Litclub.ge

ქარის შიგნითა მხარე (მთარგმნელი: მეტრეველები ელზა და გიორგი)
რომანი ჰეროსა და ლეანდრზე

ჰერო
ქარის შიგნითა მხარეა ის, რომელიც მშრალია მაშინაც კი, როცა წვიმაში ქარი უბერავს.
ერთ-ერთი იაფფასიანი წინასწარმეტყველი 

1.
„ქალი თავისი ცხოვრების პირველ ნახევარში შვილებს აჩენს, მეორეში კი კლავს და მარხავს საკუთარ თავს ან ახლობლებს. საკითხავი მხოლოდ ის არის, როდის იწყება ეს მეორე ნახევარი“.
ამ ფიქრში გართულმა სტუდენტმა-ქიმიკოსმა ჰერონეია ბუკურმა შუბლზე მიიტეხა მოხარშული კვერცხი და შეჭამა. ამით მთელი მარაგი ამოიწურა.
ძალიან გრძელი თმა ჰქონდა და იკეთებდა ნაწნავს, რომელიც ფეხსაცმლის ჩაცმისას კაწაპის მაგივრობას უწევდა. ბელგრადის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას ცხოვრობდა — ოთახი კაფე „ოქროს კასრის“ ზევით ჰქონდა ნაქირავები და მისი მაცივარი გამო¬ტენილი იყო სასიყვარულო რომანებითა და კოს¬მეტიკით. ახალგაზრდა იყო, საყიდლებზე მიმა¬ვალი, მუჭში, როგორც ცხვირსახოცს, ისე ჭმუჭნიდა ქა¬ღალდის კუპიურებს და ოცნებობდა, ნაშუადღევს სადმე ზღვის წყალზე გაწოლილიყო და ნახევარ საათს წაეძინა. განსაკუთრებულად დაამახსოვრდა მამის ხელები, რომლებსაც, როგორც ქარისგან მორეკილი ტალ¬ღები, ისე მიუყვებოდა ნაოჭები და გოგონას შეეძლო, ჩუმად ყოფილიყო მაჟორშიც და მინორშიც. ყველა ჰეროს ეძახდა, უყვარდა წიწაკა და მის კოცნას მუდამ მწარე გემო ჰქონდა, ქიმიკოსის თეთრი ხალათის ქვეშ კი წყვილი ულვაშიანი ძუძუ შეფარულიყო. ისეთი სწრაფი იყო, შეეძლო, საკუთარი ყური მოეკვნიტა, საჭმელს პირდაპირ პირში ინელებდა და იცოდა, რომ რამდენიმე საუკუნეში ერთხელ ქალის სახელებიდან ზოგიერთი მამაკაცის სახელად გადაიქცევა მაშინ, როცა და¬ნარ¬ჩენები იმადვე რჩება, რაც იყო.
მაგრამ არსებობდა რაღაც, რისი სა¬კუთარ სუფთა სამყაროს ნახატში ჩაწერაც ვერაფრით მოეხერ¬ხე¬ბინა. ეს იყო სიზმრები.
ამ მარტივ ცხოვრებაში, სადაც ყველაფერს საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა, საიდან ჩნდებოდა ყოველ საღამოს ისეთი აუხსნელი რაღაც, როგორიც სიზმარია? რაღაც, რასაც გაგ¬რძელება თვით სიკვდილის შემდეგაც კი ჰქონდა.
„სიზმრები რეინკარნაციას განიცდიან, — ფიქ¬რობდა ჰერო, — და, სხვათა შორის, უფრო ხშირად — ქალებისა კაცების სხეულში და პირიქით... რამდენ ადამიანს შევხვედრივართ სიზმრად უკანასკნელ ხანებში! როგორც არასდროს! უბრალოდ, უკვე გადაჭედილი ვარ მოსახლეობით!“
ასეთი დასკვნა რომ გამოიტანა, ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ ჰერომ მაგარყდიანი საგანჯინო წიგნი იყიდა და თავისი სიზმრების ორმაგი ბუღალ¬ტერიის ყველა წესის დაცვით ჩაწერა დაიწყო. მტკი¬ცედ გადაწყვიტა, ეს საქმე სააშკარაოზე გამოეტანა. ჩანიშნული ჰქონდა ყველაფერი, რაც კი ამ სიზმრებში ჩნდებოდა: ფაიფური, მსხალი და მშენებლობები, მარტორქები და ცხენები, თმის სარჭები და გემები, გარეული სახედრები და ანგელოზები, ჭიქები და პერიდექსის ხე, რომელზე ჩამომჯდარი მტრედიც ყვავად გადაიქცევა; სამზარეულოს სკამები და ყურებიდან განაყოფიერებული იქედნეები, ავტომო¬ბილები და ბრდღვინვა პანტერისა, ძლიერ სუნს რომ გამოსცემდა და მისი სიზმრების ყველა დანარჩენი ცხოველისთვის დაუძლეველ მომხიბვლელობას ფლობ¬და — ყოველივე ეს გამოცხადებისდა კვალად შეჰქონდა სპეციალურ განყოფილებებში და თითოეულ მოვლენას ნომრავდა, ფასს ადებდა და წიგნში შეტანის თარიღს აღნიშნავდა. ყველაზე ხშირად მის სიზმრებში ჩნდებოდა გველი, რომელსაც უფლება არ ჰქონდა, ხის ჩრდილზე გადაესრიალა. ასეთ შემთხვევაში იგი, ჩვეუ¬ლებრივ, ხეზე ადიოდა და ისე იქცეოდა, თითქოს თოკი იყო, მანამდე, სანამ რომელიმე ჩიტი არ დაას¬კუპ¬დებოდა. მაშინ მას გველი შეკითხვას უსვამდა.
თუ ჩიტი სწორ პასუხს ვერ გასცემდა, მაშინვე ყლაპავდა. და ჰერომ არ იცოდა, მსგავსი შემთხვევა ერთ განყო¬ფილებაში უნდა შეეტანა თუ ორში. სხვა ზმანება, ასევე ხშირად რომ აღინუსხებოდა ჰეროს წიგნში, იყო ცეროდენა ბიჭი. ამ ბავშვის მამა ხორცის გარდა არაფერს ჭამდა, დედა კი არაფერს, გარდა ოსპისა. ამგვარად, მამის გამო ბიჭს მხოლოდ ხორცის ჭამა შეეძლო, დედის გამო კი მხოლოდ ოსპისა, აქედან კი ისე გამოდიოდა, რომ ჰე¬როს სიზმრებში მას შიმშილით სიკვდილი მოუწევდა.
„აშკარაა, ჩვენს შიგნით ყოველდღიურად გავდი¬ვართ დიდ მანძილს, იგივე შეუძლიათ გააკეთონ სხვებ¬მაც ჩვენში, — იწერდა ჰერო საინვენტარო წიგნის მინ¬დვრებზე, — და ამ მოგზაურობას ვახორციელებთ განსაკუთრებული შინაგანი მოძრა¬ობების წყალო¬ბით, რომლებიც ერთობ სწრაფია და შემძლე, ისეთი სივრცე აითვისოს, რომლის გავლასაც ვერასოდეს შევძლებ¬დით ცხოვრებაში. ეს შინაგანი მოძრაობა სიზმარში გაცილებით სრულყოფილია გარეგნულზე, რადგან უძრაობა სრულქმნილია, ის არის ყველაფრის პირველ¬მიზეზი და თავის სიმშვიდეში მოიცავს მოძ¬რაობასაც. ოღონდ, — ფიქრობდა მერე, — სიზმარში შეიძლება ისეც აღიქვა, როგორც ცხოველი“.
რადგან ბავშვობაში ძმასთან ერთად უცხო ენებს სწავლობდა, ჰერო განსაკუთრებულ ყურადღებას უთ¬მობდა იმ ენობრივი ფორმების ინვენტარიზაციას, რომ¬ლებსაც სიზმარში როგორც თავად, ისე სხვებიც იყე¬ნებდნენ.
ეს იყო მსგავსი რაღაც სიზმრების გრამა¬ტიკისა, ზმანებათა ლინგვისტიკისა და იმ სი¬ტყვების ლექსიკონებისა, რომლებიც სიზმრებში გა¬მოიყე¬ნებოდა. უნდა ითქვას, რომ ჰეროს სიტყვარი ძალიან ჰგავდა ეგრეთ წოდებულ „ძაღლების ლექსი¬კონებს“, რომლებიც ახალგაზრდა ქალბატონებს შორის მეოცე საუკუნის ოციანი წლების მიწურულს შემოვიდა მოდაში. მათ ლექსიკონში შეჰქონდათ გამოთქმები, რომლებიც გასაგებია მათი მწევრების, პუდელებისა და ბულტე¬რიერებისთვის. ჰეროს სიტყვარში სიზმარიც ახსნილი იყო, როგორც ცხო¬ველი, თავის პატრონს სხვადასხვა ენაზე რომ ელა¬პარაკება, ოღონდ უნარი აქვს, შეის¬წავლოს რამდე¬ნიმე სიტყვა ჰეროს გამოცხადებების სალაპარაკო ენიდან ისევე, როგორც თვითონ ჰეროც ნელ-ნელა ითვისებდა ამ უცნაური ცხოველის მეტყვე¬ლების გრამატიკას და იმ დას¬კვნამდეც კი მივიდა, რომ სიზმრების ენაში გვხვდება ყველა არსებითი სახელი მაშინ, როცა ზმნებს სულაც არა აქვს ყველა ის დრო, რომელიც რეა¬ლობაში ახასიათებს.
ეს კია, ამ დილით სიზმრების დარდი არ ჰქონდა. მარტი თებერვალს დღეებს ჰპარავდა, ბალახი სავარძ¬ლებიდან, როგორც ამწვანებისას, ისეთ სუნს გამოს¬ცემდა, ის კი წითელი ფანქრით ასწორებდა და ნიშნებს უსვამდა საფოსტო ბარათებს, რომლებიც ფრანგულად დაწერეს მისმა მოსწავლეებმა, ამჟამად არდადეგებზე რომ იყვნენ. ჰერო საარსებო სახსარს ჩამორჩენილი მოწაფეების მეცადინეობით შოულობდა, მაგრამ სე¬ზონი ის-ის იყო დამთავრდა, ამიტომ ყოველი ეშვის ძირში ღრძილები უფეთქავდა.
ჰერო შიმშილობდა, როგორც თევზი და მარცხენა ფეხი უწვავდა მარჯვენას, ვიდრე თვითონ გაზეთს შლიდა.
იქ ეწერა:
„ვეძებთ ფრანგული ენის მასწავლებელს ბავ¬შვების კვირაში ორჯერ სამეცადინოდ. დობრიჩინის ქუჩა 6/111“.
ნაწნავი ყურებზე ბლითებივით დაიხვია და ეზოდან შესასვლელით აღმოჩნდა დობრიჩინის ქუჩის ექვს ნომერში, მესამე სართულზე. ყოველ ბინას ჰქონდა ფანჯარა, მზიან მხარეს გაჭრილი, და კიდევ ერთი — ქარზურგა მხარეს რომ გასცქეროდა და ზაფხულობით ჩრჩილი ძაღლებსაც კი უჩნდებოდათ. ზურგით ზარის ღილაკს მიეყრდნო, ჩანთიდან საცხი ამოიღო, ყუთი ამოატრიალა და ქვედა ტუჩზე წაი¬ცხო, ქვედა ტუჩის — ზედაზე და ღილაკს თავი მია¬ჭირა. „სიმონოვიჩი“ — ამოიკითხა ზარის დაბლა მიჭედებულ დაფაზე და შევიდა. ბინაში ასე ათიოდე წლის ბიჭუნა შეუძღვა და მაშინვე მიხვდა, რომ სწორედ ეს არის მისი მომავალი მოსწავლე და, უკან რომ მიჰყვებოდა, გაიფიქრა: „ამას ტაკუნები მაღლიდან, ზედ წელთან ეწყება“.
ცოლ-ქმარმა სიმონოვიჩებმა სამფეხა სკამზე დასვეს და უპირველესად ის აცნობეს, რამდენის გადახდას აპირებენ გაკვეთილებში ყოველთვიურად. თითო ბავშვისთვის ათასი დინარი მიმზიდველად ჟღერდა და ისიც დათანხმდა.
ჰერო იჯდა, ნაწნავშემორტყმული, ენით კბილებს ითვლიდა და აკვირდებოდა, როგორ აპაჭუნებდა სიმონოვიჩი მარცხენა თვალს ყოველთვის, როცა ბგერა „რ“-ს წარმოთქმა უწევდა.
ისინი დაელოდნენ, ვიდრე შებინდდებოდა და სამ წვრილ ჭიქაში რაღაც მაგარი სასმელი ჩამოასხეს.
„ჯანმრთელობას გისურვებთ!“ — მიმართა ოჯახის უფროსმა და ორჯერ ჩაუკრა მარცხენა თვალი, თითქოს ენაში ძვლებს ითვლისო. ჰერომ იმის გაფიქრებაც ვერ მოასწრო, დროს ცუდუბრალოდ ვკარგავო, რომ მისი დამქირავებელი დიასახლისის ბაგეზე უცნაური, მავედ¬რებელი ღიმილი შენიშნა. ის ქალის სახეზე ისე ცახ¬ცახებდა, როგორც პაწაწუნა დაფეთებული მხეცი.
„ცხადია, ბავშვები ნამდვილი შტერები უნდა იყვ¬ნენ, თუ დედას ასეთი რამ სჭირს“, — დაასკვნა ჰერომ და ამ დროს ხელი ჭიქაზე მოუხვდა. რამდენიმე წვეთი კაბაზე დაეცა. იმ ადგილს დახედა, შენიშნა, ლაქა ქსოვილზე ფართოვდებოდა და აჩქარებით შეუდგა გამომშვიდობებას. ამასთან, ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ფრჩხილები თავბრუდამხვევი სისწრაფით ეზრდებოდა.
ვასიას ქუჩაზე ჰერომ ორი დიდი რვეული იყიდა და იმავე საღამოს გაამზადა მომავალ მოწაფეებთან სამეცადინოდ.
სახელმძღვანელოდ გამოიყენა, თუ როგორ ასწავ¬ლიდნენ თვითონ მას ბავშვობაში და ამიტომაც ყველა გვერდი
ვერტიკალური ხაზით ორ-ორ ნაწილად გაყო. მარ¬ჯვენა სვეტში ფრანგული ზმნების ახლანდელი და წარსული დროები უნდა ჩაეწერა, მარცხენა სვეტი განკუთვნილი იყო მომავალი დროისთვის, კავშირე¬ბითი კილოსა და პარტიციპისთვის, რომელიც იმ მოქმედებას აღნიშნავს, დროში მთავარ მოქმედებას რომ ემთხვევა.
ქუჩაში ზამთრის სინესტე ზაფხულისას ერწყმოდა და ყველა სახლის ოთახები შარშანდელ სუნს გა¬მოს¬ცემდა.
ჰერომ რვეულები აიღო და დობრიჩინის ქუჩის¬კენ გასწია პირველი გაკვეთილის ჩასატარებ¬ლ¬ად. როცა მესამე სართულზე, სიმონოვიჩების ბინისკენ ადიოდა, ქუსლებზე „ეშმაკის ნაკბენები“ სტკიოდა.
— მითხარი, დღეს რა დღეა, ოღონდ პატიოსნად! — ჰკითხა თავის აღსაზრდელს, რომელსაც ისე მისჩე¬რებოდა, როგორც გველი ბაყაყს. ის შეცბუნებისაგან გაშტერდა და ჰერომ დაინახა, როგორ დაასხა რაღაც უცნაურმა ოფლმა ბიჭს, მისკენ კვლავ ზურგით რომ შეტრიალდა. ბიჭმა ჰერო მაგიდასთან მიიყვანა, რომ¬ლის გარშემო სამი მწვანე სკამი იდგა. ნახევრად ბნელ ოთახში დღისით სანათი ენთო, ღამით კი აქრობდნენ, რადგან ღამღამობით იქ არავინ იყო. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩაის სვამდნენ და ქალი უყურებდა, როგორ ფხვნის ფრჩხილებით ბიჭი შაქრის ნატეხს ფინჯანზე, მერე თითებს იწუწნის, მერე ახალ რვეულში პირველი ფრანგული ზმნების შეტანა დაიწყეს. მაგიდაზე მათი ფინჯნების გვერდით მესამეც იდგა, ოღონდ ის არავის გამოუყენებია.
— სიკვდილის გეშინია? — მოულოდნელად ჰკითხა ჰეროს ბიჭმა.
— სიკვდილზე არაფერი ვიცი იმის გარდა, რომ თორმეტ საათსა და ხუთ წუთზე მოვკვდები.
— როგორ თუ თორმეტ საათსა და ხუთ წუთზე?
— ისე, უბრალოდ.
ჩემს ოჯახში ყველა ბუკური მენაღმე იყო. ნაღმებს ისე აწყობდნენ, რომ ისინი შუა¬დღისას ფეთქდებოდა და იქ, სადაც ისინი მუშაობდნენ, ეს ამბავი ყველამ იცოდა — საბადოებზე, რკინიგზის მშენებლობაზე და ასე შემდეგ, ამიტომ ადამიანები სულ იმალებოდნენ, როგორც კი შუადღის ზარი ჩამორეკდა. თუ ნაღმი არ აფეთქდებოდა, რომელიმე ბუკური თორ¬მეტ საათსა და ხუთ წუთზე უნდა წასულიყო და ენახა, რა მოხდა, ჰოდა, ჩვეულებრივ, ასეც იხოცებოდნენ.
— კი მაგრამ, შენ როგორღა მოკვდები თორმეტ საათსა და ხუთ წუთზე, მენაღმე რომ არა ხარ?
— სულ იოლად, თორმეტ საათზე იკეტება ქიმიის ინსტიტუტი, სადაც მე ვმუშაობ. ყველა სახიფათო ცდას, რომელთა ჩატარებასაც გვიკრძალავენ, თორმეტი საათისთვის გადავდებ ხოლმე და როცა ყველა მიდის, პირველ სანთურას ვანთებ. ყველა მეუბნება, ერიდე, შენც თორმეტ საათსა და ხუთ წუთზე არ აფეთქდეო... ახლა კი, კეთილი ინებე და გაკვეთილს მიხედე, თორემ ვერასოდეს დამოუკიდებელ ადამიანად ვერ იქცევი: სიბერემდე მამისებურად დააცემინებ და დედისებურად დაამთქნარებ...
ამას რომ ამბობდა, ჰერო მესამე, გამოუყენებელ ფინჯანს და მეორე რვეულს მისჩერებოდა, რომელიც მაგიდაზე მესამე სკამის წინ იდო და იმედგაცრუებას გრძნობდა იმის გამო, რომ მეორე ბავშვი არა და არ ჩანდა, რადგან გაზეთშიც, მშობლებთან საუბრისასაც ბავშვებს მრავლობით რიცხვში ახსენებდნენ და ფულადი ანაზღაურებაც ამისი შესატყვისი იყო. „ესენი რაღაცას ხლართავენ“, — გაიფიქრა ჰერომ, საშინაო დავალებად მომდევნო გაკვეთილი მისცა და წვიმიან ქუჩაში გამოვიდა, თან „ეშმაკის ნაკბენზე“ იბიჯებდა და კიდევ უფრო ასტკივდა.
ქუსლებზე ცეცხლი წაჰკიდებოდა.
მაგრამ ვიდრე ქუსლები დაწვას მოასწრებდა, რაღაც სრულიად მოულოდნელი მოხდა. თვე იწუ¬რებოდა, ძაღლების ქორწილების დრო დადგა და ერთ დილას დობრიჩინის ქუჩის ბინაში მაგიდაზე ფულიანი კონვერტი აღმოაჩინა. ათასის ნაცვლად, შიგ ორჯერ მეტი იდო. ესე იგი, ერთის კი არა, ორი მოსწავლის მეცადინეობის საფასური გადაუხადეს.
— ეს მეორე ათასი დინარი რაღას ნიშნავს? — ჰკითხა ბიჭს.
— ეგ კაჩუნიცასთვის.
— კაჩუნიცა ვინღაა?
— ჩვენ კაჩუნიცა გვყავს.
— ახლა ისეთს მოგაყოლებ! ვინ არის კაჩუნიცა?
— ჩემი და, — უპასუხა ბიჭმა და ისე გაიცინა, რომ ყურები კისერზე გაექცა.
— კარგი და, ეგ შენი კაჩუნიცა გაკვეთილებზე რატომ არ მოდის?
— ეგ მეც მაინტერესებს.
— ნუთუ არ იცი?
— არა.
კაჩუნიცა თვალითაც არ მინახავს.
„ამისგან სიკეთეს ნუ გამოელი“, — გაიფიქრა ჰერომ და ხმამაღლა დაუმატა:
— მოკლედ, ეგ შენი კაჩუნიცა არსებობს თუ არ არსებობს?
— მე რა ვიცი? მშობლები ამბობენ, რომ არსებობს. დედა საშინლად ბრაზობს, როცა ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება. მხოლოდ ეს ვიცი, რომ სუფრას ყოველდღე ოთხ კაცზე შლიან, თუმცა კაჩუნიცას ადგილი სულ ცარიელი რჩება.
საუზმეზე კაჩუნიცასთვის ყოველთვის ხარშავენ მეოთხე კვერცხს და ჩვენს ძაღლზე, კოლიაზე, ამბობენ, თითქოს მისი ძაღლია... ამ ზამთარს ჩვენი, ბავშვების, ოთახიდან გამომასახლეს, მშობლებმა მითხრეს, რომ ცუდია, როცა ამ ასაკის ბიჭი და გოგო ერთ ოთახში იძინებენ...
ბიჭი დადუმდა და ჰერომ შეამჩნია, რომ ის თვალმოუშორებლად მისჩერებია მესამე, თავისუფალ სკამს, მრგვალ მაგიდასთან რომ დგას.
— უცნაურია, არა? — დაუმატა ბიჭმა და ჰერომ უკვე იცოდა, რომ მარცხენა თვალი მაშინვე მოეჭუტება, როგორც კი ენა ასო „რ“-სგან აკანკალდება.
„ეს ხალხი ისეთი ამოუცნობია, როგორიც ამინდი“, — გადაწყვიტა ქალმა, მთელი ფული აიღო და გასასვლელისკენ დაიძრა.
მაგრამ როცა მომდევნო გაკვეთილის ჩასატა¬რებლად მოვიდა, მინებიან კართან ბიჭის მაგივრად დედა დახვდა. ნესტისგან თავის დასაცავად ქალი, აივანზე რომ მოაბიჯებდა, ჩამოშლილ თმაში სუნთ¬ქავდა და ოთახში შემოსული ისეთი ფრანგულით არაკრაკდა, როგორისთვისაც ჰეროს ჯერ კიდევ ოთხწლიანი სწავლის შემდეგაც ვერ მიეღწია. სტუმარი მრგვალ მაგიდასთან დასვა და სთხოვა, გაკვეთილებზე განსაკუთრებული ყურადღებით მოჰკიდებოდა საკითხებს, რომლებიც ბავშვებს უძნელდებოდათ. საუბრისას რამდენჯერმე ისე დაცქვიტა ყურები, თითქოს რაღაცას აყურადებსო. შვილებზე მრავლობით რიცხვში ლაპარაკობდა, მისი ღიმილი ახლა უფრო მეტად თრთოდა, ვიდე წინა შეხვედრაზე, ერთი ხელის ფრჩხილები კი პირდაპირ მაგიდის კიდეზე ჰქონდა ჩარჭობილი. თავზე ისე აშკარად მოუჩანდა ტკივილი, როგორც თმის გამყოფი ზოლი.
ფრანგული ენის გაკვეთილების შესახებ ისე ლაპარაკობდა, თითქოს საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს შეეხებოდა.
„სიბრალულისგან ყურები პირდაპირ ჭკნება“, — გაიფიქრა ჰერომ, როცა მას უსმენდა.
— ცხადია, ძალიან კმაყოფილები ვართ იმ წარმატებებით, რასაც ბავშვებმა მიაღწიეს, — ამშვიდებდა დიასახლისი. მაგრამ, როგორც გაირკვა, აწმყო და წარსულ დროებთან დაკავშირებით რაღაც უჭირთ, მომავალი დრო, მინდა გამოვყო, კარგად იციან. ასე რომ, შეიძლება, მის შესწავლას მაინცდამაინც დიდი დრო არ დაუთმოთ...
იჯდა ჰერო თავის გრძელ ნაწნავზე და ვერაფრით გაეგო, ეს ქალი, რომლის შესანიშნავ ფრანგულსაც ახლა ისმენდა, შვილებს რატომ თვითონვე არ მიხედავდა და ამის ნაცვლად რატომ კვებავდა მათ ცოდნის ნამცეცებით. ამ დროს ოთახის ბინდბუნდში, სადაც საუბრობდნენ, სახლის მზით განათებული მხრიდან ბიჭი შემოვიდა. დედა შეუმჩნევლად გაქრა, ჰერომ კი მთელი ყურადღება საუბრის გმირზე გადა¬იტანა. ნიკაპის მოძრაობით ანიშნა ბიჭს, დამჯდარიყო, მაგიდის ქვეშ ფეხები ფეხით გაუწია და ხელი დაავლო რვეულს ფრანგული ზმნებით — მტკიცე გადაწყვეტი¬ლებით, გაევლო მთელი მასალა აწმყო და წარსულ დროებზე. ამ წამს კვლავ იგრძნო, როგორი სისწრაფით ეზრდებოდა ფრჩხილები.
თითებზე რომ დაიხედა, ჰერომ აღმოაჩინა, რომ ფრჩხილები ნამდვილად ეზრდებოდა და რომ საერთოდ დავიწყებია რვეულის მარჯვენა სვეტზე მოცემული ყველა ფორმა, რომელთა გამოკითხვასაც აპირებდა. რომ გაეხსენებინა, რვეული გადაშალა და ფურცვლა-ფურცვლით დაუწყო ბიჭს ფრანგულის დამხმარე ზმნების აწმყო და წარსული დროების ფორმების გამოკითხვა. ბიჭი ბრწყინვალედ პასუხობდა და ჰერო გაკვირვებული იყო.
— ყველაფერი იცი, სკოლაში კი ენაგადაყლა¬პულივით ზიხარ. რა გემართება? დედა გემდურის.
— მე კი არა, კაჩუნიცას ემდურის.
— ისევ შენსას გაიძახი?
— კაჩუნიცამო, დედა ამბობს, შესანიშნავად იცის მომავალი დრო და ვერაფრით აწმყო და წარსული ვერ უსწავლიაო. მეც ვერ გამიგია, ეს როგორ ხდება, იმიტომ, რომ ძალიან იოლია, გაცილებით იოლი, ვიდრე მომავალი... მაგრამ დედა ამბობს, თქვენ იმისთვის მოგიწვიეს, რომ კაჩუნიცას ამის გაგებაში დაეხმაროთ...
ჰერომ ყურადღებით შეხედა ბიჭს, ნაწნავი წელზე შემოირტყა და წავიდა. შემდეგ მოსვლაზე მოდის მიხედვით ორფრად შეღებილი თმით გამოცხადდა და ბიჭს დაავალა, ეთარგმნა ათი ლექსი გაკვეთილიდან ჰეროსა და ლეანდრზე, რომლის რიგმაც ფრანგული ენის სახელმძღვანელოს მიხედვით მოუწიათ.
ბიჭი დინჯად კითხულობდა ფრანგულ ტექსტს, რომელიც სინამდვილეში ერთი ძველი ბერძნული პოემის თარგმანი იყო:

თანტ ქუე ჰერო ტინტ სონ რეგარდ ბაისსე
ვერს ლა ტერრე,
ლეანდრე, დე სეს ყეუხ დ’ამოურ,
ნე სე ლასსა პას
დე რეგარდერ ლე ცოუ დელიცატ დე ლა ჯეუნე
ფილლე...

ამ ადგილას სახელმძღვანელოში ტექსტს სურათი მოსდევდა, ამიტომ ბიჭი გაჩუმდა.
— და რაზე ცურავს ის? — იკითხა მან.
— რა სულელური შეკითხვაა? რაზე შეიძლება იცურაო, გარდა ზღვის ტალღებისა?
— შენკენ მოცურავს? შენ ხომ ჰერო ხარ?
— ჰო, ჰერო ვარ და ხელებსა და ფეხებზე ფრჩხილებს ვიკვნეტ, შენთვის კი, ახალგაზრდა ბატონო, ეს აკრძალულია.
— ლეანდრმა შენკენ რატომ გამოცურა?
— იმიტომ, რომ ჰერო შეუყვარდა. ქალი კი, ვიდრე ის მოცურავდა, უნათებდა.
— მერე, არ გეშინია იმისი? რა მოხდება, შენამდე თუ მოცურდება?
— კიდეც რომ გიპასუხო, ვერაფერს მიხვდები, — უპასუხა ჰერომ, რომელსაც წყვილი მკვრივი ძუძუ ჰქონდა, როგორც ყური, ისეთი ღრმა ჭიპი და ბეჭდები ფეხის თითებზე.
— ბოლოს რა დაემართა? გაცურა?
— წაიკითხე და გაიგებ... ვერ გაცურა. ამბობენ, რომ ჰეროს ძმამ ნავის ანძაზე ლამპარი აანთო და ამ შუქით ლეანდრი ღია ზღვაში გაიტყუა, მერე ლამპარი ჩააქრო და ნაპირზე დაბრუნდა, ლეანდრი კი სიბნელეში დასახრჩობად მიატოვა ჰეროსგან შორს, შორს.
— აი, ეს მომწონს! ძმამ დაგიცვა!
— სულ სისულელეებს გაიძახი. ჩემი ძმა პრაღაშია, იქ მუსიკას სწავლობს და გიჯობს, თავი დაანებო. კითხვა განაგრძე და ყურადღებით იყავი, თორემ ხვალ ცუდ ფეხზე ადგები...
მაგრამ მეორე დღეს თვითონ ჰერო ადგა ცუდ ფეხზე, მარცხენაზე. იმ შეგრძნებით გაიღვიძა, რომ ენა ორად გაეყო, როგორც გველს, მგრძნობელობა კი მხოლოდ მარცხენა ნაწილს შემორჩა.
მარჯვენას გამოყენება შეუძლებელი იყო. ადგა, ოდეკოლონი „ველური წყალი“ იპკურა, მაგიდიდან ნაწნავით მტვერი გადმოასუფთავა და გამოსაშვები, სადიპლომო გამოცდისთვის მზადება დაიწყო. მეცადინეობა თავიდან კარგად აეწყო, მაგრამ მერე შეფერხდა. მაშინ ჰერომ გადაწყვიტა, მოწაფეების რვეულები შეემოწ¬მებინა. და აქ აღმოაჩინა, რომ თვითონაც ვეღარ ერკვევა აწმყოსა და წარსულ დროებში.
უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, რვეულის გვერდის მარჯვენა მხარის ყველა ფორმა ნამდვილ თავსატეხად ეჩვენებოდა. მარცხენა მხარე კი, პირიქით, გაცილებით უფრო გასაგები გახდა; შეიძლება ითქვას, ასე კარგად არასოდეს სცოდნია არა მარტო ფრანგულის, არამედ თვით მშობლიური ენის მომავალი დროც კი.
მის განსაკუთრებულ ყურადღებას ეგრეთ წოდებული მეორე მომავალი დრო იპყრობდა. იგრძნო, რომ ზოგი ადამიანი დროს იმ ბოლოდან გამოხრავს ხოლმე, რომლითაც ყველაზე ახლოს არის აწმყოსთან და მერე გზას აქედან იკვლევს, სხვები კი, ხოჭოსავით, იმთავითვე გულში უძვრებიან და მერე ნახვრეტებს ტოვებენ. ამ ფიქრების გადამკიდე ჰეროს მოეჩვენა, რომ თავზე ორნაირი თმა აქვს და ცოტას ამოვისუნთქავო, გადაწყვიტა.
თაროზე დობრიჩინის ქუჩაზე პირველად მისვლისას დალაქული კაბა იპოვა და გასაწმენდად წაიღო.
„ადამიანს მოულოდნელად წაადექი თავს და იხილავ ცხოველს! — ფიქრობდა გზად, ხოლო თუ ვინმე შენ წაგადგება თავს, როცა არ ელი, დაუკვირდი, შენში ყველაზე ადრე და სწრაფად რა გამოეხმაურება საფრთხეს და მოულოდნელობას: ხმა, ხელი, ფიქრი, გამოხედვა, თმა, ნერწყვი, სხვა გემო რომ მიეცა, თუ ოფლი, რომელმაც სუნი შეიცვალა... და შეეცადე, და¬ა¬ცხრო ეს, თუ უკვე გვიან არ არის. ეს ავანგარდია, მო¬წინავე რაზმი, პირველი ნიშანი იმისა, რომ საფრთხე გემუქრებაო...
საქმე ის არის, რომ მაშინ, როცა სიმონოვიჩების მაგიდასთან სასმელი გადაესხა, ჰეროს სხეულის არც ერთ ან თითქმის არც ერთ ნაწილს რეაქცია არ ჰქონია, მხოლოდ ხელი მოუხვდა ჭიქაზე შემთხვევით და ამ ხელზე უჩვეულოდ სწრაფად დაეწყო ფრჩხილების ზრდა. ეს იყო ერთადერთი საგანგაშო ნიშანი, რომელიც ახლა, ნახევარი წლის შემდეგ გააცნობიერა. ახლა, როცა, ყველაფრიდან გამომდინარე, უკვე გვიან იყო და ჰერო მოულოდნელობამ გააოგნა, ცუდ ფეხზე მდგომი შიშით შეჰყურებდა წამოზრდილფრჩხილებიან ხელს, რომელსაც თავის დროზე ყური არ მიუგდო.
— ღრუბლებში დაფრინავ? — ღვარძლიანად ესროლა ერთ-ერთმა კოლეგამ ფაკულტეტიდან და, რომელი საათიაო, ჰკითხა.
ჰეროს უნდოდა, კითხვაზე პასუხის გაუცემლად გაეგრძელებინა გზა ქარის ორ ნაკადს შორის, კალემეგდანიდან რომ უბერავდნენ, მაგრამ უცბად პასუხი წამოცდა, თანაც მომავალ დროში:
— მალე თორმეტი საათი და ხუთი წუთი იქნება.
— ფრთხილად, თორმეტ საათსა და ხუთ წუთზე რამე არ მოგივიდეს, დღეს მეტისმეტად დაბნეული ხარ, — უპასუხა კოლეგამ და გაშორდა. ჰერო კი მთლად გაოგნებული დატოვა. უეჭველია, მისი ფრანგული ენის დაავადება, აწმყო დროის დამბლით რომ გამოიხა¬ტებოდა, მშობლიურ ენასაც გადაედო.
„რა დაემართება ახლა ჩემს ახლანდელ დროს, რაკი მე მას ვტოვებ? — თავის თავს ეკითხებოდა შეშინებული ჰერო, — ვინმე სხვასთან ხომ არ გადაინაცვლებს? ნუთუ ვიღაც უცხო მასთან ერთად ჩემს მოგონებებსაც მიიღებს, მემკვიდრეობით გადაეცემა ჩემი წარსული?..“
და მართლაც, ჰერომ რაღაც სხვა ენაზე დაიწყო მეტყველება, მისი თანამედროვეების ენისგან განსხ¬ვა¬ვებულზე, თუმცა ეს ენა იგივე იყო. თავს ისე გრძნობდა, თითქოს ხომალდზე იყო, რომელიც გაშლილ ზღვაში ერთ ადგილას იდგა იმის გამო, რომ „სამკაპა“ — ჩიტი მისი სიზმრებიდან — თავისი ვეებერთელა ფრთებით ხელს უშლის ქარს, მისწვდეს აფრებს, რომლებმაც გემი უნდა აამოძრაონ. ტანსაცმელზე ღილების მაგივრად პატარა საათების მიკერება დაიწყო, მაგრამ ამანაც ვერაფერი უშველა. სადიპლომო გამოცდა ვერ ჩააბარა, რადგან ბილეთში მოცემული ცდა ისე აღწერა, რომ ვერაფრით გაიგებდი, რომელი მოქმედება ადრე ხდე¬ბოდა და რომელი გვიან. ფრჩხილებს, ცოფიანებივით რომ ეზრდებოდა არანორმალური სისწრაფით, ყველგან იჭრიდა, სტუმრად ყოფნისასაც კი.
თუმცა მასპინძლები აპროტესტებდნენ, აქაოდა, ეს უბედურებას მოგვიტანსო.
დობრიჩინის ქუჩაზე აღარ დადიოდა, რადგან ბიჭუნამ რვეულის მარჯვენა მხარე მასზე გაცილებით უკეთ იცოდა.
თავი კი იმაში დაიჭირა, რომ უფრო და უფრო ხშირად დაუწყო ბიჭს გამოკითხვა თავისთვის ახლობელ და კარგად ათვისებულ მომავალდროიან მარცხენა მხარეზე. მაგრამ უმთავრესი მიზეზი, რისთ¬ვისაც დობრიჩინის ქუჩის სახლში სიარული შეწყვიტა, სხვა იყო, თანაც გაცილებით მნიშვნელოვანი. ეშინოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მრგვალ მაგიდასთან ბიჭს კი არა, კაჩუნიცას დაინახავდა, რომელიც პირის ნახევრით მოღიმარი ხელში ათამაშებს ბეჭედს და ამ ბეჭდის ქვა თავის ანარეკლს პირდაპირ ჰეროს თვალისკენ ისვრის. ჰეროს ეშინოდა, რომ ეს არ გააკვირვებდა და, თითქოს არაფერი მომხდარაო, გოგონას გაკვეთილის ახსნას დაუწყებდა. იმისიც ეშინოდა, რომ ვერ შეძლებდა, კაჩუნიცასთვის აწმყო დრო ესწავლებინა, რადგან ამისი თვითონაც ვერაფერი გაეგო და არა მარტო ეს აშინებდა. ისინი, ორივენი — ჰერომ კი ეს იცოდა და აშინებდა — სულ იოლად იპოვიან საერთო ენას თავიანთ მომავალ დროში, უკვე განსაზღვრულ, მაგრამ ჯერ კიდევ დაუწყებელ საქმეებში, გართულები ებრაული ბლის ღვინის დამზადებით, რომელსაც არავინ სვამს, რადგან იმით სხვა ღვინოებს ფერავენ. და მესამე სკამი, ის, რომელზეც ახლა ბიჭუნა ზის, აწმყო დროის სკამი, თითოეული მათგანისთვის სამუდამოდ ცარიელი დარჩება.
ყოველივე ამაზე რომ ფიქრობდა, მზერა შემთხვე¬ვით წიგნის თაროსკენ გაექცა და იქ სიზმრების საინ¬ვენტარიზაციო წიგნი დაინახა.
ნაწნავით აბლაბუდა მოაცილა, გადაშალა და მეხდაცემულივით გაშეშდა. ყველაფერი აშკარა იყო. სიების შესწავლისას ჰერომ აღმოაჩინა, რომ სიზმრებში აწმყო დრო არ არსებობს, იქ ჩნდება რაღაც მიმღეობისნაირი, სიზმრის მხილვე¬ლის აწმყოში მოცემულ რეალობას რომ შეესაბამება, ჩნდება იმ მოქმედების სახით, რომელიც სიზმრის დროის თანხვდენილია. სიზმრების ლინგვისტიკა არა¬ორაზროვნად მიანიშნებდა, რომ არსებობს სიზ¬მარში მიმდინარე დროის მიმღეობა და რომ გზა რეალობაში მიემართება მომავლის გავლით, თანაც სწორედ სიზ¬მრის სახით. სიზმრებში ხომ წარსული დრო არ არ¬სე¬ბობს. იქ ყველაფერი გახსენებს რაღაც ჯერ კიდევ არ¬მომხდარს, რაღაც უცნაურ ხვალეს, რომელიც ამ ზმნე¬ბამდე დაიწყო. გაგონებს ავანსს, მომავალი ცხოვ¬რე¬ბიდან აღებულს, რაღაც მომავალს, რომელიც ხორცს ისხამს იმის წყალობით, რომ მძინარე (იზოლი¬რე¬¬ბული მომავალ დროში) გაექცა გარდაუვალ „ახლა“-ს.
ასე და ამგვარად, ყოველივე მარტივი და ნათელი გახდა.
ჰეროს ენაში იყო განმასხვავებელი შტრიხები და ნაკლოვანებები სიზმრების გრამატიკისა, რომელ¬საც გულდასმით იკვლევდა საინვენტარიზაციო წიგნში. არ არსებობდა აწმყო დრო. ასე მიხვდა ჰერო, როგორ წარმოიშვა მისი ენობრივი დაავადება, რისი მიზეზიც ის იყო, რომ მას სულ სძინავს და არ შეუძლია, სიზმრი¬დან ცხადში გამოაღწიოს.
ჰერო ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობდა გამოფხიზლებულიყო, მაგრამ ყოველივე ამაო გამოდგა და მან, პანიკით შეპყრობილმა, გადაწყვიტა, რომ განთავისუფლების მხოლოდ ერთი გზა რჩება. თორმეტ საათსა და ხუთ წუთზე, როგორც კი ქიმიის ინსტიტუტი დაიკეტება, ის მას ჰაერში ასწევს და მაშინ გაიღვიძებს, რათა, თუ ფხიზლობს, მოკვდეს ან რათა იცოცხლოს, თუ სძინავს.
— ეს უნდა გავაკეთო, — ცხვირში დუდუნებდა ჰერო, რომელიც ჩიკა-ლუბის ქუჩაზე მიაბიჯებდა. აქ შენიშნა, რომ ჯერ ადრეა და თორმეტ საათსა და ხუთ წუთამდე მთელი ნახევარი საათია დარჩენილი.
ამ დროს სწორედ იმ ქიმწმენდას უახლოვდებოდა, სადაც კაბა ჩააბარა.
„შევივლი და ფულს გადავიხდი, სულერთია, დრო მაქვს“, — გაიფიქრა და ასეც მოიქცა.
— აი, მზად გახლავთ, — უთხრა კაცმა ქიმწ¬მენ¬დიდან, — მხოლოდ, მინდა, ყურადღება მიაქციოთ, რომ ლაქა არაფერ შუაში იყო. ის, რაც თქვენ ლაქა გეგონათ, აი, აქ, მარჯვნივ, უბრალოდ, ერთადერთი სუფთა ადგილი იყო მთელ კაბაზე...
„ეს ტიპი, შეიძლება, მართალიც არის, — გადა¬წყვიტა ქუჩაში გამოსულმა ჰერომ, — ეშმაკსაც წაუღია ეს რვეულის მარცხენა მხარე! სულერთია, ის ყოველ¬თვის უფრო ჭუჭყიანი იქნება, ვიდრე მარჯვენა!“ ეს დასკვნა რომ გამოიტანა, ჰერომ გეგმები შეცვალა და, იმის ნაცვლად, რომ ინსტიტუტში წასულიყო და ზუსტად თორმეტ საათსა და ხუთ წუთზე აეფეთქებინა, პირდა¬პირ დობრიჩინის ქუჩაზე, სიმონოვიჩებისკენ გასწია ფრანგული ენის გაკვეთილის ჩასატარებლად.
ქალბატონმა სიმონოვიჩმა გამარჯვებულის სახით, თავმოყვარეობა დაკმაყოფილებულმა და საზეიმოდ, როგორც ეკლესიასთან, მიიყვანა ბატონ სიმონოვიჩის ღიმილთან; ჰეროს დაბრუნება ორივემ გამარჯვებად მიიჩნია, ბიჭუნა მთელი ოჯახის თანდასწრებით მიუსვეს მრგვალ მაგიდას პირქუშ სასტუმროში, ხოლო მესამე სკამი, კაჩუნიცასთვის განკუთვნილი, როგორც მუდამ, ახლაც თავისუფალი დარჩა და აი, აქ, ყველასთვის მოულოდნელად, ჰერომ მაგიდისკენ მიაჩოჩა მეოთხე სკამი, თავში კი გაუელვა: „მოგიწევს ჩემი ხუმრობის გადახარშვა!“
— ეს ვისთვის გინდათ? — დაბნეულად იკითხა ბიჭუნას დედამ და მისი ღიმილი ისე აცახცახდა, როგორც შეშინებული მხეცუნა.
— ლეანდრისთვის, — მშვიდად უპასუხა ჰერომ, — უკვე მოცურდა და დღეიდან გაკვეთილებს ჩემთან, კაჩუნიცასა და თქვენს ბიჭუნასთან ერთად ისიც დაესწრება.
ახლა მე ყოველ დილას, საუზმეზე, ლეანდრისთვისაც ვხარშავ ერთ კვერცხს.
და ამ დროს ჰერომ იგრძნო, ჯადოქრობა, სიზმარი თუ ფანტაზია, — ვინ იცის, რა იყო ეს, — სულ თან რომ სდევდა, უცბად საპნის ბუშტივით გასკდა.
— შენ რას მომშტერებიხარ? — თქვა, ბიჭს მიმართავდა, გაიცინა და იმავე დღეს პრაღაში, ძმასთან გაემგზავრა.

