! — წამოიძახა ვარიამ, უნდოდა, ლუკანისთვის სილაქი ეთავაზებინა, მაგრამ მან მოასწრო და მაჯაში სწვდა. ქალს არყისა და ოდკოლონის ოხშივარი შეაფრქვია. „ახლა გული ამერევა“, — შიშით გაიფიქრა ვარიამ.
თუმცა უეცრად პოლკოვნიკს ხელები თავისით გაეშვა.
რაღაცა ჯერ მჟღერად გატკაცუნდა, მერე გემრიელად გაიშხუილა და ვარიას გამნაწყენებელი კედლისკენ გაფრინდა. ლუკანს ცალი ლოყა სილაქმა აუწითლა, მეორე კი მუშტის ძლიერმა დარტყმამ გაუთეთრა. ორ ნაბიჯზე მხარდამხარ იდგნენ დერვე და ზუროვი. კორესპონდენტი მარჯვენა ხელის თითებს არხევდა, ჰუსარი კი მუშტს იზელდა მარცხენათი.
— მოკავშირეებს შორის შავმა კატამ გაირბინა, — დაასკვნა იპოლიტმა, — და ეს მხოლოდ დასაწყისია. ლუკა, ცხვირ-პირის დამტვრევას ვერ გადაურჩები. ქალს რომ ასე მოექცევი, შუბლს გაგიხვრეტენ.
დერვეს არაფერი უთქვამს, — უსიტყვოდ წაიძრო თეთრი ხელთათმანი და პოლკოვნიკს სახეში მიარტყა.
ლუკანმა თავი გააქნია და გასწორდა, ღაწვზე მოისვა ხელი. ჯერ ერთს შეხედა, მერე მეორეს.
ვარია ყველაზე მეტად იმან გააოგნა, რომ მისი არსებობა, ჩანს, სამივეს დავიწყებოდა.
— დუელში მიწვევენ? — რუმინელი თითქოსდა ძალით ცრიდა ფრანგულ სიტყვებს, — ორივე ერთად თუ მაინც რიგრიგობით?
— ის აირჩიეთ, ვინც უფრო მოგწონთ, — ცივად მიუგო დერვემ, — და თუ პირველთან გაგიმართლებთ, მეორესთან გექნებათ საქმე.
— ე-ე, არა, — აღშფოთდა გრაფი, — ეგრე არ გამოვა. შუბლის გახვრეტა პირველად მე ვახსენე, ჰოდა, მე და ეგ ვისვრით.
— ვისვრით? — უსიამოვნოდ გაიცინა ლუკანმა, — ვერ მოგართვეს, ბატონო შულერო, იარაღის არჩევანი მე მეკუთვნის. მე მშვენივრად ვიცი, რომ თქვენ და მუსიე მჯღაბნელი კარგი მსროლელები ხართ, მაგრამ აქ რუმინეთია და ჩვენებურად ვიბრძოლებთ, ვალახურად.
ლუკანმა მაყურებელს რაღაც დაუყვირა და რამდენიმე რუმინელმა ოფიცერმა მაშინვე იშიშვლა ხმლები, თან ვადებით წინ გამოიშვირეს.
— მე მუსიე ჟურნალისტს ვირჩევ, — თითები გაატკაცუნა პოლკოვნიკმა და ხმლის ვადაზე დაიდო ხელი. ლუკანი ყველას თვალწინ ფხიზლდებოდა და მხიარულდებოდა, — აიღეთ ნებისმიერი ხმალი და ეზოში მიბრძანდით. ჯერ თქვენ აგჩეხთ, მერე კი ბატონ ბრეტერს დავაჭრი ყურებს.
ბრბო გულშემატკივრულად ახმაურდა და ვიღაცამ „ბრავოც!“ კი წამოიძახა.
დერვემ მხრები აიჩეჩა და ის ხმალი აიღო, რომელიც ყველაზე ახლოს იყო.
მოსეირენი მაკლაფლინმა გამოარღვია:
— შეჩერდით! შარლ, ხომ არ გაგიჟდით! ეს ხომ ველურობაა! ის მოგკლავთ! ხმლებით ჩეხა ბალკანური სპორტია, თქვენ ეს არ იცით!
— მე ესპადრონებზე მასწავლეს ფარიკაობა, ეს კი თითქმის იგივეა, — აუღელვებლად მიუგო ფრანგმა და ხელში ხმალი შეათამაშა.
— ბატონებო, არ გინდათ! — ბოლოს და ბოლოს ხმა დაუბრუნდა ვარიას, — სულ ჩემ გამო ხდება ყველაფერი ეს. პოლკოვნიკმა ცოტა დალია, მაგრამ ჩემი წყენინება არ უნდოდა, დარწმუნებული ვარ. კარგი, მორჩით, ბოლოს და ბოლოს, ეს სისულელეა! რა დღეში მაგდებთ? — ვარიას ხმა საბრალობლად აუთრთოლდა, მაგრამ მისი ვედრება არავინ შეისმინა.
ქალისთვის, ვისი გულისთვისაც მთელი ეს ამბავი მოხდა, მამაკაცებს არც კი შეუხედავთ, ხმამაღალი ლაპარაკით გაიარეს შენობის შიდა ეზოსკენ მიმავალი დერეფანი.
ვარიასთან მხოლოდ მაკლაფლინი დარჩა.
— სისულელეა, — ბრაზით თქვა ირლანდიელმა, — რომელი ესპადრონები? მე ხომ მინახავს, როგორ ხმარობენ რუმინელები ხმალს. აქ მესამე პოზიციაში არ დგებიან და „გარდეს“ არ ამბობენ. პატარ-პატარა ნაჭრებად აკუწავენ, როგორც სისხლიან ძეხვს. აჰ, როგორი კალამი იღუპება და რა იდიოტურად! ოჰ, ეს ფრანგული კუდაბზიკობა! ამ ინდაურ ლუკანსაც ცუდი დახლი დაუდგება. ციხეში გამოამწყვდევენ და გამარჯვების შემდეგ გამოსულ ამნისტიამდე იქ იყურყუტებს. აი, ჩვენთან ბრიტანეთში...
— ღმერთო, ღმერთო, რა ვქნა?! — ბუტბუტებდა დაბნეული ვარია და მაკლაფლინს არ უსმენდა, — ყველაფერში მე ვარ დამნაშავე.
— კოკეტობა, ქალბატონო, დიდი ცოდვაა, — მოულოდნელად დაეთანხმა ირლანდიელი, — ჯერ კიდევ ტროას ომის დროიდან...
ეზოდან მამაკაცების ერთობლივი შეძახილი მოისმა.
— იქ რა ხდება? ნუთუ დამთავრდა? — ვარიამ გულზე იტაცა ხელი, — ასე სწრაფად! წადით, შეიმას, ნახეთ, გემუდარებით!
მაკლაფლინი გაჩუმდა, ყური დაუგდო. მის კეთილ სახეზე შიში გაიყინა.
ეზოში გასვლა კორესპონდენტს ნამდვილად არ უნდოდა.
— ფეხს რატომ ითრევთ, — ააჩქარა ვარიამ, — იქნებ სამედიცინო დახმარება ესაჭიროება! აჰ, რანაირი ხართ!
ვარია დერეფანში გაიქცა, მაგრამ აქეთ დეზების ჟღარუნით ზუროვი მოდიოდა.
— როგორ მეცოდება, ვარვარა ანდრეევნა! — შორიდანვე დაიძახა ჰუსარმა, — რა გამოუსწორებელი დანაკარგია!
ვარია სასოწარკვეთილი მიეყრდნო კედელს და ნიკაპი აუცახცახდა.
— როგორ დავკარგეთ ჩვენ, რუსებმა, ხმლით დუელის ტრადიცია! — წუხდა იპოლიტი, — ლამაზია, სანახაობრივი, ეფექტური! აბა, ის კი არ არის, „ბახ-ბუხ“ და მორჩა! აქ კი ბალეტია, პოემა, ბაღჩისარაის შადრევანი!
— რას მიედ-მოედებით, ზუროვ! — იფეთქა ვარიამ. — გამაგებინეთ, რა მოხდა?
— ო, ეს უნდა გენახათ, — როტმისტრმა გზნებით სავსე მზერა მიაპყრო ვარიასა და მაკლაფლინს, — ყველაფერი ათ წამში გადაწყდა. მოკლედ, ასე. პატარა, ჩრდილიანი ეზო, ქვის ფილები, ფარნების შუქი. ჩვენ, მაყურებლები, გალერეაზე ვართ, ქვემოთ მხოლოდ ორნი არიან — დერვე და ლუკა. მოკავშირე სანახაობას მართავს, — ხმალს იქნევს, ჰაერში რვიანებს ხაზავს, ააგდო და შუაზე გაჭრა მუხის ფოთოლი. მაყურებელი აღფრთოვანებულია, ტაშს უკრავს.
ფრანგი დგას თავისთვის, უცდის, როდის მორჩება ეს ჩვენი ბუკიოტი პრანჭიაობას. მერე ლუკა წინ ხტება და ხმლით თითქოს ვიოლინოს გასაღებს ხაზავს სივრცეში, ხოლო დერვემ, ისე, რომ ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია, სხეული უკან გადასწია, დარტყმას გაექცა და ელვის უსწრაფესად, მე ვერ დავინახე, როგორ, ხმალი უმარჯვა — პირდაპირ რუმინელის ყელს, ალესილი პირით. იმან დაიხრიალა, პირქვე დაეცა, ფეხები ააფართხალა და ეგ იყო, გადადგა უპენსიოდ. მორჩა დუელი.
— შეამოწმეთ? მკვდარია? — მიაყარა ირლანდიელმა.
— ამაზე ძალიან მკვდარი აღარ არსებობს, — დაარწმუნა ჰუსარმა, — სისხლი ლადოგის ტბასავით დგას. ვარვარა ანდრეევნა, აი, თქვენ კი გეწყინათ, ფერი არ გადევთ! მე დამეყრდენით! — და ფრთხილად მოხვია ვარიას წელზე ხელი, რაც ამ სიტუაციაში ნამდვილად დროული იყო.
— და დერვე? — დაიჩურჩულა ქალმა.
ზუროვმა, თითქოსდა უნებურად, ხელი უფრო მაღლა შეუცურა ვარიას და აუღელვებლად განაცხადა:
— დერვე რა? კომენდატურაში წავიდა ჩასაბარებლად. ბუნებრივია, თავზე ხელს არ გადაუსვამენ. იუნკერი კი არა, პოლკოვნიკი გააგორა.
უკან გააბრუნებენ, საფრანგეთში. ესეც — უკეთეს შემთხვევაში. აი, ამ ღილს გაგიხსნით და ადვილად ისუნთქებთ.
ვარია ვერაფერს ხედავდა და არაფერი ესმოდა. ნირწამხდარი ფიქრობდა. სამუდამოდ დაკარგა წესიერი ქალის სახელი. ცეცხლს გაეთამაშა, წაიჯაშუშა კიდეც. ქარაფშუტა სულელია, მამაკაცები კი — მხეცები.
მისი გულისთვის კაცია მოკლული. დერვეს უკვე ვეღარ ნახავს. და რაც ყველაზე საშინელია — გაწყვეტილია ძაფი, რომელსაც მტრის ქსელთან უნდა მივეყვანეთ.
რას იტყვის ერასტ პეტროვიჩი?
მეშვიდე თავი,
რომელშიც ვარია ხედავს სიკვდილის ანგელოზს
„სამთავრობო უწყებანი“
(სანკტ-პეტერბურგი),
30 ივლისი (11 აგვისტო), 1877 წ.
„მიუხედავად ეპიდემიური კატარისა და სისხლიანი ფაღარათის მტანჯველი შემოტევებისა, ხელმწიფემ ბოლო დღეები ჰოსპიტლების შემოვლაში გაატარა, რომლებიც ტიფიანი ავადმყოფებითა და დაჭრილებით არის სავსე. მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა იმდაგვარი ჭეშმარიტი გულითადობით ეკიდება ტანჯულებს, რომ უნებურად გული გითბებათ. ჯარისკაცები ბავშვებივით მისცვივდებიან ხოლმე საჩუქრებს და ერთობ გულუბრყვილოდ ხარობენ. ამ სტრიქონების ავტორს არაერთხელ მოუწია ენახა, თუ როგორ აუწყლიანდა ხელმწიფეს მშვენიერი ცისფერი თვალები. შეუძლებელია ამ სცენის ცქერა გულისამაჩუყებელი მოკრძალების გარეშე“.
აი, რა თქვა ერასტ პეტროვიჩმა:
— დიდხანს მ-მოდიოდით, ვარვარა ანდრეევნა.
ბევრი რამ საინტერესო გამოტოვეთ. თქვენი დ-დეპეშის მიღებისთანავე ვბრძანე მოკლულის კარვისა და პირადი ნივთების ზედმიწევნით დათვალიერება. განსაკუთრებით საინტერესო არაფერი უნახავთ. გუშინწინ კი ბუქარეშტიდან ლუკანის ქაღალდები ჩამოიტანეს და როგორ ფ-ფიქრობთ?
ვარიამ შიშით ასწია თვალები და ტიტულიან მრჩეველს ამ ხნის განმავლობაში პირველად შეხედა. სიბრალული ან, უარესი, სიძულვილი ფანდორინის მზერაში არ შეუნიშნავს — მხოლოდ გულისყური და კიდევ — აზარტი. გულზე მოეშვა, მაგრამ მაშინვე შერცხვა: დროს აჭიანურებდა, ბანაკში დაბრუნებისა ეშინოდა, თავის ძვირფას რენომეს დასტიროდა, საქმეზე კი ფიქრიც კი დაავიწყდა ეგოისტს.
— თქვით, რაღას აჭიანურებთ! — ააჩქარა ფანდორინი, ინტერესით რომ შეჰყურებდა ვარიას ლოყაზე ნელა-ნელა ჩამოგორებულ ცრემლს.
— დიდსულოვნად მ-მაპატიეთ, ამისთანა ამბავში რომ გაგრიეთ, — დამნაშავესავით თქვა ერასტ პეტროვიჩმა, — ყველაფერს მოველოდი, მაგრამ ამისთანას...
— რა აღმოაჩინეთ ლუკანის ქაღალდებში? — გააწყვეტინა მწყრალად ვარიამ, რომელიც გრძნობდა, რომ თუ საუბარი საქმიან კალაპოტში არ ჩადგებოდა, უეჭველად ღრიალს მორთავდა.
თანამოსაუბრე ან მიუხვდა, ან თემა ამოწურულად ჩათვალა, მაგრამ ბუქარეშტის ეპიზოდს აღარ ჩაღრმავებია.
— საინტერესო შენიშვნებია უბის წიგნაკში.
აი, ნახეთ.
ჯიბიდან კოხტა, სტავრისყდიანი წიგნაკი ამოიღო და ჩაკეცილ ფურცელზე გადაშალა. ვარიამ თვალებით ჩაირბინა ციფრებისა და ასოების სვეტი.
19=ზ-1500
20=ზ-3400-ი
21=ჟ+5000ძ-800
22=ზ_2900
23=ჟ+5000ძ-700
24=ზ-1100
25=ჟ+5000ძ-1000
26=ზ-300
27=ჟ+5000ძ-2200
28=ზ-1900
29=ჟ+15000ძ+ი
კიდევ ერთხელ წაიკითხა უფრო ნელა, მერე ისევ. ძალიან უნდოდა გონებამახვილობა გამოეჩინა.
— ეს შიფრია? არა, ნუმერაცია რიგის მიხედვით მიდის...
სია? პოლკების ნომრები? ჯარისკაცების რაოდენობა? იქნებ დანაკარგები და შევსებაა? — სხაპასხუპით მიაყარა ვარიამ და შუბლი შეიკრა, — ესე იგი, ლუკანი ჯაშუში იყო? მაგრამ რას ნიშნავს ასოები „ზ, ჟ, ი“? ეგებ ეს სულაც ფორმულები ან განტოლებებია?
— თქვენ განსვენებულს ეპირფერებით, ვარვარა ანდრეევნა. ყველაფერი გაცილებით იოლადაა. და თუ ეს განტოლებებია, მაშინ საკმაოდ მარტივია, თუმც ერთუცნობიანი.
— მხოლოდ ერთი? — გაოცდა ვარია.
— კარგად დააკვირდით. პირველ ს-სვეტში, ალბათ, რიცხვებია, ამათ შემდეგ ლუკანი განტოლების ნიშანს სვამს.
19-დან 29 ივლისამდე დასავლური სტილით. რას აკეთებდა პოლკოვნიკი ამ დღეებში?
— რა ვიცი, მე ხომ არ ვუთვალთვალებდი?! — ვარია დაფიქრდა, — ჰო, ალბათ, შტაბში იქნებოდა... პოზიციებზე გავიდოდა.
— ერთხელაც არ მინახავს, რომ ლუკანი პ-პოზიციებზე გასულიყოს. უმეტესად მ-მხოლოდ ერთ ალაგას ვხედავდი.
— კლუბში?
— სწორედაც... და იქ რას აკეთებდა?
— არაფერს, კარტს თამაშობდა.
— ბ-ბრავო, ვარვარა ანდრეევნა.
ვარიამ კიდევ ერთხელ დახედა ქაღალდს.
— მაშ, კარტის ანგარიშებს იწერდა! ზ-ს მერე მინუსია, ჟ-ს შემდეგ კი ყოველთვის პლუსი. ესე იგი, ასო ზ-ით წაგებას ინიშნავდა, ჟ-ით კი მოგებას? სულ ეს არის? — გაწბილებულმა ვარიამ მხრები აიჩეჩა, — მაგრამ სად არის აქ შპიონაჟი?
— არავითარი შპიონაჟი არცა ყოფილა. შპიონაჟი მაღალი ხელოვნებაა, აქ კი საქმე გვაქვს ელემენტარულ მ-მოსყიდვასა და ღალატთან.
19 ივლისს, პირველი პლევნის წინა დღეს, კლუბში ბრეტერი ზუროვი გამოჩნდა და ლუკანი თამაშში ჩაითრია.
— გამოდის, ზ-ზუროვია? — წამოიძახა ვარიამ, — მოიცადეთ... — ციფრების თვალიერებაში აჩურჩულდა, — ორმოცდაცხრა... შვიდს ვინახავთ... ას ოთხი... — და შეაჯამა, — ზუროვთან სულ 15.800 წააგო. მგონი, ემთხვევა, იპოლიტიც თხუთმეტი ათასს ახსენებდა. ეს ი — რაღაა?
— ვ-ვფიქრობ, სახელგანთქმული ბეჭედი, რუმინულად „ინელ“.
20 ივლისს ლუკანმა ბეჭედი წააგო, 29-ში უკან ამოიგო.
— და ეს ჟ ვიღაა? — შუბლი მოისრისა ვარიამ, — თითქოს მოთამაშეებს შორის ჟ-ზე არავინ ყოფილა. ამ კაცს ლუკანმა მოუგო... ე-ეე... ოჰო! ოცდათხუთმეტი ათასი! რაღაც ვერ ვიხსენებ, რომ პოლკოვნიკს ამდენი მოეგოს. აუცილებლად იტრაბახებდა.
— აქ სატრაბახო არა იყო რა. ეს მოგება კი არა, ჰონორარია ღალატისთვის. პ-პირველად ამოუცნობმა ჟ-მ პოლკოვნიკს 21 ივლისს მისცა ფული, როცა ზუროვმა ლუკანი გააცამტვერა.
მერე კი განსვენებული თავისი უხილავი მფარველისგან ხ-ხუთ-ხუთი ათასს 23-ში, 25-ში და 27-ში იღებდა, ანუ დღეგამოშვებით. სწორედ ეს აძლევდა საშუალებას, რომ იპოლიტთან ეთამაშა. 29 ივლისს ლუკანმა ერთბაშად თხუთმეტი ათასი მიიღო. საკითხავია, რატომ ასე ბ-ბევრი და რატომ სწორედ 29-ში?
— მეორე პლევნის დისპოზიცია გაყიდა! — ამოიკვნესა ვარიამ, — საბედისწერო შტურმი 30 ივლისს იყო, მეორე დღეს!
— კიდევ ერთი ბრავო. ესეც თქვენი ლუკანის გამჭრიახობის საიდუმლო და თურქი არტილერისტების გამაოგნებელი ს-სიზუსტისაც, ჩვენი კოლონები ჯერ კიდევ მიახლოებისას რომ დაბომბეს, ფართობების მიხედვით.
— მაგრამ ვინ არის ეს ჟ? ნუთუ არავისზე არ გაქვთ ეჭვი?
— რატომაც არა... — ძლივს გასაგონად ჩაიბურტყუნა ფანდორინმა, — მ-მაქვს... თუმცა ჯერჯერობით არაფერი გამოდის.
— ესე იგი, სწორედ ეს ჟ უნდა ვიპოვოთ და მაშინ პეტიას გაათავისუფლებენ, პლევნას აიღებენ და ომი დამთავრდება?
ერასტ პეტროვიჩი დაფიქრდა, შუბლი შეიჭმუხნა და ძალზე სერიოზულად უპასუხა:
— თქვენი ლოგიკური ჯაჭვი მთლად კ-კორექტული არ არის, მაგრამ პრინციპში, სწორია...
...იმ საღამოს ვარიამ პრესკლუბში გამოჩენა ვერ გაბედა.
ყველა ნამდვილად მას ადანაშაულებს ლუკანის სიკვდილსა (მათ ხომ არაფერი იციან ღალატზე) და ყველასთვის საყვარელი დ’ერვეს გაძევებაში. ფრანგი ბუქარეშტიდან ბანაკში აღარ დაბრუნებულა. ერასტ პეტროვიჩის თქმით, დუელიანტი დააკავეს და რუმინეთის სათავადოს ტერიტორიის ოცდაოთხ საათში დატოვება უბრძანეს.
იმ იმედით, რომ ზუროვს ან მაკლაფლინს მაინც შეხვდებოდა და მათგან შეიტყობდა, რამდენად მკაცრი იყო მის მიმართ საზოგადოებრივი აზრი, საბრალო ვარია სხვადასხვა ფერის დროშებით აჭრელებული კარვის გარშემო სეირნობდა, თანაც ასი ნაბიჯის დისტანცია ეჭირა. წასასვლელი ნამდვილად არსად ჰქონდა, თავის კარავში დაბრუნება კი ძალიან არ უნდოდა. მოწყალების დები კარგი, მაგრამ გონებაშეზღუდული ქმნილებები არიან, ისევ მოჰყვებიან, ექიმებიდან ვინ არის კარგი, ვინ საძაგელი და მართლა სერიოზულად სთხოვა თუ არა ხელი ნასტია პრიანიშნიკოვას ცალხელა პორუჩიკმა შტრუმპფმა მეთექვსმეტე კარვიდან.
კარვის ფარდა შეირხა, ვარიამ ჟანდარმისმუნდირიანი ჯმუხი ფიგურა დაინახა და სასწრაფოდ პირი იბრუნა, ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს სოფელ ბოგოტის უკვე ყელში ამოსული ხედით ტკბებოდა, სადაც მთავარსარდლის შტაბი განლაგებულიყო. საკითხავია, სად არის სამართალი? გაიძვერა ინტრიგანი და ოპრიჩნიკი კაზანზაკი როცა უნდა, მაშინ შედის კლუბში და თავად კიდევ, სინამდვილეში გარემოებათა უდანაშაულო მსხვერპლი, მტვრიან გზას ტკეპნის, თითქოს მაწანწალა ძაღლი იყოს! აღშფოთებულმა ვარიამ თავი გააქნია და მტკიცედ გადაწყვიტა, შინ წასულიყო, მაგრამ უკნიდან საძულველი ბერძნის შემპარავი ხმა გაისმა:
— ქალბატონო სუვოროვა! რა სასიამოვნო შეხვედრაა...
ვარია მიბრუნდა და იმაში დარწმუნებულმა, რომ პოდპოლკოვნიკის უჩვეულო თავაზიანობას დაუყოვნებლივ მოჰყვებოდა რაღაც გველური, პირქუში გამომეტყველება მიიღო.
კაზანზაკი ქალს შეჰყურებდა, მისი სქელი ტუჩები ღიმილს გაეპო, უსიამოვნო სახე ჰქონდა, ლამის გაფაციცებული.
— კლუბში ყველანი თქვენზე ლაპარაკობენ.
მოუთმენლად გელიან. მშვენიერი ქალებისთვის ყოველდღე კი არ აჯვარედინებენ ხმლებს და თანაც სასიკვდილო შედეგით.
წინდაწინ მოღრუბლული ვარია რაღაც ხრიკს ელოდა, მაგრამ ჟანდარმმა კიდევ უფრო ტკბილად გაიღიმა.
— გრაფმა ზუროვმა ამას წინათ მთელი ესკაპადა მდიდრული ფერებით დაგვიხატა, დღეს კიდევ ეს სტატია...
— რომელი სტატია?
— აბა, როგორ, ჩვენი შერისხული დ’ერვე „რევიუ პარიზიენს“ დაატყდა თავს მთელი სვეტით, რომელშიც ორთაბრძოლას აღწერს. რომანტიკულია. თქვენ მოგიხსენიებთ მხოლოდ და მხოლოდ „Lა ბელლე მ-ლლე შ“ (მშვენიერი მადმუაზელი ს. — ფრ.).
— და მერე... — ვარიას სულ ოდნავ შეუთრთოლდა ხმა, — მე არავინ მადანაშაულებს?
კაზანზაკიმ ფაჩვნიერი წარბები აწკიპა:
— ალბათ მაკლაფლინი და იერემეი იონოვიჩი. მაგრამ პირველი ცნობილი ბუზღუნაა, მეორე კი იშვიათად შემოივლის ხოლმე, მხოლოდ სობოლევთან ერთად.
სხვათა შორის, პერეპიოლკინმა ამ ბოლო ბრძოლაში „გიორგი“ მიიღო. ამისთანა რა დამსახურებისთვის? აი, რას ნიშნავს, იყო საჭირო ადგილზე საჭირო დროს.
პოდპოლკოვნიკმა შურით გააწკლაპუნა ტუჩები და ფრთხილად გადავიდა მთავარზე:
— ყველა იმაზე მარჩიელობს, სად გადაიკარგა ჩვენი გმირი ქალბატონიო, არადა ჩვენი გმირი ქალბატონი, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეებით არის დაკავებული. აბა, რა აქვს გუმანში ჩვენს ეშმაკ ბატონ ფანდორინს? ლუკანის საიდუმლო ჩანაწერებთან დაკავშირებით როგორი ჰიპოთეზებია? ნუ გიკვირთ, ვარვარა ანდრეევნა, მეც ჩართული ვარ მოვლენებში. რაც უნდა იყოს, საგანგებო ნაწილს განვაგებ.
აი, თურმე რა ხდება, გაიფიქრა ვარიამ, თან ალმაცერად შეჰყურებდა პოდპოლკოვნიკს. სწორედ ამას არ ვამბობდი? დახე, როგორი ცქვიტია მზამზარეულზე.
— ერასტ პეტროვიჩმა რაღაც კი ამიხსნა, მაგრამ მაინცდამაინც ვერაფერი გავიგე, — უთხრა და გულუბრყვილოდ ააფახულა წამწამები, — ვიღაც „ზ“, ვიღაც „ჟ“. უმჯობესია, ბატონ ტიტულიან მრჩეველს თავად შეეკითხოთ. ყოველ შემთხვევაში, პიოტრ აფანასიევიჩ იაბლოკოვი არაფერ შუაშია, ახლა უკვე ცხადია.
— შესაძლოა, ღალატში არც არის დამნაშავე, მაგრამ დანაშაულებრივ გაუფრთხილებლობაში კი უთუოდ დამნაშავეა, — ჟანდარმის ხმაში ნაცნობმა ფოლადმა გაჰკვესა, — ჯერ იჯდეს თქვენი საქმრო, არაფერი მოუვა, — თუმცა კაზანზაკიმ მაშინვე ტონი შეიცვალა, ეტყობა, გაახსენდა, რომ დღეს სხვა ამპლუაში გამოდიოდა, — ყველაფერი მოგვარდება.
მე ხომ, ვარვარა ანდრეევნა, ამბიციური არ გახლავართ და ყოველთვის მზად ვარ, ვაღიარო შეცდომა. ავიღოთ თუნდაც შეუდარებელი მუსიე დ’ერვე. დიახაც, ვაღიარებ: დავკითხე, ვიეჭვე — იყო საფუძველი. თურქ პოლკოვნიკთან მაგისი ყბადაღებული ინტერვიუს გამო ჩვენმა მეთაურობამ შეცდომა დაუშვა, ხალხი დაიხოცა. მე მქონდა ჰიპოთეზა, რომ პოლკოვნიკი ალი-ბეი მითიური პერსონაჟი იყო, ფრანგის მოგონილი, ან რეპორტიორული პატივმოყვარეობის, ან სხვა, ნაკლებად უვნებელი მოსაზრების გამო. ახლა ვხედავ, რომ მართალი არ ვიყავი, — თითქოს საიდუმლოს ანდობსო, ხმას დაუწია, — მიღებულია აგენტურული ცნობები პლევნიდან. ოსმან-ფაშასთან მართლაც არის თანაშემწედ თუ მრჩევლად ვინმე ალი- ბეი.
ხალხს თითქმის არ ეჩვენება. ჩვენმა კაცმა შორიდან მოჰკრა თვალი მის დიდ შავ წვერსა და შავ სათვალეს. სხვათა შორის, დ’ერვეც წვერს იხსენიებდა.
— წვერი, სათვალე? — ვარიამაც დაუწია ხმას, — ნუთუ ის არის, რა ჰქვია, ანვარ-ეფენდი?
— სსს... — კაზანზაკიმ ნერვიულად მიმოიხედა და კიდევ უფრო ხმადაბლა განაგრძო, — დარწმუნებული ვარ, სწორედ ის არის. მეტად ჯომარდი ბატონია. მაგრად გააცურა ეს ჩვენი კორესპონდენტი. მხოლოდ სამი თაბორიო, უთხრა, მთავარი ძალები მალე ვერ მოვლენო.
სადა, მაგრამ ელეგანტური ოინი კი გამოუვიდა. ჰოდა, ჩვენც, ბრიყვებმა, სატყუარა გადავყლაპეთ.
— ჰოდა, თუკი პირველი შტურმის წარუმატებლობაში დ’ერვე დამნაშავე არ არის, ხოლო მისგან მოკლული ლუკანი მოღალატეა, გამოდის, ჟურნალისტი ტყუილუბრალოდ გააძევეს? — ჰკითხა ვარიამ.
— გამოდის, ეგრეა. საწყალს არ გაუმართლა, — ხელი ჩაიქნია პოდპოლკოვნიკმა და ახლოს მიიწია, — ხედავთ, ვარვარა ანდრეევნა, რა გულახდილი ვარ თქვენთან? სხვათა შორის, საიდუმლო ინფორმაცია გაგანდეთ. თქვენ კი სულ უბრალო რამ არ გსურთ მითხრათ. წიგნაკის ის ფურცელი ჩემთვის გადავიწერე, სამი დღეა ვეწვალები და სულ ტყუილად. ჯერ ვიფიქრე, შიფრია-მეთქი, მაგრამ არ ჰგავს. ჩამონათვალია თუ ნაწილების გადაადგილება? დანაკარგები თუ შევსება? მითხარით რა, რა მოიფიქრა ფანდორინმა?
— მხოლოდ ერთს გეტყვით — ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივია, — ქედმაღლურად მოუჭრა ვარიამ, შლაპა გაისწორა და მსუბუქი ნაბიჯით გასწია პრესკლუბისკენ...
...პლევნის სიმაგრის მესამე და საბოლოო შტურმისთვის მთელი ხვატიანი აგვისტოს განმავლობაში ემზადებოდნენ.
მართალია, სამზადისი უმკაცრესად გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ ბანაკში ამბობდნენ, შეტევა 30-ში დაიწყება, მისი უმაღლესობის სახელობის დღესო. დილიდან დაღამებამდე შემოგარენ მინდვრებსა და გორაკებზე ქვეითები და ცხენოსნები ერთობლივ მანევრებს ამუშავებდნენ, გზებზე დღედაღამ მიიწელებოდნენ საველე და საალყო იარაღები. გაოფლიანებული გიმნასტურებით, მტვრისგან განაცრისფერებულ კეპებქვეშ მზისგან დასაცავად ცხვირსახოცებამოდებული, გატანჯული ჯარისკაცები შესაბრალისი სანახავები იყვნენ, მაგრამ საერთო განწყობილება შურისმაძიებლურ-სასიხარულო იყო: მორჩა და გათავდა, ამოიწურა ჩვენი მოთმინება, რუსები ნელა კაზმავენ, მაგრამ ჩქარა დააჭენებენ, დათვის ტორის მთელი ძალით გავსრისოთ აბეზარი პლევნელი ბუზი!
კლუბშიც და ოფიცერთა სადგომშიც, სადაც ვარია სადილობდა, ყველა ერთბაშად სტრატეგად გადაიქცა — სქემებს ხატავდნენ, აფრქვევდნენ თურქი ფაშების სახელებს, მარჩიელობდნენ, საიდან იქნებოდა მთავარი დარტყმა. რამდენჯერმე შემოიარა სობოლევმა, მაგრამ მედიდურად ეჭირა თავი, ჭადრაკი აღარ უთამაშია, ვარიას ამაყად ათვალიერებდა და ავ ბედზე აღარ ჩიოდა. ნაცნობმა შტაბისტმა წასჩურჩულა, რომ გენერალ-მაიორი მომავალ შეტევაში მართალია უმთავრესს არა, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა, ახლა უკვე მას მთელი ორი ბრიგადა და ერთი პოლკი ემორჩილებოდა. დააფასეს, ბოლოს და ბოლოს, მიხაილ დმიტრიევიჩი დამსახურებისამებრ.
ირგვლივ სიცოცხლე დუღდა და ვარიაც მთელი ძალით ცდილობდა გამსჭვალულიყო საერთო აღფრთოვანებით, მაგრამ რაღაც არ გამოსდიოდა.
რაღა დასამალია და ყელში ამოუვიდა რეზერვებზე, დისლოკაციებსა და კომუნიკაციებზე ლაპარაკი. პეტიასთან ისევ არ უშვებდნენ, ფანდორინი ღამესავით პირქუში იყო და შეკითხვებზე გაუგებრად დუდუნებდა რაღაცას. ზუროვი მხოლოდ თავის პატრონთან ერთად თუ გამოჩნდებოდა, ვარიას დატყვევებული მგლის მზერას სტყორცნიდა, მებუფეტე სემიონს შესაბრალის სიფათს უკერავდა, მაგრამ კარტს არ თამაშობდა და არც ღვინოს ითხოვდა — სობოლევის რაზმში რკინის დისციპლინა მეფობდა. ჰუსარმა ჩურჩულით დაიჩივლა, „ჟერომკამ“ ხელში ჩაიგდო „მთელი მეურნეობა“ და სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევს არავის, მიხაილ დმიტრიევიჩი კი იმას უფრთხილდება და საშუალებას არ გვაძლევს ერთი კარგად გავაძროთ ტყავიო. მალე მაინც დაიწყოს შტურმი!
ბოლო დღეებში ერთადერთი სასიხარულო მოვლენა დ’ერვეს დაბრუნება იყო, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა, ქარიშხალი კიშინიოვში გადაიტანა და როგორც კი შეიტყო თავისი სრული რეაბილიტაციის შესახებ, საომარ მოქმედებათა თეატრისკენ გამოეჩქარა.
მაგრამ ფრანგიც, რომელმაც ვარია ძალიან გაახარა, თითქოსდა გამოცვალეს. უკვე აღარ ართობდა საინტერესო ამბებით, ბუქარეშტულ ინციდენტზე ლაპარაკს გაურბოდა, სულ ბანაკში დაყიალობდა, ერთი თვის არყოფნას ინაზღაურებდა და იმ თავისი „რევიუსთვის“ სტატიებს თხზავდა.
მოკლედ, ვარია თავს დაახლოებით ისე გრძნობდა, როგორც სასტუმრო „რუაიალის“ რესტორანში, როცა კაცებმა სისხლის სუნი იკრეს, აიწყვიტეს და უმალ დაავიწყდათ ქალის არსებობა. კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მამაკაცი თავისი არსით ახლოსაა ცხოველთა სამყაროსთან, ცხოველური საწყისი მამაკაცში უფრო თვალში საცემად არის გამოხატული, ვიდრე ქალში, და ამიტომ Hომო საპიენს-ის სრულფასოვანი სახესხვაობა სწორედაც რომ ქალია, უფრო განვითარებული, დახვეწილი და რთული არსება. დასანანი ის იყო, რომ თავის აზრებს ვერავის გაუზიარებდა. მოწყალების დებს ამნაირ სიტყვებზე მუჭში წასკდებოდათ ხოლმე სიცილი, ფანდორინი კიდევ დაბნეულად უკანტურებდა თავს და სულ სხვა რამეზე ფიქრობდა.
ერთი სიტყვით, მძიმე დროება და მოწყენილობა იდგა.
30 აგვისტოს გამთენიისას კი ვარია საშინელმა გრუხუნმა გამოაღვიძა — ეს პირველი კანონადა დაიწყო. წინა დღეს ერასტ პეტროვიჩმა აუხსნა, რომ ჩვეულებრივ საარტილერიო მზადებასთან ერთად თურქებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებასაც მოახდენდნენ — ეს ახალი სიტყვა ყოფილა სამხედრო ხელოვნებაში. მზის პირველი სხივის გამოჩენასთან ერთად, როცა მართლმორწმუნეებმა ნამაზი უნდა აღასრულონ, სამასი რუსული და რუმინული ზარბაზანი გრიგალისებურ ცეცხლს გაუხსნის თურქულ სიმაგრეებს, ხოლო ზუსტად ცხრაზე კანონადა შეწყდება. შეტევის მომლოდინე ოსმან-ფაშა წინა პოზიციებზე დასვენებულ ჯარს გაგზავნის, მაგრამ არაფერიც არ მოხდება: მოკავშირეები ადგილიდან არ დაიძვრებიან და პლევნის მინდვრებზე სიჩუმე გამეფდება.
თერთმეტსა და ნულ-ნულზე დაბნეულ თურქებს ცეცხლის ახალი ღვარი დაატყდებათ, რომელიც დღის პირველ საათამდე გაგრძელდება. მერე ისევ სიწყნარე დაისადგურებს. მოწინააღმდეგეს დაჭრილები და დახოცილები გაჰყავს, სახელდახელოდ აღადგენს დანგრეულს, დაზიანებული ზარბაზნების ნაცვლად ახლებს მოაგორებს, მაგრამ შტურმი მაინც არ იწყება. თურქებს, რომლებიც მაგარი ნერვებით არ გამოირჩევიან და, როგორც ცნობილია, წუთიერი აფეთქება შეუძლიათ, მაგრამ ხანგრძლივი, ძლიერი შეტევისას ფარ-ხმალს ყრიან, თავგზა აებნევათ და შესაძლოა, პანიკაც კი დაეუფლოთ. ალბათ, ურჯულოთა მთელი ხელმძღვანელობა წინა პოზიციებზე მოიყრის თავს, ბინოკლებში იყურებიან, ვერა გაუგიათ რა. ამ დროს კი, თოთხმეტსა და ოცდაათზე, მოწინააღმდეგეს კანონადის მესამე ტალღა დაატყდება თავს, კიდევ ნახევარი საათის შემდეგ კი მოლოდინით გატანჯული თურქებისკენ საშტურმო კოლონები გაეჩქარებიან.
