Litclub.ge

ცხოვრება გრძელდება (მთარგმნელი: თამარ ლომიძე)
ზაფხულობით ცოლთან ერთად აგარაკზე მივემგზავრები ხოლმე (დასავლეთ მენში) და იქ ყოველდღე ვსეირნობ. მივყვები შარაგზას, რომელიც ტყეში მიიკლაკნება, შემდეგ კი გავდივარ მე-5 გზატკეცილზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა.
1999 წლის ივნისის მესამე კვირამ მე და ჩემს ცოლს დიდი სიხარული მოგვიტანა - ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაფანტული ჩვენი სამივე შვილი გვეწვია. ეს იყო პირველი შემთხვევა დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში, როდესაც ყველამ ერთ ჭერქვეშ მოვიყარეთ თავი. ჩვენი პირველი შვილიშვილიც ჩამოგვიყვანეს. სამი თვის ბავშვი მხიარულად ღუღუნებდა და ეთამაშებოდა საწოლზე მიბმულ ბუშტს.
19 ივნისს უმცროსი ვაჟი წავიყვანე პორტლენდის აეროპორტში, საიდანაც ის ნიუ-იორკში გაფრინდა. შინ დავბრუნდი, ცოტა ხანს დავისვენე, შემდეგ კი სასეირნოდ გავეშურე. საღამოს ყველანი კინოში წასვლას ვაპირებდით.
როგორც მახსოვს, ნაშუადღევის ოთხ საათზე გავედი შინიდან. სანამ ავტომაგისტრალამდე მივაღწევდი (დასავლეთ მენში ნებისმიერ გზატკეცილს, რომელსაც შუაში თეთრი ხაზი გასდევს, ავტომაგისტრალს უწოდებენ), ტყეში შევედი და მოვშარდე. მხოლოდ ორი თვის შემდეგ შევძელი იმავეს განმეორება ზეზეურად.
როდესაც გზატკეცილს მივაღწიე, ჩრდილოეთით წავედი. გზის ქვიშიან ნაპირას მივაბოტებდი. მალე ჩამიარა აგრეთვე ჩრდილოეთის მიმართულებით მიმავალმა ერთმა მანქანამ. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ამ მანქანის საჭესთან მჯდარმა ქალმა შეამჩნია სამხრეთისკენ მიმავალი ცისფერი ფურგონი, რომელიც ზიგზაგით მოდიოდა. როგორც ჩანს, მძღოლი ვერ იმორჩილებდა საჭეს. ქალმა მშვიდობიანად გაუარა ფურგონს და უთხრა თავის თანამგზავრს: "გზაზე სტივენ კინგი მიდიოდა. ვიმედოვნებ, ფურგონი მას არ დაეჯახება".
მე-5 გზატკეცილის ერთი მონაკვეთი ციცაბო მაღლობია. აქ ჩრდილოეთისკენ მიმავალი ადამიანი ვერ ხედავს შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს. აღმართის სამი მეოთხედი გავლილი მქონდა, როდესაც ფურგონმა გადმოლახა მაღლობის თხემი. გზაზე კი არ მოდიოდა, არამედ - მის განაპირას. ჩემს მხარეს. წამის სამი მეოთხედი მქონდა ამის შესამჩნევად. თავში გამიელვა, ღმერთო ჩემო, ეს-საა, ფურგონი დამეჯახება-მეთქი და მარცხნივ გადახტომა დავაპირე. შემდეგ რა მოხდა, არ მახსოვს. როდესაც გონს მოვედი, მიწაზე ვიწექი. იქვე იდგა ფურგონი, რომელიც გზიდან გადასულიყო. ეს მოგონება წააგავს მკაფიო ფოტოსურათს, რომელზეც აღბეჭდილია ფურგონის მტვრიანი უკანა ფარები, ნომერი და ჭუჭყიანი ფანჯრები. ყოველივე ამას ვუყურებდი და არ ვფიქრობდი ჩემს მდგომარეობაზე. უბრალოდ, არაფერზე არ ვფიქრობდი.