2.
ჰეროს გადაწყვეტილება პრაღაში წასულიყო და სწავლა გაეგრძელებინა, სულაც არ ყოფილა ისე ნაუცბადევი, როგორც ჩვენ გვეჩვენება. უკვე დიდი ხანია, გრძნობდა იმის აუცილებლობას, რომ ცხოვრების წესი უნდა შეეცვალა. მართალია, ჰერო ულამაზესი ქალიშვილი იყო, საოცარი, გედივით გრძელი კისერი ჰქონდა და მისი ერთი თვალიდან დღე იყურებოდა, ხოლო მეორედან ღამე, ის მარტოსული იყო. უკვე დიდი ხანია უნდოდა, მარტოხელას ცხოვრებიდან, ბელგ¬რადში რომ ჰქონდა, ყველა მისი სიზმრით, ხეტიალითა და უცნაურობით, მეოთხე კვერცხითა და მესამე სკამით, მოწესრიგებულ ოჯახურ ყოფაში გადაენაცვლა, რისი შესაძლებლობაც პრაღისკენ ეწეოდა, სადაც მისი ძმა, პრაღის კონსერვატორიის სტუდენტი მანასია ბუკური, ამქვეყნად მისთვის ერთადერთი ახლობელი ადამიანი ცხოვრობდა. ჰეროს ის უკვე სამი წელი არ ენახა და ამის ატანა უჭირდა. სხვათა შორის, იმიტომაც, რომ მათი შტოს ბუკურების უკანასკნელმა წარმომადგენელმა რომელიღაც ქვასატეხზე დიდი ხნის წინ დაასრულა თავისი ცხოვრების გზა ზუსტად თორმეტ საათსა და ხუთ წუთზე. მარტოობისგან გადაქანცული ჰერო ძმას წერილებით უკავშირდებოდა, თუმცა ეს მიმოწერა, სულ ცოტა, უცნაური მაინც იყო.
ამასთან, უნდა ითქვას, რომ ჰეროს მწერლობის ამბიცია ჰქონდა, ოღონდ გამომცემელთაგან არავის მისი ხელნაწერები არ აღაფრთოვანებდა.
მაშინ გადაწყვიტა, ხელი მთარგმნელობისთვის მიეყო და აქ უფრო გაუმართლა. ეს კია, ყოველ წიგნში, რასაც თარგმნიდა, ანუ ანატოლ ფრანსის, პიერ ლოტის თუ მუზილის რომანებში, ჰერო მისგანვე შეთხზულ და გამომცემლებისგან უარყოფილ რომელიმე ნოველას ან მათ ფრაგმენტებს ჩაურთავდა ხოლმე და, ბოლოს და ბოლოს, სხვა მწერლების რომანების თარგმანებში გამოქვეყნებული აღმოაჩინა მთელი თავისი კრებული.
როგორც კი მისი ნათარგმნი მორიგი რომანი გამო¬ვიდოდა, სულერთია, ცალკე წიგნად თუ გაგ¬რძელე¬ბებით ნაბეჭდი, გაზეთის ლიტერა¬ტურულ ჩანართსა ან ჟურნალში, ჰერო სხვის ტექსტში ჩართულ ნაწყვეტს ტუჩსაცხით მონიშნავდა და ძმას პრაღაში უგზავნიდა. საინტერესოა, რომ ამ ნაწყვეტებს ყოველთვის რაღაც ფარული აზრი გასდევდა, მხოლოდ ამ ორისთვის გასაგები. ჰეროს პოეზია არ უყვარდა. ამბობდა, რომ მწერლისთვის ლექსი განაჩენია, ხოლო პროზა — შეწყალება. და-ძმის მიმოწერის მაგალითად გამოდ¬გებოდა ნოველა, რომელიც ჰერომ — გუ¬გუ¬ლივით, კვერცხს სხვის ბუდეში რომ დებს — ანატოლ ფრანსის ერთ-ერთი რომანის თუ რომელიღაც სხვა წიგნის მისეულ თარგმანში ჩადო:

მოთხრობა კაპიტან ფონ ვიტკოვიჩზე
„1909 წლის იმ ადრიანი შემოდგომის დილით ავს¬ტრია-უნგრეთის არმიის საინჟინრო ჯარების კაპიტანმა, მისმა კეთილშობილებამ, ბატონმა პეტარ ფონ ვიტკოვიჩმა სამხედრო საყვირის ხმაზე თავისი ლოგინის ნაცვლად ვიღაცის უცხო სულში გაიღვიძა.
ერთი შეხედვით, ეს სული ფართო იყო, ცუდად განიავებული და გვარიანად დაბალჭერიანი, მოკლედ, ჩვეულებრივი სული იყო, მაგრამ, ამასთან, უეჭველია, სხვისი. განათება აქ ცოტა უკეთესი იყო, ვიდრე წინაში, კაპიტან ფონ ვიტკოვიჩის საკუთარ სულში, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, კაპიტანი სულაც არ იყო დარწმუ¬ნებული, ამ სხვის სულში უცბად შვერილს ან კედელს რომ არ მიეჯახებოდა.
თუმცა ბატონი კაპიტანი მიიჩ¬ნევ¬და, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, თავის დროზე შეაბიჯო მეხუთე ათეულ წელში, ახლა თავს მაინც უხერხულად გრძნობდა. ბუნებრივია, მაშინვე შენიშნა ცვლილება, რასაც ვერ იტყვი მის მხლებელ სამხედროფორმიან, შაშხანებიან ორ მამა¬კაცზე, რომლებიც ვერაფერს ამჩნევდნენ. ზუსტად ასე ვერ შენიშნეს ცვლილებები სამხედრო პროკუ¬რორმა, ბატონმა პოდპოლკოვნიმა კოხმა, გამომძიებელმა, მაიორმა ფონ პალანსკიმ, რომელსაც კაპიტან ფონ ვიტკოვიჩის დაკითხვებზე უწინდებურად ეწყებოდა სულის ხუთვის შემოტევები. ყოველთვის, როდესაც გამოძიების ქვეშ მყოფი თავის ჭეშმარიტ სახელებს არქმევდა იმ მოვლენებს, პირებს და საგნებს, პროცესს რომ უკავშირდებოდნენ.
საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების სი¬ფხიზ¬ლის ესოდენ მოდუნების მიუხედავად, ანდა, იქნებ, სწორედ ამის წყალობითაც, კაპიტან ფონ ვიტკოვიჩის საქმე სულ უფრო მეტად იხლართებოდა.
გარდა იმისა, რომ სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი (უცხო სახელმწიფოს, კერძოდ, სერბეთის სამეფოს სამხედრო წრეებთან კონტაქტისათვის) და ძალიან მალე მატარებ¬ლით გადაიყვანდნენ ვენიდან პეტროვარადინში, იმ ადგილას, სადაც სასჯელის მოხდა მოუწევდა, ახლა სხვის სულთან დაკავშირებული დამატებითი უხერ¬ხულობებიც შეექმნა. ამასთან, უხერხულობა, სულ ცოტა, ორი იყო. უპირველესად, თავს უსვამდა შეკი¬თხვას — რისი უფლებაც, ბუნებრივია, ჰქონდა, — სად არის მისი საკუთარი სული და რა სჭირს მას იმ დროს, როცა თვითონ, გრძელი წვრილი ჯაჭვით დაბორკილი, ორი ბადრაგის თანხლებით სხვისი სულის გავლით (რომელიც ახლა მას გადაეცა) პეტროვარადინისკენ მიემართება.
ამ უცხო სულში თავს სულ უფრო და უფრო ცუდად გრძნობდა (და ახლა ამაში საეჭვოც აღარაფერი რჩებოდა). არ იცოდა, ამ სულში გზა როგორ გაეგნო. წარმოდგენა არ ჰქონდა, არსებობს თუ არა სამხედრო კომპასი, რომელიც სხვის სულში გადაადგილებისას ორიენტირებისთვის არის განკუთვნილი.
ამ ფიქრებისგან შემკრთალმა ბატონმა კაპიტანმა ფონ ვიტკოვიჩმა უცბად ვაგონის ფანჯრის მინაზე საკუთარი სახის ანარეკლში თავისი მამის დაღლილი თვალები დაინახა და იმავ წამს შეკითხვაც დაებადა: მაინც რა ხდება ამ სულის პატრონის თავს, სულისა, რომელიც ახლა მისი კომპეტენციის სფეროში აღ¬მოჩნდა? რას საქმიანობს, ვინ არის, სად ცხოვრობს ის და როდის გამოაძევეს საკუთარი სულიდან, რომელიც მერე სხვას გადასცეს? ყველაზე უსიამოვნო კი ის იყო, რომ ბატონ კაპიტანს წარმოდგენაც არ შეეძლო — ამ სხვის სულს, რომლის ფსკერზეც ახლა თავისი ციხის მკბენარებიანად მატარებლით მგზავ¬რობს, როგორი რეაქცია ექნება მის ჩვევებსა და ახლან¬დელი, ახალი ყოფის არცთუ მარტივ დეტალებზე.
უცნობი იყო, მაგალითად, როგორი დამოკიდე¬ბულება ექნება ამ სულს მისი ქრონიკული კბილის ტკივილის ან იმ ფაქტის მიმართ, რომ იძულებულია, დროდადრო ნახშირზე შეწვას და ჭამოს ციხის თაგვები?
ამ დროს ბატონ კაპიტანს ფიქრი ვიღაცის მაღალ¬ტემბრიანმა ხმამ გააწყვეტინა, რომელიც მატარებელში მის ზურგს უკან ისე სევდიანად ამღერდა, როგორც სუფთად დაბანილ თმებს შორის. და, თითქოს ამ ხმას გამოეპასუხაო, ბატონ კაპიტან ფონ ვიტკოვიჩს კბილის ტკივილმა უმატა, სხვისი სული კი, ამჟამად მისთვის ბოძებული, ყველა სიმით აჟღერდა. ასე შეიტყო ბატონმა კაპიტანმა, რომ ეს სული მუსიკალურია, რასაც ვე¬რაფრით იტყოდით მის საკუთარზე... და მაშინ მისმა კეთილშობილებამ, კაპიტანმა ფონ ვიტკოვიჩმა გადა¬წყვიტა, გაერკვია, მაინც რას წარმოადგენს ეს ახალი სული; მოეჩხრიკა მისი უცნობი კუნჭულები, რომლებიც, უეჭველია, ექნებოდა და რომლებიც კაპიტნისთვის, ბუნებრივია, საერთოდ უცხო იყო და აი, ჯაჭვშებმული, ვაგონის სკამზე მჯდომი, მის დათვალიერებას შეუდგა.
სხვის სულში გადაადგილება რომ დაიწყო (არსები¬თად ბრმად, მოცემულ სიტუაციაში ერთადერთი შესაძ¬ლო საშუალებით), ბატონი კაპიტანი ფონ ვიტკოვიჩი ფანჯარას წააწყდა. უჩვეულებრივესი ფანჯარა („ვახ, ვახ, სულს, როგორც ჩანს, შეიძლება ფანჯრები ჰქონ¬დეს“, გაიფიქრა და ფანჯარაში გაიხედა).
იქითა მხარეს არაფერი იყო. აბსოლუტურად არაფერი. ოღონდ თვითონ ფანჯარას, სხვის სულში გაჭრილს, სულ ახალი დანიშნულება ჰქონდა, ისეთი, როგორიც კაპიტან ფონ ვიტკოვიჩის ცხოვრებაში არც ერთ სხვა ფანჯარას არ ჰქონია. ეს, უბრალოდ, ფანჯრის ჩარჩო კი არ იყო, ჯვრის ფორმის ხის ალათით, შუაში კი საკეტით (ანუ სახელურით) — ფანჯარა წარმოადგენდა ბატონ ფონ ვიტკოვიჩის და საერთოდ, დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის დროისა და ცხოვრების ახსნა-განმარტებას. გაუსის თანამედროვემ, XVIII ასწლეულის ცნობილმა ფიზიკოსმა ათანასიე სტოიკოვიჩმა ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ იცოდა, რომ არსებობს არა ერთი მარადისობა, არამედ ორი და იგივე მშვენივრად უწყოდა კაპიტანმა ფონ ვიტკოვიჩმაც, რადგან ფიზიკა სამხედრო სასწავლებლის პროგრამაში შედიოდა. ახლა ეს ორი მარადისობა ფანჯრის ჩარჩოს ცენტრალური შვეული თამასით იყო წარმოდგენილი. დრო კი ჰო¬რიზონტალურით.
მარადისობისა და დროის გადაკვე¬თის ადგილი აღინიშნებოდა სახელურით, ანუ ფანჯრის საკეტით. აქ იყო საიდუმლო, იმავე ცხოვრების გასა¬ღები. ზუსტად აქ, ფიქრობდა ბატონი ფონ ვიტკოვიჩი, რადგან სწორედ სამყაროს ამ ნაწილში ისწავლა დრომ გაჩერება. შეიძლება ზუსტად აქ საქმე გვაქვს რომელი¬ღაც მოთვინიერებულ დროსთან. ცხოვრება მხოლოდ ისეთ დროშია შესაძლებელი, რომელიც წამით შეჩერდა და შეუძლებელია მაშინ, როცა ის მოუთვინიერებელი მიედინება.
თუ შევიმეცნებთ, რომ მარადისობა გარდამოდის ჩვენზე, როგორც ღვთის წყალობა, როგორც ნათლის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც არ ბერდება (ასე მიიჩ¬ნევ¬დნენ ბიზანტიელი ბერები), ხოლო დრო გამოდინ¬დება სატანისგან, რომელიც ტაძრის მარცხნივ არის, მაშინ ნათელი გახდება, რომ განსაზღვრულ ადგილას უნდა არსებობდეს მარადისობა და დროის ოქროს კვეთი. ჯვრის იმ ადგილზე, სადაც ერთმანეთს კვეთენ დრო და მარადისობა, დრო წამით შეჩერდება იმისთვის, რომ მარადისობამ აკურთხოს... და ეს წამია აწმყო.
აწმყოს ფარგლებს გარეთ — როგორც წარსულ, ისე მომავალ დროში — სიცოცხლე არ არის, არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება.
მაშ, ასე, ჩვენ აქ ვიმყოფებით, რადგან სამყაროს ამ ნაწილში დრო ჩერდება და სწორედ ამით ხდის შესაძ¬ლებელს ჩვენს სიცოცხლეს. ალბათ, დასაშვებია, წარმოვიდგინოთ დროც, რომელსაც არა აქვს შესაძ¬ლებლობა, გადაიკვეთოს მარადისობასთან და აქედან გამომდინარე, შესაძლებლობა — შეჩერდეს. ამიტომაც მას არ აქვს აწმყო, რის გამოც უნაყოფოა. ჩვენ არ შეგ¬ვიძლია სამყაროს ასეთ ნაწილში ყოფნა, რამდენადაც ჩვენი უმთავრესი განმასხვავებელი თვისება სიცო¬ცხლეა, რაც შეეხება სიკვდილებს, მათ ძალუძთ, ისრი¬ალონ დროის ღერძზე — როგორც ზევით, ისე ქვევითაც. 
ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ კითხვაზე: „საიდან ჩნდება დრო?“, პასუხი ასეთია: დრო სიკვ¬დი¬ლის¬გან მოდის, რადგან იქამდე, ვიდრე არსებობს სიკვდილი, იარსებებს დროც. როცა სიკვდილი გაქრება, გაქრება დროც. ასე რომ, სიკვდილი ობობას, ძაფის მქსოვლის, მსგავსად ქსოვს ჩვენს დროს.
იმიტომ, რომ თუ სიცოცხლე იქ არის, სადაც დრო შეჩერებულია აწმყოს მომენტში, არ იძვრის, სიკვდილი იმ ნაწილში გვე¬ცხა¬დება, რომელშიც დრო მიედინება. ესე იგი, დრო სიკვდილის გავლით მიედინება და ჩერდება სიცო¬ცხლე¬ში. ზუსტად იმ წერტილში, სადაც სულის ფანჯრის ალა¬თის ჯვარედინზე გადაიკვეთება მარადისობა და დრო...
ამ დროს ბატონმა ფონ ვიტკოვიჩმა იგრძნო, რომ ჯაჭვს კანი გადაუყვლეფია, და შემდგომი ძიებები შეწყვიტა.
იგი არ ეკუთვნოდა იმათ რიცხვს, ვისაც მსგავსი ფიქრები და ძიებები დიდხანს აწვალებს. სამ¬დღიანი მგზავრობის შემდეგ ისინი, წვერმოთელილები და ფეხებგაშეშებულები, პეტროვარადინში ჩავიდნენ. ვეებერთელა მდინარის სანაპიროზე გაშენებული ეს ქალაქი უკანასკნელი იყო, რაც თავის სიცოცხლეში ბატონმა კაპიტანმა დაინახა. მაშინ ბადრაგთაგან ერთ-ერთისგან გაიგონა სიტყვები, რომლებიც ერთსა და იმავე დროს შეიძლებოდა აღგექვა, როგორც დამშ¬ვიდება, მუქარა და მორალიც კი.
— ადამიანის ცხოვრება უცნაური რბოლაა: მიზანი გზის ბოლოს კი არ არის, არამედ სადღაც შუაში, შენ კი გარბიხარ, გარბიხარ, იქნებ კარგა ხანია, გვერდზე ჩაუქროლე, მაგრამ თვითონვე არ იცი, ვერ შენიშნე, როდის მოხდა ეს.
ჰოდა, ვერც ვერასოდეს გაიგებ. ამიტომაც განაგრძობ სირბილს...
პატიმარს ჯაჭვი შეხსნეს და მისადგმელი კიბით ჩაუშვეს მიწისქვეშა საკანში, სადაც მუდმივი შემოდგომა გამეფებულიყო, უფრო სწორად, მუდმივი შემოდგომის ღამე, რადგან აქ დღის შუქი ვერ აღწევდა. ვიდრე საკანს თავს დაახურავდნენ, ბატონმა კაპიტანმა ფონ ვიტკოვიჩმა მოასწრო, დაენახა ჯარისკაცური საწოლი, ნესტისგან მთლად შეჭირხლული; კედელზე — კათო¬ლი¬კური ჯვარცმა (თუმცა თავად ბატონი კაპიტანი მარ¬თლმადიდებელი იყო) და დიდი გისოსები, მთლიანად რომ ფარავდა სარკმელს, რომელიც ჩაბნელებულ მიწისქვეშა დერეფანს გაჰყურებდა. ფანჯარასთან მაგიდა იდგა, რომელზეც ჩამქრალი სანთელი, საწერი ქაღალდი და ფირმა „კორონას“ საბეჭდი მანქანა შენიშნა. საწოლზე იდო ბიბლია ჩეხურ ენაზე (თუმცა ბატონი ფონ ვიტკოვიჩი სერბი იყო).
როცა ჭერზე თავსახური რახუნით დაეშვა, ბატონ ფონ ვიტკოვიჩს ორი შემაძრწუნებელი აზრი გაუჩნდა. ჯერ ერთი, აქვს კი ვინმეს უფლება ან შესაძლებლობა (იურიდიული თვალსაზრისით), პატიმრობა მიუსაჯოს სხვის სულს (დაე, თუნდაც მასში ამჟამად პირადად მსჯავრდადებული იმყოფებოდეს?) და ხომ არ არის საჭირო, შესაძლო სერიოზული სასამართლო შეც¬დომის თავიდან ასაცილებლად გამომძიებლის ყურ¬ადღება გაამახვილოს მთელ ამ აბსურდულ ვითა¬რებაზე? მეო¬რეც, როგორია ის, ეს სხვისი სული, მის გარშემო სინათ¬ლის ორივე მხარეს კილომეტ¬რებზე და მერე კიდევ მილებზე რომ განფენილა — მართლმა¬დიდებლური, როგორიც წინა იყო, მისი საკუთარი სული, თუ პროტეს¬ტანტული, ან იქნებ სულაც კათო¬ლიკური? ეს მნიშვნე¬ლოვანი საკითხი იყო, რამდენადაც ბატონ კაპიტან ფონ ვიტკოვიჩს უნდოდა, წინასწარ გაეგო, რომელ სულს აწონიან ეშმაკები, როცა საშინელ სამსჯავროზე წარ¬დგება — აი, ამას, სხვისას, ვინ იცის, ვისას — იქნებ, მუს¬ლიმანისას, ან ადრე იქნებ რომელიმე რაბინის კუთვ¬ნილებაც რომ იყო, — თუ მის საკუთარს, მართლ¬მა¬დიდებელ სულს, რომელმაც, როგორც კი სასა¬მართლოს განაჩენი გამოცხადდა, მაშინვე მოუსვა.
აი, ასე გადაწყვიტა ბატონმა კაპიტანმა ფონ ვიტ¬კოვიჩმა, დაკვირვება ჩაეტარებინა ამ სხვის სულზე, რომელშიც ის თავისი საპატიმროთი და მის თავს ზევით პეტროვარადინით გამოემწყვდიათ, ამ ახალ და მისთ¬ვის უცხო სულზე, რომლის გავლითაც მიედინებოდა ახლა უხილავი დუნაი და მისი საკუთარი ძლივს შესამჩნევი სიცოცხლე. 
მაგრამ აკვირდებოდა არა მარტო ის.
აკვირ¬დე¬ბოდნენ მასაც. რკინის საწოლზე რომ ჩამოჯდა, ბა¬ტონმა კაპიტანმა, რასაკვირველია, იცოდა, რომ თუმ¬ცა განაჩენი უკვე გამოუტანეს, მისგან ელიან შემდგომ აღიარებებს და ამ საქმეზე არსებულ ყოველგვარ ინფორმაციას, საქმეზე, რომელიც სამხედროებს უკავ¬შირდებოდა და რომელშიც თვითონაც იყო გარეული. სწორედ ამიტომ გასცა ბრძანება გამომ¬ძიებელმა, ბა¬ტონმა ფონ მიოლკმა, საკანში სანთელი და საბეჭდი მანქანა დაეწყოთ — იმედოვნებდა, რომ მის მეურვე¬ობაში მყოფი დამატებითი აღიარებებით შეავსებდა იქვე, მაგიდაზე აკურატულად დადებულ ქაღალდის დასტას. ბატონი გამომძიებელი ახლაც, დროდადრო, საკნის თავსახურს ასწევდა ხოლმე და დაჰყურებდა პატარა და სუსტ სხეულს, დაფარულს უხვი თმით, ახალაბიბინებულ შავ ჯეჯილს რომ აგონებდა. იყურებოდა ქვევით და ვერაფრით გაეგო, როგორ ხდება, რომ პატიმრის სახეზე, ამასთან, მას, რა თქმა უნდა, წარმოდგენაც არ შეეძლო, რომ სხეული, სამსა¬ხურებრივი ინტერესის საგნად რომ აქცია, ამ დაკვირ¬ვებისთვის ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ სხვისი, ანუ ვიღაც მესამის სულის მეშვეობით, რომელსაც ამგვარად შეჰქონდა გაუთვალის¬წი¬ნებელი სიძნელეები ბატონ კაპიტან ფონ ვიტკოვიჩის საქ¬მეში და სერიოზულ საფრ¬თხეს უქმნიდა მის ოფიციალურ გამოძიებას.
მცველებმა, რასაკვირველია, უმკაცრესი გაფრთხი¬ლება მიიღეს, დაუყოვნებლივ ეცნობებინათ ბატონი გამომძიებლისთვის პატიმრის ქცევაში მომხდარი ნების¬მიერი ცვლილების თაობაზე. ასე რომ, ისინი ფხიზ¬ლად ადევნებდნენ თვალყურს თავიანთ მსხვერ¬პლს, რომელიც თავის მხრივ, უკვირდებოდა სხვის სულს, რომლის ფსკერზეც თავად იმყოფებოდა. ამ დაკვირ¬ვებებში როგორც ერთი, ისე მეორე მხარისთვის დრო სწრაფად გადიოდა და აი, უკვე ნახსენები მზიანი დი¬ლაც დადგა (როგორც ბატონმა ფონ ვიტკოვიჩმა შე¬ნიშნა, სხვისი სულისთვის ცნობილი იყო, რომ მაღლა, მათ თავს ზევით დილაა და მზე ანათებს, ამასთან, თვითონ მან ეს არ იცოდა და არც შეეძლო, სცოდნოდა).
მაშ, ასე, იმ დილით ბატონი კაპიტანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სხვისი სული, რომლის შიგნითაც ამწუთას იგი მაგიდასთან მჯდომი საუზმობდა, გაცილებით ნელი იყო მის ნამდვილ სულთან შედარებით. ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, ღამით (თუ ეს ნამდვილად ღამე იყო), კაპიტანი ფონ ვიტკოვიჩი ხველამ გამოაღვიძა. მისი საკნის მრუმე უკუნში ვიღაც ახველებდა. ახველებდა სხვისი სული, რომელიც რაღაც განსაკუთრებული მეტაფიზიკური გაციებით დაავა¬დე¬ბულიყო. მაგრამ ამას კაპიტანი ფონ ვიტკოვიჩი სულ არ აუღელვებია. სხვა რამ აწუხებდა — ხველებით იოლად მიხვდებოდით, რომ ეს სული მამაკაცისა კი არა, ქალისა იყო.
„შეიძლება, მამაკაცისა და ქალის სულები ისე, რო¬გორც სიკვდილები, წყვილ-წყვილად დადიან“, — გაიფიქრა ბატონმა ფონ ვიტკოვიჩმა და პირველად მიუჯდა საბეჭდ მანქანას. ბეჭდვა დაიწყო და დაცვა, რომელსაც მიღებული ჰქონდა უმკაცრესი ბრძანება (იმ შემთხვევისთვის, თუ ტუსაღი საქმეს შეუდგებოდა), არანა¬ირი ფორმით, თვალთვალითაც კი, ხელი არ შეე¬შალა მისთვის, გამოცოცხლდა და კმაყოფილი სახით აყურადებდა მანქანის ხმას.
— როგორც იქნა, — წამოიძახა ბატონმა გამომ¬ძიებელმა ფონ მიოლკმა, ცხვირში ისეთი ბუყბუყი დააწყებინა, როგორც მუცელში და საკნისკენ გაიჭრა, რათა ყოველივეში პირადად დარწმუნებულიყო.
მანქანა სწრაფად კაკუნობდა, თუმცა ხანდახან მოკლე-მოკლე შესვენებებით — ზოგჯერ რომელიმე ასოს შემდეგ კაპიტანი ფონ ვიტკოვიჩი დიდხანს ჩერ¬დებოდა, ზოგჯერ უცბად ურტყამდა რამდენიმე კლა¬ვიშს და მანქანა იჭედებოდა, მაგრამ საქმე, საერთოდ, წინ სწრაფად მიიწევდა, რაც გასაკვირი სულაც არ იყო ბატონ ფონ ვიტკოვიჩის შემთხვევაში, რომელსაც სწრაფი ხელები ჰქონდა, აქამდე რომ ინახავდნენ ხსოვნას მისი მეუღლის ტანის ყოველი ნაკვთისას.
პატიმრის ყურადღება რომ არ მიეპყრო, დაც¬ვამ ბრძანება მიიღო — არავითარ შემთხვე¬ვაში არ გამოეტანათ საკნიდან იმ დასმენის თუ აღია¬რების თუ კიდევ რაღაცის არც ერთი ფურცელი, რასაც ბატონი კაპიტანი ყოველ დილას კენკავდა მანქანაზე, ახალი სანთლებით კი შეუფერხებლად მოემარა¬გებინათ.
მაგრამ აქ მოხდა რაღაც გაუთვალისწინებელი, რამაც კინაღამ წყალს გაატანა ბატონი გამომძიებლისა და მისი ხელმძღვანელობის იმედები.
ერთ-ერთმა და¬რაჯმა (მოსულელომ, მაგრამ, იქნებ სწორედ ამიტომაც მიხვედრილმა, რომ სარდაფში სანთელს არავინ ჩააქ¬რობდა), აკრძალვის მიუხედავად, სათვალთვალოდან საკანში სწორედ იმ დროს ჩაიხედა, როდესაც ბატონი კა¬პიტანი ფონ ვიტკოვიჩი სხვისი სულის, რომელშიც თვითონ იყო გამომწყვდეული, სულ წკიპზე იჯდა და მანქანაზე ბეჭდავდა. დარაჯი იმდენად გააოცა იმან, რაც დაინახა, უფრო სწორად, იმან, რაც ვერ დაინახა, რომ სასწრაფოდ ბატონ გამომძიებელს უხმო. ბატონი კაპიტანი ფონ ვიტკოვიჩი აბსოლუტურ სიბნელეში ბეჭ¬დავდა. სანთელი საერთოდ არ აუნთია და წყვდიადში ატარებდა დღეებს და ღამეებს, მანქანას ბრმად აკაკუნებდა სრულ უკუნეთში.
„სანთელი რისთვის მინდა, — ფიქრობდა ის, — თუ იძულებული ვარ, ჩემ ირგვლივ მყოფი სხვისი სული ხელის ცეცებით ვიკვლიო სიბნელეში?“
რაც შეეხება ბატონ გამომძიებელ ფონ მიოლკს, მას, ბოლოს და ბოლოს, დიდად არ აწუხებდა საქმის ამგვარი შემობრუნება. იგი იმედოვნებდა, რომ ამ აბურდული საქმის სხვა ეჭვმიტანილებზე გაჭიანურებულ ძიებაში შეიძლებოდა გამოსდგომოდა თვით ბნელში ნაბეჭდი გვერდებიც კი, ამიტომ განკარგულება გასცა, ბატონ ფონ ვიტკოვიჩისთვის ციხის რეჟიმი არ შეეცვალათ. იგი კარგად იცნობდა სამხედრო სამსახურის ოქროს წესს: რაც უნდა მოხდეს, ოფლი შეიმშრალე და ჭაპანის წევა განაგრძე. ბატონი კაპიტანი ფონ ვიტკოვიჩი ძველებუ¬რად ყოველ საღამოს წვებოდა ჯარისკაცურ საწოლზე, მაგრად ჩასჭიდებდა ხელს რკინის სკამს, გვერდით რომ ედგა და სხვისი სულის გავლით იძირებოდა სიზმარში; როგორც ყველა სერბი, ისიც არავის არაფერს პატი¬ობდა, მაგრამ არც ბოღმას იდებდა გულში, ასე რომ, ყოველთვის მშვიდად ეძინა.
მაგრამ ერთხელაც ასეთ ცხოვრებას ბოლო მოეღო: სერბეთ-ავსტრიას შორის კონფლიქტი გაჩაღდა, რომელიც მერე პირველ მსოფლიო ომში გადაიზარდა, კაპიტან პეტარ ფონ ვიტკოვიჩის საქმე გადახედვას დაექვემდებარა და განაჩენი შეიცვალა.
ერთხელ, დღის ბოლოს, კაპიტანი ციხის მიწაყრილთან გამოიყვანეს და შაშხანებით შეიარაღებული ჯარისკაცების ოცეულის წინ დააყენეს. მოასწრო, დაენახა, როგორ დაუმიზნეს და ზალპიც გაიგონა. დახვრიტეს. მეორე ზალპი აღარ დასჭირვებიათ, პირველსავეზე მკვდარი დაეცა. მიუხე¬დავად ამისა, ერთი ოფიცერი მიუახლოვდა, რათა მის სიკვდილში დარწმუნებულიყო, მერე გაშორდა. კაპი¬ტანი შედეს ჯორზე, ოფლის მწკლარტე სუნი რომ ასდიოდა, მიიტანეს ხესთან, რომლის მახლობლადაც სამ ჯარისკაცს უკვე გაეთხარა საფლავი და მიწაში ჩაუშვეს. გვამს მიწას რომ აყრიდნენ, დროდადრო ჩერდებოდნენ და ქუდებით ოფლს იწმენდნენ.
ბოლოს საფლავის ორმო ამოივსო, ქვევით დუნაის ტალღები ხმაურით ეხლებოდნენ ციხესიმაგრის ქვის კედლებს, კაპიტნის კბილი კი ჯერ კიდევ განაგრძობდა სუსტ ყუყუნს.
საკანში, მაგიდაზე, იპოვეს ქაღალდების გროვა, შევსებული საბეჭდი მანქანის ნიშნებით. ოღონდ ამ გვერდებზე, რომლებიც მაშინვე იქცა ყველაზე ცნო¬ბილი ავსტრიელი გამშიფრავების ანალიზის საგნად, უბრალოდ, უაზრო მწკრივები აღმოჩნდა სიბნელეში დაბეჭდილი ასოებისა, რომლებიც სრულიად არაფერს ნიშნავდა და რომელთა გაშიფვრა შეუძლებელი იყო თვით ყველაზე იშვიათი და საიდუმლო გასაღებითაც კი. ბრმად ნაბეჭდ ამ ასოებში არ იდო არანაირი საი¬დუმლო შინაარსი, არანაირი ფარული ან აშკარა ინ¬ფორმაცია. რა შეიძლებოდა, გამოგეწურა, მაგა¬ლი¬თად, ასეთი ჩანაწერიდან: — ჯიჯკ, კოლ, ოჰჯზFე, წეზგდ გეჰს...“
(და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ).

აი, ასეთი ტექსტი ჩაუმატა ჰერომ ლოტის თუ სხვა ვიღაცის რომანში, ვისაც თარგმნიდა და ტიპოგ¬რა¬ფიიდან წიგნის სასიგნალო ეგზემპლარის მიღებისა და კონტრაბანდულად გატანილი ტექსტის მინდვრებზე პომადით ჩანიშვნის შემდეგ ძმას პრაღაში გაუგზავნა. ეს, როგორც უკვე ვთქვით, და-ძმის ერთგვარი საი¬დუმლო მიმოწერა იყო. ძმამ მაშინვე იპოვა ჩანიშნული ადგილი, თვალი გადაავლო და შეჩერდა სულ ბოლოში, სადაც ჰეროს მოჰქონდა „კორონას“ ფირმის მანქანაზე ნაბეჭდი სტრიქონი, რომელიც საცოდავ კაპიტან ფონ ვიტკოვიჩის ჩანაწერი იყო.
მანასია ბუკურმა, ჰეროს ძმამ, გაიღიმა და დას მისწერა, რომ ეს სტრიქონი, მისი კეთილშობილების, ბატონ ფონ ვიტკოვიჩის დაწერილი, იყო იოჰან სე¬ბასტიან ბახის სამხმიანი ინვენცია ფა მინორი, თუმცა ამჯერად საბეჭდ მანქანაზე, და არა ფორტეპიანოზე, შესრულებული...
ამ მიმოწერის გარდა ჰეროს ერთ-ერთი მეგობრის ქაღალდებში აღმოჩნდა ბარათი, რომელიც ნათელს ჰფენდა მოგზაურობას იტალიაში, და-ძმა ბუკურებმა ერთად რომ მოაწყვეს.
„შარშანდელი ზამთარ-გაზაფხული ძმასთან ერთად იტალიაში, მოხუც და ახალგაზრდა წმინდა ნიკოლოზს შორის გავატარე, — წერდა ჰერო ამ ბარათში, — ცხოვრების სახსარი რომ ეშოვა, ძმა საღამოობით ერთ პატარა რესტორანში უკრავდა, სადაც მხიარული სტუმრების თვალწინ ორი ახალგაზრდა გოგონა პატარა სცენაზე ერთმანეთს ხდიდა და აცმევდა. როცა თავისუფალი საღამო ჰქონდა, ძმას კონცერტებზე და თეატრებში დავყავდი.
რომში ვცხოვრობდით და, როგორც წესი, იქაურ გეტოში ვსადილობდით, პატარა კაფეში. ერთ დილას ძმა რომელიღაც გაზეთში თეატრის განცხადებას წააწყდა, იმდენად საინტერესოს, რომ მეც მაჩვენა. წერდნენ, რომ თეატრალური დასი „იბიკი“ მაყურებელს იწვევდა მუსეის პოემის მიხედვით დადგმული სპექტაკლის, „ჰეროსა და ლეანდრის სიყვარულისა და სიკვდილის“ პრემიერაზე.
— ეს, ალბათ, შენზეა, — გამეხუმრა და ბილეთებზე წავედით.
განცხადებაში მითითებული იყო ქუჩა, სადაც ის შენობა იდგა, რომელშიც სპექტაკლი იმართებოდა, გარდა ამისა, მოტანილი იყო რამდენიმე სტრიქონი ძველბერძენი ავტორის ტექსტიდან. ისინი ასე ჟღერდა: „ადამიანი, მას შემდეგ, რაც ამქვეყნად არსებობს, იძულებულია, არჩევანი გააკეთოს ორ „არას“ შორის“. თეატრის სახელწოდებამ („საბავშვო“) გაგვაოცა, ეგეც არ იყოს, არც მე და არც ჩემს ძმას მის არსებობაზე აქამდე არაფერი გვსმენოდა. ტაქსი დავიჭირეთ და მივაღწიეთ ვიწრო, მიტოვებულ ქუჩამდე, უამრავი საფეხურით, რომელთაგან თითოეული განსხვავებულ ხმას გამოსცემდა, როგორც პიანინოს კლავიშები, ჩვენს მძღოლს აქ რაიმე სახის თეატრის არსებობაზე თავის დღეში არაფე¬რი გაეგო. განცხადებაში მითითებული მისამართი თან გვქონდა და მძღოლმა გაიხსენა, რომ ამ და მეზობელ, უფრო ფართო, ქუჩას შორის გასასვლელია, ასე რომ, შესაძლოა, სწორედ იქ უნდა მოგვეძებნა თეატრის შესასვლელი იყო.
და მართლაც, ის, რასაც ვეძებდით, სადღაც აქ იყო — ამას ამტკიცებდა ორი პლაკატი კედელზე, წარმოდგენის შესახებ რომ იუწყებოდა. პლაკატები ყურადღებით შევისწავლეთ; პირველი შეიცავდა ნაწყვეტს მუსეის პოემის დრამატიზებული ტექსტიდან:
„ლეანდრი: უკვე სამი დღეა, მკვდარი ვარ.
შენ? ჰერო: როცა თავიდან რაღაც ამოგვივარდება, როცა რაღაცა გვავიწყდება, ისე დაძაბულები ვიხსენებთ იმ დავიწყებულს, რომ სიცარიელე, რომელიც ჩვენი მეხსიერების ხარჯზე გაფართოვდა, არღვევს რეალურ ზომებს და შეფარდებებს, ჩვენი გულმავიწყობის საბურველს მიღმა იცვლება, იზრდება, მსხვილდება და, მაშინ, როცა ბოლოს და ბოლოს ვახერხებთ დავიწყებულისა და თავიდან ამოვარდნილის გახსენებას, იმედგაცრუებულები ვრწმუნდებით, რომ ის სულაც არ ღირებულა იმ წვალებად, რაც მის გასახსენებლად დაგვჭირდა. ასევეა ჩვენს სულთან მიმართებითაც, რომლის შესახებაც მუდამ ვივიწყებთ. ლეანდრი: გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ სულს ძალუძს გაზრდა, ფრჩხილებივით. მხოლოდ დიდხანს, გაცილებით დიდხანს, იქამდე, ვიდრე ჩვენი სიკვდილი გრძელდება. ოღონდ დაიმახსოვრე, შენი სიკვდილი შეიძლება გაახალგაზრდავდეს, შეუძლია, შენზე ბევრად ახალგაზრდა გახდეს.
შეუძლია, რამდენიმე ასწლეულით დაბრუნდეს უკან, წარსულში. ჩემს სიკვდილს კი შეუძლია, ჩემზე გაცილებით უფროსი გახდეს, შეუძლია, გაგრძელდეს ამ წუთიდან მომავალი საუკუნეების განმავლობაში...“
მეორე პლაკატი, რომელიც „ჰერო და ლეანდრის“ დადგმაზე იუწყებოდა, კიდევ უფრო უცნაური იყო:
ხელნაწერები და გამოცემები
მუსეი გრამატიკის პოეტური მოთხრობისა
ჰეროსა და ლეანდრზე 
(ნაწარმოების თეატრალურ დას „იბიკის“ მიერ წარმოდგენის გამო)
Baroccianus 5O saec.x.
a cuius familia:
Vossianus gr.Q. 59ca. 1500
Estensis III A 17 saec. XV.
Estensis III C 12 pars antiqua (u. 250-343) saec. XIV.
Harlaianus 5659 saec.
XV ex.
Parisinus gr. 2600 saec. XVI in.
Neopolitanus II D 4 saec. XIV
e cuius familia:
Palaltinus Heidelbergensis gr. 43 saec. XIV.
Vaticanus gr. 915 saec.
XIII ex. uel potius saec. XIV in.
Maricanus gr. 522 saec. XV vaticanus gr. 915 apographon
Praepent tantum u. 1-245:
Parisinus gr.
2763 saec. XV ex.
Leidensis B.P.G. 74 C saec. XV.
Ambrosianus S sup. saec. XV ex. 
Perisinus gr.
2833 saec. XV ex.
Laurentianus LXX 35 saec. XV.
Riccardianus gr. 53 saec. XV.
Estensis III C 12 pars recentior (u. 1-245) saec. XV.
Estensis III C 12 pars recentior (u.
1-245) saec.. XV.
Codices deteriores:
Pragensis Strahoviensis 30 saec. XV
Barocianus 64 saec. XVI.
Ambrosianus E 39 sup. saec. XVI.
Gothanus B 238 saec. XVII in.
Editiones:
editio princeps Aldina, Venetiis excusa ca.
1494.
editio florentia Joh. Lascaride aucrore ca. 1494. 
ასე მივაგენით თეატრალური დასის „იბიკის“ კვალს, მაგრამ გაცილებით ძნელი გამოდგა „საბავშვო თეატრის“ მოძებნა, სადაც დასი თამაშობდა. ჩავედით სარდაფის სართულზე, სადაც ტაქსის მძღოლმა სამჯერ თქვა „ამინ“, სხვენიც მოვიარეთ, მაგრამ ამაოდ. მართალია, შენობაში იყო „მამაკაცთა“ გასასვლელი და მეორე შესასვლელი მსახურთათვის, ასევე, „ქალების“ კარიც, რომლითაც მესამე, კიდევ უფრო ფართო და ნათელ ქუჩაზე გავედით, მაგრამ თეატრი ვერც აქ აღმოვაჩინეთ. ასეთ თეატრზე, უბრალოდ, არავის არაფერი სმენოდა.
იმჯერად ჩანაფიქრზე უარის თქმამ მოგვიწია, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ძმამ მაჩვენა გაზეთი, რომელშიც კვლავ გამოქვეყნებული იყო ცნობა ჰეროსა და ლეანდრის პოეტური მოთხრობის წარმოდგენის თაობაზე. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. ამჯერად გაზეთი აქვეყნებდა ვინმე Iლეანე Bუონგიორნო-ს რეცენზიას თეატრალურ დას „იბიკის“ სპექტაკლზე, რომელშიაც ავტორი განსაკუთრებულად გამოყოფდა ახალგაზრდა Iრენე Pლარ-ის მთავარი როლის შემსრულებლის თამაშს. ახლა უკვე გადავწყვიტეთ, ბედი გვეცადა რომის ცენტრში მდებარე თეატრალურ სალაროში, სადაც ყველა ადგილობრივი თეატრის ბილეთები იყიდებოდა, და იქვე შეგვეტყო რაიმე „საბავშვო თეატრზე“. გვიპასუხეს, რომ ასეთ სპექტაკლზე ბილეთები არ აქვთ. თუმცა სალაროს თანამშრომელი იმდენად თავაზიანი გამოდგა, რომ უკანა ოთახიდან გამოიხმო მოხუცი ბატონი, რომლის წარბები ზომით ულვაშს აღემატებოდა, რის გამოც ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ცხვირი სახეზე „ფეხებით ზემოთ“ ეზრდება, და ბატონმა რაღაც-რაღაცები გაიხსენა, იქ, სადაც ჩვენ ვეძებდით, ოდესღაც მართლაც ყოფილა თეატრი, მაგრამ „საბავშვო“ იმას კი არ ერქვა, ასე, მგონი, სპექტაკლს ეწოდებოდა. ძალიან დიდი ხნის წინ მოხუცს იქ უყურებია პირანდელოს რომელიღაც ნაწარმოებისთვის, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ის უყურებდა პიანისტს, რომელიც წარმოდგენას მუსიკალურად აფორმებდა და დაკვრისას ხან ინსტრუმენტის უკან იმალებოდა, თითქოს კლავიშებზე დადებულ წიგნს კითხულობსო, ხან ადგილზე ხტოდა, თითქოს კლავიატურამ დაწვაო, ანდა, საერთოდ, უკან გადავარდებოდა ხოლმე და ისეთ სახეს მიიღებდა, თითქოს ცდილობდა, ფეხით მოეძებნა პიანინოს ქვეშ შევარდნილი ფეხსაცმელი...
დროდადრო კი, ისე, რომ თავის მბრუნავ ტაბურეტს არ შორდებოდა, ერთ ადგილას ფეხის წვერებზე სიარულს იწყებდა, თან იდაყვებსა და მუხლებს მაღლა სწევდა...
როგორც კი მოხუცი ბატონისგან თავის დაღწევა მოვახერხეთ, მე და ჩემი ძმა ახალ მისამართზე წა¬ვე¬დით და ვნახეთ, რომ იქ მართლაც იყო „ჯიბის“ თეატრი. შესვლის უფლება მოგვცეს, თუმცა ჩვენი დანახვა გაუკვირდათ. შევედით და გავშეშდით, ეს იყო ნამდვილი თეატრი — ხომალდი, რომლისგანაც მხოლოდ ჩონჩხიღა შემორჩენილიყო. ძრწოლა და შიშის ზარი. სულ ცოტა, ოცი წელი მაინც მას თაგვები ხრავდნენ. ეს იყო ერთი რომაულ სხვენთაგანი. ძმამ იკითხა, რამდენი ხანია, რაც ეს თეატრი არსებობსო და პასუხის გაგონებაზე შეაკანკალა.
თეატრი მისი ტოლი იყო.
დაფეთებულები გამოვცვივდით იქიდან, ძმამ დამშვიდება დამიწყო:
— იცი, ბევრი რამ, რაც ცხოვრებაში დაუჯერებელი, იდუმალი და ფანტასტიკური ჩანს, მატყუარა გარეგნობის მიღმა ყველაზე ჩვეულებრივ რაღაცებს მალავს.
— ეს ნიშნავს, — ვუთხარი მე, — რომ უნდა ვუფრ¬თხილდეთ ჩვეულებრივ ნივთებსა და მოვლენებს, რადგან მათ უკან იმალება საშინელება, დასასრული და სიკვდილი.
ასეც იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ ეს ამბავი ჩვენს რომაელ მეგობრებს ვუამბეთ და მათ სიცილით დაგვიდასტურეს, რომ ასეთი რამ მართლაც ხდება ხოლმე. „საბავშვო თეატრზე“, მართალია, არაფერი სმენოდათ, მაგრამ, მათი აზრით, თეატრალურმა დასმა „იბიკმა“, მუსეის პოემის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა რომ გამოაცხადა, ამით მარჯვედ ისარგებლა, რათა საკუთარი რეპუტაცია გაემყარებინა. აბა, ვინ მოდგება და დაიწყებს იმის შემოწმებას, მართლა თამაშობდნენ თუ არა ამ სპექტაკლს. განცხადებები და დაუდგმელ სპექტაკლებზე ფულის ხათრით დაწერილი კრიტიკოსთა რეცენზიები ამტკიცებენ, რომ თეატრი რომში ან პარიზში გამოდიოდა, ჰოდა, ასეთ დასკვნებს და მტკიცებულებებს როცა ფლობთ, უკვე აღარ ჭირს, სადაც გნებავთ, იქ მიიღო ნამდვილი ანგაჟემენტი, მსოფლიოს ნებისმიერ დედაქალაქში და იქ უკვე ნამდვილად ითამაშო შენი „სიყვარული და სიკვდილი“.
მე და ჩემმა ძმამ გულიანად ვიცინეთ, ოღონდ ამ უცნაური ამბის გამო კი არა, უბრალოდ, იმიტომ, რომ რომში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდით და ჩემს ძმას რომ ვუყურებდი, როგორც პურს, ჩემთვის ზურგი ერთხელაც რომ არ მოუქცევია და საღამოობით კაფეში მის შესანიშნავ დაკვრას რომ ვუსმენდი, ვფიქრობდი, რომ კაცები დაწყევლილები არიან, რადგან ვნების და ბედნიერების მწვერვალზე ტკბილი ქალური ნაყოფი მათ ხელში მოულოდნელად გადაიქცევა ხოლმე ორ სილით სავსე ტომრად.


