გასულ ნოემბერს სანაპიროზე ჩამწკრივებული ხის ქოხმახები, რომლებზეც აღმოსავლეთის ძლიერ ქარს საღებავი გადაექექა და აექერცლა, ცეცხლის ალში ჩაიფერფლა. სახანძრო რაზმმა თორმეტი მილი გამოიარა, მაგრამ როცა მოვიდა, გადასარჩენი არაფერი დახვდა. “ლაწირაკებმა აიწყვიტეს”, დაასკვნა ადგილობრივმა გაზეთმა, თუმცა დამნაშავეს ვერავინ მიაგნო. სანაპირო ზოლის შედარებით კეთილმოწყობილი უბნიდან მოწვეულმა არქიტექტორმა რეგიონული ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემაში განაცხადა, რომ ქოხები ქალაქის სოციალური მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენდა და ისინი თავიდან უნდა აეშენებინათ. ქალაქის საბჭომ განაცხადა, ყველა ვარიანტს განვიხილავთო, თუმცა მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
ვერნონი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გადმოსახლდა ამ ქალაქში და დიდად არ ანაღვლებდა სანაპიროს ქოხების ბედი. სხვა თუ არაფერი, მათი გაქრობის შემდეგ უკეთესი ხედი გადაიშალა “რაით ფლეისიდან”, სადაც ის დროდადრო სადილობდა ხოლმე. აი, ახლაც ფანჯარასთან მიდგმულ მაგიდასთან იჯდა და სველ ქვიშრობამდე გადაფენილ ბეტონის ზოლს, მოქუშულ ცასა და უსიცოცხლო ზღვას გასცქეროდა. ეს აღმოსავლეთ სანაპირო იყო: თვეების მანძილზე ერთმანეთს ენაცვლებოდა მცირე ხნით ძალიან ცუდი ამინდი და უმეტესად უამინდობა. მასაც სხვა რა უნდოდა: აქ იმიტომ გადმოსახლდა, რომ დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ამინდი საერთოდ ვერ შეემჩნია.
- გადაწყვიტეთ?
მიმტანს არც კი ახედა.
- ურალიდან მოდის, - ჩაილაპარაკა მან, ისევ გაშლილ ზღვას მიშტერებულმა.
- რა თქვით?
- აქედან ურალამდე არც არაფერია. აი, საიდან ქრის ქარი. რამ უნდა შეაჩეროს? იმ ქვეყნებს უცებ გადმოუქროლებს. “ისეთი ცივია, შეიძლება ერთი ადგილიც კი მოგიყინოს”, - დაამატებდა სხვა ვითარებაში.
- უუერალი, - გაიმეორა ქალმა.
მისი აქცენტი ყურში მოხვდა და ზემოთ აიხედა. ფართო სახე, ჭრელი თმა, ჩასხმული ტანი... თან ოდნავადაც არ ირჯებოდა სხვა მიმტანებივით, რომლებიც ზედმეტ გასამრჯელოს ელიან ხოლმე. ალბათ ერთ-ერთი იყო იმ აღმოსავლეთ ევროპელთაგან, დღეს მთელ ქვეყანას რომ არიან მოდებულნი. სად აღარ შეხვდებით - მშენებლობებზე, ბარებსა და რესტორნებში, ხილის კრეფაში. ისინი აქ მიკროავტობუსებითა და ტურისტული ავტობუსებით ჩამოდიან, კურდღლის სოროებში ცხოვრობენ, ცოტა ფულსაც აკეთებენ. ზოგი რჩება, ზოგი შინ ბრუნდება: ვერნონს ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. იმ დროს ხშირად ემართებოდა ასე: ყველაფერი ფეხებზე ეკიდა.
- შენც იქიდან ხარ?
- საიდან?
- ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან. აქედან ურალამდე.
- უუერალი. ჰო, ალბათ.
კაცმა გაიფიქრა, რა უცნაური პასუხიაო. ალბათ ეს ქალი არც ისე კარგად ერკვეოდა გეოგრაფიაში.
- ცურვაზე რას იტყოდი?