ვარიამ თავი პლევნის ბედკრული დამცველების ალაგას წარმოიდგინა და მოიბუზა. განა საშინელება არ არის, ელოდო გადამწყვეტ მოვლენებს ერთი საათი, ორი, სამი და სულ ამაოდ?! თავად ნამდვილად ვერ აიტანდა.
ეშმაკურად არის ჩაფიქრებული, შტაბის გენიოსებს ამას ვერ დაუკარგავ.
ბუ-ბუხ! ბუ-ბუხ! — გრიალებდნენ მძიმე საალყო ზარბაზნები. ბუხ-ბუხ-ბუხ! — უფრო მსუბუქად უბათქუნებდნენ საველე ქვემეხები? „ეს დიდხანს გაგრძელდება“, — გაიფიქრა ვარიამ. უნდა ესაუზმა.
ჟურნალისტები, რომლებმაც არა იცოდნენ რა ეშმაკურ საარტილერიო სამზადისზე, ჯერ კიდევ ბინდბუნდში გავიდნენ პოზიციებზე. საკორესპონდენტო პუნქტის ადგილმდებარეობა წინასწარ უნდა შეთანხმებულიყო მეთაურობასთან და დიდი დისკუსიების მერე, ხმათა უმრავლესობით, ითხოვეს სიმაღლე, რომელიც გრივიცისა (სადაც პოზიციის ცენტრი იყო) და ლოვჩინის შოსეს შორის იყო, იმის იქით მარცხენა ფლანგი იწყებოდა. თავიდან ჟურნალისტების უმეტესობას მარჯვენა ფლანგის მახლობლად სურდა განლაგება, მთავარი დარტყმა ნამდვილად იქიდან იქნებოდა, მაგრამ მაკლაფლინმა და დ’ერვემ გადაარწმუნეს კოლეგები. მათი მთავარი არგუმენტი ასეთი იყო: დაე, მარცხენა ფლანგი თუნდაც მეორეხარისხოვანი აღმოჩნდეს, მაგრამ იქ სობოლევია, რაც იმას ნიშნავს, რომ სენსაცია უთუოდ იქნება.
გაფითრებულ მოწყალების დებთან რომ ისაუზმა, რომლებიც სროლის ხმაზე წარამარა კრთებოდნენ ხოლმე, ვარიამ ერასტ პეტროვიჩის საძებნელად გასწია. ტიტულიანი მრჩეველი არც შტაბში აღმოჩნდა და არც განსაკუთრებულ ნაწილში.
ყოველი შემთხვევისათვის ვარიამ ფანდორინის კარავშიც შეიხედა — ერასტ პეტროვიჩი მშვიდად იჯდა გასაშლელ სავარძელში, ხელთ წიგნი ჰქონდა, ტარსიკონის ფეხსაცმლის რწევით ყავას შეექცეოდა.
— პოზიციაზე როდის გადიხართ? — ჰკითხა ვარიამ და რადგან დასაჯდომი სხვა არაფერი იყო, ტახტზე ჩამოჯდა.
ერასტ პეტროვიჩმა მხრები აიჩეჩა. პირისახე ჯანსაღი სიწითლით აფერადებოდა — საბანაკო ცხოვრება ყოფილ ვოლონტიერს ნამდვილად მოუხდა.
— ნუთუ მთელი დღე აქ უნდა იჯდეთ? დ’ერვემ თქვა, რომ დღევანდელი შეტაკება გამაგრებული პოზიციის უდიდესი შტურმია მსოფლიო ისტორიაში. უფრო გრანდიოზული, ვიდრე მალაქის ყორღანის აღება.
— მაგ თქვენს დ’ერვეს ტ-ტყუილები უყვარს, — მიუგო ტიტულიანმა მრჩეველმა, — ვატერლოო და ბოროდინო უფრო მასშტაბური იყო, ლაიფციგის ხალხთა ომზე რომ არაფერი ვთქვათ.
— თქვენ საზარელი ურჩხული ხართ! რუსეთის ბედი წყდება, ათასობით კაცი იღუპება, ეს კი დამჯდარა და წიგნს კითხულობს! ეს, ბოლოს და ბოლოს, უზნეობაა!
— უხიფათო მანძილიდან რომ უყურებ, თუ როგორ ხ-ხოცავენ ადამიანები ერთიმეორეს, ზნეობრივია? — ერასტ პეტროვიჩის ხმაში, ო, საოცრებავ, ადამიანურმა გრძნობამ — გაღიზიანებამ გაიჟღერა, — უმორჩილეს მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ ეს სპექტაკლი უკვე ვნახე და ვმონაწილეობდი კიდეც მასში. არ მომეწონა. მე ტ-ტაციტუსის საზოგადოებაში მირჩევნია... — და დემონსტრაციულად ჩაეფლო წიგნში.
ვარია წამოხტა.
ფეხი დააბაკუნა და გასასვლელისკენ გასწია, მაგრამ ფანდორინმა დაადევნა:
— თქვენ მანდ ფრთხილად იყავით, გასაგებია? კ- კორესპონდენტთა პუნქტიდან ფეხი არ გაადგათ. ეშმაკს არ სძინავს.
ვარია შეჩერდა და გაკვირვებით მიაჩერდა ერასტ პეტროვიჩს.
— მზრუნველობას იჩენთ?
— ღმერთმანი, ვარვარა ანდრეევნა, იქ რა გინდათ? ჯერ დიდხანს უნდა ისროლონ ზარბაზნებიდან, მერე წინ გაიქცევიან და კვამლის ბ-ბოლქვები ავარდება, თქვენ ვერაფერს დაინახავთ, მხოლოდ გაიგონებთ, როგორ ღრიალებენ ერთნი „ვაშას“, სხვები კი ტკივილისაგან ყვირიან. ძალიან საინტერესოა. ჩვენი სამუშაო იქ კი არა, აქ არის, ზ-ზურგში.
— ზურგის ვირთხავ, — ამ შემთხვევისთვის შესაბამისი ტერმინი გამონახა ვარიამ და მიზანთროპი თავის ტაციტუსთან დატოვა.
ის სიმაღლე, რომელზეც განლაგებულიყვნენ კორესპონდენტები და ნეიტრალური ქვეყნების სამხედრო დამკვირვებლები, იოლი საპოვნელი გამოდგა — ჯერ კიდევ გზიდან, რომელიც საბრძოლო მასალებით დატვირთული საზიდრებით იყო სავსე, ვარიამ თეთრ ტილოს მოჰკრა თვალი.
ის ნათლად ფრიალებდა ქარზე, მის ქვემოთ მუქად მოჩანდნენ შეჯგუფებული ადამიანები — ალბათ, ასი კაცი მაინც იქნებოდა, თუ მეტი არა. საგზაო განმკარგულებელმა, სახელოზე წითელსახვევიანმა და ყვირილისგან ხმაჩახრინწულმა კაპიტანმა, რომელიც მბრძანებლობდა, უპირველესად სად მიეტანათ ყუმბარები, ოდნავ გაუღიმა მშვენიერ ქალბატონს მაქმანებიან შლაპაში და ხელით ანიშნა:
— იქით, იქით, მადმუაზელ. იცოდეთ, არსაით გადაუხვიოთ.
თეთრ დროშას მტრის არტილერია არ ურტყამს, სხვაგან კი ხანდახან ყუმბარა იქუხებს ხოლმე. საით, საით მიძვრები, შე რეგვენო?! ხომ გითხარი, ოთხგირვანქიანები მეექვსეზე-მეთქი!
ვარიამ სადავეები მოსწია თვინიერ ჩალისფერ ცხენს, ლაზარეთის საჯინიბოდან რომ ინათხოვრა და დროშისკენ გასწია, თან ცნობისმოყვარეობით იყურებოდა აქეთ-იქით.
მთელი ველი, წინ არცთუ მაღალი გორაკების გრეხილი რომ უძღოდა და რომლის იქით პლევნის მისადგომები იწყებოდა, უცნაური კუნძულებით დასერილიყო. ეს ასეულებად დაყოფილი ქვეითები იწვნენ ბალახზე, შეტევის ბრძანებას უცდიდნენ. ჯარისკაცები დაბალ ხმაზე ლაპარაკობდნენ, დროდადრო ხან აქედან, ხანაც იქიდან მოისმოდა არაბუნებრივად ხმამაღალი სიცილი. რამდენიმე კაცად შეჯგუფული ოციფრები პაპიროსებს ექაჩებოდნენ. ამაზონურათი მიმავალ ვარიას გაოცებითა და უნდობლად უყურებდნენ, ისე, როგორც სხვა, არარსებული სამყაროს არსებას.
ამ აფუთფუთებული, მოზუზუნე ველის ნახვამ გუნება წაუხდინა. ვარიამ ცხადად დაინახა, თუ როგორ დაფარფატებდა ამ მტვრიანი ბალახის ზემოთ სიკვდილის ანგელოზი, აკვირდებოდა და სახეებს თავისი უხილავი ბეჭდით დაღავდა.
ვარიამ ცხენს ქუსლი ჰკრა, სასწრაფოდ უნდა გასცლოდა ამ საშინელ მოსაცდელ დარბაზს.
სამაგიეროდ, სათვალთვალო პუნქტში ყველა გამოცოცხლებულიყო და სასიხარულო წინათგრძნობით აღვსილიყვნენ. აქ საპიკნიკო ატმოსფერო სუფევდა, ზოგიერთი პირდაპირ მიწაზე გაშლილ თეთრ სუფრებთან მოკალათებულიყო და მადიანად ილუკმებოდა.
— მე კი მეგონა, არ მოხვიდოდით! — მიესალმა ახლახან, დაბრუნებული, დანარჩენებივით აღგზნებული დ’ერვე. ვარიამ შენიშნა, რომ მას თავისი განთქმული ჩექმები ჩაეცვა.
— ჩვენ აქ განთიადიდან იდიოტებივით ვდგავართ, რუსმა ოფიცრებმა კი მხოლოდ შუადღისთვის დაიწყეს მოსვლა. ბატონი კაზანზაკიც გვესტუმრა ცოტა ხნის წინ. მისგან შევიტყვეთ, რომ შტურმი მხოლოდ სამ საათზე დაიწყება, — მხიარულად უამბობდა ჟურნალისტი, — როგორც ვატყობ, თქვენც წინასწარ იცოდით დისპოზიცია. ეს კარგი არაა, მადმუაზელ ბარბარა, ხომ შეგეძლოთ, მეგობრულად გაგეფრთხილებინეთ.
მე ხომ დილის ოთხზე ავდექი, ეს კი ჩემთვის სიკვდილზე უარესია.
ფრანგი ქალბატონს ჩამოქვეითებაში დაეხმარა, დასაკეც სკამზე დასვა და ახსნა დაუწყო:
— აი, იქ, პირდაპირ განლაგებულ სიმაღლეებზე, თურქების პოზიციებია. ხედავთ, შადრევნებივით რომ ჩქეფს გარღვევები? ეს მათი პოზიციის ცენტრია. რუსულ-რუმინული არმია პარალელურ ხაზად არის გაწელილი თხუთმეტ კილომეტრამდე, ჩვენ აქედან ამ ვრცელი სივრცის მონაკვეთს ვხედავთ. ყურადღება მიაქციეთ მრგვალ გორაკს. არა, ამას კი არა, აი, იმას, სადაც თეთრი კარავია. ეს სამეთაურო პუნქტია, დროებით დადგმული. იქ იმყოფება დასავლეთის რაზმის მეთაური თავადი კარლ რუმინელი, მთავარსარდალი გრან-დიუკ ნიკოლაი და თავად იმპერატორი ალექსანდრი.
ო, რაკეტები, რაკეტები წავიდა! თვალწარმტაცი სანახაობაა, არა?
ცარიელ ველზე, მტრულ მხარეებს რომ ყოფდა, კვამლის სვეტები მარყუჟებივით ინასკვებოდა — თითქოს ვიღაც ცას ჭრიდა, როგორც საზამთროს ან პურს. ვარიამ თავი ასწია და მაღლა ცაში სამი ფერადი ბურთი დაინახა — ერთი ახლოს, მეორე უფრო მოშორებით, მესამე კი, იმპერატორის სადგომის თავზე, მთლად ჰორიზონტთან.
— ეს, ვარვარა ანდრეევნა, საჰაერო ბურთებია, — გამოაცხადა მოახლოებულმა კაზანზაკიმ, — იმ ბურთებიდან სასიგნალო დროშების გამოყენებით საარტილერიო ცეცხლის კორექტირება წარმოებს.
ჟანდარმი უფრო უსიამოვნო სანახავი იყო, ვიდრე ოდესმე. აღგზნებული ატკაცუნებდა თითებს, ნესტოები ნერვიულად უთრთოდა. ადამიანის სისხლის სუნი იგრძნო მაქციამ. ვარიამ დემონსტრაციულად გადადგა სკამი მოშორებით, მაგრამ პოდპოლკოვნიკმა თითქოსდა ვერ შეამჩნია მისი მანევრი. ისევ მიუახლოვდა, თითი იქით, არცთუ მაღალი გორაკის მხარეს გაიშვირა, საიდანაც ძლიერი გრიალი ისმოდა.
— ჩვენმა საერთო ნაცნობმა სობოლევმა, როგორც ყოველთვის, ისევ ოინი გვიყო.
კრიშინის რედუტის საწინააღმდეგო დემონსტრირება ევალებოდა, მაშინ როცა მთავარი ძალები ცენტრს ურტყამენ. მაგრამ ამ ჩვენმა პატივმოყვარემ ვერ მოითმინა — გეგმის საპირისპიროდ დილიდანვე ღია შეტევაზე გადავიდა. გარდა იმისა, რომ მთავარ ძალებს მოსწყდა და თურქთა კავალერიით არის გზამოჭრილი, მთელი ოპერაციაც საფრთხეში ჩააგდო! ჰოდა, კაი ჩიტსაც დაიჭერს!
კაზანზაკიმ ჯიბიდან ოქროს საათი ამოიღო, აღელვებულმა ქუდი მოიშვლიპა და პირჯვარი გადაიწერა.
— სამი საათია! ახლა დაიძრებიან!
ვარიამ უკან მიიხედა. მთელი ველი ამოძრავებულიყო: თეთრი გიმნასტურების კუნძულები ალივლივდა, წინა ხაზისკენ სწრაფად გასწია. მაღლობთან ფერდაკარგული ადამიანები გარბოდნენ, წინ გაჩქარებული მიაბიჯებდა კოჭლობით ხნიერი, გრძელულვაშიანი ოფიცერი.
— არ ჩამორჩეთ, ხიშტები მაღლა! — წვრილი ხმით გამყინავად დასჭყივლა მან, — სემენცოვ, აბა, შენ იცი! თავს წაგაცლი, იცოდე!
ახლა უკვე სხვა ასეულების კოლონები მიდიოდა, მაგრამ ვარია მაინც იმას, პირველს მიაცილებდა მზერით, ხნიერი მეთაურითა და უცნობი სემენცევით.
ასეული ხაზზე გაიშალა და ნელა დაიძრა შორეული სანგრისკენ, რომლის თავზე ახლა უფრო ხშირად დგებოდა ყალყზე მიწის შადრევნები.
— აი, ახლა კი სეირს ვანახვებთ მაგათ, — თქვა ვიღაცამ შორიახლო.
შორს, ველზე, ერთიმეორის მიყოლებით ფეთქდებოდა ყუმბარები, მიწაზე გაწოლილი კვამლის გამო რაიმეს გარჩევა ჭირდა, მაგრამ ვარიას ასეული ისევ ისე გარბოდა და ეტყობა, არც არავინ ესროდა.
— მიდი, სემენცოვ, მიდი, — ჩურჩულებდა მუშტებშეკრული ვარია.
მალე გაშლილი კოლონების იქით „თავისიანების“ დანახვა შეუძლებელი გახდა. როცა სივრცე სანგრების წინ თეთრი გიმნასტურებით სანახევროდ გაივსო, ადამიანების მასაში თითქოს ბუჩქებად ამოიზარდნენ აფეთქებები: პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე... მერე, უფრო ახლოს, ისევ — პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე...
და ისევ და ისევ...
— მაგრად შეუბერეს, — მოესმა ვარიას, — ესეც შენი არტმომზადება. ამ ბრიყვული ფსიქოლოგიით კი არ უნდა გვებაქიბუქა, შეუსვენებლივ უნდა გვერტყა.
— გავიქცეთ! გამორბიან! — კაზანზაკი ვარიას მხრებში ჩაეჭიდა და მაგრად მოუჭირა.
ვარიამ აღშფოთებით ახედა ქვემოდან, მაგრამ მიხვდა, კაცს თავგზა ჰქონდა აბნეული.
როგორღაც გაითავისუფლა თავი, ველს გახედა — ერთიანად დაეფარა კვამლს, რომელშიც აქა-იქ თეთრი გიმნასტურები ელავდა და მაღლა მიფრინავდა მიწის შავი ბელტები.
გორაკზე სიჩუმე ჩამოწვა. რუხი ღრუბლიდან მდუმარედ გამორბოდა ბრბო და სათვალთვალო პუნქტს ორივე მხრიდან გარს უვლიდა. ვარიამ გიმნასტურებზე წითელი ლაქები დაინახა და თავი მხრებში ჩარგო.
კვამლი ოდნავ გაიფანტა. გამოჩნდა ველი, შავი ორმოების შავი წრეებითა და გიმნასტურების თეთრი წერტილებით. ვარიამ შენიშნა, რომ წერტილები მოძრაობდნენ, და ყრუ, თითქოს მიწიდან მომდინარე კვნესა შემოესმა — სწორედ ამ დროს ზარბაზნებიც დადუმდნენ.
— ძალთა პირველი მოსინჯვა დამთავრებულია, — თქვა ნაცნობმა მაიორმა, მთავარი შტაბიდან რომ მიემაგრებინათ ჟურნალისტებისთვის, — მაგრად ჩაჯდა ოსმანი, გაგვაწვალებს.
ახლა ისევ არტმომზადება იქნება, მერე კიდევ „ვაშა-ვაშა“.
ვარიამ გულისრევა იგრძნო.
მეცხრე თავი,
რომელშიც ფანდორინი ხელმძღვანელობისგან სასტიკ საყვედურს იღებს
„რუსული უწყებანი“ (სანკტ-პეტერბურგი),
31 აგვისტო (12 სექტემბერი) 1877 წ.
„...თავდადებულმა ყმაწვილმა, რომელსაც საყვარელი მეთაურის მამობრივი დარიგება ახსოვდა, შეჰყვირა: „მოვკვდები, მიხაილ დმიტრიჩ, მაგრამ წერილს მაინც მივიტან!“ ცხრამეტი წლის გმირი მოახტა თავის დონურ ბედაურს და გაქროლდა ველზე, რომელზეც ტყვიის ქარები ქროდა. იქით მიაჭენებდა, სადაც ჩასაფრებული ბაშიბუზუკების მიღმა არმიის მთავარი ძალები დაბანაკებულიყვნენ. მხედრის თავზე ტყვიები წიოდნენ, მაგრამ ის დეზს ჰკრავდა გაფიცხებულ ცხენს და თან ეჩურჩულებოდა: „ჩქარა! ჩქარა! შეტაკების ბედი ჩემზე ჰკიდია!“
თუმცაღა ავი განგება თავდადებაზე ძლიერია. საფრიდან ტყვიებმა იჭექა და თავგანწირული შიკრიკი მიწაზე დაეცა. სისხლში მოთხვრილი წამოხტა და ხმლით ხელში ურჯულოებისკენ გაქანდა, მაგრამ შავი ძერებივით დაესხნენ თავს დაუნდობელი მტრები, წააქციეს და დიდხანს ჩეხდნენ ხმლებით მის უსიცოცხლო სხეულს.
ასე აღესრულა სერგეი ბერეშჩაგინი, ცნობილი მხატვრის ძმა.
ასე ჩაქრა იმედისმომცემი ტალანტი, რომელსაც არ ეწერა სრული ძალით გაფურჩქვნა.
ასე დაეცა მაცნეთაგან მესამე, რომლებსაც სობოლევი აგზავნიდა ხელმწიფესთან...“
საღამოს, რვა საათზე, ვარია ისევ აღმოჩნდა ნაცნობ განშტოებაზე, მაგრამ ხმაჩახლეჩილი კაპიტნის ნაცვლად ახლა მას ისეთივე ხრინწიანი პორუჩიკი ხელმძღვანელობდა, რომელიც უფრო ცუდ დღეში იყო, ვიდრე მისი წინამორბედი, რადგან ახლა ორი შემხვედრი ნაკადი უნდა ემართა: წინ საბრძოლო მასალების საზიდრები მიდიოდნენ კვლავინდებურად, მაგრამ ბრძოლის ველიდანაც გამოჰყავდათ დაჭრილები.
პირველი შეტევის შემდეგ ვარიას მხნეობამ უმტყუნა — მიხვდა, მეორეჯერ ამნაირ სანახაობას ვეღარ გადაიტანდა. ზურგში გაბრუნდა, თანაც გზაში წაუტირა კიდეც — კიდევ კარგი, ახლომახლო ნაცნობი არავინ იყო, მაგრამ ბანაკამდე ვეღარ მიაღწია, იმიტომ, რომ შერცხვა.
„მიმოზა, პრანჭია, სუსტი სქესი“, — ლანძღავდა საკუთარ თავს. ხომ იცოდა, რომ ომში მიდიოდა და არა პავლოვსკოეზე სასეირნოდ.
და თანაც სულაც არ უნდა სიამოვნება მიენიჭებინა ტიტულიანი მრჩევლისთვის, რომელიც ისევ მართალი აღმოჩნდა.
მოკლედ, უკან მიბრუნდა.
ფეხით მიდიოდა, გული სევდით ეწურებოდა ბრძოლის მოახლოებული ხმებისგან. ცენტრში თოფებით სროლა თითქმის ჩაწყნარდა და მხოლოდ ზარბაზნები გრიალებდნენ, სამაგიეროდ, ლოვჩინის შოსეზე, სადაც სობოლევის გზამოჭრილი რაზმი იბრძოდა, განუწყვეტელი ზალპის ხმა და ღრიალი იდგა, ახლა ძლივს რომ ისმოდა ამ მანძილიდან. ეტყობა, გენერალ მიშელს ცუდი დღე ადგა.
ვარია შეხტა — ბუჩქებიდან გზაზე ტალახში ამოსვრილი მაკლაფლინი გამოვიდა. შლაპა გვერდზე მოქცეოდა, სახე აჭარხლებოდა და შუბლზე ოფლი ასკდებოდა.
— რა ხდება? როგორ არის საქმე? — შეეკითხა ვარია და ირლანდიელის ცხენს აღვირში სწვდა.
— მგონი, კარგად, — მიუგო მან, თან ლოყებს ცხვირსახოცით იწმენდდა, — უფ, რაღაც ბარდებში შევეხეტე და ძლივს გამოვაღწიე.
— კარგად? რაო, რედუტები აიღეს?
— არა, ცენტრში თურქებმა გაუძლეს, მაგრამ ოცი წუთის წინ ჩვენს სათვალთვალო პუნქტთან გრაფმა ზუროვმა ჩაიქროლა. ძალიან ჩქარობდა და ესღა მოგვაძახა: „პობედა! მყ ვ პლევნე! ნეკოგდა, გოსპოდა, სროჩცჰნოყე დონესენიყე!“
მუსიე კაზანზაკი უკან გამოედევნა. ეს ბატონი დიდი პატივმოყვარეა და ეტყობა, სასიხარულო ცნობის მიმტანის მახლობლად უნდა ყოფნა, იქნებ რაიმე ხეირი ნახოს, — მაკლაფლინმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი, — ბატონი ჟურნალისტები კი დაუყოვნებლივ აქეთ-იქით მიმოიფანტნენ, ასეთი შემთხვევებისთვის ყველას ხომ საკუთარი ტელეგრაფისტი ჰყავს. გარწმუნებთ, ამ წუთისთვის გაზეთების რედაქციებში უკვე მიფრინავენ დეპეშები პლევნის აღების ცნობით.
— თქვენ რაღას აპირებთ?
კორესპონდენტმა მედიდურად მიუგო:
— მე არასოდეს ვფაციფუცობ, მადმუაზელ სუვოროვა.
ჯერ ყოველმხრივ უნდა გავარკვიო გარემოებები. მოკლე განცხადების ნაცვლად მე მთელ სტატიას გავგზავნი და ის იმავე დილის გამოშვებაში მოხვდება, რომელშიც მათი მოკლე-მოკლე დეპეშები.
— ესე იგი, შეიძლება ბანაკში დავბრუნდე? — შვებით შეეკითხა ვარია.
— ვფიქრობ, შეიძლება. იქ უფრო მეტს გავიგებთ, ვიდრე ამ სავანაში. თანაც მალე დაბნელდება.
თუმცა შტაბში ხეირიანად არა იცოდნენ რა, რაკიღა სამეთაუროდან პლევნის აღების შესახებ არანაირი ცნობა არ მოსულა — პირიქით, ისე ჩანდა, რომ შეტევა ყველა მთავარ პუნქტში მოეგერიებინათ და დანაკარგიც რაღაც ასტრონომიული იყო, არანაკლებ ოცი ათასი კაცისა. ამბობდნენ, ხელმწიფე მთლად დაეცა სულითო, ხოლო სობოლევის წარმატებაზე მხოლოდ ხელს ჩაიქნევდნენ ხოლმე: როგორ შეძლებდა ორი ბრიგადით პლევნის აღებას, თუკი ცენტრისა და მარჯვენა ფლანგის სამოცმა ბატალიონმა რედუტების პირველი რიგიც კი ვერ აიღო?
რაღაც სისულელე გამოდიოდა. თავისი წინდახედულებით კმაყოფილი მაკლაფლინი ზეიმობდა, ვარია კი ზუროვზე ბრაზობდა: ტრაბახა, ცრუპენტელა! რაღაც წამოაყრანტალა და ყველას თავგზა აუბნია!
დაღამდა, შტაბში დაბრუნდნენ კუშტი გენერლები. ვარია ხედავდა, თუ როგორ შევიდა ოპერატიული განყოფილების ქოხში ადიუტანტებით გარშემორტყმული ნიკოლაი ნიკოლაევიჩი.
მისი ცხენისებური, ხშირი ბაკენბარდებით მოჩარჩოებული პირისახე ტიკისგან ცახცახებდა.
ყველა დიდ დანაკარგზე ჩურჩულებდა, რომ არმიის მეოთხედი განადგურდა, მაგრამ აღტაცებით ლაპარაკობდნენ ჯარისკაცებისა და ოფიცრების გმირობაზე. განსაკუთრებით ოფიცრებს აქებდნენ.
პირველი საათისთვის ვარია მოღუშულმა ფანდორინმა მოძებნა.
— წამობრძანდით, ვარვარა ანდრეევნა.
უმაღლესი ხ-ხელმძღვანელობა გვიხმობს.
— ჩვენ? — გაოცდა ვარია.
— ჰო. მთელ განსაკუთრებულ ნაწილს, თავისი სრული შემადგენლობით და თქვენც და მეც.
სწრაფი ნაბიჯით მივიდნენ ალიზით შელესილ ქოხთან, სადაც პოდპოლკოვნიკ კაზანზაკის უწყება განლაგებულიყო.
ნაცნობ ოთახში ოფიცრები შეკრებილიყვნენ, დასავლეთის ჯგუფის განსაკუთრებული ნაწილის თანამშრომლები, თუმცა მათ შორის უფროსი არ იყო.
სამაგიეროდ, მაგიდასთან მრისხანედ მზირალი თვით ლავრენტი არკადიევიჩ მიზინოვი იჯდა.
— ა-ა, ბატონმა ტიტულიანმა მრჩეველმა ქალბატონ მდივანთან ერთად ინება მობრძანება, — გესლიანად წარმოთქვა მან, — ჰოდა, ჩინებულია, ახლა მხოლოდ მის მაღალკეთილშობილება ბატონ პოდპოლკოვნიკსღა უნდა დაველოდოთ და შეიძლება დავიწყოთ კიდევაც. სადაა კაზანზაკი?! — დაიღრიალა გენერალმა.
— ივან ხარიტონოვიჩი ამ საღამოს არავის უნახავს, — მიუგო დამფრთხალმა უფროსმა ოფიცერმა.
— დიდებულია. საიდუმლოებების კარგი დამცველები არიან.
მიზინოვი წამოხტა, ფეხების ბაკუნით გაიარა ოთახში.
— არმია კი არა, ისკეიპისტების წარმოდგენაა. ცირკი შაპიტო! ვინც უნდა ახსენო, არ არისო, გეუბნებიან.
გაქრნენ! უგზო-უკვლოდ!
— თქვენო მაღალაღმატებულებავ, გამოცანებით ლაპარაკობთ. რა ხდება? — ხმადაბლა ჰკითხა ფანდორინმა.
— არ ვიცი, ერასტ პეტროვიჩ, არ ვიცი! — დაიყვირა მიზინოვმა, — იმედი მქონდა, რომ თქვენ და ბატონი კაზანზაკი ამიხსნიდით, — გაჩუმდა, თავს ძალა დაატანა და უკვე მშვიდად განაგრძო, — კარგიიი... აღარავის ვუცდით. ხელმწიფიდან მოვდივარ. ძალიან საინტერესო სცენას შევესწარი: მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ამალის გენერალ-მაიორი სობოლევ-მეორე უყვიროდა მის იმპერატორობით უდიდებულესობასაც და მის იმპერატორობით უმაღლესობასაც, ხოლო ხელმწიფე და მთავარსარდალი თავს იმართლებდნენ მის წინაშე.
— შეუძლებელია! — დაიგმინა ვიღაცამ ჟანდ¬არმთაგან.
— გაჩუმდი! — იღრიალა გენერალმა, — გაჩუმდი და მისმინე! როგორც გაირკვა, შუადღის მეოთხე საათზე სობოლევის რაზმმა პირდაპირი დარტყმით კრიშინსკის რედუტი აიღო, პლევნის სამხრეთ შემოგარენში შეიჭრა, თურქული არმიის მთავარი ძალების ზურგში შევიდა, თუმცა იძულებული შეიქნა, შეჩერებულიყო, რადგან ხიშტები და არტილერია არა ჰყოფნიდა. სობოლევმა რამდენჯერმე გამოგზავნა მაცნეები მოთხოვნით, რომ დაუყოვნებლივ გაეგზავნათ დახმარება, მაგრამ ბაშიბუზუკები იჭერდნენ შიკრიკებს. ბოლოს, ექვს საათზე, ადიუტანტმა ზუროვმა ხუთი ათეული კაზაკის თანხლებით შეძლო ცენტრალური ჯგუფის განლაგებამდე გაღწევა.
კაზაკები უკან დაბრუნდნენ, სობოლევთან, იმიტომ, რომ იქ ყველა კაცი საჭირო იყო, ზუროვმა კი ცენტრისკენ მარტომ გააჭენა. დახმარებას წუთი წუთზე ელოდნენ, მაგრამ ამაოდ. და ეს გასაოცარიც არ არის, რადგან ცენტრში ზუროვი არ მოსულა და მარცხენა ფლანგის წარმატებაზე არა შეგვიტყვია რა. საღამოს თურქებმა დისლოკაცია დაიწყეს, მთელი ძალით მიაწვნენ სობოლევს და მანაც შუაღამის წინ, ხალხის უმეტესობა რომ დაკარგა, საწყის პოზიციებზე დაიხია. არადა პლევნა უკვე ჯიბეში გვედო! ვეკითხები აქ დამსწრეთ: სად უნდა დაკარგულიყო ადიუტანტი ზუროვი — დღისით, მზისით, ჩვენი განლაგების მთლად ცენტრში? ვის შეუძლია მიპასუხოს?
— როგორც ჩანს, პოდპოლკოვნიკ კაზანზაკის, — თქვა ვარიამ და ყველა მისკენ შებრუნდა.
აღელვებული ვარია მოჰყვა, რაც მაკლაფლინისგან გაიგონა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჟანდარმთა შეფმა ფანდორინს მიმართა:
— თქვენი დასკვნები, ერასტ პეტროვიჩ?
— ბრძოლა წ-წაგებულია, თმის გლეჯა ნაგვიანევია... ეს მხოლოდ ემოციებია, გამოძიებას ხელს უშლის, — ცივად მიუგო ტიტულიანმა მრჩეველმა, — გაკეთებით კი აი, რა უნდა გავაკეთოთ. საკორესპონდენტო პუნქტსა და ცენტრს შორის ტერიტორია კვადრატებად უნდა დავყოთ, ეს ე-ერთი.
როგორც კი ინათებს, თ-თითოეული კვადრატი უნდა შევამოწმოთ. ეს ორი. ზუროვის ან კაზანზაკის გ-გვამების აღმოჩენის შემთხვევაში, ხელი არაფერს ვახლოთ და ირგვლივ მიწა არ გავთელოთ — ეს სამი. ყოველ შემთხვევაში, ერთიცა და მეორეც ლაზარეთებში მოვძებნოთ, მძიმედ დაჭრილთა შორის — ეს მეოთხე. ჯერჯერობით, ლავრენტი არკადიევიჩ, მ-მეტი არაფრის გაკეთება არ შეიძლება.
— რას ვარაუდობთ? რა მოვახსენო ხელმწიფეს? ღალატი?
ერასტ პეტროვიჩმა ამოიოხრა.
— უფრო დ-დივერსია. სხვათა შორის, დილით გავიგებთ...
...ღამით არ სძინებიათ. სამუშაო ბევრი იყო: განსაკუთრებული ნაწილის თანამშრომლები რაიონს ნახევარვერსიან კვადრატებად ყოფდნენ, განსაზღვრავდნენ საძიებო რაზმების შემადგენლობას, ხოლო ვარიამ ექვსივე ჰოსპიტალი და ლაზარეთი შემოიარა — უგონოდ მყოფ ოფიცრებს ამოწმებდა.
ისეთები იპოვა, რომ განთიადისას უცნაურად გამოლენჩდა, მაგრამ ვერც ზუროვი და ვერც კაზანზაკი ვერ აღმოაჩინა. სამაგიეროდ, დაჭრილთა შორის ბევრი ნაცნობი ნახა, მათ შორის პერეპიოლკინიც. კაპიტანიც ცდილობდა დახმარების სათხოვნელად გაეღწია, მაგრამ გაღუნული ხმალი მოხვდა ლავიწის გადაკვეთაზე — ბედი არ სწყალობდა ბაშიბუზუკებთან. იწვა საწოლზე გაფითრებული, საბრალო და ჩავარდნილი თაფლისფერი თვალებით ისე დარდიანად იმზირებოდა, როგორც იმ პირველი შეხვედრის დაუვიწყარ დღეს. ვარია მისკენ გაიქცა, ის კი შებრუნდა და არაფერი უთქვამს. რატომ შესძულდა ასე?
მზის პირველმა სხივმა ვარია განსაკუთრებული ნაწილის მახლობლად, მერხზე მოიხელთა. ფანდორინმა ლამის ძალით დასვა, დასვენება უბრძანა და ვარია კედელთან ჩაიკეცა ტყვიასავით დამძიმებული სხეულით, აფორიაქებულ, ამღვრეულ თვლემაში ჩაეფლო.
ძვლები ტეხდა, აზიდებდა — საკვირველი არაფერია, ნერვები და უძილო ღამე თავისას შვრებოდა.
საძიებო ჯგუფები ჯერ კიდევ სიბნელისას გავიდნენ კვადრატებზე. რვის თხუთმეტ წუთზე მოჭენდა შიკრიკი მეთოთხმეტე კვადრატიდან, ქოხში შევარდა და იქიდან მაშინვე გამოვიდა ფანდორინი, გზადაგზა იკრავდა კიტელს.
— წამოდით, ვარვარა ანდრეევნა, ზუროვი იპოვეს, — მოკლედ მოუჭრა.
— მოკლულია? — დაიკვნესა ვარიამ.
ერასტ პეტროვიჩმა არ უპასუხა.
ჰუსარი პირქვე იწვა, თავი გვერდზე მოქცეოდა. ვარიამ შორიდანვე დაინახა კავკასიური ხანჯლის მოვერცხლილი ვადა, მჭიდროდ რომ ჩასჯდომოდა მარცხენა ბეჭში. გაჩქარებულმა მისი პროფილიც დაინახა: გაოცებით გაღებული თვალი მინის სილამაზით ელვარებდა, ტყვიით დამახინჯებული საფეთქელი თოფისწამლით დამწვარ სიშავეს აჩენდა.
კვლავ უცრემლოდ ამოისლუკუნა ვარიამ და შეტრიალდა, ეს სურათი რომ აღარ დაენახა.
— ხელი არაფრისთვის გვიხლია, ბატონო ფანდორინ, როგორც ნაბრძანებია, — მოახსენა ჟანდარმმა, რაზმს რომ მეთაურობდა, — ერთი ვერსიღა დააკლდა სამეთაურო პუნქტამდე.
აქ ღარტაფია, ჰოდა, ვერავინ დაინახა. გასროლასაც ვინ გაიგონებდა, იმისთანა ბათქაბუთქი იდგა... სურათი ნათელია: ხანჯალი ჩასცეს ზურგში უეცრად, მოულოდნელად.
მერე ტყვიაც დააყოლეს მარცხენა საფეთქელში — მიბრჯნით არის ნასროლი.
— კარგი... კარგი... — გაურკვევლად მიუგო ერასტ პეტროვიჩმა, გვამთან რომ დახრილიყო.
ოფიცერმა ხმას დაუწია:
— ივან ხარიტონოვიჩის ხანჯალია, მაშინვე ვიცანი. ადრე მაჩვენა, ამბობდა, ქართველი თავადის ნაჩუქარიაო...
ამაზე ერასტ პეტროვიჩმა თქვა:
— დიდებულია.
ვარია კიდევ უარესად შეიქნა, თვალები დახუჭა, როგორმე რომ გამორკვეულიყო.
— და ფ-ფლოქვების კვალი? — იკითხა ფანდორინმა, ჩაცუცქდა.
— სამწუხაროდ, თავადაც ხედავთ, ნაკადულის გასწვრივ სულ კენჭებია, ზემოთ კიდევ ყველაფერი აზელილია — ეტყობა, გუშინ ესკადრონებმა გაიარეს.
ტიტულიანი მრჩეველი გაიმართა, ერთხანს გახევებული გვამის მახლობლად იდგა. სახე უმოძრაო ჰქონდა, ნაცრისფერი, შევერცხლილი საფეთქლებივით. არადა ძლივს გადასცილდა ოც წელიწადს, გაიფიქრა ვარიამ და შეკრთა.