ჩემს მეხსიერებაში კიდევ ერთი მოკლე პაუზაა. შემდეგ თვალებიდან ფრთხილად მოვიწმინდე სისხლი, იქაურობას გადავხედე და შევამჩნიე მახლობელ ქვაზე ჩამომჯდარი კაცი, რომელსაც მუხლებზე ჯოხი ედო. ეს იყო ფურგონის მძღოლი - ორმოცდაორი წლის ბრაიან სმითი. მაღლობზე გადმოსვლისას სმითი ვერ ხედავდა გზას, რადგან მისი როტვეილერი საბარგო განყოფილებიდან გადახტა უკანა სავარძელზე, სადაც იდო პატარა მაცივარი მასში შენახული ხორცით. როტვეილერს ბულეტი ერქვა (სმითს ჰყავდა მეორე როტვეილერიც, სახელად პისტოლი). ბულეტმა ცხვირი ჩაჰყო მაცივარში. სმითი შეტრიალდა და შეეცადა, გაეგდო ძაღლი. ის ჯერ კიდევ ეძიძგილავებოდა ბულეტს, როდესაც მაღლობზე გადმოვიდა და შემეჯახა. შემდგომში სმითმა უთხრა მის მეგობრებს, მეგონა, რომ შველს დავეჯახე, სანამ ფურგონის წინა სავარძელზე მისტერ კინგის გასისხლიანებული სათვალე არ დავინახეო. სათვალე მაშინ მომძვრა, როდესაც ვცადე, მარცხნივ გადავმხტარიყავი. ჩარჩო მოიღუნა და დაიგრიხა, მაგრამ მინები არ დამსხვრეულა. ახლა, როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ, სათვალეზე სწორედ ის მინები მიკეთია.
სმითმა შეამჩნია, რომ გონს მოვედი და მითხრა, სასწრაფო დახმარება მალე გამოჩნდებაო. მშვიდად, მხნედ მელაპარაკებოდა. თანაგრძნობით მიყურებდა და მის მზერაში გამოსჭვიოდა სიხარული იმის გამო, რომ ცოცხლები გადავრჩით.
დახმარება მართლაც მჭირდებოდა. თხრილში ვიწექი. მთელი სახე სისხლით მქონდა მოსვრილი, ხოლო მარჯვენა ფეხი ძალიან მტკიოდა. როდესაც ფეხებზე დავიხედე, მომეჩვენა, თითქოს მარჯვენა მუხლი უცნაურად გადრეკილიყო. ჯოხიან კაცს შევხედე და ვკითხე, "ერთი მითხარი, მეჩვენება, თუ მართლაც ამოვარდნილია?"
"არ გეჩვენება", მიპასუხა მან, "ფეხი, ალბათ, ხუთ ნაწილად დაგემსხვრა, ან, შეიძლება, ექვსადაც".
"მაპატიე", ვუთხარი კაცს - უფალმა უწყის, რატომ, და ისევ შემიღონდა გული.
როდესაც რეალობას დავუბრუნდი, დავინახე გზის პირას მდგარი თეთრ-მოყვითალო მანქანა. სასწრაფო დახმარების ექიმი - მას პოლ ფილბრაუნი ერქვა - ჩემ მახლობლად ჩაჩოქილიყო. რაღაცას აკეთებდა. მგონი, ჩემი შარვლის ტოტებს ჭრიდა. თუმცა, შესაძლოა, ეს მოგვიანებით მოხდა.
სიგარეტი ვთხოვე. ექიმს გაეცინა და მითხრა, "არავითარ შემთხვევაში". ვკითხე, ხომ არ ვკვდები-მეთქი. მან მიპასუხა, რომ სერიოზული საფრთხე არ მემუქრებოდა, მაგრამ სასწრაფოდ უნდა წავეყვანე საავადმყოფოში. რომელი მირჩევნია: ნორვეი-საუთ პერისის თუ ბრიჯტონისა? ვუთხარი, რომ მერჩივნა, წავეყვანე ბრიჯტონში, ჩრდილო კამბერლენდის მემორიალურ საავადმყოფოში, რადგან ოცდაორი წლის წინ იქ დაიბადა ჩემი უმცროსი ვაჟი - სწორედ ის, რომელიც ახლახან ნიუ-იორკში გავამგზავრე. კვლავ ვკითხე, ხომ არ ვკვდები-მეთქი და მან გამიმეორა, არაო, შემდეგ კი მთხოვა, ფეხის თითები ამემოძრავებინა. დავემორჩილე, თან მომაგონდა ერთი ლექსი, რომელსაც დედაჩემი გვიმეორებდა ხოლმე: "ეს პატარა გოჭი ბაზარში წავიდა, ის პატარა გოჭი კი შინ დარჩა". მეც შინ უნდა დავრჩენილიყავი. გასეირნებამ კარგი არაფერი მომიტანა. შემდეგ გამახსენდა, რომ ზოგჯერ დამბლადაცემულ ადამიანს ჰგონია, თითქოს ამოძრავებს სხეულის ნაწილებს, სინამდვილეში კი არაფერი გამოსდის.