3.
ვიდრე ჰეროს ამბის მოყოლას მოვრჩებოდე, მინდა, ცოტა რამ ჩემს თავზე გიამბოთ. ჩემს სახელს ამ მოთხრობისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და მე თვითონაც აქ მხოლოდ მეორეხარისხოვანი ადგილი მიჭირავს.
იმ მხარეში, საიდანაც ვარ წარმოშობით, ასეთი ჩვეულებაა: როცა ამ ქვეყანას ბავშვი მოევლინება, ყველი ამოჰყავთ და სიგრილეში ინახავენ, ხოლო როცა ადამიანი კვდება, ამ ყველს მისი სულის შესანდობრად ჭამენ. ასე რომ, ჩემი ყველი ჯერ კიდევ რომელიღაც სარდაფში ელის თავის დროს. ვიმედოვნებ, ის არ დასჭირდება ამ სტრიქონების მკითხველს. განსაკუთრებული მოთხოვნები არასოდეს მქონია; როგორც ამბობენ, არასოდეს მიცდია, იმაზე მეტი დამენახა, რისი დანახვაც ჩემს ორ თვალს შეუძლია. როცა ვჭამ, თვალებს, როგორც თეთრი იხვი, ისე ვხუჭავ. ვიცი, რომ სიყვარული გალიაში გამომწყვდეულ ჩიტს ჰგავს: თუ ყოველდღე არ კვებე, დაიღუპება. ეს ამბავი კი, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მისი დასასრული, სწორედ სიყვარულზე გვიყვება.
იმ წლებში, როცა ჯერ კიდევ არ დამეწყო ჩემ შიგნით სიჩუმის შექმნა, მთელ დღეებს იმაში ვატარებდი, რომ ვწონიდი, რომელი უფრო მძიმე იყო ჩემი ხელებიდან.
სევდიან ხელობას ვსწავლობდი, რომელიც დღემდე მაჭმევს პურს, მაგრამ იმავე დროს (და თან სიხარულით) ვსწავლობდი მუსიკას და, ამასთან, გამოჩენილი ჩეხი მაესტროს, ოტოკარ შევჩიკის კვალდაკვალ კიევიდან ვენაში, ვენიდან პრაღაში გადავსახლდებოდი ხოლმე. მის გვერდით ჩემთან ერთად პარიზის კონსერვატორიაში თავი მოიყარა ყველა ჯიშისა და შეფერილობის მოწაფეების მთელმა ხროვამ, ასე რომ, აუდიტორიაში, სადაც ის მეცადინეობებს ატარებდა, სამი კონტინენტის სუნი იდგა. კონსერვატორიაში დღეგამოშვებით დავდიოდი იღლიაში ამოჩრილი მოგრძო ყუთით, თითქოს ბავშვის დამარხვას ვაპირებდი. შევდიოდი პირველი სართულის მოგრძო ოთახში, რომელსაც ისეთი დაბალი ჭერი ჰქონდა, რომ კარის ზედა ნაწილისგან სულ დაფხაჭნილი იყო. კარადებში, კუთხეებში და კედლებზე ეწყო და ეკიდა ვიოლინოები ხემებით, სიმებქვეშ რომ იყო გარჭობილი: მოწითალო მბრწყინავი მეოთხედები, ეჭვი არ არის, არანაირი ფასეულობის მქონენი; ზოლიანი, თითქოს გოჭებიაო, მთელი ვიოლინოები და ნახევრების უსახური ნატეხები, ყოველგვარ ბრწყინვალებას მოკლებულნი, რომლებზეც ერთი შეხედვით ვერაფერს იტყვი. ყოველთვის, როცა კი ამ ოთახში შევსულვარ, მეჩვენებოდა, თითქოს მათ ადგილები გაცვალეს და სხვანაირები ჩანან, თუმცა ისიც შესაძლოა, რომ სრულიად სხვა ინსტრუმენტებით შეცვალეს. მთელი ეს სიმრავლე (განსაკუთრებით, საღამო ჟამს, როცა ვლტავაში თევზი ანკესზე წამოგებას იწყებს) იმისთვის გამოიყენებოდა, რომ თავისთვის ეხმაურა და შეხმიანებოდა იატაკის ფიცრებს, რომლებიც აჭრიჭინდებოდნენ, ზედ დაგებულ ფარდაგებს წამოწევდნენ და გაუთავებელ მოძრა¬ობას იწყებდნენ.
ხემები ინსტრუმენტების გვერდებს ეხახუნებოდნენ, ვიოლინოები — ერთმანეთს, სიმები ან მოშვებული იყო, ან წყდებოდა, კანიფოლწასმულ ხემებს მოთეთრო მტვერი ასდიოდა, გალაქული დეკები იბერებოდნენ და სკდებოდნენ, ხოლო ანატკეჩები თავისით იწყებდნენ შემობრუნებას.
შემოდგომის ერთ საღამოს ამ ოთახში ოთხნი შევიკ¬რიბეთ — რეპეტიცია უნდა გაგვევლო. ყველანი, რა თქმა უნდა, შევჩიკის მოწაფეები ვიყავით, რომელშიც პარტი¬ტურა მოგვცა. ყუთიდან ვიოლონჩელო ამოვიღე, მეორე მოწაფემ ფაგოტი მოიტანა, მესამე შავკლავიშებიან და თეთრნახევარტონებიან როიალს მიუჯდა, უკანასკნელი კი ჩვენ შორის ყველაზე ცნობილი მოვიდა — მევიოლინე. აქამდე ახლოს არასოდეს მენახა, გაგონებით კი ხშირად მსმენოდა ჩემს თანამემამულეზე ბელგრადიდან მანასია ბუკურზე და მის ულამაზეს დაზე, ჰერონეიაზე, რომელიც პირით და მკერდით ერთდროულად იცინოდა. იმ დროს მოდაში იყო შავი ქარსის ბეჭდების ტარება და გარდაცვლილისთვის ნიღბების წინასწარ შეკვეთა. მანასიაზე ამბობდნენ, რომ ისიც ამ მოდის თაყვანისმცემელია. კიდევ ამბობდნენ, რომ დღესასწაულებზე ის ბოშურად ეზიარება — ძმრითა და პირშუშხათი, მერე კი რამდენიმე თვით ქრება და ყურს არ უგდებს მაესტრო შევჩიკის გაფრთხილებებს, რომელიც უკან მიადევნებს ხოლმე ჯუფის ჯვალოში გამოხვეულ დალუქულ წერილებს.
მის გამოცდებს ყოველთვის განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით ელოდნენ და კონსერვატორიის დარბაზი იმ დღეებში, ჩვეულებრივ, ხალხს ვერ იტევდა, ხოლო მანასიას კომპანიაში საღამოს გატარება, როცა ის დროსტარებას გადაჰყვებოდა ხოლმე, ნორმალური გართობის მთელ თვედ ღირდა. როცა შემოვიდა, მართლაც შევნიშნე მის თითზე ქარსიანი ბეჭედიც და ისიც, რომ მარცხენა ხელის ყველა თითის ფრჩხილი სხვადასხვა ფერის ლაქით ჰქონდა შეღებილი, ამიტომ, როცა უკრავდა, ჩანდა, რომელი თითი რას აკეთებდა. 
ერთმანეთი გავიცანით და რეპეტიციების შემდეგ ლუდხანაში დავიწყეთ სიარული, სადაც ლუდის სმისას მანასია სხვისი კათხებიდან ქაფს სულის შებერვით ფანტავდა. ერთ საღამოს, როცა ლუდის ქაფით გათეთრებული წამწამებიდან მიყურებდა, მკითხა:
— დარწმუნებული ხარ, რომ ლუწი რიცხვებისა არ გეშინია?
— არ მეშინია, — ვუპასუხე გაოცებულმა, — მაინც რატომ უნდა მეშინოდეს?
— მაგრამ ლუწი რიცხვები ხომ გარდაცვლილთა რიცხვებია. ყვავილის კენტი რაოდენობა მხოლოდ ცოცხლებისთვის მიაქვთ, წყვილები კი სასაფლაოების კუთვნილებაა. კენტი — დასაწყისში, ლუწი — დასასრულს...
ღილების ნაცვლად ვერცხლის ჩაის კოვზები ეკერა, მოხერხილი სახელურებით და ორ-ორი ნახვრეტით — მისაკერებლად. როცა დასვენება და გართობა მოუნდებოდა, ტრიგონომეტრიის ამოცანების ამოსახსნელად ჯდებოდა ხოლმე.
— იცი რა, — მითხრა ერთ საღამოს, თან ლაქით დაფარულ ფრჩხილებს ბაკენბარდებზე იპრიალებდა, — ტყუილად როდი ამბობენ: „აქ ორი წყვილი თვალია საჭიროო“.
ბევრი ვიფიქრე ამაზე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს გამოთქმა რომელიმე ოთხთვალა ურჩხულს კი არ ეხება, არამედ ორ ადამიანს, რომელთა თვალებსაც რაღაც საერთო აქვს. როგორც ეს არის შესაძლებელი, მარცხენა თვალიდან მარჯვენას გავლით დაინახო, ასევე სავსებით შესაძლოა, შენი თვალებით დაინახო სხვისი თვალების გავლით. საჭიროა, იპოვო მხოლოდ ის საერთო, რაც მათ აკავშირებს. თვალის ყოველ წყვილს, ეს თვითონაც ასჯერ მაინც გინახავს, თავისი სიღრმე და ფერი აქვს. ეს სიღრმე უდიდესი სიზუსტით შეიძლება გამოთვალო ტრიგონომეტრიის საშუალებით. რაღაც-რაღაც გამოკვლევები ჩავატარე და ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ერთი სიღრმისა და ფერის თვალებს ერთგვარად საერთო მნიშვნელი აქვთ...
მუსიკაშიც ზუსტად ასეა, — განაგრძობდა იგი, — ისეთი რამეები, რაც ისევეა დაშორებული ერთმანეთს, როგორც ორი წყვილი თვალი, მხედველობაში მაქვს ოთხი ინსტრუმენტი, საჭიროა, დააკავშირო, დაუსახო საერთო ამოცანა.
ყრუს დაკვრა არ შეუძლია ისევე, როგორც შეუძლებელია, მუნჯს ეკლესიაში გალობა ასწავლო.
არ შეიძლება, მოიგო კარტში, თუ მხოლოდ ჯვრებითა და გულებით თამაშობ. აუცილებელია, აგურები და ყვავებიც გქონდეს, საჭიროა ყველა, ოთხივე ფერის კარტი, საჭიროა ყველა, ოთხივე თვალის გახელა.
და ფუტლარიდან ჩემი ვიოლონჩელო რომ ამოიღო, დამსწრეთა გასაკვირად, ისე დაუკრა კვარტეტიდან ჩემი პარტია, ერთი შეცდომაც არ დაუშვია. მეხსიერებით. როცა რაკრაკთან მივიდა, სადაც მოუწია, მორიგეობით და სწრაფად შეხებოდა სიმებს ხან შუა, ხან საჩვენებელი თითებით, რომელთა ფრჩხილები ცისფერი და ყვითელი ლაქით ჰქონდა დაფარული, ჩვენ მათზე მწვანე ფერი დავინახეთ.
— თუ ვერ გაიგე, ერთი ძალიან მარტივი მაგალითით აგიხსნი, — დაკვრა რომ მოათავა, მანასიამ გაკვე¬თილი განაგრძო, — იცი, საბერძნეთში ერთი ნახევარკუნძულია, ისეთი ვიწრო, რომ კამეჩებს, სრულიად ჩვეულებრივ ღუზაში შებმულებს, შეუძლიათ, სიგანეზე ისე გადახნან, რომ ხმელეთს მოწყვიტონ. ეს წმინდა მთაა, აღმოსავლური ქრისტიანობის ცივილიზაციის ცენტრი. აგერ, უკვე ათასი წელია, დასახლებულია ბერ-მონაზვნებით, არის დამოუკიდებელი, აქვს საკუთარი საზღვარი საბერძნეთის სახელმწიფოსთან, საკუთარი საბაჟო ზონა, ჰყავს საკუთარი მთავრობა სამი მინისტრ-მონაზვნითა და პროტოიერარქით — მთავრობის თავმჯდომარით. თითოეულს იმ ბეჭდის მეოთხედი აბარია, რომლითაც დაამოწმებენ საბუთს, წმინდა მთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვას რომ იძლევა.
ამბობენ, რომ ბეჭდის სამი ნაწილი მამრობითია, ხოლო ერთი — მდედრობითი. ბეჭედს ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ შედგება ოთხივე ნაწილისგან, თითოეული ამ ბერისგან რომ მიიღეს და წითელი ძაფით აკინძეს. მხო¬ლოდ ამ შემთხვევაში ამტკიცებს ის ათონზე შესასვლელი ვიზის უტყუარობას... ასევეა შენს მუსიკაშიც. ის წელიწადის ოთხივე დროში უნდა გაატარო და ზაფხულობით სხვანაირად იჟღერებს, ვიდრე შემოდგომობით. თუ გინდა, ამის არსს ჩაწვდე, მოგიწვს კვარტეტის ყველა, ოთხივე პარტიის შესწავლა, რომლებსაც ჩვენ ვუკრავთ. უნდა იცოდე ოთხივე ინსტრუმენტის გამოყენება, თუმცა როცა ერთად ვართ, მხოლოდ ერთზე ვუკრავ.
— განა მუსიკა ისეთივე რამ არ არის, როგორიც მათემატიკა? — შევეკამათე მანასია ბუკურს.
თუ რაიმე შესაბამისობაშია რომელიმე ინსტრუმენტთან, ესე იგი, ის შესაბამისობაშია ყველასთან.
აქ შევნიშნე, რომ მისი ცხვირის წვერზე, თითქოს კანქვეშიდან, თავი გამოყო რაღაც მეთერთმეტე ფრჩხილის მაგვარმა და მან ეს ცხვირის ფრჩხილი ისე მომაბჯინა, როგორც საჩვენებელი თითი:
— აქ ყურადღება უნდა მიაქციო იმ რიცხვების წარმოშობასაც, რომლებითაც მათემატიკა ოპერირებს. ხოლო თუ საკითხს ამ პოზიციიდან განვიხილავთ, მაშინ მოგიწევს, გაითვალისწინო იმ ელემენტების წარმომავლობაც, რომლებიც მუსიკას შეადგენენ. მაგალითად, აიღე ინსტრუმენტი, რომელზეც მე ვუკრავ. ვიოლინო. იცი, რისგან შედგება ის?
და მან მთელი ლექცია წამიკითხა:
— უპირველეს ყოვლისა, ეს არის ხე. ვიოლინოს ტანი ნაძვისაგან კეთდება, რომელსაც გაცილებით მეტხანს ინახავენ, ვიდრე ის ცოცხლობს, ვინც ხე მოჭრა. ტანის ძირი და ფერსო მთის ნეკერჩხლისგან მზადდება, ხემის თავს ალუბლის რბილი და ტკბილი ხისგან ჭრიან, ხოლო ებანოზის ხის გრიფს ვიოლინოს ყელზე ამაგრებენ.
ყოველი ვიოლინოს შიგნით არის „სული“ — ჯოხი-განმბრჯენი, დამზადებული ნაძვის ტოტისგან, რომელიც ზევითა დეკას ქვევითასგან განაცალკევებს. განმბრჯენზეა დამოკიდებული ინსტრუმენტის ხმის დიაპაზონი. ასე რომ, ვიოლინოს სული მდედრობითია. ხემს ქარზე გაზრდილი ვარდის წნელისგან ამზადებენ და მერე წიწვოვანი ხეებით ფისით პოხავენ.
მაგრამ ვიოლინოს ზოგიერთი ნაწილი მცენარეული კი არა, ცხოველური წარმოშობისაა. ხემის ძუას ცხენის კუდიდან იღებენ, ოდესღაც კი (ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ამქვეყნად ვიოლინო იარსებებდა) საუკეთესოდ მიიჩნევდნენ ქამანჩისთვის მარტორქის კუდის ბეწვების გამოყენებას. ორ მსხვილ სიმს ცხოველების ერთმანეთში ჩაწნული ნაწლავებისგან აკეთებენ, ჯორა კი მზადდება ძვლისგან, რომელსაც ერთობ უცნაურ ფორმას აძლევენ. ძვლისგანვე მზადდება ძუის სამაგრიც ხემის თავზე და, სხვათა შორის, ამბობენ, რომ ზოგჯერ (პაგანინისთან) ამისთვის ადამიანის ძვალს იყენებდნენ.
ირმის ძვლისგან მზადდება ღილაკი, რომელიც დაჭიმული ძარღვით უერთდება ნახევარგრიფს. წებოც, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ინსტრუმენტის სხვადასხვა ნაწილს, ცხოველური წარმოშობისაა. მიიჩნევენ, რომ ამატი ხმარობდა წებოს, რომელსაც საფუძვლად ედო მოხარშული ხორცი იქედნესი, რომელიც ჰაერში მშობიარობს და ამიტომ წებოს წონა თითქმის არა აქვს. ხემის ხუნდის ორივე მხარე სადაფით არის ინკრუსტირებული. სადაფი ყოველთვის ოდნავ გრილია ხეზე, ამიტომაც მისი დახმარებით თითებს უადვილდება, იგრძნოს ის ერთადერთი სწორი ადგილი, სადაც უნდა ჩაეჭიდოს — არათითი ყოველთვის ამ სადაფის ხრახნზე უნდა დარჩეს.
და ბოლოს, ვიოლინოს ისეთი ნაწილებიც აქვს, რომლებიც წარმოშობას დედამიწის წიაღისეულს უნდა უმადლოდნენ. ორი წვრილი სიმი ლითონისგან კეთდება; კორა (უნაგირი), რომელზეც ისინია მიმაგრებული, ზოგჯერ ქვისაა, ხოლო ძუის დასახვევი, რითაც ხემის თავი ბოლოვდება, ვერცხლისგან მზადდება. ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ცეცხლს, ძლიერს და რბილს, რომელზეც ხეს ხრიან და რომელზეც წებოს და ლაქს ამზადებენ.
ლაქი — ეს სრულიად ცალკე ამბავია. ის ყოველთვის სხვადასხვანაირია და ვიოლინოს ყველა ოსტატი ინახავს ლაქის დამზადების სწრაფ და ნელ საიდუმლოს, რომელიც თავისი სულიერი მამისგან გადმოეცა. ვიოლინოს ლაქის ასეთი სწრაფი და ნელი საიდუმლოებები განაპირობებს ინსტრუმენტის წარმატებას, თუ ისინი მომავალს ეკუთვნის. თუ საიდუმლოებები წარსულიდან არის, მიიჩნევენ, რომ ლაქი ცუდია... საქმე ის არის, — თხრობა დაასრულა მანასიამ, — რომ ადამიანს ყოველთვის შეუძლია, სმენით გაარჩიოს, რომელი ხე ხმაურობს ღამით — ნაძვი თუ მთის ნეკერჩხალი. ინსტრუმენტი, მაშინაც კი, როცა შენს ხელში ჟღერს, არასოდეს კარგავს კავშირს თავის წარმოშობასთან, მასალასთან, რომლისგანაც დაამზადეს, იმ ხერხთან, რომელსაც ოსტატი მისი დამზადებისას იყენებდა, თვითონ მუსიკა კი მხოლოდ ყოველივე ამის წყალობით არის გამართლებული. საქმე ის კი არ არის, რომ თითები ვიოლინოზე უკრავენ, არამედ ის, რომ მისი დახმარებით ეხებიან წყლის, ჰაერის, ცეცხლის ან მიწისქვეშა სამყაროს ძირითად ელემენტებს, მათ საიდუმლოებს, რომლებიც თითოეულ ინსტრუმენტში ერთმანეთს განსხვავებულად ერწყმის.

* * *
ბევრმა დღემ და საათმა ჩაიარა მას შემდეგ, რაც ეს ამბავი მოვისმინე.
ამ დროის განმავლობაში, როგორც იტყვიან, ავიც ვნახე და კარგიც, ცეცხლშიც გავიარე, წყალშიც და სპილენძის საყვირებშიც, მაგრამ არასოდეს გამჩენია სურვილი, ჩვენი კვარტეტის დანარჩენი სამი პარტიაც შემესწავლა. მეჩვენებოდა, რომ ამბავი, რომელსაც მანასია მომიყვა, ძალიან რთული იყო და მისი ისევე არ მჯეროდა, როგორც არ მჯეროდა, რომ იმას, ვინც დიდი მარხვის მძიმე კვირაში არ დააცემინებს, ხანმოკლე ცხოვრება ექნება. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვითონ ცრუმორწმუნე არა ხარ და არ გეშინია, გზა შავმა კატამ რომ გადაგიჭრა, ზუსტად ვერასოდეს გაიგებ, ხომ არ იყო ცრუმორწმუნე თვითონ შავი კატა...
განვაგრძობდი კვარტეტში ვიოლონჩელოზე დაკვ¬რას, ფეხს ვაყოლებდი ტაქტს, დარწმუნებული, რომ მათემატიკის ბადეში მოვამწყვდიე მუსიკის კანონები და სულაც არ ვუღრმავდებოდი წარმოშობას რიცხვებისას, რომლებიც ნებისმიერი რიტმის, მაგალითად, სამი მეოთხედის, საფუძველში დევს. რასაკვირველია, ყოველივე შესანიშნავად დამთავრდა, მსმენელთა თანდასწრებით დავუკარი გამოცდაზე ჩემი პარტია, თან ეს ისე მექანიკურად გავაკეთე, როგორც საათს ქოქავენ და თავსახურს აწკაპუნებენ, მერე კი სამუდამოდ დავშორდი მუსიკას, რადგან მარჯვენას კი არა, მარცხენა ხელს გავყევი.
მხოლოდ იშვიათად, დიდი სიცხეებისას, როცა ფეხსაცმელზე დნება და მიწაზე წვეთავს გუტალინი, როცა ტანი ოფლით გაჟღენთილ სამოსში მხოლოდ ღილებს გრძნობს, მეჩვენებოდა, რომ მუსიკა ბრუნდება ჩემს ცხოვრებაში. ერთხელ მეც დავუბრუნდი მუსიკას, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთხელ.
1934 წელს ჩვენი მაესტრო შევჩიკი გარდაიცვალა და მოწაფეები მთელი წლის განმავლობაში ევროპაში მართავდნენ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტებს. მაშინ შუა გზაზე ვიყავი, არც უკან ჩანდა სინათლე, არც წინ; გათენებისა მეშინოდა და იმ რესტორნებს, რომლებშიც საუზმობენ, უპირატესობას ვანიჭებდი იმათთან შედარებით, რომლებშიც ვახშმობენ. უძილობა მტანჯავდა.
წიგნებით ვიჭერდი ბუზებს — ფურცლებს შორის მოვჭყლეტდი ხოლმე და მერე, წაკითხვისას, უამრავ ჩემსავე მსხვერპლს ვპოულობდი — გაბრტყელებულსა და გამოფიტულს. ამისდა მიუხედავად, მაესტროს გარდაცვალების ცნობის მიღებისთანავე პრაღაში გავემგზავრე, შევასრულე ასეთ შემთხვევებში მიღებული ყველა ფორმალობა და პირველსავე კონცერტზე დასასწრებად წავედი. უკრავდა შევჩიკის ერთ-ერთი მოსწავლე, რომლის სახელიც არ მახსოვდა.
სავიოლინო კონცერტი იყო. მევიოლინეს სწორი, მთლად შავი თმა ჰქონდა, ისეთივე, როგორიც ხემის ძუა. პირველი ნაწილი წყნარი იყო — ასეთ ტემპზე ადამიანს შეუძლია, თვალი ადევნოს მაგიდიდან წიგნის ვარდნას და ცალკე იმასაც დაუკვირდეს, როგორ იკეცება მისი თითოეული ფურცელი. მეორე ნაწილი ფართო და მსუბუქი იყო, თითქოს მოგაგონებდათ, როგორ ერწყმიან წაბლის ფოთლები საუთარ ჩრდილებს. კადენციამ, აულაგმავმა დაა ველურმა, თანმხლებთა გარეშე დარჩენილ მევიოლინეს საშუალება მისცა, ნიღაბი ჩამოეხსნა და მე გავიფიქრე: ასეთი კაცი ივლისში რომ ატირდეს, ტირილის ხმას აგვისტოშიც გაიგონებ-მეთქი და ბოლოს, თავბრუდამხვევი დასკვნითი ნაწილი, რომლის შესრულებაც მხოლოდ იმას შეეძლო, ვისაც სამ სხვადასხვა სიჩქარეზე სძინავს და ვისი სიზმრებიც ხან ვეებერთელა მამოძრავებელ ძალას ფლობენ, ხან დიდ და მომწყვლელ სისწრაფეს...
ვინც ჩემს წინაშე იდგა, ორფეოსიც კი არ იყო, მხეცებს, ქვებს, ნაკადულებს, ხეებს, ცეცხლს და ფისს, ნიჟარაში ქარის ქროლას და ცხოველთა ნაწლავებს რომ აიძულებდა, მისი მუსიკისთვის ესმინათ. ის უფრო ძლიერი იყო — ყველა ესენი აიძულა, გამოხმაურებოდნენ, ალაპარაკებულიყვნენ მის ინსტრუმენტში, როგორც საკურთხეველში, სადაც მუსიკას მსხვერპლად სწირავდნენ არა მარტო მათ, თავიანთი შიგნეულითა და ძვლებით, არამედ ქურუმის ხელსაც... და აქ მანასია ბუკური და მისი სიტყვები გამახსენდა.
მაგრამ, უნდა გამოგიტყდეთ, თვით მანასია ბუკურს მისდღემში ვერ ვიცნობდი იმ შავი პარიკით, რომლითაც სცენაზე იდგა. მან კი იმ უამრავ ადამიანში, მის მოსასმენად რომ მოსულიყო, მაშინვე მიცნო. კონცერტის შემდეგ მისი თხოვნით მომძებნეს და მასთან მიმიყვანეს. სხვისი სახელით და სხვისი თმით გამოდიოდა, ის კი, რაც პარიკის ქვეშ აღმოვაჩინე, არაფრით ჰგავდა ახალგაზრდობის დროინდელ მის ლამაზ სახეს. ცალი თვალი სადღაც შუბლს ქვევიდან იყურებოდა, მეორეს, საერთოდ, წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყო პირველი, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვალებს ისევე ახამხამებდა, როგორც ადრე: მარცხენას ორჯერ იმ დროში, სანამ ერთხელ დაახამხამებდა მარჯვენას.
— დიდხანს დგომა აღარ შეგიძლია? მე კი წოლა აღარ შემიძლია, ჩემო კარგო, — მომიგო მან, — პირდაპირ საშინელებაა, ცხოვრებაში რამდენ ხანს ვიწექით! მთელი მარადისობა! მეტი აღარ შემიძლია, საკმარისია.
საერთოდ აღარ ვწვები...
ქუჩა გავიარეთ, იმ საღამოს ჩალით რომ მოეფინათ, რათა მოძრაობით გამოწვეულ ხმაურს საკონცერტო დარბაზში მყოფთათვის მუსიკის მოსმენაში ხელი არ შეეშალა. დავსხედით, როგორც ახალგაზრდობაში, კაფეში და ლუდი შევუკვეთეთ.
— მჭირდები, — მითხრა, როგორც კი დავსხედით, და შევამჩნიე, რომ ფრჩხილებზე ლაქი აღარ ესვა.
— შენ ხომ იცი, რომ მუსიკას თავი დავანებე.
— ვიცი. და ეს სწორედაც რომ ხელს მაძლევს. ზუსტად ასეთი მჭირდები და არა ისეთი, უწინ რომ იყავი.
ამ სიტყვებმა უბრალოდ კი არ გამაოცა, კიდეც შემაცბუნა. მას შემდეგ, რაც ჩემი პროფესიული მომსახურება შევთავაზე, მიამბო, რა ტანჯავდა. მის მონაყოლს რომ ვუსმენდი, ის გავიგე, რაც გაცილებით ადრე და იმაზე უკეთ ვიცოდი, ვიდრე თვითონ. ამის მიუხედავად, მის სიტყვებში იყო რაღაც მოულოდნელიც.
უკვე წლებია, იგი ერთი სულ ახლებური კვარტეტის პარტიტურას დაეძებს. ამ ახალ კვარტეტს და იმ ძალისხმევას, რაც მის დასაუფლებლად გაიღო, პირდაპირ ჭკუიდან გადაჰყავდა და მუსიკას აშორებდა. ლაპარაკი საერთოდ მუსიკას კი არა, კვარტეტის მოძიებას შეეხებოდა. მარცხენაფეხამოკეცილი ვუსმენდი მის აღსარებას, რომლისთვისაც შეიძლებოდა დაგერქმიათ მოძრაობა და-ძმაზე
„ხომ იცი, რომ და მყავდა, ჰერონეია. გახსოვს, რა ლამაზი იყო: ერთი თვალი — როგორც დღე, მეორე — როგორც ღამე და მან იცოდა, რომ ქვეყანაზე უფრო მეტია სილამაზე, ვიდრე სიყვარული. 1910 წელს დაიბადა და რამდენიმე კვირის შემდეგ, ერთ დილას, იმ დღით, რომელიც არავის, მათ შორის, თვითონ მასაც არ დაუმახსოვრებია, ჰერომ მოკვდინება დაიწყო და შეუმჩნევლად კვდებოდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იმ საბედისწერო დღემდე, როცა კვდომა, ბოლოს და ბოლოს დამთავრდა. ვინ იცის, იქნებ, მისი კვდომა გაცილებით ადრეც დაიწყო, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ჰერო დაიბადებოდა და მის დაბადებამდე რამდენიმე ასწლეულს გრძელდებოდა, ვიდრე იმ დასასრულამდე არ მიიყვანა, რაზეც ახლა ვილაპარაკებთ.
რაც შემეხება მე, ერთხელ, იმ დღის საღამო ჟამს, რომელიც ყველასგან შეუმჩნეველი დარჩა და რომლის სხვა საღამოებისგან გამორჩევას თვითონაც ვერ შევძლებდი, სავსებით გაუცნობიერებლად დავიწყე შეყვარება. შეყვარება არა ქალის, დედის, ძმის ან დის — მაშინ ხომ დაბადებიდან სულ რამდენიმე წელი შემისრულდა. დავიწყე შეყვარება საერთოდ, სიყვარულისთვის მზადყოფნის სახით. მაგრამ ერთობ გაბედული სიყვარულით, იმ გემივით, მტკიცედ რომ იღებს კურსს გაშლილი ზღვისკენ, საიდანაც დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. და ამ ჩემს სიყვარულში, ანუ ამ ხომალდის ბორტზე, მას შემდეგ ამოდიოდნენ და ჩადიოდნენ ჩემი ბედის თანამგზავრები, რომლებიც დროის ამა თუ იმ მონაკვეთს ჩემთან ერთად ატარებდნენ, ჩემთან ერთად ხვდებოდნენ ტალღების დარტყმებს, მიქცევებს, მზესა და ქარებს. მათ შორის იყო ჩემი და ჰეროც, ოღონდ მას ამ ხომალდზე განსაკუთრებული ადგილი ეკავა. კაპიტნის ხიდურაზე კი არა — არა, ყველაზე ლამაზ სავარძელში.
და ეს ლამაზი სავარძელი ჩემს ხომალდზე ყველაზე მეტად სწორედ მას შეეფერებოდა. გემბანზე მდგარ ყველა დანარჩენ სავარძელზე ლამაზი ის, შეიძლება, სწორედ მას შემდეგ გახდა, რაც ჰერონეიამ დაიკავა. ეს რომ მოხდა, ჰერო სულ თხუთმეტი წლისა იყო და სუფრაზე სასადილოდ სხვებთან ერთად უკვე აღარ ჯდებოდა. და ამის შემდეგ თვითონ მეც აღარასოდეს მინახავს, რომ ესადილა ან ევახშმა. ოჯახში ჩუმ-ჩუმად ლაპარაკობდნენ, რომ ის სულ სხვა რაღაცებს ჭამდა და არა იმას, რასაც სხვები. ეკლესიაში პირჯვარს სწრაფი მოძრაობით იწერდა, თითქოს ბუზს იჭერსო, და ამბობდნენ, რომ ასევე სწრაფად ჭამდა. ჯერ კიდევ სრულიად ბავშვი იყო წვრილი ფეხებით და ბებერი, ბებერზე ბებერი სულით.
სულით, რომელიც იძულებული იყო, შეჰგუებოდა მის სხეულს, როგორც ახალ, მაგრამ უკვე ზრდასრულ ღმერთს, ჯერჯერობით თვითონაც რომ ვერ იგებს იმ ლოცვების ენას, რომლებითაც მას მიმართავენ. ღმერთს, რომელმაც ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს ლაპარაკი... სულ მეჩვენებოდა, რომ ჩემ ირგვლივ მყოფი ქალები იყოფიან მზარეულებად, მოსამსახურეებად და მომვლელებად და ჯერ კიდევ ბავშვობაში მივხვდი, რომ ჩემი და ჰერონეია ამ უკანასკნელთა რიცხვშია. მან მთლად სატანჯველად უქცია უკანასკნელი წუთები ჩვენი შინაური ცხოველების დიდ ნაწილს, რომლებსაც ჰერო თავს ატეხდა უაზრო მოქმედებების ნაკადს. როცა ისინი ხელში ჩააკვდებოდნენ ხოლმე, გაწამებულები არა მარტო უკურნებელი სენით, არამედ მისი პანიკური ცდებით, ეხსნა მათი სიცოცხლე, ჰერო უსიტყვოდ აქცევდა მათ ზურგს და მერე ამბობდა:
— თავი ოთხშაბათი მგონია. ყოველთვის ვიგვიანებ, ყოველთვის სამშაბათის მერე მოვდივარ...
ჰერონეია ბელგრადში სწავლობდა და, როცა თევზის კანის შლაპით აქ, პრაღაში ჩამოვიდა, რათა სწავლა გაეგრძელებინა, ბინა ქალაქის ძველი უბნის ერთ ვიწრო და ღრმა ქუჩაზე ვიქირავეთ. ბინას აქირავებდნენ სხვენთან ერთად, რომელზე ასასვლელადაც ოთახში ხის კიბე უნდა ჩამოგეშვა იმ მოწყობილობის დახმარებით, ლითონის ჯაჭვისა და ბორბლების სისტემისგან რომ შედგებოდა.
იმ დროს ახალგაზრდა კაცი ვიყავი, მომცრო და გამჭვირვალე, როგორც მთის ნაკადული. ენერგიას, მიღებულს მუსიკიდან, წინანდებურად ყოველდღე რომ მკვებავდა, უკვე აღარ ვხარჯავდი. ჩემს სულს ქონი ედებოდა, აგროვებდა უსარგებლო სულიერ ცხიმს, როგორც სიმსუქნისკენ მიდრეკილი ადამიანი, რომელიც ვერ ასწრებს, გახარჯოს საკვებით მიღებული კალორიები. ჰერომ აივანზე დადგა ქოთანი ალოეთი, „რომელიც ეშმაკმა ალოკა“, რის გამოც მის ეკლიან ფოთლებს გრძივი თეთრი ზოლები შემორჩა. ეს მცენარე ბელგრადიდან ჩამოიტანა და თავის ოთახში ისე დადგა, რომ როცა თმას ივარცხნიდა, სარკეში მისი გამოსახულება დაენახა. ერთ დილით მან როგორღაც შენიშნა, რომ მის სარკეში თმას ივარცხნიდა და პირს იპარსავდა ახალგაზრდა პორუჩიკი, რომელიც ქუჩის გადაღმა მდგარ სახლში ამავე სართულზე ცხოვრობდა. მისი ფანჯარა ისე ახლოს იყო ჩვენს აივანთან, რომ პორუჩიკს შეეძლო, ჰეროს სარკეში საკუთარი თავი დაენახა; შინიდან გამოუსვლელად გაპარსულიყო ჰეროს სარკისა და საკუთარი ხმლის მეშვეობით.
საქმე ის არის, რომ პირს ერთობ მოხერხებულად იპარსავდა თავისი ოფიცრის ხმლით, ოქროს ფუნჯს კი, ვადაზე რომ ეკიდა, გასასაპნად იყენებდა. შეგვეძლო, ერთმანეთისთვის ანთებული ასანთის ღერი გადაგვეგდო და ის ისე მიფრინდებოდა, ჩაქრობას ვერ ასწრებდა. საღამოობით მე და პორუჩიკი ამ გზით ვაწვდიდით ერთმანეთს ცეცხლს ყალიონების გასაღვივებლად.
— ფრთხილად იყავით, არასოდეს მოუკიდოთ ასანთის ერთი ღერით მეორე სანთელს და მესამე ყალიონს! — მხიარულად გვეტყოდა ხოლმე ახალი ნაცნობი. პორუჩიკს, რომელსაც იან კობალა ერქვა, და ჩემს დას შორის რაღაც ისეთი დაიწყო, რასაც მე ურთიერთდაყნოსვას დავარქმევდი. მაგრამ დრო ცალ ფეხზე არასოდეს დგას. საქმე წინ მიიწევდა. ყოველ საღამოს ის სწორედ იმ დროს ანთებდა სინათლეს, როცა ჰერო თავის ოთახში აქრობდა.
მე აივანზე ვიჯექი, ყალიონს ვეწეოდი, დროდადრო შლაპას ვიხდიდი და შიგ ვაბოლებდი და ვუყურებდი, როგორ იხდის ქუჩის მეორე მხარეს იან კობალა ჩექმებს. ერთს ერთ კუთხეში ისვრის, მეორეს — მეორეში, როგორ სვამს ბოთლიდან, რომელიც მხოლოდ კბილებით უჭირავს და ხმლით აჭრის ფეხს შემწვარ წიწილას, მაგიდაზე რომ უდევს, მერე საწოლში წვებოდა, ფეხს გამოხრავდა და ძვალს ისროდა პირდაპირ ჩექმაში, კუთხეში რომ იდო, მერე პერანგს იხდიდა და ამ დროს ნელა იღებოდა კარი და ოთახში იღვრებოდა მთვარის შუქი, რომელსაც შემოჰყვებოდა ჩემი და ჰერო. უძრავად, თვალდაუხამხამებლად მისჩერებოდა პორუჩიკს, თითქოს ვერ ხედავსო, საწოლთან მიდიოდა, დაიხრებოდა და კაცი მისი ბლუზის ღილების ენით გახსნას შეუდგებოდა. აქ ჰერო წამიერ მზერას ესროდა აივანს, სადაც მე ვეწეოდი, სანთლის ალს მიაფურთხებდა, თავისი ნაწნავით გაშოლტავდა მთვარის შუქს, აუჩქარებლად შემოუვლიდა ლოგინს და შიგ ჩაწოლილ პორუჩიკს, მერე კი ნელა, როგორც მიწისკენ დაშვებული თოვლის ფანტელი, ისე ეშვებოდა თავის ნადავლზე...
ჩემი შლაპა და თმა მთლად თამბაქოს სუნით იყო გაჟღენთილი. ზოგჯერ ვდგებოდი და კონსერვატორიაში სამეცადინოდ მივდიოდი, ზოგჯერ ლუდხანებისკენ გავწევდი, სადაც მაგიდები და სკამები ლუდით იყო გაწებილი, ან მივდიოდი იმის საყურებლად, როგორ მარხავენ ებრაელები წიგნებს, მაგრამ ჩემში რაღაც დუღდა, ვგრძნობდი, რომ წვერი გაცილებით სწრაფად მეზრდება ხელებზე, ვიდრე მათ გარშემო და მაშინ ვხდებოდი, რომ აუცილებელია, შევიცვალო და მე მართლაც დავიწყე ცვლილება და ამას აქამდე ვაკეთებ.
ერთხელ ჩემი და სადილის შემდეგ გამოჩნდა, თვალები გადამწიფებულ ხილს მიუგავდა, ხელები კი ისეთი ჰქონდა, თითქოს მუფთაში ჩარჩენიაო.
პორუჩიკი კობალა კარს აღარ აღებდა: ახლა ის თავისთან იღებდა რომელიღაც სხვა სიყვარულს. ჰერო არაფერს ამბობდა, მე კი, ჩვეულებისამებრ, ვიჯექი, ვეწეოდი და ველოდი.
დგებოდა დრო, როცა ის თავის ოთახში სინათლეს აქრობდა, კაცი კი თავისას ანთებდა. აივნიდან ვუყურებდი, როგორ იძრობს ჩექმებს, ისვრის ქამარს, როგორ იჭრის ხმლით ქათმის ფეხს და ჭამს ლოგინში ჩაწოლილი და ზურგზე ჟრუანტელი მივლიდა, ხერხემლის გასწვრივ თმა ყალყზე მიდგებოდა, პერანგი შრიალს იწყებდა. თითით ისე ვაქრობდი ყალიონს, რომ დამწვარი ხორცის სუნი დგებოდა. ჩუმად წამოვიწევდი და ქუჩაში ჩავდიოდი, გადავჭრიდი და კობალას ბინაში ავდიოდი. ვაღებდი კარს, ოთახში მთვარის შუქი იღვრებოდა და ამ შუქის გავლით შევდიოდი მე. დავყურებდი უძრავად, თვალის დაუხამხამებლად, ვუახლოვდებოდი, ვიხრებოდი და ის იწყებდა ჩემი შარვლის ღილების ენით გახსნას. მაშინ მე მზერას ვაპარებდი ჩვენი აივნისკენ, სადაც ჰერო იჯდა, სანთლის ალს ვაფურთხებდი და კობალასთან ვწვებოდი.
იმიტომ, რომ ახლა ჰეროს ნაცვლად ის ყოველ საღამოს მე მელოდა...
ერთ დილას ჰერო ადრე ადგა, თმა ისე დაიხვია, რომ ეგრძნო, თითქოს ეზოში გაზაფხულია (თმას სხვადასხვანაირად იკეთებდა ხოლმე და თუ ბაფთას ჩაიწნავდა, ზაფხულის შეგრძნება ჰქონდა, ხოლო თუ თმას ისე დაიწნავდა, როგორც მათრახს, ეჩვენებოდა, რომ გაზაფხული იდგა). იმ დილით ნაწნავი თავზე დაიხვია და შინიდან ადრე გავიდა. ამის მეტად აღარ მინახავს. შემატყობინეს, რომ ჰერომ თავი მოიკლა. იმავე დღეს, თორმეტ საათსა და ხუთ წუთზე, დაიღუპა ლაბორატორიაში მომხდარი აფეთქებისას, რომელიც თვითონვე მოაწყო. ასე რომ, აღარასოდეს მომეცემა შესაძლებლობა, ვკითხო, მაინც ვინ გახდა მისი ასეთი ზღვარგადასული საქციელის მი¬ზეზი — იანი თუ მე. მისი კუბოში ნახვაც კი არ მეღირსა.
მას შემდეგ ჯიბით დამაქვს საათი ისრებით, რომლებიც მისი დაღუპვის დროზე გაიყინენ.
ისინი მუდამ თორმეტ საათსა და ხუთ წუთს უჩვენებენ და ყოველდღე დგება წუთი, როცა მათი საშინელი დრო რეალურს შეესატყვისება. ხოლო საშინელი კითხვა, ვისმა ორგულობამ — პორუჩიკისამ თუ ჩემმა — უბიძგა მას სიკვდილისკენ, ჩემთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად იქცა.
რა თქმა უნდა, მეშინვე შეწყდა ჩემი ურთიერთობა იან კობალასთან. ის უკვალოდ გაქრა, მე კი მას შემდეგ საკუთარ ჩრდილზე ბორძიკით დავეხეტები. შევიცვალე სახელი და თმა, დავიწყე ბოშების ქორწილებზე დაკვრა, ვეზიარები ხოლმე — როგორც ოდესღაც — ძმრითა და პირშუშხათი და ერთადერთი, რაშიც სიმშვიდეს ვპოულობ — ტრიგონომეტრის ამოცანებია. თავში გამუდმებით მიტრიალებს ანდაზა ორ წყვილ თვალზე და ვცდილობ, ხელახლა გავაცნობიერო. ჰეროს მბრწყინავი თვალების სიღრმე უთვალავჯერ გამომიანგარიშებია და ეს ჯადოსნური ციფრი დღისითაც მახსოვს და ღამითაც. ვცდილობ, ამოვიცნო ყველას თვალის ფსკერის სიღრმე, თან ვფიქრობ, შეიძლება მოხდეს სასწაული და გამოჩ¬ნდეს ვინმე ისეთივე ფერისა და სიღრმის თვალებით, როგორიც მას ჰქონდა, მაშინ, შეიძლება, იმედი ვიქონიოთ, რომ გავიგებ პასუხს კითხვაზე, რომელზეც და ვეღარასოდეს მიპასუხებს.
და აი, კიდევ რა. მივხვდი, რომ ზუსტად ისევე, როგორც არსებობს მამრობითი და მდედრობითი ინსტრუმენტები, — ხოლო კარგ კვარტეტად მხოლოდ ის იქცევა, რომელშიც ერთიც არის და მეორეც, — ყოველ სახეზე არის ერთი ქალის და ერთიც მამაკაცის თვალი. ჩაიხედე სარკეში და უწვალებლად აღმოაჩენ, რომელია შენი ორი თვალიდან მამაკაცისა და რომელი ქალისა. ჰეროს მარცხენა თვალი მამაკაცისა ჰქონდა და სწორედ ის გაუძღვა სიკვდილში. მარჯვენა, ქალის თვალი, ცდილობდა მისი სიცოცხლე ეხსნა. და ამისი დავიწყება არ ეგების... მაგრამ საქმეზე გადავიდეთ!
კრაკოვში კონცერტების გამართვისას ერთ ბატონს გადავეყარე — დოქტორ ალფრედ ვეჟბიცკის.
ოდესღაც, დიდი ხნის წინ, მეც და ჰეროც, ჯერ კიდევ ბავშვები, კარგად ვახსოვდით. მან შინ მიმიპატიჟა, რათა იქ დამეკრა. საშუალება მქონდა, ერთგვარი დაკვირვება მომეხდინა და დავასკვენი, რომ ამ კაცთან ფხიზლად უნდა იყო. დოქტორს ისეთივე ფერისა და სიღრმის თვალები ჰქონდა, როგორიც ჩემს განსვენებულ დას. ერთ თვალში — დღე, მეორეში — ღამე. შესაძლო ჩანდა, მისგან დავლოდებოდი პასუხს კითხვაზე, რომელიც ჰერომ დამიტოვა, და იან კობალასთან ჩემი ურთიერთობის შეფასებას. დიდხანს ვაკვირდებოდი ვეჟბიცკის — მშვენიერ, გულითად ადამიანს, უტყვს, როგორც წიგნს და ყურებამდე ყველა ღილშეკრულს, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა: ერთი ხელის ფრჩხილები მეორე ხელის ფრჩხილებქვეშ ამოედო და თავაზიანად დუმდა.
ახლა ისევ პოლონეთში მივდივარ, სადაც, შეპირებისამებრ, კონცერტი უნდა გავმართო დოქტორის ნათესავი ქალის მამულში. თუ შევძლებ, ვისარგებლო ამით და ვეჟბიცკისთან რაიმე გავარკვიო, მაშინ აუცილებლად დამჭირდება შენი დახმარება, ამიტომ გთხოვ, შენც ჩემთან ერთად წამოხვიდე მოგზაურობაში, რომელიც, სხვათა შორის, — მე რომ არა, — შეიძლება, სასიამოვნოც კი გამოდგეს.
* * *
ამ სიტყვებით დაამთავრა მანასია ბუკურმა თავისი ამბავი. იმ სამსახურისთვის, რასაც ჩემგან, როგორც პროფესიონალისგან გამოელოდა, მაშინვე გადამიხადა, თუმცა პოლონეთში მხოლოდ 1937 წელს გავემგზავრეთ. ჩემი მეგობარი თითქმის კარგ გუნებაზე იყო. რაღაც უცნაური წინათგრძნობა დაუფლებოდა: როგორც სტუდენტობის დღეებში, ჩემი შლაპა თავისი შლაპის ზევიდან ეხურა და ვარშავაში დოქტორი ალფრედ ვეჟბიცკი გამაცნო. ვისხედით მისი კაბინეტის მისაღებში, პოლონურ არაყს ვსვამდით და დოქტორი ყალიონს აბოლებდა ისე, რომ ეჭვიც არ ჰქონდა ჩვენი ვიზიტის ნამდვილ მიზანზე. ისე კი, ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ გიჟური იმედი გვქონდა, მისი დახმარებით, უფრო სწორად, ვიღაცის თვალების დახმარებით, ჰეროს თვალების მსგავსი რომ იყო, ოთხივე თვალი აგვეხილა ჩემი მეგობრის მანასია ბუკურისთვის? ცხადია, შეიძლებოდა ყოველივე ეს მისი უცნაური ფანტაზიისთვის მიგვეწერა, ხოლო ჩვენი მოგზაურობის და პოლონეთში ყოფნის ჭეშმარიტი მიზანი, როგორც ვფიქრობდით და ვიმედოვნებდით, მაინც დოქტორის ნათესავი ქალის მამულში გასამართავი კონცერტი იყო.
ეს კია, ამ განზრახვას ერთი დეტალი ეღობებოდა. და ეს დეტალი ვიყავი მე. თუ მოგზაურობის მიზანი კონცერტი იყო, მაშინ მანასიას მე რაღა ეშმაკად ვუნდოდი?
ჩვენი მასპინძელი ისე ცოტას ლაპარაკობდა, რომ ბაგეები ერთმანეთზე ეწებებოდა და საკმარისი იყო, სიტყვა დასცდენოდა, ისე სკდებოდა, როგორც მოწეული ყაყაჩო. მისი ავტომობილით მივდიოდით, ფანჯრებს იქით ბინდი წვებოდა, მე კი დაძინებას ვცდილობდი. როცა მანქანა გაჩერდა და გადმოვედით, ვეჟბიცკიმ გვითხრა, მინდა რაღაც გაჩვენოთო.
უკვე ბინდდებოდა, მაგრამ ის, რისკენაც ვეჟბიცკის ყალიონის ვერცხლისფერი ბოლი მიგვითითებდა, გარკვევით დავინახეთ. ჩვენ წინ იყო საზღვარი, რომელიც ორ სხვადასხვა კლიმატს ყოფდა.
მინდორზე გამავალი სწორი ხაზი, რომელიც ჰორიზონტს იქით იკარგებოდა, წარმოადგენდა საზღვარს თოვლსა და მშრალ მიწას შორის, ბალახს რომ დაეფარა. ცოტა ხანს შევჩერდით ამ სიმშრალესა და სითბოში, მერე კი ქარბუქში შევაბიჯეთ. და მაშინვე დავინახეთ ციხესიმაგრე. ჭიშკრის ორივე მხარეს თითო ფანარი ენთო და მიწისკენ მოფარფატე თოვლი განათებული მხრიდან თეთრი, გაუნათებლიდან კი შავი ფერისა იყო.
რამდენიმე ხანში სასტუმრო ოთახში აღმოვჩნდით, რომელსაც ადამიანის ხელის ფორმის კარის სახელურები ჰქონდა. როიალთან მივედი, რომელზეც მანასია ბუკურმა თავისი ვიოლინო დადო, და მის თავსახურავზე წიგნები დავინახე. ამ დროს დიასახლისიც გამოჩნდა, რომელმაც ჯერ კარის სახელურს ჩამოართვა ხელი, მერე ჩვენ.
კაბა წინდებზე შეხებისას შარიშურობდა და ამ ხმამ ამაღელვა. თმა უკან სწორად გადაევარცხნა და ისე გადაეჭიმა, რომ ყურები და ყელი სახის ნაწილები გეგონებოდათ.
იმ საღამოს მან მასწავლა, რომ ზამთარში თეფშები, ვიდრე ზედ საჭმელს დააწყობდე, უნდა დაამარილო, რადგან ორგზის დამარილებული კერძი ორჯერ უფრო ძლიერად გათბობს.
ჩვენ უკან ორფა კარი გაიღო და მეზობელ დარბაზში ოთხ კაცზე გაშლილი სუფრა დავინახეთ. ორი სამ-სამ¬სანთლიანი შანდალი გაცილებით მეტ სინათლეს გამოსცემდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და შევნიშნე, რომ ფანჯრების გარეთა დარაბები გაეხსნათ, რისი წყალობითაც შუქის ეფექტი ორმაგდებოდა — იქ, ფანჯრის იქით, თოვლიან ღამეში მინები აირეკლავდნენ თორმეტ ცეცხლს. ჩვენი სკამების საზურგეები ამ სინათლეზე ისე მქრქალად ლაპლაპებდა, თითქოს გაუსანთლავთო.
დიასახლისმა, თეფშზე პირველი ნაჭერი რომ გადაიღო, ღმერთმა შეგარგოთო, გვისურვა და მზერა დოქტორ ვეჟბიცკისკენ გაექცა, სხვათა შორის, მომეჩვენა, რომ კაცმა მალულად ანიშნა, გაჩუმებულიყო.
— უჰ, ჩემო საყვარელო ანგელოზო, ნუთუ სამუდამოდ მიმატოვე? — მოულოდნელად ფრანგულად მომმართა ქალმა.
გაოცებულმა შევხედე, რადგან ამ წუთამდე ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება ერთი ბეწოთიც არ გასცილებია იმ ორი ადამიანის წმინდა ფორმალური ურთიერთობის საზღვრებს, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ. დოქტორმა ვეჟბიცკიმ თავის კოვზს დახედა და კიდევ უფრო დაუჯერებელი ფრაზით მიმართა მანასია ბუკურს:
— გელოდით, რადგან დარწმუნებული ვიყავი, დიდხანს არ დაუწყებდით ბრძოლას რაღაც ცრურწმენებს, ხოლო სინდისის ქენჯნას — მით უფრო ნაკლებად!
ამ წუთში მომეჩვენა, რომ დოქტორ ვეჟბიცკის თვალები მართლაც ჰგავდა ჰეროს თვალებს: ერთში დღე იყო, მეორეში — ღამე. აშკარა იყო, მასპინძლებმა გადაწყვიტეს, გადაეხვიათ საყოველთაოდ მიღებული ნორმებიდან და აქ, ჩვენთვის უცხო გარემოში, მოეხსნათ ნიღბები და გადმოეშალათ კარტები, რომელთა შესახებ ეჭვითაც არაფერი ვიცოდით. მანასია იჯდა, თითებს იმტვრევდა, სახე გაუფითრდა და ხემის კანიფოლის ფერი დაედო. მე მომავლის განჭვრეტის მწირმა უნარმა მიხსნა.
თვალი კოვზს შევავლე. ვერცხლისა იყო და გადავწყვიტე, რომ მისი გამოყენების დრო დადგა. წვნიანს ვჭამდით, რომელიც თიხის ჭურჭელში მოეხარშათ, ტამბურინის ფორმა რომ ჰქონდა, რისი წყალობითაც შეიძლებოდა ცეცხლზე გამუდმებით გექანავებინა, რათა ნალექს ბულიონი არ აემღვრია და არასიმეტრიული ჭურჭლის ძირში დაგროვილიყო. მერე ცხელი და თითქმის მშრალი სოუსი შემოიტანეს, მომწარო, ირმის რქის მარილით შეზავებული. წამით თავი გესლიან და ფეთქებად ადამიანებად ვიგრძენით, დოქტორ ვეჟბიცკის თვალებში კი ნაპერწკალმა გაკვესა. ნათლად დავინახე, რომ მისი მარჯვენა თვალი ქალისა იყო, მარცხენა კი კაცისა. უკვე ჩანგლებზე გადავედით, როცა ის მანასიას პირდაპირ სახეში მიაშტერდა და, თითქოს შეწყვეტილი საუბარი განაგრძოო, ისევ ფრანგულად წარმოთქვა:
— ვფიქრობ, ჩემო სიყვარულო, რომ ეს მდაბალი, ცუდი საქციელი იყო! — და ამ დროს ტუჩები ისე გაუსკდა, როგორც შემწვარი წაბლი.
ჩანგალს ხელი დავავლე, მაგრად მოვმუჭე და მივხვდი, რომ საქმე გაკეთებულია.
პასუხი იმ შეკითხვაზე, რომელიც ჩემმა მეგობარმა მანასია ბუკურმა თავის დას, ჰეროს დაუსვა, აქ, დოქტორ ვეჟბიცკისა და მისი ახლობელი ქალის სუფრასთან, გაისმა. ისე ჩანდა, თითქოს ჰერომ, სხვა საშუალებების უქონლობის გამო, დოქტორ ვეჟბიცკის სამეტყველო ორგანოები გამოიყენა. 
ამ სიტყვების გაგონება იყო და მანასია გიჟივით წამოხტა და გარეთ გავარდა, თან გაიყოლა ჩვენი გაოცებული მზერა. წამის შემდეგ შემოგვესმა როგორ გაჯახუნდა გასასვლელი კარი. ერთ წუთს მინდოდა, დავდევნებოდი, შემეჩერებინა, რადგან ვიცოდი, რაც განიზრახა. მაგრამ რაღაცამ შემაჩერა. რა თქმა უნდა, არა კეთილმოსურნე მასპინძლებმა, რომლებიც მამშვიდებდნენ, მეუბნებოდნენ, რომ მანასია, როგორც კი ღამეულ ქარბუქში სიარული დაღლის, უკან დაბრუნდებაო.
არა, იმის რწმენამ შემაჩერა, მანასიას ხსნის გზა თუნდაც არსებობდეს, მის საპოვნელად საჭიროა ჩავწვდე ამ სასტუმროს საიდუმლოს, საიდუმლოს ამ ადამიანებისა, ასე უცნაურად რომ იქცევიან. ახსნა აქ უნდა მოიძებნოს, სადაც გადამწყვეტი ფრაზა გაისმა და სადაც საუბარმა პირველივე წუთებიდან ისეთი ხასიათი მიიღო, რომ საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი. ამიტომ დავრჩი, მოუსვენრობას არ ვამჟღავნებდი და შევყურებდი მანასიას ვიოლინოს, რომელიც ისევ როიალზე იდო.
შემოიტანეს ჟანგისფერი ღვინო, მასთან ერთად — პატარა, ვერცხლისძაფშემოხვეული გრაფინით — სხვა, ფისისსუნიანი, რომელიც, როგორც ითქვა, ხუთი წლის წინ პირველისთვის ფერის მისაცემად გამოეყენებინათ.
— იცით, — მომმართა დოქტორ ვეჟბიცკიმ, — ამბობენ, რომ თუ თევზი იმ მდინარეშია დაჭერილი, რო¬მელიც სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიედინება, ის ყველა დანარჩენზე გაცილებით გემრიელია. თევზში, რომელსაც ახლა ვჭამთ, ჩაკერებული იყო საცობმოხ¬დილი ბოთლი წითელი ღვინისა, რომელიც, ვიდრე ცეცხლზე იდო, თანდათან აორთქლდა და თევზი მთლად გაჟღინთა...
ვეჟბიცკი ამ ჯერზე პოლონურად ალაპარაკდა და მის სიტყვებში არაფერი იყო უჩვეულო, ოღონდ ეს კი შევნიშნე, რომ ისიც და მისი ახლობელი ქალიც ისევ რაღაც უცნაურად მიყურებდნენ, თან ხელში ნელა ატრიალებდნენ ბოკალებს. და ამ დროს, თითქოს სიზმრად ვიყავი, იქნებ სადილის მეორე, ნელი ნაწილის შედარებით გაწონასწორებული სუნთქვის წყალობით გავაცნობიერე, რომ აგერ თითქმის მთელი საათია, სუფრას ვუზივარ და საერთოდ ვერ ვამჩნევ, რითი მიმასპინძლდებიან.
აქ მორთმეულ კერძთაგან არც ერთი ადრე არ გამისინჯავს. ახლა თეფშზე მედო ორაგული.
ის ზურგიდან გაეფატრათ და გაეწმინდათ, უკუღმა ამოებრუნებინათ და ვარდის ტოტებით დანთებულ ცეცხლზე შეეწვათ. მერე ირმის ხორცი მოგვართვეს, რომელიც სავსემთვარეობისას მოკლეს და მთელი ღამე ტყეში ყინვაში დატოვეს, ცივ, შავ, ხორციან ნაჭრებზე ნაწლავები დაეხვიათ, ძვლებზე კი ცხენის ძუა, რათა უფრო მოხერხებულად აგვეღო ხელში და თითები ძალიან არ დაგვსვროდა. ირმის ხორცის ალუბლის სოუსს თითქოს ორმაგი არომატი ახლდა. სევდა დაგვეუფლა და ვერცხლის ჩანგლებს ფრთხილად ვადებდით ხორცსა და ძვლებს, დანები კი ხორცის შიგნით ჩანგლის კბილებთან შეხვედრისას ოდნავ ეხებოდა მათ... ვიჯექი და ველოდი. ყოველივე, რაც მერე ხდებოდა, ძალიან ნელი და ხანგრძლივი მეჩვენებოდა, თუმცა სინამდვილეში სულ რამდენიმე წუთი გავიდა, ვიდრე საიდუმლოს ფარდა აეხდებოდა.
ამ ტრაპეზზე ერთმანეთში იყო არეული მცენარეები, მიწის წვენები, ზღვის ნაყოფი, წიაღისეული, ვერცხლი, ცეცხლი და ხორცი. ერთ-ერთი ყველაზე საოცარი კერძი გამოდგა ცომი ხამანწკით, გამომცხვარი პირშუშხას ფესვებით დანთებულ ცეცხლზე.
აი, აქ მომეჩვენა, რომ ხამანწკები ალაპარაკდნენ თვალით უხილავი ოსტატის ხმით, რომელიც ჩვენს გამასპინძლებაზე ზრუნავდა, რომელიც მთელი ცხოვრება ერთადერთ მუდმივ სადილს აჯახირებს და, თუკი ოდესმე დაამთავრებს, მაშინ სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ შეძლებს სადილის დამზადებას, ეს შეუძლებელი იქნება... და მისი დანახვა მომინდა.
— ვინ არის მეოთხე ჩვენს ოთახში? — ვკითხე მასპინძლებს.
— როგორც იქნა! — შვებით წამოიძახა დოქტორ ვეჟბიცკიმ. და ნიშანი მისცა. ამის შემდეგ სანთლების შუქზე გამოჩნდა პატარა კაცუნა პერანგით, ნაკეცები საყელოსთან რომ უგროვდებოდა, ვეებერთელა თეთრი ჩაჩით. ჩაჩის ქვეშ მოჩანდა ორი ჭაღარა თვალი, შეგუებული ცეცხლსა და წყალს, ხელებზე, დიდრონი ჭორფლით რომ დაჰფარვოდა, ცისფერი ძარღვები ასოებს მიუგავდა. მან თავი დაგვიკრა ღიმილით, რომელიც უცბად შეწყდა ერთ-ერთ ნაოჭზე, სახეზე რომ მოუყვებოდა. ისე ჩანდა, თითქოს თავს გვიკრავდა მანასია ბუკურის მაგივრად, ვისი ვიოლინოც უხმოდ იდო როიალზე.
— ჩვენთვის არასოდეს მოგიყოლიათ, — თქვა დოქტორ ვეჟბიცკიმ, — როგორ ახერხებთ თქვენი სასწაულების დამზადებას.
— არანაირი საიდუმლო არ არსებობს, — უპასუხა კაცუნამ, — საჭმლის გაკეთების ოსტატობა თითების სიმარჯვეში იმალება.
თუ ოსტატობის შენარჩუნება გინდა, ყოველდღიურად არანაკლებ სამი საათი უნდა ივარჯიშო. როგორც მუსიკოსმა...
და მართლაც, იმ დღეს კაცუნას ხელში გამოიარა იმავე საგნებმა, რაც მანასიას ფუტლარში ინახებოდა. ვერცხლი და წიაღისეული, ცხოველების შიგნეული და ძვლები, ნიჟარები, მინერალები და ცხენის ძუა — ყოველივე ეს მის ხელშიც მღეროდა. ახლა, როცა ჩემში მუსიკა კარგა ხანია აღარ იყო, მან სხვა გზით აამოძრავა იგივე ნივთები, კიდევ ერთი შესაძლებლობა მომცა, მეგრძნო მუსიკასთან კავშირი. ეს სადილი კი არა, ნამდვილი ჰიმნი იყო, მიძღვნილი დედამიწის, მის მთებისა და ვაკეების, მდინარეებისა და ზღვების, ქარის, ცეცხლის, მცენარეების, მხეცებსა და ადამიანის ხელის ოსტატობისადმი, რომელსაც ძალუძს, მოკლას და სიკვდილით კვებოს სიცოცხლე.
ყავასა და ნამცხვრებთან ერთად, ელვის უსწრაფესად რომ გაიშალა მაგიდაზე პატარა ჩინურ სასტუმრო ოთახში, ლაქით, სადაფითა და სპილოს ძვლით რომ ბრწყინავდა, მოგვართვეს — თუმცა ფანჯრებს იქით ზამთარი იდგა — საზამთრო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ინახებოდა იმის წყალობით, რომ კირი წაუსვეს და ხორბლით სავსე ყუთში ჩადეს. მას ღვიის ბუჩქის სუნი ასდიოდა და უცბად, თითქოს მუსიკალური ინსტრუმენტის სუნი შემესუნთქოს, ვიგრძენი, რომ შემეძლო, დიდი ხნის დავიწყებული კვარტეტის მეორე პარტიაც დამეკრა. ვიოლინოს პარტია, რომელსაც ჩემი მეგობარი მანასია ბუკური ასრულებდა, მაგრამ გვიანღა იყო.
ჩვენი კვარტეტის დანარჩენი ორი პარტია, ღმერთმა იცის, სად დარჩა, სამუდამოდ მიუწვდომელი, და აშკარა იყო, რომ წითელი ძაფი ვერასოდეს შეკრავს ოთხ ბეჭედს — სამ მამრობითსა და ერთ მდედრობითს — იმ მიზნით, რომ ჩემთვისაც დაემოწმებინა ვიზა წმინდა მთაზე. აი, ასე იყო ჩემი საქმე... რაც შეეხება ბუკურს, აქ ძველებურად არაფერი გახლდათ გარკვეული, მე კი სწორედ ამას ველოდი.
ჩემმა სიჯიუტემ მწვერვალს მიაღწია და გადაიქცა საშინელ დაღლილობად, ისეთად, თითქოს მთელი ცხოვრება ცაზე ღრუბლებს და პირში ძვლებს ვითვლიდი. უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და კვლავ ჩავერთე საუბარში, რომელიც, როგორც კი ხელში ნაყინის კოვზები ავიღეთ, მაშინვე გამოცოცხლდა.
— გირჩევთ, ჩემს ოთახში მოხვიდეთ და ღამე ჩემთან გაატაროთ, — მითხრა ისევ ფრანგულად დიასახლისმა, ვერცხლის კოვზს ხელში რომ ათამაშებდა.
გაოცებისგან გავშეშდი. დოქტორი ვეჟბიცკი იჯდა, წვერში იცინოდა, მაშინ საკუთარი კოვზი ამოვატრიალე და სწრაფად ვუპასუხე ფრანგულადვე:
— როგორ? წითელი პარასკევის დამდეგს?
მასპინძლებმა გადაიხარხარეს. ბოლოს და ბოლოს ჩემთვისაც ყველაფერი ნათელი შეიქნა. ვახშმობისას ისინი არც ფიქრობდნენ, დაგვლაპარაკებოდნენ, ეს თამაში იყო, მათთვის ნაცნობი და ჩვენთვის უცნობი, რომლის დროსაც უნდა გეკითხა წარწერები, ამოტვიფრული ვერცხლის ჭურჭლეულობაზე, რითაც სუფრა იყო გაწყობილი.
ახლა ეს უკვე, ბოლოს და ბოლოს, მეც გავაკეთე, თან გავიხსენე, საიდან გაჩნდა ჩვენს ვერცხლის დანა-ჩანგალზე ეს წარწერები.
ეს იყო ფრაგმენტები დიალოგებისა იან პოტოცკის წიგნიდან „სარაგოსაში ნაპოვნი ხელნაწერი“, სწორედ ამით გაალამაზა გრავიორმა მდიდრული ვერცხლის ნივ¬თების მთელი ასეული. პოტოცკისგან ნასესხებ ამ ფრაზებს შორის, ჩანგლებზე, კოვზებსა და ხელსაწმენდი ქაღალდების ჩასაწყობ ვერცხლის რგოლებზე რომ იყო ამოტვიფრული, ისიც გვხვდებოდა, რაც მე და მანასიამ მისი შეკითხვის ჯადოსნურ პასუხად მივიჩნიეთ. პასუხად, რომელსაც ასე ელოდა თავისი დისგან, ჰეროსგან.
— ვფიქრობ, ჩემო სიყვარულო, ეს მდაბალი, ცუდი საქციელი იყო!