— კარგი, პორუჩიკო. მოკლული ბანაკში გ-გადაიტანეთ.
წავიდეთ, ვარვარა ანდრეევნა.
გზად ვარიამ ჰკითხა:
— ნუთუ კაზანზაკი თურქეთის აგენტია? დაუჯერებელია! რა თქმა უნდა, საძაგელი ვიღაცაა, მაგრამ მაინც...
— მთლად ასეთი არა, ხომ? — მწუხარედ ჩაიცინა ფანდორინმა.
შუადღისას პოდპოლკოვნიკიც მოიძებნა — მას შემდეგ, რაც ერასტ პეტროვიჩმა ბრძანა, კიდევ ერთხელ გულდასმით მოეძებნათ კორომსა და ბუჩქებში, საბრალო იპოლიტის მკვლელობის ალაგის მახლობლად რომ იყო.
ნაამბობის მიხედვით თუ განვსჯით (თავად ვარია იქ არ ყოფილა), თურმე კაზანზაკი ნახევრად იჯდა და ნახევრად იწვა ხშირი ბუჩქის უკან, ზურგით კაჭარს მიყრდნობილი. მარჯვენა ხელში — რევოლვერი, შუბლზე კი ნახვრეტი ჰქონდა.
გამოძიების შედეგების შესახებ თათბირს თავად მიზინოვი ატარებდა.
— უწინარეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ უაღრესად უკმაყოფილო ვარ ტიტულიანი მრჩევლის, ფანდორინის საქმიანობით, — ისეთი ხმით დაიწყო გენერალმა, კარგს არაფერს მოასწავებდა, — ერასტ პეტროვიჩ, თქვენ ცხვირწინ იმყოფებოდა საშიში, დახელოვნებული მტერი, ჩვენს საქმეს უმძიმესი ზიანი რომ მიაყენა და მთელი ჩვენი კამპანიის ბედი ხიფათში ჩააგდო, თქვენ კი მაინც ვერ ამოიცანით. რასაკვირველია, ეს ადვილი სულაც არ იყო, მაგრამ არც თქვენ ხართ ჩვენს საქმეში ახალბედა. რა უნდა მოვთხოვოთ განსაკუთრებული ნაწილის რიგით თანამშრომლებს? ისინი სხვადასხვა საგუბერნიო სამმართველოებიდან არიან მოკრებილი, ადრე ძირითადად რიგით საგამოძიებო სამუშაოს ასრულებდნენ, მაგრამ თქვენ თქვენი ნიჭიერების გამო არ გეპატიებათ.
ვარიამ, ხელისგული რომ მიედო ყრუდ ატკივებულ საფეთქელზე, ცერად გახედა ფანდორინს. სავსებით მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, თუმც ღაწვები ძლივსშესამჩნევად (სხვათა შორის, ვარიას გარდა ვერავინ შენიშნავდა) შეფაკვლოდა — ეტყობა, შეფის სიტყვებმა შეძრა.
— მაშ, ბატონებო, რა მდგომარეობა გვაქვს? ჩვენ გვაქვს მსოფლიო ისტორიაში უპრეცენდენტო კონფუზი — დასავლეთის ჯგუფის საიდუმლო ნაწილს, მთელი დუნაის არმიის შენაერთებიდან მთავარს, მოღალატე ხელმძღვანელობდა.
— ეს დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს, თქვენო მაღალაღმატებულებავ? — შიშით იკითხა ჟანდარმერიის ოფიცრებიდან უფროსმა.
— თავად განსაჯეთ, მაიორო. ის, რომ კაზანზაკი წარმოშობით ბერძენია და ბერძნებს შორის ბევრი თურქეთის აგენტია, ეს ჯერ კიდევ, რასაკვირველია, მტკიცებულება არ არის. მაგრამ გაიხსენეთ, რომ ლუკანის ჩანაწერებში ფიგურირებს გამოუცნობი ჟ.
ახლა გასაგებია, ეს რა ჟ-ა — „ჟანდარმი“.
— მაგრამ სიტყვა „ჟანდარმი“ იწერება G-თი — Gენდარმე, — არ ცხრებოდა ჭაღარა მაიორი.
— ეგ ფრანგულად არის Gენდარმე, ხოლო რუმინულად კი იწერება ჟანდარმ, — მყისვე აუხსნა უმაღლესმა ხელმძღვანელობამ, — კაზანზაკი, აი, ვინ მართავდა რუმინელ პოლკოვნიკს. შემდეგ... ვინ გავარდა ზუროვის გასაცილებლად, ახალი ამბით რომ მოდიოდა, რომელზეც დამოკიდებული იყო ბრძოლის ბედი და შესაძლოა, მთელი ომისაც? კაზანზაკი. შემდეგ... ვისი ხანჯლითაა მოკლული ზუროვი? თქვენი უფროსისა. შემდეგ... ისე, რა არის, სინამდვილეში, შემდეგ? ბეჭში გაჭედილი ხანჯლის ამოძრობა რომ ვეღარ შეძლო, მკვლელი მიხვდა, რომ ეჭვს ვეღარ აიცილებდა თავიდან და ტყვია დაიხალა.
სხვათა შორის, მისი რევოლვერის დოლურაში სწორედ ორი ტყვია აკლია.
— მაგრამ მტრის ჯაშუში თავს არ მოიკლავდა, მიმალვას ეცდებოდა, — ისევ გაუბედავად თქვა მაიორმა.
— ნება მომეცით გავიგო, სად? ცეცხლის ხაზს ის ვერ გადაკვეთდა, ჩვენს ზურგში კი დღეიდან მასზე ძებნას გამოაცხადებდნენ. ბულგარელებთან ვერ დაიმალებოდა, თურქებამდე ვერ მიაღწევდა. ტყვია უკეთესია, ვიდრე სახრჩობელა — მან მართებულად განსაჯა. გარდა ამისა, კაზანზაკი ჯაშუში კი არა, სწორედ მოღალატეა. ნოვგოროდცევ, — გენერალი ადიუტანტს მიუბრუნდა, — სადაა წერილი?
მან საქაღალდიდან ოთხად გაკეცილი ქათქათა ფურცელი ამოიღო.
— აღმოჩენილია თვითმკვლელის ჯიბეში, — ახსნა მიზინოვმა, — ხმამაღლა წაიკითხეთ, ნოვგოროდცევ.
ადიუტანტმა ეჭვით შეათვალიერა ვარია.
— წაიკითხეთ, წაიკითხეთ, — დააჩქარა გენერალმა, — აქ კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი არ გვაქვს, თანაც ქალბატონი სუვოროვა საგამოძიებო ჯგუფის წევრია.
ნოვგოროდცევმა ჩაახველა, გაწითლდა და კითხვას შეუდგა.
„ძაან საყვარელო ვანჩიკ-ხარიტონჩიკ, ჩემო სულიკო-ჯან-აია-ჯან...“ აქ ისეთი ორთოგრაფიაა, ბატონებო, — ჩაურთო ადიუტანტმა, — მე ისე ვკითხულობ, როგორც წერია. შემაძრწუნებელი რამეებია. ჰმ...
„ჩემო სულიკო-ჯან-აია-ჯან. ეს ცხოვრებამ უშენობით იქნება იგეთინა, რომა ემჯობინებოდეს იქნებოდეს იქნება თავი მოვიკლა — ეგრე სჯობიან, მინამ ეგეთი სიცოცხლე. კოცნა-პროშტნა მე შენგან, მე კიდენა ამ გაიძვერა ბედისწერას ვუყურებდი და მჰშურდა და ყამა-დანას ზურგს უკან ჰმალავდა ეგ ბემურაზი. რახან შენ არ იყავი, მე ღვინოსა ვსომდი, ნეტამც მიწის ბელტები დამეღრღნა. ძაანა გსთხოვ, რომა მალე დაჰბრუნდი. და თუ კიდენა ბესოს მაგიორში მაგ შენ წამპალ კიშინოვში ვინმესა ჰნახამ — ჩამოვალ და დედიჩემის ძვლებსა ვჰფიცავარ, ნაწლავებს გადმოვაყრევინეფ. ათასის წლით შენი ცელქი.
ჯან-აია-ჯან“.
— ამ წერილის ავტორი... ასე ვთქვათ... ქალი იყო? — იკითხა მაიორმა.
— არა, ქალი კი არა, სწორედაც რომ კაცი, — ცერად ჩაიცინა მიზინოვმა, — აი, ამაშია მთელი ოინი. სანამ კიშინიოვის ჟანდარმერიის სამმართველოში მოხვდებოდა, კაზანზაკი თბილისში მსახურობდა. ჩვენ დაუყოვნებლივ გავგზავნეთ შეკითხვა და პასუხი უკვე მივიღეთ.
დეპეშა წაიკითხეთ, ნოვგოროდცევ.
ახალ დოკუმენტს ნოვგოროდცევი აშკარად დიდი სიამოვნებით კითხულობდა, ვიდრე იმ სასიყვარულო გზავნილს.
— მის მაღალაღმატებულებას გენერალ-ადიუტანტ ლ. ა.
მიზინოვს, პასუხი 31 აგვისტოს შეკითხვაზე, მიღებულია შუადღის 1 საათსა და 52 წუთზე. ზესაჩქაროდ. ზესაიდუმლოდ.
მოგახსენებთ, რომ თბილისის ჟანდარმერიის სამმართველოში მუშაობის დროს 1872 წლის იანვრიდან 1876 წლის სექტემბრამდე, პოდპოლკოვნიკმა ივან კაზანზაკიმ თავი გამოიჩინა როგორც საქმიანმა, ენერგიულმა თანამშრომელმა და ოფიციალური საყვედურები არა ჰქონია, პირიქით, ნამსახურობით მიიღო წმ. სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენი და ორი მადლობა მისი იმპერატორობითი უმაღლესობა კავკასიის მეფისნაცვლისგან. თუმცა 1876 წლის ზაფხულში მიღებული აგენტურული ინფორმაციის თანახმად, ჰქონდა უცნაური მიდრეკილებები და თითქოს არაბუნებრივ კავშირში იყო ცნობილ თბილისელ პედერასტთან, თავად ვისარიონ შალიკოვთან, მეტსახელად ცელქ ბესოსთან. მე მნიშვნელობას არ მივანიჭებდი ამგვარ ჭორებს, დაუდასტურებელ მტკიცებულებებს, თუმცაღა იმის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად მოწიფული ასაკისა, პოდპოლკოვნიკი კაზანზაკი უცოლოა და ქალებთან კავშირში შენიშნული არ არის, გადავწყვიტე, ჩამეტარებინა საიდუმლო შიდამოკვლევა. შევძელით, დაგვედგინა, რომ ცელქ ბესოს პოდპოლკოვნიკი კაზანზაკი ნამდვილად იცნობდა, თუმცა ინტიმური ურთიერთობის ფაქტი დადგენილი არ არის.
და მაინც, უმჯობესად ჩავთვალე მეშუამდგომლა, რათა პოდპოლკოვნიკი კაზანზაკი სხვა სამმართველოში გადაეყვანათ, მის სამსახურებრივ ფურცელში რაიმე ჩანაწერის გარეშე.
თბილისის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი პოლკოვნიკი ფანჩულიძევი“.
— აი, ასე, — მწარედ დაასკვნა მიზინოვმა, — სხვებს მიუგდო საეჭვო თანამშრომელი, თანაც ხელმძღვანელობას მიზეზი დაუმალა. შედეგს კი მთელი არმია იმკის. კაზანზაკის ღალატის გამო ორი თვეა ამ ოხერ-ტიალ პლევნასთან ვყურყუტებთ და ჯერაც არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს მოვუნდებით! მისი უმაღლესობის სახელობის დღე წახდა! ხელმწიფემ დღეს უკან დახევაზე დაიწყო ლაპარაკი, წარმოგიდგენიათ?! — კრუნჩხვით აუვიდ-ჩაუვიდა ყია, — სამი წარუმატებელი შტურმი, ბატონებო! სამი! გახსოვთ, ერასტ პეტროვიჩ, რომ პირველი ბრძანება პლევნის დაკავების შესახებ გამშიფრავთა განყოფილებაში კაზანზაკიმ წაიღო? ის კი აღარ ვიცი, როგორ მოახერხა „პლევნის“ შეცვლა „ნიკოპოლით“, მაგრამ ამ იუდას გარეშე ეს არ მოხდებოდა!
შემკრთალ ვარიას იმედი მიეცა — პეტიას ბედში, როგორც ჩანს, სინათლის სხივი უნდა აკიაფებულიყო. გენერალმა კი ტუჩები მოიკვნიტა და განაგრძო:
— პოლკოვნიკ ფანჩულიძევს ჭკუის სასწავლებლად სხვა მდუმარეებთან ერთად, რასაკვირველია, სასამართლოს გადავცემ და მათ სრულ დაქვეითებასაც მივაღწევ, მაგრამ მისი დეპეშა საშუალებას გვაძლევს დედუქციურად აღვადგინოთ მთელი ჯაჭვი. აქ ყველაფერი საკმაოდ მარტივია. ივან კაზანზაკის საიდუმლო გარყვნილებაზე ალბათ შეიტყო თურქეთის აგენტურამ, რომლითაც სავსეა მთელი კავკასია... და პოდპოლკოვნიკი შანტაჟის მეოხებით გადაიბირეს.
ეს ისეთივე მარადიული ამბავია, როგორიც სამყარო. ვანჩიკ-ხარიტონჩიკ! ფუჰ! რა საზიზღრობაა! ფულს გამოდევნებულისგან რა სიკეთეს უნდა ელოდე!
ვარიას პირი უნდა გაეღო, რათა ერთსქესიანი სიყვარულის მომხრეებს გამოქომაგებოდა, რომლებიც, ბოლოს და ბოლოს, დამნაშავეები არ არიან, რადგან ბუნებამ ისეთებად არ შექმნა, როგორადაც დანარჩენები, მაგრამ უეცრად ფანდორინი წამოდგა.
— ნება მომეცით, წერილს დავხედო, — ითხოვა მან, მერე ხელებში ატრიალა ფურცელი, რატომღაც თითი გადაატარა განაკეცს და იკითხა: — სად არის კ-კონვერტი?
— ერასტ პეტროვიჩ, თქვენ მე მაკვირვებთ, — ხელები გაშალა გენერალმა, — რა კონვერტი შეიძლება იყოს? ასეთ წერილებს ფოსტით ხომ არ აგზავნიან.
— უ-უბრალოდ ედო გულისჯიბეში? კარგი, კარგი... — და ფანდორინი დაჯდა.
ლავრენტი არკადიევიჩმა მხრები აიჩეჩა.
— ერასტ პეტროვიჩ, უმჯობესი იქნება, აი, რა გააკეთოთ. არ გამოვრიცხავ, რომ პოლკოვნიკ ლუკანის გარდა გამცემმა კიდევ სხვა ვინმეც გადაიბირა. თქვენი ამოცანაა, დაძებნოთ — შტაბში ან შტაბის ახლოს კიდევ ხომ არ დარჩენილა დრაკონის კბილები. მაიორო, — მიმართა უფროს ოფიცერს, ისიც წამოხტა და გაიჭიმა, — თქვენ გნიშნავთ განსაკუთრებული ნაწილის დროებით ხელმძღვანელად. ამოცანა იგივეა.
ყოველმხრივ შეუწყვეთ ხელი ტიტულიან მრჩეველს.
— მესმის!
კარზე დააკაკუნეს.
— შეიძლება, თქვენო მაღალაღმატებულებავ? — გამოღებულ კარში ცისფერსათვალიანი თავი გამოჩნდა.
ვარიამ იცოდა, რომ ეს მიზინოვის მდივანი იყო, წყნარი მოხელე ძნელად დასამახსოვრებელი გვარით, რომელიც რატომღაც არ უყვარდათ და ეშინოდათ კიდეც.
— რა მოხდა? — გაფაციცდა ჟანდარმთა შეფი.
— განსაკუთრებული შემთხვევაა ჰაუპტვახტში. კომენდანტი გამოცხადდა. ამბობს, ჩემმა პატიმარმა თავი ჩამოიხრჩოო.
— თქვენ, პშებიშევსკი, ჭკუაზე ცოტა აფრაკად ხომ არ ხართ! მე აქ საგანგებო თათბირი მაქვს, თქვენ კიდევ რაღაცას მიედ-მოედებით!
ვარიამ გულზე იტაცა ხელი და მომდევნო წამში მდივანმაც სწორედ ის სიტყვები წარმოთქვა, რომლებისაც ასე ძალიან ეშინოდა.
— ეს ხომ გამშიფრავი იაბლოკოვი ჩამოეკიდა, სწორედ ის. წერილი დატოვა, რომელსაც პირდაპირი შეხება აქვს... ჰოდა, მეც გავბედე... მაგრამ თუ უდროოდ გეახელით, გთხოვთ, მომიტევოთ და დაგტოვებთ, — მოხელემ წყენით დაიქსუტუნა და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს კარს მიღმა მიმალვა სურდა.
— წერილი ჩემთან! — შეჰყვირა გენერალმა, — და კომენდანტიც ჩემთან!
ვარიას თვალწინ ყველაფერი აუტივტივდა. თავს ძალას ატანდა წამოსადგომად, მაგრამ არ შეეძლო, რაღაც ძალით იყო შეკრული.
დაინახა მისკენ დახრილი ფანდორინი, უნდოდა რაღაც ეთქვა მისთვის, მაგრამ მხოლოდ საცოდავად ააცმაცუნა ტუჩები.
— ახლა გასაგებია, თუ როგორ შეცვალა კაზანზაკიმ ბრძანება! — შეჰყვირა მიზინოვმა, თვალებით რომ გადაურბინა წერილს, — მომისმინეთ: „ისევ ათასობით მოკლული და სულ ჩემი უყურადღებობის გამო. ჰო, მე ნამდვილად დამნაშავე ვარ და უარზე აღარ დავდგები. მე ჩავიდინე გამოუსწორებელი შეცდომა — მაგიდაზე დავტოვე პლევნის დაკავების შიფრი, თავად კი გავედი პირად საქმეზე. ჩემს არყოფნაში ვიღაცამ ერთი სიტყვა შეცვალა დეპეშაში, მე კი ისე წავიღე ის შიფრი, რომ არც კი შემიმოწმებია! ჰა-ჰა, თურქეთის ჭეშმარიტი გადამრჩენელი ოსმან-ფაშა კი არა, მე ვარ, პიოტრ იაბლოკოვი. ნუღარ იზრუნებთ ჩემი საქმის გასარჩევად, ბატონო მოსამართლეებო, მე თავად გამოვუტანე საკუთარ თავს განაჩენი“.
აჰ, რა ელემენტარულია ყველაფერი! სანამ ბიჭუნა თავის საქმეზე დარბოდა, კაზანზაკიმ საჩქაროდ გადააკეთა დეპეშა. წუთის საქმეა!
გენერალმა ჩანაწერი დაჭმუჭნა და იატაკზე ისროლა, ჰაუპტვახტის გაჯგიმული კომენდანტის ფეხებთან.
— ერ... ერასტ პეტ... როვიჩ, ეს რა... არის? — გაჭირვებით ამოთქვამდა ვარია, — პეტია!
— კაპიტანო, იაბლოკოვს რა მოუვიდა? მკვდარია? — იკითხა კომენდანტისკენ მიტრიალებულმა ფანდორინმა.
— რომელი მკვდარი, ხეირიანად ყულფის გამონასკვაც კი არ იციან, — შესძახა კომენდანტმა, — ჩამოხსნეს იაბლოკოვი, მასაჟს უკეთებენ!
ვარიამ ხელი ჰკრა ფანდორინს და კარში გავარდა. წირთხლს დაეჯახა, პარმაღზე გამოვარდა და მზის ბრწყინვალებამ დააბრმავა. შეჩერდა. იქვე კვლავ გაჩნდა ფანდორინი.
— ვარვარა ანდრეევნა, დამშვიდდით, ყველაფერმა ჩაიარა.
ახლა იქ ერთად შევიაროთ, მხოლოდ სული მოითქვით, ადამიანის სახე აღარ გაქვთ.
ფრთხილად წაავლო ხელი იდაყვში, მაგრამ ამ დელიკატურმა შეხებამ ვარიაში რატომღაც აუტანელი ზიზღი გამოიწვია. ის იატაკისკენ გადაიხარა და პირდაპირ ერასტ პეტროვიჩის ჩექმებზე წამოაზიდა. ამის მერე ვარია საფეხურზე ჩამოჯდა და შეეცადა მიმხვდარიყო, რატომ იდგა დედამიწა დიაგონალურად და რატომ არავინ ვარდებოდა იქიდან.
შუბლზე მსუბუქად შეეხო რაღაც გრილი, ყინულოვანი და ვარიამ სიამოვნებისგან ამოიკვნესა.
— კარგადაა საქმე, — გაისმა ფანდორინის უსიამოვნოდ მაღალი ხმა, — ეს ხომ ტიფია.
მეათე თავი,
რომელშიც ხელმწიფეს ოქროს ხმალს მიართმევენ
„დეილი პოსტი“ (ლონდონი),
9 დეკემბერი (27 ნოემბერი), 1877 წ.
„ბოლო ორი თვეა პლევნის ალყას, ფაქტობრივად, მოხუცი და გამოცდილი გენერალი ტოტლებენი ხელმძღვანელობს, კარგად რომ ახსოვთ ბრიტანელებს სევასტოპოლის კამპანიის დროიდან. იმდენად მთავარსარდალმა არა, რამდენადაც ინჟინერმა ტოტლებენმა უარი თქვა პირდაპირ შეტევებზე და ოსმან-ფაშას არმია ბლოკადაში მოამწყვდია. რუსებმა უამრავი ძვირფასი დრო დაკარგეს, რაზედაც ტოტლებენს მკაცრად აკრიტიკებდნენ, თუმცა ახლა უნდა ვაღიაროთ, რომ ფრთხილი ინჟინერი მართალია. მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინათ თურქები საბოლოოდ მოსწყვიტეს სოფიას, პლევნაში შიმშილობა და საბრძოლო მასალის უკმარისობა დაიწყო. ტოტლებენს სულ უფრო ხშირად იხსენიებენ მეორე კუტუზოვად.
დღე-დღეზე მოსალოდნელია ოსმანის კაპიტულაცია თავისი 50-ათასიანი ჯარით“.
ცივ, საძაგელ დღეს (ნაცრისფერი ცა, ყინვა, ჭანჭყობი) ვარია საგანგებოდ დაქირავებული ეტლით ბრუნდებოდა არმიის განკარგულებაში. მთელი თვე იწვა ტირნოვოს ეპიდემიურ ჰოსპიტალში, საავადმყოფოს საწოლზე, და სავსებით შესაძლებელი იყო მომკვდარიყო კიდეც, იმიტომ, რომ ტიფისგან ბევრი იხოცებოდა, მაგრამ არა უშავს, ჩაიარა. მერე ორი თვე უღონდებოდა გული მოწყენილობისგან, ელოდებოდა, როდის წამოეზრდებოდა თმა — თავგადაპარსული ხომ ვერ წავიდოდა, ურჯულოსავით. წყეული თმა ნელა იზრდებოდა, ახლაც გადაწოლილი კი არ იყო, თახვივით ყალყზე ედგა. საძაგელი შესახედავი იყო, მაგრამ მოთმინება დაელია — კიდევ ერთი კვირის უსაქმურობა და ვარია ჭკუაზე შეცდებოდა ამ მოსაწყენი ქალაქის დაკლაკნილი ქუჩაბანდებისგან.
ერთხელ პეტიამ ჩამოაღწია სანახავად. ჯერ კიდევ გამოძიებაში ირიცხებოდა, მაგრამ ჰაუპტვახტში აღარ იჯდა, სამსახურში დადიოდა — არმია გაიზარდა და გამშიფრავები არ ჰყოფნიდათ. პეტია ძალიან შეიცვალა: ხშირი, საშინლად რომ არ უხდებოდა, ისეთი წვერი მოუშვა, ჩამოხმა და წარამარა ხან ღმერთს ახსენებდა, ხანაც კიდევ ხალხის სამსახურს.
ყველაზე მეტად ვარიას თავზარი იმან დასცა, რომ შეხვედრისას საქმრომ შუბლზე აკოცა. რაო, როგორც განსვენებულს კუბოში, არა? ნუთუ ასე გამოსულელდა?
ტირნოვოს შოსე საზიდრებით იყო გადატვირთული და ეტლი ძლივს მიცოცავდა, ამიტომ ვარიამ, როგორც აქაური ალაგების მცოდნემ, მეეტლეს უბრძანა სოფლისკენ შეეხვია, სამხრეთისკენ რომ მიჰყავდა, ბანაკის შემოვლით. ასე შორი კია, მაგრამ მალე მიხვალ.
ცარიელ გზაზე ცხენმა გვარიანად შეუბერა, თან წვიმამაც თითქმის გადაიღო. კიდევ ერთი საათიც და შინ იქნება. ვარიამ ჩაიცინა. „შინ“. ნესტიან კარავში, ღია ცის ქვეშ!
ლოვჩის შემდეგ მარტოხელა მხედრები ხვდებოდნენ — უფრო მეტად ფურაჟირები და საქმიანი შიკრიკები.
მალე ვარიამ პირველი ნაცნობიც დაინახა.
აყლაყუდა ფიგურა, ქვაბურა ქუდითა და რედინგოტით, მოუხერხებლად იჯდა თავჩაქინდრულ, ალისფერ ფაშატზე, — შეუძლებელია შემცდარიყო. მაკლაფლინი! ვარიას Dეჯავუ-ს შეგრძნება გაუჩნდა: მესამე პლევნის დროსაც ასევე ბრუნდებოდა არმიის განკარგულებაში და სწორედ ასევე შეხვდა გზაზე ირლანდიელი. ოღონდ მაშინ ცხელოდა, ახლა კი ცივა, თანაც, ალბათ, მაშინ უფრო კარგად გამოიყურებოდა.
და ძალიან კარგიცაა, რომ პირველად სწორედ მაკლაფლინი ნახავს. ალალი კაცია, უეშმაკო, მისი რეაქციით მაშინვე მიხვდები, შეიძლება თუ არა საზოგადოებაში გამოჩნდე ამისთანა თმით, თუ უმჯობესია, უკან გაბრუნდე. თანაც ახალი ამბები უნდა გაიგოს...
ვარიამ ვაჟკაცურად მოიხადა შლაპა, თავისი სამარცხვინოდ აზღარბული თმა გამოაჩინა. თუ შემოწმებაა, შემოწმება იყოს.
— მისტერ მაკლაფლინ! — დაიყვირა სავარძლიდან წამომდგარმა ვარიამ, როცა ეტლი კორესპონდენტს წამოეწია, — მე ვარ. საით გაგიწევიათ?
ირლანდიელმა მოიხედა და ქვაბურა მოიხადა.
— ო, მადმუაზელ ვარია, ძალიან მოხარული ვარ, ჯანმრთელს რომ გხედავთ.
ჰიგიენური მოსაზრებებით გაგკრიჭეს ასე? ვეღარ გიცანით.
ვარიას შიგნით ყველაფერი ჩასწყდა.
— რაო? საშინელებაა? — იკითხა ხმადაბლა.
— სულაც არა, — სასწრაფოდ მიუგო მაკლაფლინმა, — მაგრამ ახლა გაცილებით უფრო ჰგავხართ ბიჭს, ვიდრე ჩვენი პირველი შეხვედრისას.
— ერთი გზა გვაქვს? — ჰკითხა ვარიამ, — ჰოდა, ჩემთან დაჯექით, ვილაპარაკოთ. ცხენი მაინცდამაინც არ უნდა გივარგოდეთ.
— საშინელი ჯაგლაგია. ჩემმა ჭკუის კოლოფმა ბესიმ ფაშვი დრაგუნების ულაყისგან გამოიბზიკა და ისე გაიბერა, როგორც კასრი. შტაბის მეჯინიბე ფროლკას მე არ ვუყვარვარ, იმიტომ, რომ პრინციპული მოსაზრებებიდან გამომდინარე ქრთამს არ ვაძლევ (თქვენთან რომ Yფ ხფქ ჰქვია) და ამისთანა ბედაურებს მატენის! სად პოულობს ნეტავ! არადა, ძალიან მნიშვნელოვან, საიდუმლო საქმეზე მივეჩქარები.
მაკლაფლინი მრავალმნიშვნელოვნად დადუმდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ მალე ყველაფერს გადმოაფრქვევდა მნიშვნელოვნებითა და საიდუმლოობით პირთამდე სავსე.
ალბიონელის მუდმივი თავშეკავებულობის გამო ეს უცნაური ჩანდა — ეტყობა, ჟურნალისტმა რაღაც უჩვეულო შეიტყო.
— ცოტა ხნით ჩამოჯექით, — მოკლედ მოუჭრა ვარიამ, — დაასვენეთ საწყალი ცხოველი.
მე აქ მურაბიანი ღვეზელიც მაქვს და თერმოსტატული მათარაც. შიგ კი რომიანი ყავაა...
მაკლაფლინმა ვერცხლისძეწკვიანი საათი ამოიღო.
— Hალფ პასტ სევენ… Aნოტჰერ ფორტყ მინუტეს ტო გეტ ტჰერე… Aლლ რიგჰტ, ან ჰოურ. Iტ’ლლ ბე ჰალფ პასტ ეიგჰტ…, — ბურტყუნებდა თავისი გაუგებარი ლაპარაკით და ამოიოხრა, — მაშ, კარგი, მხოლოდ ერთი წუთით.
გზაგასაყარამდე წამოვალ, მერე კი პეტირნიცისკენ გადავუხვევ.
საბელი ეტლზე მიაბა, ვარიას გვერდით დაჯდა, ერთი ღვეზელი მთლიანად გადასანსლა, მეორეს ნახევარი მოაკბიჩა და სიამოვნებით მოხვრიპა თერმოსტატის სახურავიდან ცხელი ყავა.
— პეტირნიცაში რა გინდათ? — დაუდევრად ჰკითხა ვარიამ, — ისევ თქვენს პლევნელ მაცნეს უნდა შეხვდეთ, ხომ?
მაკლაფლინმა დაორთქლილი სათვალე შეისწორა და გამომცდელად შეხედა ვარიას.
— სიტყვა მომეცით, რომ არავის ეტყვით... ათ საათამდე მაინც, — მოითხოვა ჟურნალისტმა.
— პატიოსან სიტყვას გაძლევთ, — მაშინვე მიუგო ვარიამ, — მაინც რა ხდება?
იმ დაუდევრობისგან შეყოყმანებული, რომლითაც დაპირება მისცეს, მაკლაფლინი ათუხთუხდა, მაგრამ უკან დახევა გვიანი იყო, თანაც, ეტყობა, ძალიან უნდოდა მოყოლა.
— დღეს, 1877 წლის 10 დეკემბერს, ხოლო თქვენი სტილით 28 ნოემბერს, ისტორიული დღეა, — საზეიმოდ დაიწყო მან და ჩურჩულზე გადავიდა, — მაგრამ ამის შესახებ მთელ რუსულ ბანაკში მხოლოდ ერთმა კაცმა იცის — თქვენმა მონა-მორჩილმა. ო, მაკლაფლინი არ იძლევა Yფ ხფქ იმიტომ, რომ ის ადამიანი ასრულებს თავის პირდაპირ, სამსახურებრივ მოვალეობებს, მაგრამ კარგი სამუშაოსთვის მაკლაფლინი კარგად იხდის, შეგიძლიათ მერწმუნოთ. მორჩა, მორჩა, ამაზე სიტყვას აღარ დავძრავ! — ხელისგული ასწია, ის შეკითხვა გააწყვეტინა, უკვე მზად რომ იყო ვარიას ბაგეებიდან მოსაწყვეტად, — ინფორმაციის წყაროს ვერ დაგისახელებთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ის არაერთგზის არის შემოწმებული და ერთხელაც არ მოვუტყუებივარ.
ვარიამ გაიხსენა, ჟურნალისტებიდან ვიღაც შურით რომ ამბობდა, პლევნაზე ცნობებით „დეილი პოსტის“ კორესპონდენტს ამარაგებს არა ვინმე ბულგარელი, არამედ ლამის თურქი ოფიცერიო.
სხვათა შორის, ეს ბევრს არ სჯეროდა... და მართალი რომ გამოდგეს?
— ჰოდა, მომიყევით, ნუღარ მაწვალებთ.
— გახსოვთ, საღამოს ათ საათამდე სიტყვა რომ არ უნდა დაძრათ არავისთან? თქვენ პატიოსანი სიტყვა მომეცით.
ვარიამ მოუთმენლად დაუქნია თავი. ოჰ, ეს მამაკაცები, თავიანთი ბრიყვული რიტუალებით. ჰო, რა თქმა უნდა, არავის ეტყვის.
მაკლაფლინი მის ყურთან დაიხარა.
— დღეს საღამოს ოსმან-ფაშა დანებდება.
— რას ამბობთ! — შეჰყვირა ვარიამ.
— ჩუმად! ზუსტად საღამოს ათ საათზე გრენადერთა კორპუსის მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ განეცკისთან, რომლის ჯარები ვიდის მარცხენა სანაპიროზე იკავებენ პოზიციებს, გამოცხადდებიან პარლამენტარები. მე ჟურნალისტებიდან ერთადერთი ვიქნები, ვინც ამ დიადი მოვლენის მოწმე აღმოჩნდება. თანაც წინასწარ გავაფრთხილებ გენერალს — ათის ნახევარზე, უფრო ადრე არა, — რათა მოთვალთვალეებმა პარლამენტარებს შეცდომით არ გაუხსნან ცეცხლი.
ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი სტატია გამომივა?
— წარმომიდგენია, — თავი აღფრთოვანებით დაუქნია ვარიამ, — და რაო, სულ არავის არ უნდა ვუამბო?
— თქვენ მე დამღუპავთ! — წამოიძახა პანიკაში ჩავარდნილმა მაკლაფლინმა, — თქვენ სიტყვა მომეცით!
— კარგი, კარგი, — დაამშვიდა ვარიამ, — ათ საათამდე თევზივით ჩუმად ვიქნები.
— ესეც გზაგასაყარი. სდექ! — კორესპონდენტმა მეეტლეს ზურგში ხელი წაჰკრა, — თქვენ მარჯვნივ, მადმუაზელ ვარია, მე კი მარცხნივ უნდა წავიდე. წინასწარ ვტკბები ეფექტით — ვსხედვართ გენერალთან, ჩაის შევექცევით, ათას სისულელეს ვროშავთ, ხოლო ათის ნახევარზე საათს ამოვიღებ და თითქოს სასხვათაშორისოდ ვიტყვი: „სხვათა შორის, ივან შტეპანოვიცჰ, თქვენთან ნახევარ საათში ოსმან-ფაშას გამოგზავნილები მოვლენ“. ჰა, როგორია?
მაკლაფლინმა აღფრთოვანებით გადაიხარხარა და ფეხი უზანგში გაუყარა.
წუთის შემდეგ მას ვარია უკვე ვეღარ ხედავდა — ძალამოკრებილი წვიმის ნაცრისფერი ფარდის მიღმა მიიმალა.
სამ თვეში ბანაკი ისე შეცვლილიყო, რომ ვეღარ იცნობდი. კარვები აღარსად დარჩენილა — თანაბარ რიგებად აეშენებინათ ფიცრული ბარაკები. ყველგან მოკირწყლული ქუჩები, ტელეგრაფის ბოძები, რიგიანი გზის მაჩვენებლები. მაინც კარგია, არმიას ინჟინერი რომ მეთაურობს, — გაიფიქრა ვარიამ.
განსაკუთრებულ ნაწილში, რომელსაც ახლა მთელი სამი სახლი ეკავა, უთხრეს, ბატონ ფანდორინს ცალკე კოტეჯი აქვს გამოყოფილიო (მორიგემ ახალი სიტყვა დაუფარავი კმაყოფილებით წარმოთქვა) და უჩვენეს, საით წასულიყო.
„კოტეჯი“, ნომერი 158, ერთოთახიანი, ფიცრული ქოხი აღმოჩნდა საშტაბო ქალაქის სულ განაპირას.
პატრონი შინ იყო, კარი თავად გაუღო და ვარიას ისე შეხედა, რომ ქალს გული გაუთბა.
— გამარჯობა, ერასტ პეტროვიჩ, აი, მეც დავბრუნდი, — თქვა მან, რატომღაც საშინლად ღელავდა.
— მიხარია, — მოკლედ წარმოთქვა ფანდორინმა და განზე გადგა, შესასვლელი გაუთავისუფლა. ოთახი ძალზე უბრალო იყო, მაგრამ შვედური კედლითა და ტანვარჯიშის იარაღების მთელი არსენალით. კედელზე სამვერსიანი რუკა ეკიდა.
ვარიამ აუხსნა:
— ჩემი ნივთები მოწყალების დებთან დავტოვე. პეტია სამსახურშია, ჰოდა, მეც თქვენკენ გამოვწიე.
— გეტყობათ, ჯანმრთელად ხართ, — ერასტ პეტროვიჩმა თავით ფეხებამდე შეათვალიერა, თავი დაიქნია, — ვ-ვარცხნილობა ახლებური გაქვთ. ახლა ასეთი მოდაა?
— ჰო. ძალიან პრაქტიკულია.
აქ როგორ არის საქმე?
— არა უშავს. ვსხედვართ, ალყაში გვიზის თურქი, — ტიტულიანი მრჩევლის ხმამ მრისხანედ გაიჟღერა, — ვსხედვართ ერთი თვე, ვსხედვართ ორი თვე, ს-სამი თვე ვსხედვართ. ოფიცრები მოწყენილობისგან სვამენ, ინტენდანტები ქურდობენ, ხაზინა ცარიელდება. მოკლედ, ყველაფერი კარგადაა. ომი რუსულად... ევროპამ შვებით ამოისუნთქა, აკვირდება, როგორ კარგავს რუსეთი სასიცოცხლო ძალებს. თუკი ოსმან-ფაშა კიდევ ორი კვირა გაუძლებს, ომს წ-წავაგებთ.
ერასტ პეტროვიჩს ისეთი ბუზღუნა ტონი ჰქონდა, რომ ვარია მოლბა და უთხრა:
— ვერ გაუძლებს.
ფანდორინი შეკრთა, გამომცდელად ჩახედა თვალებში.
— თქვენ რაღაც იცით? რა? საიდან?
ჰოდა, ისიც მოუყვა.
ერასტ პეტროვიჩთან შეიძლება, არავისთან გაიქცევა მოსაყოლად.
— განეცკისთან? რ-რატომ განეცკისთან? — შუბლი შეიკრა ტიტულიანმა მრჩეველმა, ბოლომდე რომ მოუსმინა.
რუკასთან მივიდა და ჩაიდუდუნა:
— განეცკისთან შ-შორსაა. უკიდურესი ფლანგი. რატომ შუაში არა? მოიცა. მოიცა.