"ვამოძრავებ თუ არა ფეხის თითებს?" ვკითხე პოლ ფილბრაუნს. მან კვერი დამიკრა. "გაფიცებთ, არ დამიმალოთ, მართლა ვამოძრავებ?". მგონი, ფილბრაუნმა შემომფიცა, რომ არ ცრუობდა. გონება კვლავ დამებინდა. ფილბრაუნმა ჩემი მისამართი მკითხა, მაგრამ ვერ გავიხსენე. ვერ გავიხსენე, სად იმყოფებოდნენ ჩემი ოჯახის წევრები, თუმცა შევძელი დამესახელებინა ტელეფონის ნომერი. ეშმაკმა დალახვროს, ყველა ციფრი მახსოვდა და ჩემი სოციალური დაზღვევის ნომერსაც კი ვეტყოდი, რომ ეკითხა, მაგრამ სხვა ვერაფერი გავიხსენე.
სანიტრები მოვიდნენ. სადღაც რადიოგადამცემი ბუბუნებდა. საკაცეზე დამაწვინეს. მეტკინა და წამოვიყვირე. შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანაში მომათავსეს. ვიღაცამ კარი დაკეტა და ჩაიბურტყუნა: "კარგად დაამაგრე?"
პოლ ფილბრაუნი გვერდით მომიჯდა, ჯიბიდან მაკრატელი ამოიღო და მითხრა, მარჯვენა ხელიდან საქორწინო ბეჭედი უნდა მოგაჭრაო. ეს ბეჭედი ჩემმა ცოლმა მაჩუქა 1983 წელს, ჩვენი დაქორწინებიდან თორმეტი წლის შემდეგ. შევეცადე მეთქვა, რომ მას მარჯვენა ხელზე ვატარებ, რადგან ნამდვილი საქორწინო ბეჭედი მარცხენაზე მიკეთია - ორი საქორწინო ბეჭედი ცხრამეტ დოლარად და ოთხმოცდათხუთმეტ ცენტად ვიყიდე ბანგორში ჩემს მომავალ ცოლთან შეხვედრიდან წელიწადნახევრის შემდეგ, 1969 წლის ზაფხულში. იმხანად მენის შტატის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი. ერთხელ უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიის უკანა ეზოში სტუდენტ ჭაბუკებს წავაწყდი. პაოლო სილვასა და ედი მარშს შორის იჯდა მოხდენილი წითურთმიანი გოგონა, რომელსაც ულამაზესი ფეხები თეთრად უქათქათებდა. ხელში ეჭირა წიგნი "ადამიანი ყინულზე". გოგონა ბიბლიოთეკაში არასოდეს მინახავს. მომხიბლა მისმა გადამდებმა სიცილმა. არ ვიცოდი, ინტელექტუალი იყო თუ არა, მაგრამ უბირი მუშა ქალივით ითათხებოდა. მას ტაბითა სპრიუსი ექვა. 1971-ში დავქორწინდით. ტაბი ხშირად მახსენებდა, რომ ჩვენი პირველი შეხვედრისას ის ედი მარშის შეყვარებული მეგონა. ფაქტობრივად, ორივენი საშუალო სოციალური წრიდან გამოვედით. ორივეს გვიყვარდა ხორციანი კერძები. ორივენი დემოკრატებს ვემხრობოდით და, როგორც იანკებს სჩვევიათ, უნდობლად ვეპყრობოდით იმათ, ვინც ახალი ინგლისის ტერიტორიაზე არ ცხოვრობდა. ყოველივე ამან განამტკიცა ჩვენი ოჯახი, რომელიც შეესწრო მსოფლიოს ყველა ლიდერის კარიერის დასასრულს, კასტროს გარდა.
არ ვიცი, როგორ მოვუყევი ფილბრაუნს ბეჭდის ისტორია და რა გაიგო მან. ექიმი თავს მიქნევდა და იღიმებოდა, როდესაც ჩემი შეშუპებული მარჯვენა ხელიდან ჭრიდა მეორე, უფრო ძვირფას საქორწინო ბეჭედს. ორი თვის შემდეგ ფილბრაუნს დავურეკე მადლობის გადასახდელად. უკვე ვიცოდი, რომ მან სიკვდილს გადამარჩინა ქმედითი სამედიცინო დახმარების გაწევისა და იმის მეოხებით, რომ უსწორმასწორო და ოღროჩოღრო გზაზე საათში ოთხმოცდაათი მილის სიჩქარით გამაქანა საავადმყოფოში.