* * *
მაშინვე დავემშვიდობე მასპინძლებს, რადგან ვიცოდი, რომ ბუკური ახლა სადღაც კვდებოდა ამ სიტყვებით ბაგეზე და რომ მხოლოდ მე შემეძლო მისი გადარჩენა იმ¬ით, რომ გამემხილა სუფრის ვერცხლეულის საიდუმლო. 
ვარშავაში ძალიან გვიან ჩავედი, საშინელი ავდარი იყო, მაგრამ კიდევ უფრო საშინელი ის გახლდათ, რომ ჩვენს სასტუმროში მისულმა აღმოვაჩინე: მანასიას სიცოცხლის გადასარჩენად უკვე აღარაფრის გაკეთება შემეძლო. ლოგინში იწვა, გულზე დაკრეფილ ხელებში სანთელი სანახევროდ ჩაწვოდა.
მოსამსახურემ გადმომცა მოკლე წერილი:
„საკუთარი ნებით ვკვდები, ბედნიერი იმით, რომ მივიღე პასუხი კითხვაზე, ჩემი ცხოვრების უმთავრეს კითხვად რომ იქცა. ახლა ვიცი, მან ეს ჩემ გამო ჩაიდინა და არა იან კობალას გამო.
„ჩემო სიყვარულო, — თქვა მან და ეს შენც გაიგონე, — ვფიქრობ, ეს მდაბალი, ცუდი საქციელი იყო!“ ჰერომ იანი ამოირჩია, რათა მე დავეტანჯე, ისევე, როგორც მე ამოვირჩიე ის, რომ ჰერო დამეტანჯა, და არა მისი ღირსების გამო. ჩემთვისაც და მისთვისაც კობალას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც შარშანდელ თოვლს! ჰერო გარდაიცვალა იმ ფიქრით, რომ ურთიერთშეთანხმება მაინც შეიძლება!
პ. ს. მადლობას გიხდი იმისთვის, რომ შენს გასაკეთებელს გააკეთებ. ვკოცნი შენს ნაზ თითებს“.
წერილი იატაკზე დავაგდე, ზედ მძიმე საგზაო ყუთი დავადგი, თოფრაკებითა და ინსტრუმენტებით, რაც აუცილებელი იყო ჩემი სევდიანი ხელობისთვის. ლოგინისკენ დავიხარე და მის სახეს შევეხე. მარცხენა თვალი (ის მამრობითი გახლდათ) დაბლა ჩამოვუწიე, თავის ადგილას, ნაოჭები გავასწორე მეორის, მდედრობითი თვალის, ირგვლივ, რომელიც სიცოცხლეში ორჯერ უფრო ხშირად ხამხამებდა, ვიდრე პირველი და ამიტომ უფრო ბებერი და დაღლილი იყო.
სახე დავუმუშავე და ის ისეთივე ლამაზი გახდა, როგორიც უწინ. მერე რუხი ნაზავი დავაფინე და ნიღაბი ავუღე...
არაფერი იდუმალებით მოცული, სამწუხაროდ, ქვეყნად არ არსებობს. ქვეყანა სავსეა არა საიდუმლოებით, არამედ წივილით ყურებში. მთელი ისტორია ზუსტად იმდენ ხანს გრძელდება, რამდენსაც შოლტის დარტყმის ხმაური! ეს კია, ჩემი პროფესიის ადამიანებს უნარი ებოძათ, ცოტა მეტი იცოდნენ, ვიდრე სხვა მოკვდავებმა.
ვიდრე ნიღბის გაშრობას ველოდი, ვფიქრობდი ჰეროსა და ჩემს საბრალო მეგობარზე. უნდა გითხრათ, ჩემთვის რა ხანია, ცნობილი იყო, რომ ჰეროს თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს. იგი ეჭვიანობის ან იქნებ სხვა რაღაცის შემოტევისას მოკლა იან კობალამ. ამის შემდეგ კი ამ ამბის ის ნაწილი მოდის, რომელსაც საგულდაგულოდ უმალავდნენ ჰეროს ძმას, რადგან ეს ამას ნამდვილად ვერ გადაიტანდა.
სამ დღეს ინახავდა კობალა თავის ოთახში ჰეროს მოჭრილ თავს და მერეღა განუცხადა ამის შესახებ სამხედრო ხელისუფლებას, რომელმაც საქმის მიჩუმათება მოახერხა.
გაგიჟებული პორუჩიკის მტკიცებით, ჰეროს თავმა მესამე დღეს, საღამოთი, საშინელი, ღრმა და თითქოს მამაკაცური ხმით დაიყვირა.
1.
მომავალს ერთი დიდი ღირსება აქვს: სინამდვილეში ის არასოდეს არ არის ისეთი, როგორადაც წარმოგიდგენია, — ეტყოდა ხოლმე მამა ლეანდრს.
იმ დროისთვის ლეანდრი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ყმაწვილი იყო, ჯერ კიდევ არ იცოდა წერა-კითხვა, მაგრამ ლამაზი იყო. მაშინ ლეანდრსაც არავინ ეძახდა, ეს მერე, მოგვიანებით მოხდა, დედამ კი თმა ისე ჩაუწნა, როგორც ჰოლანდიურ მაქმანს წნავენ, რათა გზაში დავარცხნა არ დასჭირვებოდა. როცა აცილებდა, მამამ თქვა: 
— ისეთი ლამაზი, გრძელი კისერი აქვს, როგორც გედს; ღმერთმა არა ქნას, ხმლით დაიღუპოს.
და ლეანდრს ეს სიტყვები მთელი სიცოცხლე ახსოვდა. ჩიხორიჩების გვარში ყველანი, გარდა ლეანდრის მამისა, თაობიდან თაობამდე მშენებლები, მჭედლები და მეფუტკრეები იყვნენ. ჩიხორიჩები დუნაიზე, ბელგრადთან, მას შემდეგ დამკვიდრდნენ, რაც ჰერცეგოვინიდან გადმოსახლდნენ, იმ მხარიდან, სადაც უფრო ადრე სწავლობენ ეკლესიაში გალობას, ვიდრე ანბანს, და საიდანაც წყლები ორ ზღვაში ჩაედინება: სახურავის ერთი ფრთიდან წვიმა დასავლეთს — ნერეტვას და მერე ადრიატიკას ერწყმის, მეორიდან კი აღმოსავლეთს — დრინას გავლით სავასა და დუნაიში და შავ ზღვაში ხვდება. მხოლოდ ლეანდრის მამა არ გაჰყოლია თავისი ჯიშის გზას — იმის, რომ ეშენებინა, გაგონებაც არ უნდოდა.
— საკმარისია, ვენაში ან ბუდიმში აღმოვჩნდე, იქაურ სახლებს შორის, ახლა რომ წამოჭიმეს, თავი აღარ მახსოვს და მხოლოდ დუნაის ნაპირზე, სადაც ქარიყლაპია ყველაზე სულელი თებერვალშია, გამოსული ვხვდები, სად ვარ და ვინა ვარ.
ეს კია, ჩიხორიჩებმა არაფერი იცოდნენ, სად ატარებდა დროს და რას აკეთებდა მამა, რითი იკვებებოდა მათი ოჯახი — მხოლოდ იმას ეუბნებოდა, რომ ცხოვრობს წყლისა და სიკვდილის წყალობით, რადგან მხოლოდ სიკვდილის წყალობით ცხოვრობენ. და მართლაც, ლეანდრის მამა შინ გვიან ბრუნდებოდა, მთლად გალუმპული, ხან დუნაიდან, ხან სავადან, რისი მიხვედრაც ძნელი არ იყო — ყველა მდინარეს ხომ თავისებური სუნი აქვს.
და ყოველთვის, შუაღამით, ჯერ კიდევ სველი, თითქოს ითვლისო, ათჯერ აცემინებდა ცხვირს.
ლეანდრი, რომელსაც ბავშვობაში რადაჩას და მილკოს ეძახდნენ, პატარაობიდანვე სამშენებლო საქმეს სწავლობდა პაპა-ბიძებივით, ეუფლებოდა ოჯახურ ხელობას. კარგი დურგალი და ქვისმთლელი იყო, განსაკუთრებით — მარმარილოსი, ეხმარებოდა ხატების დაკრძალვისას. გარდა ამისა, ფუტკრის სკების ნახატებით სწრაფად და იოლად შელამაზების ან ფუტკრების გუნდის დაჭერის თანდაყოლილი ნიჭიც ჰქონდა. იმ დროს, როცა ჯერ ისევ ჰერცეგოვინაში ცხოვრობდნენ, სიცხეში, ზაფხულის მარხვისას, თუ მოხდებოდა და მდინარეზე ჩასვლა დასჭირდებოდათ, მათგან ოცი თოფის გასროლაზე რომ გაწოლილიყო, ყოველთვის ლეანდრს აგზავნიდნენ და მხოლოდ ის ახერხებდა, დაეჭირა თევზი, გამოეწელა, ჭინჭრით დაეტენა და შინ მანამდე მიეტანა, სანამ სუნს აიღებდა. მოგვიანებით, ერთ-ერთი მოგზაურობისას, ნახა და სამუდამოდ დაამახსოვრდა, დესპოტ ჯურჯა ბრანკოვიჩის მოსახსენიებლად როგორ მოჰქონდათ ავალზე დუნაის წყლით მოზელილი და სმედერევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში ნაკურთხი პური. მთელი გზა დუნაიდან ავალამდე ეტაპებად ჰქონდათ განაწილებული მალემსრბოლ მხედრებს, რომლებიც პურს ხელიდან ხელში გადასცემდნენ და ადგილამდე ისე სწრაფად მიჰქონდათ, რომ ის ისევ თბილი მიაღწევდა ხოლმე დესპოტთა სუფრამდე, სადაც ნატეხებად დამტვრეულს დამსწრეებს უნაწილებდნენ იმ მარილთან ერთად, რომელიც ჟრნოვთან იყო მოპოვებული.
— ჩვენ ყველანი მშენებლები ვართ, — ეტყოდა ხოლმე ლეანდრს, ჩვეულებრივ, ვახშმობისას პაპა ჩიხორიხი, — მაგრამ სამუშაოდ საუკეთესო მარმარილო გვეძლევა: საათები, დღეები და წლები; ხოლო ძილი და ღვინო — ეს სამშენებლო ხსნარია. ყველანი დროის მშენებლები ვართ, აჩრდილებს მივდევთ და წყალს ცხრილით ვხაპავთ: თითოეული ჩვენგანი საათებით იშენებს სახლს, დროსგან კრავს საკუთარ სკას და აგროვებს თაფლს; დროს დავატარებთ ბეწვეულით, რათა იმით ცეცხლი გავაღვივოთ.
როგორც საფულეშია არეული სპილენძის მონეტები და ოქროს დუკატები, როგორც მდელოზე ირევა ერთმანეთში თეთრი და შავი ცხვრები, ასევე გვაქვს ჩვენც მშენებლობისათვის ერთმანეთში არეული თეთრი და შავი მარმარილოს ნატეხები.
ცუდად არის იმისი საქმე, ვინც საფულეში სპილენძის ფულთან ოქროსას ვერ ხედავს, და იმისიც, ვინც ღამის იქით დღეს ვერ ხედავს. ასეთს ავდარსა და გაჭირვებაში შენება მოუწევს...
ლეანდრი ამას რომ ისმენდა, ხვალინდელზე კი არა, ზეგინდელ დღეზე ფიქრობდა და გაოცებული აღმოაჩენდა, რომ ვიდრე მამა ერთი კოვზი ცერცვის შეჭმას მოასწრებდა, თვითონ სამს მიაქანებდა პირში. ოჯახში ყველას საჭმლის წინასწარ განსაზღვრული ულუფა ეკუთვნოდა და არავის არასოდეს დაურღვევია ეს წესი. ლეანდრიც იმდენს ჭამდა, რამდენსაც სხვები, ოღონდ, უბრალოდ, სამჯერ უფრო სწრაფად. ნელ-ნელა ისიც შეამჩნია, რომ ცხოველების ერთი ნაწილი უფრო სწრაფად ჭამს, მეორე კი უფრო ნელა, რომ სწრაფად ან ნელა მოძრაობენ. ასე დაიწყო გარჩევა ირგვლივ მყოფ სამყაროში ცხოვრების ორი სხვადასხვა რიტმისა, სისხლის თუ მცენარეთა წვენების პულსაციისა, იმ არსებათა ორი სახესხვაობისა, რომლებიც ერთი და იმავე დღეებისა და ღამეების ჩარჩოებში მოექციათ, ყველასათვის ერთნაირად რომ გრძელდება, მაგრამ ერთ ნაწილს ისინი არ ჰყოფნის, სხვებს კი თავზე საყრელი აქვთ.
და ძალაუნებურად გრძნობდა შეუთავსებლობას ადამიანებთან, ცხოველებთან თუ მცენარეებთან, რომელთა პულსაცია სხვანაირი იყო. უსმენდა ჩიტებს და მათ შორის იმათ გამოყოფდა, რომელთაც მისი სიმღერის რიტმი ჰქონდათ. ერთ დილას თავის რიგს ელოდა — როდის მორჩებოდა მამა დოქიდან წყლის სმას და მის ყლუპებს რომ ითვლიდა, მიხვდა, დადგა დრო, დატოვოს მამის სახლი. უცბად აღმოაჩინა, რომ მამამ მასაც და მის ძმებსაც უკვე იმდენი სიყვარული და ცოდნა მისცა, რომ მას, ლეანდრს, ცხოვრების ბოლომდე ეყოფა საიმისოდ, რომ გათბეს და იკვებოს და რომ უკვე ვეღარ შეძლებს, კიდევ დააგროვოს ეს სიყვარული, რადგან მან უკვე მოიცვა (და ეს ახლავე აშკარაა) ის დროც, როცა თვითონ ლეანდრი (საგანი და მომხმარებელი ამ სიყვარულისა) ცოცხალთა შორის აღარ იქნება — ამგვარად, მამის სიყვარული ქარსგატანებული აღმოჩნდება და უაზროდ გადაკეტავს მანძილს, რომელიც მას შეხების წერტილს დააშორებს.
აი, როგორ მოხდა ლეანდრის გამგზავრება. ციმბალზე დაკვრა იცოდა და მსმენელები, რომლებიც დღესასწაულებზე მისი დაკვრით სიამოვნებას იღებდნენ, ინსტრუმენტში სპილენძის ფულს უყრიდნენ. იმ დროს სავის ნავსადგურთან ოთხი მოხუცი მზიდავი ცხოვრობდა, ისინიც ვაჭრობდნენ და ციმბალზე დაკვრითაც იყვნენ ცნობილნი. ერთხელ ერთ-ერთი მათგანი გზაში ავად გახდა და კვარტეტი მეოთხე ინსტრუმენტის გარეშე დარჩა.
, რომლითაც იწყება სიტყვა „თეოტოკოსი“ („ღვთისმშობელი“), კარზე სტუმარმა მოაკაკუნა. ლეანდრმა ვერ მოასწრო პირველად სიცოცხლეში ხელში კალმის აღება, რომ სახლში მზიდავებიდან უხუცესი შემოვიდა, კედლიდან ციმბალი ჩამოხსნა და ხელში აწონ-დაწონა, სიმძიმე შეამოწმა. როგორც ჩანს, ინსტრუმენტის წონა, მონეტებით რომ იყო სავსე, კარგი რეკომენდაცია გამოდგა და მზიდავმა ლეანდრის მამა დაიყოლია, მეოთხე მუსიკოსის ნაცვლად იმდენი ხნით ეთხოვებინა შვილი, რამდენიც კონსტანტინოპოლში მოგზაურობას დასჭირდებოდა. თვითონ ლეანდრი დაუფიქრებლად დათანხმდა და, ამდენად, მისი წერა-კითხვაში განსწავლა ისე დამთავრდა, დაწყებაც ვერ მოასწრო — პირველ ასოზე. ამასობაში მოხუცი მზიდავი, ლეანდრის მამასთან რომ მოვიდა, თვითონაც ავად გახდა, ასე რომ, კვარტეტის შესანარჩუნებლად გზად ლეანდრის ამხანაგის აყვანამ მოუწიათ, ბიჭისა ჰერცეგოვინის საზღვრიდან, სახელად დიომიდე სუბოტა რომ ერქვა.სწორედ იმ დილას, როცა მამა ჩიხორიჩმა გადაწყვიტა, შვილისთვის წერა ესწავლებინა და აჩვენა პირველი ბერძნული ასო — 
მზიდავები დაადგნენ კონსტანტინოპოლის ძველ გზას, ბელგრადიდან სალონიკის გავლით რომ მიემართებოდა მეფის ქალაქამდე. ნახეს ჰელესპონტი, გაიარეს სესტი და აბიდოსი და ორი წლის შემდეგ უკან, შინ დაბრუნდნენ, ოღონდ გზად ორი მოხუცი მზიდავიდან კიდევ ერთი დაკარგეს, რომელიც ძალიან უცნაურად დაიღუპა. მან აქლემს მიწაზე დაწოლა უბრძანა, რათა ამოჰფარებოდა და მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა, მაგრამ, ვიდრე შარდავდა, აქლემი გვერდზე გადაბრუნდა და მოხუცი გაჭყლიტა.
მომდევნო წლისთვის, კონსტანტინოპოლში ახალი მოგზაურობის წინ, მუსიკოსებმა მისი შემცვლელი მოძებნეს, მაგრამ ქარავნის გასვლის დღეს მეოთხე მზიდავი, მოხუცთაგან უკანასკნელი, არ გამოჩნდა. ახალგაზრდებმა, როცა მიხვდნენ, რომ მათ შორის მოხუცებულებიდან აღარავინ დარჩა, ერთმანეთს გადახედეს, ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე გადაყარეს ინსტრუმენტები და გზას დაადგნენ უკვე არა როგორც მუსიკოსები, არამედ როგორც ვაჭრები. 
სახიფათო მოგზაურობამაც, ხელსაყრელმა ვაჭრობამაც ორ სხვადასხვა სამყაროს — აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას — შორის იმ დროს, როცა თურქების ვეებერთელა მასა ვენისაკენ დაიძრა, გაუმართლათ, მაგრამ გზაში ლეანდრი მიხვდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე პირთამდეა სავსე მუსიკით — ისევე როგორც მამის სიყვარულით — და ყოველივე, რაც ამ სიცოცხლეს დაემატება, უბრალოდ, ნაპირებიდან გადმოიღვრება და ქვიშაში ჩაიქცევა. ეს კია, ვაჭრობით გატაცებული აღარასოდეს დაბრუნებია ციმბალს და, არათუ ხელში აუღია, იმის მოთხოვნილებაც კი არ უგრძვნია, ამ სამყაროში, რომელიც მის ირგვლივ დღეს დღეზე ჭამდა, მუსიკისათვის მოესმინა. თავისი ახალი ხელობა შეიყვარა, შეიყვარა მოგზაურობა და აქლემები მათი დინჯი, მცურავი სიარულით, რომელიც ფარავს დაუჯერებელ უნარს, გადასანსლონ მანძილი, შეიყვარა მათი სისწრაფე და ამტანობა. იმასაც კი ცდილობდა, მათთვის მიებაძა და თავის ბუნებრივ პულსს, თავის შინაგან დროს, თავის სისწრაფეს რბილი, ნაზი და გაწელილი მოძრაობით ავსებდა. სისწრაფე შეფარული სიზარმაცეში — აი, რა იყო მისი მიზანი.
რაკი იცოდა, რომ ეს თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა, ყოველთვის მალავდა, რამხელაზე ჩაიწვა მისი სანთელი, და დუმდა იმაზე, რაც წინასწარ დაინახა ქარის ზურგს უკან. იმიტომ, რომ იცოდა, ასეთი სიჩქარე იმ საშიშ იარაღს ჰგავს, რომელსაც ადამიანები ეჭვით უყურებენ. ასე, აქლემებზე დაკვირვებით და წლობით ვარჯიშით ისწავლა უჩვეულო ძალისა და ღირსებების წარმატებით შენიღბვა, თითქოს ეს ნაკლად ეთვლებოდა... და ეს იცავდა წარუმატებლობისა და უბედურებისაგან. 
მძიმე დრო იყო და გზად ხშირად გადაეყრებოდი ადამიანს სისხლიანი ტანსაცმლით. ვაჭრებისაგან სმენოდა ლეანდრს საშინელი ამბები ხმლიან თურქებზე, სიჩქარის დამჭერებზე, დევნის მოყვარულებზე, თავებზე მონადირეებზე, რომლებიც ქარავნებს უსაფრდებიან და უსწორდებიან ვაჭრებსა და მზიდავებს. უყვებოდნენ, რომ თავებზე მონადირეს ყოველთვის ზურგს უკან აქვს ის ხელი, რომელიც ონანიზმისთვის სჭირდება, და ისე უფრთხილდება, როგორც საგანძურს.
ცდილობს, არ გადაღალოს და იმ ხელით არაფერი აკეთოს, ხმალი კი, რომლითაც თავს მხრებს აშორებს, მეორე ხელში უჭირავს. და თუმცა ლეანდრმა იცოდა, რომ ეშმაკს არ შეუძლია, ვინმე მოკლას და სიცოცხლეს მხოლოდ ღმერთი გვართმევს, მაინც ეშინოდა; და ხმლიანი თურქის უბრალოდ წარმოდგენაზეც კი სახეზე თვალები აქეთ-იქით გაურბოდა.
შიში კიდევ უფრო გაუმძაფრა ერთმა წინასწარმეტყველმა. ის ვეებერთელა, წყლის შესანახ დაბზარულ ცისტერნაში ცხოვრობდა, ფეხების დაბანისას წინდებს არ იხდიდა და მისი მარტოობა ისეთივე მალფუჭადი იყო, როგორც სიცხეში დარჩენილი ხაჭო. ლეანდრს იმ კაცზე ასეთი რამ უთხრეს: 
— სპილენძს მისცემ — გაგპარსავს, ორს მისცემ — გაპარსვისას ბედს გიწინასწარმეტყველებს. მაგრამ გაითვალისწინე, წინასწარმეტყველება უკეთ ეხერხება, ვიდრე გაპარსვა.
ლეანდრი ცისტერნის წინ ქვაზე ჩამოჯდა და ორი სპილენძის მონეტა მისცა. გულთმისანმა გაიცინა და გამოუჩნდა ის ერთადერთი, რაც მასში არ ბერდებოდა — ღიმილი. ლეანდრს უბრძანა, პირი გაეღო და მოულოდნელად შიგ ჩააფურთხა, მერე თვითონაც პირი გააღო.
როცა ლეანდრმა შეფურთხებითვე უპასუხა წინასწარმეტყველს, იმან ორივე ლოყაზე მიაფურთხა, ნერწყვი ლოყებზე წაუსვა და პარსვა დაუწყო.
— როგორ ფიქრობ, თურქები ხვალ შემოგვიტევენ თუ ზეგ? — ნახევრად ხუმრობით ჰკითხა ლეანდრმა.
— წარმოდგენა არ მაქვს, — წინასწარმეტყველის ხმა ისე დაეკიდა ჰაერში, როგორც დიდი ფილა.
— აბა, რაღა წინასწარმეტყველი ხარ?
— იცი რა, წინასწარმეტყველი ორნაირია — ძვირი და იაფი, ოღონდ არ გეგონოს, რომ მათი ერთი ნაწილი კარგია, მეორე — ცუდი. ეგ არაფერ შუაშია. ზოგი სწრაფ, ზოგი კი ნელ საიდუმლოებებს წინასწარმეტყველებს. აი, მთელი განსხვავება. მე, მაგალითად, იაფფასიანი წინასწარმეტყველი ვარ, რადგან ხვალინდელი დღეც და მომავალი წელიც ჩემთვის უფრო დაფარულია, ვიდრე შენთვის. მე ვხედავ ძალიან შორეულ მომავალს, ორი-სამი ასწლეულით წინ — შემიძლია, ვიწინასწარმეტყველო, რას დაუძახებენ იმ დროს მგელს და რომელი სამეფო დაიღუპება. მაგრამ, აბა, ვის აინტერესებს, რა იქნება ორი ან სამი საუკუნის შემდეგ? არავის, მე თვითონაც კი...
მიმიფურთხებია. მაგრამ არიან სხვა წინასწარმეტყველებიც — ძვირიანები, მაგალითად, დუბროვნიკში — ისინი წინასწარმეტყველებენ, რა იქნება ხვალ ან ერთი წლის შემდეგ, ეს კი ყველას სჭირდება, როგორც მელოტს შლაპა, და ასეთებს არ ეკითხებიან, რა დაუჯდებათ წინასწარმეტყველება და დაუნანებლად იხდიან, პეშვით, როგორც ფასკუნჯის ბუმბულისათვის. მაგრამ არ იფიქრო, თითქოს ორი ასეთი გულთმისანი და მათი წინასწარმეტყველებანი არაფრით უკავშირდება ან ეწინააღმდეგება ერთმანეთს. არსებითად, ეს ერთი და იგივე წინასწარმეტყველებაა და ის შეიძლება შეადარო ქარს, რომელსაც გარეთა და შიგნითა მხარეები აქვს. ამასთან, შიგნითა ის არის, რომელიც მშრალია მაშინაც კი, როცა ქარი წვიმაში უბერავს. ამგვარად, ერთი წინასწარმეტყველი ხედავს ქარის მხოლოდ გარეთა მხარეს, მეორე — შიგნითას. ვერც ერთი მათგანი ვერ ხედავს ორივეს.
ამიტომ ადამიანი იძულებულია, სულ ცოტა, ორთან მაინც მივიდეს იმისთვის, რათა შექმნას მთლიანი სურათი, შეკეროს სახე და სარჩული თავისი ქარისა...
ახლა კი გაიგებ ყველაფერს, რისი გაგებაც ჩემგან შეიძლება. ადამიანი ხომალდის კომპასს ჰგავს: ტრიალებს თავისი ღერძის ირგვლივ და სამყაროს ოთხივე მხარეს ხედავს, ოღონდ ის, რაც ზევით და ქვევით ხდება, დაფარული რჩება, ეს მისთვის მიუწვდომელია. არადა, სწორედ ამის შეტყობა უნდა, სწორედ ეს აინტერესებს: სიყვარული — ქვევიდან და სიკვდილი — ზევიდან.
სიყვარული სხვადასხვანაირია. ერთი შეიძლება მხოლოდ ჩანგალზე წამოაგო, მეორეს ხელით ჭამენ, როგორც ხამანწკებს, სხვა დანით უნდა დაჭრა, რომ არ დაგახრჩოს, ზოგჯერ კი ისეთი თხევადია, უკოვზოდ არაფერი გამოვა. მაგრამ არის ისეთიც, როგორიც ის ვაშლია, ადამმა რომ შეჭამა.
რაც შეეხება სიკვდილს, ეს ის არის, რასაც ცისქვეშეთში ერთადერთს შეუძლია, გველივით ზევით და ქვევით ისრიალოს ჩვენი წარმოშობის ხეზე. სიკვდილს შეუძლია საუკუნეობით ელოდოს შენს ამქვეყნად გაჩენას ჯერ კიდევ მანამ, სანამ დაიბადებოდე. შეუძლია, უკან დაბრუნდეს შენ გამო, შორეული მომავლიდან გამოვიდეს შენს შესახვედრად.
ვიღაცას, ვისაც არ იცნობ და ვერც ვერასოდეს ნახავ, შეუძლია, თავისი სიკვდილი ისე დაგეშოს შენზე, როგორც მონადირე ძაღლი ფრინველზე, ან უკან დაგადევნოს ისეთი მანძილიდან, რომლის წარმოდგენაც ჭირს...
ოღონდ ამას შევეშვათ. ძალიან ლამაზი კისერი გაქვს. ასეთი კისერი ქალის ხელებსაც იზიდავს და ჯარისკაცის ხმალსაც. მე კი ვხედავ ჩექმებიან მეომარს, რომელიც პირს ტარზე ოქროსფუნჯიანი ხმლით იპარსავს და შენც ამ ხმლით აგჩეხავს, იმიტომ, რომ, აი, ნათლად ვხედავ შენს თავსაც, ლანგარზე დადებულს, ვხედავ როგორც წმინდა ნათლისმცემელ იოანეს თავს. მიზეზი კი ქალია... მაგრამ არ შეშინდე, ეს მალე არ მოხდება. მანამდე კიდევ დიდი დრო გავა, ბევრი წყალი ჩაივლის.
ჯერჯერობით კი კისერს გაუფრთხილდი, ჩემო გედო, მოარიდე როგორც ქალებს, ისე ხმალს. და დაიბანე...
ასე დამთავრდა პირის პარსვაც და წინასწარმეტყველებაც. ლეანდრი შინისკენ მიდიოდა, მის ზურგს უკან კი ამ წლის პირველი Fიფქები ცვიოდა და რეკდა წინასწარმეტყველის ძლიერი ხმა.
„ასეთი ხმით, — გაიფიქრა ლეანდრმა, — შეიძლება, ისე დატკეპნო თოვლი, როგორც ნოხით“, და სიცივისგან, ირგვლივ რომ იყო, და შინაგანი ძრწოლისაგან გააკანკალა.
წინასწარმეტყველებამ თავზარი დასცა ლეანდრს. შიში, რომ ხმლიან კაცს გადაეყრებოდა, ახლა უფრო საფუძვლიანი ეჩვენებოდა, ვიდრე აქამდე. გული მკერდში უთრთოდა, სიზმრები კი შიშისაგან გადამდები გაუხდა და თუ ლეანდრს ესიზმრებოდა, რომ კბილში ყვავმა ჩაუნისკარტა, რადგან სიზმარში ყვავს გაუღიმა, მაშინ ყველა, ვისაც კი მეორე დღეს გაეკარებოდა, სიზმრად ნახულობდა ყვავს, რომელიც კბილში უნისკარტებდა.
მაგრამ იმ დღეებში, როდესაც ლეანდრს ყველაზე მეტად ეშინოდა ხმლიანი კაცისა, მას არ შეხვედრია. შეხვდა გოგონას. ვიდრე ლეანდრი ამხანაგებთან ერთად ოხრიდის ტბის პირას გამოიზამთრებდა, სულ ეჩვენებოდა, რომ მისი შიში ზღვარს გადავიდა და ბუნებრივი რიტმი დაკარგა, რომ ნაცვლად იმისა, თავისი იდუმალი უპირატესობა განევითარებინა, პირიქით, კარგავს.
ყოველივე ეს კი იმ საღამოს დაიწყო, როცა მან, როგორც მოეჩვენა, ციმბალის ხმა გაიგონა. და უცბად თავი იმაში დაიჭირა, რომ ყურს უგდებდა მუსიკას და, როგორც უწინ, ისე გულგრილი არ რჩებოდა. ეს უკან გადადგმულ ნაბიჯად მოეჩვენა. უკრავდა არა კაცი, არამედ ქალი, და ეს განსხვავება, რომელზეც ლეანდრს არ შეეძლო, რაიმე სცოდნოდა, არ გამოჰპარვია.
ყური მიუგდო და კიდევ რაღაც შენიშნა. იმ ადგილას, სადაც მუსიკა შემსრულებლისაგან სიმებზე თითების გადაჯვარედინებას მოითხოვდა, ციმბალის ხმა ადგილზე იყინებოდა და კიდევ რამდენიმე წამს განაგრძობდა ჟღერას, თითქოს ეს წამები იმისთვის სჭირდებოდა, რომ ჰაერი ჩაესუნთქა. ლეანდრი მიხვდა, რაც ხდებოდა, და მეორე დღეს, როცა დაინახა გოგონა, რომელიც უკრავდა, უპირველესად ეს უთხრა:
— შენს დაკვრას მოვუსმინე.
მარცხენა ხელზე თითი გაკლია, არათითი. დაკვრა კი მანამდე ისწავლე, ვიდრე თითს დაკარგავდი. ასე იყო?
— ასე იყო, — უპასუხა გოგონამ, — სამი წლის წინ გავარვარებულსიმებიანი ლითონის ციმბალი შემომატყუეს. მას შემდეგ ისე, ჩემთვის ვუკრავ, რომ არ დამავიწყდეს, შენ კი არავინ გაიძულებს, რომ უსმინო...
ლეანდრმა მაშინვე გაიფიქრა, რომ იმით, თუ როგორ ისწავლა ცხოვრება თვითონ, შეიძლება, დაეხმაროს გოგონას, დაივიწყოს საკუთარი უბედურება. შეეცადა, აეხსნა, რომ საჭიროა, სწრაფად იცხოვრო, უკანმოუხედავად, და საღამოობით ტბის ნაპირას სეირნობისას ცდილობდა, გოგონასათვის გაეგებინებინა თავისი უჩვეულო და საგულდაგულოდ დაფარული თვისება. მალე ცხადი გახდა, რომ დესპინა, — ასე ერქვა გოგონას, — შესანიშნავი მოსწავლე იყო. ის დღეები, როცა ციმბალსა და გავარვარებულ სიმებთან დაკავშირებული უბედურება შეემთხვა, სულ მალე დაივიწყა.
მან სამუდამოდ მიატოვა ინსტრუმენტი, ისევე, როგორც ლეანდრი ჩამოშორდა ვაჭრებს იმავე დღეებში, ყელამდე სავსე მათი სამუშაოთი, შიშით აღვსილი, ნაშოვნი დუკატებით სავსე ჯიბეებით. დესპინამ თანდათან აითვისა მისი ჭამის რიტმი, მარჯვედ ბაძავდა მისი სიარულის მანერას და მეტყველებას, სწავლობდა, ისეთივე თავბრუდამხვევი სისწრაფით ემოძრავებინა თვალები, როგორც ამას ლეანდრი აკეთებდა. და იყო წუთები, როცა ეჩვენებოდა, რომ დღეში ორ დღეს ცხოვრობს. ეს კია — ამ გაკვეთილების დროს, ნაპირზე რომ სეირნობდნენ და ცდილობდნენ, სხვა ადამიანებისაგან დაემალათ თავიანთი საერთო სისწრაფე, როგორც საერთო საიდუმლო, თანდათან დაახლოვდნენ. ქალის ბეჭდის ანარეკლი ზოგჯერ პირდაპირ ლეანდრს ხვდებოდა თვალში და ქალს რომ უყურებდა, ფიქრობდა, ნეტავ მკერდზე კერტების ნაცვლად ღორის დახვეული კუდები ხომ არ აქვს, როგორც ფრესკებზე გამოსახულ ზოგიერთ ცოდვილსო. ამ დროისათვის ლეანდრმა ქალებზე სულ ცოტა რამ იცოდა ისევე, როგორც, სხვათა შორის, საკუთარ თავზეც. მან იცოდა, რომ ღვინოებს ისევე უნდა მოექცე, როგორც ქალებს: სხვადასხვანაირად ზაფხულსა და ზამთარში; იცოდა ისიც, რომ მაგარი ღვინო ზაფხულში უნდა გადაიღო, სუსტი — ზამთარში.
სულ ეს იყო, რაც ლეანდრმა ყურმოკვრით იცოდა ქალებზე, ოღონდ გოგონა იმ თითის გარეშე, რომელზეც საქორწინო ბეჭედს იკეთებენ, იზიდავდა. იმ დღეებში ლეანდრს სადღაც ელოდა მისი ტაბულა რაზა, მისი „ცარიელი ისტორია“ და ევედრებოდა, რომ ბოლოს და ბოლოს მასში ჩასახლებულიყო.
ოხრიდის ტბაში გაედინება და მას ორ ნაწილად ყოფს მდინარე დრიმი. ერთ საღამოს დესპინამ და ლეანდრმა ნავში სათევზაო ბადე ჩადეს და ტბიდან მდინარისაკენ გაცურეს, რომელმაც განთიადისას მდინარის გაღმა ნაპირზე გაიყვანა. იმ ღამეს ნავში, წყლის ორ ფენაზე რომ მისრიალებდა, ისინი, ბადეგადაფარებულები, პირველად დაწვნენ ერთად.
მაგრამ ლეანდრი, რომელმაც რამდენიმე საათით ადრე განჭვრიტა ყოველივე, რაც უნდა მომხდარიყო, იმ წუთს, როცა მისმა მოლოდინმა ცხადში ახდენა დაიწყო, გაცილებით სწრაფი იყო, ვიდრე მისი თანამგზავრი, ისე, რომ ერთმანეთის შეხებაც კი ვერ მოასწრეს. მისი რიტმი სულ სხვა აღმოჩნდა, ვიდრე ქალისა, და აი, ლეანდრი პირველად შეეფეთა საშინელ ბედისწერას, რომელიც სხვების წინაშე მისი საიდუმლო უპირატესობის ფსკერზე ესვენა. მერეც ვერასოდეს შეძლეს, ჰარმონიისათვის მიეღწიათ, და ლეანდრი, ასე ჩანდა, ქვირითს ისროდა ტბასა და მდინარეში, მის ქვეშ რომ მიედინებოდა, და ავსებდა არა ქალის წიაღს, არამედ მის ქვეშ გაშლილ ბადეს.
უკანასკნელ საღამოს დესპინამ წმინდა ნაუმის მონასტერში ორი სანთელი იყიდა, ერთი ლეანდრს მისცა, მეორე კი თავის ფუთაში შეინახა. როგორც ყოველთვის, ტბის გავლით მდინარის დინებას დაუყვნენ და ლეანდრმა კიდევ ერთხელ სცადა.
უკანასკნელად. როცა კვლავ არაფერი გამოუვიდა და თესლი ისე დაღვარა, გოგონას არც კი შეხებია, დესპინამ სანთელი მისცა, რათა მისი დახმარებით ექცია ქალად. მერე, განთიადი რომ მოახლოვდა, დესპინამ ნიჩაბი აიღო და ნავი მიაცურა ქვიშიან ისარასთან, სერბი დესპოტების აშენებული ზახუმის ღვთისმშობლის მონასტრის წინ, რომელთან მიღწევაც მხოლოდ წყლით შეიძლებოდა. მეორე სანთელი, თავისი, აანთო, ლეანდრს გაუწოდა, აკოცა და მერე სანთელი მონასტერში დატოვა, თვითონ კი ქვევით, დრიმის მიმართულებით მოუსვა ნიჩბები.
ჭკუიდან გადასულები და გატანჯულები, ისინი სამუდამოდ დაშორდნენ, დარწმუნებულები, რომ ვეღარასოდეს შეძლებენ შეერთებას. როცა ლეანდრი სანთლით ხელში მონასტერს მიუახლოვდა, ცისკრის ლოცვა მთავრდებოდა. ჯერ კიდევ მანამ, სანამ ეკლესიაში შევიდოდა, ლეანდრმა შეამჩნია, რომ იმ დღეს მონასტერში ხატს კრძალავდნენ. 
პელაგონიის ხატი ძალიან ძველი იყო, მაგრამ, ვიდრე სამარეში ჩაასვენებდნენ და ღვინოს აპკურებდნენ, ლეანდრმა მისი შეთვალი¬ერება მოასწრო.
ხატზე გამოსახული იყვნენ ღვთის¬მშობელი, რომელიც ყრმას ძუძუს აწოვებდა, და ნაჯახიანი მამაკაცი, — ეს იოანე ნათლისმცემელი იყო, — რომელიც მათ გვერდით იდგა. ყრმას ფეხიდან თითქმის წასძრობოდა სანდალი და დედის გვერდით მდგარ მამაკაცს ხელი ჩაევლო თასმისათვის, რათა ბავშვისათვის ტერფზე შემოეჭირა. ბავშვმა, მოულოდნელი შეხება რომ იგრძნო, დედას ძუძუზე უკბინა, მან კი, როცა მიხვდა, რაც მოხდა, მამაკაცს შეხედა, რომელიც ყრმას ხამლს უსწორებდა.
ასე შეიკრა წრე, უწყვეტი ხაზი, რომელიც აერთიანებდა კაცს, მის ხელს, ბავშვის ტერფს, ქალის მკერდს და მის მზერას, მიმართულს მამაკაცისაკენ. ამ ხაზმა, რომელსაც ლეანდრმა თვალი შეავლო რამდენიმე წამით ადრე, ვიდრე ხატს მიწაში ჩაუშვებდნენ, ლეანდრს ის ერთადერთი ასო შეახსენა, რომელიც ისწავლა, — თეტა, და გაიფიქრა: „ესე იგი შეერთება მაინც შესაძლებელია!“
ამის შემდეგ მონასტრისაკენ გასწია, რათა იქ ბერად აღკვეცილიყო.
თუმცა ლეანდრს ამის უფლება მაშინვე არ მისცეს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ წვერი ჯერ კიდევ არ ამოსვლოდა. ხოლო, როცა უამბო, ვისი მოდგმისაა და ისიც აცნობა, რომ მისი ოჯახი არც დასავლურ, არც აღმოსავლურ ქრისტიანობას არ ეკუთვნოდა და „მამა-პაპათა რწმენას“, ანუ ბოგომილობას თუ პატარენობას ინარჩუნებდა, მოუწია, რამდენიმე წელს მორჩილი ყოფილიყო, ცოდვები მოენანიებინა და საძმოში მიღებას დალოდებოდა.
ამ ხნის განმავლობაში წიგნებით სავსე ხის სამრეკლოში ცხოვრობდა.
ეძინა ზარების თოკების გროვაზე და ეს თოკები ღამღამობით სხეულის ქვეშიდან გამოეცლებოდა ხოლმე იმ დროს, როცა ზარებს ქარი არხევდა და ისმოდა, რა საშინელი ძალით ახეთქებდა აღელვებული ტბა სანაპიროს კენჭებს მონასტრის ჭიშკარს და ძილი უფრთხებოდა. მაგრამ ლეანდრი უკვე მოერია შიშს. მას შემდეგ, რაც დესპინასთან დაემართა, ხმლიან კაცებთან დაკავშირებული ამბები და ღამის კოშმარები ბავშვურ თამაშად ეჩვენებოდა.
— სულ შია, თითქოს მამამ მშიერ კუჭზე გააკეთა, — ამბობდნენ ბერები მასზე, ლეანდრმა კი მონასტრის მახლობლად, ქარზურგა მხარეს, ხატების პატარა სასაფლაო მოაწყო, ყვავილები დარგო, ქვის ყორე და პატარა ჭიშკარი გააკეთა. გვიან საღამომდე ენთო ხოლმე კანდელი, რომელიც ღამისაგან იფარავდა, ვიდრე ბერ გადამწერთათვის ბუმბულებს წვერს უთლიდა და კენკრისა და დენთის ნარევისაგან მელანს ამზადებდა. მერე შეფურთხებით აქრობდა კანდელს და იმ დღეზე ოცნებობდა, როცა მონასტერში მიიღებდნენ, ასწავლიდნენ წერასა და წიგნების კითხვას, რომლებიც სამრეკლოს კედლების გაყოლებით თაროებზე ეწყო, მერე კი იძინებდა და ისე სწრაფად და ღრმად ეძინა, რომ შუაღამისთვის უკვე გამოძინებული იყო.
1689 წელს ბერი გახდა და, როცა აღკვეცის წესის შესრულების ბოლოს იღუმენმა უთხრა: „დღეიდან, შვილო ჩემო, სახელი შენი არის ირინეი!“ — ლეანდრმა გაიგონა, როგორ დაიწყო ზარებმა რეკვა. პირველად ტბის გაღმა, წმინდა ნაუმზე აგუგუნდნენ, მერე ოხრიდიდან ჩრდილოეთით — თავიდან წმინდა სოფიას, მერე პერივლეპტის, წმინდა კლიმენტისა და ასე შემდეგ, ტბის ირგვლივ განლაგების მიხედვით, იქამდე, ვიდრე ხმამ იმ ადგილამდე არ მიაღწია, საიდანაც დაიწყო, ანუ წმინდა ნაუმის მონასტრამდე. ამ დროს მონასტრის ჭიშკარში შევარდა დამტვერილი და დაქანცული დიომიდე სუბოტა, ლეანდრის ამხანაგი, და აცნობა, რომ სკოპიე გადამწვარია, რომ პრიზრენში გარდაიცვალა ავსტრიელი მთავარსარდალი, გენერალი პიკოლომინი, ქრისტიანების არმიაში ჭირია, ხოლო თურქული სადამსჯელო რაზმები ულმობლად მიიწევენ ჩრდილოეთისაკენ, ვარდარის ველით და სოფიას მხრიდან, წვავენ სოფლებსა და მონასტრებს და გზად მიწის პირიდან აღგვიან ყველას და ყველაფერს.
დიომიდემ და მისმა კომპანიონებმა საქონელი და ფული დაკარგეს, თვითონ კი ლეანდრთან მოვიდა მარტოოდენ წვერისა და პერანგის ამარა, რათა დახმარება ეთხოვა.
— ისინი ყველაფერს გაანადგურებენ, ყველაფერს გაანადგურებენ, — თითების მტვრევით იმეორებდა, გადაჯვარედინებულ ხელებს წამდაუწუმ ყურებზე ივლებდა და ხელისგულებით ისე იფარავდა, რომ ზარების ხმა არ გაეგონა. ვიდრე ლეანდრი დიომიდეს ელაპარაკებოდა, დანარჩენი ბერები ტომრებს ძვირფასეულობით ტენიდნენ, კარებს ურდულებს უყრიდნენ, ყურედან მონასტრისკენ გამოჰქონდათ ნავები და ტივები, შორიდან კი, ტბის გაღმიდან, მოჩანდა და ისმოდა, როგორ ტოვებდა ხალხი საკუთარ სახლებს და ჩრდილოეთისაკენ გარბოდა, თან წინ მიერეკებოდა საქონელს, რომელსაც ზარებს და ეჟვნებს ხსნიდა ან შიგ ბალახის ბღუჯებს უტენიდა. მალე ტბაზე მძიმე, მსუყე ქარი გაწვა, სავსე კვამლითა და სიმყრალით, და ლეანდრი მიხვდა, რომ გლეხები წვავდნენ ყველაფერს, რისი თან წაღებაც არ შეეძლოთ...
ასე და ამგვარად, ირინეი ზახუმსკიმ ვერ შეძლო, ერთი დღე მაინც ეცხოვრა მონასტერში, როგორც ბერს, და წერის გაკვეთილებიც კვლავ უკეთესი დროისათვის გადაიდო. ანაფორაზე რამდენიმე თევზსაჭერი ნემსკავი მიიმაგრა, უბეში დუკატები ჩაიტენა, თავდახრით გამოესალმა ხატების სასაფლაოს, ხოლო პელაგონიის ხატის საფლავთან თმის კულული მოიჭრა და ჯვარს შემოახვია, როგორც ამას მის ბავშვობაში ქვრივები აკეთებდნენ დაღუპული ქმრების საფლავებზე. მერე დიომიდეს ორი ოქრო მისცა, უბრძანა, ცხვირსახოცში გამოაკარი და წვერში ჩამალეო, და გზას გაუდგნენ.
გაქცევის პირველივე ორ დღეში შენიშნა, რომ ადამიანთა შორისაც ორი სახეობაა. ერთნი დღედაღამ ჩქარობდნენ, უძინარნი, შეუსვენებლად; ისინი ეწეოდნენ და უსწრებდნენ ლეანდრსა და დიომიდეს და შორს უჩინარდებოდნენ იმედით, რომ იმას მოიმკიდნენ, რასაც ორ ღამისთევასა და ორ კოცონს შორის დათესავდნენ. მოგვიანებით ხედავდნენ ხოლმე მათ: ქანცმილეულებს, ჩანჩალით მიმავლებს, გზის გაგრძელების უნარდაკარგულებს, რომ იხვეწებოდნენ, ერთი ფუნტი ცვილის სანაცვლოდ ორი ფუნტი ღვინო მოგვეცითო.
მეორენი უფრო მშვიდად მიდიოდნენ, მაგრამ დასასვენებლად შეჩერებულთ პანიკა იპყრობდათ, სულ ომის ველზე მომხდარი ახალი ამბების გამოკითხვაში იყვნენ, კოცონიდან კოცონისკენ დახეტიალებდნენ, ლტოლვილთა ერთი ბანაკიდან მეორეში, უსმენდნენ უსინათლოების სიმღერებს. მათი ბოლო უფრო ნელა დგებოდა, მაგრამ, როგორც პირველებს, ისე მეორეებს ისინი უსწრებდნენ, ვინც ყველაზე ცოტა იყო და ვისაც თავი ისევე ეჭირა, როგორც ლეანდრს. მას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა, რათა ეიძულებინა დიომიდე სუბოტა, მისთვის მიებაძა. დღეს, ბიზანტიური ჩვეულებისამებრ, ორ ნაწილად ყოფდნენ, ასევე ექცეოდნენ ღამესაც; შუაღამისას ისვენებდნენ და ეს დასვენება იმდენ ხანს გრძელდებოდა, რაც იმისთვის იყო საჭირო, რომ არც ძალიან ჩქარა ევლოთ და ავსტრიის არმიას არ დასწეოდნენ, რომელიც უკანდახევისას განურჩევლად ძარცვავდა ყველაფერს, მაგრამ, ამასთან არც ძალიან ჩამორჩენოდნენ მას, რათა არ აღმოჩენილიყვნენ მათ ფეხდაფეხ მომავალი სულთნის არმიის ავანგარდის ხელში, რომელიც თათრებისაგან შედგებოდა. ლეანდრსა და მის ამხანაგს უკან სდევდათ ჩამორჩენილთა შიში და ეს სხვების შიში მათ საკუთარსაც მიერეკებოდა. ამასთან, ირგვლივ ყველას და ყველაფერს ედებოდა შავი ჭირი და შიმშილი, შიმშილთან ერთად კი თურქები, რომლებიც წვავდნენ, ანგრევდნენ, ძარცვავდნენ და ყოველივეს ხმლის ფხის ძალას უმორჩილებდნენ. ამ საშინელ არეულობაში ლეანდრი და დიომიდე სუბოტა გზის გასწვრივ, ლტოლვილებით რომ იყო სავსე, ხანდახან შენიშნავდნენ ხოლმე უძრავად გახევებულ კაცს, რომელსაც ხელისგულზე მიწა დაეყარა, შიგ თესლი ჩაეგდო და ელოდა, როდის ამოიზრდებოდა და აყვავდებოდა — ასეთი აღთქმა ჰქონდა დადებული.
— ისინი ყველაფერს გაანადგურებენ, ყველაფერს გაანადგურებენ! ერთნი თუ არა, მეორენი მაინც, — იმეორებდა დიომიდე სუბოტა, თან ცალ ფეხზე იდგა და მეორის ტერფს ხელისგულით ითბობდა.