ტიტულიანმა მრჩეველმა საკიდიდან შეშლილი სახით ჩამოგლიჯა შინელი და კარისკენ გაეჩქარა.
— რა იყო? რა მოხდა? — შიშით შეჰყვირა ვარიამ, უკან მიჰყვა.
— პროვოკაცია, — გამოსცრა მიმავალმა ფანდორინმა, — განეცკის სუსტი დაცვა აქვს და მის უკან კიდევ სოფიის შოსეა.
ეს კაპიტულაცია არ არის. ეს გარღვევაა. განეცკის თვალის ასახვევად, რომ არ ისროლოს.
— ოი! — მიხვდა ვარიაც, — და ესენი არავითარი პარლამენტარები არ იქნებიან? სად მიდიხართ? შტაბში?
ერასტ პეტროვიჩი შეჩერდა.
— ცხრას ოცი უკლია. შტაბში დიდხანს მოუნდებიან. უფროსიდან უფროსამდე. დრო დაიკარგება. განეცკისთან ვერ მივასწრებთ. სობოლევთან! ნახევარი საათი უნდა ჭენებით. სობოლევი მეთაურობას არ შეეხვეწება.
ჰო, ის გარისკავს. პირველი დაარტყამს. ბრძოლაში ჩააბამს. განეცკის ვერ მიეხმარება, მაგრამ ფლანგზე მაინც შევა. ტრიფონ, ცხენი!
„ერთი უყურე, დენშჩიკიც ჰყოლია“, — დაბნეულად გაიფიქრა ვარიამ.
მთელი ღამე გრუხუნი ისმოდა შორიდან, განთიადისას კი ცნობილი გახდა, რომ ბრძოლაში დაჭრილმა ოსმანმა კაპიტულაცია გამოაცხადა მთელი თავისი არმიით: ათმა ფაშამ და ორმოცდაორმა ათასმა ჯარისკაცმა იარაღი დაყარა.
მორჩა, დასრულდა პლევნის გაჭიანურებული ალყა.
მოკლული ბევრი იყო, განეცკის კორპუსი, ანაზდეულად აღებული მოულოდნელი შეტევით, ლამის სულ ამოწყდა. და ყველას პირზე ეკერა თეთრი გენერლის სახელი, მოუწყვლელი აქილევსისა — სობოლევ-მეორისა, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში, თავისი რისკით, თურქებისგან მიტოვებულ პლევნას დაარტყა, პირდაპირ ოსმანს დაჰკრა დაუცველ გვერდში...
სამი დღის შემდეგ, 3 დეკემბერს, საბრძოლო მოქმედებათა თეატრიდან მიმავალმა ხელმწიფემ პარადიმაში გვარდიისთვის გამოსათხოვარი დათვალიერება მოაწყო. ცერემონიაზე მიწვეული იყვნენ სანდო პირები და ბოლო ბრძოლაში განსაკუთრებით თავგამოჩენილი გმირები.
ვარიას საკუთარი ეტლი გამოუგზავნა თავად გენერალ-ლეიტენანტმა სობოლევმა, ვისი ვარსკვლავიც პირდაპირ ზენიტისკენ აცურდა. როგორც ჩანს, ძველი ნაცნობი არ დავიწყებია ბრწყინვალე აქილევსს.
აქამდე არასდროს აღმოჩენილა ვარია ამისთანა ბრწყინვალე საზოგადოებაში. ეპოლეტებისა და ორდენების ბრჭყვიალისგან შეიძლებოდა დაბრმავებულიყავი კიდეც. რაღა დასამალია და, ვარიას არც კი ეგონა, თუ ამდენი გენერალი იქნებოდა რუსულ არმიაში. უმაღლესი პირების გამოჩენის მოლოდინში, პირველ რიგში უფროსი სარდლები იდგნენ და მათ შორის უჩვეულოდ ახალგაზრდა მიშელი განუყრელ თეთრ მუნდირში და უშინელოდ, მიუხედავად იმისა, რომ დღე კი მზიანი გამოდგა, მაგრამ ყინვიანი. ყველა მამულის გადამრჩენელს უყურებდა, რომელიც, როგორც ვარიას მოეჩვენა, ადრინდელთან შედარებით უფრო გამაღლებული, მხრებში გაშლილი იყო და სახე ადრინდელზე უფრო მრავლისმეტყველი გახდომოდა. ეტყობა, მართალს ამბობენ ფრანგები, საუკეთესო საფუარი — დიდებაა.
იქვე ორი სახეშეფაკლული ფლიგელ-ადიუტანტი ხმადაბლა ლაპარაკობდა.
ერთი სულ ვარიასკენ იყურებოდა შავი, მიბნედილი თვალებით და ეს სასიამოვნო იყო.
— ...და ხელმწიფემ უთხრა: „თქვენი სიმამაცის პატივისცემის ნიშნად, მუშირ, ხმალს უკან გიბრუნებთ, რომლის ტარება ჩვენთანაც შეგიძლიათ, რუსეთში, სადაც, იმედი მაქვს, რაიმე უკმაყოფილების მიზეზი არ მოგეცემათ“. ასეთი სცენა იყო — საწყენია, იქ რომ არ იყავი.
— სამაგიეროდ, 29-ში ვმორიგეობდი, თათბირზე, — შურით მიუგო თანამოსაუბრემ, — საკუთარი ყურით გავიგონე, როგორ უთხრა ხელმწიფემ მილიუტინს: „დმიტრი ალექსანდროვიჩ, თქვენ, როგორც აქ დამსწრე „გიორგის“ კავალრებიდან უფროსს, გამოგთხოვთ ნებართვას, რომ ხმალზე „გიორგის“ ტემლაკი გავიკეთო. მგონი, დავიმსახურე“... გამოგთხოვთო! როგორია?
— ჰო, კარგი არ არის, — დაეთანხმა შავთვალა, — ხომ შეეძლოთ, თავადვე მიმხვდარიყვნენ. მინისტრი კი არა, ვიღაც ფელდფებელია. ხელმწიფემ კი ასეთი გულუხვობა გამოიჩინა! ტოტლებენსა და ნეპოკოიჩიცკის — მეორე ხარისხის „გიორგი“, განეცკის — მესამე ხარისხის „გიორგი“ უბოძა, თავად კიდევ — მხოლოდ ტემლაკი.
— და სობოლევს? — ცოცხლად შეეკითხა ვარია, თუმცა ამ ბატონებს არ იცნობდა. მაგრამ არა უშავს, საომარი პირობებია, თანაც შემთხვევაც განსაკუთრებული.
— ალბათ რაღაც გამორჩეულს მიიღებს ჩვენი აკ-ფაშა, — თავაზიანად მიუგო შავთვალამ, — თუკი მაგისი შტაბის უფროსი პერეპიოლკინი უცებ გადაახტა ერთ წოდებას! თავისთავად — ხომ არ შეიძლება კაპიტანი ასეთ თანამდებობაზე იყოს.
სობოლევის წინ კი ამიერიდან ისეთი ჰორიზონტები იშლება, რომ თავბრუს დაგახვევს. იღბლიანია, ვერაფერს იტყვი. ვულგარულობისკენ და იაფფასიანი ეფექტურობისკენ მიდრეკილება რომ არ უფუჭებდეს საქმეს...
— სსს! — გააჩუმა მეორემ, — მოდიან!
უგერგილო სახლის პარმაღზე, ამაყად რომ ეძახდნენ „სალაშქრო სასახლეს“, ოთხი სამხედრო გამოვიდა: იმპერატორი, მთავარსარდალი, მეფისწული და რუმინელი თავადი. ალექსანდრ ნიკოლაევიჩს საზამთრო პალტო ეცვა, ხმლის ტარზე ვარიამ ღია ნარინჯისფერი ლაქა დაუნახა — სხვა რა უნდა ყოფილიყო, თუ არა ის სახელგანთქმული ტემლაკი.
ორკესტრმა საზეიმო პრეობრაჟენსკის მარში დაჰკრა.
წინ ყოჩაღად გამოვიდა გვარდიის პოლკოვნიკი, მიესალმა და მჟღერი, მღელვარებისგან ათრთოლებული დვრინით მკაფიოდ წარმოთქვა:
— თქვენო იმ-პერატორობითო უდი-დებუ— ლესობავ! ნება მიბოძეთ თქვენი პირრადი ბადრრაგის ოფიცერრთა სახელით მოგართვათ ოქ-რროს ხმალი წარრწერით „სიმა-მაცი-სათვის“! ერთობლივი საბრრძოლო სამსახურის აღ-სანიშნავად! ნაყიდია ოფფიცერთა პირრადი თანხით!
ფლიგელ-ადიუტანტებიდან ერთმა ვარიას უჩურჩულა:
— მარჯვედ მოიქცნენ. ყოჩაღ!
ხელმწიფემ საჩუქარი მიიღო, ხელთათმნით ცრემლი მოიწმინდა.
— მადლობელი ვარ, ბატონებო, მადლობელი. შეძრული ვარ. ჩემის მხრივ ყველას ხმლებს გამოგიგზავნით.
ნახევარი წელიწადი, როგორც იტყვიან, ერთი ჯამიდან...
აღარ დაამთავრა, მხოლოდ ხელი ჩაიქნია.
ირგვლივ გულაჩვილებულები აქსუტუნდნენ, ვიღაცამ ამოისლუკუნა კიდეც, ვარიამ კი ჩინოვნიკთა შორის, ზუსტად პარმაღის ახლოს რომ იდგნენ, მოულოდნელად ფანდორინი დაინახა. ეს როგორღა მოხვდა აქ? დიდი არაფერი ფიგურაა — ტიტულიანი მრჩეველი. თუმცა მაშინვე დაინახა ერასტ პეტროვიჩის გვერდით ჟანდარმთა შეფი და ყველაფერი ნათელი გახდა. ბოლოს და ბოლოს, თურქეთის არმიის დატყვევების ჭეშმარიტი გმირი ფანდორინია. ეგ რომ არა, აქ ახლა პარადებს ვერ მოაწყობდნენ. ალბათ, ეგეც ჯილდოს მიიღებს.
ერასტ პეტროვიჩმა ვარიას მზერა დაიჭირა და სახე იპოქონდრიულმა გრიმასამ დაუმანჭა. ეტყობოდა, საერთო აღფრთოვანებას არ იზიარებდა.
პარადის შემდეგ, როცა ვარია მხიარულად იგერიებდა შავთვალა ფლიგელ-ადიუტანტს, რომელიც პეტერბურგელი საერთო ნაცნობების გამონახვას ცდილობდა, ფანდორინი მიუახლოვდა, თავი ძლივს შესამჩნევად დაუკრა და უთხრა:
— გთხოვთ, მომიტევოთ, ბატონო პ-პოლკოვნიკო.
ვარვარა ანდრეევნა, იმპერატორს თქვენი და ჩემი ნახვა სურს.
მეთერთმეტე თავი,
რომელშიც ვარია პოლიტიკის უმაღლეს სფეროებში აღწევს
„ტაიმსი“ (ლონდონი), 16 (4) დეკემბერი, 1877 წ.
დერბი და კარნარვონი გადადგომით იმუქრებიან
გუშინ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გრაფმა ბიკონსფილდმა წინადადება წამოაყენა, პარლამენტიდან მოეთხოვათ განსაკუთრებული კრედიტი ექვსი მილიონი გირვანქა სტერლინგის სახით იმ საექსპედიციო კორპუსის აღსაჭურვად, რომელიც უახლოეს ხანში შეიძლება გაიგზავნოს ბალკანეთში, რათა დაიცვას იმპერიის ინტერესები მეფე ალექსანდრეს უსაზღვრო მადისაგან. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, მიუხედავად საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორდ დერბისა და კოლონიების მინისტრის, ლორდ კარნარვონის დაპირისპირებისა, რომლებიც რუსეთის პირდაპირი კონფრონტაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ორივე მინისტრმა, რომელნიც უმცირესობაში აღმოჩნდნენ, გადადგომის შესახებ დაუწერეს თხოვნა მის უდიდებულესობას. დედოფლის რეაქცია, ჯერჯერობით, უცნობია.
მისი უმაღლესობის თანდასწრებით სააღლუმოდ ვარიამ ყველაფერი საუკეთესო ჩაიცვა, ამიტომ ხელმწიფის წინაშე თავისი სამოსის გამო გაწითლება (თან სალაშქრო პირობებიც ხომ მხედველობაშია მისაღები) არ მოუწევს — აი, პირველი, რაც თავში მოუვიდა. მკრთალი ლილისფერი შლაპა მუარის ლენტითა და ვუალით, იისფერი სამგზავრო კაბა მოქარგული კორსეტითა და ზომიერი შლეიფით, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელები სადაფის ღილებით.
სადაა, აფექტაციის გარეშე, მაგრამ რიგიანი — მადლობა ბუქარეშტის მაღაზიებს.
— დაგვაჯილდოებენ? — ჰკითხა გზაში ერასტ პეტროვიჩს.
ისიც სააღლუმოდ გამოწყობილიყო: ნაკეცებიანი შარვალი, ჩექმები სარკესავით უპრიალებს, გაწკეპილი სერთუკის ღილკილოში რომელიღაც ორდენი მოუჩანს. ვერაფერს იტყვი, არცთუ ურიგოდ გამოიყურება ტიტულიანი მრჩეველი, ოღონდ მეტისმეტად ახალგაზრდაა.
— არა მგონია.
— რატომ? — გაოცდა ვარია.
— ძალზე დიდი პატივი იქნება, — მიუგო ჩაფიქრებულმა ფანდორინმა, — ჯერ ყველა გ-გენერალი არ დაუჯილდოებიათ, ჩვენი კი მეთექვსმეტე ნომერია.
— მაგრამ მე და თქვენ რომ არა... ესე იგი, მინდა ვთქვა, რომ თქვენ რომ არა, ოსმან-ფაშა აუცილებლად გაარღვევდა ალყას! წარმოგიდგენიათ, მაშინ რა მოხდებოდა?
— წ-წარმომიდგენია. მაგრამ გამარჯვების შემდეგ ამაზე, ჩვეულებისამებრ, არ ფიქრობენ. არა, აქ პოლიტიკის სუნი ტრიალებს, ენდეთ ჩემს გამოცდილებას.
„სალაშქრო სასახლეში“ სულ ექვსი ოთახი იყო, ამიტომ მისაღების ფუნქციას პარმაღი ასრულებდა, სადაც ათამდე გენერალი და უფროსი ოფიცერი უკვე იდგა და მიწვევას უცდიდა, რათა მისი უმაღლესობის წინაშე წარმდგარიყო. ყველას ბრიყვულ-სასიხარულო გამომეტყველება ჰქონდა — ორდენებისა და დაწინაურების სურნელი ტრიალებდა.
მომლოდინენი ცნობისმოყვარეობით მიაჩერდნენ ვარიას. მან ამაყად გახედა მათი თავების ზემოთ ჩამავალ ზამთრის მზეს. ახლა იმტვრიონ თავი, თუ ვინაა ეს ვუალიანი ახალგაზრდა ქალბატონი და რატომ გამოცხადდა აუდიენციაზე.
მოლოდინი გაგრძელდა, მაგრამ მოსაწყენი სულაც არ იყო.
— ვინ არის იქ ამდენ ხანს, გენერალო? — მედიდურად შეეკითხა ვარია აწოწილ ბერიკაცს, წვერი რომ აბურძგვნოდა.
— სობოლევი, — მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით თქვა გენერალმა, — უკვე ნახევარი საათია, რაც შევიდა, — ის გაიჭიმა, მკერდზე შავ-ნარინჯისფერბაფთიანი ახალი ორდენი შეისწორა, — მომიტევეთ, ქალბატონო, არ გაგეცანით. ივან სტეპანოვიჩ განეცკი, გრენადერთა კორპუსის მეთაური, — და მომლოდინედ გაჩუმდა.
— ვარვარა ანდრეევნა სუვოროვა, — თავი დაუკრა ვარიამ, — მოხარული ვარ თქვენი გაცნობისა.
მაგრამ ამ დროს ფანდორინმა, ჩვეულებრივ გარემოებებში მისთვის უჩვეულო უცერემონიობით, აღარ დაამთავრებინა:
— მითხარით, გენერალო, სწორედ შტურმის წინ იყო თუ არა თქვენთან გაზეთ „დეილი პოსტის“ კორესპონდენტი მაკლაფლინი?
განეცკიმ უკმაყოფილოდ შეხედა ღლაპ სამოქალაქო პირს, თუმცა, ეტყობა, მიხვდა, რომ ხელმწიფესთან ასე ალალბედზე არავის გამოიძახებდნენ და თავაზიანად უპასუხა:
— როგორ არა, იყო. მაგის გამო მოხდა ყველაფერი.
— სახელდობრ, რა? — ცოტა არ იყოს, უაზრო გამომეტყველებით ჰკითხა ერასტ პეტროვიჩმა.
— როგორ, არ გსმენიათ? — გენერალს, როგორც ჩანს, პირველად არ უწევდა ამის ახსნა, — მაკლაფლინს ჯერ კიდევ პეტერბურგიდან ვიცნობ. სერიოზული კაცია და რუსეთის მეგობარი, თუმცა დედოფალ ვიქტორიას ქვეშევრდომია. როცა მითხრა, წუთი-წუთზე თავად ოსმანი გეახლება ჩასაბარებლადო, წინა ფლანგზე მაცნეები ვაფრინე, რომ, ღმერთო დაგვიფარე, და სროლა არ დაეწყოთ.
თავად კი, ბებერი ბრიყვი, სააღლუმო კიტელის ჩასაცმელად გავვარდი, — გენერალმა დარცხვენით გაიღიმა და ვარიამ გადაწყვიტა, რომ ეს კაცი საშინლად სიმპათიურია, — ჰოდა, თურქებმაც სროლის გარეშე მოხსნეს მზირები. კიდევ კარგი, ჩემმა ყოჩაღმა გრენადერებმა არ მიღალატეს, მაგრად იდგნენ, ვიდრე მიხაილ დმიტრიჩმა ოსმანს ზურგში არ დაარტყა.
— რა იქნა მაკლაფლინი? — ჰკითხა ტიტულიანმა მრჩეველმა, თან განეცკის ჯიქურ შეჰყურებდა ცივი, ცისფერი თვალებით.
— აღარ მინახავს, — მხრები აიჩეჩა გენერალმა, — მაგისთვის ვიღას ეცალა. ისეთი დაიწყო, ღმერთმა არ განახვოს. ბაშიბუზუკებმა თვით შტაბამდე მოაღწიეს, ძლივს გამოვასწარი ჩემი სააღლუმო კიტელიანად.
კარი გაიღო და პარმაღზე გაწითლებული სობოლევი გამოვიდა, თვალები რაღაც განსაკუთრებულად უელავდა.
— რა მოგილოცოთ, მიხაილ დმიტრიევიჩ? — ჰკითხა კავკასიური გარეგნობის გენერალმა, მოოქრულმასრებიანი ჩოხა რომ ეცვა.
ყველა გაისუსა, სობოლევი კი პასუხს აყოვნებდა, ეფექტურ პაუზას ინარჩუნებდა. ყველას მოავლო მზერა, ვარიას თვალი ჩაუკრა.
მაგრამ ვარიამ მაინც ვერ გაიგო, სახელდობრ, რით დაასაჩუქრა იმპერატორმა პლევნის გმირი, რადგან უკვე მეცხრე ცაზე მყოფის ზურგს უკან ლავრენტი არკადიევიჩ მიზინოვის უფერული ფიზიონომია გამოჩნდა. იმპერიის მთავარმა ჟანდარმმა ფანდორინი და ვარია თითით მიიხმო. გულმა ბაგაბუგს უმატა.
როცა ჩაუარა, სობოლევმა ჩასჩურჩულა:
— ვარვარა ანდრეევნა, აქ დაგიცდით.
წინკარიდან პირდაპირ საადიუტანტოში მოხვდნენ, სადაც მაგიდებს უსხდნენ მორიგე გენერალი და ორი ოფიცერი.
მარჯვნივ ხელმწიფის მოსასვენებლი ოთახი იყო, მარცხნივ — სამუშაო კაბინეტი.
— შეკითხვებს უპასუხეთ ხმამაღლა, გამოკვეთილად, აზრიანად, — მიზინოვი სიარულისას იძლეოდა ინსტრუქციას, — დაწვრილებით, მაგრამ არსაით გადაუხვიოთ.
უბრალო კაბინეტში, კარელიური არყის ხის სალაშქრო ავეჯით რომ იყო გაწყობილი, ორნი იყვნენ — ერთი სავარძელში იჯდა, მეორე ზურგით იდგა ფანჯარასთან.
ვარიამ, რასაკვირველია, ჯერ მჯდომარეს შეხედა, მაგრამ ის ალექსანდრე კი არა, გამხდარი ბერიკაცი იყო, ოქროს სათვალით, ჭკვიანი, თხელბაგეებიანი სახითა და ისეთი ცივი თვალებით, თითქოს სულში არ გახედებენო. სახელმწიფო კანცლერი, თავადი კორჩაკოვი — სწორედ ისეთია, როგორიც პორტრეტებზე, ოღონდ იქ უფრო დახვეწილია. ერთგვარად ლეგენდარული პიროვნებაა. მგონი, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ვიდრე ვარია გაჩნდებოდა ამქვეყნად. და რაც მთავარია, ლიცეუმში პოეტთან ერთად სწავლობდა. ეს სტრიქონები მას ეძღვნება: „მოდათა მცდელი, ხელმწიფეთ მცველი, ჩვეულებათა ბრწყინვალედ მხედი“.
თუმცა ოთხმოცი წლის „მოდათა მცდელი“ უფრო სხვა ლექსს გახსენებდა, გიმნაზიის პროგრამაში ჩართულს:
...ნეტავი, თქვენგან ვინ იზეიმებს
მარტოდმარტო ლიცეუმის დღეს?
უბედური ძმა! ახალ თაობის
სტუმარი უცხო, ვით ზამთარში მზე,
ჩვენ გაგვიხსენებს, შეხვედრებს ჩვენთან,
მთრთოლარე ხელით იფარავს თვალებს...
არადა კანცლერს ხელი მართლა უკანკალებდა. ჯიბიდან ბატისტის ცხვირსახოცი ამოიღო და ცხვირი მოიხოცა, რასაც სრულიადაც არ შეუშლია ხელი, გაფაციცებით შეეთვალიერებინა ჯერ ვარია, მერე კი ერასტ პეტროვიჩი, თანაც ამ უკანასკნელზე ლეგენდარული პიროვნების მზერა დიდხანს შეჩერდა.
ოღონდ ცარსკოსელოელი ლიცეისტის ნახვით მონუსხულ ვარიას სულ გადაავიწყდა აქ მყოფთაგან მთავარი. შემცბარი შეტრიალდა ფანჯრისკენ, ცოტა ხანს იფიქრა, კნიკსენი გააკეთა — ისე, როგორც გიმნაზიაში, როცა კლასში დირექტორი ქალი შედიოდა ხოლმე.
კორჩაკოვისგან განსხვავებით, ხელმწიფემ ვარიას მიმართ უფრო მეტი ცნობისმოყვარეობა გამოიჩინა, ვიდრე ფანდორინის მიმართ. რომანოვთა სახელგანთქმული თვალები — დაკვირვებული, მამესმერიზებელი და შესამჩნევად გადმოკარკლული — მკაცრად და მომთხოვნად იმზირებოდნენ. პირდაპირ სულში ჩაგცქერისო, — ამაზე იტყვიან, გაიფიქრა ვარიამ და ცოტა გაბრაზდა. მონური ფსიქოლოგია და ცრუმორწმუნეობა. უბრალოდ, „ბასილისკოს მზერის“ იმიტაციას აკეთებს, რომლითაც ასე ამაყობდა მისი მამილო, ნეტამც საფლავში გადაბრუნდებოდეს.
და ვარიამაც დემონსტრაციულად დაუწყო თვალიერება იმას, ვისი ნებითაც ცხოვრობდა მთელი ოთხმოცდაათმილიონიანი იმპერია.
დაკვირვება პირველი — ეს ხომ მთლად მოხუცია! შემჭკნარი ქუთუთოები, გვარიანად გაჭაღარავებული ბაკენბარდები და დაგრეხილი ულვაშები, თითები კვანძიანი, ნიკრისისქარიანი. ჰო, ეგრეც არის — მომავალ წელს სამოცი უსრულდება. ლამის ბებიამისის ტოლია.
დაკვირვება მეორე — ისე კეთილი არ არის, როგორც გაზეთებში წერენ. უფრო გულგრილია, დაღლილი. ყველაფერი ნახა ამქვეყნად, არაფერი გაუკვირდება, განსაკუთრებით არაფერი გაახარებს.
დაკვირვება მესამე და ყველაზე საინტერესო — მიუხედავად ასაკისა და გვირგვინოსნობისა, გულგრილი არ არის ქალთა სქესის მიმართ. აბა, მაშ, თქვენო უდიდებულესობავ, რატომ დაგინავარდობენ თვალები მკერდიდან თეძოებისკენ და პირიქით? ეტყობა, მართალს ამბობენ ამაზე და თავადის ქალ დოლგორუკოვაზე, რომელიც ორჯერ უმცროსია. და ვარიას საბოლოოდ გაუარა მეფე-განმათავისუფლებლის შიშმა.
— თქვენო უდიდებულესობავ, ეს ტიტულიანი მრჩეველი ფანდორინია.
სწორედ ის. თან ახლავს თანაშემწე ქალიშვილი სუვოროვა, — ასე წარადგინა ისინი ჟანდარმთა შეფმა.
მეფეს არ უთქვამს „გამარჯობა“ და თავიც კი არ დაუქნევია. აუჩქარებლად დაასრულა ვარიას ფიგურის თვალიერება, მერე ერასტ პეტროვიჩისკენ მიატრიალა თავი და ხმადაბლა ამოთქვა აქტიორულად დაყენებული ხმით:
— მახსოვს, აზაზელი. სობოლევმაც სწორედ ახლახან ახსენა.
საწერ მაგიდას მიუჯდა და მიზინოვს თავი დაუქნია:
— შეუდექი. მე და მიხაილ ალექსანდროვიჩი კი მოგისმენთ.
ხომ შეეძლო, ქალისთვის სკამი შეეთავაზებინა, მერე რა, რომ იმპერატორია, გულში დაამუნათა ვარიამ, თანაც ერთხელ და სამუდამოდ დაკარგა მონარქიული პრინციპის რწმენა.
— დრო რამდენი მაქვს? — მოწიწებით ჰკითხა გენერალმა, — ვიცი, ხელმწიფეო, დღეს როგორი დაკავებული ხართ. ამასთან, პლევნის გმირები გელოდებიან.
— დრო იმდენი გაქვთ, რამდენიც დაგჭირდებათ. ეს მხოლოდ სტრატეგიული კი არა, დიპლომატიური საკითხიც არის, — დაიგრგვინა იმპერატორმა და თბილი ღიმილით შეხედა კორჩაკოვს, — აი, მიხაილ ალექსანდროვიჩი საგანგებოდ ჩამოვიდა ბუქარეშტიდან.
კარეტაში ბებერ ძვლებს მოაჩხაკუნებდა.
თავადმა ჩვეულებისამებრ გააღო პირი, რომელსაც მხიარული ღიმილის ნიშანწყალიც არ ემჩნეოდა, და ვარიამ გაიხსენა, რომ კანცლერს გასულ წელს რაღაც პირადი ტრაგედია შეემთხვა. ვიღაც მოუკვდა — ან შვილი, ანდა შვილიშვილი.
— ნუ განმიკითხავთ, ლავრენტი არკადიევიჩ, — უხალისოდ თქვა კანცლერმა, — ეჭვები მაქვს. მეტისმეტად ავანტიურულად გამოდის, თავად ბატონ დიზრაელისთვისაც კი. გმირები კი მოიცდიან. ჯილდოს მოლოდინი დროის გატარების ყველაზე სასიამოვნო საშუალებაა. ასე რომ, მოგვიყევით, ჩვენ კი მოგისმენთ.
მიზინოვმა ყოჩაღად გაისწორა მხრები და მოულოდნელად ფანდორინს კი არა, ვარიას მიმართა:
— ქალბატონო სუვოროვა, დაწვრილებით გვიამბეთ თქვენს ორივე შეხვედრაზე გაზეთ „დეილი პოსტის“ კორესპონდენტ შეიმას მაკლაფლინთან — პლევნის მესამე შტურმის დროს და ოსმან-ფაშის გარღვევის წინ.
ჰოდა, ვარიამაც უამბო.
აღმოჩნდა, რომ მეფესაც და კანცლერსაც კარგი მოსმენა სცოდნიათ. კორჩაკოვმა მხოლოდ ორჯერ გააწყვეტინა.
ჯერ ჰკითხა:
— ეგ რომელი გრაფი ზუროვი? ალექსანდრ პლატონოვიჩის შვილი ხომ არა?
მეორედ კი:
— ჰოდა, ესე იგი, მაკლაფლინი კარგად იცნობს განეცკის, რაკი მამის სახელით მოიხსენია, ხომ?
ხელმწიფემ კი, გაღიზიანებულმა, ხელისგული დაჰკრა მაგიდას, როცა ვარია ინფორმატორებზე გადავიდა, პლევნაში რომ გაიჩინა ბევრმა ჟურნალისტმა:
— შენ ჯერ კიდევ არ გითქვამს, მიზინოვ, როგორ მოხდა, რომ ოსმანმა მთელი არმია ერთ მუშტად შეკრა გარღვევისთვის და შენმა მზვერავებმა კი არ მოგვახსენეს!
ჟანდარმთა შეფი აღელდა, თავის გასამართლებლად მოემზადა, მაგრამ ალექსანდრემ ხელი ჩაიქნია:
— მერე იყოს. განაგრძე, სუვოროვა.
„განაგრძე“. როგორია? პირველ კლასშიც კი „თქვენობით“ მიმართავდნენ. ვარიამ დემონსტრაციული პაუზა გააკეთა, მაგრამ მაინც დააბოლოვა თავისი სათქმელი.
— ჩემი აზრით, სურათი ნათელია, — თქვა მეფემ და კორჩაკოვს შეხედა, — შუვალოვმა ნოტა მოამზადოს.
— მე კი დარწმუნებული არ ვარ, — მიუგო კანცლერმა, — უპატივცემულესი ლავრენტი არკადიევიჩის დასკვნები მოვისმინოთ.
ვარია ამაოდ ცდილობდა მიხვედრილიყო, თუ რატომ წარმოიშვა იმპერატორსა და მის მთავარ დიპლომატიურ მრჩეველს შორის უთანხმოება.
სიცხადე მიზინოვმა შემოიტანა.
მან საქაღალდიდან რამდენიმე ფურცელი ამოიღო, ჩაახველა და ისეთი ლაპარაკი დაიწყო, ძალიან რომ წააგავდა მზუთხავი ფრიადოსნისას:
— თუ ნებას მომცემთ, კერძოდან ზოგადზე გადავალ. მაშ, ასე. უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვტყდე.
მთელი ის დრო, როცა არმიას პლევნა ჰყავდა ალყაში მოქცეული, ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდა ცბიერი, დაუნდობელი მტერი, რომელიც დროულად ვერ გამოავლინა ჩემმა სამსახურმა. სწორედ ამ კარგად კონსპირირებული მტრის მზაკვრული ჩანაფიქრების მეოხებით ამდენი დრო და ადამიანი დავკარგეთ, ხოლო ოცდაათ ნოემბერს კინაღამ მთლად წავახდინეთ ჩვენი მრავალთვიანი ძალისხმევის მთელი ნაყოფი.
ამ სიტყვებზე იმპერატორმა პირჯვარი გადაისახა:
— ღმერთმა დაიფარა რუსეთი.
— მესამე შტურმის შემდეგ ჩვენ, — უფრო სწორად, მე, რაღაი დასკვნები მე მეკუთვნოდა — სერიოზული შეცდომა დავუშვით. თურქეთის აგენტად ჩავთვალეთ ჟანდარმერიის პოდპოლკოვნიკი კაზანზაკი და ამით ნამდვილ დამნაშავეს მოქმედების სრული თავისუფლება მივეცით. ახლა უკვე ეჭვს აღარ იწვევს, რომ მავნებელი იმთავითვე ბრიტანეთის ქვეშევრდომი მაკლაფლინი იყო. ეს უეჭველად მაღალი კლასის აგენტია, გონიერი მსახიობი, თავისი მისიისთვის დიდხანს და საფუძვლიანად რომ ემზადება.
— საერთოდ, როგორ მოხვდა ეს სუბიექტი მოქმედ არმიაში? — უკმაყოფილოდ იკითხა მეფემ, — თქვენთან კორესპონდენტებს ყოველგვარი შემოწმების გარეშე აძლევდნენ ვიზას?
— რასაკვირველია, შემოწმება იყო და ზედმიწევნითიც, — ხელები გაშალა ჟანდარმთა შეფმა, — ყოველ უცხოელ ჟურნალისტზე რედაქციებში პუბლიკაციების სიას ვითხოვდით, ჩვენს საელჩოებთან ვათანხმებდით. თითოეული კორესპონდენტი ცნობილი ადამიანია, სახელიანი, რუსეთის მტრობაში შემჩნეული არ ყოფილან. განსაკუთრებით კი მაკლაფლინი.
ხომ მოგახსენეთ, ძალზე მარჯვე ბატონია. ჯერ კიდევ შუააზიური კამპანიისას შეძლო დამეგობრება ბევრ რუს გენერალსა და ოფიცერთან. გასული წლის რეპორტაჟებმა კი ბულგარეთში თურქთა მხეცობაზე მაკლაფლინს სლავების მეგობრისა და რუსეთის ჭეშმარიტი მხარდამჭერის სახელი მოუპოვა. ამასობაში კი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ის ალბათ თავისი ხელისუფლების საიდუმლო ინსტრუქციისამებრ მოქმედებდა, რომელიც, როგორც ცნობილია, დაუფარავი მტრობით ეკიდება ჩვენს აღმოსავლურ პოლიტიკას.
განსაზღვრულ დრომდე მაკლაფლინი წმინდა საჯაშუშო საქმიანობით შემოიფარგლებოდა. ის, რა თქმა უნდა, პლევნაში გადასცემდა ცნობებს ჩვენს არმიაზე, რისთვისაც შეუზღუდავად სარგებლობდა იმ თავისუფლებით, რომელიც ასე წინდაუხედავად ვუბოძეთ უცხოელ ჟურნალისტებს. დიახ, მათგან მრავალს ალყაშემორტყმულ ქალაქთან ჩვენგან უკონტროლო კონტაქტები ჰქონდა, და ეს არ იწვევდა ჩვენს კონტრდაზვერვით ორგანოებში არავითარ ეჭვს. წინდაწინ გავაკეთოთ სათანადო დასკვნები.
აქ ისევ მე ვარ დამნაშავე... სანამ შეეძლო, მაკლაფლინი სხვისი ხელით მოქმედებდა. თქვენს უდიდებულესობას, რასაკვირველია, ახსოვს ინციდენტი რუმინელ პოლკოვნიკ ლუკანთან, რომლის წიგნაკშიც ფიგურირებდა გამოუცნობი ჟ. ნაჩქარევად გადავწყვიტე, ჟანდარმ კაზანზაკიზეა-მეთქი ლაპარაკი. ვაი, რომ შევცდი. „ჟ“ ნიშნავდა „ჟურნალისტს“, ანუ იმავე ბრიტანელს.
ოღონდ, როცა მესამე შტურმისას პლევნის ბედი, და მთელი ომისაც, ბეწვზე ეკიდა, მაკლაფლინი აშკარა დივერსიაზე გადავიდა. დარწმუნებული ვარ, ამჯერად თავისი ნებითა და რისკის ფასად კი არ მოქმედებდა, უკვე ინსტრუქციები ჰქონდა ამის თაობაზე მიღებული ხელმძღვანელობისგან.
ვნანობ, რომ თავიდანვე არ დავაწესე ფარული მეთვალყურეობა ბრიტანეთის დიპლომატიურ აგენტ პოლკოვნიკ ველსლიზე. მე უკვე მოვახსენე თქვენს უდიდებულესობას ამ ბატონის ანტირუსულ მანევრებზე, რომლისთვისაც თურქული ინტერესია უფრო ახლობელი, ვიდრე ჩვენი.
ახლა აღვადგინოთ ოცდაათი აგვისტოს მოვლენები. საკუთარი ინიციატივით მოქმედმა გენერალმა სობოლევმა გაარღვია თურქული დაცვა და პლევნის სამხრეთ განაკიდეზე გავიდა. ეს გასაგებიცაა — ჩვენი შეტევის გეგმის შესახებ თავისი აგენტის მიერ გაფრთხილებულმა ოსმანმა მთელი ძალები ცენტრისკენ გადაისროლა. სობოლევის დარტყმა მოულოდნელი იყო. მაგრამ ჩვენმა მეთაურობამ ამ წარმატების ამბავი დროულად ვერ შეიტყო, ხოლო სობოლევს საკმაო ძალა აღარ ჰქონდა, კიდევ წინ რომ წასულიყო. მაკლაფლინი სხვა ჟურნალისტებსა და უცხოელ დამკვირვებლებთან ერთად, რომელთა შორის, აქვე შევნიშნავ, იმყოფებოდა პოლკოვნიკი ველსლიც, შემთხვევით აღმოჩნდა ჩვენი ფრონტის ყველაზე გადამწყვეტ ნაწილში — ცენტრსა და მარცხენა ფლანგს შორის.
ექვს საათზე თურქული წინააღმდეგობა გადალახა გრაფმა ზუროვმა, სობოლევის ადიუტანტმა. ჟურნალისტებს რომ ჩაუქროლა, რომლებსაც კარგად იცნობდა, თავისი რაზმის წარმატება ყვირილით ამცნო. რა ხდება მერე? ყველა კორესპონდენტი ზურგისკენ გარბის, რათა მალე გადასცეს ტელეგრაფით, რომ რუსული არმია იმარჯვებს. ყველა, მაგრამ არა მაკლაფლინი. სუვოროვა დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ნახულობს — მარტოს, ტალახში ამოგანგლულს და ის რატომღაც ბარდებიდან გამოდის.
უეჭველია, ჟურნალისტს ჰქონდა დროცა და შესაძლებლობაც დასწეოდა მსრბოლელს და მოეკლა კიდეც, მერე კი პოდპოლკოვნიკი კაზანზაკიც, თავისდა ჭირად ზუროვს რომ აედევნა. ორივე ხომ კარგად იცნობდა მაკლაფლინს და მისგან ფლიდობას არაფრით ელოდნენ.
ჰოდა, პოდპოლკოვნიკის თვითმკვლელობის ინსცენირება ძნელი არ იყო — ცხედარი ბუჩქებში შეათრია, ჟანდარმის რევოლვერი ორჯერ დააქუხა ჰაერში და მორჩა. ჰოდა, აი, ამ ანკესზე წამოვეგე კიდეც.