ფილბრაუნმა მითხრა, არაფერი განსაკუთრებული არ ჩამიდენიაო. "ამას ოცი წლის განმავლობაში ვაკეთებ", თქვა მან ყურმილში. "როდესაც დავინახე, როგორ იწექი თხრილში და მას შემდეგ, რაც დავათვალიერე შენი ჭრილობები, არ მეგონა, რომ საავადმყოფომდე ცოცხალი მიაღწევდი. იღბალი გქონია, რომ გადარჩი".
ჭრილობები ძალზე სერიოზული იყო და ჩრდილო კამბერლენდის საავადმყოფოს ექიმებმა ვერ გაბედეს ჩემი ოპერირება. მათ გამოიძახეს ვერტმფრენი, რათა მენის სამედიცინო ცენტრში, ლუისტონში გადავეყვანეთ. ამ დროს მოვიდნენ ტაბი, ჩემი უფროსი ვაჟი და ქალიშვილი. შვილებს ხანმოკლე ვიზიტის ნება დართეს, ტაბი კი უფრო დიდი ხნით დატოვეს პალატაში. სხეულის ქვედა ნაწილი დაფარული მქონდა, ამდენად, ტაბიმ ვერ იხილა ჩემი დასახიჩრებული ფეხი, მაგრამ მას ნება დართეს, ქმრისთვის სისხლი მოებანა, თმიდან კი მინის ნამსხვრევები ამოეკრიფა.
ბრაიან სმითის მანქანის საქარე მინასთან შეჯახების შედეგად თავზე გრძელი ჭრილობა მქონდა. ფოლადის ჩარჩოს რომ დავჯახებოდი, ვერ გადავრჩებოდი ან დიდი ხნით კომაში ჩავვარდებოდი. ფურგონმა თოთხმეტი ფუტის სიმაღლეზე ამისროლა. მე-5 გზატკეცილის განაპირა კლდეზე რომ დავცემულიყავი, ალბათ, ასევე დავიღუპებოდი ან ხელ-ფეხი წამერთმეოდა. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. "კარგია, რომ ბოლო წამს მარცხნივ გადახტით", მითხრა მოგვიანებით ექიმმა, რომელიც გაეცნო ჩემი ავადმყოფობის ისტორიას. "ეს რომ არა, დღევანდელი საუბარი ვერ შედგებოდა".
ვერტმფრენი ხმამაღალი გუგუნით დაეშვა საავადმყოფოს ეზოში. ვიღაცამ ყურში ჩამძახა: "ოდესმე თუ მჯდარხარ ვერტმფრენში, სტივენ?" შევეცადე, მეპასუხა, რომ ადრეც ვმჯდარვარ ვერტმფრენში - ფაქტობრივად, ორჯერ, მაგრამ ვერ შევძელი. უეცრად სუნთქვა შემიგუბდა. ვერტმფრენში შემიყვანეს. როდესაც მაღლა ავფრინდით, ვხედავდი უღრუბლო ცის მარტოოდენ ვიწრო ზოლს. რადიოგადამცემი გამაყრუებლად ხმაურობდა. სუნთქვა კიდევ უფრო გამიჭირდა. ვიღაცას ვანიშნე, ან შევეცადე, მენიშნებინა.
"მგონი, ვიგუდები", წავილუღლუღე მე.
"ფილტვები შეუგუბდა", გავიგონე სიტყვები.
ქაღალდის შრიალი მომესმა. რაღაც გახსნეს, შემდეგ კი ყურში ჩამძახეს (ხმამაღლა, ვერტმფრენის გუგუნის გადასაფარავად): "ფილტვში მილი უნდა შეგიყვანოთ, სტივენ. ცოტათი გეტკინება, სუსტ ჩხვლეტას იგრძნობ. გაუძელი".