ერთ საღამოს ლეანდრმა, როგორც იქნა, ბოლო მოუღო მის მოთქმა-გოდებას:
— დიომიდე, ახლა მისმინე, რას გეტყვი. სიგიჟეა ყველაფრის დაწვა, რასაც იძულებით ვტოვებთ. მტერიც კი ვერ შეძლებდა, ისე გაეძარცვა და გაენადგურებინა ყოველივე, როგორც ჩვენ თვითონ ვაკეთებთ.
მას ძალა არ შესწევს, ისე გამოწუროს მიწიდან ყველაფერი, როგორც ყინვა გამოწურავს თევზიდან წყალს. პირიქით, რაც მეტს დავტოვებთ, მით უფრო მეტხანს შეყოვნდება მტერი მის დასანგრევად და გამოდის, მეტი იმედი გაგვიჩნდება, რომ რაღაც მაინც დარჩება ჩვენგანაც და ჩვენ შემდეგაც. ამიტომ საჭირო არ არის ხანძარი და ნგრევა. პირიქით, უნდა ვაშენოთ, ვაშენოთ ახლაც კი.
ჩვენ ხომ ყველანი მშენებლები ვართ. ოღონდ დასამუშავებლად უჩვეულო მარმარილო მოგვცეს: საათები, დღეები და წლები; ხოლო სიზმარი და ღვინო — ეს სამშენებლო ხსნარია. ცუდად არის იმისი საქმე, ვინც საფულეში სპილენძის ფულთან ოქროსას ვერ ხედავს, და იმისიც, ვინც ღამის იქით დღეს ვერ ხედავს!..
ამას რომ ამბობდა, ლეანდრს თვითონვე უკვირდა თავისი სიტყვების, თავისი ხმისა, რომელიც მის ყურამდე შიგნიდან, ყელიდან აღწევდა მანამ, სანამ დიომიდემდე მიფრინდებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის მოულოდნელი გადაწყვეტილება აკვირვებდა, რომელიც, როგორც ჩანს, უკვე დიდი ხანია გაჩნდა მასში, თუმცა თვითონ ამაზე ეჭვიც არ ჰქონდა. თითქოს მთელი ეს დრო ბნელში მიდიოდა და ვერ შეამჩნია, ღამის სიბნელეში როგორ გადაიარა უხილავი ხიდი. ერთი რამ აშკარა იყო — ის უკვე მეორე ნაპირზეა, გადაწყვეტილება სულ იოლად ჩამოაყალიბა და ასევე იოლად გააცნო თანამგზავრს:
— ჩამოჰკრა საათმა, როცა ეს მარმარილო მშენებლობისათვის უნდა გამოვიყენოთ, დიომიდე, მოვიდა დრო, კვლავ ჩვენი წინაპრების ხელობას დავუბრუნდეთ. ჰოდა, ასეც მოვიქცევით. დღეიდან შენებას დავიწყებთ.
უნდა ვირბინოთ და სირბილ-სირბილში ვაშენოთ. თუ გინდა, შემომიერთდი, არ გინდა — გაიარე და, დაე, ის ორი ოქრო, წვერში რომ გაქვს დამალული, დაგეხმაროს გზის დაძლევაში. ამ წუთიდან ყოველი მესამე შესვენების ადგილზე მშენებლობას დავიწყებ. სულერთია, რისას. იმისას, რაც ვიცი.
ამ გამაოგნებელმა წინადადებამ ადგილზე გააშეშა დიომიდე. აფიცა, ახლა, როდესაც ისინიც კი, არასოდეს რომ არ შემცდარან, თავით აგებენ პასუხს, შეცდომა არ დაუშვაო:
— ერთი იმათგანი დაგეწევა, ვინც დიდი ხანია ქარქაში გადააგდო და ხმალგაშიშვლებული დაეძებს კისერს, შენსას რომ ჰგავს. ახლა მთელი გზები ასეთებით არის სავსე.
გავიქცეთ, ვიდრე გვიან არ არის. 
მაგრამ ლეანდრს კაცებისა აღარ ეშინოდა. ახლა ქალებისა ეშინოდა. გაუგებარი იყო ლეანდრის ასეთი თვითრწმენა, მაგრამ ამ რწმენამ, გამყარებულმა მის ხელთ არსებული ოქროს მონეტების სიმძიმით, მოტეხა დიომიდე, ვისი მთელი ქონებაც წვერში იყო დამალული. საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ დათანხმდა, რადგან გაახსენდა, რომ ყველა ზიარი მოგზაურობისას ლეანდრი თავს ყოველთვის ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში ორ იმპერიას, სამ რწმენასა და იმდენ ენას შორის, რამდენიც აქ სხვადასხვანაირი ქარი უბერავდა.
მეორე დღეს ირინეი ზახუმსკიმ, — აკი ასე შეარქვეს ლეანდრს არცთუ ისე დიდი ხნის წინ, — აქლემი იყიდა, საფასური სუფთა ოქროთი გადაიხადა, ზედ დიომიდე შემოისვა და ათი დუკატი მისცა. იბარის ველისკენ გაგზავნა, იმ ადგილისაკენ, რომელიც აქედან სამი დღის სავალზე იყო: მას უნდა დაემზადებინა ქვა, გაეკეთებინა კრამიტი და მომავალი შენობის საძირკველი ჩაეყარა, თვითონ ლეანდრი კი, როგორც აქამდე, ფეხით გაჰყვა უკან.
მესამე დღეს ფეხზე მდგომს ჩამოეძინა და ესიზმრა ტალღები, ზღვა და ჩირაღდანი, ზედ ჰორიზონტზე რომ ჩანდა და იქამდე ცურვით უნდა მიგეღწია, ხოლო, როცა შეხტა და გამოფხიზლდა, აღმოაჩინა, რომ ტალღები თავისივე ნაბიჯები იყო იმიტომ, რომ მძინარე მიდიოდა... 
ხმლიანი კაცი მის წინ იდგა.
იდგა, გზას უღობავდა, ვეებერთელა, ამხედრებული ცხენზე, რომელსაც ფლოქვები წითლად ჰქონდა შეღებილი ენდროთი — საღებავით, ქალები რომ ხმარობენ.
კაცს თავს არაფერი უფარავდა, კინკრიხოზე კი ბღუჯა თმის დაწნული ხვეულის ნაცვლად წითური ულვაში ამოზრდოდა, საგულდაგულოდ დავარცხნილი და შუაზე გაყოფილი. როცა ლტოლვილები მიუახლოვდნენ — არადა, ყველანი, მათ შორის, ლეანდრიც, მოჯადოებულებივით განაგრძობდნენ მისკენ სვლას — ხმლიანმა კაცმა ხელისგული მოწყვეტით ჩაირტყა კეფაში, მეორე ხელით მარჯვედ დაიჭირა ბუდიდან ამოვარდნილი ბროლის ხელოვნური თვალი და თავს ზემოთ ხმლის ქნევითა და მარჯვნივ და მარცხნივ დაუნდობელი დარტყმებით შევარდა ლტოლვილების ბრბოში, გაქვავებული რომ ადევნებდა თვალს მის საქციელს. ლეანდრს რომ მიუახლოვდა, ადგილზე გაშეშდა, მერე ხმლის წვერი მის ხუჭუჭა, ოფლიან წვერს მიაბჯინა და თავის მსხვერპლს ნიკაპი ფრთხილად, — ცდილობდა, არ გაეჭრა, — მაგრამ ისეთი სიმტკიცით აუწია მაღლა, რომ ლეანდრის კეფა მიწას დააჩერდა. თავიდან მოგეჩვენებოდათ, თითქოს ხმლიანი კაცი ნაჭერში გამოკრულ და წვერში ჩამალულ ოქროს მონეტებს ეძებდა, მაგრამ მალე ცხადი გახდა, რომ ლეანდრის კისერს ათვალიერებდა. მერე ხმალი დაუშვა და უთხრა:
— სიკვდილისა ნუ გეშინია; მოკვდე — ნიშნავს, უბრალოდ, შეწყვიტო არსებობა, როგორც ვიღაცის შვილმა. ეს არის და ეს. მაგრამ მე არ აგკუწავ.
შენი კისერი თითქოს სპეციალურად ისაიასთვის შეუქმნიათ. მე მას ისაიას ვუძღვნი. დაე, ისაიამ გაიხაროს. არ წახვალ, ისაია მოგძებნის. იქნებ უკვე გეძებს კიდეც ისაია. მისკენ გასწიე! — და ხმლიანმა კაცმა მხიარულად გააჭენა ცხენი მას შემდეგ, რაც ტომარაში სისხლიანი ნანადირევი ჩაყარა.
როცა ყველაფერი დამთავრდა, ლეანდრმა სხვებთან ერთად კვლავ გზა განაგრძო. ისეთი დაღლილი იყო, რომ მიმავალიც ძილს განაგრძობდა და მალე უკვე აღარ ახსოვდა, რატომ ჟღერს მის ყურებში საშინელი სახელი ისაია, არ იცოდა, ხმლიანი კაცი ესიზმრა თუ მართლა შეხვდა.
დანიშნულ დღეს თავის დროზე მივიდა დათქმულ ადგილას, დიომიდეც იქ დახვდა და ლეანდრმა ნახა, რომ ამხანაგს მისთვის არ უღალატია. გრადაცეში, ჟიჩეს მონასტრის მახლობლად, მინერალურ წყაროსთან, სუბოტას ადგილი ამოერჩია, კრამიტი გამოეწვა, მოემზადებინა, როგორც მოილაპარაკეს, საძირკველი და კარგ მეოჯახესავით ელოდა ლეანდრს ცხელი ფაფის ქოთნითა და ქვებისა და დახერხილი ფიცრების გროვებით, რომლებიც თითქმის მუქთად იყიდა გლეხებისაგან, საკუთარ სახლებს რომ ტოვებდნენ და გაოცებულნი იყვნენ აქლემის არანორმალური პატრონის საქციელით, რომელიც ფულს იხდის იმაში, რასაც თვითონ წვავენ და ყრიან. ამხანაგებმა ერთად ივახშმეს, ღამე გაათიეს, დილით კი ლეანდრმა მეგობარს კიდევ ათი დუკატი მისცა და მომდევნო შეხვედრის ადგილი დაუნიშნა. სუბოტას არანაირმა დაფიცებამ და მუდარამ არ გაჭრა. თვალცრემლიანები დაშორდნენ ერთმანეთს და დიომიდემ, აქლემზე ამხედრებულმა, გზა ჩრდილოეთისაკენ განაგრძო, ლეანდრი კი კვლავ იდგა სისხლიან თოვლში, რომელიც იმ წელიწადს უდროო დროს მოვიდა — თურქებისა და შავი ჭირისაგან სამი დღის სავალზე, არავის მიწაზე, ორ ფრონტს, ორ ერთმანეთთან მეომარ იმპერიას, ორ რწმენას შორის, რომელთაგან არც ერთს არ მიეკუთვნებოდა.
აქ მან ანაფორა გაიძრო, შუა მინდორში მარტოდმარტო დარჩა და მიწაზე, რომელიც ისე გაჟღენთილიყო სისხლით, რომ უკვე რამდენიმე წელია, მოსავალს აღარ იძლეოდა, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის პატარა ეკლესიის შენებას შეუდგა.
ითვლიდა აგურებს და საათებს, რომელზეც მისი სიცოცხლე იყო დამოკიდებული, იბარის ველზე კი ლტოლვილთა მდინარე მიედინებოდა და ირგვლივ მილეშევის, რავანიცას, დეჩანის სერბული მონასტრები იწვოდა. ანაფორას უკან მიაყოლა აქლემებისაგან შეთვისებული სიმშვიდე და მოძრაობის ყალბი სიზანტე და ირგვლივმყოფთა წინაშე ნებისმიერი ვალდებულებისაგან თავისუფალმა გასაქანი მისცა საკუთარ ძალას, გაათავისუფლა შინაგანი, გაელვებაზე უფრო სწრაფი დრო.
იმ საშინელი ოხრიდის ღამის შემდეგ პირველად, თავი კვლავ ადამიანად იგრძნო და სხვებთან შედარებით თავისი უპირატესობა შეიგრძნო. ხელსაწყოები მოიმარჯვა, ქვების გათლასა და კედლების ისეთი სისწრაფით შენებას შეუდგა, როგორზეც ჯერ კიდევ ბავშვობისას ოცნებობდა ბოსნიაში, როცა საფლავის ვეებერთელა ფილების გათლით გართული პაპის მძიმე მოძრაობებს აკვირდებოდა. ახლა ისევ მშენებლად იქცა, პირში მლაშე ოფლი და მტვერი ჩასდიოდა, სველი თმა ყურებზე ეწებებოდა, თავის ქალა უხურდა, ქვა და კრამიტი კი იბზარებოდა და იმსხვრეოდა მისი ხელების სიძლიერისა და მდუღარე, თითქოს შხამიანი, დორბლისაგან, ხოლო ამდენი ძალდატანების გამო დაღვრილი მამაკაცური თესლი ფეხებს უწვავდა და ტანსაცმელს უჭამდა. შუადღისას ლეანდრი მუშაობას წყვეტდა, ცოტაოდენ ფაფას ჭამდა და მდინარის პირას წვებოდა. გრძელი თმის კულულებზე ნემსკავებს იმაგრებდა და მდინარესთან დაგდებულ ქვაზე თავმიდებული თმას წყალში ჩაუშვებდა ხოლმე. ასე ეძინა და იჭერდა თევზს — დაღლილი და მშიერი, იმ იმედით, რომ მის ძილში შემოცურებული თევზი გამოაფხიზლებდა. მერე დგებოდა, შუაღამემდე მუშაობდა და ისევ წვებოდა, ვიდრე ჭოტი არ გამოაღვიძებდა, ჩიტი, რომელიც თვალით არავის უნახავს და რომელმაც იცის, სად მოკვდება ის, ვინც მისი ხმა გაიგონა.
მესამე დღეს, როცა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია კრამიტმა დაფარა, ირინეი ზახუმსკიმ ისევ ანაფორა ჩაიცვა, საყდარი აკურთხა, იქვე მიივიწყა და ჩრდილოეთისაკენ სირბილი განაგრძო.
სამი დღე გარბოდა და სამი დღე ისვენებდა შემდეგი მშენებლობის დაწყებამდე. მორავიის ნაპირთან, სვილაინიცას მახლობლად, დათქმულ ადგილას იპოვა დიომიდე სუბოტა, ახალი, უკვე დამთავრებული საძირკველი, მოხარშული ფაფის ქოთანი, სამშენებლო მასალების მთა, მაგრამ ყოველივე ეს — მკვდარ აქლემთან ერთად. აქლემი შეჭამეს, ცხენი იყიდეს, გამოთხოვებისას ერთმანეთს გადაეხვივნენ და ლეანდრი დიდხანს შეჰყურებდა ამხანაგს, სანამ გადაწყვეტდა, ყველაზე საშინელი რამ ეთქვა მისთვის. 
— ახლა სხვა ლტოლვილებთან ერთად ჩრდილოეთისაკენ კი არ წახვალ, — დაიწყო მან, — არამედ აღმოსავლეთისაკენ შებრუნდები და შემდეგი ადგილი, სადაც მასალების დამზადება და საძირკვლის ჩაყრა მოგიწევს, უფრო ახლოს იქნება თურქების მოწინავე რაზმებთან, ვიდრე აქამდე. თუ გეშინია, შეგიძლია, დამტოვო, არ მეწყინება, მაგრამ თუ დარჩენას გადაწყვეტ, ისე მოქცევა მოგიწევს, როგორც გითხარი. ოღონდ ახსნა-განმარტებას ნუ მომთხოვ, ახსნა-განმარტების დრო არ გვაქვს.
მაშინ დიომიდე სუბოტამ პირველად გაბედა, ეთქვა ის, რასაც ფიქრობდა:
— ვიცი, — უთხრა მან, — ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს, მაგრამ ცუდ გზას ადგახარ. ხალხი აღდგა ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი კი ამ ბოლო, საომარ ჟამს შენება მოგვინდა მაშინ, როცა აღარავინ აშენებს, მშვიდობის მოგება შეიძლება, აი, ომი კი ჯერ არავის მოუგია.
ასეთმა პატარა ხალხებმა, ჩვენი რომ არის, უნდა იცოდნენ იმ სკიპტრით მართვა, რომელიც მათ ზევით აღმართულა, ვისაც გინდა ეკუთვნოდეს ის. სწორედ ამაშია სიბრძნე და პატრიოტიზმი მშვიდობიანობისას გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პატრიოტიზმი ომიანობის ჟამს, შენ კი უკანასკნელ დღემდე, ვიდრე გარშემო ყველაფერი ცეცხლში არ გაეხვია და ვიდრე თვითონაც არ ატირდი სისხლიანი ცრემლებით, არ იცოდი, რა უნდა უქნა საკუთარ სიძულვილსაც და საკუთარ სიყვარულსაც...
— შეხედე, — უთხრა ლეანდრმა, — ნახე, ფანჯრის იქით ხე იზრდება. ის მშვიდობას არ ელის, რომ გაიზარდოს. არც მშენებელი ირჩევს ადგილსა და წელიწადის დროს, ან ამინდს, — მზიანს თუ თავსხმაწვიმიანს; ირჩევს შენობის პატრონი. ჩვენი საქმე კი შენებაა. განა ვინმე დაგპირდა მშვიდობას და ბედნიერებას — სახლს, დოვლათით სავსეს, და იმას, რომ ცხოვრების გზაზე ყოველთვის ისე გამოგყვება სიკეთე, როგორც კუდი მიჰყვება სახედარს?
დიომიდე სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, მაგრამ მისი ყველა მორიგი შეკითხვა და ხვეწნა ამაო გამოდგა. ბოლოს და ბოლოს, ლეანდრის ყველა პირობას დათანხმდა და მესამედ დაშორდნენ ერთმანეთს, ისიც კი არ იცოდნენ, კვლავ მოუწევდათ თუ არა შეხვედრა.
ლეანდრი უპატრონო მიწაზე, ციცაბოზე დარჩა, მარტოდმარტო იდგა ნაპირზე და ქარისგან გამოფიტულ ჩონჩხს მოგაგონებდათ.
კიდევ ერთ საყდარს აშენებდა, ღვთისმშობლის სახელობისას, და ელოდა, როდის გამოწოვდა ყინვა მთელ წყალს თევზიდან, რომელიც დიომიდემ დაუტოვა. ძველებურად შუადღისას და შუაღამისას ეძინა და მხოლოდ იმისი ეშინოდა, დროის სათვალავი არ არეოდა. ამჯერად ახლომახლო ჭოტი არსად იყო, რომ გაეღვიძებინა, და ეძინა და ელოდა, რომ შუადღის მზე გააღვიძებდა. მაგრამ ერთხელ მზემ როდი გააღვიძა. გააღვიძა ყელზე ვიღაცის თითების შეხებამ. და ვიღაცის სუნთქვამ, რომელსაც ოხრახუშზე დაყენებული ღვინის სუნი ჰქონდა და რომელმაც აიძულა, საბოლოოდ გამოფხიზლებულიყო და თვალი გაეხილა. შენობასთან, რომელსაც ახლა აგებდა, წითელფლოქვებიანი შეკაზმული ცხენი იდგა, მის გვერდით კი თოვლზე იწვა ვეებერთელა ძუკნა, რომელსაც ვიღაცამ სახელი დაუძახა.
ძუკნას პიჩკა ერქვა. ასე დაუძახა მას უცნობის ხმამ და ძაღლი ლეანდრთან მივიდა. ლეანდრმა დაინახა მისკენ დახრილი ძუკნა, რომლისგანაც ასევე ოხრახუშზე დაყენებული ღვინის სუნი მოუვიდა, თითქოს ისიც ნასვამი ყოფილიყოს, და ვეებერთელა, საპნის ქაფივით ჭაღარათმიანი თავი. და ლეანდრი იმწამსვე მიხვდა, რომ მის გვერდით ისაიამ ჩაიმუხლა.
— დიდი ხანია, შენზე რაღაც-რაღაცები მესმის, — უთხრა ხმლიანმა კაცმა, — და ახლავე გაიგებ, რატომ გეძებ და შენ რატომ ამოგირჩიე. ისეთი თავებზე მონადირე არ ვარ, რომელიც მხრებს თავს გასართობად ან გამორჩენის მიზნით წააცლის. და ვიბრძვი, ოღონდ არც თურქებისათვის, არც გერმანელებისათვის. ჩემი მიზანი მაქვს.
არ შეიძლება, არ გსმენოდეს იმაზე, თუ რას უშვრებიან მოკვეთილ თავს. როცა კაცს ამ გზით აიძულებ, გამოეთხოვოს სიცოცხლეს, მის თავს ტომარაში აგდებ და მასთან ერთად მიდიხარ პირველსავე ღვინის ფარდულში, თავს მაგიდაზე დადებ, დავარცხნი, კარგად რომ გამოიყურებოდეს, და სმას იწყებ.
სამი დღე სვამ და თან ელოდები. ელოდები, ჯიუტად ელოდები, მესამე დღეს შენს მაგიდაზე თავი წამოიყვირებს. სამი დღე იმისათვის სჭირდება, რომ მიხვდეს — მკვდარია. ზოგს მეტიც სჭირდება, მაგრამ ამის უნარი ყველა თავს არ აქვს და არც ყველა ხმალს. მარჯვე უნდა იყო, როგორც მე, და შეგეძლოს, აირჩიო კარგი ყელი, მაღალი ხორხით, ისეთით, შენ რომ გაქვს, რომელიც პირდაპირ ხმლისთვის არის შექმნილი.
ეს შენთვის, ალბათ, უკვე უთქვამთ და დარწმუნებული ვარ, ხმლიანი მხედრები გამუდმებით თავს დაგტრიალებენ, და გასაოცარია, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ. ძალიან გამიმართლა. არ შეშინდე — ყასაბი არ ვარ, ხელი მსუბუქი მაქვს და სწრაფი — გაფრენილი ჩიტის დაჭერა შემიძლია, ფუტკრის შუაზე გაჭრა. ასეთი რომ არ ვიყო, კარგა ხანია, ჩემგან თმა კი არა, ბალახი ამოიზრდებოდა. აბა, თქვი რამე, რომ მერე შენი ხმით ცნობა შევძლო. 
მაგრამ იმ წუთში ლეანდრს შიშისაგან ხმა ჩაუწყდა და ამან გადაარჩინა. შეეცადა, ისაიასათვის თითებით ეჩვენებინა, რომ ლაპარაკი არ შეუძლია, ისაია დამდუღრულივით წამოხტა, ხმალი მოიქნია და ლეანდრს ყური ჩამოათალა, მაგრამ ლეანდრს არ დაუყვირია.
ყვირილი ყელში ჩარჩა, რაღაც სხვა დროის მოლოდინში. თითქოს გაქვავდა. მაშინ ხმლიანმა კაცმა გააფურთხა, თოვლზე ვერცხლის მონეტა დააგდო და ცხენი გააჭენა. უკვე ადგილიდან მომწყდარმა მოაძახა:
— ეს შენ — ყურის სანაცვლოდ. და იმისათვის, რომ ამის შემდეგ ყველა ცალყურას დაგიძახებს. ახლა დაღდასმული ხარ და იოლად გიცნობ, თუ მეტყველების უნარი დაგიბრუნდება...
ადამიანები, იმისდა მიხედვით, რის დავიწყებას ცდილობენ, სხვადასხვა ჯურისანი არიან. ლეანდრი უძრავად იდგა თავის შენობასთან და ვერ ცნობდა.
ხვდებოდა, რომ დიდხანს დაწანწალებდა და დაბორიალებდა მაშინ, როცა მისი სული მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთ ადგილას რჩებოდა. ჩანთიდან ხმელი პურის ყუა ამოიღო, რომელიც ჯერ კიდევ ტბის ნაპირას აშენებულ მონასტერში დაალბო ძმარში, მერე კი გამოაშრო. ახლა პურის ყუა დაასველა ხელისგულებით გამდნარი თოვლის წყლით და ერთი პეშვი კარგი ძმარი მიიღო და ამ ძმრით დაიბანა. მერე ირგვლივ მიმოიხედა. ყინულის ქვეშ წყალი გადიოდა და მის ხმაურს მიუგდო ყური. ერთგან ყინული ჩატეხა და რამდენიმე სიტყვა ჩაიჩურჩულა. წყლის ხმამ მისი ნათქვამი სიტყვასიტყვით გაიმეორა.
ლეანდრს გაეღიმა. ერთი სიტყვა ბერძნულად თქვა: „თეოტოკოსი“, — და წყალმა გაიმეორა ბერძნული სიტყვა. 
„ლათინური რომ მცოდნოდა... — გაიფიქრა ლეანდრმა, — შევძლებდი, წყლისთვის ლათინურად ლაპარაკი მესწავლებინა“. წყალი თუთიყუშივით იყო. მას სწავლა შეეძლო. „წყლის შიგნითა მხარე“, — გაიფიქრა ლეანდრმა.
უცებ მას გადაუფრინა ჩიტმა ფუგამ, რომელიც საშინელ სიმყრალეს გამოსცემს და ფრენის დროს ამ სიმყრალით სხვა ჩიტებს ხოცავს. ჩიტმა აიძულა ლეანდრი, კოშმარიდან თუ ხიბლიდან გამოსულიყო. ახალგამოღვიძებულივით შეხედა თავის შენობას. მეტყველების უნარი დაუბრუნდა და ისე განაგრძო მუშაობა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. საყდარი რომ დაამთავრა, ისევე აკურთხა, როგორც წინა, და იმ მხარის მცხოვრებთა მეხსიერებაში იგი შემორჩა, როგორც „მილკოს მონასტერი“.
უკან დახევა დაიწყო, დუნაის მიმართულებით, და სადღაც სმედერევის მახლობლად თავისი ამხანაგი იპოვა, დაქანცული და ჩაკარგული ლტოლვილებში, რომლებიც ნაპირთან მოგროვილიყვნენ და არ იცოდნენ, როგორ გადასულიყვნენ მდინარეზე. ლეანდრმა და დიომიდემ ცხენი შეჭამეს, მერე ლეანდრმა ამხანაგისათვის ნავი დაიქირავა და გაღმა მხარეს გაუშვა, ავსტრიის ტერიტორიაზე, ერთი დუჟინი დუკატითა და განკარგულებით, სლანკამენთან, სრემში, ახალი ეკლესიის საძირკველი და მასალები მოემზადებინა. თვითონ კი დუნაის ნაპირზე დარჩა და ვიდრე ხალხი, ყველაფერი რომ დაიტაცა, რაც ცოტათი მაინც გამოდგებოდა წყალზე გადასასვლელად, იხრჩობოდა გაცოფებულ მდინარეში, რომელიც, როგორც ამბობენ, პირდაპირ სამოთხიდან მოედინება, გროცკის ახლოს, წყლიდან მოშორებით, მესამე ეკლესიის შენება დაიწყო.
რაინოვაცეში აშენებდა, თლილი ქვით, მიძღვნით კი ღვთისმშობლის შობას მიუძღვნა და, რაც უფრო ზევით მიიწევდა კედელი, მით უფრო უჭირდა, მარტოკას და დაქანცულს, ქვა ადგილამდე აეთრია. ზოგჯერ მზერას მიაპყრობდა ხოლმე დუნაის მეორე მხარეს, სადაც ნაპირზე ლტოლვილთა ნავები ეყარა, აქედან უწესრიგოდ მიყრილ ფეხსაცმელებს რომ მოგაგონებდათ. სამუშაო სულ უფრო და უფრო ნელა მიიწევდა წინ. ბოლო ქვები ლეანდრმა, უკვე მთლად ქანცმიწყვეტილმა, ეკლესიის ზედა ნაწილზე გაცილებით გვიან დააწყო, ვიდრე ვარაუდობდა. ახლა მისთვის ცხადი გახდა, რომ სხვადასხვაგვარი რიტმით მცხოვრები ადამიანებისა და ცხოველების მხოლოდ ორი სახეობა როდი არსებობს. მისი ხელები ცხოვრობდნენ და რეაგირებდნენ სხვადასხვა სისწრაფით. ეკლესიის შენებას რომ მორჩა, შენიშნა, რომ მარჯვენა ხელი მარცხენას ჩამორჩება.
ისე ჩანდა, თითქოს თვით მის შიგნით ორი დრო მიედინებოდა — ვენური და არტერიული, რომლებიც ერთმანეთს არ ერწყმოდნენ. იმ დღეებში ქვამ მარცხენა ხელის არათითი დაუჩეჩქვა. ეკლესია მზად იყო, მაგრამ იმ დროისათვის, როცა თურქებმა დუნაიმდე მიაღწიეს, ლეანდრს აღარც ძალა შერჩენოდა, აღარც დრო, ქვევით რომ დაშვებულიყო. საფრიდან ხედავდა, როგორ ამოფრინდნენ მხედრები დუნაის ნაპირზე. უნაგირიდან არ ჩამოდიოდნენ — ლეანდრმა იცოდა ეს — სამოც საათზე მეტი ხნის განმავლობაში და ახლა, მტრული იმპერიის საზღვართან გასულს, ბევრს ეძინა, კბილებით ფაფარს ჩაფრენილს, ცხენები კი მხოლოდ იმიტომ არ იძინებდნენ, რომ ასოები ძუებით ჰქონდათ განასკვული. ჩანდა, როგორ იღვიძებდნენ, როცა დიდი წყლის სუნს შეიგრძნობდნენ, ჩადიოდნენ მდინარეში, რათა ცხენები დაერწყულებინათ და უნაგირიდან ჩამოუსვლელად მოეფსათ. ლეანდრმა წარმოიდგინა, როგორ მოკლავდნენ ამ შარდით დასველებული ხელებით.
სხვა თურქებსაც ხედავდა, რომლებიც ცხენდაცხენ შედიოდნენ მის ეკლესიაში, ათვალიერებდნენ ლეანდრის დაჩეჩქვილი თითის ნაკვალევს და ფიქრობდნენ, რომ ვიღაცამ უკვე დაასწროთ კვლა და ძარცვა. იმასაც ხედავდა, როგორ გადაწვეს შენობები. ლეანდრი დაელოდა, როდის გაჩაღდებოდა ცეცხლი უფრო ძლიერად და თურქი მხედრები კვამლისა და სიცხისაგან თავის დასახსნელად იძულებული გახდებოდნენ, იქაურობას გაშორებოდნენ, და საყდრის კარიდან გამოფრინდა, გვერდზე ჩაუქროლა გაშიშვლებულ ხმლებს და წყალში შევარდა. მიცურავდა, თითი პირში ედო, მდინარეს სისხლი რომ არ გამოეწოვა. თურქები ტალღებში ისროდნენ, ეს კი დაძაბულობისაგან, ტკივილისა და შიშისაგან წყალში ოფლიანდებოდა.
როცა მეორე ნაპირზე აღმოჩნდა, უკვე ღამე იყო, მაგრამ ისეთი ნათელი, როგორიც დღე. მის ზურგს უკან, დუნაის სანაპიროზე, რაინოვაცეში, მისი საყდარი იწვოდა და ვეებერთელა, გახურებული ქვის ნატეხები ერთიმეორის მიყოლებით მოფრინავდა ქვევით, ცვიოდა წყალში, ანათებდა ორივე ნაპირს და შიშხინით ქრებოდა ტალღებში.
ახალ ნაპირზე ლელქაშებში, ტალახში ჩაწვა და დაიძინა.
ესიზმრა, რომ ყურზე, რომელიც არ აქვს, საყურე უკეთია და ლერწმის ჩრდილისგან კალათს წნავს, რათა იმით ცეცხლწაკიდებული ჩიტები დაიჭიროს. გაიღვიძა ღრუბლის ჩრდილში, ქრისტიანული იმპერიის საზღვართან, უთითოდ და უყუროდ, მშიერმა, მაგრამ ახლა დამალვა და გაქცევა აღარ სჭირდებოდა, როგორც უწინ.
„კი, — გაიფიქრა, ტალახიდან რომ დგებოდა, — ყალიონი, გერმანულად მოლაპარაკისაგან დაღრღნილი, სულაც არ ჰგავს იმას, რომელსაც თურქულად ლაპარაკისას ეწევიან“.
ცხენით ერთი დღის სავალზე ესმოდა საათის რეკვის და სლანკამენის გოდოლის ზარების ხმა, მაგრამ ქალაქს მიღწეულმა დიომიდე ვეღარ იპოვა. სასწაულის ძალით აღმოაჩინა ის, ბორკილდადებული, ციხეში. იეზუიტები ნებას არ რთავდნენ, ეკლესიები აღმოსავლეთ ქრისტიანობის კანონით ეშენებინათ და ამიტომ დიომიდემ ვენიდან სპეციალური ნებართვის გარეშე საძირკვლის ჩაყრა და სამშენებლო მასალების დამზადება ვერ შეძლო. ჯერჯერობით, ის ეჭვმიტანილ პირად ითვლებოდა და ლეანდრს დიდი ჯაფა დაადგა პატიმრობიდან მის გამოსასყიდად. ის, რაც ჩაიფიქრეს, ვერ გააკეთეს. იდგნენ ერთმანეთის პირისპირ, ბოლოს და ბოლოს, საფრთხე აღარ ემუქრებოდათ, მაგრამ იდგნენ სასოწარკვეთილნი და ჩაკარგულები სამხრეთელი ლტოლვილების ბრბოში, ტალღებად რომ აწყდებოდა დუნაის ნაპირს ბუდიმამდე.
ეს რომ ნახა, ლეანდრი იეზუიტებთან წავიდა და მოითხოვა ნებართვა ნებისმიერ ეკლესიაზე ნებისმიერი კანონის შესაბამისად, რადგან მისთვის მთავარი იყო, ეშენებინა, სხვა დანარჩენი კი არც ისე მნიშვნელოვანი ეჩვენებოდა. უპასუხეს, ეკლესიის მშენებლობისათვის საჭირო თანხის შემოწირვა, რა თქმა უნდა, ახლავე შეიძლება, ოღონდ აღმოსავლეთ საქრისტიანოს ბერმა ჯერ თავის პირვანდელ რწმენაზე უნდა თქვას უარი, რადგან მშენებლობის დაწყებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ახალ, ერთადერთ ჭეშმარიტ, როგორც თქვეს, კათოლიკურ, პაპის სარწმუნოებას მიიღებს, ამისათვის კი დროა საჭიროო.
ამის გამგონე ლეანდრმა პირველად გადაწყვიტა, დალოდებოდა. გაგანია ზამთარი იდგა. კაკლებივით დიდრონი ვარსკვლავები ღამის ცისფერ ცაზე ისე ბრწყინავდნენ, არც კი ციმციმებდნენ. ორი არმია საზამთრო სადგომებში გაზაფხულსა და ზაფხულს ელოდა, ლეანდრს კი ყური და თითი ეზრდებოდა და ისე სტკიოდა ორ ხმაში, ორმაგი სალამურის ხმას მოგაგონებდათ. წესიერად დასვენებაც ვერ მოასწრეს, ივლისიც დადგა, ის დრო, როცა ღვინო ელჭექისგან უნდა დაიფარო. ჯარებმა მომავალი ბრძოლებისთვის უკანასკნელი მზადება დაიწყეს, ცალყურამ და მისმა ამხანაგმა კი სლანკამენის მინდვრის შუაში კარავი გაშალეს, საზამთროები იყიდეს, რახი დაასხეს, რომ დამბალიყო, თევზი დაიჭირეს და ლოდინს შეუდგნენ.
და, როცა თურქებისა და თათრების ურდოებმა დუნაი გადალახეს და არნახული ძალის გამოყენებით აიღეს ბელგრადი, შემდეგ კი სრემისკენ დაიძრნენ, ლეანდრი განაგრძობდა ლოდინს, ვინ დატოვებდა სლანკამენს პირველი: იეზუიტები თუ თვითონ. ნავებით დაუყვნენ დუნაის ჩრდილოეთისაკენ და გაქცევით უშველეს თავს რავანიცას მონასტრის ბერებმა, თან წაიღეს სერბი თავადის ლაზარ ხრებლიანოვიჩის, მეფე-წმინდანის გვამი. მათ კვალდაკვალ მიჰყვნენ შიშატოვცის ბერები დესპოტ სტევან შტილიანოვიჩის ნეშტით, ბერი ირინეი ზახუმსკი და მისი ამხანაგი კი ლოდინს განაგრძობდნენ. მერე დუნაიზე ბუდიმისა და ვენისაკენ გაცურეს კრუშედოლის ბერებმა უკანასკნელი ბრანკოვიჩების ნეშტებით და ხოპოველმა ბერებმა წმინდა მხედარ თეოდორე ტირონის ნეშტით, ხოლო ლეანდრი და დიომიდე სუბოტა სლანკამენის მინდვრის შუაგულში ჯდომას და ლოდინს განაგრძობდნენ. როცა დაცარიელებული სლანკამენიდან იეზუიტებიც წავიდნენ, დიომიდემ, როგორც იქნა, მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეძლო და როცა სლანკამენის მინდორზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის პატარა ეკლესიის შენება დაიწყეს, ის უპირატესობები, რაც მაშინ მოიპოვეს, თურქებს რომ გამოექცნენ, ისევ ხელთ შემოადნათ და სამუშაოდ სულ სამი-ოთხი დღე დარჩათ. როცა ეკლესიის ზარმა დაიგუგუნა და ყველაფერი დამთავრდა, ლეანდრი მეგობარს გადაეხვია და დაემშვიდობა. გულდაწყვეტილმა უთხრა, ამჯერად დაშორება მოგვიწევსო.
ახლა ლეანდრი მარტო იმუშავებს. შემდეგი შენობის აგებას ირინეი ზახუმსკი იმ ადგილებში აპირებდა, სადაც დაიბადა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კვლავ მოუწევდა დუნაის გადალახვა, ავსტრიული არმიის განლაგების გადაჭრა, თურქთა მოწინავე რაზმებს შორის გაღწევა და მათ ზურგში გაძრომა. როცა დიომიდემ ამხანაგს ჰკითხა, ჭკუიდან ხომ არ გადასულხარ, უკან, იქ დაბრუნება რომ გადაწყვიტე, საიდანაც ცოცხლებმა ძლივს გამოვაღწიეთო, ლეანდრმა პასუხის ნაცვლად დუნაის სანაპიროს სილაზე მხოლოდ ერთი ასო დაუწერა.
განშორების შემდეგ დიომიდე ბუდიმში წავიდა და იქ მშვენიერი შენობა ააგო, რომელიც დღემდე დგას, ლეანდრმა კი კიდევ ერთხელ გადაცურა დუნაი და შეუმჩნევლად შეიპარა თურქების ზურგში, გეზი ბოსნიისკენ ეჭირა, სადაც დრენოვიცაში ყრმის ძუძუსმწოვებელი ღვთისმშობლის ტაძრის აგებას აპირებდა. მაგრამ სწორედ ამ დროს, 1691 წლის 19 აგვისტოს, სლანკამენთან საშინელი მარცხის შემდეგ, სადაც უძლეველი მეჰმედ-ფაშა ჩუპრილიჩიც დაიღუპა, თურქული არმია, როგორც ვეებერთელა ტალღა, დუნაიდან უკან, სამხრეთისაკენ დაეშვა. გზად, ოღონდ ამჯერად საწინააღმდეგო მიმართულებით, ის კვლავ გაცოფებული სპობდა ყველაფერს. ასე აღმოჩნდა ლეანდრი კიდევ ერთხელ ხმლებს შორის, ისევ იმავე მდგომარეობაში, როგორშიც აქამდე გამუდმებით იყო: ის გარბოდა და აშენებდა, აშენებდა და გარბოდა.
არსებობს მოვლენა, რისთვისაც შეიძლებოდა, მდინარეების წყლით დამწერლობა გვეწოდებინა. ყოველ მდინარეს თითქოს საკუთარი ხელწერა აქვს: მდინარეები წერენ ცალკეულ ასოს და ტოვებენ ცნობას, რომელსაც მხოლოდ ჩიტები ხედავდნენ, დიდ სიმაღლეზე აფრენილები.
რაღაც მსგავსი დაწერა ლეანდრმაც თავისი მოგზაურობების ჟამს. საყდრებს, რომლებიც მან ააშენა და დატოვა, უჩვეულო თვისება ჰქონდათ. მათ აერთიანებდა ერთი აბსოლუტურად სწორი ხაზი, ხოლო მათი მოძებნა ყველაზე ადვილი იყო განსაზღვრული ტრაექტორიის დახმარებით, რომელიც, თავის მხრივ, არის ჯერარნახულ ზომამდე გაზრდილი მოხაზულობა ბერძნული ასო თეტასი, რითაც სიტყვა ღვთისმშობელი იწყება.
ეს იყო სწორედ ის ასო, რომელიც ლეანდრმა სიყმაწვილეში წერის ერთადერთ გაკვეთილზე ისწავლა და რომელიც პელაგონიის ხატზე ამოიცნო. ასე დატოვა მან ჩანაწერები ჟიჩის, მორავიის, სმედერევის, სლანკამენის და დრენოვიცას მიწებს შორის, როცა თავისი სამშობლოს თვალუწვდენელ სივრცეში გამოსახა მისგან ნასწავლი ერთადერთი ასო მისთვის მისაწვდომი ერთადერთი საშუალებით — დურგლის ნაჯახით.