განადგურებული მიზინოვი შედგა, თუმცა მისი უდიდებულესობის მორიგ საყვედურს აღარ დაელოდა და განაგრძო:
— რაც შეეხება ამასწინანდელ გარღვევას, აქ მაკლაფლინი თურქეთის მეთაურობასთან შეთანხმებით მოქმედებდა. ის, შეიძლება ითქვას, ოსმანის კოზირი იყო. მათი გათვლა უბრალო და ნაღდი იყო — განეცკი დამსახურებული გენერალია, მაგრამ, ბოდიშს ვიხდი პირდაპირობისათვის, არცთუ გონიერი. ის, როგორც ვიცით, არც კი დაეჭვებულა ჟურნალისტის ინფორმაციის მართებულობაში. მადლიერი უნდა ვიყოთ გენერალ-ლეიტენანტ სობოლევის სიმტკიცისა...
— მადლობა, ერასტ პეტროვიჩს უნდა გადავუხადოთ! — თავი ვეღარ შეიკავა და წამოიძახა ვარიამ, ძალიან რომ გაბრაზდა ფანდორინის ნაცვლად. დგას აქ, ხმას არ იღებს, თავი ვერ დაუცვია.
ვითომდა რაო, ავეჯის მაგივრად მოიყვანეს? — ფანდორინი გაჭენდა სობოლევთან და შეტევაზე დაითანხმა!
იმპერატორი განცვიფრებით მიაჩერდა ეტიკეტის თავხედ დამრღვევს, ხოლო მოხუცებულმა კორჩაკოვმა საყვედურით გადააქნია თავი.
თვით ფანდორინიც კი, ეტყობა, აფორიაქდა — ერთი ფეხიდან მეორეზე გადაინაცვლა. ერთი სიტყვით, ვარიამ ყველა უკმაყოფილო დატოვა.
— განაგრძე, მიზინოვ, — თავი დაუქნია იმპერატორმა.
— თქვენი უდიდებულესობის ნებართვით, — დამჭკნარი თითი ასწია კანცლერმა, — თუკი მაკლაფლინმა ასეთი საპასუხისმგებლო დივერსია წამოიწყო, რაში დასჭირდა თავისი ზრახვები ამ ქალიშვილისთვის გაენდო? — თითი ვარიას მხარეს გადმოიხარა.
— ეს ხომ უცხადესია! — მიზინოვმა გაოფლილი შუბლი შეიმშრალა, — იმაზე ჰქონდა გათვლილი, სუვოროვა მთელ ბანაკში გაავრცელებს ამისთანა გამაოგნებელ ამბავსო. მაშინვე მიაღწევს შტაბამდე. ზეიმი, არეულობა. შორეული კანონადა სალუტი ჰგონიათ. ისიც კი დასაშვებია, რომ მტერმიტეული განეცკის პირველ მაცნეს სიხარულისგან არც კი დაუჯერებენ — გადამოწმებას დაიწყებენ.
მცირე შტრიხი, მარჯვე ინტრიგანის იმპროვიზაციაა.
— რასაკვირველია, — დაეთანხმა თავადი.
— მაგრამ სად გაქრა ეს მაკლაფლინი? — იკითხა მეფემ, — აი, ვინ არის დასაკითხი, ველსლისთან უშუალოდ დასაპირისპირებელი. ოჰ, ვეღარ დაგვიძვრებოდა პოლკოვნიკი!
ამოიოხრა ოცნებამორეულმა კორჩაკოვმა:
— ჰო-ო, ამისთანა, როგორც ზამოსკვორეჩიეში იტყვიან, კომპრომეტაჟი საშუალებას მოგვცემდა სავსებით გაგვენეიტრალებინა ბრიტანული დიპლომატია.
— არც ტყვეებში, არც მკვდრებში, მაკლაფლინი, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა, — მიზინოვმაც ამოიოხრა, ოღონდ სულ სხვა ტონალობით, — მოახერხა წასვლა. ვერ მიმხვდარვარ, რანაირად. მარჯვეა ეგ გველი. ტყვეთა შორის არ არის ოსმან-ფაშას მრჩეველი, სახელგანთქმული ალი-ბეიც. სწორედ ის წვეროსანი, რომელმაც პირველი შტურმი ჩაგვიშალა და რომელიც, როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, თავად ანვარ-ეფენდის ალტერ ეგო გახლავთ.
ამ უკანასკნელზე თქვენს უდიდებულესობას მოხსენებითი ბარათი წარვუდგინე.
ხელმწიფემ თავი დაუქნია.
— აბა, ახლა რაღას ბრძანებთ, მიხაილო ალექსანდროვიჩ?
კანცლერმა თვალები მოჭუტა:
— იმას, რომ საინტერესო კომბინაცია შეიძლება გამოგვივიდეს, თქვენო უდიდებულესობავ. თუკი ყველაფერი ეს მართალია, მაშინ ამჯერად ინგლისელებმა გადაამლაშეს, მეტისმეტად იბეჯითეს. კარგად რომ წავიმუშაოთ, მოგებულიც დავრჩებით.
— აბა, აბა, რა მოიფიქრეთ? — ცნობისმოყვარედ შეეკითხა ალექსანდრე.
— ხელმწიფეო, პლევნის აღებით ომი დამამთავრებელ ფაზაში გადავიდა. თურქებზე საბოლოო გამარჯვება რამდენიმე კვირის ამბავია. ხაზს ვუსვამ — თურქებზე. მაგრამ ისე არ გამოგვივიდეს, როგორც ორმოცდაცამეტში, როცა თურქებთან ომით დავიწყეთ და მთელ ევროპასთან ჩაგვითრიეს ომში. ჩვენი ფინანსები მსგავს დაპირისპირებას ვერ გაუძლებს.
თავადაც უწყით, რა დაგვიჯდა ეს კამპანია.
მეფე ისე შეიჭმუხნა, როგორც კბილის ტკივილისგან, ხოლო მიზინოვმა დარდიანად დაუკანტურა თავი.
— მე ერთობ ამაფორიაქა ამ მაკლაფლინის მოქმედებათა სიმტკიცემ და უხეშობამ, — განაგრძო კორჩაკოვმა, — ეს კი იმას ადასტურებს, რომ თავისი სურვილის აღსასრულებლად, სრუტეებთან არ მიგვიშვას, ბრიტანეთი მზადაა ნებისმიერ, თვით ყველაზე უკიდურეს ზომებზეც კი წავიდეს. ნუ დავივიწყებთ, რომ მათი სამხედრო ესკადრა ბოსფორში დგას. იმავდროულად, ზურგში უძვირფასესი ავსტრია გვიმიზნებს, ერთხელ უკვე ზურგში დანა რომ ჩასცა მამათქვენს. მართალი მოგახსენოთ, სანამ თქვენ აქ ოსმან-ფაშას ეომებოდით, მე უფრო მეტს სხვა ომზე ვფიქრობდი, დიპლომატიურ ომზე. ჩვენ ხომ სისხლს ვღვრით, ვეებერთელა სახსრებს ვხარჯავთ, მაგრამ საბოლოოდ შესაძლოა ხელცარიელი დავრჩეთ. ამ წყეულმა პლევნამ ძვირფასი დრო შთანთქა და ჩვენი არმიის რეპუტაციას წყალი შეუყენა. თქვენო უდიდებულესობავ, შეუნდეთ ბერიკაცს, ამისთანა დღეს ყვავივით რომ დაგჩხავით...
— გეყოფათ, მიხაილ ალექსანდროვიჩ, — ამოიოხრა იმპერატორმა, — ჩვენ აღლუმზე არ ვართ.
განა არ მესმის?
— ლავრენტი არკადიევიჩის მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებამდე ერთობ პესიმისტურად ვიყავი განწყობილი. ერთი საათის წინ რომ გეკითხათ — „აბა, მითხარი, ბებერო მელავ, რისი იმედი უნდა გვქონდეს ვიქტორიის შემდეგ?“ — ალალად მოგიგებდით, — „ბულგარეთის ავტონომია და კავკასიის ნაწილი — აი, მოგების მაქსიმუმი, საცოდავი ფასი ათიათასობით მოკლულისა და გაფლანგული მილიონებისა“.
— და ახლა? — ოდნავ წინ გაასწრო ალექსანდრემ.
კანცლერმა მეტყველი სახით გადახედა ვარიასა და ფანდორინს.
მიზინოვი მზერის აზრს მიუხვდა და თქვა:
— თქვენო უდიდებულესობავ, კარგად მესმის, საით უმიზნებს მიხაილ ალექსანდროვიჩი. მეც იმავე დასკვნამდე მივედი და ტიტულიანი მრჩეველი ფანდორინი აქ შემთხვევით არ მომიყვანია. აი, ქალბატონი სუვოროვა კი, სხვათა შორის, შეიძლება, გავუშვათ.
ვარიამ იფეთქა. როგორც ჩანს, აქ არ ენდობიან. როგორი დამცირებაა — კარს იქით მიგაბრძანონ, თანაც ყველაზე საინტერესო ადგილიდან!
— ბ-ბოდიშს ვითხოვ თავხედობისთვის, — მთელი აუდიენციის განმავლობაში პირველად თქვა ფანდორინმა, — მაგრამ ეს გონივრული არ არის.
— სახელდობრ, რა? — წითური წარბები შეჭმუხნა იმპერატორმა.
— არ შეიძლება სანახევროდ ვენდოთ თანამშრომელს, თქვენო უ-უდიდებულესობავ.
ფუჭ წყენას იწვევს და საქმესაც ვნებს. ვარვარა ანდრეევნამ ისე ბევრი იცის, რომ დანარჩენსაც ი-იოლად მიხვდება.
— შენ მართალი ხარ, — აღიარა მეფემ, — ილაპარაკეთ, თავადო.
— ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ ამბით, რათა ბრიტანეთი შევარცხვინოთ მთელი მსოფლიოს თვალში. დივერსია, მკვლელობები, შეთანხმება ერთ-ერთ მეომარ მხარესთან, ნეიტრალიტეტის დარღვევა — სად გაგონილა?! სიმართლე გითხრათ, განცვიფრებული ვარ გრაფ ბიკონსფილდის გაუფრთხილებლობით. ჩვენ რომ მაკლაფლინი აგვეყვანა და იმას ჩვენება მოეცა, მაშინ? სკანდალი! კოშმარი! ინგლისისთვის, რასაკვირველია. თავისი ესკადრის უკან გაწვევა მოუწევდა, მთელი ევროპის წინაშე თავის მართლებაც და კიდევ დიდხანს უნდა მოეშუშებინა ჭრილობები. ყოველ შემთხვევაში, აღმოსავლურ კონფლიქტში სენტ-ჯეიმსის კაბინეტი იძულებული იქნებოდა, პასი ეთქვა; ხოლო ლონდონის გარეშე ჩვენი ავსტრია-უნგრელი მეგობრები მაშინვე დაშოშმინდებოდნენ. აი, მაშინ კი შევძლებდით, გამარჯვების ნაყოფით მთლიანად გვესარგებლა და...
— ოცნებებია, — საკმაოდ მკვეთრად მოუჭრა მოხუცს ალექსანდრემ, — მაკლაფლინი არ გვყავს.
საკითხავია, რა უნდა ვქნათ?
— მოვიპოვოთ, — უშფოთველად თქვა კორჩაკოვმა.
— მაგრამ როგორ?
— არ ვიცი, თქვენო უდიდებულესობავ, მე ხომ მესამე განყოფილების უფროსი არა ვარ, — და კანცლერი გაჩუმდა, არხეინად დაიკრიფა ხელები გამწლეულ მუცელზე.
— ჩვენ გვაქვს ინგლისელთა დანაშაულის უეჭველობა და ირიბი მტკიცებულებები, მაგრამ არ გვაქვს პირდაპირი, — ესტაფეტა აიღო მიზინოვმა, — ესე იგი, მტკიცებულებები უნდა მოვიპოვოთ...
ანდა შევქმნათ. ჰმ...
— ახსენი, — დააჩქარა მეფემ, — და ნუ მიედებ-მოედები, მიზინოვ, პირდაპირ ილაპარაკე. ფანტს კი არ ვთამაშობთ.
— მესმის, თქვენო უდიდებულესობავ. მაკლაფლინი ახლა ან კონსტანტინოპოლშია, ანდა, უფრო სწორად, ინგლისისკენ უჭირავს გეზი, რადგანაც მისი მისია შესრულებულია. ჩვენ კონსტანტინოპოლში საიდუმლო აგენტურის მთელი ქსელი გვაქვს და ამ არამზადას მოტაცება არც ისე ძნელია. ინგლისში ამის გაკეთება უფრო რთულია, მაგრამ გონივრული ორგანიზაციის...
— არ მსურს ამისი მოსმენა! — წამოიყვირა ალექსანდრმა, — რა სისაძაგლეებს ლაპარაკობ!
— თავად მიბრძანეთ, ნუ მიედებ-მოედებიო, — ხელები გაშალა გენერალმა.
— მაკლაფლინის ტომრით მოყვანა, რასაკვირველია, ურიგო როდი იქნებოდა, — თქვა ჩაფიქრებულმა კანცლერმა, — ოღონდ ძალიან საწვალებელი და არასაიმედო ამბავია.
თავადვე არ აღმოვჩნდეთ სკანდალში. კონსტანტინოპოლში კიდევ რა უჭირს და, აი, ლონდონში კი არ გირჩევდით.
— კარგი, — ფიცხად დაუკანტურა თავი მიზინოვმა, — თუკი მაკლაფლინი ლონდონში აღმოჩნდება, ხელს არ ვახლებთ. მაგრამ იქაურ პრესაში სკანდალს ავწევთ ბრიტანელი კორესპონდენტის უკეთურ საქციელზე. ინგლისის პუბლიკას მაკლაფლინის ოინები არ მოეწონება, რაკი ისინი სახელგანთქმულ Fაირ პლაყ-ს (პატიოსანი თამაში — ინგლ.) ჩარჩოებში არ თავსდება.
კორჩაკოვმა მოიწონა:
— აი, ეს უკვე საქმეა. ბიკონსფილდსა და დერბის ხელები რომ შევუკრათ, გაზეთებში კარგი სკანდალიც საკმარისია.
მთელი ეს დრო, ვიდრე განხილვა მიმდინარეობდა, ვარია შეუმჩნევლად, პატარ-პატარა ნაბიჯებით მიიწევდა ერასტ პეტროვიჩისკენ და, აი, ბოლოს და ბოლოს, ტიტულიანი მრჩევლის სიახლოვეს აღმოჩნდა.
— ვინ არის ეს დერბი? — ჩურჩულით ჰკითხა ვარიამ.
— საგარეო საქმეთა მინისტრი, — თითქმის ტუჩების გაუნძრევლად მიუგო ფანდორინმა.
მიზინოვმა მოჩურჩულეებს გადახედა და მრისხანედ აზიდა წარბები.
— ეგ თქვენი მაკლაფლინი, ეტყობა, დიდი გაქნილი ვინმეა, განსაკუთრებული ცრურწმენებისა და სენტიმენტების გარეშე, — განსჯა განაგრძო კანცლერმა, — თუკი ლონდონში მოიძებნა, შეიძლება, სკანდალამდე კონფიდენციალური საუბარი ჩაუტარდეს. წარვუდგინოთ მტკიცებები, დავემუქროთ გახმაურებით... სკანდალი რომ მოხდეს, ბოლო აქვს მოღებული.
მე ბრიტანული ჩვეულებები ვიცი — საზოგადოებაში ხელს არ გაუწვდის არავინ, თუნდაც თავით ფეხებამდე ორდენებით დაიხუნძლოს. ზედაც ორი მკვლელობა — ეს ხუმრობა კი არ არის. სისხლის სამართლის პროცესის სუნი უდის. გონიერი კაცია. თუკი კარგ ფულსაც შევთავაზებთ, თან სადმე ზავოლჟიეში მამულსაც ვუწყალობებთ... შეიძლება აუცილებელი ცნობები მოგვცეს, შუვალოვი კი ამ ცნობებს ლორდ დერბიზე ზეწოლისთვის გამოიყენებს. გახმაურებით დაემუქრება და ბრიტანეთის კაბინეტი დაუყოვნებლივ აბრეშუმივით რბილი გახდება...
რას იტყვით, გენერალო, წამოეგება მაკლაფლინი მუქარისა და მოსყიდვის კომბინაციაზე?
— სად წავა! — დარწმუნებით დაჰპირდა გენერალი, — მე ეს ვარიანტიც გავითვალისწინე. ამიტომაც გეახელით ერასტ ფანდორინთან ერთად. მისი უმაღლესობის მხარდაჭერის გარეშე ასეთ საფრთხილო საქმეზე კაცის დანიშვნა ვერ გავბედე. ძალზე ბევრია ფსონზე დადებული. ფანდორინი მოხერხებულია, მტკიცე, აზრების ორიგინალური წყობა აქვს, და მთავარი, უკვე იმყოფებოდა ლონდონში საიდუმლო, ურთულესი დავალებით და ბრწყინვალედ გაართვა თავი. იცის ენა. მაკლაფლინს პირადად იცნობს.
დაგვჭირდება — მოიტაცებს. მოტაცება შეუძლებელი იქნება — მოელაპარაკება. ვერ მოელაპარაკება — შუვალოვს დაეხმარება კარგი სკანდალის ორგანიზებაში. შეუძლია მაკლაფლინის წინააღმდეგ თავადაც მისცეს ჩვენება, როგორც უშუალო თვითმხილველმა. აქვს დარწმუნების უჩვეულო ნიჭი.
— და შუვალოვი ვინღაა? — დაიჩურჩულა ვარიამ.
— ჩვენი ელჩი, — დაბნეულად მიუგო ტიტულიანმა მრჩეველმა, რომელიც რაღაც თავისას ფიქრობდა და, ეტყობა, არცთუ გულისყურით უსმენდა გენერალს.
— რას იზამ, ფანდორინ, შეძლებ? — ჰკითხა იმპერატორმა, — გაემგზავრები ლონდონში?
— შევივლი, თქვენო უ-უდიდებულესობავ, — თქვა ერასტ პეტროვიჩმა, — რატომაც არ უნდა გავემგზავრო...
თვითმპყრობელმა გამომცდელად შეხედა, მიხვდა, ყველაფერი რომ არ თქვა, მაგრამ ფანდორინს მეტი არაფერი დაუმატებია.
— ჰოდა, მიზინოვ, ორი მიმართულებით იმოქმედე, — დაასკვნა ალექსანდრემ, — ეძებე კონსტანტინოპოლშიც და ლონდონშიც. ოღონდ დროს ნუ დაკარგავ, ცოტაღა დარჩა.
როცა საადიუტანტოში გამოვიდნენ, ვარიამ გენერალს ჰკითხა:
— სულაც რომ ვერ მოიძებნოს მაკლაფლინი?
— ჩემს ალღოს ენდეთ, ძვირფასო, — თქვა გენერალმა, — ამ ჯენტლმენს კიდევ შევხვდებით, აუცილებლად.
მეთორმეტე თავი,
რომელშიც მოვლენები მოულოდნელი მიმართულებით ვითარდება
„პეტერბურგის უწყებანი“
8 (20) იანვარი, 1878 წ.
თურქები ზავს ითხოვენ!
ვესელ-ფაშას კაპიტულაციის, ფილიპოპოლის დაცემისა და ძველი ადრიანოპოლის ჩაბარების შემდეგ, თავისი კარიბჭე რომ გახსნა თეთრი გენერლის კაზაკების წინაშე, ომის ბედი საბოლოოდ გადაწყდა. და დღეს დილით ჩვენი მამაცი ჯარების განკარგულებაში გადმოვიდა თურქი პარლამენტარების მატარებელი.
შემადგენლობა დაკავებულია ადრიანოპოლში, ხოლო ფაშები გადაგზავნილი არიან მთავარსარდლის შტაბში, გერმანლის მახლობლად რომ არის განლაგებული. როცა თურქეთის დელეგაციის მეთაური, სამოცდათექვსმეტი წლის ნამიკ-ფაშა გაეცნო ზავის წინასწარ პირობებს, სასოწარკვეთილმა შეჰყვირა: „Vოტრე არმიე ესტ ვიცტორიეუსე, ვოტრე ამბიტიონ ესტ სატისფაიტე ეტ ლა თურკიე ესტ დეტრუიტე!“ (თქვენმა არმიამ გაიმარჯვა, თქვენი პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებულია, ხოლო თურქეთი აღარ არსებობს! — ფრანგ.).
ჰოდა, ჩვენ ვიტყვით, რომ ემაგ თურქეთს გზაც იქით ჰქონია“.
ხეირიანად არც კი გამომშვიდობებიან ერთმანეთს. „სალაშქრო სასახლის“ პარმაღზე ვარია სობოლევმა წაიჭირა, დიდებისა და წარმატების მაგნიტიზმით მოაჯადოვა, თავის შტაბში წაიყვანა გამარჯვების საზეიმოდ. ერასტ პეტროვიჩისთვის ძლივს მოასწრო თავის დაკვრა, დილისთვის კი ის უკვე ბანაკში აღარ იყო. დენშჩიკმა ტრიფონმა უთხრა: „გაემგზავრა. ერთი თვის მერე შემოიარეთ“.
მაგრამ ერთმა თვემ გაიარა, ტიტულიანი მრჩეველი კი კიდევ არ ჩანდა.
ეტყობა, არცთუ ადვილი აღმოჩნდა მაკლაფლინის მოძებნა ინგლისში.
თუმცა ვარიას კი არ მოუწყენია — პირიქით. როგორც კი პლევნის ბანაკიდან მოიხსნენ, ცხოვრება საინტერესო გახდა. თითქმის ყოველდღე გადასვლები, ახალი ქალაქები, მთების თვალწარმტაცი პეიზაჟები და დაუსრულებელი ზეიმები ლამის დღეჩაუგდებელი ვიქტორიების გამო.
უმაღლესი შტაბი ჯერ კაზანლიკში გადავიდა, ბალკანეთის ქედის გადაღმა, მერე უფრო სამხრეთით, გერმანლიში. აქეთ ზამთარიც კი არ იყო. ხეები მწვანედ შეფოთლილიყო, თოვლი მხოლოდ შორეული მთების მწვერვალებზე მოჩანდა.
უფანდორინოდ ვერაფერს აკეთებდა. ვარია კვლავინდებურად ირიცხებოდა შტაბში, უკლებლივ მიიღო ხელფასი — დეკემბრისაც და იანვრისაც, ზედაც სალაშქრო, თანაც ჯილდოს თანხა საშობაოდ.
ბლომად ფული დაუგროვდა, მაგრამ ვერაფერში ხარჯავდა. ერთხელ სოფიაში მშვენიერი სპილენძის ლამპრის ყიდვა მოინდომა (ნამდვილი ალადინის ლამპა იყო) — არაფერი გამოვიდა. დ’ევრემ და გრიდნევმა კინაღამ დახოცეს ერთმანეთი — ვინ მიართმევდა ვარიას სამშვენისს. დათმობამ მოუწია.
ჰო, გრიდნევის შესახებ. ეს თვრამეტი წლის პრაპორშჩიკი სობოლევმა მიუჩინა ვარიას. პლევნისა და შეინოვის გმირი დღედაღამ საქმით იყო დაკავებული, მაგრამ ვარიას არ ივიწყებდა. როცა შტაბში გამოღწევას ახერხებდა, აუცილებლად შემოუვლიდა, გიგანტურ თაიგულებს უგზავნიდა, ზეიმებზე იწვევდა (აი, ახალი წელიც ორჯერ აღნიშნეს — დასავლური სტილით და რუსულითაც).
მაგრამ ჯიუტმა მიშელმა ესეც არ იკმარა. ვარიას განკარგულებაში ერთ-ერთი თავისი ორდინარეცი მიავლინა — „გზაში დასახმარებლად და დასაცავად“. პრაპორშჩიკი თავდაპირველად იბუტებოდა და ახალ კაბიან უფროსს ცერად უყურებდა, მაგრამ საკმაოდ მალე მოთვინიერდა და, ეტყობა, რომანტიკული გრძნობებითაც განიმსჭვალა. სასაცილოა, მაგრამ სასიამოვნო. გრიდნევი ულამაზო (სტრატეგი მიშელი ლამაზს არც გამოუგზავნიდა), მაგრამ კარგი და ლეკვივით ფიცხი იყო. მის გვერდით ოცდაორი წლის ვარია დიდ და გამოცდილ ქალად გრძნობდა თავს.
საკმაოდ უცნაურ მდგომარეობაში იყო. შტაბში, როგორც ჩანდა, სობოლევის საყვარლად მიაჩნდათ.
რაკი თეთრი გენერლის მიმართ დამოკიდებულება აღფრთოვანებულ-ყოვლისმიმტევებლური იყო, ვარიას არავინ კიცხავდა. პირიქით, სობოლევის ბრწყინვალების ნაწილი მასზეც ვრცელდებოდა. ამასთან, ბევრი ოფიცერი აღშფოთდებოდა კიდეც, რომ გაიგებდნენ, ვარია უარს უბედავს სახელგანთქმულ აქილევსს და ვიღაც საწყალ გამშიფრავს ერთგულობსო.
სიმართლე რომ ითქვას, პეტიას მაინცდამაინც კარგად ვეღარ ეწყობოდა. არა, არ ეჭვიანობდა, სცენებს არ აწყობდა, თუმცა განუხორციელებელი თვითმკვლელობის შემდეგ ვარიას ძალზე გაუჭირდა მასთან. ჯერ ერთი, თითქმის ვერ ნახულობდა — პეტია „დანაშაულს შრომით ირეცხავდა“, რაკი დანაშაულის სისხლით ჩამორეცხვა გამშიფრავთა განყოფილებაში შეუძლებელი იყო, და ზედიზედ ორი ცვლა მორიგეობდა, იქვე ეძინა, გასაშლელ საწოლზე, ჟურნალისტების კლუბში არ დადიოდა და არც ქეიფებში მონაწილეობდა. შობისა და ნათლისღების წინა დღეების აღნიშვნამ უმისოდ მოუწია. ვარიას დანახვაზე სახე წყნარი, ალერსიანი სიხარულით უნათდებოდა და ისე ელაპარაკებოდა, როგორც ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატს — წმინდანიც არის, ერთადერთი იმედიც და ვარიას გარეშე სავსებით დაიკარგებოდა.
საშინლად ეცოდებოდა და იმავდროულად, სულ უფრო ხშირად წამოუტივტივდებოდა უსიამოვნო კითხვა — შეიძლება თუ არა სიბრალულის გამო გათხოვება? გამოდიოდა, რომ არ შეიძლება.
მაგრამ უფრო უაზრობა იქნებოდა, რომ ეთქვა: „იცი რა, პეტენკა, მე გადავიფიქრე და შენი ცოლი ვეღარ გავხდები“. ეს იგივეა, დაჭრილ ნადირს კიდევ ტყვია დაახალო. ერთი სიტყვით, საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო.
ერთი ადგილიდან მეორეზე ამგზავრებულ პრესკლუბში ძველებურად იკრიბებოდა მრავალრიცხოვანი საზოგადოება, მაგრამ უკვე ისეთი ხმაურიანი აღარ, როგორც ზუროვის დაუვიწყარ დროს იყო. კარტს იშვიათად თამაშობდნენ, ისიც პატარა თანხაზე. მაკლაფლინის გაქრობასთან ერთად ჭადრაკის პარტიები სულ შეწყდა. ირლანდიელს ჟურნალისტები არ იხსენიებდნენ, თუმცა ორი დანარჩენი ბრიტანელი კორესპონდენტი დემონსტრაციულ ბოიკოტში მოხვდა და კლუბში აღარ გამოჩენილა.
სმაც იყო, რასაკვირველია, და სკანდალებიც. ორჯერ კინაღამ სისხლის ღვრაც მოხდა და ორჯერვე, თითქოს განგებო, ვარიას გამო.
თავიდან, ჯერ კიდევ კაზანლიკში, ერთმა გავლით მყოფმა წვრილფეხა ადიუტანტმა, ბოლომდე რომ ვერ გაერკვა ვარიას სტატუსში, უკბილოდ იხუმრა — „ჰერცოგინია მალბორო“ უწოდა, მიანიშნა, „ჰერცოგი მალბორო“ სობოლევიაო.
დ’ევრემ თავხედისგან მობოდიშება მოითხოვა, გადამთვრალი ადიუტანტი გაჯიუტდა და სასროლად წავიდნენ. ვარია მაშინ კარავში არ ყოფილა, თორემ, რასაკვირველია, აღმოფხვრიდა ამ ბრიყვულ კონფლიქტს. მაგრამ არა უშავს, მშვიდობიანად დასრულდა — ადიუტანტმა ააცდინა, დ’ევრემ საპასუხო გასროლით ქუდი გადახადა თავიდან, რამაც მოპირდაპირე უმალ გამოაფხიზლა და დანაშაული აღიარა.
მეორეჯერ კი თავად ფრანგი იხმეს ბარიერთან და ისევ ხუმრობისთვის — მაგრამ ამჯერად, ვარიას აზრით, საკმაოდ სასაცილო ხუმრობისთვის. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა უკვე ყველგან თან დაჰყვებოდა ყმაწვილი გრიდნევი. დ’ევრემ დაუდევრად გამოაცხადა, „მადემუაზელ ბარბარა“ ახლა ანა იოანოვნას ჰგავს თავის არაბითო, რის შემდეგაც პრაპორშჩიკმა, რომელიც კორესპონდენტის მრისხანე რეპუტაციას არ შეუშინებია, მისგან დაუყოვნებლივი სატისფაქცია მოითხოვა. რადგან სცენა ვარიას თანდასწრებით მიმდინარეობდა, საქმე სროლამდე არ მისულა. გრიდნევს ენის ჩაგდება უბრძანა, ხოლო დ’ევრეს — უკან წაეღო თავისი ნათქვამი.
კორესპონდენტმა იქვე მოინანია, აღიარა, შედარება უგერგილოა და მონსიეურ სოუს ლიეუტენანტ (ბატონი უმცროსი ლეიტენანტი — ფრანგ.) უფრო ჰერაკლეს მაგონებს, კერინიის ფურირემი რომ შეიპყროო. ამით შერიგდნენ.
დროდადრო ვარიას ეჩვენებოდა, რომ დ’ევრე რაღაც სხვანაირად უყურებდა, რისიც ერთადერთი აზრით ახსნა შეიძლებოდა, თუმცა გარეგნულად ფრანგს ნამდვილი ბაიარდივით ეჭირა თავი. სხვა ჟურნალისტებივით ისიც რამდენიმე დღით იკარგებოდა წინა ხაზზე და იშვიათად ნახულობდნენ ერთმანეთს, ვიდრე პლევნასთან. მაგრამ ერთხელ განმარტოებულებს მაინც მოუხდათ რაღაც ისეთი ლაპარაკი, რომელიც მერე ვარიამ სიტყვასიტყვით გაიხსენა და დღიურში ჩაიწერა (ერასტ პეტროვიჩის გამგზავრების შემდეგ რატომღაც დღიურის წერისკენ გაუწია გულმა — ალბათ, უსაქმურობისგან).
გზისპირა ფუნდუკში ისხდნენ, მთის უღელტეხილზე. ცეცხლთან თბებოდნენ და ცხელ ღვინოს სვამდნენ, ჟურნალისტი ყინვას ოდნავ მოეთენთა.
— აჰ, მადემუაზელ ბარბარა, მე რომ მე არ ვყოფილიყავი, — ხმამაღლა გაიცინა დ’ევრემ, ვერ ხვდებოდა, რომ ლამის ზედმიწევნით იმეორებდა ვარიას სათაყვანებელი პიერ ბეზუხოვის სიტყვებს, — მე რომ სხვა მდგომარეობაში ვყოფილიყავი, სხვა ხასიათის, სხვა ბედისა...
— და ისე შეხედა, რომ ვარიას გული თითქოს საგულედან ამოუვარდა, — მე უთუოდ მეტოქეობას გავუწევდი ბრწყინვალე მიშელს. მის წინააღმდეგ ერთი შანსი მაინც თუ მექნებოდა?
— რა თქმა უნდა, გექნებოდათ, — ალალად მიუგო ვარიამ და უცებ გონს მოვიდა — ეს ისე ჟღერდა, როგორც ფლირტში გამოწვევა, — მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ, შარლ, არც მეტი და არც ნაკლები შანსი არ გექნებოდათ, ვიდრე მიხაილ დმიტრიევიჩს, ანუ არავითარი...
თითქმის.
ეს „თითქმის“ კი მაინც დაამატა. ო, საძულველო, აღმოუფხვრელო ქალურობავ!
რაკი დ’ევრე ერთობ მოდუნებული ეჩვენებოდა, ვარიამ ის შეკითხვა დაუსვა, დიდი ხანია რომ აინტერესებდა:
— შარლ, ოჯახი თუ გყავთ?
— თქვენ, რა თქმა უნდა, სინამდვილეში გაინტერესებთ, მყავს თუ არა ცოლი? — გაიღიმა ჟურნალისტმა.
ვარიას შერცხვა:
— არა, მხოლოდ ეგ არა. მშობლები, ძმები, დები... — ისე, რა საჭიროა პირფერობა, შეუძახა თავს ვარიამ. სავსებით ნორმალური შეკითხვაა. და მტკიცედ დასძინა:
— ცოლზეც, რასაკვირველია, მინდა ვიცოდე. აი, სობოლევი არ მალავს, რომ ცოლიანია.
— სამწუხაროდ, მადემუაზელ ბარბარა, არც ცოლი მყავს და არც საცოლე.
არცა მყოლია. ცხოვრების სხვა წესით ვცხოვრობ. ინტრიგები, რასაკვირველია, იყო — მორიდების გარეშე გეუბნებით, რადგან თქვენ თანამედროვე ქალი ხართ, სულელურ მანჭვა-გრეხას მოკლებული (ვარიამ ქათინაურზე გაიღიმა). ოჯახი კი... მხოლოდ მამა მყავს, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელიც ძალიან მენატრება. ის ახლა საფრანგეთშია. ოდესმე გიამბობთ მამაჩემზე.
ომის მერე, კარგი? ეს მთელი ამბავია.
ჰოდა, გამოდიოდა, რომ გულგრილი მაინც არ იყო, მაგრამ სობოლევთან მეტოქეობა არ სურდა. ნამდვილად სიამაყის გამო.
თუმცა ეს გარემოება სულაც არ უშლიდა ფრანგს, რომ მეგობრული დამოკიდებულება ჰქონოდა მიშელთან. ყველაზე ხშირად დ’ევრე სწორედ თეთრი გენერლის რაზმში იკარგებოდა, რომელიც შეტევაზე გადასული არმიის ავანგარდში იყო გამუდმებით და ჟურნალისტებსაც საკბილო არ აკლდათ.
8 იანვრის შუადღისას სობოლევმა ვარიას წასაყვანად ნაალაფარი კარეტა გამოგზავნა კაზაკების ბადრაგით — ახალაღებულ ადრიანოპოლში დაჰპატიჟა. ტყავის რბილ სავარძელზე ეწყო ორი მკლავის შემოვლება სათბურის ვარდები. ამ ეკლიანი ბარდების თაიგულად შეკვრა მიტია გრიდნევს ახალთახალი ხელთათმანების დაგლეჯად დაუჯდა და ძალიან განრისხდა. გზაში ვარია აწყნარებდა, ონავრულად შეჰპირდა, ჩემებს მოგცემო (პრაპორშჩიკს პატარა, გოგონას ხელები ჰქონდა).
მიტიამ ბრაზით შეიჭმუხნა სითეთრემდე უფერული წარბები, წყენით დაიქსუტუნა, ნახევარი საათი გაბუტული იყო და გრძელ, ფაფუკ წამწამებს აფახულებდა. სხვათა შორის, წამწამები — აი, ერთადერთი, რაშიც ამ ნალევას გაუმართლა, ფიქრობდა ვარია. ისეთივე აქვს, როგორიც ერასტ პეტროვიჩს, ოღონდ უფრო ღია. შემდეგ ფიქრით ბუნებრივად გადაერთო ღმერთმა უწყის, სად მოხეტიალე ფანდორინზე. ნეტავ მალე მაინც ჩამოვიდოდეს! იმასთან... უფრო წყნარად არის? უფრო საინტერესოა? ასე სახელდახელოდ ვერ განსაზღვრავ, მაგრამ ნამდვილად იმასთან ჯობს.
ბინდდებოდა, რომ მივიდნენ. ქალაქი ჩაწყნარებულიყო, ქუჩებში ძეხორციელი არ ჭაჭანებდა, მხოლოდ ცხენოსანი პატრულის ფლოქვების თქარათქური და გზაზე გაწელილი არტილერიის გრუხუნი ისმოდა.
დროებითი შტაბი სადგურის შენობაში იყო.
ჯერ კიდევ შორიდანვე მოესმა ვარიას მხიარული მუსიკა — „იდიდეს“ ასრულებდა სასულე ორკესტრი. ახალი, ევროპული ტიპის ნაგებობის ყველა სარკმელი განათებული იყო, სადგურის ახლო, მოედანზე, კოცონები ენთო, საქმიანად ბოლავდა საველე სამზარეულოების საკვამურები. ყველაზე მეტად ვარია იმან განაცვიფრა, რომ პლატფორმასთან სავსებით ჩვეულებრივი სამგზავრო მატარებელი იდგა — აკურატული ვაგონები, ორთქლმავალი მშვიდობიანად ქშენდა — თითქოს არავითარი ომი არ ყოფილიყოს.
მოსაცდელ დარბაზში, რასაკვირველია, ზეიმობდნენ. ნაჩქარევად ერთმანეთზე მიდგმული ნაირ-ნაირი მაგიდები სახელდახელო კერძებითა და უამრავი სასმლით გაეწყოთ. ოფიცრები ქეიფობდნენ. ვარია და გრიდნევი რომ შევიდნენ, ყველამ „ვაშა“ დასჭექა, ჭიქები ასწიეს და იმ მაგიდისკენ შებრუნდნენ, რომელთანაც მეთაური იჯდა. გენერლის სახელგანთქმული თეთრი კიტელი მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა არმიის შავ და კაზაკების ნაცრისფერ მუნდირებთან.
თავად სობოლევის გარდა, საპატიო მაგიდას უფროსი მეთაურები (მათგან ვარია მხოლოდ პერეპიოლკინს იცნობდა) და დ’ევრე უსხდნენ. ყველას მხიარული სახე ჰქონდა, თანაც აწითლებული — ეტყობა, დიდი ხანი იყო, ქეიფს შესდგომოდნენ.
— ვარვარა ანდრეევნა! — ჯერ წამოხტა და მერეღა დაიყვირა აქილევსმა, — ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლად ჩათვალეთ მობრძანება! ვაშა, ბატონებო, ერთადერთი ქალბატონის პატივსაცემად!