გამოცდილებით ვიცოდი: როდესაც ექიმები გეუბნებიან, სუსტ ჩხვლეტას იგრძნობო, სინამდვილეში ძლიერი ტკივილისთვის უნდა მოემზადო. ამჯერად მძაფრი ტკივილი არ მიგრძვნია, ალბათ, იმიტომ, რომ ტკივილგამაყუჩებლები მქონდა გაკეთებული, ან, სავარაუდოა, იმის გამო, რომ კვლავ გრძნობას ვკარგავდი. მკერდის მარჯვენა მხარეს ბასრი საგანი ჩამარჭვეს. შემდეგ შიშინი გაისმა. მალე დაუბრკოლებლად ვსუნთქავდი, ისევე, როგორც მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში (და უმეტესად ამის გაცნობიერების გარეშე, მადლობა ღმერთს). ჰაერი ძალზე ცივი იყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, კვლავ ვსუნთქავდი. სიკვდილი არ მინდოდა, მაგრამ როდესაც ვერტმფრენში ვიწექი და ზაფხულის უღრუბლო ცას ვუყურებდი, მივხვდი, რომ მართლაც სიკვდილის პირას გახლდით. ვერაფერს გავაწყობდი. უნდა ვწოლილიყავი და მესმინა ჩემი სუსტი სუნთქვის ხმა: შხი...იშ, შხი...იშ, შხი...იშ...
ათი წუთის შემდეგ ვერტმფრენი დაჯდა მენის მთავარი სამედიცინო ცენტრის მახლობლად. მომეჩვენა, თითქოს ბეტონის ჭის ფსკერზე ვიმყოფებოდით. ლურჯ ცას ვეღარ ვხედავდი, ხოლო ვერტმფრენის ხმაური გაძლიერდა და ექოს გამოსცემდა, თითქოს ვიღაც გიგანტური ხელებით უკრავდა ტაშს.
ვერტმფრენიდან გამომიყვანეს. წამით საკაცე შეტორტმანდა და წამოვიყვირე. "მაპატიე, მაპატიე, სტივენ!" მომიბოდიშა ვიღაცამ.
"გადაეცით ტაბის, რომ ის ძალიან მიყვარს", ამოვიკვნესე მე.
"ეს თვითონ უთხარით", მითხრა იმავე უცნობმა და საოპერაციოში შემაგორა.
გამახსენდა, რომ ერთი საათის წინ ვსეირნობდი და მინდოდა, კენკრა დამეკრიფა ველზე, კეზარი ტბას რომ ეკვრის. თუმცა, იქ დიდხანს დარჩენას არ ვაპირებდი; ექვსის ნახევრისთვის შინ უნდა დავბრუნებულიყავი, რათა ოჯახთან ერთად მენახა "გენერლის ქალიშვილი" ჯონ ტრავოლტას მონაწილეობით. რამდენიმე წლის წინ ტრავოლტამ შეასრულა უარყოფითი გმირის როლი ჩემი პირველი რომანის, "კერის" მიხედვით გადაღებულ კინოფილმში.
"როდის?", ვკითხე, "როდის შევძლებ მასთან საუბარს?"
"მალე", იყო პასუხი და კვლავ გრძნობა დავკარგე. ახლა ბუნდოვნად მახსენდება ექიმთა სახეები, საოპერაციო ოთახი, რენტგენის აპარატები, მორფით გამოწვეული ჰალუცინაციები და სისველის შეგრძნება ჩემს გამშრალ ტუჩებზე, როდესაც მათ ტამპონებით მიწმენდნენ. თუმცა, უმეტესად, ბევრს ვერაფერს ვიხსენებ.
ბრაიან სმითის ვარაუდი ჩემი მდგომარეობის შესახებ არაზუსტი აღმოჩნდა. მარჯვენა ფეხი ცხრა ადგილას იყო გადატეხილი. ქირურგმა-ორთოპედმა, დევიდ ბრაუნმა მითხრა, რომ მარჯვენა წვივის ძვალი პაწაწინა ნამსხვრევებად მქონდა დაქუცმაცებული და საჭიროებდა ორ ღრმა ოპერაციას, რათა აღდგენილიყო სისხლის თავისუფალი დინება ტერფისკენ. ამ ოპერაციებზე (ანუ მედიალურსა და ლატერალურ ფასციოტომიაზე) რომ არ დავთანხმებულიყავი ან სამომავლოდ გადამედო, შეიძლება, დამჭირვებოდა ფეხის ამპუტაცია. მარჯვენა მუხლი შუაზე მქონდა გადატეხილი, მაგრამ განსაკუთრებით მტანჯავდა მარჯვენა ბარძაყის ძვლის ღია მოტეხილობა. გაბზარული იყო ხერხემალი (რვა ადგილას) და ოთხი ნეკნი. თავის გლეჯილ ჭრილობაზე ოცდაათი ნაკერი დამადეს.
დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ბრაიან სმითის ვარაუდი არაზუსტი აღმოჩნდა.
სმითი წარუდგა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, რომელმაც მას მიუსაჯა ექვსთვიანი პირობითი პატიმრობა და აუკრძალა ავტომანქანის ტარება ერთი წლის განმავლობაში. ბრაიან სმითი საჭეს მიუჯდა მხოლოდ 2001 წლის ზამთარში.
დევიდ ბრაუნმა ჩამიტარა ფეხის ხუთი ხანგრძლივი ოპერაცია, რის შედეგადაც გავხდი, დავსუსტდი და თითქმის დავკარგე მოთმინების უნარი. უდიდესი ძალისხმევა დამჭირდა, რათა კვლავ გამევლო. ბარძაყის ძვლებს აკავშირებდა ფოლადის გარე ფიქსატორი. მუხლში, წვივის ძვლის ნამსხვრევებსა და ფიქსატორში გადიოდა ფოლადის რვა ღერო. ხუთი მომცრო პალო მუხლიდან გამოდიოდა და ბავშვის მიერ დახატულ მზის ამოსვლის სურათს წააგავდა. ექთანები მათ დღეში სამჯერ იღებდნენ და წყალბადის ზეჟანგში რეცხავდნენ. ჩემთვის ფეხზე ნავთი არასოდეს გადაუსხამთ და შემდეგ ცეცხლი არ წაუკიდებიათ, მაგრამ ეს რომ მომსვლოდა, ალბათ, ნაკლებ ტკივილს ვიგრძნობდი, ვიდრე - ამ პალოების ამოღებისას.
საავადმყოფოში 19 ივნისს დავწექი. თვის ბოლოს პირველად წამოვდექი ფეხზე და ბარბაცით გავიარე სამი ნაბიჯი. თავბრუ დამეხვა. ვცდილობდი, არ მეტირა და ძირს არ დავცემულიყავი. თავს ვეუბნებოდი, იღბალი მეწია, რომ ცოცხალი გადავრჩი-მეთქი. ჩვეულებრივ, ეს სიტყვები მამხნევებდა, მაგრამ ზოგჯერ ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
ამ პირველი ნაბიჯებიდან ერთი თუ ორი დღის შემდეგ ფიზიოთერაპიული პროცედურები დამინიშნეს. პირველად ათი ნაბიჯი გადავდგი დერეფანში, სადაც კიდევ ერთი პაციენტი სწავლობდა სიარულს. ეს იყო ოთხმოცი წლის ჩია ქალი, სახელად ელისი, რომელიც დამბლის შემდეგ აღდგენით მკურნალობას გადიოდა. როდესაც ძალა შეგვწევდა, ვამხნევებდით ერთმანეთს. მესამე დღეს ელისს ვუთხარი, ხალათიდან პერანგი მოგიჩანს-მეთქი.
"შენ კი უკანალი მოგიჩანს, ბიჭო", ამოიხრიალა მან და გზა გააგრძელა.
ოთხ ივლისს შევძელი დაჯდომა ბორბლებიან სავარძელში, რომელიც აივანზე გავაგორე და დავტკბი სადღესასწაულო ფეიერვერკით. ცხელი ღამე იდგა. ქუჩებში უამრავი ხალხი ირეოდა. ცას აცისკროვნებდა წითელი, მწვანე, ლურჯი და ყვითელი შუშხუნები. ტაბი ჰოსპიტლის მოპირდაპირე სახლში დაბინავდა და ყოველ დილას მოჰქონდა ჩემთვის მოხარშული კვერცხი და ჩაი. 1997-ში ორას თექვსმეტ ფუნტს ვიწონიდი. იმ დღეს, როდესაც დავტოვე მენის ცენტრალური სამედიცინო ცენტრი, ვიწონიდი ას სამოცდახუთ ფუნტს.
19 ივლისს, საავადმყოფოში სამკვირიანი მკურნალობის შემდეგ, ბანგორში დავბრუნდი და დავიწყე ყოველდღიური სარეაბილიტაციო ვარჯიშები. ვცდილობდი, შემენარჩუნებინა მხნეობა და სიმტკიცე. 4 აგვისტოს კვლავ დავწექი საავადმყოფოში ხელახალი ოპერაციისთვის. როდესაც გონს მოვედი, ფეხზე პალოები აღარ მეკეთა. ბრაუნმა გამომიცხადა, რომ გამოჯანმრთელების გზაზე ვიდექი და შინ გამაგზავნა შემდგომი რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიული მკურნალობისთვის. ამ პერიოდს დაემთხვა ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა.