ლეანდრი

ამდენი ხეტიალისა და შრომის შემდეგ, ოფლითა და ორი მეომარი არმიის ხმლებზე ფიქრის შიშით ყელამდე მაძღარი, გაბეზრებული ჩაის სმით, რომელიც მხოლოდ ფუნდუკში მოხვედრილი ყრუებისთვის თუ გამოდგება, ფუნდუკში, სადაც გინება მუდმივი კერძია, მღილისაგან შეჭმული თმით, წერა-კითხვის უცოდინარი, უყურო და გამოუძინებელი დაბრუნდა ლეანდრი მამასთან, ბელგრადში, რომელშიც, როგორც უთხრეს, კვლავ ავსტრიის არმია იდგა. ქალაქში წლის წვიმიან სეზონში ბრუნდებოდა, ფეხით თელავდა ლოკოკინებს, გზაზე ყოველ ნაბიჯზე რომ ხვდებოდნენ და ფეხქვეშ მინასავით იმსხვრეოდნენ. ბრუნდებოდა ბელგრადში და იმაზე ფიქრობდა, რომ თუ კარგად დაუკვირდებოდა, სრულებით არ იცნობდა მამას.
ის ცოცხალი დახვდა, მაგრამ მარტოდმარტო, და გამუდმებით ელაპარაკებოდა თავის ყველასათვის უცნობ და დიდი ხნის გარდაცვლილ თანატოლს.
შვილის ნახვა როგორღაც უცხოსავით გაუხარდა.
— ბერდები, როგორც ღვინო ან ბუხარული ხალიჩა — რაც ძველია, მით უკეთესია, ოღონდ გაფრთხილდი, იმდენად არ დაბერდე, სწავლა ვეღარ შეძლო.
საღამოობით, ჭერზე ჩამოკიდებულ სათევზაო ბადეში რომ იწვა, მამა ფიქრებსა და მოგონებებში ასწორებდა თითქმის ყველა სიტყვას, რაც ახალგაზრდობაში ეთქვა. უნდოდა თავიდან გაევლო მთელი ცხოვრება, ყველა წელი და ათწლეული, გადაერჩია ყველა კითხვა და ყველა პასუხი, შეესწორებინა ისინი ყველგან, სადაც საჭირო გახდებოდა, და ენახა, როგორი იქნებოდა ეს ცხოვრება ამ შესწორებების გათვალისწინებით.
დილდილაობით კი მცურავ საავადმყოფოში მიდიოდა, სავის ნაპირთან, ღუზაზე რომ იდგა, სადაც რაღაც საიდუმლო საქმეები ჰქონდა. წერა-კითხვა იცოდა და ასო „ა“-ს ნაცვლად ყოველთვის ჯვარს დასვამდა ხოლმე, მაგრამ ლეანდრისათვის კითხვისა და წერის სწავლება არ შეეძლო. რუჟიცის ეკლესიაში ფსალმუნების გალობის სასწავლებლად დაჰყავდა და ამბობდა: „ფეხი საბნის სიგრძეზე გაჭიმე“. ლეანდრმა კი, იმავე ირინეი ზახუმსკიმ, როგორც ეკლესიაში გაირკვა, გალობა სხვებზე შეუდარებლად უკეთ იცოდა. ოღონდ მამას ამაზე არანაირი გაოცება არ გამოუხატავს, ისევე, როგორც, სხვათა შორის, ინტერესი იმის მიმართ, თუ რა ხდებოდა მისი ვაჟის თავს მთელი იმ წლების განმავლობაში, როცა ქალაქში არ იყო. ერთი სიტყვით, მამა-შვილმა ერთმანეთზე არაფერი იცოდა.
დროთა განმავლობაში ლეანდრმა აღმოაჩინა, რომ მამას სახელი არ აქვს, გამვლელები კი, როგორც ნაცნობები, ისე უცნობები, რაც თავში პირველად მოუვათ, იმას ეძახიან და ისიც ნებისმიერზე ერთნაირად ეპასუხება.
ისე ჩანდა, რომ მამა, უბრალოდ, ყურებამდეა ჩაფლული სახელებში, რომ ის თითქმის ჩაიკარგა ყველა იმ სახელში, რომელსაც ადამიანები მიაწებებდნენ ხოლმე ზოგჯერ სულაც იმ მიზნით, რომ დაემცირებინათ. მამა ასეთებზე მიუთითებდა ხოლმე და აფრთხილებდა: „არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება პერანგს სახელოებით აბრუნებენ, მათგან შორს გეჭიროს თავი“. ის ლეანდრს საზღვაო ნასკვების კეთებას ასწავლიდა და უამრავ წითელნასკვიან სათევზაო ბადეს რომ კემსავდა, ამბობდა:
— შეხედე ამ ნასკვებს, ისინი ისეა ჩაწნული, რომ თოკი თვითონვე იმაგრებს თავს თავისსავე კუდზე და ნასკვს გახსნის საშუალებას არ აძლევს. როგორც უნდა გაჭიმო, არ დაგემორჩილება, რადგან თვითონვე იტანს ძალას. ასევეა ადამიანებშიც. მათი გზები ისეთი კვანძებით არის დაკავშირებული, რომ ერთმანეთის მიმართ გარეგნულ სიმშვიდესა და საზღვრების ხელშეუხებლობას ინარჩუნებენ, არადა, სინამდვილეში, უკანასკნელ ზღვრამდე არიან დაჭიმულნი, როგორც ბადის კვანძები, როცა მას, თევზით სავსეს, წყლიდან ითრევენ. იმიტომ, რომ თითოეული იმას აკეთებს, რაც შეუძლია და არა იმას, რისი გაკეთებაც უნდა.
მაგალითად, შენ, შვილო, მაგრად მოზელილი ხარ.
ძლიერი სისხლი გაქვს, ბევრი შეგიძლია. მაგრამ ეს არ კმარა. შენ და შენს თაობას მოგისაჯეს არა მეფობა, არამედ მორჩილება და მოჯამაგირეობა და თქვენთვის სულერთია, ვისთვის მოგიწევთ მუშაობა — თურქისთვის თუ გერმანელისთვის. შენ ვერც იმის სიმღერას შეძლებ, რაც გინდა. შენი ტვინით ვიღაც სარგებლობს, როგორც არღნით და აიძულებს მას, იმღეროს...
ლეანდრი, რომელსაც ამგვარი ბედისწერისა არ სჯეროდა და აკვირვებდა მამის გულგრილობა ყოველივე იმისადმი, რაც მის თავს მთელი ამ წლების განმავლობაში, ბელგრადში დაბრუნებამდე, ხდებოდა, დროდადრო ისევ ნაჯახს მიუბრუნდებოდა. ჯერჯერობით ამას თავისებურად და სიამოვნებით აკეთებდა. სულ უფრო ხშირად მიდიოდა იმის სანახავად, როგორ დგებოდა ფერფლიდან ხელახლა მშენებარე ქალაქი.
ბელგრადი თითქოს იმ წყლიდან გამოდიოდა, ლეანდრის ფიქრმა რომ შვა, მისმა წარმოსახვამ რომ დახატა.
იჯდა მდინარის ნაპირზე, ციხესიმაგრეში, და, ჩვეულებრივ, თვალს ადევნებდა მიწისკენ ქვასავით დაშვებული რომელიმე ჩიტის ფრთებს, შემდეგ კი უფლებას აძლევდა საკუთარ მზერას, მასთან ერთად გადაექროლა მშენებარე ქალაქზე, რომლის ქვის კბილებიც ორი მდინარის ნაპირებზე მიწიდან იზრდებოდა. არაფერი გამოეპარებოდა ჩიტზე ამხედრებულ მზერას, არაფერი რჩებოდა შეუმჩნეველი და ბადე, ჩიტის გაფრენისგან მოწნული, თანდათან შემოეხვია მთელ ძველ ქალაქს, მის ყოველ კუთხე-კუნჭულს, ლეანდრი კი, მოუთმენლად აცახცახებული, თითქოს ყლაპავდა ყველა წვრილმანს, რაც კი მისი მხედველობის არეში მოექცეოდა. ხედავდა ნებოიშის კოშკს, რომელიც ერთდროულად ირეკლებოდა სავაშიც და დუნაიშიც და რომლის ფანჯრებიდანაც შეგეძლო, დაგენახა ცის ნაგლეჯი გაღმა ნაპირზე, რომელსაც კოშკი თვითონვე ფარავდა. მზერა აღწევდა ბელგრადის სამრეკლოებამდე, რომელთა ზარების ხმაც ორ იმპერიას ესმოდა, ხოლო როცა ჰაერის ნაკადი ჩიტს ბელგრადის დამპყრობლის, კარლ VI-ის პატივსაცემად სულ ახლახან აშენებული ტრიუმფული თაღისკენ მიაქროლებდა და ჩიტიც, ხეობისგან დამფრთხალი, ცაში აიჭრებოდა, მზერა მასთან ერთად მიფრინავდა. ცდილობდა, მის ფრთებს არ ჩამორჩენოდა, ადიოდა რუჟიცის ეკლესიამდე და ქალაქის ჭიშკართან წვდებოდა კანონების მაუწყებელს, რომელიც დოლს ურახუნებდა და თუმცა მისი სახის დანახვა შეუძლებელი იყო, სამაგიეროდ, შეიძლებოდა, გადაგეთვალა მისი ტანსაცმლის ყველა ღილი, მზეზე რომ ბრწყინავდა.
ლეანდრის შიშისგან გაყინული მზერა ეცემოდა ციხესიმაგრის მისადგომებთან, იქ, სადაც საძოვრები იწყებოდა და ხედავდა: ქვის საფეხურებით ქვევით ჩასული ძროხები ჩალით გადახურული პატარა სახლის ბოსტანში გადასულიყვნენ და ხახვს წიწკნიდნენ. სწორედ ამ ხახვის სუნი ექნება ხვალ მათ რძეს.
და კვლავ თვალებში აციგლიგდებოდა სავის ცისფერი წყალი, ახალი სახლების რიგები, შესასვლელების თითბრის სახელურები, რომლებსაც ხელს ჰკიდებს ის, ვინც ფეხსაცმელს ფეხქვეშ მოქცეულ რკინის საფხეკზე იწმენდს. მერე მოულოდნელად პანჩევოს ზევით აღმოჩნდებოდა და ხედავდა მწარე ბალახმოდებულ ადგილს, რომელსაც ნახირი გვერდს უვლიდა. აქ შეიძლებოდა, გეგრძნო, როგორ აბრუნებს ქარი დუნაის წყალს უკან, მწყობრად მიმავალი ჯარისკაცების მწკრივისკენ, რომელთა ხიშტები ისე ბრწყინავდა, რომ სველი გეგონებოდათ. ქალაქში, რომელსაც როგორც ავსტრიელები, ისე სერბები სწრაფი ტემპით ამაგრებდნენ, ბევრი საათი იყო, რომელთა რეკვაც, ერთმანეთს რომ ეხმიანებოდნენ, გადაურბენდა ხოლმე ქალაქის თავის რეზიდენციას, იმდენი ფანჯარა რომ ჰქონდა, რამდენიც დღეა წელიწადში. ახალი დახლები საქონლის მოზღვავებისგან იმტვრეოდა, ეკლესიების თავზე სამი სარწმუნოების ჯვრები ბრწყინავდა, ლამაზგალავნიანი ეზოები სავის ორივე ნაპირიდან იზიდავდა ბულბულებს, ბაღებთან დაქროდნენ და კოკისპირულ წვიმაში, სულ ორ-სამ ქუჩაზე რომ ასხამდა, შედიოდნენ ეტლები. მერე კვლავ თვალში ხვდებოდა პატარა ღრუბელი, ცოტაოდენი ლელქაში და ნისლი, რომელიც სავაზე მიცურავდა და დუნაის თავზე უფრო ღრმა და სწრაფ ნისლში ერეოდა. მეორე მხარეს მოჩანდა მზის ირიბი სხივები, რომლებიც ტყეში აღწევდა და ლეანდრი გრძნობდა მათ მბოლავ, ხან ცივ, ხან ცხელ სუნს.
და მზერა კვლავ ქალაქზე მისრიალებდა: ხედავდა, როგორ ამთავრებდნენ მშენებლები დუბროვნიცის ეკლესიას — დურგალი მოქნეულ ნაჯახს ხეში არჭობდა, ოღონდ დარტყმის ხმა მხოლოდ მას შემდეგ ისმოდა, როცა ნაჯახს ისევ ამოსწევდა. ასე რომ, ხმაურსა და მის წყაროს შორის ჩიტი გაფრენას მოასწრებდა. მერე ლეანდრი ხედავდა, როგორ გააბრაზა ქარმა ჩიტი, მისთვის საჭირო მიმართულებიდან შორს, სხვა მხარეს რომ გაიტაცა, და როგორ დაჰკრეს სადღაც, მის ქვევით, ზარს, თუმცა ხმამ ცოტა მოგვიანებით მოაღწია, თითქოს ნაყოფი თავის რკინის გარსს მოსწყდაო. ხედავდა, როგორ თრთოდა ეს ხმა, როცა ჩიტთან ერთად გადაუფრენდა მდინარეს, და როგორ ხვდებოდა ავსტრიის არმიის ცხენებს, რომლებიც სავის მეორე ნაპირთან, მდელოზე, ყურებს აპარტყუნებდნენ. ამის მერე იმისთვის თვალის დევნებაც შეეძლო, რეკვის ხმა, ღრუბლის ჩრდილის მსგავსი, როგორ დაეწია მწყემსების ჯგუფს ზემუნთან და მის გაგონებაზე როგორ შემოაბრუნეს თავები ბელგრადისკენ, რომელიც მდინარის აქეთა სანაპიროზე ისევ სიჩუმეში ჩაეფლო. მერე კი ჩიტი ელვისებური ფრენით ცას სარჩულივით გამოაკრავდა იმ სამყაროს, რომელშიც თითქოს ბადეში გააბესო. ლეანდრი იწვა.
საკმარისი იყო, ქალაქის თუნდაც ერთი კარი გაეღოთ, ბელგრადში მაშინვე შემოცვივდებოდნენ თურქი ცხენოსნები და ხმალმომარჯვებული თავებზე მონადირეები, რათა ეს საგანძური, ურყევად რომ იდგა მათი სამყაროს საზღვარზე, თვალის დახამხამებაში ექციათ ნანგრევებად და კვამლად. ლეანდრმა არ იცოდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ის უკანასკნელი კაცი იყო, ბელგრადის ციხესიმაგრიდან რომ ათვალიერებდა ქალაქს, რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში უკვალოდ და სამუდამოდ უნდა გამქრალიყო.
იმავე წლის ოქტომბერში მამამ ლეანდრი რუსების შემოსვლის საყურებლად წაიყვანა. ლეანდრი მოელოდა, რომ ჩექმებში შუბებჩარჭობილ ცხენოსნებს ნახავდა, მაგრამ არმიის ნაცვლად სამცხენშებმული მარხილი დაინახა, რომლიდანაც ერთადერთი ვეებაქურქიანი კაცი გადმოვიდა. უცნობს ცხვირის ნესტოებში რეჰანის ორი რტო შეერჭო. კაცი მარხილიდან გადმოვიდა და პირდაპირ მიტროპოლიტის სახლისკენ გასწია. უკან თანამგზავრი გაჰყვა ზანდუკითა და ხატით. მეტი არავინ იყო.
— ეს შენი მასწავლებელი იქნება, — უთხრა მამამ, — წერას გასწავლის.
მოითხოვა, ყველა გამომიგზავნეთ, ვინც ეკლესიაში ფსალმუნებს გალობსო. ნუ შეშინდები, შენ გარდა სხვაც ბევრია წერა-კითხვის უცოდინარი, ვისაც ომმა მთელი ცხოვრება აუწეწა. და ისინი მასწავლებელზე ბევრად უმცროსები არ არიან; ოღონდ ერთი რამ უნდა დაიმახსოვრო: განათლებული წიგნს ჩაჰყურებს, მეცნიერი — ბრძენს, ბრძენი კი ან ცას მისჩერებია, ან კაბის ქვეშ იყურება, რაც უსწავლელსაც შეუძლია...
ასე დაიწყო ლეანდრმა წერა-კითხვის, ლათინურისა და ანგარიშის შესწავლა. მეცადინეობის პერიოდში მაქსიმ ტერენტიევიჩ სუვოროვმა — ასე ერქვა რუს მასწავლებელს — თავისი მოსწავლეების თვალწინ დაკარგა თმის ყველა ღერი. რაღაც შინაგანი უძრავი დაძაბულობის გავლენით შუბლი ისე დაუნაოჭდა, როგორც წინდა, კანი კი ისე გაუთხელდა, რომ ცისფერი თვალები დაშვებულ ქუთუთოებშიც გამოსჭვიოდა. გაკვეთილებზე ლოყებთან მოუჩანდა მოძრავი წითელი ენა, შესვენებისას კი შეიძლებოდა, გარკვევით დაგენახათ სადღაც, ყურებქვემოთ, როგორ კანკალებდა ენა უკრაინული ქარებისგან, რუსის პირში რომ ბობოქრობდნენ.
— ჩვენ, ყველანი, აქ უროსა და გრდემლს შორის ვართ მოქცეული და მაგარ ცომს ვზელთ, — ეტყოდა მოსწავლეებს გაუგებარ, ნახევრად სერბულ ენაზე, რომელიც როგორც მიაჩნდათ, მისი მეფის ენა იყო. ეს უცხოელი მცირეოდენი ხნით მხოლოდ ლათინურის გაკვეთილებზე თავისუფლდებოდა შიშისგან და შთაგონებით ასწავლიდა დამახსოვრების ხელოვნებასა და მნემოტექნიკას, დემოსთენესა და ციცერონის სიტყვების მაგალითებზე რომ დაემუშავებინა, რისთვისაც დიდ რვეულს იყენებდა, რომელზეც, როგორც ლეანდრმა შეამჩნია, ეწერა: Aდ ჰერენნიუმ.
ტექსტის დასამახსოვრებლად, როგორც რუსი მასწავლებელი ურჩევდა, უნდა მოეგონებინათ, როგორ გამოიყურებოდა მათ გზაზე ჩამწკრივებული შენობებიდან ერთ-ერთის ფასადი, რომლის გარეგნული იერიც მათ მეხსიერებაში ილექებოდა. მერე უნდა წარმოედგინათ, რომ რიგის მიხედვით აღებდნენ ამ შენობის ყველა ფანჯარასა და კარს და ყოველ ნახვრეტში, სათოფურებისა და მისაყურადებელი სარკმლების ჩათვლით, ჩაილაპარაკებდნენ ციცერონის რომელიმე გრძელ ფრაზას. ამგვარად, როცა წარმოსახვით შემოუვლიდნენ ყველა შენობას და თითოეულ ფანჯარასთან თუ კართან თითო ფრაზას იტყოდნენ, შესაძლებელი ხდებოდა, წარმოსახული გასეირნების ბოლოს დაგემახსოვრებინათ და, მეტიც, განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე გაგემეორებინათ მთელი სიტყვა.
ასე დაიზეპირეს ბელგრადის სერბულ-ლათინური სკოლის მოსწავლეებმა ციცერონის მთელი სიტყვა „Iნ გატილინამ“, მერე კი მასწავლებელმა ერთი მშვენიერი ბერძნული პოემის ლათინური თარგმანი მოიტანა და მათ ისიც უნდა დაემახსოვრებინათ.
ეს ლექსები ვინმე მუსეოს გრამატიკოსს შეეთხზა, როგორც ჩანს, ქრისტიანს, ლამის ათას წელზე მეტი ხნის წინ რომ უცხოვრია, და „ჰეროსა და ლეანდრის სიყვარული და სიკვდილი“ ეწოდებოდა. ავტორს პოემა ბერძნულად დაუწერია, ხოლო ლათინური თარგმანი, როგორც რუსი უხსნიდა, ვენეციაში გამოქვეყნდა, 1494 წელს. სწორედ მუსეოსის რომანის წყალობით მიიღო ცნობილი ქვისმთლელების შთამომავალმა, უკვე უყურო და არც ისე ახალგაზრდა რადაჩა ჩიხორიჩმა, ახალი, რიგით მეექვსე სახელი. ეს კი, აი, ასე მოხდა.
რუსი მასწავლებელი მოსწავლეების სახელებს ვერ იმახსოვრებდა.
განსაკუთრებული გაჭირვება ადგა მათ შორის ყველაზე უფროსის, რადაჩა ჩიხორიჩის სახელის წარმოთქმისას. ერთხელ გაკვეთილზე იკითხა, რა წინააღმდეგობას ხედავთ ორ საყვარელს, ჰეროსა და ლეანდრს შორისო (რომელიც ყოველღამ ანთებული კანდლის შუქის მიმართულებით მიაპობდა ზღვის ტალღებს და კოშკისკენ მიცურავდა) და სულ უფროსმა მოსწავლემ, რომლის სახელის წარმოთქმაც მასწავლებელმა არ იცოდა, მოულოდნელი პასუხი გასცა. საქმე ის არის, რომ კონსტანტინოპოლში მოგზაურობებისას რადაჩა ჰელესპონტშიც მოხვდა, სესტი გაიარა და იქ თანამემამულე ციმბალისტებთან ერთად ისწავლა ბერძნული სიმღერა ჰეროსა და ლეანდრზე. ერთხელ კი იქვე ვიღაცამ ინსტრუმენტში მონეტის ნაცვლად ჰეროსპროფილიანი ნამცეცა კამეა ჩაუგდო. მან იცოდა, რომ ევროპას აზიისგან გამოყოფს არა მარტო წყალი, არამედ ქარიც, ანუ დრო. ამიტომ მასწავლებელს უპასუხა, რომ შესაძლოა, ჰეროსა და ლეანდრს ერთმანეთს აშორებდა არა უბრალოდ წყალი; ერთმანეთისკენ მიმავალ გზაზე მათ რაღაც სხვაც უნდა გადაელახათ. ამასთან, ის ფიქრობდა გოგონაზე, რომელთან შერწყმაც ვერ შეძლო ოხრიდის ტბაზე, ნავის ფსკერზე.
— კი, მაგრამ, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო ეს, თუ არა წყალი, ერთი იმ ოთხ ელემენტთაგანი, რომლითაც აგებულია სამყარო? — გაოცდა რუსი მასწავლებელი, რაზეც ყველაზე უფროსმა მოსწავლემ მშვიდად მიუგო:
— შესაძლოა, ის, რაც ჰეროსა და ლეანდრს აშორებდა, იყო დროისა და არა წყლის ტალღები.
შესაძლოა, ლეანდრი, როცა მიცურავდა, გადალახავდა დროს და არა — წყალს.
ამ პასუხზე კლასში სიცილმა იფეთქა, ხოლო რადაჩა ჩიხორიჩს ამ დროიდან სამუდამოდ მიეწება სახელი ლეანდრი. რუსი მასწავლებელიც ასე ეძახდა. მოსწავლე არ ბრაზობდა, ზეპირად დაისწავლა პოემა ჰეროსა და ლეანდრზე და საღამოობით, პატრიარქის სახლის ფანჯრებს რომ ჩაუვლიდა, სადაც მოსწავლეებისთვის უკვე დგამდნენ მერხებს, ქვედა დაფაზე პატარა ნახვრეტებით, ციცერონის სიტყვების ნაცვლად გამოთქმით კითხულობდა ამ ნაწარმოების ნაწყვეტებს. ბერძნულადაც და ლათინურადაც.
საქმე ის არის, რომ იმ დროს მოსწავლეებმა სიამოვნებით დაიწყეს ბელგრადში მშენებარე მიტროპოლიტის სასახლესთან მისვლა და დათვალიერება სასახლისა, ორმოცზე მეტი ოთახი და დარბაზი რომ ჰქონდა.
სწორედ ამ სასახლეს იყენებდნენ ლეანდრი და მისი სკოლის ამხანაგები რუსი მასწავლებლის სისტემით ვარჯიშისთვის. ყოველ დილას, სკოლისკენ მიმავალ გზაზე, და ყოველ საღამოს, დაძინებამდე, კარის საკეტებში, კაბინეტებში, სამუშაო დარბაზებში, სატრაპეზოში ფიქრში იმეორებდნენ დავალებიდან ერთ-ერთ ფრაზას. როცა ჩაუვლიდნენ ბიბლიოთეკას, რომელსაც ცალ-ცალკე ორი ბოქლომი ედო იმისთვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მისი მხოლოდ გარედან ან მხოლოდ შიგნიდან დაკეტვა, ან მიტროპოლიტის საწოლ ოთახს, რომლის ფანჯრებიც დასავლეთისკენ გადიოდა, და მისი თანაშემწეებისა და სტუმრების საძინებლებს, აღმოსავლეთისკენ რომ მოექციათ იმისთვის, რომ ახალგაზრდები უფროსებზე ადრე ამდგარიყვნენ, მოსწავლეები დეკლამირებას იწყებდნენ: „სად ვართ ჩვენ ამ სამყაროში? რომელ ქალაქში ვცხოვრობთ? აქ, ჩვენ შორის, არიან ისინი, ერთად თავშეყრილი მამები, რომლებიც ფიქრობენ ყველას დაღუპვაზე, ქალაქის აღსასრულზე...“ და ასე, თანდათან და შეუმჩნევლად, სიტყვა მეხსიერებაში იბეჭდებოდა. „...ქუიდ ენიმ მალი აუტ სცელერი ფინგი აუტ ცოგიტარი პოტესტ, ქუოდ ნონ ილლე ცონცეპერიტ? — „მემკვიდრეობა გაანიავეს, ქონება ათასგზის დააგირავეს, ფული კარგა ხანია, ხელში შემოადნათ, მალე კი რწმენაც გაქრება, თუმცა კვლავ იგივე მისწრაფება აქვთ, რაც სიმდიდრისას...“ 
შენობა ჯერ კიდევ არ დაემთავრებინათ, შიგ ნელ-ნელა სახლდებოდნენ, ფრთა ფრთაზე ივსებოდა.
მაღალ, გუმბათოვან თაღებს, შენობას რომ აერთიანებდა, როგორც სასწორის ორ პინაზე, ისე ეჭირა ძვირფასი, მდიდრული ბუხრები და ღუმელები, დაფარული ყვავილებისგამოსახულებიანი ამურებით, ხავერდისა და ფარჩის ქსოვილები, კარლსბადური, ვენური და ინგლისური ფაიფურის ჭურჭელი, ლაიფციგური ვერცხლის დანა-ჩანგალი, ჩეხური ბროლისა და ფერადი, გაპრიალებული მინის ბოკლების ნაკრები, ვენეციური ლამპები და სარკეები, მუსიკალური საათები და მამაკაცის აბრეშუმის წინდებით სავსე კომოდები. „ამიტომ მოდი და გამათავისუფლე ამ შიშისგან: თუ ის ნამდვილია, მაშინ ნუ მტანჯავს, თუ ყალბია, მაშინ, ბოლოს და ბოლოს, გამიქრეს შიში“, — როგორც თხოვნა, ისე ჟღერდა ლათინური ფრაზები. სწავლა დასასრულს უახლოვდებოდა და ისე ჩანდა, რუსი მასწავლებელი ნაწილებად დაიშლებოდა ბელგრადთან მდგარი იმ მონასტრებივით, რომელთა ნანგრევებზე უკვე ხეები ამოზრდილიყო. როცა სწავლა დაამთავრეს და რუსი მასწავლებელი უკან, სრემში გაბრუნდა, ლეანდრი სასწავლებლად შევიდა უნტეროფიცრების ავსტრიულ სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელში.
ხოლო როცა სწავლა ამ სკოლაშიც დასასრულს მიუახლოვდა, ქალაქში ხმა დაირხა, სავაზე გამავალი ჭიშკრების ადგილზე ორი ახალი კოშკის აგებას აპირებენ იმათ ნაცვლად, რომლებიც 1690 წელს დაანგრიესო. აქედან ერთ-ერთის, ჩრდილოეთის კარიბჭის აშენება გამოცდილ მშენებელ სანდალ კრასიმირიჩს დაეკისრა და მან უკვე საძირკვლის ჩაყრაც დაიწყო. რაც შეეხება მეორეს, სამხრეთის კოშკს, აქ საქმე არც ისე იოლად იყო. სანდალის ყველა ამხანაგმა, რომლებიც იმ დროს ბელგრადში შენობებს აგებდნენ, უარი თქვა ამ სამუშაოზე, რადგან მეორე კოშკი ჭაობიან ნიადაგზე უნდა აღემართათ.
— უიმედო საქმეა, — ამბობდნენ ისინი.
ასე რომ, საქმე ადგილიდან არ იძროდა.
როცა პირველი კოშკის მშენებლობის დაწყებიდან საკმაო დრო გავიდა, ერთ დილას ცნობილი გახდა მოულოდნელი ახალი ამბავი.
იმ დღეს, განთიადისას, ლეანდრი მათრობელა სურნელმა გააღვიძა, მის სახლში გარედან რომ აღწევდა. ეს მამამისი შარდავდა და მისი შარდი, როგორც ყოველთვის, მუშკის, ზამბახებით გადაპენტილი ბაღის თუ სანდალოზის ხის უმკვეთრეს სუნს გამოსცემდა. და ეს აღმაფრთოვანებელი სურნელებანი არა მარტო შინაურებს აღვიძებდა, არამედ მეზობელი სახლების ბავშვებსაც.
— ჩიხორიჩს ისევ სიბრძნის შემოტევა დაეწყო, — ამბობდნენ ასეთ დროს.
და, მართლაც, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ლეანდრის მამა ბრძენი იყო, ოღონდ მანამ, სანამ შარდავდა.
იმ დილით მამა სანდალოზის სუნს თხევადი სახით ავრცელებდა და შვილს ეჯუჯღუნებოდა:
— ახალგაზრდა ვაჟკაცი ხარ და ბებერ მათხოვრად კი იქეცი! თითქოს მესამე ღამეს არ გაგიფრთხილდნენ, დაგვიფარე, ღმერთო! ვის დაუკავშირდი და რა გინდა! ერთი გადააგდე, მეორე ვერ მოიძიე...
ასე მიხვდა ლეანდრი, რომ მამამ ყველაფერი იცის, ხოლო, რაკი მამამ იცის, იცის მთელმა ქალაქმა. იცის, რომ სწორედ ლეანდრი ემზადება სამხრეთის კოშკზე მუშაობის დასაწყებად. და ეს ნიშნავდა, რომ იგი იქცა ცნობილი სანდალ კრასიმირიჩის მეტოქედ, რომელიც ისეთი უძლეველი იყო, რომ სავასა და დუნაიზე ჩიტები თევზს ბადეში უდენიდნენ, ცხენებს კი შეეძლოთ, სამ ენაზე ეჭიხვინათ მისი სახელი.
სანდალ კრასიმირიჩი გაცილებით უფროსი იყო ლეანდრზე, ასაკით მამად შეეფერებოდა. მდგომარეობით კი ლეანდრი მოსამსახურედ გამოადგებოდა.
კრასიმირიჩი ბელგრადში 1717 წელს შემოვიდა ავსტრიის არმიასთან ერთად, ტყავის ჩაფხუტით, რომელიც ნიკაპქვეშ იმდენი ხნის წინ შეეკრა, რომ როცა სამხედრო წარმატებებთან განშორების დრომ მოუწია, წვერის შეკრეჭა დასჭირდა. მას შემდეგ, რაც ეს გააკეთა და, ბოლოს და ბოლოს, თავშიშველი დარჩა, აღმოჩნდა, რომ სულ მთლად გაჭაღარავებულიყო. ჯერ კიდევ ომიანობისას ჩარიცხეს ავსტრიის არმიის საინჟინრო ჯარებში, რომლებიც მცურავ ხიდებს აგებდნენ, ხოლო ბელგრადში ჩასული შვეიცარიელ ნიკოლა დოკსატს შეუერთდა, რომელიც ავსტრიელებს ქალაქის კედლებისა და კოშკების აღდგენით სამუშაოებზე დაექირავებინათ. ამ საქმეში სანდალ კრასიმირიჩს სხვა რამ მომზადება, გარდა იმისა, რაც საბრძოლო ლაშქრობებში მიეღო, არ ჰქონია, მაგრამ მან მშვიდობიანობის ჟამსაც შეძლო სამხედრო ხელმძღვანელობის ნდობის გამართლება, რის შემდეგაც რამდენიმე პატარა დენთის საწყობისა და ქალაქგარეთ მსუბუქი სიმაგრეების აშენება მიანდვეს. და თუმცა იმ შემოდგომაზე წვიმები კასრებს უფრო სწრაფად ავსებდნენ, ვიდრე მუშები მათ დაცლას მოასწრებდნენ, სამუშაო ბოლომდე მიიყვანა. ომის შემდგომ მზარდ ქალაქში მის ხელობაზე სულ უფრო დიდი მოთხოვნილება გაჩნდა და ისიც თანაშემწეებთან ერთად სულ უფრო და უფრო სცილდებოდა საკუთარ სახლს, მსგავსად ასო „რ“-სი, რომელიც, იანვრიდან მოყოლებული, თვეების სახელებში სიტყვის ბოლოდან სულ უფრო ახლოს მიიწევს დასაწყისისკენ.
— იმ თვეებში, რომელთა სახელებშიც ძვალი არ არის, შინ არ მელოდო, — ეტყოდა კრასიმირიჩი ცოლს და, მართლაც, როცა თვის სახელწოდებიდან ქრებოდა ასო „რ“, ვერც სანდალს, ვერც მის დამხმარეებს შინ ვერ ნახავდით და ასე გრძელდებოდა პირველ დიდ წვიმებამდე, როცა ჯადოსნური ასო, მათთვის დასვენების აღმნიშვნელი, სექტემბერთან ერთად წლის კუდთან მოიკალათებდა.
სანდალ კრასიმირიჩმა კოშკის შენება ისე დაიწყო, როგორც ესწავლა და იმ ხალხთან ერთად, ვინც უკვე შეჩვეული ჰყავდა. პურის ნატეხში ოქროს მონეტა ჩაჩურთა, დუნაის წყალს გააყოლა და მუშაობას შეუდგა.
სახსრები მშენებლობისთვის უზრუნველყოფილი იყო, რადგან მას ყველა კარგად იცნობდა და ფულს არ ინანებდნენ, გულუხვად აძლევდნენ. ლეანდრს კი, უპირველესად, ჭაობის ქვებითა და ქვიშით ამოვსებამ მოუწია. ის „ცოცხალ მიწაზე“ აშენებდა, მაგრამ ამის სათვალავში ჩაგდება არავის ეწადა. ადამიანები, ვინც პასუხს აგებდა ხაზინაზე და სანდალ კრასიმირიჩს იცნობდა, ეჭვით უყურებდნენ ახალგაზრდა კაცს, რომელმაც საკუთარი საქმე რომ არა ჰქონდა რა, სხვისაში ჩარევა დაიწყო, რომელსაც ომში სისხლი არ დაუღვრია და რომლისთვისაც მიწას სისხლი არ დაუბრუნებია და რომელმაც ახლა ისეთ რამეს მოჰკიდა ხელი, თვით სანდალ კრასიმირიჩიც შეუძლებლად რომ მიიჩნევდა. ამიტომაც ლეანდრი თავიდანვე ოდენ საკუთარი საფრთხისა და რისკის ფასად აშენებდა.
როდესაც კოშკების პირველი სართულები წამოიმართა, თვალში გეცემოდათ, რომ ადამიანები იკრიბებოდნენ, რათა შეეთვალიერებინათ ის, რომელსაც სანდალი აშენებს. ტყის შუაგულში აღმართული შენობით გასაოცებლად მოდიოდნენ ნასადილევზე წვერგაქონილი, რომ არ დასძინებოდათ, მაგარყავადალეული სერბი ოსტატებიც და ავსტრიელი არქიტექტორებიც.
— ყველანაირი სილამაზე გვინახავს, მაგრამ მსგავსი არაფერი შეგვხვედრია. ერთი შეხედეთ, რას აკეთებს სანდალი! სასწაულია, ნამდვილი სასწაული! — ამბობდნენ ისინი და ქვებს ხელით ეხებოდნენ, წითლებს, როგორც პურის ქერქს.
უკან თავგადაგდებულები ხელით იჭერდნენ კეფაზე ჩამოცურებულ ქუდებს, თვალით ზომავდნენ სიმაღლეს, სადამდეც მომავლის კოშკი აღიმართებოდა და აქებდნენ ავტორს.
ამ დროისთვის ლეანდრმა თავის ჭაობში ნავი მოათრია და ამ ნავში, რომელიც ბოლოს და ბოლოს, მშრალი მაინც იყო, ჭამდა, ეძინა, უფრო მეტად კი ფხიზლად უკირკიტებდა ნახაზებს, ციფრებსა და სახაზავებს, რომლებსაც ყველგან თან დაატარებდა, თვით ხარაჩოებზეც კი, რომელიც მშენებლობის შიგნით ისე მოეწყო, რომ გარედან შეუძლებელი იყო, დაგენახა, როგორ მუშაობდა. ღამღამობით ანძაზე ცეცხლს ანთებდა და მის სინათლეზე კოშკს შიგნიდან აშენებდა, თითქოს სადღაც წყვდიადში მიცურავსო, ოღონდ მდინარეებზე კი არა, რომელთა ხმაურიც კოშკში ესმოდა, არამედ ზევით, უხილავი ღრუბლებისკენ, რომლებიც ზუსტად ისევე ხმაურობდნენ, ნაწილებად იფლითებოდნენ ქარზე ან ახალი მთვარის რქებზე. თავს ისე გრძნობდა, თითქოს გემის საშოში ყოფილიყო, მთელი არსებობის განმავლობაში ღუზაზე რომ იდგა ნავსაყუდელში, რომელიც არასოდეს ენახა, იქიდან გამოსვლა კი შეიძლებოდა იმ ერთადერთი ილუმინატორიდან, რომელსაც პირდაპირ სიკვდილში მიჰყავდით. და ახლა, მოულოდნელად, ეს ხომალდი დაიძრა, გაემართა ასევე უცნობ, მაგრამ მღელვარე ღია ზღვაში.
საჭირო იყო, ღამეში უშეცდომოდ აეღო კურსი, თან ყურადღებით ედევნებინა თვალი სხვისი სიზმრებისთვის, მას რომ ესიზმრებოდა. სწორედ ასეთი გრძნობით, სანთლის შუქზე გაკეთებული გამოთვლებით სტაცებდა ლეანდრი წყვდიადს თავის კოშკს. ამ გამოცდილებისას იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გეომეტრიულ სხეულებს ცაშიც და მიწაზეც, როგორც უნდა აღინიშნებოდნენ ისინი, ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს. ციფრები სხვანაირად იქცეოდნენ.
მათ მნიშვნელობებს შეცვლა შეეძლო და ლეანდრი ხვდებოდა, რომ მშენებლობისას უნდა გაითვალისწინოს ციფრების წარმომავლობაც და არა მხოლოდ მათი მნიშვნელობა მოცემულ მომენტში. საქმე ის არის, რომ რიცხვებს, როგორც ფულს, სხვადასხვა პირობებში სხვადასხვანაირი კოტირება ახასიათებს, — მიხვდა ის, — ამიტომ მნიშვნელობა მუდმივი არ არის.