ყველანი ადგნენ და ისე გამაყრუებლად დაიღრიალეს, რომ ვარიას შეეშინდა. ჯერ არასდროს მისალმებიან ასე ენერგიულად. სულ ტყუილად ხომ არ მიიღო მოწვევა? ბარონესა ვრეისკაია, საველე ლაზარეთის უფროსი, რომლის პერსონალთან ცხოვრობდა ვარია, თავის ხელქვეითებს აფრთხილებდა:
— Mესდამეს, თავი შორს გეჭიროთ კაცებისგან, როცა ისინი ბრძოლით არიან გაფიცხებულნი ანდა, უფრო უარესი, გამარჯვებით. მათში ატავისტური ველურობა იღვიძებს და ნებისმიერი მამაკაცი, თუნდაც პაჟთა კორპუსის კურსდამთავრებული იყოს, დროებით ბარბაროსად იქცევა. აცალეთ, ერთხანს მამაკაცურ კომპანიაში დაჰყონ, განელდნენ და მაშინ ისევ დაიბრუნებენ ცივილიზებულ იერს, კონტროლირებადნი გახდებიან.
სხვათა შორის, გადაჭარბებული გალანტურობისა და მეტისმეტად მაღალი ხმების გარდა, რაღაც განსაკუთრებული ველურობა თანამეინახეთათვის ვარიას არ შეუნიშნავს.
ყველაზე საპატიო ადგილზე დასვეს — სობოლევის მარჯვნივ. ვარიას მეორე მხარეს კი დ’ევრე აღმოჩნდა.
შამპანური რომ დალია და ცოტა დამშვიდდა, ვარიამ ჰკითხა:
— მიშელ, მითხარით, იქ რა მატარებელი დგას? უკვე აღარ მახსოვს, ბოლოს როდის ვნახე, რომ ორთქლმავალი რელსებზე იდგეს და არა ფერდობზე გადავარდნილი.
— მაშ, თქვენ არაფერი გაგიგონიათ! — წამოიყვირა ახალგაზრდა პოლკოვნიკმა, მაგიდის კუთხეში რომ იჯდა, — ომი დამთავრდა! დღეს კონსტანტინოპოლიდან პარლამენტარები ჩამოვიდნენ! რკინიგზით, როგორც მშვიდობიან დროს!
— და რამდენი არიან ის პარლამენტარები? — გაოცდა ვარია, — მთელი შემადგენლობა?
— არა, ვარენკა, — აუხსნა სობოლევმა, — პარლამენტარი მხოლოდ ორია. მაგრამ თურქები ისე შეშინდნენ ადრიანოპოლის დაცემით, რომ წუთის დაკარგვაც არ უნდოდათ, შტაბის ვაგონი ჩვეულებრივ მატარებელს ჩაუბეს.
უმგზავრებოდ, რასაკვირველია.
— პარლამენტარები სადღა არიან?
— ეკიპაჟებით გავაგზავნე დიდ თავადთან. იქით ხომ გზა აფეთქებულია.
— აჰ, ასი წელია, რკინიგზით არ მიმგზავრია, — ამოიოხრა მეოცნებედ ვარიამ, — გადაესვენები რბილ სავარძელში, წიგნს გადაშლი, ცხელ ჩაის დალევ... ფანჯრებში ტელეგრაფის ბოძები გარბიან, ბორბლები მიკაკუნებენ...
— გაგაქროლებდით, — თქვა სობოლევმა, — მაგრამ, სამწუხაროდ, მარშრუტი შეზღუდულია. აქედან მარტო კონსტანტინოპოლში შეიძლება წასვლა.
— ბატონებო, ბატონებო! — შესძახა დ’ევრემ, — მშვენიეღი იდეაა! Lა გუერრე ესტ ენ ფაიტ ფინიე (ომი ფაქტობრივად დამთავრებულია — ფრანგ.), ტუღკები აღ გვესვღიან! ხოლო ოღთქლმავალზე, სკჰვატა შოღის, ტუღკეტის დღოშაა! კჰომ აღ გაგვევლო სან-სტეფანომდე და მეღე უკან? Aლლერ ეტ რეტოურ (იქამდე და უკან — ფრანგ.), ჰა, მიშელ? — საბოლოოდ გადავიდა ფრანგულზე, უფრო და უფრო ემატებოდა აღმაფრენა, — მადემუაზელ ბარბარა გაქროლდება რბილი ვაგონით, მე დიდებულ რეპორტაჟს დავწერ, თანაც ჩვენთან წამოვა შტაბის რომელიმე ოფიცერი და თურქეთის ზურგს დაათვალიერებს.
ღმერთმანი, მიშელ, თავისუფლად გაივლის! სან-სტეფანომდე და უკან! იმათ აზრადაც არ მოუვათ! და თუ მოუვათ, სროლას მაინც ვერ გაბედავენ — თქვენ ხომ იმათი პარლამენტარები გყავთ! მიშელ, სან-სტეფანოდან კონსტანტინოპოლის ჩირაღდნები ისე მოჩანს, როგორც ხელისგულზე! იქ თურქი ვეზირების ქალაქგარეთა აგარაკებია! აჰ, როგორი შანსია!
— უპასუხისმგებლობაა და ავანტიურიზმი, — მოუჭრა პოდპოლკოვნიკმა პერეპიოლკინმა, — იმედი მაქვს, მიხაილ დმიტრიევიჩ, კეთილგონიერება გეყოფათ და არ შეცდებით.
მოსაწყენი, უსიამოვნო კაცია ერემეი პერეპიოლკინი. სიმართლე ითქვას, განვლილ თვეებში ვარიამ მოასწრო მის მიმართ ზიზღით გამსჭვალულიყო, თუმცა კი სჯეროდა სობოლევის შტაბის უფროსის თითქოსდა აღმატებული საქმიანი თვისებებისა. რატომაც არ იბეჯითებდა, რა! ხუმრობა ხომ არ არის, ნახევარ წელიწადზე ნაკლებ დროში კაპიტნიდან პოდპოლკოვნიკობამდე ახტა, „გიორგისაც“ გამოჰკრა ხელი, ანას ხმალიც მიიღო საბრძოლო ჭრილობებისთვის. და ყველაფერი ეს მიშელის წყალობით. და მგელივით უყურებს, თითქოს ვარიას რაღაც მოეპაროს მისთვის. სხვათა შორის, გასაგებია, ეჭვიანობს, სურს, აქილევსი მხოლოდ თავად ეკუთვნოდეს. საინტერესოა, როგორ აქვს ერემეი იონოვიჩს საქმე კაზანზაკის ცოდვის მხრივ? ერთხელ, სობოლევთან საუბრისას, ამ თემაზე თავს იქედნური ჩაქარაგმების უფლება მისცა — მიშელმა ისე იხარხარა, რომ ხველება აუტყდა.
ოღონდ, ამჯერად ეს საძაგელი პერეპიოლკინი ცამდე მართალი იყო.
შარლის „მშვენიერი იდეა“ ვარიას ნამდვილ ველურობად მოეჩვენა. თანაც, მოქეიფეებში სულელურმა პროჟექტმა სრული მხარდაჭერა მოიპოვა — ერთმა კაზაკების პოლკოვნიკმა ფრანგს ხელიც კი დაჰკრა ზურგზე და „თავზეხელაღებული გოგრა“ უწოდა. სობოლევი იღიმებოდა, მაგრამ ჯერ დუმდა.
— მე გამიშვით, მიხაილ დმიტრიევიჩ, — სთხოვა კავალერიის ყოჩაღმა გენერალმა (მგონი, გვარად სტრუკოვი იყო), ვაგონებში ჩემს კაზაკებს ჩავსხამ, ქარივით გავქროლდებით. ერთიც ვნახოთ და, რომელიმე ფაშა ჩავიგდოთ ტყვედ. მერე რა, უფლება გვაქვს! საომარ მოქმედებათა შეწყვეტის ბრძანება ჯერ არ მოსულა.
სობოლევმა ვარიას შეხედა. ვარიამ შეამჩნია, რომ მისი თვალები რაღაც საოცარი ელვარებით ანთებულიყო.
— ე, არა, სტრუკოვ. თქვენთვის ადრიანოპოლიც საკმარისია, — აქილევსმა მტაცებლურად გაიღიმა და ხმას აუწია, — ჩემი ბრძანება ისმინეთ, ბატონებო! — დარბაზში მაშინვე სიჩუმე ჩამოვარდა, — ჩემი სამეთაურო პუნქტი სან-სტეფანოში გადამაქვს! ეგერთა მესამე ბატალიონი ვაგონებში ჩასვით.
ისე ჩაეწყონ, როგორც ქაშაყები კასრში, მაგრამ ყველანი უნდა მოთავსდნენ. შტაბის ვაგონით თავად წავალ. მერე მატარებელი დაუყოვნებლივ დაბრუნდება ადრიანოპოლში დანარჩენების ჩამოსაყვანად და ამ მარშრუტით ივლის შეუჩერებლად. ხვალ, შუადღისთვის, მთელი პოლკი მეყოლება. სტრუკოვ, თქვენი ამოცანაა, — კავალერიით ჩამოხვიდეთ იქ არა უგვიანეს ხვალინდელი საღამოსი. მანამდე ბატალიონიც მეყოფა. სადაზვერვო მონაცემებით, ბრძოლისუნარიანი თურქული ჯარი წინ არ არის — მხოლოდ სულთნის გვარდიაა თავად კონსტანტინოპოლში, ხოლო იმათი საქმე კი აბდულ-ჰამიდის დაცვაა.
— თურქებს კი არ უნდა ვუფრთხოდეთ, თქვენო აღმატებულებავ, — აკანკალებული ხმით თქვა პერეპიოლკინმა, — თურქებმა, დავუშვათ, თქვენ ხელი არ გახლეს — ქანცგაწყვეტილები არიან.
მაგრამ აი, მთავარსარდალი თავზე ხელს არ გადაგისვამთ.
— ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, ერემეი იონოვიჩ, — თვალები ეშმაკურად მოწკურა სობოლევმა, — ყველამ იცის, რომ აკ-ფაშა ახირებული ვინმეა, შეიძლება ამას მიაწერო ბევრი რამ. ამასთან, ცნობა კონსტანტინოპოლის გარეუბნის დაკავების შესახებ, გაცხარებული მოლაპარაკებისას რომ მიუვა, შეიძლება ძალიანაც დროული ეჩვენოს მის იმპერატორობით უდიდებულესობას. ხმამაღლა შემჯორავენ, ჩუმად კი მადლობას მეტყვიან. ადერც გამომიცდია. და კეთილი ინებეთ, ბრძანების გაცემის მერე დისკუსიას ნუღარ გამართავთ.
— Aბსოლუმენტ! (ულაპარაკოდ! — ფრანგ.) — თავი აღფრთოვანებით გადააქნია დ’ევრემ, — Uნ ტოურ დე გენიე, Mიცჰელ! (გენიალური სვლაა, მიშელ! — ფრანგ.). გამოდის, ღომ ჩემი იდეა აღ კოფილა კველაზე მშვენიეღი. ღეპოღტაჟი უკეტესი იკნება, ვიდღე მე მეგონა.
სობოლევი წამოდგა, ვარიას ცერემონიულად შესთავაზა ხელი:
— კონსტანტინოპოლის ჩირაღდნებს ხომ არ შეავლებდით თვალს, ვარვარა ანდრეევნა?
შემადგენლობა სწრაფად მიქროდა წყვდიადში, ვარია ძლივს ასწრებდა სადგურების სახელების წაკითხვას — ბაბაესკი, ლიულებურღაზი, ჩორლუ. სადგურები სადგურებია, — ისეთივეა, როგორც სადმე ტამბოვის მხარისკენ, ოღონდ ყვითელი კი არა, თეთრია. შუქები, კვიპაროსების აშოლტილი სილუეტები, ერთხელ ხიდის რკინის ხვეულებში მთვარით განათებულმა მდინარემ იელვა.
ვაგონი მოხერხებული იყო, პლუშის დივანებით, წითელი ხის დიდი მაგიდით. მებადრაგენი და სობოლევის თეთრი ფაშატი გულნორა ამალის განაკვეთში მოთავსდნენ. სწორედ იქიდან მოისმოდა ჭიხვინი — გულნორა ვერა და ვერ წყნარდებოდა მატარებელში ჩასმის შფოთიანი პროცესის შემდეგაც. სალონით მოდიოდნენ თავად გენერალი, ვარია, დ’ევრე და რამდენიმე ოფიცერი, მათ შორის მიტია გრიდნევიც, უშფოთველად რომ ეძინა კუთხეში. ოფიცრები პერეპიოლკინის გარშემო შეკრებილიყვნენ, — რუკაზე რომ აღნიშნავდა მატარებლის გადაადგილებას, — და ეწეოდნენ, კორესპონდენტი რაღაცას წერდა ბლოკნოტში, ხოლო ვარია და სობოლევი მოშორებით იდგნენ, ფანჯარასთან, და არცთუ ისე უბრალო რამეზე ლაპარაკობდნენ.
— ...ვფიქრობდი, სიყვარული იყო, — დაბალ ხმაზე აღსარებას ამბობდა მიშელი, ვითომ სიბნელეს გაჰყურებდა ფანჯარაში, მაგრამ ვარიამ ხომ იცოდა, რომ სინამდვილეში მის გამოსახულებას აკვირდებოდა მინაზე, — მოკლედ, არ მოგატყუებთ.
სიყვარულზე არ ვფიქრობდი. ჩემი მთავარი ვნება — პატივმოყვარეობაა, დანარჩენი მერე. ასე ვარ მოწყობილი. მაგრამ პატივმოყვარეობა ცოდვა არ არის, თუკი მაღალი მიზნისკენ ისწრაფვის. მე ჩემი ვარსკვლავისა და ბედისა მწამს, ვარვარა ანდრეევნა. ჩემი ვარსკვლავი კაშკაშაა, ბედი კი განსაკუთრებული. ამას მე გულით ვგრძნობ.
როცა ჯერ კიდევ იუნკერი ვიყავი...
— თქვენ ცოლზე მიამბობდით, — ვარიამ რბილად დააბრუნა საინტერესო თემაზე.
— აჰ, დიახ. პატივმოყვარეობის გამო მოვიყვანე ცოლი, ვინანიებ. შეცდომა დავუშვი. პატივმოყვარეობისგან შეიძლება ტყვიას შეუშვირო თავი, მაგრამ ცოლის მოყვანა — ნურას უკაცრავად. ჰოდა, რა გამოვიდა? დავბრუნდი თურქესტანიდან, დიდების პირველი სხივებით, მაგრამ მაინც — მეტიჩარა ხარ, პარვენიუ, ერთი უბრალო ვინმე. პაპაჩემმა დაბალი ჩინებიდან დაიწყო. აქ კიდევ თავადის ქალი ტიტოვაა, რიურიკების საგვარეულოდან.
გარნიზონიდან ეგრევე — ჰოპ, უმაღლეს საზოგადოებაში. როგორ არ ცდუნდები?
სობოლევი ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა, მწარედ და, ეტყობა, გულწრფელად. ვარიამ ეს დააფასა. და კიდევ, რასაკვირველია, იმასაც ხვდებოდა, საით მიდიოდა საქმე. შეეძლო დროულად შეეჩერებინა, ლაპარაკი სხვა მიმართულებით წაეყვანა, მაგრამ ნებისყოფამ უმტყუნა. ისე, ვის არ უმტყუნებდა?
— ძალიან მალე მივხვდი, რომ მაღალ საზოგადოებაში არაფერი მესაქმებოდა. ეგ კლიმატი ჩემი ორგანიზმისთვის არ იყო.
ასეც ვცხოვრობდით — მე ლაშქრობებში, ის კიდევ დედაქალაქში. დამთავრდება ომი და გაყრას მოვითხოვ. შემიძლია თავს ამის ნება მივცე, დავიმსახურე. და ვერავინ განმსჯის — ასე თუ ისე, გმირი ვარ, — სობოლევმა ეშმაკურად გაიღიმა, — მაშ, რას იტყვით, ვარენკა?
— რაზე? — მიამიტი იერით ჰკითხა. ეს წყეული კეკლუცი ბუნება ხომ პირდაპირ უმღეროდა. თითქოს არაფერში სჭირდება ეს აღსარება, მხოლოდ გართულებები თუ მოჰყვება და მაინც, სულერთია, ეზეიმება.
— გავშორდე თუ არა?
— აი, ეს კი თავად გადაწყვიტეთ (აი, ახლა, სწორედ ახლა იტყვის იმ სიტყვებს).
სობოლევმა ღრმად ამოიოხრა და მორევში გადაეშვა თავით:
— მე დიდი ხანია, თვალი მრჩება თქვენზე. ჭკვიანი ხართ, გულწრფელი, მამაცი, მტკიცე ხასიათისა.
სწორედ ამნაირი თანამგზავრი მესაჭიროება. თქვენთან უფრო ძლიერი გავხდებოდი. და არც თქვენ ინანებდით, ვფიცავ... მოკლედ, ჩათვალეთ, ვარვარა ანდრეევნა, რომ ოფიციალურ...
— თქვენო აღმატებულებავ! — დაიყვირა პერეპიოლკინმა, იმ მიწაგასახეთქმა, — სან-სტეფანოა! ჩავდივართ?
ოპერაციამ უნაკლოდ ჩაიარა. განაიარაღეს სადგურის გაოგნებული დაცვა (სათქმელადაც კი სასაცილოა — ექვსი მძინარე ჯარისკაცი), ქალაქში გაიშალნენ პატარა რაზმებად.
სანამ ქუჩებიდან კანტიკუნტი სროლის ხმა ისმოდა, სობოლევი სადგურში იცდიდა. ყველაფერი ნახევარ საათში დასრულდა. დანაკარგი — ერთი მსუბუქად დაჭრილი და ისიც, როგორც ჩანს, თავისიანებმა გაკაწრეს შეცდომით.
გენერალმა სასწრაფოდ დაათვალიერა გაზის ფანრებით განათებული ქალაქის ცენტრი — ცოტა იქით მიმოხვეული ქუჩაბანდების ბნელი ლაბირინთი იწყებოდა და იქ შესვლას აზრი არა ჰქონდა.
რეზიდენციად და თავდასაცავ სიმაგრედ (უსიამოვნებების შემთხვევაში) სობოლევმა ოსმანურ-ოსმანური ბანკის ფილიალის მასიური შენობა აირჩია. ერთი ასეული უშუალოდ კედლებთან და შიგნით გამაგრდა, მეორე სადგურში დარჩა, მესამე მზვერავად გადანაწილდა გარემომდებარე ქუჩებზე. მატარებლმა დაუყოვნებლივ გასწია უკან — მაშველი ჯარების ჩამოსაყვანად.
სან-სტეფანოს აღების შესახებ მისი უმაღლესობის შტაბში ტელეგრაფით დაკავშირება არ მოხერხდა — ხაზი დუმდა. ეტყობა, თურქებმა გადაჭრეს.
— მეორე ბატალიონი შუადღეზე ადრე ვერ ჩამოვა, — თქვა სობოლევმა, — საინტერესო ჯერ არაფერია მოსალოდნელი. ცარგრადის ჩირაღდნებით დავტკბეთ და სასიამოვნო მუსაიფით შევიქციოთ თავი.
დროებითი შტაბი მესამე სართულზე მოაწყვეს, დირექტორის კაბინეტში. ჯერ ერთი, ფანჯრებიდან მართლა მოჩანდა თურქეთის დედაქალაქის შორეული ჩირაღდნები, და მეორე, პირდაპირ კაბინეტიდან ფოლადის კარი ბანკის საცავში გადიოდა. თუჯის თაროებზე მწყობრ რიგებად ეწყო დალუქული ტომრები.
დ’ევრემ არაბული ხვეულები ამოიკითხა და თქვა, თითოეულ ტომარაში ას-ასი ათასი ლირააო.
— არადა, გაიძახიან, თურქეთი გაკოტრდაო, — გაიკვირვა მიტიამ, — აქ კიდევ მილიონებია!
— სწორედ მაგიტომ დავბინავდებით კაბინეტში, — გადაწყვიტა სობოლევმა, — ხელს ვერავინ ახლებს. ერთხელ უკვე დამადანაშაულეს ხანის ხაზინის წაღებაში. მეყოფა.
საცავის კარი შეხსნილი დარჩა და მილიონები აღარავის გახსენებია. სადგურიდან მისაღებში გადმოიტანეს ტელეგრაფის აპარატი, სადენი პირდაპირ მოედანზე გადმოჭიმეს. ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ ვარია ცდილობდა ადრიანოპოლს მაინც დაჰკავშირებოდა, მაგრამ აპარატი სიცოცხლის ნიშანს არ ამჟღავნებდა.
ადგილობრივი ვაჭრებისა და სასულიერო პირების დეპუტაცია გამოცხადდა, იხვეწებოდნენ, სახლები არ გაეძარცვათ და მეჩეთები არ დაერბიათ, ჯობდა, კონტრიბუცია დაენიშნათ — ასე, ორმოცდაათი ათასი, ღარიბი ქალაქელები მეტს ვერ შეკრებდნენ. როცა დეპუტაციის მეთაური, მსუქანი, კეხიანცხვირიანი, სერთუკიანი და ფესიანი თურქი მიხვდა, რომ მის წინაშე თავად ლეგენდარული აკ-ფაშაა, შეთავაზებული კონტრიბუციის თანხა დაუყოვნებლივ ორჯერ გაიზარდა.
სობოლევმა დაამშვიდა იქაურები, აუხსნა, რომ კონტრიბუციის აღების უფლებამოსილება არ აქვს. კეხიანცხვირიანმა საცავის ჩაუკეტავ კარს ალმაცერად გახედა და პატივისცემით გადაატრიალა თვალები:
— მესმის, ეფენდი.
ასი ათასი ლირა ამისთანა დიდი კაცისთვის — სულ არაფერია.
ახალი ამბები აქ უმალ ვრცელდებოდა. სან- სტეფანოელი მთხოვნელების წასვლიდან ორი საათიც არ გასულა და აკ-ფაშასთან თვით კონსტანტინოპოლიდან მოვიდა ბერძენი ვაჭრების დეპუტაცია. ესენი კონტრიბუციას არ სთავაზობდნენ, მაგრამ „მამაც ქრისტიან მეომრებს“ ტკბილეული და ღვინო მოუტანეს. ამბობდნენ, რომ ქალაქში ბევრი მართლმადიდებელია, და ითხოვდნენ, ზარბაზნებიდან არ ესროლათ, ხოლო თუკი ძალიან აუცილებელია სროლა, მაშინ პერის მიმართულებით კი არა, იქ მაღაზიები და საწყობებია საქონლით, არამედ უფრო უმჯობესი იქნებოდა, გალათისკენ — სომხური და ებრაული კვარტლებისკენ. სცადეს, სობოლევისთვის ძვირფასთვლებიანი ოქროს ხმალი ეჩუქებინათ, მაგრამ ყველანი მიაბრძანეს და, ისინიც, ეტყობა, დამშვიდებულები წავიდნენ.
— ცარგრადი! — აღელვებით თქვა სობოლევმა, ფანჯრიდან რომ გასცქეროდა აციმციმებულ დიად ქალაქს, — რუს ხელმწიფეთა მარად მიუღწეველი ოცნება.
აქ არის ჩვენი რწმენისა და ცივილიზაციის საფუძველი.
აქაა მთელი ხმელთაშუა ზღვისპირეთის გასაღები. რა ახლოსაა! გაიწოდე ხელი და აიღე. ნუთუ ისევ ხახამშრალნი წავალთ?
— შეუძლებელია, თქვენო აღმატებულებავ! — წამოიძახა გრიდნევმა, — ხელმწიფე არ დაუშვებს.
— ეჰ, მიტია. იცი, რომ უკვე ვაჭრობენ ზურგის ჭკუისკოლოფები, კორჩაკოვები და გნატევები, ინგლისელებს უქიცინებენ კუდებს. მაგათ იმის წასართმევად ძალა არ ეყოფათ, რაც რუსეთს ეკუთვნის ძველი სამართლით, ოჰ, არ ეყოფათ! ოცდაცხრა წელში დიბიჩი ადრიანოპოლში გაჩერდა, ახლა კიდევ, აი, ჩვენ მოვაღწიეთ სან-სტეფანომდე. იდაყვი ახლოა, მაგრამ ვერ უკბენ. მე ვხედავ დიად, ძლიერ რუსეთს, სლავური მიწები რომ გაუერთიანებია არხანგელსკიდან ცარგრადამდე და ტრიესტიდან ვლადივოსტოკამდე! მხოლოდ მაშინ შეასრულებენ რომანოვები თავიანთ ისტორიულ მისიას და, ბოლოს და ბოლოს, შეძლებენ მარადიული ომებიდან თავიანთი მრავალტანჯული იმპერიის კეთილმოწყობაზე გადავიდნენ.
თუ უკან დავიხევთ, ესე იგი, ჩვენი შვილები და შვილიშვილები კიდევ დაღვრიან თავის და სხვათა სისხლს ცარგრადის კედლებამდე მისაღწევად. აი, ასეთია რუსი ხალხისთვის გამზადებული გოლგოთა!
— წარმომიდგენია ახლა რა ხდება კონსტანტინოპოლში, — დაბნეულად თქვა დ’ევრემ ფრანგულად, ისიც ფანჯარაში იყურებოდა, — აკ-ფაშა სან-სტეფანოშია! სასახლეში პანიკაა, ჰარამხანის ევაკუაცია, საჭურისები დარბიან, მსუქანი უკანალები უთახთახებთ. საინტერესოა, აბდულ-ჰამიდი უკვე გადავიდა აზიურ სანაპიროზე თუ არა? და თავში არავის მოუვა, რომ თქვენ, მიშელ, აქ მხოლოდ ერთი ბატალიონით მოხვედით. ეს რომ პოკერის თამაში ყოფილიყო, ბრწყინვალე ბლეფი გამოვიდოდა, სრული გარანტიით, რომ მოწინააღმდეგე კარტს დაყრის და პასს იტყვის.
— სულ უარესი და უარესი! — აფორიაქდა პერეპიოლკინი, — მიხაილ დმიტრიევიჩ, თქვენო აღმატებულებავ, ნუ უსმენთ მაგას! ასე ხომ თავს დაიღუპავთ! ისედაც მგელს ხახაში შევუძვერით! ჯანდაბას ის აბდულ-ჰამიდი!
სობოლევმა და კორესპონდენტმა თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს.
— ისე, რას ვკარგავ? — გენერალმა ტკაცუნით მომუშტა თითები, — ჰო, არ შეშინდება სულთნის გვარდია, ცეცხლით შემხვდება და უკან დავიხევ, სულ ეგ იქნება. რაო, შარლ, აბდულ-ჰამიდს ძლიერი გვარდია ჰყავს?
— გვარდია კარგია, ოღონდ აბდულ-ჰამიდი გვერდიდან არაფრისდიდებით არ მოიშორებს.
— ესე იგი, არ დამედევნებიან. კოლონად შევალთ ქალაქში, გაშლილი დროშითა და დაფდაფების ცემით, მე წინ ვიქნები, გულნორაზე, — თანდათან გაფიცხებული სობოლევი კაბინეტში აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა, — სანამ გათენდებოდეს, რომ ვერ დაგვინახონ, რა ცოტანი ვართ. და სასახლისკენ.
გაუსროლელად! გამომიტანენ კონსტანტინოპოლის გასაღებს?
— აუცილებლად გამოგიტანენ! — მხურვალედ შესძახა დ’ევრემ, — და ეს უკვე სრული კაპიტულაცია იქნება!
— ინგლისელები ფაქტის წინაშე დავაყენოთ! — ხელით კვეთდა ჰაერს გენერალი, — სანამ გონს მოვლენ, ქალაქი უკვე რუსულია და თურქებიც დანებებული. და რამე თუ ჩაიშლება — უბედურება მერე ნახე. სან-სტეფანოს აღებაც არავის დაუვალებია ჩემთვის!
— ეს იქნება უპრეცედენტო ფინალი! და წარმოგიდგენია, მე ვიქნები უშუალო მოწმე! — აღელვებით ამბობდა ჟურნალისტი.
— მოწმე კი არა, მონაწილე, — მხარზე ხელი დაჰკრა სობოლევმა.
— არ გაგიშვებთ! — კარის წინ დადგა პერეპიოლკინი. სასოწარკვეთილი იერი ჰქონდა — თაფლისფერი თვალები გადმოკარკლოდა, შუბლზე კი ოფლის წვეთები ასხდა, — როგორც შტაბის უფროსი, პროტესტს ვაცხადებ! გონს მოდით, თქვენო აღმატებულებავ! თქვენ ხომ მისი უდიდებულესობის ამალის გენერალი ხართ და არა ვიღაც ბაშიბუზუკი! ყველაფერს გაფიცებთ!
— მომშორდით, პერეპიოლკინ, თავი მომაბეზრეთ! — დაუყვირა რაციონალისტს ცის მრისხანე ბინადარმა, — ოსმან-ფაშა პლევნიდან რომ გარღვევაზე წავიდა, თქვენ მაშინაც „ყველაფერს მაფიცებდით“, ბრძანების გარეშე არ გადავსულიყავი შეტევაზე. კინაღამ დამიჩოქეთ! და ვინ გამოდგა მართალი?! საქმეც ეს არის! აი, ნახავთ, ცარგრადის გასაღები მექნება!
— რა მაგარია! — შესძახა მიტიამ, — ხომ მართლა მშვენიერია, ვარვარა ანდრეევნა?
ვარია გაჩუმდა, რადგან არ იცოდა, მშვენიერი იყო ეს თუ არა. სობოლევის სიჩაუქემ თავბრუ დაახვია. და კიდევ, ჩნდებოდა კითხვა — თავად რა ექნა? დაფდაფების ხმაზე ეგერთა ბატალიონთან ფეხშეწყობით იაროს გულნორას უზანგზე ხელჩაჭიდებულმა? თუ შუაღამისას მარტო დარჩეს მტრულ ქალაქში?
— გრიდნევ, ჩემს ბადრაგს გიტოვებ, ბანკს უდარაჯებ.
თორემ აქაურები გაიტანენ და ესეც სობოლევს დაბრალდება, — თქვა გენერალმა.
— თქვენო აღმატებულებავ! მიხაილ დმიტრიჩ! — ამოიგმინა პრაპორშჩიკმა, — მეც მინდა კონსტანტინოპოლში!
— და ვაღვაღა ანდღეევნას ვინ დაისავს? — საყვედურით წაუღაღანა დ’ევრემ.
სობოლევმა ჯიბიდან ოქროს საათი ამოიღო, წკრიალით ახადა სახურავი.
— ექვსის ნახევარია. ორსაათ-ნახევარში ინათებს. ჰეი, გუკმასოვ!
— გისმენთ, თქვენო აღმატებულებავ! — კაბინეტში შემოფრინდა მშვენიერი ხორუნჟი.
— ასეულები მოამზადე! სალაშქრო კოლონად მოაწყვე ბატალიონი! დროშა და მედაფდაფეები წინ! და მომღერლებიც წინ! ლამაზად წავიდეთ! გულნორა შემიკაზმეთ! ცოცხლად! ექვს და ნულ-ნულზე გავდივართ!
ორდინარეცი თვალისდახამხამებაში გაქრა, ხოლო სობოლევი გემრიელად გაიზმორა და თქვა:
— მოკლედ, ვარვარა ანდრეევნა, ან ბონაპარტზე უფრო სახელიანი გმირი გავხდები, ანდა დავდებ, ბოლოს და ბოლოს, ამ ჩემს ბრიყვ თავს.
— არ დადებთ, — მიუგო ქალმა, გულწრფელი აღფრთოვანებით რომ შეჰყურებდა გენერალს — ისე კარგი იყო ახლა, ნამდვილი აქილევსი.
— ფუ-ფუ-ფუ, — ცრუმორწმუნედ გადააფურთხა სობოლევმა.
— ჯერ კიდევ დროა, გონს მოეგოთ! — აფორიაქდა პერეპიოლკინი, — ნება მომეცით, მიხაილ დმიტრიევიჩ, გუკმასოვს დავაბრუნებ!
უკვე ნაბიჯიც გადადგა გასასვლელისკენ, მაგრამ ამ დროს...
იმ წუთში კიბეზე უამრავი ჩექმის ბრახუნი მოისმა, კარი გაიღო და ორნი შემოვიდნენ — ლავრენტი არკადიევიჩ მიზინოვი და ფანდორინი.
— ერასტ პეტროვიჩ! — შეჰკივლა ვარიამ და კინაღამ კისერზე ჩამოეკიდა, მაგრამ დროულად მოეგო გონს.
მიზინოვმა წაიბურტყუნა:
— აჰა, აქ არის! შესანიშნავია!
— თქვენო მაღალაღმატებულებავ? — მოიღუშა სობოლევი, შემოსულთა ზურგს უკან ლურჯად მოზიმზიმე ჟანდარმთა მუნდირები რომ დაინახა, — აქ საიდან მოხვდით? მე, რასაკვირველია, თვითნებობა გამოვიჩინე, ოღონდ ჩემი დაპატიმრება — ეს უკვე მეტისმეტია!
— თქვენი დაპატიმრება? — გაოცდა მიზინოვი, — რისი გულისთვის? ძლივს მოვაღწიე თქვენამდე დრეზინებითა და ჟანდარმთა ნახევარასეულით.
ტელეგრაფი არ მუშაობს, გზა მოჭრილია. სამჯერ ამიტეხეს სროლა, შვიდი კაცი დავკარგე. აი, ფარაჯა ტყვიებით არის დაცხრილული, — გახვრეტილი სახელო დაანახვა.
ერასტ პეტროვიჩი წინ გამოვიდა. არყოფნის განმავლობაში სრულიად არ შეცვლილიყო, ოღონდ ცივილურად იყო ჩაცმული, ნამდვილი ფრანტივით: ცილინდრი, მოსასხამიანი ლაბადა, გახამებული საყელო.
— გამარჯობა, ვარვარა ანდრეევნა, — გულითადად თქვა ტიტულიანმა მრჩეველმა, — რ-როგორ გაგზრდიათ თმა.
ისე კი, ასე ჯობს.
სობოლევს მსუბუქად დაუკრა თავი:
— გილოცავთ ბ-ბრილიანტის ხმალს, თქვენო აღმატებულებავ. ეს დიდი პატივია.
პერეპიოლკინს უბრალოდ თავი დაუკრა და ბოლოს კორესპონდენტს მიმართა:
— სალამ ალეიქუმ, ანვარ-ეფენდი.
მეცამეტე თავი,
რომელშიც ფანდორინი გრძელ სიტყვას წარმოთქვამს
„ვინერ ცაიტუნგი“ (ვენა)
21 (9) იანვარი, 1878 წ.
„...მეომარ მხარეებს შორის ძალთა თანაფარდობა ომის დამამთავრებელ ეტაპზე ისეთია, ჩვენ უკვე აღარ ძალგვიძს პანსლავური ექსპანსიის იგნორირება, ორერთიანი იმპერიის სამხრეთ საზღვრებს რომ ემუქრება. მეფე ალექსანდრემ და მისმა სატე¬ლი¬ტებმა — რუმინეთმა, სერბეთმა და ჩერნო¬გორიამ შვიდასათასიანი, ათას-ნახევარი ზარბაზნით გამაგრებული რკინის მუშტი შეკრეს. და, საკითხავია, ვის წინააღმდეგ? დემორალიზებული თურქული არმიისა, რო¬მელიც ყველაზე ოპტიმისტური დაანგა¬რიშებით, დღეისათვის ას ოცი ათას მშიერ, დამფრთხალ ჯარისკაცს ითვლის?
სულაც არ არის სასაცილო, ბატონებო! სტრაუსი, იგივ სირაქლემა უნდა იყო, რომ მთელი განათლებული ევროპის თავზე დაკიდებული საფრთხე ვერ დაინახო. დაყოვნება სიკვდილის ტოლფასია. თუკი გულხელ¬და¬კრეფილი ვისხდებით და არხეინად ვუ¬ყურებთ, თუ სკვითთა ურდოები როგორ...“
ფანდორინმა მხრებიდან ლაბადა გადაიგდო და მის მარჯვენა ხელში მქრქალად გაიელვა პატარა, ლამაზმა მოსევადებული ფოლადის რევოლვერმა. იმავ წამს მიზინოვმა თითები გაატკაცუნა, კაბინეტში შემოვიდა ორი ჟანდარმი და კორესპონდენტს კარაბინები დაუმიზნეს.
— ეს რა მასხარაობაა?! — შეჰყვირა სობოლევმა, — რა სალამ ალეიქუმ? რომელი ეფენდი?
ვარიამ შარლს შეხედა.
კედელთან იდგა, გულხელი დაეკრიფა და ტიტულიან მრჩეველს უნდო, დამცინავი ღიმილით შეჰყურებდა.
— ერასტ პეტროვიჩ! — მკაფიოდ თქვა ვარიამ, — თქვენ ხომ მაკლაფლინისთვის გაემგზავრეთ!
— ვარვარა ანდრეევნა, მე ვიყავი ინგლისში, მაგრამ არა მაკლაფლინის გულისთვის. ჩემთვის ნ-ნათელი იყო, რომ ის იქ არ არის და შეუძლებელიცაა, რომ ყოფილიყო.
— მაგრამ თქვენ სიტყვაც არ დაგიძრავთ, როცა მისმა უდიდებულესობამ... — ვარიამ ლაპარაკი შეწყვიტა, ლამის სახელმწიფო საიდუმლო წამოროშა.
— ჩემი დ-დასკვნები უსაფუძვლო იქნებოდა. ევროპაში წასვლა კი მაინც საჭირო იყო.
— და რა აღმოაჩინეთ იქ?
— როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისური კაბინეტის ხრიკები არაფერ შუაშია. ეს პირველი. კი, ლონდონში არ ვუყვარვართ. კი, ემზადებიან დიდი ომისთვის.
მაგრამ მაცნეების დახოცვა და დივერსიების მოწყობა უკვე მეტისმეტია — ეწინააღმდეგება ბრიტანულ სპორტულ სულს. იგივე მითხრა გრაფმა შუვალოვმაც.
ვ-ვიყავი „დეილი პოსტის“ რედაქციაში, მაკლაფლინის სრულ უდანაშაულობაში დავრწმუნდი. ეს მეორე. მ-მეგობრები და კოლეგები შეიმასს ახასიათებენ როგორც პირდაპირ და უეშმაკო ადამიანს, უარყოფითად რომ არის განწყობილი ბრიტანეთის პოლიტიკის მიმართ, და მეტიც, ლამის დაკავშირებულია ირლანდიის ეროვნულ მოძრაობასთან. ცბიერი დიზრაელის აგენტს არაფრით ჰგავს.
უკან რომ ვბრუნდებოდი, მაინც გზად იყო და პარიზშიც შევიარე, სადაც ერთხანს შევყოვნდი. „რევიუ პარიზიენის“ რედაქციასაც ვესტუმრე...
დ’ევრე შეირხა და ჟანდარმებმაც სასროლად მზადმყოფი კარაბინები მიუღერეს. ჟურნალისტმა თავი გადააქნია და ხელები უკან წაიღო, სამგზავრო სერთუკის კალთაში შემალა.
— აი, იქ კი გაირკვა, — თითქოს არაფერი მომხდარაო, განაგრძო ერასტ პეტროვიჩმა, — რომ სახელგანთქმული შარლ დ’ევრე მშობლიურ რედაქციაში არასოდეს უნახავთ.