24 ივლისს, ე.ი. უბედური შემთხვევიდან 5 კვირის შემდეგ, კვლავ შევუდექი ლიტერატურულ საქმიანობას.
სულაც არ მსუდა პროფესიული მუშაობის განახლება. აუტანელი ტკივილის გამო ვერ ვხრიდი მარჯვენა მუხლს. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა გამეძლო დიდხანს საწერ მაგიდასთან, თვით ბორბლებიან სავარძელშიც კი. დამსხვრეული ბარძაყის ძვლის გამო მჯდომარე მდგომარეობაში ორმოც წუთსაც ვერ ვძლებდი, ხოლო საათზე მეტ ხანს ჯდომა გმირობად მესახებოდა. როგორ უნდა მეწერა, როდესაც მოუთმენლად ველოდი ხოლმე ტკივილგამაყუჩებლის მორიგ დოზას?
ამასთან, ვგრძნობდი, რომ არავითარი არჩევანი არ მქონდა. მუშაობა ადრეც დამხმარებია უსიამოვნო სიტუაციებში - წერის დროს ვივიწყებდი საკუთარ განცდებს. სასაცილო იყო ფიქრი იმაზე, რომ ეს ახლაც მოხდებოდა (ჩემი ტანჯვისა და ფიზიკური სისუსტის გათვალისწინებით), მაგრამ შემოქმედებითი მუშაობისკენ გამუდმებით მომიწოდებდა შინაგანი - შეუპოვარი და ულმობელი - ხმა, რომლის ჩახშობა შეუძლებელი გახლდათ.
გადამწყვეტი სიტყვა თქვა ტაბიმ, ისევე, როგორც ადრეც ხშირად მომხდარა გადამწყვეტ მომენტებში. ტაბითა სპრიუსი, ალბათ, ყველაზე ხშირად მიჩიჩინებდა, ძალზე ბევრს მუშაობ, დროა, ცოტათი დაისვენოო. მაგრამ მან ისიც იცოდა, რომ ზოგჯერ სწორედ მუშაობა მშველოდა. ჩემი ცხოვრების გარკვეულ პერიოდებში წერა წარმოადგენდა ერთგვარ რიტუალურ აქტს სასოწარკვეთილებისგან თავის დასახსნელად. ხშირად ესაა გზა სიცოცხლისკენ. როდესაც ტაბის ვუთხარი, ივლისის ამ დილას წერა უნდა დავიწყო-მეთქი, მისგან ლექციას მოველოდი. ამის ნაცვლად ცოლი დაინტერესდა, სად მერჩივნა დაჯდომა. ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი, ამაზე არ მიფიქრია.
ჩვენი თანაცხოვრების მთელი პერიოდის განმავლობაში ვოცნებობდი, მქონოდა მუხის მასიური საწერი მაგიდა. 1981 წელს მივაგენი ამგვარ მაგიდას და დავდგი ჩემს ვრცელ, ნათელ სტუდიაში. ექვსი წლის განმავლობაში ხშირად ვიჯექი ხოლმე ამ მაგიდასთან, მთვრალი ან დაბნეული, იმ კაპიტნის მსგავსად, რომელმაც არ იცის, როგორ გადაარჩინოს დასაღუპად განწირული გემი. როდესაც სმას თავი დავანებე, ეს მაგიდაც მოვიშორე და სასტუმრო ოთახში დავდგი. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, სანამ ჩემი შვილები დამოუკიდებლად ცხოვრებას შეუდგებოდნენ, ისინი საღამოობით მასზე სხდებოდნენ და უყურებდნენ კალათბურთის მატჩის ტელერეპორტაჟს ან ფილმს, თან პიცას მიირთმევდნენ. ამის შემდეგ მაგიდაზე, როგორც წესი, ნამცეცები იყო მოფენილი, რაც სულაც არ მენაღვლებოდა. უკვე მქონდა ხელით გაკეთებული, ლამაზი, მომცრო მაგიდა, რომელიც ჩემი კაბინეტის კუთხეში იდგა, კარნიზის ქვეშ. ახლა, ჩემი ბორბლებიანი სავარძლით, ვერაფრით მოვახერხებდი იქ ასვლას.