ერთხელ მაინც შეყოყმანდა და კინაღამ უარი თქვა მათემატიკურ ხელოვნებაზე, იმ რუსმა რომ ასწავლა, რომლის ლურჯი თვალებიც ძილში ფერს იცვლიდა. უცბად მოეჩვენა, რომ სანდალ კრასიმირიჩი ციფრებს გაცილებით მიზანშეწონილად იყენებდა, ვიდრე თვითონ, და რომ ის სკოლა, რომელმაც მისი მეტოქე აღზარდა ანუ შვეიცარიული სკოლა, უპირატესობას ფლობდა მისი ბიზანტიური სკოლის წინაშე. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა ერთხელ, დილით, სავის ნაპირებიდან მუშები მოცვივდნენ და სანდალ კრასიმირიჩს აცნობეს, რომ მისმა კოშკმა სიმაღლით უკვე გაუსწრო ციხესიმაგრის კედლებს და მისი ანარეკლი წყალზე გამოჩნდა! ამ ცნობამ წამში გადაუფრინა მთელ ქალაქს. ნამდვილი დღესასწაული გაიმართა და ლეანდრმა, რაკი იგრძნო, რომ უკან ჩამორჩა, სახედრების ერთ-ერთ გამრეკს უბრძანა, მალულად წასულიყო და ენახა, ხომ არ მოჩანდა სავაში სამხრეთის კოშკიც, რომელსაც ის, ლეანდრი, აშენებდა. გამრეკმა გულგრილად უპასუხა, რომ სამხრეთის კოშკი წყალში უკვე კარგა ხანია, ჩანს, ასე რომ, არ არსებობს მდინარეზე ჩასვლის არანაირი საჭიროება.
ეს მაშინ მოხდა, როდესაც ლეანდრმა შეამჩნია, რომ მასთან მუშახელსა და ოსტატზე მოთხოვნილება მატულობს, მისი თანატოლები და სკოლის მერხის ამხანაგები კი, რომლებიც თავის დროზე სამუშაოდ დაიქირავა, ერთიმეორის მიყოლებით ქრებიან მშენებლობიდან.
სანდალის ამხანაგებს შორის, რომლებიც ბელგრადში იმავე დროს და ისევე ჩამოვიდნენ, როგორც თვითონ, იყო ერთი, სახელად შიშმან გაკი. ის კარგად ერკვეოდა სამშენებლო საქმესა და ვარსკვლავებში, მაგრამ შენებას თავი დაანება. გაკი მიიჩნევდა, რომ ქმედება უნდა შეესაბამებოდეს იმის ძალ-ღონეს, ვინც მას ახორციელებს, ხოლო თუ ასეთი შესატყვისობა არ არსებობს, მაშინ საქმისთვის ხელის მოკიდებაც არ ღირს. აი, ასე პირში ღამეჩაგუბებული დასახლდა დიდ სახლში, რომლის ერთი კედელი ეკვროდა ავსტრიელების დენთის საწყობს, თუმც მიტოვებულს, მაგრამ საშიშროების შემცველს იმ თვალსაზრისით, რომ ხანძრის შემთხვევაში ცეცხლი საწყობზე ვერ გავრცელდებოდა, აი, საპირისპირო კი გარდაუვალი იყო. გაკმა ისე, რომ ოდნავაც არ შეწუხებულა ამით, თავისი საცხოვრისი წიგნებით, ხელსაწყოებით, ჭოგრებით, ტყავის გლობუსებით აავსო და (როგორც ფიქრობდნენ) დროს უსაქმურობაში ანუ ოქროს წვიმისა და მდედრი ვარსკვლავების ძებნაში კლავდა.
— ცხენი ოთხ ფეხზე დგას და ისიც კი წაიფორხილებს, მაშ, ადამიანი როგორ არ წაბორძიკდება? — ამბობდნენ მასზე. ბოროტი ენები კი იმასაც დასძენდნენ, რომ მას სინამდვილეში, უბრალოდ, ძალა არ შესწევდა, ერთი ადგილიდან მეორეზე გადაეტანა თავისი ვეებერთელა ცოდნა. სივრცეში გადაადგილებისას მისი ცოდნა ყინულივით დნებოდა და ყველგან, სადაც უნდა მოხვედრილიყო გაკი, გარდა თავისი დენთის საწყობისა, უსუსური და გამოფიტული ხდებოდა, მისი ცოდნა და სიმარჯვე კი მყიფე და არასაიმედო აღმოჩნდებოდა ხოლმე; ღალატობდა სახელებისა და ციფრების დამახსოვრების უნარი და მის იმედად ყოფნა აღარ შეიძლებოდა.
საკმარისი იყო, ადგილიდან დაძრულიყო, მაშინვე გადარგულ მცენარეს ემსგავსებოდა. ერთხელ, თითქმის მოსაღამოებულზე, როცა მშენებლობაზე აღარავინ იყო, ეს კაცი, რომლის გამოხედვაც ლაპარაკისას მოსაუბრის თვალწინ ბერდებოდა და ვისი თმაც მუდამ ბუზებით იყო სავსე, მოულოდნელად გამოჩნდა ლეანდრის კოშკთან და მისი დათვალიერება და შესწავლა დაიწყო. ქვა გალოკა, თითებით მოსინჯა ნალესი, კირში ცოტაოდენი ბალახი ჩაყარა, დაყნოსა, ერთ კუთხეს სამი თითი მიადო და ჰაერში რაღაც გადაზომა. ყოველივე ამის შემდეგ ლეანდრს მიმართა.
— მიწაზე გძინავს, მაგრამ საქმე გესმის, — უთხრა, — არ ვიცი, სად და როდის ისწავლე ყოველივე ეს, მაგრამ გაფრთხილდი! არავინ იცის, დილა როგორ დამთავრდება — ღობის იქით თუ სხვენში. კარგად მოქცეულხარ, ხარაჩოები რომ შიგნით დაგიყენებია. ცოტა ვინმე თუ იქნება ისეთი, ვისაც მოეწონებოდა, რომ შენ უფრო სწრაფად და უკეთ აშენებ, ვიდრე სანდალი. სანამ შესაძლოა, ეს უნდა დამალო...
ასე ლაპარაკობდა გაკი, რომელზეც ცნობილი იყო, რომ თავის დღეებს ღამეებში თესავდა.
წასვლისას კიდევ ერთხელ მოიხედა და თქვა:
— ერთი რჩევა მოგცე? მეგობრულად? მისმინე, როგორც კი კოშკს დაამთავრებ, თავი დაანებე ამ საქმეს. ნუღარასოდეს ააშენებ. შენთვისვე იქნება უკეთესი. ხომ ისედაც აჩვენე ყველაფერი, რისი უნარიც გაქვს. ნუღარ ააშენებ!
ამ სიტყვებით წავიდა, ლეანდრმა კი მუშაობა განაგრძო. სულ უფრო იტანჯებოდა მარტოობით, ზოგჯერ სურდა, კომპანია ეძებნა და ამისი გაკეთება სულ არ იყო ძნელი სავაზე გამავალი ქალაქის კარიბჭის მეორე მხარეს. იქ პირველად რომ გამოჩნდა, — ეს კი მაშინ მოხდა, როცა ზეიმობდნენ, სანდალის კოშკი კედლებს ასცდაო, — ძალიან კარგად მიიღეს.
ჩვეულებისამებრ, ხელები ზურგს უკან დაიბანა და ბრბოს შეერია. ვიღაც-ვიღაცებმა ლეანდრის თანატოლთაგან, იმათგან, ადრე მასთან რომ მუშაობდნენ, ახლა კი სანდალ კრასიმირიჩთან იყვნენ, კოშკის დასათვალიერებლად წაიყვანეს; აღფრთოვანებით უჩვენებდნენ, რომელი სამშენებლო ხერხები გამოიყენებოდა მის ზევითა ნაწილში, სადაც სწორედ ახლა ოთხკუთხოვანი კვეთიდან წრიულზე გადადიოდნენ. იმათ შორის, ვინც სანდალის კოშკის ღირსებებს უსვამდა ხაზს, გაკიც იყო, ოღონდ ახლა იგი, როგორც სხვები, ლეანდრის კოშკს არც ახსენებდა, ლეანდრისა, რომელიც სახელით არავის მოუხსენიებია, თითქოს სავსებით დაავიწყდათო.
ადამიანები აქ უცნაურები იყვნენ, ისეთები, როცა რაიმე უკვირთ, რომ იცინიან და ცრემლებს ცხვირში იჩერებენ, ხოლო როცა უჭირთ, მხოლოდ იპურჭყებიან. აქ ქალებიც იყვნენ, რომლებიც ლეანდრმა იცნო (მათ კი ის — ვერა) იმიტომ, რომ მათთან ზოგჯერ ნაჩქარევად წოლილა, როგორც წესი, შებინდებულზე, მინდვრიდან მომავალ თივიან ურემზე, რომლის პატრონსაც ფულს უხდიდა, რათა განზე გამდგარიყო და ნახევარი საათით, ვიდრე ხარები ქალაქის კარიბჭემდე მიეხეტებოდნენ, ტვირთი მისთვის მიენდო. ქალები მალე ივიწყებდნენ — პირველივე შეხედვით ხვდებოდნენ, რომ იგი იმ უსიამოვნო კაცებს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც არ შეუძლიათ, სიამოვნება მოგანიჭონ, მაგრამ, ამასთან, საკუთარ თავზე მუდამ ასე ფიქრობენ: — ბედნიერებაა, გქონდეს საყვარელი სამუშაო და გყავდეს მოყვარული ცოლი. ასეთები ქალებს არ უყვართ. ამიტომ ისინი სანდალ კრასიმირიჩსა და მის თანაშემწეებთან მიდიოდნენ და იქ პოულობდნენ ყველაფერს, რაც სჭირდებოდათ.
ლეანდრზე კი, რომელიც თესლს მათში კი არა, თივაში უშვებდა, ამბობდნენ:
— მამამისი, როგორც კი დიდრონ ქრცვინს დაიჭერს, მთელი ღამე ქალის მაგივრობას აწევინებს და მხოლოდ დილით წვავს და ჭამს მას.
ამას კი ესეც არ შეუძლია.
ცნობისმოყვარეთა ბრბოში, იმათ რიცხვს რომ ამრავლებდნენ, ვინც გაოცებული იყო სანდალის კოშკზე სამუშაოების სწრაფი წინსვლით, ლეანდრმა იმავე საღამოს, კოცონის მეორე მხარეს, შენიშნა კაცი, რომელსაც მხარზე წითელნასკვებიანი ბადე მოეგდო. მეთევზის მაღალყელიანი ჩექმებით დროდადრო გაიელვებდა ხოლმე ბრბოში, მერე კი ლეანდრის თვალს მოფარებული, სიბნელეში გაუჩინარდა.
— წავიდა თავისი მიცვალებულების ნავებში დასამარხად, — ხმამაღლა შენიშნა ვიღაცამ და ასე გაიგო ლეანდრმა, როგორც იქნა, მრავალი ათწლეულის შემდეგ, რას საქმიანობდა სინამდვილეში მამამისი და რანაირი პურით იზრდებოდა თვითონ — მკვდარი პურით. ლეანდრს ვითომ არ გაუგონია ეს სიტყვები, ისე იკითხა:
— კარგი და, კოშკის ყელზე გადასასვლელს როგორ გააკეთებთ? კონსოლურ საყრდენებს გამოიყენებთ თუ თაღის იალქნებს?
— კონსოლურ საყრდენებს, — პასუხობდა ზოგი, ზოგმა კი გაიფიქრა: „თაღის იალქნებს“... ყველა სანდალისკენ მიბრუნდა, მაგრამ ის სხვა საუბრით იყო გართული და მხოლოდ ირონიულად ჩაიცინა, თითქოს ეს შეკითხვა სრულიად უადგილოდ მიიჩნიაო.
საღამოს, კოშკში რომ მიბრუნდა, ლეანდრმა სანთელი ხორბლის კვერში ჩაარჭო, ნავში ჩაწვა, მრგვლად დაახვია და თავქვეშ ამოიდო თმის გრძელი კუდი, კინკრიხოდან რომ ეზრდებოდა, და მიაშტერდა წყვდიადის ვეება, ოთხკუთხა ნაგლეჯს, შენობის შიგნით, ფანჯარასთან რომ ჩამოწოლილიყო. ასე იწვა და ელოდა, რომ რაღაც მოხდებოდა. რაღაც უნდა მომხდარიყო და რაღაც უნდა შეცვლილიყო — ამას გრძნობდა და იმედოვნებდა.
ყველგან ღამე იყო, ყურების ნახვრეტებშიც კი; წყვდიადის გადამკიდე, არაფერი ისმოდა, წყვდიადი კი ყრუ იყო და მიწისა და ნაბახუსევის უსიამო სუნი ასდიოდა. ტანსაცმლის ქვეშ როჭო შეუძვრა, ზუზუნებდა, გამოღწევას ცდილობდა და არაფერი გამოსდიოდა.
„ასეთ ღამეებში, — ფიქრობდა ლეანდრი, — ძაღლებიც არ იკბინებიან, მხოლოდ — ბაღლინჯოები, თითქოს პერანგი ვარსკვლავებით იყოს სავსე, რომლებიც დაცოცავენ და გიღიტინებენ. ყოველივე ის კი, რაც არ გინახავს, გაფრინდა“...
მერე ადგა, სანთელი ჩააქრო და სიბნელეში კოშკის კედლები ხელით მოსინჯა. ის აქ იყო, თავის ადგილზე, ცივი, რეალური. ის იმდენად არსებობდა, რამდენადაც თვითონ ლეანდრი. დილით კი მართლა მოხდა რაღაც იმდენად იშვიათი, როგორც უამინდობაში მიწაში ჩამარხული ზარის გუგუნია.
სტუმარი ცდილობდა, არაფერს გამოსდებოდა, სადმე არ გაჭედილიყო, სწრაფად და მოხერხებულად დამჯდარიყო, რათა, რაც შეიძლება ბუნებრივი და ჩვეულებრივი გამოჩენილიყო, თითქოს აქ უკვე უამრავჯერ ყოფილა და თითქოს არაფერი განსაკუთრებული, დაუჯერებელიც კი არ ხდებოდა. სანდალ კრასიმირიჩმა, როგორც იტყვიან, საკუთარ პატივმოყვარეობას გადააბიჯა და პირადად გამოცხადდა ლეანდრის სანახავად, მართალია, არა მშენებლობაზე, არამედ ნაპირზე მდგარ მამამისის მეთევზის პატარა ქოხში.
მუხლებზე ხელებშემოჭდობილები კასრებზე ისხდნენ და თავიდან საუბარი არაფერს შეეხებოდა. შუა ფრაზაზე სანდალმა შარვლის ყოშიდან დაკეცილი ფურცელი და პროექტი ამოაძრო, სახელოთი მტვერი გადაწმინდა, ლეანდრს მიაწოდა და უთხრა: — აქ ჩემი გამოთვლები და გეგმებია. ამ ფურცლებში, ალბათ, ყველაფერი ისე ვერ არის, როგორც საჭიროა, ასე ვთქვათ, უხინჯოდ, მაგრამ შენთვის ხომ შემოწმება ძნელი არ არის? გამიწიე ეს სამსახური. უხერხული იქნება ადამიანების წინაშე, შენი კოშკი ჩემსაზე ადრე რომ დამთავრდეს...
ეს რომ თქვა, სტუმარი კარისკენ გაემართა და უკან შემობრუნებულმა სასხვათაშორისოდ დასძინა:
— თან კონსოლური საყრდენების გამოთვლაც გამიკეთე, რაზეც გუმბათის ყელი დაეყრდნობა. იმდენი საქმე მაქვს, უბრალოდ, ვეღარ ვასწრებ.
ასე აღმოაჩინა ლეანდრმა, რომ სანდალმა ოთხკუთხოვანი კვეთიდან გუმბათოვან თაღზე გადასვლა ვერ მოახერხა.
„ეგეც შენ“, — გაიფიქრა და აუცილებელი გამოთვლები გააკეთა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შესწორებების შეტანა უკვე დაგვიანებულიყო, შეცდომები ჯერ კიდევ საძირკველში ჩაედოთ, რომელიც ისე ჩაეყარათ, რომ ვერ შეძლებდა კოშკის იმ სახით დამაგრებას, როგორც ჩაიფიქრეს. მეორე დილით ლეანდრი სანდალთან წავიდა, ქაღალდები და ყველა შესწორება მიუტანა, თან თავიდან არ ამოსდიოდა ხალხის მონაყოლი, სანდალ კრასიმირიჩის ეზოში ძაღლებიც კი არასდროს შედიან, რადგან გრძნობენ, რა აუტანელი სიძულვილი იცის ამ კაცმაო. ლეანდრმა პირდაპირ უთხრა, კოშკი ახლავე უნდა დასრულდეს, რადგან მეტ სიმაღლეს ვეღარ გაუძლებსო.
სანდალმა არნახული სიმშვიდით მოუსმინა, ქაღალდები მოაგროვა, მადლობა გადაუხადა და მოუბოდიშა — სასწრაფოდ უნდა წასულიყო, რადგან მოწაფეები ელოდნენ. მართლაც, ლეანდრმა დაინახა, რომ მშენებლობების მახლობლად, მიტროპოლიტის ბრძანებით, ერთ-ერთ ფანჩატურში სამშენებლო საქმის დროებითი სკოლა გაეხსნათ. სანდალის მოწაფეებს შორისაც იცნო ვიღაც-ვიღაცები იმათგან, ვინც მასთან ერთად სწავლობდა და ისწავლა კიდეც, როგორ გადადის კოშკის ოთხკუთხოვანი ნაწილი კონსოლურ საყრდენებში, იქიდან კი ყელში.
ასე მოუწია სანდალს, როგორც ლეანდრმა წინასწარვე განსაზღვრა, ჯერ კიდევ მანამდე დაემთავრებინა მშენებლობა, ვიდრე მისი ნაგებობა იმ სიმაღლეს მიაღწევდა, რაც სათვალთვალო კოშკისთვის არის გათვალისწინებული, მაგრამ ყველა — სანდალის ამხანაგებიც, ქალაქის მღვდელმსახურნიც, პრინცის კარის ოფიცრებიც და, საერთოდ, ყველა, ვინც დუქანში მჯდომი ღვინის ჭიქებს თამბაქოს ბოლში ახვევდა — იმაზე ლაპარაკობდა, რომ არქიტექტორმა მშენებლობა ვადაზე ადრე დაამთავრა. საერთო აზრი კი ისეთი იყო, რომ სანდალმა გაუსწრო სავის ქალაქის კარიბჭის იქითა მხარის „მამლაყინწას“ და რომ ლეანდრი დროში ვერ ჩაეტია.
აი, ასე, სანდალის ჩრდილოეთის კოშკი საზეიმოდ გადახურეს ტყვიის ფურცლით, გვერდით დაუყენეს მეთოფე, რომელსაც თვალყური უნდა ედევნებინა, რომ ვიდრე აკურთხებდნენ, კოშკის თავზე ყვავს არ გადაეფრინა. მთელი ხარი შეწვეს, კედელში საფრთხობელა ჩაატანეს, ხოლო წვერზე მამლის ფორმის ფლუგერი აღმართეს. დილისთვის კი აღმოჩნდა, რომ სანდალის კოშკის ჩრდილი უცბად დასცემოდა სამხრეთის კოშკს და ამის შემდეგ ლეანდრს მუშაობა უწევდა სიცივეში, სადღესასწაულო ხმაურში, დუნაისა და სავის ამ ნაპირამდეც რომ აღწევდა. ახალი შენობა საზეიმოდ გაიხსნა, ლეანდრი კი კვლავინდებურად ათენებდა ღამეებს ნავში, სამხრეთის კოშკის ძირას, რომელსაც ჯერ კიდევ იმ სიმაღლემდეც ვერ მიეღწია, სადაც ოთხწახნაგიდან ყელზე უნდა გადასულიყო.
ახლა, სამუშაოს მიწურულს, სულ მარტო დარჩა, ერთი დამხმარეც კი აღარ ჰყავდა, უფულოდ, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე, და ჯარისკაცები ყოველ დილით აფრთხილებდნენ, სამშენებლო მოედანი არ აატალახოო და დაჯარიმებით ემუქრებოდნენ.
მისი ამხანაგები გამჭოლ ქარს უფრთხოდნენ, კოშკში რომ უბერავდა და ისიც რამდენიმე მშენებელთან ერთად მუშაობდა, რომლებიც მალულად გადმოდიოდნენ თურქების ტერიტორიიდან, რათა შიმშილით არ დახოცილიყვნენ და ცოტაოდენი მაინც გამოემუშავებინათ. კვირის ბოლოს კი უკან მიცურავდნენ ნიჩბებზე ნაჭრებშემოხვეული ნავებით, სიტყვაძუნწები, მაგრამ სიცოცხლის არადჩამგდებნი.
მარტოობისა და იმ სიმაღლის გამო, რომელზეც ახლა უწევდა მუშაობა, ლეანდრს ენაბლუობა დასჩემდა. საკუთარ ენას ისე ღეჭავდა, როგორც მკვახე ვაშლს და ხელებისა და ქვების დახმარებით ლაპარაკობდა. ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ თითოეული სიტყვის უკან უნდა იდგეს რაღაც მაგარი და მძიმე და თითოეულმა სიტყვამ უნდა ილაპარაკოს იმაზე, რასაც მისი მაღლა აწევა ან ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა შეუძლია, როგორც ჯალამბარი სწევს სამშენებლო ხიდურებს. სხვაგვარად ის დაემსგავსებოდა უფეხო ჩიტს, რომელსაც მიწაზე დაშვება არ შეუძლია და იძულებულია, ბუდე წყალზე აიშენოს და ბარტყებიც იქ გამოჩეკოს.
ერთხელ, ღამით, ლეანდრი ნავში ჩაწვა და იგრძნო, რომ ცახცახმა ნავის კიდეებს მიახეთქა, რომ თმა სტკივა, სიცხე ყურის წვერებს ულაქავებს, ხოლო ძვლები შიგნით ისეთი სიცივით აქვს სავსე, თითქოს მთელი სიცოცხლე თავის შიგნით დაატარებდა საშინელ ზამთარს ისე, როგორც სარკეებს დააქვთ ყველგან სიჩუმე. ღამეები სადღაც იქით, კოშკის მეორე მხარეს მიედინებოდა, თოვლი სულ უფრო მატულობდა და, აი, აქ გამოჩნდა მამა და ახალი ამბავი მოიტანა.
ის იჯდა და ავადმყოფს ბალახებსა და სიმინდის ჩაის უხარშავდა, შვილისთვის უხილავი ელაპარაკებოდა სადღაც, კოშკის კუთხეში, ავადმყოფისთვის ასეთსავე უხილავ და უცნობ თანამოსაუბრეს.
— პირველი ლუკმა და პირველი ყლუპი ეშმაკს უნდა დაუთმო, — ჩიოდა მამა, ცეცხლის მეორე მხარეს ჩამომჯდარი, — მაგრამ როგორ დაუთმობს ის, ვინც მოპარული ქუდით დადის და ხელი პურის ნატეხისთვის გაუწვდია? მახსოვს, კბილები ბოლომდე ჯერ არც კი მომეცვალა და უკვე მიდი, მოიგდე გუდურა და ითხოვე მოწყალება, შეაგროვე ნასუფრალი. იარე ცხრა მთას იქით და ეშმაკის გზით. ხდებოდა ხოლმე, ასი ნაჭერი პურიც მომიტანია და მაგიდაზე დამიხვავებია. პურის ყუები, ქერქები, ნაჭრები, ნახორხალი, ნატეხები, ხორბლისა და ჭვავის ნაზავის გუშინდელი ნარჩენები, ალუფხული ფლავი, გუშინწინდელი ცომეული, ფეტვის ცივი ფაფის ბელტები, წიწიბურას კვერები, ბარდის ბლინები; ფენოვანი ღვეზლის ნატეხები და ჭმახი კალაჩები, შვრიის პურუკები და ჯარისკაცური კბილსატეხი-კვერები, ებრაული მაცა და მონაზონთა ყოველთვიურები, ბალახშერეული, რომ მთლად არ გაქვავდეს, თევზის ფქვილის ფუნთუშები და წიწიბურას ფაფის მობრაწულა, სიმინდის უყველო კვერუკები თუ სიმინდის უხოხოზიკო კვერუკები, გამოუმცხვარი თავჩენილები და დამწვარი ნამცხვრები, ობიანი ღვეზლები, შვრიის კვერები, რომლებსაც მიცვალებულთა მოხსენიების დღეს საქონელს რქებზე წამოაცვამენ ხოლმე, მამას ტკბილი კვერები, ომიანობის დროიდან შემონახული და დღესასწაულიდან მორჩენილი ტორტები, დამწვარი რულეტები, „დამხრჩვალი“ პურუკები, რომლებიც სახსენებლადაც არ ღირს, ან ისინი, რომლებზეც ამბობენ: „მამამ ბლითი მიყიდა, მე კი, სულელმა, უპუროდ შევჭამე“. ორცხობილა და ბლითები, ფუნჩულები და ნამცხვრები, რომლებსაც სტამბოლში გზავნიან, როცა თავებს ყიდულობენ, უმარილო ოლადები და თაფლაკვერები, ფუნთუშები, შვრიის ნამცხვარი, სვილის კვერუკები, ხორბლის, ქერის ბლინები — ყველაფერი გამოუმცხვარი, უგემური, მარტო გული უქერქოდ და ღვეზლები უგულოდ, მწარე მჭადი, ყველაფერი ნახევრად დაღრღნილი და აშმორებული. ყოველივე ეს ნაწლავებს გიხეთქს და უკანალს გიფხრეწს, — ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაზეც სუფრასთან ერთხელ მაინც თქმულა: „აქედან მოაშორეთ“. ყოველივე ეს მთელი ქვეყნიერებიდან გროვდება შენს მაგიდაზე, რათა გითხრას, რომ ეს ქვეყანა ჯერ კიდევ გუშინ იყო ის, რაც შენ ხვალ გახდები.
თითოეული ნატეხი თავისებურად უნდა ჩამოჭრა, ხოლო როცა ყოველივე ამისგან ღუმელზე შენთვის პურს შეაკოწიწებ და საღამოს თავქვეშ ამოიდებ — სამი დღე მდიდარი ხარ! თავქვეშ ხრაშუნებს, ყურებს გითბობს, პატარას ჩამოტეხ — გამთქნარებს, შენ კი, მუცელამოყორილს, ზედ დიდხანს გძინავს, ძილში ასლოკინებ და ღვინო გესიზმრება. ღვინის ვედროები, ღვინის კასრები, მთელი ქარავნები — ღვინით დატვირთული. ღვინო კი წვეთიც არსად არის! არსად არც ერთი წვეთი!..
აი, ასეა ჩვენი საქმეები, მაგრამ ყოველივე ეს დიდი უბედურება როდია, ხდება ხოლმე, რომ ისინიც, ჩვენზე მაღლა მდგომნიც, წაიბორძიკებენ და ეცემიან. აგერ, ახლახან, წეროებმა თავიანთი ჩრდილებით მოწამლეს ქალაქის ჭები და ბევრი ადამიანი დაზარალდა. ორმა მხედარმა ჩულით მოიყვანა მიტროპოლიტის სასახლეში, მის ექიმბაშთან, კრასიმირიჩი. შეუძლოდ გახდა: ამბობენ, კოშკზე დიდხანს მუშაობამ ხელი მოუთავაო. მშენებლობამ გამოწურა მთელი ოფლი, ეს კი არ ვარგა: ადამიანი უოფლოდ იგივეა, რაც უჩრდილოდ.
ასეთი ამქვეყნისა აღარ არის, მალე მოიცელება. არადა, რა ლამაზად ძალუძდა, შეეფერებინა სიბერე, როგორც ორსულ ქალს, ნაყოფს რომ ამაყად ატარებს. სამწუხაროა, სამწუხარო, შეეძლო, კიდევ ეცხოვრა ხალხისა და ქვეყნის სასიკეთოდ, მაგრამ არავინ ზრუნავს იმაზე, რაზე ზრუნვაც საჭიროა. თუმცა იქნებ ღმერთმა ინებოს და გამოჯანმრთელდეს. გამოჯანმრთელდება, იმედს ვიტოვებ, ჩემიც, რომელმაც დაუსვენებელი წყალი დალია და ჩაწვა...
ხოლო როცა ამ უმარილო სიტყვების ნაკადი მოულოდნელად წყდებოდა, მოხუცი ჩიხორიჩი, ლეანდრის მამა, კოშკიდან გადიოდა და ღამის წყვდიადი სანდალოზის ხის უმშვენიერესი სუნის გავრცელებას იწყებდა, ისმოდა სხვა სიტყვები:
— ადამიანს ჰგონია, სიკვდილი ადვილია. დაწვები და მოკვდები. მაგრამ ეს ასე იოლი როდია.
ყოველივე, რაც ჩვენ უკან და ჩვენ წინ არის, გაცილებით მეტხანს გრძელდება, ვიდრე წარმოგვიდგენია. აი, მაგალითად, იცი, რა განსხვავებაა გულსა და სულს შორის? როცა შინაგან მზერას ჩვენივე გულისკენ მივაპყრობთ, მას ისეთს დავინახავთ, როგორიც მოცემულ მომენტშია. ხოლო, როცა ჩვენს სულში ჩავიხედავთ, ის ისეთი აღმოჩნდება, როგორიც მრავალი ათასეული წლის წინ იყო, და არა ისეთი, როგორიც ახლაა, რადგან სწორედ ამდენი სჭირდება ჩვენს მზერას, რათა სულამდე მიაღწიოს და განჩხრიკოს — სხვა სიტყვებით, ამდენი დრო უნდა იმას, რომ სულის სინათლემ ჩვენს შინაგან მზერამდე მიაღწიოს და გაანათოს იგი. ზოგჯერ ამგვარად ჩვენ იმ სულს ვხედავთ, რომელიც დიდი ხანია, აღარ არსებობს. სულთან თუ ასეთი ამბავია, მაშ, სიკვდილზე რაღა გვეთქმის? ადამიანის სიკვდილი იმდენივე წელიწადს გრძელდება, რამდენსაც მისი სიცოცხლე და შეიძლება, გაცილებით მეტხანსაც იმიტომ, რომ სიკვდილი — რთული მეურნეობა, შრომა და ძალისხმევაა, უფრო ძნელი და ხანგრძლივი, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე...
შენს სიკვდილს შეუძლია, ორჯერ მეტი იცოცხლოს, ვიდრე შენ...
მაგრამ აქ, გადამწყვეტ ადგილას, მოხუცის აზრთა მდინარება უცბად შეწყდა, როგორც კი მეორე ნაკადი ამოშრა და მისგან ძველებურად მხოლოდ და მხოლოდ უაზრობები მოედინებოდა.
ლეანდრი კი მართლა მორჩა. მოულოდნელად, ღამით, ცხვირი გაეხსნა და რამდენიმე გრძელი კვირის შემდეგ კვლავ შეიგრძნო საკუთარი სხეულის მისთვისვე გასაკვირი სუნები, უცხო და მკვეთრი, რომლებიც თითქოს თავში ურტყამდა.
იგრძნო, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მასში გაიარა უამრავმა სიზმარმა, რომლებიც ვერ დაიმახსოვრა, მაგრამ ეს ისევე აღმოაჩინა, როგორც მდინარე სავის სანაპიროების ხედით შეიძლებოდა მიმხვდარიყავი, რომ აქ, ღამით, დიდმა წყალმა ჩაიხმაურა, თუმცა წყვდიადში არც არავის დაუნახავს და არც დაუთვლია ტალღები. ლეანდრი პირველ პეპლებთან ერთად გამოვიდა მდელოზე, რომელიც როგორღაც დაფერდებულიყო, და მოეჩვენა, მდინარეში წყალს ისე მოემატებინა, ნაპირებს გაცილებით ზევით ასცდენოდა და რომ თვითონ რაღაც სასწაულის ძალით შეძლო გორაკზე თავის შეკავება. აი, ასე, მთვრალი ყურებით, მაგრამ ფხიზელი მზერით განაგრძო კოშკზე მუშაობა.
შენობას თითქოს სიზმარში ამთავრებდა, გამოჰყავდა ფანჯრები ზევითა ნაწილში, აყენებდა ჩარჩოებსა და კარებს ქვევითა სიოებში და უცბად შენიშნა, რომ თითოეულში გაუცნობიერებლად წარმოთქვამს, როგორც სწავლისას აკეთებდა, თითო სტრიქონს პოემიდან ჰეროსა და ლეანდრზე:
— აქამდე, ვიდრე ლეანდრი — მზერით, სიყვარულისაგან გახელებულით, 
თვალმოუცილებლად შეჰყურებდა გოგონას ნაზ კისერს...
ოღონდ ლეანდრი ამჯერად ამას იმიტომ კი არ აკეთებდა, რომ ბერძნული ტექსტი დაემახსოვრებინა, — კარგა ხანია, ზეპირად იცოდა იგი, — უკანასკნელად წარმოთქვამდა სტრიქონებს ჰეროსა და ლეანდრზე და წარმოთქმისას სამუდამოდ ივიწყებდა, ტოვებდა იმ შენობის ფანჯარაში ან კარში, რომელსაც აგებდა, თითქოს ამ სტრიქონებს მიწის საიდუმლო საფარში მარხავდა.
„ეს სამყარო ჩვენ კი არ გვეკუთვნის, — ფიქრობდა მშენებელი, — არამედ ჩვენს მამებსა და მათ თაობას, ისინიც გრძნობენ ამას და თავი ისე უჭირავთ, როგორც მის ერთადერთ მესაკუთრეებს. მე და ჩემი თაობა კი ვიყავით და დავრჩით კიდეც იმათ უბედურ მსახურებად, ვინც საკუთარი ხმლის წყალობით გადარჩენილი თავს დაატყდა ამ ქალაქს ან უცხოურ არმიასთან ერთად მოცურდა. მამების თაობისგან გვერგო არა მარტო მსახურის მდგომარეობა, არამედ გადამწვარი, სანახევროდ განადგურებული სამყაროც, მშიერი ბავშვობაც; და მათ, ვინც ეს მოგვცა, მისგან შექმნეს კერპი, რომელსაც ჯერ კიდევ ვეთაყვანებით, ჩვენ თვითონ კი აქ იმისთვის ვართ, რომ ფანჯარაში ან კარში, რომლის სიახლოვეს გავლაც მოგვიწევს, ამოვიძახოთ რაიმე სიტყვა“...
როცა კოშკი დამთავრდა, მის წვერზე კი ფლუგერი-მამალი აღიმართა, ლეანდრი ღვინის ჭიქით ხელში ავიდა ზედ, რათა შენობა ეკურთხებინა და ქალაქისთვის სიმაღლიდან გადაეხედა. მაგრამ მის წინ, უფსკრულში, არანაირი ქალაქი არ იყო. სამხრეთის კოშკი ისეთი მაღალი გამოვიდა, რომ ღრუბლები გახვრიტა და იქიდან საერთოდ არაფრის დანახვა აღარ შეიძლებოდა.
აქ სიმაღლის სიჩუმე მეფობდა, მსგავსი ტბორად დამდგარი წყლისა, რომლის სიმშვიდესაც დროდადრო არღვევდა ძაღლების შორეული ყეფა და ნაჯახის კაკუნი...
მიწიდან კი შეუძლებელი იყო, დაგენახა კოშკის წვერი და მამალი, რომელსაც მოქალაქეებისთვის დრო და ქარის მიმართულება უნდა ეჩვენებინა. ლეანდრი ძირს დაეშვა, შეშინებული და დამფრთხალი და ბრბო, ტაძრის ძირას შეკრებილი, ერთხანს კიდევ მიშტერებოდა თვალუწვდენელ სიმაღლეს, კოშკის წვერს რომ ფარავდა, მერე კი გაიფანტა იმაზე ლაპარაკ-ლაპარაკით, რომ ჯერ კიდევ არავინ იცის, როგორ გამოიყურება ყოველივე ეს იქ, ღრუბლებში. ლეანდრთან ერთადერთი შიშმან გაკი მივიდა, მხარზე ხელი დაარტყა და კბილებში გამოცრა:
— მშვენიერია, განუმეორებელი, უკეთესს ვეღარაფერს ააშენებ. ეს სხვებს მიანდე...
მაგრამ ლეანდრის ტანჯვა-წამება ამით არ დამთავრებულა. როცა გაზაფხულის ნათელი დღეები დადგა და მზერა გაცილებით შორს უწევდა, ორივე კოშკი, ერთი მხრიდან მზეზე მბრწყინავები და როგორღაც ჩაბნელებულები და თითქოს ძირს ჩამოვარდნილები მეორე მხრიდან, ერთდროულად წარმოუდგა თვალწინ ქალაქის მცხოვრებთ. და აღმოჩნდა, რომ მამლები მათ თავზე სხვადასხვანაირად იქცეოდნენ. უფრო პატარა კოშკზე, სანდალის აგებულზე, მამალი მუდმივად ტრიალებდა და ყოველწუთიერად შეხტებოდა ხოლმე, უჩვენებდა ახალ ქარს და რეაგირებდა ნებისმიერ, თვით ყველაზე სუსტ, წამოქროლებასა თუ ცვლილებაზე.
ლეანდრის მაღალ კოშკზე მამალი რაღაც სხვანაირ, თავის ამინდს აჩვენებდა, რაღაც თავისებურ ვითარებებს, დაკავშირებულთ, როგორც ჩანს, მისი ჰორიზონტის ფართო შესაძლებლობებსა და იმ ქარ-მოძალადეებთან, რომლებიც ქვევით, მიწის პირთან, არასოდეს ქრიან.
— ამ სიმაღლიდან წესიერად ვერაფერს დაინახავ, — ამბობდნენ ერთნი.
— ასე რატომ უნდა დავძაბოთ მხედველობა, ორი მამალი რაში გვჭირდება? — კითხულობდნენ დროდადრო სხვები და სთავაზობდნენ, დაემოკლებინათ ლეანდრის სამხრეთის კოშკი და გაეტოლებინათ სანდალ კრასიმირიჩის ჩრდილოეთის კოშკისთვის, რათა იმასაც შესძლებოდა, ქალაქის ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მომსახურებოდა. ხოლო, როცა კოშკების კონტურები სპილენძის ფირფიტაზე ამოკვეთეს, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა, ბელგრადის ტვიფარი გაკეთებულიყო, მეგრავიურემ, სწორედ იმ რუსის ერთ-ერთმა მოწაფემ, ლეანდრის კოშკი უფრო დაბალი გამოსახა, ხოლო სანდალისა (აკი სწორედ მან შეუკვეთა გრავირებული დაფის გაკეთება) — უფრო მაღალი, ვიდრე სინამდვილეში იყო. ასეთი სახით აღმოჩნდა ორივე კოშკი სპილენძის ერთ ფურცელზე. სწორედ ამ სპილენძის ფურცელმა აიძულა ლეანდრი, კიდევ ერთხელ შეხვედროდა ხმლიან კაცს, ყველაზე საშინელს დანარჩენებს შორის.