ეს მესამე. თავის ბრწყინვალე სტატიებს, ნარკვევებსა და ფელეტონებს ფოსტით ან ტელეგრაფით აგზავნიდა.
— მერედა, ამით რა? — აღშფოთდა სობოლევი, — შარლი პარკეტის კაცი არ არის, თავგადასავალთა მაძიებელია.
— და გაცილებით უფრო მეტიც, ვიდრე თქვენს აღმატებულებას წარმოუდგენია. „რევიუ პარიზიენის“ ძველი ნომრების ქექვისას მეტად საინტერესო დამთხვევებს მივაკვლიე. ბატონ დ’ევრეს პირველი პუბლიკაცია ათი წლის წინ არის გამოგზავნილი ბულგარეთიდან — სწორედ მაშინ, როცა დუნაის ვილაიეთის გუბერნატორი მიდჰათ-ფაშა იყო, რომელთანაც მდივნად მსახურობდა ახალგაზრდა მოხელე ანვარი. 1868 წელს დ’ევრე კონსტანტინოპოლიდან აგზავნის რამდენიმე ბრწყინვალე ჩანახატს სულთნის სასახლის ზნე-ჩვეულებებზე. ეს არის მიდჰათ-ფაშას პირველი ზეობის პერიოდი, როცა ის დედაქალაქში მიიწვიეს სახელმწიფო საბჭოს მეთაურად. ერთი წლის შემდეგ რეფორმატორს საპატიო გადასახლებაში აგზავნიან შუამდინარეთში და ნიჭიერი ჟურნალისტის მარჯვე კალამი კონსტანტინოპოლიდან ბაღდადში გადადის.
სამი წლის განმავლობაში (სწორედ ამდენ ხანს გუბერნატორობდა ერაყში მიდჰათ-ფაშა) დ’ევრე წერს ასირიული ქალაქების გათხრებზე, არაბ შეიხებსა და სუეცის არხზე.
— დამთხვევაა! — ბრაზით გააწყვეტინა მოლაპარაკეს სობოლევმა, — შარლი მთელ აღმოსავლეთში მოგზაურობდა. ის სხვა ალაგებზეც წერდა, რომლებსაც თქვენ არ ახსენებთ, რადგან თქვენს ჰიპოთეზას არ ემთხვევა. სამოცდაცამეტ წელს, მაგალითად, ჩემთან ერთად იყო ხივაში. ერთად ვკვდებოდით წყურვილისგან, ერთად ვდნებოდით სიცხისგან. და არავითარი მიდჰათი იქ არ ყოფილა, ბატონო გამომძიებელო!
— მაგრამ საიდან ჩამოვიდა შუა აზიაში? — ჰკითხა გენერალს ფანდორინმა.
— მგონი, ირანიდან.
— ვფიქრობ, ირანიდან კი არა, ერაყიდან. 1873 წლის დამლევს გაზეთი მის ლირიკულ ეტიუდებს ბეჭდავს ელადაზე. რატომ უცებ ელადაზე? იმიტომ, რომ ამ ჩვენი ანვარ-ეფენდის პატრონი ამ დროისათვის სალონიკში გადაჰყავთ.
სხვათა შორის, ვარვარა ანდრეევნა, გახსოვთ ის საოცარი ნოველა ძველ ჩექმებზე?
ვარიამ თავი დაუქნია, მოჯადოებულივით შეჰყურებდა ფანდორინს. ის რაღაც წარმოუდგენელს ამბობდა, მაგრამ ისეთი რწმენით, ისე ლამაზად, ისეთი ძალმოსილებით!.. და ენაც აღარ ებმოდა.
— იქ მოხსენიებულია გემის დაღუპვა, 1873 წლის ნოემბერში რომ მოხდა თერმაიკოსის ყურეში. სხვათა შორის, ამ ყურის სანაპიროზეა განლაგებული ქალაქი სალონიკი. იმავე სტატიიდან გავიგე, რომ 1867 წელს ავტორი იმყოფებოდა სოფიაში, ხოლო 1871 წელს — შუამდინარეთში, რამეთუ სწორედ მაშინ ამოხოცეს სერ ენდრიუ უეიარდის ბრიტანული არქეოლოგიური ექსპედიცია არაბმა მომთაბარეებმა.
„ძველი ჩექმების“ შემდეგ მუსიე დ’ევრეზე სერიოზულად მივიტანე ეჭვი, მაგრამ თავისი მარჯვე მანევრებით არაერთხელ ამაცდინა სწორ გზას... ახლა კი, — ფანდორინმა ჯიბეში შეინახა რევოლვერი და მიზინოვისკენ შებრუნდა, — მოდი, ის ზარალი დავითვალოთ, რაც ბატონი ანვარის საქმიანობამ მოგვაყენა.
მუსიე დ’ევრე გასული წლის ივლისის დასასრულს შეუერთდა სამხედრო კორესპონდენტთა კორპუსს. ეს ის პერიოდი იყო, როცა ჩვენი არმია მტერს ძლევამოსილად უტევდა. დუნაი გადალახულია, თურქეთის არმია — დემორალიზებული, გახსნილია გზა სოფიისკენ, იქიდან კი კონსტანტინოპოლისკენ. გენერალ გურკოს რაზმმა უკვე დაიკავა შიპკის უღელტეხილი, ბალკანეთის დიდი ქედის გასაღები. არსებითად, ომი უკვე მოგებული გვაქვს. მაგრამ რა ხდება შემდგომ? შიფრთან დაკავშირებული საბედისწერო შეცდომით ჩვენი არმია არავისთვის საჭირო ნიკოპოლს იკავებს, ამასობაში კი ოსმან-ფაშას კორპუსი წინააღმდეგობის გარეშე შედის ცარიელ პლევნაში და მთელ შეტევას ჩაგვიშლის. გავიხსენოთ იმ გამოუცნობი ამბის გარემოებები.
გამშიფრავი იაბლოკოვი მძიმე შეცდომას უშვებს, მაგიდაზე საიდუმლო დეპეშას რომ ტოვებს. რატომ გააკეთა იაბლოკოვმა ეს? იმიტომ, რომ დაიბნა საცოლის, ქალბატონ სუვოროვას მოულოდნელი ჩამოსვლით.
ყველამ ვარიას შეხედა და მანაც რაღაც ნივთმტკიცებასავით იგრძნო თავი.
— და ვინ გააგებინა იაბლოკოვს საცოლის ჩამოსვლა? ჟურნალისტმა დ’ევ¬რემ. როცა სიხარულისაგან გონს გადასული გამშიფრავი გარეთ გავარდა, საკმარისი იყო შიფრის გადაწერა და შიგ „პლევნის“ შეცვლა „ნიკოპოლით“. ჩვენი არმიული შიფრი, რბილად რომ ვთქვათ, ძნელი არ არის. რუსული არმიის მოსალოდნელ მანევრზე დ, ევრემ იცოდა, რადგან ამასთან ერთად გიამბეთ, მიხაილ დმიტრიევიჩ, ოსმან-ფაშაზე. გახსოვთ ჩვენი პირველი შეხვედრა?
სობოლევმა პირქუშად დაუქნია თავი.
— ახლა მოვიგონოთ მითიური ალი-ბეის ამბავი, რომლისგანაც თითქოსდა დ’ევრემ ინტერვიუ აიღო. ეს „ინტერვიუ“ ჩვენ ორი ათას მოკლულად დაგვიჯდა და რუსული არმია პლევნასთან უკვე სერიოზულად და დიდხანს შეჩერდა.
სახიფათო ფანდია — ანვარმა ეჭვები დაიტეხა თავს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, რუსებს ხომ შეეძლოთ ოსმანის წინააღმდეგ საფარი რაზმი ჩაეყენებინათ, მთავარი ძალები კი სამხრეთისკენ წაეყვანათ. თუმცა პირველი შტურმის მარცხმა ჩვენს მეთაურობას გადამეტებული წარმოდგენა შეუქმნა პლევნის სახიფათოობაზე და არმია მთელი თავისი ძალით გამოვიდა პატარა ბულგარული ქალაქის წინააღმდეგ.
— მოიცადეთ, ერასტ პეტროვიჩ, მაგრამ ალი-ბეი ხომ სინამდვილეში არსებობდა! — აწრიალდა ვარია, — პლევნაში ნახეს ჩვენმა მზვერავებმა.
— ამას ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით. ახლა კი მეორე პლევნის გარემოებები გავიხსენოთ, რომელიც რუმინელი პოლკოვნიკის, ლუკანის ღალატს დავაბრალეთ, რაკი ჩვენი დისპოზიცია თურქებს აცნობა. თქვენ მართალი იყავით, ლავრენტი არკადიევიჩ, „ჟ“ ლუკანის ჩანაწერების წიგნაკიდან — „ჟურნალისტია“, ოღონდ მაკლაფლინი კი არა, არამედ დ’ევრე. რუმინელი კოხტაპრუწა იოლად გადაიბირა — კარტის ვალებმა და უზომო ამბიციებმა პოლკოვნიკი იოლ მსხვერპლად აქცია. ბუქარეშტში კი დ’ევრემ მარჯვედ გამოიყენა ქალბატონი სუვოროვა, რათა აგენტი მოეშორებინა, რომელმაც ფასი დაკარგა და უკვე სახიფათო შეიქნა.
გარდა ამისა, ვფიქრობ, ანვარს ოსმან-ფაშას ნახვის საჭიროება შეექმნა.
არმიიდან გაგდება — დროებითი და წინასწარ დაგეგმილი რეაბილიტაციით — ამის საშუალებას აძლევდა. ფრანგი კორესპონდენტი ერთი თვე არ ჩანდა და სწორედ ამ პერიოდში მოგვახსენა ჩვენმა დაზვერვამ, რომ თურქ მეთაურს საიდუმლო მრჩეველი ალი-ბეი ჰყავს. სწორედ ეს ალი-ბეი გამოჩნდა საგანგებოდ ხალხმრავალ ადგილებში თავისი წვერით. ალბათ, რა გულიანად იცინოდით ჩვენზე, ბატონო ჯაშუშო.
დ’ევრემ არაფერი უპასუხა. ტიტულიან მრჩეველს ყურადღებით უმზერდა და, ჩანდა, რაღაცას ელოდა.
— ალი-ბეის გამოჩენა პლევნაში იმისთვის დაგჭირდათ, რომ ჟურნალისტ დ, ევრეზე იმ საბედისწერო ინტერვიუს გამო გაჩენილი ეჭვი მოგეხსნათ. თანაც, დარწმუნებული ვარ, ანვარმა ის ერთი თვე ნაყოფიერად გაატარა — ალბათ ოსმან-ფაშას მოელაპარაკა სამომავლო ერთობლივ მოქმედებებზე, საიმედო კავშირი გაიჩინა. ჩვენი კონტრდაზვერვა არ უკრძალავდა კორესპონდენტებს, რომ ალყაშემორტყმულ ქალაქში საკუთარი შემტყობინებლები ჰყოლოდათ.
თუკი მოინდომებდა, ანვარ-ეფენდის შეეძლო რამდენიმე დღე დაეყო კონსტანტინოპოლშიც, რაკი პლევნა ჯერ მოწყვეტილი არ იყო კომუნიკაციებს. ეს იოლი იყო — ჩავიდოდა სოფიამდე, იქ კი მატარებელზე დაჯდებოდა და მეორე დღეს სტამბოლში იქნებოდა.
ოსმან-ფაშასთვის მესამე შტურმი განსაკუთრებით საშიში იყო და უპირველესად კი მიხაილ დმიტრიევიჩის მოულოდნელი შეტევით. აქ ანვარს გაუმართლა, ჩვენ კი — ვერა. საბედისწერო შემთხვევითობამ გვიმტყუნა — სადგომისკენ მიმავალმა თქვენმა ადიუტანტმა ზუროვმა კორესპონდენტებს ჩაუქროლა ჭენებით და დაუყვირა, რომ თქვენ პლევნაში ხართ. ანვარმა, რასაკვირველია, მშვენივრად გაიგო ამ ცნობის მნიშვნელობა და ისიც, თუ რატომ გააგზავნეს ზუროვი მეთაურობასთან. საჭირო იყო დროის მოგება, რათა ოსმან-ფაშასთვის გადაჯგუფების შესაძლებლობა მიეცა და მიხაილ დმიტრიევიჩი გამოეგდო თავისი პატარა რაზმიანად პლევნიდან, სანამ მაშველი ჯარები მოვიდოდნენ. და ანვარი ისევ რისკავს, იმპროვიზაციას აკეთებს.
თავხედურად, ვირტუოზულად, ნიჭიერად... და როგორც ყოველთვის, დაუნდობლად.
როცა ჟურნალისტებმა სამხრეთ ფლანგის წარმატებული შეტევის ამბავი გაიგეს და ერთმანეთს ასწრებდნენ ტელეგრაფის აპარატებისკენ სირბილში, ანვარი ზუროვსა და კაზანზაკის დაედევნა. თავის ცნობილ იატაგანზე ამხედრებული იოლად წამოეწია და რაკი უდაბურ ადგილას აღმოჩნდა, ორივეს ესროლა. როგორც ჩანს, თავდასხმის მომენტში ზუროვსა და კაზანზაკის შორის მიაჭენებდა, თანაც როტმისტრი მისგან მარჯვნივ იყო, ჟანდარმი კი მარცხნივ. ანვარმა ჰუსარს მარცხენა საფეთქელში ესროლა მიბჯენით, მომდევნო წამში კი შუბლში დაახალა ტყვია სროლის ხმაზე მობრუნებულ პოდპოლკოვნიკს. ყველაფერ ამას წამზე მეტი დრო არ დასჭირვებია. ირგვლივ ჯარი მოძრაობს, მხედრები ხევში მიქრიან, არ ჩანან, ხოლო გაცხარებული კანონადისას არა მგონია, ვისმე სროლისთვის ყურადღება მიექცია.
ზუროვის გვამი მკვლელმა იქვე დატოვა, ოღონდ მხარში ჟანდარმის ხანჯალი ჩასცა. ანუ, ჯერ ესროლა, მერე კი ხანჯალი ჩაარტყა უკვე მკვდარს და არა პირიქით, როგორც თავიდან გვეგონა.
მიზანი ნათელია — კაზანზაკიზე უნდოდა ეჭვის გამოწვევა. იმავე მოსაზრებით ანვარმა პოდპოლკოვნიკის გვამი იქვე, ბუჩქნარში გადაათრია და თვითმკვლელობის ინსცენირება გააკეთა.
— აბა, ის წერილი? — გაიხსენა ვარიამ, — იმისგან, რა ერქვა, ცელქისაგან?
— დიდებული სვლაა, — აღიარა ფანდორინმა, — როგორც ჩანს, თურქეთის დაზვერვისთვის ჯერ კიდევ თბილისის ხანიდან იყო ცნობილი კაზანზაკის არაბუნებრივ მიდრეკილებებზე. ვფიქრობ, ანვარ-ეფენდი აკვირდებოდა პოდპოლკოვნიკს, არც იმის შესაძლებლობას გამორიცხავდა, რომ მომავალში დაეშანტაჟებინა კიდეც. თუმცა მოვლენები სხვანაირად შეტრიალდა და სასარგებლო ინფორმაცია იმისთვის გამოიყენა, რომ სწორი გზიდან ავეცდინეთ. ანვარმა აიღო სუფთა ფურცელი და სახელდახელოდ შეთხზა კარიკატურული ჰომოსექსუალური ბარათი, მაგრამ გადააჭარბა.
მე იმთავითვე საეჭვოდ მომეჩვენა ეს წერილი. ჯერ ერთი, ძნელი დასაჯერებელია, რომ ქართველი თავადი ასე საძაგლად წერდეს რუსულად — გიმნაზიას ხომ მაინც დაამთავრებდა. და მეორე, თქვენ, შესაძლოა, გახსოვთ კიდეც, რომ ვკითხე ლავრენტი არკადიევიჩს კონვერტის თაობაზე და აღმოჩნდა, რომ წერილი უკონვერტოდ ედო მიცვალებულს ჯიბეში. გაუგებარია, რატომ არ გაიცრიცა უკონვერტოდ, კაზანზაკის ხომ ის მთელი წელიწადი უნდა ეტარებინა ჯიბით!
— ყველაფერი ეს მშვენიერია, — ვეღარ მოითმინა მიზინოვმა, — და ამ დღე-ღამეში უკვე მეორეჯერ მიზიარებთ თქვენს დასკვნებს, მაგრამ მე კვლავ გეკითხებით — რატომ მალავდით? რატომ არ გაგვანდეთ თქვენი ეჭვები ადრევე?
— როცა ერთ ვერსიას უარყოფ, მეორე უნდა წამოაყენო. მე კი ეს მეორე არაფრით არ გამომდიოდა, — მიუგო ერასტ პეტროვიჩმა, — ოპონენტი მეტისმეტად მრავალფეროვან ხერხებს იყენებდა. მრცხვენია, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ ერთხანს მთავარი ეჭვმიტანილი ჩემთვის ბატონი პერეპიოლკინი იყო.
— ერემეი? — თავზარი დაეცა სობოლევს და მხოლოდ ხელები გაშალა, — ჰოდა, ბატონებო, ეს უკვე პარანოიაა.
პერეპიოლკინმა თვალები აახამხამა და ნერვიულად შეიხსნა ვიწრო საყელო.
— ჰო, სისულელეა, — დაეთანხმა ფანდორინი, — მაგრამ ბატონი პოდპოლკოვნიკი გამუდმებით ფეხებში გვედებოდა. მისი გამოჩენაც კი საკმაოდ საეჭვო იყო — ტყვეობა და სასწაულმოქმედი განთავისუფლება, წარუმატებელი გასროლა მიბჯენით.
ჩვეულებრივ, ბაშიბუზუკები უფრო ზუსტად ისვრიან. მერე ამ შიფრის ისტორია — დეპეშა ნიკოპოლის აღების ბრძანებით გენერალ კრიდენერს სწორედ პერეპიოლკინმა გადასცა. და ვინ წააქეზა მიმნდობი ჟურნალისტი დ’ევრე პლევნაში, თურქებთან გადასულიყო? და გამოუცნობი ასო „ჟ“? ერემეი იონოვიჩს ყველა ზუროვის მარჯვედ შერჩეულ მეტსახელს, „ჟერომს“ ეძახდა. ეს ერთი მხრივ. ხოლო მეორე მხრივ კი, ანვარ-ეფენდის უბრალოდ იდეალური საფარველი ჰქონდა. რამდენსაც გნებავთ, იმდენ ლოგიკურ გათვლას ავაგებდი, მაგრამ საკმარისი იყო შარლ
დ, ევრესთვის შემეხედა და ყველაფერი ნაცარტუტად იქცეოდა. აბა, შეხედეთ ამ კაცს, — ფანდორინმა ჟურნალისტისკენ მიუთითა.
ყველამ დ’ევრეს შეხედა, მან კი გადაჭარბებული მოკრძალებით დაუკრა თავი ყველას, — შეიძლება დაიჯერო, რომ ეს მომხიბლავი, მახვილგონიერი, თავით ფეხამდე ევროპელი ბატონი და თურქეთის საიდუმლო სამსახურის ვერაგი, სასტიკი შეფი ერთი და იგივე პირია?
— არასოდეს და არაფრისდიდებით! — განაცხადა სობოლევმა, — მე ახლაც არ მჯერა!
ერასტ პეტროვიჩმა კმაყოფილებით დაუქნია თავი.
— ახლა კი მაკლაფლინისა და განუხორციელებელი გარღვევის ამბავი. აქ ყველაფერი ადვილი იყო, არავითარი რისკი. გულუბრყვილი შეიმასისთვის „სენსაციური“ ცნობის შეგდება ძნელი არ იყო. ინფორმატორი, რომელსაც ასე გვიმალავდა და რომლითაც ასე ამაყობდა, ეტყობა, თქვენთვის მუშაობდა, ეფენდი.
ვარია შეკრთა, იმდენად დააბნია შარლისადმი ამ მიმართვამ. არა, აქ რაღაც ისე არ არის! რომელი ეფენდი ეგ არის!
— თქვენ მარჯვედ გამოიყენეთ მაკლაფლინის მიამიტობა, აგრეთვე მისი პატივმოყვარეობა. როგორ შურდა ბრწყინვალე შარლ დ’ევრესი, როგორ ოცნებობდა, მისთვის გადაესწრო! აქამდე ეს მხოლოდ ჭადრაკში გამოსდიოდა და ისიც ყოველთვის ვერა, აქ კიდევ როგორ ფანტასტიკურად გაუმართლა. Eხცლუსივე ინფორმატიონ ფრომ მოსტ რელიაბლე სოურცეს! (ექსკლუზიური ინფორმაცია სანდო წყაროებიდან — ინგლ.) და მერე როგორი ინფორმატიონ! ამგვარი ცნობისათვის ნებისმიერი რეპორტიორი ეშმაკს მიჰყიდის სულს.
მაკლაფლინი გზაში ვარვარა ანდრეევნას რომ არ შეხვედროდა და მასთან რომ არ წამოეროშა... ოსმანი დასცემდა გრენადერთა კორპუსს, ბლოკადას გაარღვევდა და შიპკისკენ დაიხევდა. მაშინ ფრონტზე პატური სიტუაცია შეიქმნებოდა.
— მაგრამ მაკლაფლინი თუ ჯაშუში არ არის, მაშ, სად გაქრა? — ჰკითხა ვარიამ.
— გახსოვთ განეცკის ნაამბობი, თუ როგორ დაეცნენ ბაშიბუზუკები მის შტაბს და პატივცემულმა გენერალმა ძლივს გამოასწრო იქიდან? ვფიქრობ, დივერსანტებს განეცკი კი არა, მაკლაფლინი სჭირდებოდათ. აუცილებელი იყო მისი მოშორება და ისიც გაქრა. უგზო-უკვლოდ. ალბათ მოტყუებული და ცილდაწამებული ირლანდიელი სადმე მდინარე ვიდის ფსკერზე წევს, კისერზე ჩამოკიდებული ქვით. ანდა, შესაძლოა, თავიანთი საყვარელი ჩვეულებისამებრ ბაშიბუზუკებმა სულ ნაკუწ-ნაკუწ აჩეხეს.
ვარია აკანკალდა, რომ გაახსენდა, როგორ ნთქავდა პირმრგვალი კორესპონდენტი მურაბიან ღვეზელებს ბოლო შეხვედრისას.
რამდენიმე საათის სიცოცხლეღა დარჩენოდა...
— არ შეგეცოდათ საწყალი მაკლაფლინი? — დაინტერესდა ფანდორინი, მაგრამ დ’ევრემ (ანდა, სინამდვილეში ანვარ-ეფენდიმ?) დახვეწილი ჟესტით შესთავაზა, გაეგრძელებინა და კვლავ დამალა ხელი ზურგს უკან.
ვარიამ გაიხსენა, რომ თანახმად ფსიქოლოგიური მეცნიერებისა, ზურგს უკან დამალული ხელი ნიშნავს გულჩახვეულობასა და სიმართლის უთქმელობის სურვილს. ნეტავ მართალია? ვარია ჟურნალისტს მიუახლოვდა, გამომცდელად ჩააცქერდა სახეში და ცდილობდა ნაცნობ ნაკვთებში რაიმე უცხო, საშინელი ამოეკითხა. სახე ისეთივე იყო, როგორიც ყოველთვის, ცოტა უფრო გაფითრებული. ვარიას დ’ევრე არ უყურებდა.
— გარღვევა არ გამოვიდა, მაგრამ თქვენ კვლავაც მშრალი გამოხვედით წყლიდან. პარიზიდან ძალიან მომეჩქარებოდა აქ, საომარ მოქმედებათა თეატრში. უკვე მტკიცედ ვიცოდი, რომ თქვენ — თქვენ ხართ და კარგად მესმოდა, რამდენად სახიფათო იყავით.
— დეპეშის გამოგზავნაც შეგეძლოთ, — წაიბუზღუნა მიზინოვმა.
— რომლისა, თქვენო მაღალაღმატებულებავ? „ჟურნალისტი დ’ევრე — ანვარ-ეფენდია“? თქვენ იფიქრებდით, რომ ფანდორინი ჭკუიდან გადაცდა.
გაიხსენეთ, რამდენ ხანს გიმტკიცებდით — მაგრამ თქვენ არაფრით გსურდათ, ინგლისური ხრიკების ვერსიას გამოსთხოვებოდით.
გენერალი სობოლევი კი, როგორც ხედავთ, ჩემი ვრცელი ახსნა-განმარტების შემდეგაც არ არის დარწმუნებული.
სობოლევმა ჯიუტად გაიქნია თავი:
— თქვენ ბოლომდე მოგისმენთ, ფანდორინ, მერე კი შარლს ვალაპარაკებთ. არ შეიძლება, საქმის განხილვა მხოლოდ პროკურორის მოხსენებისგან შედგებოდეს.
— Mერცი, Mიცჰელ, — თავაზიანად გაიღიმა დ’ევრემ, — ჩომმე დიტ ლ’აუტრე, ა ფრიენდ ინ ნეედ ის ა ფრიენდ ინდეედ. (გმადლობ, მიშელ. როგორც იტყვიან, მეგობარი გაჭირ¬ვებაში იცნობაო — ფრანგ. და ინგლ.). ეღტი შეკიტკჰვა მონსიეურ პროცურეურ-ს (ბატონ პროკურორს — ფრანგ.). მაინც ღატომ მოგივიდატ ტავში ჩემზე დაეჩვება? Aუ ცომმენცემენტ? (სულ თავიდან — ფრანგ.).
დააკმაკოფილეტ ჩემი ცნობისმოკვაღეობა.
— აბა, მაშ, როგორ, — გაოცდა ერასტ პეტროვიჩი, — დიდი გაუფრთხილებლობა გამოიჩინეთ. არ შეიძლება ასეთნაირად გალაღდე და ვერ შეაფასო მოწინააღმდეგე! საკმარისი იყო „რევიუ პარიზიენში“ თქვენი ხელმოწერა მენახა — დ’Hევრაის, მაშინვე გამახსენდა, რომ ჩვენი მთავარი ოპონენტი ანვარ-ეფენდი, ზოგიერთი მონაცემით, დაბადებულია ბოსნიურ ქალაქ ჰევრაისში. დ’Hევრაის, „ჰევრაიელი“ — დამეთანხმებით, მეტისმეტად გამჭვირვალე ფსევდონიმია. ეს, რასაკვირველია, შესაძლოა, დამთხვევა ყოფილიყო, მაგრამ ასე თუ ისე, საეჭვოდ გამოიყურებოდა. ალბათ, თქვენი ჟურნალისტური საქმიანობის დასაწყისში სულაც არ ფიქრობდით, რომ კორესპონდენტის ნიღაბი სულ სხვა სახეობის აქციისათვის შეიძლებოდა გამოგდგომოდათ. დარწმუნებული ვარ, პარიზის გაზეთისთვის სრულიად უბრალო მოსაზრებებით დაიწყეთ წერა — თქვენს დიდ ლიტერატურულ ნიჭს მიეცით გასაქანი, თანაც ევროპელებში თურქეთის იმპერიის პრობლემებისადმი, განსაკუთრებით კი დიდ რეფორმატორ მიდჰათ-ფაშას მიმართ ინტერესს აღვივებდით. და თქვენ ურიგოდ როდი გაართვით ამ ამოცანას თავი.
თქვენს პუბლიკაციებში ბრძენი მიდჰათის სახელი ნახევარ ასეულზე არანაკლები რაოდენობით ფიგურირებს. შეიძლება ითქვას, სწორედ თქვენ აქციეთ ფაშა მთელ ევროპაში პოპულარულ და პატივსაცემ პირად, განსაკუთრებით, საფრანგეთში, სადაც ამჟამად, სხვათა შორის, იმყოფება კიდევაც.
ვარია შეკრთა, გაახსენდა, როგორ ელაპარაკებოდა დ’ევრე საყვარელ მამაზე, საფრანგეთში რომ ცხოვრობს. ნუთუ ყველაფერი ეს სიმართლეა? ვარიამ შიშით შეხედა კორესპონდენტს. ის კვლავინდებურად სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მაგრამ მისი ღიმილი ვარიას, ცოტა არ იყოს, ნაცოდვილარად ეჩვენა.
— აქვე შევნიშნავ — არ მჯერა, თითქოს თქვენ მიდჰათ-ფაშა გაყიდეთ, — განაგრძო ტიტულიანმა მრჩეველმა, — ეს რაღაც დახვეწილი თამაშია. ახლა, თურქეთის დამარცხების შემდეგ, უკან დაბრუნდება, ტანჯულის დაფნის გვირგვინით და ისევ სათავეში ჩაუდგება მთავრობას. ევროპის თვალსაზრისით, იდეალური ფიგურაა. პარიზში მიდჰათს ხელით ატარებენ, — ფანდორინმა ხელი მიიდო საფეთქელზე და მოულოდნელად ვარიამ შეამჩნია, როგორი ფერმკრთალი, დაღლილი იერი ჰქონდა, — მე ძალზე ვჩქარობდი დაბრუნებას, მაგრამ სოფიიდან გერმანლიმდე სამასმა ვერსმა უფრო მეტი დრო მოითხოვა, ვიდრე ათას-ნახევარმა, ათასმა ვერსმა პარიზიდან სოფიამდე.
ზურგის გზები — საშინელებაა. მადლობა ღმერთს, მე და ლავრენტი არკადიევიჩმა დროზე მოგისწარით. როგორც კი გენერალმა სტრუკოვმა გამოგვიცხადა, რომ მისმა აღმატებულებამ ჟურნალისტ დ’ევრეს თანხლებით სან-სტეფანოსკენ გასწია, მივხვდი — აი, ისიც, ანვარ-ეფენდის სამკვდრო-სასიცოცხლო სვლა. შემთხვევით კი არ გადაუჭრიათ ტელეგრაფიც. ძალიან შევშინდი, მიხაილ დმიტრიევიჩ, რომ ეს ადამიანი თქვენს თავზეხელაღებულობასა და პატივმოყვარეობაზე ითამაშებდა და დაგარწმუნებდათ, რომ კონსტანტინოპოლში შესულიყავით.
— და რამ შეგაშინათ ასე, ბატონო პროკურორო? — ირონიულად ჰკითხა სობოლევმა, — შევიდოდნენ რუსი მეომრები თურქეთის დედაქალაქში, მერე რა მოხდებოდა?
— როგორ თუ რა?! — გულზე ხელი იტაცა მიზინოვმა, — თქვენ ჭკუაზე შეცდით! ეს ყველაფრის დასასრული იქნებოდა!
— რომელი „ყველაფრის“? — მხრები აიჩეჩა აქილევსმა, მაგრამ ვარიამ მის თვალებში მღელვარება შენიშნა.
— ჩვენი არმიის, ჩვენი მიღწევების, მთელი რუსეთისა! — მრისხანედ თქვა ჟანდარმთა შეფმა, — ჩვენმა ელჩმა ინგლისში, გრაფმა შუვალოვმა დაშიფრული მოხსენება გამოაგზავნა. მან თავისი თვალით ნახა სენტ-ჯეიმსის კაბინეტის საიდუმლო მემორანდუმი. თანახმად ბრიტანეთისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიების საიდუმლო მოლაპარაკებისა, იმ შემთხვევაში, თუკი კონსტანტინოპოლში თუნდაც ერთი რუსი ჯა¬რისკაცი გამოჩნდება, ადმირალ გორნბის ჯავშნოსანი ესკადრა დაუყოვნებლივ ხსნის ცეცხლს, ხოლო ავსტ¬რია-უნგრეთის არმია გადალახავს სერბულ და რუსულ საზღვრებს.
აი, ასე, მიხაილ დმიტრიევიჩ. ასეთ შემთხვე¬ვაში ყირიმულზე უფრო საშინელი დამარცხება გველოდა. ქვეყანა ძალაგამოცლილია პლევნის ეპოპეით, შავ ზღვაში ფლოტი არ არის, ხაზინა ცარიელია. ეს სრული კატასტროფა იქნებოდა.
სობოლევი დუმდა.
— მაგრამ თქვენს აღმატებულებას ეყო სიბრძნე და მოთმინება, რომ სან-სტეფანოს იქით არ წასულიყო, — მოწიწებით თქვა ფანდორინმა, — ესე იგი, მე და ლავრენტი არკადიევიჩს შეგვეძლო აღარ გვეჩქარა.
ვარიამ დაინახა, როგორ აუწითლდა სახე თეთრ გენერალს. სობოლევმა ჩაახველა და მედიდურად დაუქნია თავი, თან ინტერესით ათვალიერებდა მარმარილოს იატაკს.
თითქოს ჯიბრზეო, სწორედ იმწამს შემოვიდა ხორუნჟი გუკმასოვი, ზიზღით გადახედა ლურჯ მუნდირებს და დასძახა:
— გავბედავ მოგახსენოთ, თქვენო აღმატებულებავ!
ვარიას შეებრალა ბედკრული აქილევსი და შებრუნდა, ხოლო რეგვენმა ხორუნჟიმ ისევ რიხიანად მოახსენა:
— ზუსტად ექვსი საათია! ბრძანების თანახმად, ბატალიონი მოწყობილია, გულნორა — შეკაზმული! მხოლოდ თქვენს აღმატებულებას ველოდებით და წინ, ცარგრადის კარიბჭისკენ!
— მორჩი, ბრიყვო, — ჩაიბურტყუნა გაჭარხალებულმა გენერალმა, — ჯანდაბას კარიბჭე...
დაბნეულმა გუკმასოვმა კარისკენ დაიხია. მისი გასვლისთანავე ძლივს მოასწრეს კარზე საგდულების გაყრა, რომ მოულოდნელი რამ მოხდა.
— Eტ მაინტენანტ, მესდამეს ეტ მესსიეურს, ლა პაროლე ესტ ა ლა დეფენცე (ახლა კი, ქალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა დაცვას! — ფრანგ.)! — ხმამაღლა გამოაცხადა დ’ევრემ.
მარჯვენა ხელი ზურგს უკანიდან გამოიღო. ხელში პისტოლეტი აღმოაჩნდა.
პისტოლეტმა ორჯერ გადმოაფრქვია ელვა და ქუხილი.
ვარიამ დაინახა, თუ როგორ გაეხა ორივე ჟანდარმს მუნდირების მარცხენა მხარე, გეგონება, შეთანხმებულანო.
კარაბინები ჟღარუნით დაცვივდა იატაკზე, ჟანდარმები თითქმის უხმაუროდ დაეცნენ.
ყურები უწუოდა სროლისგან. ვარიამ ვერც შეკივლება მოასწრო და ვერც შეშინება — დ’ევრემ მარცხენა ხელი გამოსწია, ვარიას იდაყვში სტაცა, თავისკენ მიიზიდა და ფარივით აიფარა.
პიესა „რევიზორი“, მუნჯი სცენა, გაიფიქრა გაოგნებულმა ვარიამ, თან ხედავდა, როგორ ამოიზარდა კარში და ადგილზე გაშეშდა ზორბა ჟანდარმი. ერასტ პეტროვიჩმა და მიზინოვმა წინ გამოსწიეს რევოლვერები. გენერალს გაბრაზებული სახე ჰქონდა, ტიტულიან მრჩეველს კი უბედური. სობოლევმა ხელები გაშალა და ასევე დარჩა. მიტია გრიდნევმა პირი გააღო და თავისი შესანიშნავი წამწამები ააფახულა.
პერეპიოლკინმა ხელი ასწია საყელოს ისევ შესაკრავად და ჩამოშვება დაავიწყდა.
— შარლ, თქვენ ჭკუაზე შეცდით! — დაიყვირა სობოლევმა, ნაბიჯი წადგა წინ, — ქალის უკან იმალებით!
— მაგღამ მსიე ფანდოღინმა დაამტკიცა, ღომ მე ტუღკი ვაღ, — დაცინვით მიუგო დ’ევრემ. ვარიამ კეფით იგრძნო მისი ცხელი სუნთქვა, — ტუღკები კი კალტან ცეღემონიებს აღ დაიცკებენ!
— უ-უ-უ! — დაიღმუვლა მიტიამ და ხბოსავით თავდახრილი წინ გავარდა.
დ’ევრეს პისტოლეტმა კიდევ ერთხელ იქუხა, პირდაპირ ვარიას იდაყვიდან და ახალგაზრდა პრაპორშჩიკი კვნესით დაეცა პირქვე.
ყველა ისევ გაქვავდა.
დ’ევრემ ვარია სადღაც უკან და გვერდზე გასწია.
— ვინც ადგილიდან დაიზვღება, მოვკლავ, — ხმადაბლა გააფრთხილა ყველა.
ვარიას მოეჩვენა, რომ უკან კედელმა გაიწია და მოულოდნელად ორივე სხვა სათავსში აღმოჩნდა.
აჰ, ჰო, საცავი!
დ’ევრემ ფოლადის კარი მიაჯახუნა და საკეტი გასწია.
ორნი დარჩნენ.
მეთოთხმეტე თავი,
რომელშიც რუსეთს ლანძღავენ და დანტეს ენა ჟღერს
„სამთავრობო უწყებანი“ (სანკტ-პეტერბურგი),
9(21) იანვარი, 1878 წ.
„...საგონებელში გვაგდებს. აი, ამონარიდები ფინანსთა მინისტრის, სტატსსეკრეტარ მ. ხ. რეიტერნის სიტყვიდან, რომელიც წარმოთქვა გასულ ოთხშაბათს საერთო-რუსული საბანკო კავშირის სხდომაზე. 1874 წელს, მრავალი წლის განმავლობაში პირველად, ჩვენ გასავლებთან შედარებით შემოსავლების დადებით სალდოზე გავედით, თქვა მინისტრმა. სახელმწიფო ხაზინის 1876 წლის ხარჯთაღრიცხვით, შემოსავალმა გასავალს ორმოცი მილიონი რუბლით გადააჭარბა.
თუმცა თითქმის ერთწლიანი სამხედრო მოქმედებები ხაზინას ერთი მილიარდ ოცი მილიონი რუბლი დაუჯდა და ომის გასაგრძელებელი სახსრები აღარ რჩება. სამოქალაქო საჭიროებისათვის არსებული თანხების ჩამოჭრის გამო 1877 წელს იმპერიის ტერიტორიაზე ერთი ვერსი რკინიგზაც კი არ გაყვანილა. სახელმწიფოს საგარეო და შინაგანი ვალის ჯამი გაუგონარ ზომებამდე გაიზარდა და შეადგინა, შესაბამისად...“
დ’ევრემ ვარიას ხელი უშვა და ისიც შიშით გახტა განზე.
მასიური კარის იქიდან ხმების ყრუ ხმაური შემოესმათ.
— თქვენი პირობები დაასახელეთ, ანვარ! — ეს ერასტ პეტროვიჩი იყო.
— არავითარი პირობები! (მიზინოვი). ახლავე გააღეთ, არადა, ვუბრძანებ, დინამიტით ააფეთქონ!