ტაბი წუთით დაფიქრდა და მითხრა, "მაგიდას უკანა ჰოლში, საკუჭნაოსთან დაგიდგამ. იქ უამრავი ჩამრთველია და შეძლებ კომპიუტერით, პატარა პრინტერითა და ვენტილატორით სარგებლობას". ვენტილატორი აუცილებლად მჭირდებოდა. იმ დღეს, როდესაც მუშაობას შევუდექი, ქუჩაში ტემპერატურამ ოთხმოცდათხუთმეტ გრადუსს მიაღწია, ხოლო უკანა ჰოლში ნაკლებად როდი ცხელოდა.
ტაბიმ ორიოდ საათში მომიწყო სამუშაო კუთხე და ნაშუადღევს, სამზარეულოს გავლით, გამიყვანა უკანა ჰოლში. ყველაფერი შესანიშნავად მოეგვარებინა. მაგიდაზე ეწყო ლეპტოპი, პრინტერი, სამაგიდო ნათურა, ქაღალდის დასტა, კალმისტრები და ცნობარები. იქვე იდო ჩვენი უმცროსი ვაჟის ჩარჩოში ჩასმული ფოტოსურათი, რომელიც ამ ზაფხულს ტაბიმ გადაიღო.
"კარგია?", მკითხა ცოლმა.
"ბრწყინვალეა", მივუგე მე.
მან საფეთქელზე მაკოცა და დამტოვა. პირველი მცდელობა გაგრძელდა საათისა და ორმოცი წუთის განმავლობაში, ე.ი. ვერტიკალურ მდგომარეობაში საკმაოდ დიდხანს გავძელი. ტკივილს იმდენად არ გავუწამებივარ, როგორც - საკუთარ უუნარობას, რადგან წერა ძალზე მიჭირდა. ყოველ სიტყვას დიდხანს ვსინჯავდი, ისე, როგორც ბეხრეკი ბერიკაცი იკვლევს ხოლმე გზას ნაკადულში და ფრთხილად ადგამს ფეხს სლიპ ქვებზე.
ტაბიმ ცივი, ტკბილი პეპსი მომიტანა. მოვსვი, ირგვლივ მიმოვიხედე და, ტკივილის მიუხედავად, გამეცინა. პირველი რომანები დავწერე დაქირავებული ტრეილერის საკუჭნაოში. ჩვენი სახლის უკანა ჰოლი მას საკმარისად წააგავდა და ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს წარსული გაცოცხლდა.
ამ ნაშუადღევს არავითარ სასწაულებრივ აღმოჩენამდე არ მივუყვანივარ, გარდა იმ ჩვეულებრივი სასწაულისა, რომელსაც წარმოადგენს შემოქმედებითი მუშაობის ნებისმიერი მცდელობა. წერამ სულ უფრო მეტად ჩამითრია. ბარძაყი, ზურგი და ფეხი ჯერ კიდევ მტკიოდა, მაგრამ - ნაკლებად. სამუშაოს დავუბრუნდი! ეს უკვე მნიშვნელოვანი მიღწევა გახლდათ.
ჩემი ჯანმრთელობა თანდათან გაუმჯობესდა. ზაფხულის იმ ცხელი დღის შემდგ კიდევ ორი ოპერაცია გამიკეთეს. ორჯერ გავუმკლავდი ინფექციას და ჯერ კიდევ ვღებულობ ას აბს დღეში, მაგრამ ფიქსატორი აღარ მიკეთია და წერას განვაგრძობ. ზოგჯერ მიმძიმს ლიტერატურული შრომა, სხვა დღეებში - სულ უფრო ხშირად, რადგან ჩემი გონება ხელახლა შეეგუა ძველ რეჟიმს - ბედნიერების შეგრძნება მეუფლება, მართებულ გამოთქმებს ვპოულობ და სტრიქონზე სტრიქონს დაუბრკოლებლად ვამატებ. ეს პროცესი თვითმფრინავის აფრენას წააგავს. ჯერ კიდევ მიწაზე ხარ, მიწაზე, მიწაზე... უეცრად კი ამჩნევ, რომ ჰაერში იმყოფები და შეგიძლია, მაღლიდან გადახედო ყველაფერს. ჯერ კიდევ სუსტად ვგრძნობ თავს - ახლა იმის ნახევარსაც ვერ ვაკეთებ, რაც ოდესღაც შემეძლო - მაგრამ მაინც საკმარისი ენერგია მაქვს. მართალია, შემოქმედებას არ გადავურჩენივარ, მაგრამ ის სიცოცხლის სიხარულსა და ხალისს მმატებს.