3
ლეანდრმა კოშკი წმინდა იოანე წინამორბედის, ქრისტეს ნათლისმცემლის, დღეს აკურთხა და ხატი, რომელზეც სინზე დადებული მოკვეთილი თავი იყო გამოსახული, კოშკის გარშემო შემოატარეს. ორი კვირის შემდეგ ლეანდრი უკანასკნელად გაემართა სამოგზაუროდ, მაგრამ მისი ფიქრები გამუდმებით ამ ხატს უბრუნდებოდა. დაიბარა, გადავწყვიტე, ისევ ვაჭრობას დავუბრუნდეო და დუბროვნიკისკენ გაემართა — თავისი მეორე გულთმისნის წინას¬წარ¬მე¬ტყველების მოსასმენად. ქარის შიგნითა მხარისთვისაც უნდა შეეხედა, იმისთვის, რომელიც მშრალი რჩება, როცა წვიმაში ქარი უბერავს.
ერთ-ერთი იმ წერილით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ლეანდრმა ჩვენთვის უცნობ პირს გაუგზავნა, მასთან ერთად, როგორც ყველა წინა მოგზაურობაში, იყო დიომიდე სუბოტაც.
ლეანდრის წერილში ნათქვამი იყო:
„ერთ დილას, ნაშუადღევს, შარშან, ზუსტად იმ დროს, როცა ყველს სკებში დებენ, მე და დიომიდე სუბოტამ გავწიეთ სწორედ იმ ბენიამინ კოენისკენ, რომელმაც სიზმრის სტვენით გადმოცემა იცის. ამბობენ, რომ ზაფხულობით ძროხებს მდელოზე ეჟვანში წველის, ზამთარში კი შეუძლია, საიდუმლოდ გიჩვენოს რაღაც ნახატი, რომლის ნახვაც ადამიანებს ცუდად ხდის. კოენი ფანჯარასთან მჯდომი დაგვხვდა, სიცილის მიღმა ისე იყურებოდა, როგორც სათოფურს მიღმა, ვთხოვეთ, ნახატი ეჩვენებინა და ისიც დაგვთანხმდა, ოღონდ იმ პირობით, რომ თითო დუკატს გადავუხდიდით. და არ სურდა, ორივე ერთად შევეშვით, რასაც იმით ხსნიდა, რომ მასთან სივიწროვეა. პირველი დიომიდე შევიდა და კართან კოენმა ისე უჩქმიტა, როგორც ამას მაშინ, ჩვენსა და მის ახალგაზრდობაში, ნიღბების კომედიაში თამაშისას აკეთებდა ურემზე, რომელიც ბაზრის მოედანზე მიმოდიოდა. დიომიდე იქ ცოტა ხანს დარჩა, ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც მამლის ორ ყივილს აშორებს და გამწვანებული სახით გამოვარდა ქუჩაში, სადაც თევზი და კუნძულ კოლოჩეპის წითელ ღვინოში ჩაწყობილი ზეთისხილი ამოაღებინა.
მე მაინც არ შევშინდი და შევედი. შიგნით ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, როგორც გემზე, ჭერზე ჩამოკიდებული ნათურაც ისე ირწეოდა, თითქოს სახლი ტალღებზე მიცურავდა. მაგიდაზე დავინახე საათი, რომელსაც რევოლვერის ლულით ქოქავენ, სამელნე და კოენის მიერ ნაწერი ფურცელი. მოვახერხე, დამემახსოვრებინა რაღაცები, რაც იქ დავინახე. შესაძლოა, თქვენ, როცა ჩემს წერილს წაიკითხავთ, ეს გამოგადგეთ.
„ყველაზე მნიშვნელოვან საკითხში, — წერდა კოენი, — უფრო მწევრების მეხსიერებას ენდობიან და არა ადამიანისას, იმიტომ, რომ მას უფრო ღრმად ახსოვს, უფრო დიდხანს და ზუსტად. ამასთან, მის მეხსიერებას არ აქვს მოთხოვნილება, სიტყვით გადმოსცეს ის, რასაც ინახავს, როგორც ამას ადამიანი აკეთებს. ეს, უბრალოდ, თავისებური საკუჭნაოა“.
— ასე ბევრს რატომ იღებ? — ვკითხე.
— იმიტომ, რომ ჩემი მხედველობის არეში ჩართულია სწრაფი საიდუმლოებები, ისინი, რომლებიც მალე ცხადად იქცევა, — მიპასუხა სიცილით.
— როგორია ჩემი სწრაფი საიდუმლო?
— ცნობილია, რომ ყველა ადამიანი ვიღაცის შვილია, — დაიწყო კოენმა, — მაგრამ ის აუცილებლად არის ვიღაცის სიკვდილიც.
როგორც ვიღაცის სიცოცხლე განსახიერდება შენში, ასევე შენშივე ახდენს რეინკარნაციას და განსახიერდება ვიღაცის სიკვდილი. ეს ნიშნავს, რომ მემკვიდრეობით მიღებული სხვისი სიცოცხლე და სიკვდილი ისე შეუღლდებიან შენში, როგორც მეორე მამა და დედა... მოკლედ, სიკვდილის წამს ვერავინ იქნება დარწმუნებული, საკუთარი სიკვდილით კვდება თუ სხვისით. იქნებ ვიღაც ქალის სიკვდილითაც კი. ისე, უკეთესია, თავად ნახო.
აქ კოენმა იატაკზე გაშალა და მიჩვენა ქაღალდის უზარმაზარი ფურცელი, პატარა იალქნის ზომისა, ნახატებით დაფარული და სავსე ადამიანის პატარ-პატარა ფიგურებით, გუნდ-გუნდად და ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილები საკუთარი საქმით რომ იყვნენ გართული. რუკის მინდვრებზე წითელი მელნით ეწერა რაღაც ინსტრუქციის მსგავსი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაიღიმო. პირველი ფრაზა იუწყებოდა: „თავის ამქვეყნად მოვლინებამდე ორმოცი დღით ადრე ადამიანი პირველად იღიმება, სიკვდილიდან ორმოცი დღის შემდეგ — უკანასკნელად...“
დანარჩენი გაურკვეველი იყო.
როცა მივუახლოვდი და შევუდექი მთელი ამ აფუთფუთებული სისაძაგლის დათვალიერებას, დახატულს ქაღალდის ფურცლებზე, რომლებიც კოენმა შეაერთა, ერთმანეთს მიაწება და გააკეთა რაღაც დიდი რუკის მსგავსი, შევნიშნე, რომ ეს იყო უთვალავ ჯგუფად გაერთიანებული ფიგურები ჯარისკაცებისა და მაძებრებისა, რომლებიც სიკვდილმისჯილებს ხოცავდნენ. თითოეული სიკვდილმისჯილი თავისი აღსასრულის მომენტში გამოესახათ, სიკვდილი კი იმდენი იყო, რამდენიც ყვავილია მდელოზე და თითოეული, მომაკვდავი, უყურებდა სხვების სიკვდილს. სიკვდილისწინა კვნესისგან იგუდებოდნენ და ხრიალებდნენ, როგორც აქლემები, თუმცა ეს ხრიალი არ ისმოდა, — ის რუკის შიგნით იყო მიმართული, მსჯავრდადებულებისკენ, და ისე უფლეთდა შიგნეულს, როგორც დანა... ქაღალდის თვალიერებისას ვკითხე, დიომიდე ასე რამ შეაშინა-მეთქი და პასუხად გავიგონე:
— შენც ამოირჩიე, როგორც მან ამოირჩია და მაშინ დაინახავ.
— რა ამოვირჩიო?
— ამოირჩიე, რომელი ბოლოდან დაათვალიერებ. აი, აქ, ნახატის ქვევითა ნაპირზე, ჯარისკაცებია ჩამწკრივებული. ყველანი შენ გიყურებენ, როგორც მეთაურს, და შენს ბრძანებას ელიან. ამოირჩიე ერთი მათგანი, რომელიც გინდა; ის იქნება შენი გამცილებელი და მცველი, შენ კი ყურადღებით დააკვირდი, რა მოხდება.
ამოვირჩიე პატარა მედოლე, ამოვირჩიე იმიტომ, რომ მისი თვალები სიტყვებს აფრქვევდნენ და ეს სიტყვები შეიძლებოდა დაგენახა და წაგეკითხა ისე, თითქოს ის მათ თავისი მზერით ჰაერში წერდა:
— ისევე, როგორც არსებობს სულების გადასახლება, არსებობს სიკვდილების გადასახლებაც.
საკმარისი აღმოჩნდა, ეს წამეკითხა, მაშინვე შევნიშნე, რომ მედოლე, პირდაპირ მე რომ მომჩერებოდა, დოლის ერთი ჯოხით მიმანიშნებდა სადღაც გვერდზე, ჯარისკაცების მწკრივს ზევით.
რუკაზე თვალი გავაყოლე, საით იყო მიმართული მისი ჯოხი და დავინახე ჯარისკაცი, რომელსაც ამ დროს გადასცემდნენ ბრძანებას, მილივით დახვეულ ფურცელზე დაწერილს. მერე დავინახე, მომდევნო გზაჯვარედინზე როგორ გადასცემდა ის ამ მილივით დახვეულ ბრძანებას ვიღაც მხედარს. ამ სცენას ახლდა კომენტარი: „ცხენოსნის უნაგირი დატენილია თურქული თმით“. ამის მერე დავინახე, როგორ გაიტაცა ცხენმა მალემსრბოლი შორს, რუკაზე გამოსახული ადამიანების მთელი ამ ვეება გროვის იქით, ორ მდინარეზე გაშენებული რომელიღაც ქალაქისკენ, სადაც თურქებსა და ქრისტიანებს ომი ჰქონდათ. აქ კაცი ცხენიდან ჩამოვიდა და გზა ფეხით განაგრძო და მივიდა რომელიღაც კოშკთან, რომელზეც ეწერა: „მახერუს“. კაცი შენობაში შევიდა, ხვეულა კი გარეთ, მიწაზე დატოვა. ხვეულაზე ეწერა: „მოკვდები ცეცხლისგან“.
ფრაზის ქვეშ აღნიშნული იყო თარიღი — 1739 წლის 22 აპრილი.
— აი, თავად ამოირჩიე საკუთარი სიკვდილი, — მითხრა კოენმა, — ცეცხლისგან მოკვდები, როგორც ის კაცი, კოშკში რომ შევიდა. მედოლის ნაცვლად სხვა ჯარისკაცისთვის რომ შეგეხედა, იმათგან, რომლებიც რუკის ქვევითა ნაწილის ნაპირზე ჩამწკრივებულან, ის მეორე სხვა გზით წაგიყვანდა, სხვა ბრძანებას მიიღებდა და გადასცემდა ვიღაც მესამეს, შენ კი მაშინ სულ სხვა მხარეს წახვიდოდი და სხვანაირად დაამთავრებდი სიცოცხლეს, ისე, როგორც სხვა განაჩენში ეწერებოდა.
მაგრამ ეს შენი სიკვდილია და უკეთესი არ გჭირდება. ისე, ყურში ბევრის თქმა არ ღირს. ღმერთიც კი ბაგიდან ბაგეზე გადასცემდა სათქმელს თავის რჩეულებს და ყურებს, როგორც არასაიმედოს, ერიდებოდა...
— ის დღე, — შევაწყვეტინე, — ჩემი სიკვდილის დღეა?
— დიახ, — მიპასუხა.
— დიომიდე სუბოტამაც ნახა თავისი დღე?
— ნახა, — მითხრა მან.
— და მისი დღე როდის არის?
— სულ მალე...
დღის სინათლეზე გამოვედი და კარში მთელი ძალით დავარტყი კოენს. მიწიდან ქუდი აიღო, თავისი წიწილის თვალებით შემომხედა და მითხრა:
— წესით, მადლობა უნდა გადაგეხადა. და კიდევ რაღაცას გეტყვი.
ამ წუთიდან მე და შენ ძმები ვართ, რადგან ჩვენი სიკვდილები ღვიძლი დები არიან...
აი, თითქმის ყველაფერი.
ამასთან, როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ამ წლის ივნისში დიომიდე ცრევლიარ ბაკიჩის ნავში აღმოჩნდა, ქალაქ ნოვთან ქარიშხალში მოხვდნენ და ნავი ამოყირავდა. იმის მერე, რაც ის დაიხრჩო, ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, ის არის, რომ ვითვლი ჩემს დღეებს და, ბოლოს და ბოლოს, რაღაც მოვიფიქრე. ისევ კოენი მოვძებნე და ვთხოვე, შეცვალოს ან გადასწიოს ის, რაც რუკაზე კოშკის წინ ვნახეთ, როგორც ჩვენი საერთო სიკვდილი. ჯერ მარტო მისი წვერის დანახვითაც კი მიხვდებოდი, რა პასუხის გაცემას აპირებდა.
— ეს ჩემს ძალას აღემატება, — მითხრა მან, — თარიღის გადაწევა არ შეიძლება. ერთადერთი, რაც შემიძლია ის არის, რომ დაბადების დღეზე ჩემს თავს საჩუქარი ვუძღვნა. ჩემი სამი სულიდან ერთ-ერთს კიდევ ორი დღის სიცოცხლეს ვაჩუქებ, სიცოცხლის ორ ზედმეტ დღეს. მათ ორი დანარჩენი სულისგან ავიღებ, რომლებიც ორი დღით ნაკლებს იცოცხლებენ...
და იმ თარიღის ნაცვლად, რომელიც რუკაზე იყო, თავის თავს ახალი დაუწერა: 1739 წლის 24 აპრილი.
— მერე მე? — ვკითხე.
— შენ სამი კი არა, ერთი სული გაქვს, ასე რომ, ვერ შეძლებ, სამ ნაწილად გაყო შენი სიკვდილი“.


ამხანაგის, დიომიდე სუბოტას გარდაცვალების შემდეგ, დუბროვნიცისა და იქ მიღებული ახალი წინას¬წარმეტყველების შემდეგ ლეანდრი უკან, სახლისკენ გაემართა.
მთელი გზა ლოცვასავით ჩურჩულებდა:
— მადლობა შენ, ღმერთო! შენ მიეცი დროს უფლება, უსასრულობამდე გაზრდილიყო. შენ მიეცი მას სივრცე, რათა გაზრდილიყო და მომკვდარიყო. იმიტომ, რომ არსებობს სიკვდილი, მაგრამ არ არსებობს დაბადება. აი, დრო არ დაბადებულა, მაგრამ მოკვდება კი...
დუნაის ნაპირზე, ბელგრადის მახლობლად, ლეანდრი შეიპყრეს. მასთან მისულმა თურქმა ოფიცერმა თმის ქვეშ ყური ნაზად მოუძებნა და თქვა:
— როგორც ჩანს, სწორედ ის არის. ყურის მაგივრად ჭიპი. დედ-აღა ოჩუზთან მიიყვანეთ, დიდი ხანია, ამას ეძებს.
— როგორც კი გავიფიქრებ, რა დროიდან ვცხოვრობ, როგორც კი გავიფიქრებ, ამის მეტად ვეღარასოდეს ვიცხოვრებ...
— წვერს ჩასდუდუნებდა დედ-აღა ოჩუზი, 1739 წელს ყველაზე მოკლე გზით რომ მიისწრაფოდა ავსტრიის ჯარებით გადატენილ ბელგრადში, რომელიც ორი დუნაის შესაყართან გაშლილიყო (ამ მხარეებში ჯერ კიდევ არგონავტების დროიდან სავას „დასავლეთ დუნაის“ ეძახდნენ). მის რაზმში ყველამ იცოდა, რომ მეთაურმა დაიფიცა, სხვა თურქულ რაზმებზე ადრე შეჭრილიყო ქალაქში და აეღო რუჟიცის ეკლესია, ღვთისმშობლის სახელობისა. აი, რატომ ჩქარობდა რაზმი, გზის რაც შეიძლება დიდი მონაკვეთი გაევლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მანამდე, სანამ მზე პირდაპირ თვალებში მიანათებდა და აიძულებდა ცხენებს, გვერდზე თავმობრუნებულებს ექროლათ, რაც წინსვლის სისწრაფეს აყოვნებს.
„უმნიშვნელო სულაც არ არის, რომელი გზით მიიწევ წინ, მიზნისკენ“, — ფიქრობდა მეთაური და თავისი რაზმისთვის განსაკუთრებულ მისადგომებს ეძებდა, რისთვისაც სრულიად მოულოდნელ ხერხებს იყენებდა. დედ-აღა ოჩუზი, ვინც სახელი გაითქვა როგორც ხმლით ბრძოლის ოსტატმა და თავებზე მონადირემ, 1709 წელს პრუტზე რუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იქ ნახა, რომ რუს გენერლებს შტაბთან ერთად თან მიჰყავდათ საკუთარი საბალეტო დასები, გუნდები და თეატრის მსახიობები, რომლებიც ლაშქრობაში მყოფთ ართობდნენ. მას შემდეგ მანაც გაიჩინა მომღერლები და მუსიკოსები და ახლა მათ ნაბრძანები ჰქონდათ, შეექმნათ სიმღერა, რომელშიც ჩამოთვლილი იქნებოდა სახელები ყველა იმ დასახლებული პუნქტისა, რომლებიც ბელგრადისკენ მიმავალ გზაზე უნდა გაევლოთ. ასეთი სიმღერით ყველა ჯარისკაცისთვის გასაგები გახდებოდა, რა გაიარეს და კიდევ რამდენი დარჩა გასავლელი. ტყვედ აყვანილებისგან და ადგილობრივ გამცილებელ-ქრისტიანთაგან მომღერლები, მუსიკოსები და პოეტები იგებდნენ ყველა ახლომდებარე ადგილის სახელწოდებას და ქმნიდნენ სულ ახალ და ახალ სტროფებს გზის თითოეულ მონაკვეთზე, რომელზეც რაზმი მიდიოდა:
კოზლა, ბრლოგი, იასიკოვა,
პლავნა, რეჩკა, სლატინა,
კამენიცა, სიპი, კორბოვა,
ბუჩიე, ზლოტი და ზლატინა...
როცა დედ-აღას რაზმმა ბოლომდე ჭენებით გაიარა მთელი სიმღერა და ბელგრადის კედლებს მიადგა, უცნაურმა შემთხვევამ აიძულა, შეჩერებულიყო.
სოფელ ბოლეჩში რაზმი ადრიანი დილით შეერია ბავშვების ხროვას, რომლებიც თავზე შედგმული სინებით დაატარებდნენ ფურნიდან გამოტანილ ახალგამომცხვარ პურებს.
ერთ-ერთმა ცხენოსანმა გვერდი გაჰკრა ბიჭუნას, რომელსაც ტვირთი გაუვარდა, პური ქვაფენილზე მიმოიფანტა და მზეზე აბრჭყვიალდა ქვაზე აწკარუნებული ცარიელი სპილენძის ფირფიტა, ზედ ამოტვიფრული ნახატით, რომელიც ერთობ უცნაურად გამოიყურებოდა. ბიჭი ჩაცუცქდა და პურისა და ფუნთუშების კვლავ სინზე დაწყობას შეუდგა, ხოლო დედ-აღამ ცხენი წამით შეაჩერა, რადგან ნახატის შინაარსმა მისი ყურადღება მიიპყრო — მისი ცხენი დიდი ფული ღირდა, ეს იყო შავრა, განსწავლული განსაკუთრებული სახის ჭენებაში, რისთვისაც ბავშვობიდან ზრდიდნენ სპეციალური ხერხების გამოყენებით. ასე რომ, ახლა ის მოძრაობისას ერთდროულად ისროდა წინ ხან ორ მარცხენა, ხან ორ მარჯვენა ფეხს, რისი წყალობითაც მოძრაობისას მხედარი არანაირ რყევას არ გრძნობდა. ასეთი ცხენები ერთნაირი სიმსუბუქით მიდიოდნენ როგორც წინ, ისე უკან, ამიტომ დედ-აღას შემობრუნებამ არ მოუწია, უბრალოდ, ცხენი აიძულა, ორი ნაბიჯით დაეხია უკან და ბიჭს გაუსწორდა.
— შეჭამეთ! — დაუყვირა ჯარისკაცებს. მათაც წამში დაიტაცეს ყველაფერი, რაც სინზე იყო.
— პირი გააღე! — უბრძანა მერე ბიჭუნას, სახელოზე ძვირფასი ქვის ღილი შეიწყვიტა და ხელის ელვისებური მოძრაობით, ხელისა, რომელმაც აცდენა არ იცოდა, ბავშვს პირში შეუგდო, — ეს შენ პურისა და სინისთვის, — უთხრა დედ-აღა ოჩუზმა, ცხენი გააჭენა და სპილენძის დაფაც თან გაიყოლა.
საღამოს დედ-აღა ოჩუზის კარავში (მინერალური წყლის წყაროსთან რომ იდგა) სინი შეიტანეს და ირგვლივ შემოუსხდნენ დიდგვაროვნები, ამალა და ერთი ალეპოელი დერვიში, რომელზეც ცნობილი იყო, რომ სიზმრებს ძველებურად მშობლიურ სპარსულ ენაზე ნახულობდა.
მოელოდნენ, რომ ის განუმარტავდათ იმ ნახატს, სინზე რომ იყო ამოტვიფრული. დერვიში ყურადღებით დააცქერდა სპილენძს, თითქოს ნახვრეტს ეძებსო, მერე კი თქვა:
— აქ, სინის გარეთა მხარეს, გამოსახულია სამყაროს, ცისა და დედამიწის რუკა, რუკა მთელი ხილული და უხილავი სივრცისა.
ის კი შედგება ოთხი ქალაქისგან, ანუ ოთხი სამყაროსგან, რომლებსაც იაბარუტი, მოლკი, მალაკუტი და ალამ ალ მიტალი ეწოდება. მხედველობაში მისაღებია, — განაგრძობდა დერვიში, — რომ ის, რასაც ხილული სივრცე ჰქვია, ოთხ ქალაქს შორის არათანაბრად არის განაწილებული. ამბობენ, მამლების ბრძოლისთვის განკუთვნილ მინდორს ურთიერთგადამკვეთი ხაზებით ოთხ ნაწილად იმისთვის ყოფენ, რათა განასახიეროს ოთხი სამყაროს სურათი, რომელიც ამ სინზეც არის გამოსახული.
როგორც ვიცით, სულაც არ არის უმნიშვნელო, თუ რომელ ნაწილში სამყაროსი ან მისი რუკისა, ბრძოლის არენის სილაზე რომ ხაზავენ, იღუპება ან იმარჯვებს მამალი. იმიტომ, რომ კარგი ხილვადობის, ძლიერი ზემოქმედებისა და ხანგრძლივი მეხსიერების ადგილები ბრძოლის არენაზე ისეა განაწილებული, რომ სიკვდილი და მარცხი წრის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე გამარჯვება და სიცოცხლე სამხრეთისა და ჩრდილოეთისაში, რომლებიც მხედველობის სუსტ არეში ექცევიან, სადაც სიკვდილი და გამარჯვებები არ ტოვებენ რაიმე შესამჩნევ კვალს და ძლიერ შთაბეჭდილებას. ისინი თითქმის ცუდუბრალოდ ჩაივლის ხოლმე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, — დაამთავრა განმარტება ალეპოელმა დერვიშმა, — სულაც არ არის უმნიშვნელო, სინის რომელი ნაწილიდან მიიღო დილით თავისი წილი ღვეზელი ამა თუ იმ ჯარისკაცმა. იმიტომ, რომ ძლიერი მხოლოდ ის არის, ვისაც სულ ცოტა, სამ სხვადასხვა სამყაროში ძალუძს ერთი და იმავეს გაკეთება.
დანარჩენებს იმდენი დრო აქვთ, რამდენიც ყურს უკან შეიძლება შეინახო...
დედ-აღა ოჩუზზე, წვერი ცხენის კუდს რომ მიუგავდა, დანამდვილებით არასდროს არავის შეეძლო სცოდნოდა, წინ წავიდოდა თუ ასევე იოლად — უკან. ასე იყო ახლაც, როცა იმის ნაცვლად, დერვიშის ნაამბობზე რამე ეპასუხა, სინი აიღო, ხელში აწონა, უკუღმა ამოატრიალა და მოითხოვა, აეხსნათ მეორე ნახატის მნიშვნელობა, რომელიც უკანა მხარეს იყო ამოტვიფრული. მაგრამ გაირკვა, რომ დერვიშს არ შეეძლო მეორე მხარის გამოსახულების გარჩევა, რადგან მოხაზულობა ეკუთვნოდა ავტორს, რომელიც ისლამის მიმდევარი არ იყო. მაშინ ამობრუნებულ სინზე ანთებული სანთელი მიამაგრეს და დედ-აღა ოჩუზთან ლეანდრი შეიყვანეს.
კარავში შესულმა ლეანდრმა მზერა მიაპყრო დედ-აღა ოჩუზსა და მის ხმალს, რომელსაც ვადაზე ოქროს ფუნჯი ჰქონდა. აღა მისჩერებოდა მის წინ მდგომ ჭაღარათმიან კაცს, რომლისთვისაც სახე ისე დაეხაზა ცრემლსა და სიცილს, როგორც ვარსკვლავთა ორბიტებს ცა. მოჭრილი ყურით თუ ვიმსჯელებდით, ეს ერთ-ერთი იმ მშენებელთაგანი იყო, სავის მხრიდან რომ ამოაშენა ციხესიმაგრის კედლები, რომლის შტურმით აღებასაც დედ-აღა ოჩუზი აპირებდა.
„მოხუცია, — გაიფიქრა დედ-აღა ოჩუზმა, — ყველაფერი უნდა იცოდეს. ის, თუ სად რომელი ეკლესიაა ბელგრადში, ისიც, როგორი შარდი აქვთ ჩიტებს...“ ხმამაღლა კი ლეანდრს ჰკითხა:
— სინზე რას ხედავ?
— საკუთარ ღირსებას, — უპასუხა ლეანდრმა.
— ღირსება, რაკი აქ დგახარ, უკვე აღარ გაქვს, — უპასუხა დედ-აღა ოჩუზმა, — აბა, უკეთ დაათვალიერე.
ეს სპილენძის ფურცელი ტვიფარითურთ ოდესღაც იმისთვის გამოიყენებოდა, რომ მისგან რუკების ანაბეჭდი გაეკეთებინათ, შემდეგ კი სინად ხმარობდნენ. შეგიძლია, წაიკითხო, რა წერია აქ?
— გრიეცჰისცჰ წეისსენბურგ.
— ეგ რას ნიშნავს?
— ბელგრადს.
— ბერძნულ ბელგრადს?
— არა, ამ ხერხით ავსტრიელები მიგვანიშნებენ, რომ ჩვენ, სერბები, ვინც ბელგრადში ვცხოვრობთ, მათ სარწმუნოებას არ ვეკუთვნით.
— არც ჩვენსას.
— ვიცი.
— საკუთარი კი სრულიად არ გაგაჩნიათ, მხოლოდ ბერძნული. თუმცა ჩვენთვის სულერთია. გვინდა, გვითხრა, რა არის გამოსახული ამ ფურცელზე და როდის ამოტვიფრეს. ბელგრადზე ზუსტი ცნობები გვჭირდება. ყველაზე ზუსტი. ციხესიმაგრის კედლებზე, შენობებზე, მშენებლებზე, ჭიშკრებზე, შესასვლელებზე, სიმდიდრეზე, მცხოვრებლებზე, ეკლესიებზე — ერთი სიტყვით, ყველაფერზე.
დრო მთელი ღამე გვაქვს, სიცოცხლე რამდენი გვაქვს, ეს არ ვიცით. ძნელია, პური თანაბრად გაყო, თუ არ იცი, რამდენი დარჩა. ამიტომ დაწვრილებით მოჰყევი. წერტილიდან წერტილამდე და შენთვის უკეთესია, რაიმე დაუმატო, ვიდრე გამოგრჩეს. მხოლოდ ეს იფიქრე: რა ხანია ცხოვრობ? მერე კი გაიფიქრე: ამის მერე ვეღარასოდეს ვიცხოვრებ... შენი კისერი კი თითქოს საგანგებოდ ხმლისთვის არის შექმნილი...
ლეანდრი მიწაზე დაგდებულ უნაგირზე იჯდა, ნელ-ნელა ატრიალებდა სინს, ათვალიერებდა და თან ფრთხილობდა, ულვაში და წარბები ცეცხლმა არ ამილოკოსო და სპილენძის დაფაზე ისე კითხულობდა, როგორც წიგნში. ლეანდრის წარბქვეშ ვენა პულსირებდა, საათივით ითვლიდა დროს, შეჭმუხნილ შუბლზე კი პეპლის ფრთებივით უთრთოდა თმის ღერები.
თითქოს ამ საათს, რომელიც ლეანდრისთვისვე სავსებით მოულოდნელად დაიწყო მასში მუშაობა, უნდა გამოეთვალა რომელიღაც საკუთარი დრო და ვიდრე გაჩერდებოდა, განესაზღვრა ზუსტი საათი...
სანამ ლეანდრი ყვებოდა, დედ-აღა ოჩუზი გაუნძრევლად იჯდა, თან წვერს ისე იფოცხავდა, თითქოს ხელში პატარა, სწრაფი მხეცუნა ეჭირა და ყურადღებით ყნოსავდა, ამასთან, ყოველი ახალი სუნის შეგრძნებისას თვალები აენთებოდა. სალაშქრო კოცონებთან ყვებოდნენ, რომ დედ-აღა ოჩუზის თვალები ზოგჯერ მხედველობას კარგავდა და ის, ცხენიდან ჩამოსული, მიწას ისე ვერ ხედავდა, როგორც მაშინ, როცა ცხენზე ჯდებოდა. ასე იყო თუ ისე, ლეანდრს ხაზგასმული გულგრილობით უსმენდა და იმავე დროს მოგაგონებდათ მონადირე ძაღლს, იმ ადგილს რომ ეძებს, სადაც ადრე უკვე ყოფილა, მაგრამ მისკენ გზას ვეღარ იგნებს. ოღონდ ის ადგილი, ის ბუნაგი გარეთ კი არ იყო ან კარვის იქით, არამედ თვით მასში, დროთი მიჩქმალული და დაფარული. იმის მოლოდინში, რომ ნაცნობი სუნი, რომელსაც დიდი ხანია ეძებდა, გაუღვიძებდა მოგონებებს და იქ წაიყვანდა, სადაც საჭირო იყო, დედ-აღა ოჩუზი ლეანდრს უსმენდა. იმ წუთს ელოდა, როცა მისთვის საჭირო ორი ადგილი აღმოჩნდებოდა: შესაფერისი ადგილი ქალაქზე თავდასასხმელად ლეანდრის მონაყოლში, ლეანდრისა, რომელიც სინზე კითხულობდა და შესაფერისი ადგილი თვით დედ-აღა ოჩუზში, რომლიდანაც შეტევა უნდა განევითარებინა. და სულთნის მთელი საომარი ლაშქრობა იმ მონაყოლთან ერთად, ახლა ლეანდრისაგან რომ ისმენდნენ, ყველას, ვინც იმ საღამოს კარავში იყო, ეჩვენებოდა შედარებით ნაკლებმნიშვნელოვან ნაწილად სხვა, შინაგანი ლაშქრობისა, რომელიც რომელიღაც ჯერ კიდევ უცნობ წუთში ერთ დამოურჩილებელ მოძრაობად შეერწყმებოდა პირველს იმ აკრძალვის განსახორციელებლად, აღამ ჯერ კიდევ ადრე რომ დააწესა.
ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდნენ ისინი, ვინც კარავში იჯდა. დედ-აღა ოჩუზი კი, თავისი წვერის სუნს რომ იყნოსავდა, სულ სხვას ფიქრობდა. მან გაიხსენა, მარშის იმ მტვრით დაფარულ დღეებში ერთხელ, საღამოს მოახლოებისას, როგორ დაინახა რაღაც ისეთი, რაზეც დარწმუნებით თქმა, რას ნიშნავდა, არ შეეძლო. უნაგირზე მჯდომმა შენიშნა ძაღლი, რომელმაც გზა გადაუჭრა. მიხვდა, ძაღლი ციცინათელას დაჭერას ცდილობდა. და უცებ ყველაფერი გაუქრა თვალწინ. შეკითხვაც კი გაუჩნდა: ნეტავ რაზმიდან ვინმემ, მის გარდა, დაინახა ყოველივე ეს? და მაშინვე გაიფიქრა: „მეც ციცინათელას მივდევ.
ოღონდ ის უკვე ჩემშია, მე კი ჯერ კიდევ მივდევ. გადაყლაპო — ყველაფერს არ ნიშნავს. მას შემდეგაც კი, რაც გადაყლაპავ, სინათლის დაპყრობა მაინც უნდა განაგრძო“...
როცა ლეანდრმა მოყოლა დაამთავრა, დედ-აღა ოჩუზმაც, თავისი წვერის სულ სხვა ნაწილში რომ იმყოფებოდა, ეტყობა, გამოკვლევა დაამთავრა. მისთვის ყველაფერი ნათელი იყო...
მეორე დღეს, როცა თურქების ჯარი ბელგრადში შევიდა, დედ-აღა ოჩუზმა, ერთ-ერთმა პირველთაგანმა, გადალახა ქალაქის კარიბჭე სავაზე, რადგან უნდოდა, სხვებზე ადრე მიეღწია რუჟიცის ეკლესიამდე.
„თითოეული თან დაატარებს საკუთარ სიკვდილს პირველ ხელსაყრელ შემთხვევამდე“, — გაიფიქრა და გაჭენებული ცხენიდან, თითქოს იმის შიშით, ვინმემ არ დამასწროსო, პირდაპირ უნაგირიდან ესროლა შუბი საკეტის ჭუჭრუტანას. შუბი ისე ჩაერჭო შიგ, როგორც გასაღები, და თავი მეორე მხარეს გამოყო, კარი კი ჭრიალით გაიღო. და სანამ ჯარისკაცები, ეკლესიას ყოველმხრივ გარშემორტყმულნი, ცეცხლს ანთებდნენ კედლების ძირში, რომელმაც მაშინვე დაიწყო მათი ლოკვა, დედ-აღა ოჩუზი ეკლესიაში შევიდა და ცხენიდან ჩამოუსვლელად შეუდგა ხმლის წვერით ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის თვალების ამოჩიჩქნას და პირდაპირ ხმლის პირიდან ლოკავდა სამკურნალო საღებავს, დასერილი ენიდან სისხლი სდიოდა და იმედოვნებდა, რომ სასწაულებრივი ძალით დაუბრუნდებოდა მხედველობა.
მთელი ეს ხანი ლეანდრი ეკლესიის წინ იდგა, იქ, სადაც დატოვეს. მისი თმა ცხადყოფდა, რომ მალე მოკვდებოდა.
ის ერთადერთი აღმოჩნდა ქალაქში, ვინც გაუნძრევლად რჩებოდა. გარშემო ყოველივე, ერთმანეთს რომ ანადგურებდა, თუხთუხებდა და დუღდა, ლეანდრის თვალზემოთა ძარღვი კი ძველებურად აგრძელებდა ფეთქვას დროის ულმობელ სრბოლაში, ხოლო წარბები, როგორც პეპლები, გაფრენის წინ ფრთებს რომ ისწორებენ, საათებს ითვლიდნენ. და უცებ მიხვდა, რომ მისი დრო ამოიწურა. წარბებმა მოძრაობა შეწყვიტეს და გონს მოსული ლეანდრი, ნაცვლად იმისა, ლოდინი გაეგრძელებინა ეკლესიის წინ, გაშლილ ადგილზე, სადაც დედ-აღა ოჩუზი ტაძრიდან გამოსვლისთანავე აჩეხდა, თავპირისმტვრევით გაიქცა ბელგრადის ვიწრო ქუჩაბანდებში. ზურგს უკან ფლოქვების თქარუნი ესმოდა, მაგრამ იმის დრო არ ჰქონდა, მოეხედა და დაენახა, ვინ მისდევდა — დედ-აღა ოჩუზი თუ ვინმე სხვა. თქარუნთან ერთად ლეანდრამდე საშინელი სიმყრალეც აღწევდა და მიხვდა, რომ თავს მოკვეთდა ჩვეულებრივი ცხენოსანი, რომელსაც ბრძოლის დროს შიშისაგან შარვალში ჩაესვარა. სიმყრალე თანდათან მატულობდა და ეს იმას ნიშნავდა, რომ მდევარი უახლოვდებოდა.
კიბის წინ, რომელიც ქვევით, სავისკენ ეშვებოდა, ლეანდრი წამით შეყოვნდა, თითქოს ყოყმანობდა ორ ბედისწერას შორის, მაგრამ ბოლო წამს პირდაპირ გაფრინდა ქვევით, საფეხურებზე, ფეხქვეშ თელავდა სახლების საღამოს ჩრდილებს, რომლებიც ისე იყო დაკბილული, როგორც ხერხი. კიბის წინ ფლოქვების თქარუნი შეწყდა და ლეანდრი, თავდახსნილი ცხენზე მჯდომისა და მისი ხმლისაგან, პირდაპირ შევარდა თავის კოშკში, ისეთი მშვიდი რომ იყო, როგორც ახალგანბანილი სული. კოშკი უცხოსავით შეხვდა და ლეანდრი თავს უცნაურად გრძნობდა. ეჩვენებოდა, რომ ულვაში წამწამებზე ეხებოდა და მხედველობას უბინდავდა. ბოლოს და ბოლოს, დამალვა შეძლო. იდგა აპრილის 22, 1739 წლისა, ეს იცოდა. მაგრამ არ იცოდა, რომ ორივე კოშკი, ბელგრადის სავის კარიბჭის მახლობლად რომ იდგა, უკვე დანაღმული იყო.
ამბობდნენ, რომ აფეთქებამდე წამით ადრე მათ ზევით დამაგრებული მამლები ერთ დროსა და ერთ ქარს აჩვენებდნენ. პირველად და უკანასკნელად — ერთ დროსა და ერთ ქარს. იყო თორმეტი საათი და ხუთი წუთი, როცა საშინელმა აფეთქებამ ჰაერში აიტანა ორივე კოშკი, რომლებიც გაქრა იმ ცეცხლის ენებში, ლეანდრის სხეული რომშთანთქა..