— თქვენ თქვენთან იძლევით ბრძანებებს, ჟანდარმთა კორპუსში! (სობოლევი). დინამიტით ვარია დაიღუპება!
— ბატონებო! — ფრანგულად დაიყვირა დ’ევრემ, რომელიც დ’ევრე სულაც არ იყო, — ეს, ბოლოს და ბოლოს, უზრდელობაა! ქალთან ლაპარაკს არ მაცლით!
— შარლ! ან როგორც გქვიათ! — გენერლის ომახიანი ბანით დაიღრიალა სობოლევმა, — ვარვარა ანდრეევნას თავიდან ერთი თმის ღერიც რომ ჩამოვარდეს, პირდაპირ ძელზე გაგსვამთ, ყოველგვარი სასამართლოსა და გამოძიების გარეშე!
— კიდევ ერთი სიტყვაც და ჯერ ამას მოვკლავ, მერე კი თავს მოვიკლავ! — დრამატულად აიმაღლა ხმა დ’ევრემ და მოულოდნელად თვალი ისე ჩაუკრა ვარიას, თითქოს არცთუ ზრდილობიანი, მაგრამ საშინლად სასაცილო ხუმრობა გამოსვლოდეს. კარს მიღმა სიჩუმე ჩამოვარდა.
— ისე ნუ მიყურებთ, თითქოს უცებ რქები და ეშვები ამომივიდა, მადემუაზელ ბარბარა, — ნახევრად ჩურჩულით, მაგრამ თავისი ხმით თქვა დ’ევრემ და დაღლილმა თვალები მოიფშვნიტა, — რასაკვირველია, არ მოგკლავთ და არც არაფრით ვისურვებდი, თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა.
— მართლა? — ღვარძლიანად ჰკითხა ვარიამ, — მაშ, რად გინდათ ეს ტაკიმასხარაობა? რატომ მოკალით სამი უდანაშაულო ადამიანი? რისი იმედი გაქვთ?
ანვარ-ეფენდიმ (დ’ევრე უნდა დაევიწყებინა) საათი ამოიღო.
— შვიდის ხუთი წუთია. „ეს ტაკიმასხარაობა“ იმიტომ დამჭირდა, რომ დრო მოვიგო.
თანაც, მუსიე უმცროსი ლეიტენანტის გამო შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. რაკი ვიცოდი თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ, მხოლოდ ბარძაყი გავუხვრიტე, საშიში არაფერია. მერე საბრძოლო ჭრილობით იტრაბახებს. ჟანდარმებს კი, რას ვიზამთ, ასეთი სამსახური აქვთ.
ვარიამ შიშით ჰკითხა:
— დრო მოიგოთ? რატომ?
— იცით რა, მადემუაზელ ბარბარა, გეგმის თანახმად, ერთი საათისა და ოცდახუთი წუთის შემდეგ, ანუ რვის ნახევარზე სან-სტეფანოში ანატოლიელი მსროლელების პოლკი უნდა შემოვიდეს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია მთელი თურქეთის გვარდიაში. ნავარაუდევი იყო, რომ ამ დროისათვის სობოლევის რაზმი უკვე შეაღწევდა სტამბოლის გარეუბანში, ინგლისის ფლოტის ცეცხლში მოხვდებოდა და უკან დაიხევდა. გვარდიელები უწესრიგოდ უკან დახეულ რუსებს ზურგში დაჰკრავდნენ.
ლამაზი გეგმა იყო და ბოლო წუთებამდე ყველაფერი კარგადაც მიდიოდა.
— რომელი გეგმა?
— ხომ გეუბნებით — ლამაზი-მეთქი. თავიდან ცოტა ვუბიძგეთ მიშელს, მაცდურად მიტოვებული სამგზავრო მატარებელზე ფიქრისკენ. აქ ძალიან დამეხმარეთ, მადლობელი ვარ. „წიგნს გადაშლი, ცხელ ჩაის დალევ“, — ეს დიდებული იყო. მერე ჩვენი შეუდარებელი აქილევსის მძლავრი პატივმოყვარეობა, მისი დაუცხრომელი აზარტი და თავისი ბედის ვარსკვლავის რწმენა საქმეს დააბოლოებდა. ო, სობოლევი არ დაიღუპებოდა. მე ამას არ დავუშვებდი.
ჯერ ერთი, მე მართლა შევეჩვიე მას და მეორეც, დიადი აკ-ფაშას დატყვევება ეფექტური დასაწყისი იქნებოდა ბალკანეთის ომის მეორე ეტაპისა... — ანვარმა ამოიოხრა, — საწყენია, რომ ჩაიშალა. თქვენმა ახალგაზრდა ბებერმა ფანდორინმა აპლოდისმენტები დაიმსახურა. როგორც აღმოსავლელი ბრძენნი ამბობენ, ეს კარმაა.
— რაო, რაო, რას ამბობენ? — გაოცდა ვარია.
— აი, ხედავთ, მადემუაზელ ბარბარა, თქვენ განათლებული, ინტელიგენტი ქალბატონი ხართ და ელემენტარული რამეები არ იცით, — დამცინავად თქვა ველურმა თანამოსაუბრემ, — „კარმა“ — ინდური და ბუდისტური ფილოსოფიის ერთ-ერთი ფუძემდებლური ცნებაა. რაღაც ქრისტიანული ბედისწერის მსგავსი, მაგრამ გაცილებით საინტერესო. დასავლეთის უბედურება ისაა, რომ აგდებულად ეკიდება აღმოსავლურ სიბრძნეს.
არადა, აღმოსავლეთი გაცილებით უძველესი, კეთილგონიერი და რთულია.
ჩემი თურქეთი სწორედ დასავლეთისა და აღმოსავლეთის გადაკვეთაზე მდებარეობს, ამ ქვეყანას დიადი მომავალი შეიძლებოდა ჰქონოდა.
— მოდი რა, ლექციების გარეშე, — მსჯელობა შეაწყვეტინა ვარიამ, — რას აპირებთ?
— როგორ თუ რას? — გაოცდა ანვარი, — დაველოდები რვის ნახევარს. თავდაპირველი გეგმა ჩაიშალა, მაგრამ ანატოლიელი მსროლელები, სულერთია, მაინც მოვლენ. ბრძოლა დაიწყება. თუ ჩვენი გვარდიელები აჯობებენ — რიცხვობრივი უპირატესობაც აქვთ, მომზადებაც და მოულოდნელობის ფაქტორიც — მე გადავრჩები. თუ სობოლეველები გაუძლებენ... მაგრამ ნუ ვიმარჩიელებთ. სხვათა შორის...
— სერიოზულად შეხედა ვარიას თვალებში, — მე ვიცი თქვენი სიმტკიცე, მაგრამ არც კი იფიქროთ თქვენი მეგობრების გაფრთხილება თავდასხმის შესახებ. დასაყვირებლად ვერ მოასწრებთ პირის გაღებას, რომ მე იძულებული ვიქნები, ჩვარი ჩაგტენოთ. მე ამას გავაკეთებ, მიუხედავად იმ პატივისცემისა და სიმპათიისა, რომელსაც თქვენ მიმართ მაქვს.
ამ სიტყვებზე ჰალსტუხი მოიხსნა, მჭიდროდ დაახვია და ჯიბეში შეინახა.
— მანდილოსანს პირი უნდა ამოუქოლოთ? — გაეცინა ვარიას, — ფრანგად უფრო მომწონდით.
— გარწმუნებთ, ფრანგი ჯაშუშიც ჩემს ადგილზე სწორედ ასევე მოიქცეოდა, მის მოქმედებაზე ასე ბევრი რომ ყოფილიყო დამოკიდებული. მე მიჩვეული ვარ, არ გავუფრთხილდე საკუთარ სიცოცხლეს, ბევრჯერ შემიგდია სასწორზე, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე და ეს უფლებას მაძლევს, არც სხვების სიცოცხლე დავზოგო. აქ, მადემუაზელ ბარბარა, თანასწორი მეტოქეების თამაშია. სასტიკი თამაში, მაგრამ საზოგადოდ ცხოვრება სასტიკი რამეა. როგორ გგონიათ, არ შემებრალა მამაცი ზუროვი ანდა კეთილი მაკლაფლინი? ძალიანაც შემებრალა, მაგრამ არსებობს სენტიმენტებზე უფრო მნიშვნელოვანი ფასეულობები.
— რა ფასეულობებია ამისთანა? — შეჰყვირა ვარიამ, — ერთი ამიხსენით, ბატონო ინტრიგანო, რომელი უმაღლესი იდეების გამო შეიძლება მოკლა კაცი, რომელიც ისე გექცევა, როგორც მეგობარს?
— შესანიშნავი თემაა სალაპარაკოდ, — ანვარმა სკამი მიუწია, — დაბრძანდით, მადემუაზელ ბარბარა, ჩვენ დრო უნდა გავიყვანოთ და ნუ მიყურებთ მგელივით.
მე ურჩხული კი არ ვარ, არამედ მხოლოდ თქვენი ქვეყნის მტერი. არ მინდა, იმ უსულგულო მონსტრად ჩამთვალოთ, როგორადაც ზებუნებრივად გამჭრიახმა მუსიე ფანდორინმა დამხატა. აი, ვისი უვნებელყოფა იყო საჭირო დროულად... ჰო, მე მკვლელი ვარ, მაგრამ ჩვენ აქ ყველანი მკვლელები ვართ — ეს თქვენი ფანდორინიც, განსვენებული ზუროვიც, მიზინოვიც. აი, სობოლევი კი სუპერმკვლელია, სულ სისხლში ბანაობს. ჩვენს მამაკაცურ გასართობებში მხოლოდ ორი როლია დაშვებული — მკვლელისა და მოკლულის. ილუზიებს ნუ ააგებთ, მადემუაზელ, ჩვენ ყველა ჯუნგლებში ვცხოვრობთ.
ეცადეთ, ჩემ მიმართ მტრულად არ განეწყოთ, დაივიწყეთ, რომ თქვენ რუსი ხართ, მე კი თურქი. მე ადამიანი ვარ, რომელმაც ცხოვრებაში რთული გზა აირჩია. თანაც ის ადამიანი, ვისთვისაც სულერთი არ ხართ. მე ცოტა მიყვარხართ კიდეც.
სიტყვა „ცოტათი“ აღშფოთებული ვარია შეიჭმუხნა:
— დიდად მადლობელი ვარ.
— აი, რაღაც უგერგილოდ გამომივიდა, — ხელები გაშალა ანვარმა, — არ შემიძლია, საკუთარ თავს სერიოზული სიყვარულის უფლება მივცე, ეს დაუშვებელი და სახიფათო ფუფუნება იქნებოდა. და აღარ გვინდა ამაზე. მოდი, თქვენს შეკითხვას ვუპასუხებ. მეგობრის მოტყუება ან მოკვლა მძიმე გამოცდაა, მაგრამ ხანდახან ამაზე გადაბიჯებაც გიწევს.
მე მომსვლია ასე... — ნერვიულად აუთამაშდა პირის კუთხე, — მაგრამ თუ ყველაფერს დიად მიზანს უმორჩილებ, მაშინ ახლობლების მსხვერპლად შეწირვა გიწევს. რაღა შორს წავიდეთ მაგალითებისთვის! დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, როგორც მოწინავე ქალი, ძალიან უჭერთ მხარს რევოლუციურ იდეებს. ხომ ასეა? როგორც ვხედავ, თქვენთან, რუსეთში, რევოლუციონერები უკვე სროლასაც შეუდგნენ. მალე დაიწყება ნამდვილი საიდუმლო ომი — ენდეთ პროფესიონალს. იდეალისტურად განწყობილი ყმაწვილები და გოგონები დაიწყებენ სასახლეების, მატარებლებისა და კარეტების აფეთქებას. იქ კი, რეაქციონერი მინისტრის ანდა ბოროტი გუბერნატორის გარდა, აუცილებლად აღმოჩნდებიან უდანაშაულო ადამიანები — ნათესავები, თანაშემწეები, მსახურები.
მაგრამ იდეისათვის არა უშავს, შეიძლება. ცოტა დაიცადეთ. თქვენი იდეალისტები ნდობაშიც შევლენ, იჯაშუშებენ, მოატყუებენ და მოკლავენ კიდევაც სხვანაირად მოაზროვნეებს და სულ იდეის გამო.
— და თქვენი იდეა რაღაა? — მკვახედ ჰკითხა ვარიამ.
— ნება მომეცით, გიამბოთ, — ანვარი იდაყვით სტელაჟს დაეყრდნო, რომელზეც ფულიანი ტომრები ეწყო, — მე გადარჩენას რევოლუციაში კი არა, ევოლუციაში ვხედავ. ოღონდ ევოლუცია სწორი მიმართულებით უნდა წარმართო, უნდა მიეხმარო. ჩვენი მეცხრამეტე საუკუნე კაცობრიობის ბედს წყვეტს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. გონიერებასა და შემწყნარებლობას უნდა დავეხმაროთ გამარჯვებაში, თუ არა და მსოფლიოს უახლოეს მომავალში უმძიმესი და არასასურველი რყევები ელოდება.
— და სად ცხოვრობენ გონიერება და შემწყნარებლობა? მაგ თქვენი აბდულ-ჰამიდის სამფლობელოში?
— არა, რასაკვირველია. მე მხედველობაში მაქვს ის ქვეყნები, სადაც ადამიანი ნელ-ნელა სწავლობს საკუთარი თავისა და სხვების პატივისცემას, კეტით კი არა, რწმენით გამარჯვებას, სუსტების დახმარებას, სხვანაირად მოაზროვნეთა ატანას.
აჰ, როგორი საიმედო პროცესები ვითარდება ევროპის დასავლეთში და ჩრდილო ამერიკის შეერთებულ შტატებში! რა თქმა უნდა, მე შორს ვარ მათი იდეალიზაციისგან. იქაც არის ბევრი ჭუჭყი, ბევრი დანაშაული, ბევრი სიბრიყვე. მაგრამ ზოგადი კურსი მართებულია. საჭიროა, მსოფლიო ამ გზით წავიდეს, არადა კაცობრიობა ჩაიხრჩობა ქაოსისა და ტირანიის მორევში. ნათელი ლაქები პლანეტის რუკაზე ჯერ ძალიან ცოტაა, მაგრამ სწრაფად ფართოვდება. მხოლოდ სიბნელის დაწოლისაგან უნდა ვიხსნათ. მიმდინარეობს გრანდიოზული საჭადრაკო პარტია და მე აქ თეთრებით ვთამაშობ.
— რუსეთი კი, ალბათ, შავებით, არა?
— ჰო.
თქვენი უშველებელი სამფლობელო ცივილიზაციის მთავარი საფრთხეა. თავისი სივრცეებით, თავისი მრავალრიცხოვანი, ხეპრე მოსახლეობით, თავისი მტკიცე და აგრესიული სახელმწიფობრივი მანქანით. მე დიდი ხანია ვაკვირდები რუსეთს, ენაც შევისწავლე, ბევრს ვმოგზაურობდი, წავიკითხე ისტორიული შრომები, შევისწავლე თქვენი სახელმწიფოებრივი მექანიზმი, გავეცანი თქვენს ბელადებს. აბა, ყური დაუგდეთ საყვარელ მიშელს, ახალ ბონაპარტობას რომ უმიზნებს! რუსი ერის ამოცანა — ცარგრადის აღება და სლავების გაერთიანებაა? რისთვის? იმისთვის, რომ რომანოვებმა ისევ უკარნახონ თავიანთი ნება ევროპას? კოშმარული პერსპექტივაა! თქვენ არ გსიამოვნებთ ამისი მოსმენა, მადემუაზელ ბარბარა, მაგრამ რუსეთი თავის თავში საშინელ საფრთხეს მალავს ცივილიზაციისთვის.
მასში დაეხეტებიან ველური, დამანგრეველი ძალები, რომლებიც ადრე თუ გვიან გამოაღწევენ გარეთ და მაშინ მსოფლიო ჯანმრთელი ვეღარ იქნება. ეს არასტაბილური, შფოთიანი ქვეყანაა, ყველაფერი უარესი რომ აუღია დასავლეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც. რუსეთი აუცილებლად უნდა დავაყენოთ საკუთარ ადგილას, ხელები უნდა დავუმოკლოთ.
ეს თქვენთვისვე იქნება სასარგებლო, ხოლო ევროპას საშუალებას მისცემს ისევ განვითარდეს საჭირო მიმართულებით. იცით, მადემუაზელ ბარბარა, — ანვარს ხმა მოულოდნელად შეუთრთოლდა, — მე ძალიან მიყვარს ჩემი უბედური თურქეთი. ეს არის გამოუყენებელი დიდი შესაძლებლობების ქვეყანა. მაგრამ მე შეგნებულად მზად ვარ, მსხვერპლად გავიღო ოსმანური სახელმწიფო, ოღონდ კი კაცობრიობას რუსული მუქარა მოვაცილო. რაკი ჭადრაკი ვახსენეთ — იცით თუ არა, რა არის გამბიტი? არა? იტალიურად „გამბეტტო“ ნიშნავს „სარმას“. Dარე ილ გამბეტტო — „სარმის გამოდებას“. გამბიტი ჰქვია ჭადრაკის პარტიის ისეთ დასაწყისს, რომელშიც მოწინააღმდეგეს ფიგურას სწირავენ სტრატეგიული უპირატესობის მისაღწევად.
მე თავად დავამუშავე ამ საჭადრაკო პარტიის მონახაზი და თავიდანვე მივართვი რუსეთს მაცდური ფიგურა — მსუქანი, გემრიელი, სუსტი თურქეთი. ოსმანთა იმპერია დაიღუპება, მაგრამ მეფე ალექსანდრე თამაშს ვერ მოიგებს. სხვათა შორის, ომი ისე წარმატებულად აეწყო, რომ, შესაძლოა, თურქეთისთვის ჯერ ყველაფერი დაკარგული არც არის. მას მიდჰათ-ფაშა დარჩა. ეს შესანიშნავი ადამიანია, მადემუაზელ ბარბარა, მე საგანგებოდ გავიყვანე თამაშიდან დროებით, მაგრამ ახლა კი უკან დავაბრუნებ... თუკი, რასაკვირველია, ამის შესაძლებლობა მექნება. მიდჰათ-ფაშა ლაფში ამოუსვრელად დაბრუნდება სტამბოლში და ხელში აიღებს ძალაუფლებას.
შესაძლოა, სწორედ მაშინ გადაინაცვლოს თურქეთმა სიბნელის ზონიდან სინათლის ზონისკენ.
— ბატონო ანვარ, რატომ აჭიანურებთ დროს? ეს ხომ სულმოკლეობაა! გამოდით, მე სამხედრო ტყვის სტატუსს გპირდებით.
— და სახრჩობელას კაზანზაკისა და ზუროვის გამო? — წაიჩურჩულა ანვარმა.
ვარიამ ჰაერი შეისუნთქა, მაგრამ თურქი ჩადარაჯებული იყო — ჯიბიდან პირში ჩასატენად გამზადებული ჰალსტუხი ამოიღო და თავი დააკანტურა. მერე დაიყვირა:
— უნდა მოვიფიქრო, მუსიე გენერალო! მე რვის ნახევარზე გიპასუხებთ!
ამის შემდეგ დიდხანს დუმდა. საცავში დააბიჯებდა, რამდენჯერმე დაიხედა საათზე.
— ოღონდ გამაღწევინა აქედან! — ჩაილაპარაკა ამ უცნაურმა ადამიანმა და მუშტი დაჰკრა თუჯის თაროს, — უჩემოდ აბდულ-ჰამიდი კეთილშობილ მიდჰათს შეჭამს!
დამნაშავესავით შეხედა ვარიას ნათელი, ცისფერი თვალებით და აუხსნა:
— მომიტევეთ, მადემუაზელ ბარბარა, მე ვნერვიულობ. ჩემი სიცოცხლე ამ პარტიაში არც ისე ცოტას ნიშნავს. ჩემი სიცოცხლეც ფიგურაა, მაგრამ უფრო მეტად ვაფასებ, ვიდრე ოსმანთა იმპერიას. ასე ვთქვათ — იმპერია ეტლია, მე კი ლაზიერი. თუმცა გასამარჯვებლად ლაზიერის გაწირვაც შეიძლება...
ყოველ შემთხვევაში, პარტიას უკვე აღარ ვაგებ, ყაიმი გარანტირებული მაქვს! — აღგზნებულმა გაიცინა, — მე შევძელი პლევნასთან თქვენი არმია უფრო დიდხანს შემეჩერებინა, ვიდრე იმედი მქონდა. თქვენ ტყუილ-უბრალოდ დახარჯეთ ძალა და დრო. ინგლისმა მოასწრო კონფრონტაციისთვის მომზადება, ავსტრიას კი აღარ ეშინია. ომის მეორე ეტაპიც რომ არ იყოს, რუსეთი მაინც ცხვირჩამოშვებული დარჩება. ყირიმის კამპანიის შემდეგ ოცი წელიწადი მოდიოდა გონს, კიდევ ოცი წელიწადი მოუნდება ამჟამინდელი ომის ჭრილობების ლოკვას. და ეს ახლა, მეცხრამეტე ასწლეულის დასასრულს, როცა თითოეული წელიწადი ბევრს ნიშნავს. ოც წელიწადში ევროპა ძალიან წინ წავა.
რუსეთს ამიერიდან გამზადებული აქვს მეორეხარისხოვანი სამფლობელოს როლი. მას გამოღრღნის კორუფციისა და ნიჰილიზმის წყლული და პროგრესს ვეღარ დაემუქრება.
ვარიას მოთმინება ამოიწურა.
— თქვენ ვინა ხართ, რომ განსჯით, ვის მოაქვს ცივილიზაციისთვის სიკეთე და ვის — სიკვდილი?! სახელმწიფო მექანიზმი შეისწავლა, ბელადებს გაეცნო! გრაფ ტოლსტოის, ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკის გაეცანით? რუსული ლიტერატურა წაიკითხეთ? რაო, დრო არ გეყოთ? ორჯერ ორი ყოველთვის ოთხია და სამჯერ სამი ყოველთვის ცხრა, არა? ორი პარალელური ხაზი არასდროს გადაიკვეთება? ეგ თქვენს ევკლიდესთან არ გადაიკვეთება, ჩვენს ლობაჩევსკისთან კი გადაიკვეთა!
— მე არ მესმის თქვენი მეტაფორა, — მხრები აიჩეჩა ანვარმა, — რუსული ლიტერატურა კი, რასაკვირველია, წავიკითხე. კარგი ლიტერატურაა, ინგლისურსა და ფრანგულს არ ჩამოუვარდება. მაგრამ ლიტერატურა სათამაშოა, ნორმალურ ქვეყანაში შეუძლებელია მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს. მეც ხომ გარკვეულწილად ლიტერატორი ვარ. საქმე უნდა გააკეთო, სულისშემძვრელი ზღაპრები კი არ უნდა შეთხზა. აი, შვეიცარიაში დიდი ლიტერატურა არ არის, მაგრამ იქ ცხოვრება გაცილებით უფრო ღირსეულია, ვიდრე თქვენს რუსეთში.
მე შვეიცარიაში გავატარე მთელი ბავშვობა და ყმაწვილობა და შეგიძლიათ მენდოთ...
აღარ დაამთავრა — შორიდან სროლის ხმა მოისმა.
— დაიწყო! დროზე ადრე დაარტყეს!
ანვარი ყურით აეკრო კარს, თვალები ციებიანივით აუელვარდა.
— ჯანდაბა, თითქოს ჯიბრზეო, ამ წყეულ საცავს ერთი ფანჯარაც კი არ აქვს!
ვარია ამაოდ ცდილობდა აფრთხიალებული გული დაემშვიდებინა. სროლის ქუხილი ახლოვდებოდა. მოესმა, როგორ იძლეოდა სობოლევი რაღაც ბრძანებებს, მაგრამ სიტყვები ვერ გაარჩია. სადღაც დასძახეს „ალლა!“, ზალპი დაახალეს.
ანვარი რევოლვერის დოლურას ატრიალებდა და ჩურჩულებდა:
— შეიძლებოდა, გავმხტარიყავი კიდეც, მაგრამ მხოლოდ სამი ვაზნა დამრჩა... მძულს უმოქმედობა!
ის გამოცოცხლდა — სროლა უკვე შენობაში ისმოდა.
— თუკი ჩვენები გაიმარჯვებენ, ადრიანოპოლში გაგგზავნით, — სწრაფად თქვა ანვარმა, — ახლა, როგორც ჩანს, ომი დამთავრდება. მეორე ეტაპი აღარ იქნება. საწყენია.
ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც გეგმავ. შეიძლება, ისევ შევხვდეთ ერთმანეთს. ახლა, რასაკვირველია, გეზიზღებით, მაგრამ გავა დრო და მიხვდებით ჩემს სიმართლეს.
— მე არ მეჯავრებით, — თქვა ვარიამ, — უბრალოდ, მედარდება, რომ ისეთი ნიჭიერი ადამიანი, როგორიც თქვენ ხართ, ამისთანა ლაფშია. მახსენდება, მიზინოვი როგორ კითხულობდა თქვენი ცხოვრების ისტორიას...
— მართლა? — დაბნეულად ჰკითხა ანვარმა, თან სროლას უსმენდა.
— ჰო. რამდენი ინტრიგაა, რამდენი სიკვდილი! ის ჩერქეზი, სიკვდილით დასჯის წინ რომ არიებს მღეროდა, თქვენი მეგობარი არ იყო? ისიც მსხვერპლად შესწირეთ?
— არ მიყვარს იმ ამბის გახსენება, — მკაცრად თქვა მან, — იცით, მე ვინ ვარ? ბებიაქალი ვარ, მე პატარას ვეხმარები, ამ ქვეყანაზე რომ გაჩნდეს და ხელები იდაყვებამდე მაქვს სისხლსა და ლორწოში...
ზალპმა სულ ახლოს იგრიალა.
— ახლა კარს გავაღებ, — თქვა ანვარმა, ჩახმახი რომ შემართა, — და ჩემებს დავეხმარები.
თქვენ აქ იყავით და ღვთის გულისათვის, ცხვირი არ გამოყოთ გარეთ. მალე ყველაფერი დამთავრდება.
ანვარმა ფარდა გასწია და უცებ გაქვავდა — ბანკში აღარ ისროდნენ.
ისმოდა ლაპარაკი, მაგრამ გაურკვეველი იყო, რომელი — რუსული თუ თურქული. ვარიამ სუნთქვა შეიკრა.
— მე შენ სიფათს მოგინგრევ! იჯდა თავისთვის, შენი დედა-დედა-დედააა! — დასჭექა უნტერის ბანმა და ამ მშობლიური ტკბილი ხმისგან ვარიას გული გაუნათდა.
გაუძლეს! მოიგერიეს!
სროლა სულ უფრო და უფრო შორს მიიწევდა, გარკვევით მოისმოდა გაწელილი „ვაშა!“
ანვარი თვალებდახუჭული იდგა. სახე მშვიდი და სევდიანი ჰქონდა. როცა სროლა სავსებით შეწყდა, ფარდა გასწია და კარი გამოხსნა.
— მორჩა, მადემუაზელ ბარბარა. თქვენი პატიმრობა დამთავრდა. გადით.
— და თქვენ? — დაიჩურჩულა ვარიამ.
— ლაზიერი განსაკუთრებული სარგებლის გარეშეა შეწირული. საწყენია.
დანარჩენი ყველაფერი ძალაში რჩება. წადით და ბედნიერებას გისურვებთ.
— არა! — თავი დაიძვრინა ანვარის ხელისგან, — მე აქ არ დაგტოვებთ. ჩაბარდით. მე სასამართლოზე თქვენს სასარგებლოდ გამოვალ.
— პირი რომ ამომიკერონ და მერე მაინც ჩამომკიდონ? — გაეცინა ანვარს, — უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. ამქვეყნად ყველაზე მეტად ორ რამეს ვერ ვიტან — დამცირებას და კაპიტულაციას. მშვიდობით, მე მარტო უნდა დავრჩე.
მაინც მისწვდა ვარიას სახელოში და კარს მიღმა მსუბუქად უბიძგა.
ფოლადის საკეტი მაშინვე გაჩხაკუნდა.
ვარიამ გაფითრებული ფანდორინი დაინახა, ხოლო ჩამტვრეულ ფანჯარასთან გენერალი მიზინოვი იდგა და ჟანდარმებს დაჰყვიროდა, მინის ნამსხვრევებს რომ ჰგვიდნენ. გარეთ უკვე ენათა.
— მიშელი სად არის? — შიშით იკითხა ვარიამ, — მოკლულია? დაჭრილია?
— ცოცხალია და ჯანმრთელადაა, — მიუგო ერასტ პეტროვიჩმა, ყურადღებით რომ დააკვირდა, — თავის სტიქიაშია, მტერს მისდევს. ეს საწყალი პერეპიოლკინი კიდევ დაგვიჭრეს — იატაგანით ნახევარი ყური ჩამოათალეს. ეტყობა, ისევ ორდენს მიიღებს. პრაპორშჩიკ გრიდნევზეც არ იდარდოთ, ისიც ცოცხალია.
— ვიცი, — თქვა ვარიამ და ფანდორინმა ოდნავ მოწკურა თვალები.
მიზინოვი მიუახლოვდა, შესჩივლა:
— კიდევ ერთი ნახვრეტი შინელში. რანაირი დღეა.
გამოგიშვა? დიდებულია! ახლა დინამიტითაც შეიძლება.
ფრთხილად მიუახლოვდა საცავის კარს, ხელი გადაუსვა ფოლადს.
— ისე კი ორი ცალი თავს გადაუვა. თუ ბევრია? კარგი იქნებოდა, ეს გაიძვერა ცოცხლად აგვეყვანა.
საცავის კარიდან მოისმა უზრუნველი და ერთობ მელოდიური სტვენა.
— უსტვენს კიდევაც! — აღშფოთდა მიზინოვი, — როგორია, ჰა? მოიცა, ახლა გასტვენინებ კარგად. ნოვგოროდცევ! მენაღმეების ათეული დინამიტზე გაუშვი!
— დ-დინამიტი არ დაგვჭირდება, — წყნარად თქვა ერასტ პეტროვიჩმა, სტვენას აყურადებდა.
— თქვენ ისევ გებმით ენა, — გამოუცხადა ვარიამ, — ესე იგი, ყველაფერმა ჩაიარა?
ჩექმების ბრახუნით შემოვიდა თეთრ შინელგადაღეღილი სობოლევი, შინელს ალისფერი ნაკეცები ჰქონდა.
— უკან დაიხიეს! — ბრძოლის მერე ჩახრინწული ხმით გამოაცხადა მან, — დანაკარგი საშინელია, მაგრამ არა უშავს, მალე ეშელონი მოვა. ვის გამოჰყავს ასე კარგად? ეს ხომ „ლუჩია დე ლამერმურია“, ვეთაყვანები! — და გენერალმა სასიამოვნოდ მოგუდული ბარიტონით მიუმღერა:
Dელ ციელ ცლემენტე უნ რისო,
ლა ვიტა ა ნოი სარა!
— გრძნობით იმღერა ბოლო სტროფი და ამ დროს კარს მიღმა გასროლა გაისმა.
ეპილოგი
„მოსკოვის საგუბერნიო უწყებანი“
19 თებერვალი (3 მარტი), 1878 წ.
ზავი ხელმოწერილია
„დღეს, მისი უმაღლესობის გულმოწყალების ნათელ ზეიმზე, გლეხობას ჩვიდმეტი წლის წინათ რომ მოევლინა, ხელმწიფე-განმათავისუფლებლის მეფობის მატიანეში ახალი, ნათელი ფურცელი ჩაიწერა. რუსმა და თურქმა რწმუნებულებმა სან-სტეფანოში ხელი მოაწერეს ზავს, რითაც დასრულდა სახელოვანი ომი ქრისტიანი ხალხების გასათავისუფლებლად თურქეთის მფლობელობისაგან. ტრაქტატის პირობებით, რუმინეთმა და სერბეთმა მოიპოვეს სრული დამოუკიდებლობა, შეიქმნება გაფართოებული ბულგარული სათავადო, ხოლო რუსეთი სამხედრო ხარჯების საკომპენსაციოდ მიიღებს ერთ მილიარდ ოთხას მილიონ რუბლს, თანაც ამ თანხის ძირითადი ნაწილი შეტანილი იქნება ტერიტორიული დანათმობებისაგან, რომელთა რიცხვში შედის ბესარაბია და დობრუჯა, აგრეთვე არდაგანი, ყარსი, ბათუმი, ბაიაზეთი...“
— ჰოდა, აი, ზავიც ხელმოწერილია, თანაც ძალიან კარგი. თქვენ კი დაგვჩხაოდით, ბატონო პესიმისტო, — თქვა ვარიამ და ისევ სხვა რამე გამოუვიდა და არა ის, რისი თქმაც უნდოდა.
ტიტულიანი მრჩეველი უკვე გამოემშვიდობა პეტიას და გუშინ ძიებაში მყოფი, ახლა კი თავისუფალი ადამიანი პიოტრ იაბლოკოვი ვაგონში ავიდა — კუპეს დასაკავებლად და ბარგის დასაბინავებლად.
ომის გამარჯვებით დამთავრების აღსანიშნავად პეტიას სრული შეწყალება და მედალიც კი მისცეს თავდადებული სამსახურისთვის.
წასვლა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ შეიძლებოდა, პეტიაც აჩქარებდა, მაგრამ ვარია სულ აჭიანურებდა, გაუგებარი იყო, რას უცდიდა.
საწყენია, სობოლევს ცუდად დაშორდა — გაბრაზდა სობოლევი. ჰოდა, ღმერთმა სიკეთე მისცეს. ამისთანა გმირს მალე დაამშვიდებს ვინმე.
და აი, დადგა დღე, როცა ერასტ პეტროვიჩს უნდა გამოსთხოვებოდა. დილიდან ვარიას ნერვები ჰქონდა მოშლილი, საწყალ პეტიას ისტერიკა გაუმართა დაკარგული თმის სარჭის გამო, მერე კი ატირდა.
ფანდორინი სან-სტეფანოში რჩებოდა — ზავის ხელმოწერით დიპლომატიური ფაციფუცი სულაც არ მთავრდებოდა. სადგურში პირდაპირ რომელიღაც მიღებიდან მოვიდა — ფრაკით, ცილინდრით, თეთრი აბრეშუმის ჰალსტუხით. ვარიას პარმული იების თაიგული აჩუქა, ამოიოხრა, ერთი ფეხიდან მეორეზე გადაინაცვლა, მაგრამ მჭევრმეტყველებით დღეს არ ბრწყინავდა.
— ზავი მ-მეტისმეტად კარგია, — უთხრა ვარიას, — ევროპა არ აღიარებს. ანვარმა ბრწყინვალედ გაითამაშა თავისი გამბიტი, მე კი წავაგე.
მე ორდენი მომცეს, არადა უნდა გავესამართლებინე!
— რა უსამართლო ხართ საკუთარი თავის მიმართ! საშინლად უსამართლო! — მხურვალედ ალაპარაკდა ვარია, შეეშინდა, ცრემლები არ წასკდომოდა, — ყოველთვის რატომ სჯით საკუთარ თავს ასე? თქვენ რომ არა, მე არ ვიცი, ჩვენ ყველას რა მოგვივიდოდა...
— დაახლოებით იგივე მითხრა ლავრენტი არკადიევიჩმა, — გაეცინა ფანდორინს, — და ნ- ნებისმიერ ჯილდოს დამპირდა, რაც კი შეუძლია.
ვარიას გაუხარდა:
— მართლა? მადლობა ღმერთს! და თქვენ რაღა ისურვეთ?
— სამუშაოდ ს-სადმე, ცხრა მთას იქით რომ გავეგზავნე, ყველაფერ ამისგან რაც შეიძლება შორს, — უმისამართოდ გაიქნია ხელი.
— რა სისულელეა! და მიზინოვმა რაო?
— განრისხდა.
მაგრამ სიტყვა სიტყვაა. დ- დასრულდება მოლაპარაკებები და კონსტანტინოპოლიდან პორტ-საიდში წავალ, იქიდან კი თბომავლით იაპონიაში. ტოკიოს საელჩოს მეორე მდივნად ვარ დანიშნული. ამაზე შორს აღარ შ-შეიძლება.
— იაპონიაში... — ცრემლები მაინც წამოუვიდა და ვარიამ მრისხანედ მოიწმინდა ხელთათმანით.
ზარი აწკარუნდა, ორთქლმავალმა საყვირი მისცა. ვაგონიდან პეტია გადმოიწია:
— ვარენკა, დროა.
უკვე გავდივართ.
ერასტ პეტროვიჩი შეყოყმანდა, თვალები დახარა.
— ნ-ნახვამდის, ვარვარა ანდრეევნა. ძალიან მიხაროდა... — და აღარ დაამთავრა.
ვარია უცებ სწვდა ხელში, ჩქარ-ჩქარა ჩამოართვა, თან თვალებიდან ცრემლები სცვიოდა.
— ერასტ... — მოულოდნელად წამოსცდა, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა და აღარც გამოსულა გარეთ.
ფანდორინმა ნიკაპი გაიქნია და არაფერი უთქვამს.
ბორბლებმა დაიღრჭიალეს, ვაგონი შეირხა.
— ვარია! უშენოდ მივყავარ! — განწირული ხმით დაიყვირა გულგახეთქილმა პეტიამ, — ჩქარა!
ვარიამ გახედა, კიდევ წამით შედგა და ბაქნის გასწვრივ მცურავ საფეხურს შეახტა.
— ...და პირველ რიგში ცხელი აბაზანა. მერე ფილიპოვსკაიაში და გარგარის პასტილები, შენ რომ ძალიან გიყვარს. და წიგნის ფარდულშიც, ახალი რა გამოვიდა. მერე კი უნივერსიტეტში.
ხომ წარმოგიდგენია, რამდენ კითხვას დაგვაყრიან, რამდენს...
ვარია ფანჯარასთან იდგა და ბედნიერი პეტიას ლაყბობის ტაქტზე აკანტურებდა თავს. სულ უნდოდა ეცქირა შავი ფიგურისთვის, რომელიც ბაქანზე დარჩა, მაგრამ ის ფიგურა უცნაურად იქცეოდა, დნებოდა. თუ თვალებს სჭირდა რაღაც?
„ტაიმსი“ (ლონდონი)
10 მარტი (26 თებერვალი), 1878 წ.
მისი უდიდებულესობის მთავრობა ამბობს „არას“
„დღეს ლორდმა დერბიმ განაცხადა, რომ ევროპის უმეტესი ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი ბრიტანეთის მთავრობა კატეგორიული წინააღმდეგია აღიაროს ზავის მძარცველური პირობები, რომელიც თავს მოახვია თურქეთს მეფე ალექსანდრეს უზომო მადამ. სან-სტეფანოს ტრაქტატი უპირისპირდება ევროპის უსაფრთხოების ინტერესებს და გადახედილი უნდა იქნეს საგანგებო კონგრესზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა დიდი ქვეყანა“..