- ცურვა?
- ჰო, ცურვა. შხლაპ-შხლუპ, კროლი, ბრესტსტროკი.
- არავითარი ცურვა.
- კარგი, - უთხრა კაცმა. წამითაც არ უფიქრია, რომ მართლაც იცურავებდნენ.
- ანგარიში, თუ შეიძლება.
როცა ელოდებოდა, სველ ბეტონს ისევ ქვიშრობამდე გააყოლა თვალი. ახლახან სანაპიროს ერთ-ერთი ქოხი ოცი ათასად გაიყიდა. თუ ოცდაათად? სადღაც იქით, სამხრეთ სანაპიროზე. სახლების ფასები სულ უფრო იზრდება, ბაზარს ცეცხლი მოეკიდა - ასე წერდნენ გაზეთებში. ეს ქვეყნის ამ ნაწილსაც ეხებოდა, როგორც იმ ქონებას, რომლითაც ვაჭრობდა. აქაური ბაზარი დიდი ხნის წინ აღმოჩნდა ქვედა ნიშნულზე, გაყიდვების გრაფიკული მაჩვენებელი ზღვასავით ჰორიზონტალური გახდა. მოხუცები დაიხოცნენ, მას კი რა დარჩენოდა - მათი ბინები თუ სახლები იმ ხალხისთვის უნდა მიეყიდა, რომლებიც იქ თავის დროზე მოხუცდებოდნენ და მერე სულს განუტევებდნენ. ძირითადად ასე ვაჭრობდა. ეს ქალაქი სულაც არ იყო თვალშისაცემად გამორჩეული. არც არასდროს ყოფილა. ლონდონელებს უფრო ძვირადღირებული ადგილებისკენ მიუწევდათ გული. ჰოდა, უკეთესს რას ინატრებდა - განქორწინებამდე მთელი ცხოვრება ლონდონში გაატარა, ახლა კი მშვიდი სამუშაო და ნაქირავები ბინა ჰქონდა, ბავშვებსაც ყოველ მეორე შაბათ-კვირას ნახულობდა. როცა გაიზრდებიან, ისინი ალბათ აქაურობაზე ცხვირს აიბზუებენ და პატარა სნობებივით მოიქცევიან, მაგრამ ჯერჯერობით მოსწონდათ ზღვა, წყალში კენჭების სროლა, ჩიფსების ხრამუნი.
როცა მიმტანმა ანგარიში მოუტანა, კაცმა შესთავაზა:
- იქნებ აქედან გავიქცეთ და სანაპიროს ქოხში ვიცხოვროთ?
- მე არა ვფიქრობ, - უპასუხა ქალმა და თავი ისე გადააქნია, თითქოს დაიჯერა, რომ კაცი მართლაც გაქცევას გულისხმობდა. ოჰ, ეს ძველი ინგლისური იუმორი – დროა საჭირო, სანამ ყურს მიაჩვევ.
ვერნონს რამდენიმე სახლისთვის უნდა მიეხედა – მობინადრეთა გადაბარგება, რემონტი, სინესტის პრობლემები – მერე კი სანაპიროზე უნდა გაეყიდა, ასე რომ, ორი-სამი კვირა “რაით ფლეისში” არ შეუვლია. ჰედოკს მიირთმევდა მწვანე ბარდის გარნირით და გაზეთს კითხულობდა. ლინკოლნშირში ერთი ქალაქი უცებ ნახევრად პოლონური აღმოჩნდა, იმდენმა ემიგრანტმა დაიდო იქ ბინა. როგორც ამბობენ, კვირაობით ეკლესიაში უკვე ანგლიკანებზე მეტი კათოლიკე დადის, ამ აღმოსავლეთევროპელების ჩათვლით. მას მაინც ფეხებზე ეკიდა ყველაფერი. ძალიანაც მოსწონდა ის პოლონელები, რომლებსაც იცნობდა – კალატოზები, მლესავები, ელექტრიკოსები. კარგი მუშები იყვნენ, ხელმარჯვები და საქმეში გაწაფულები, მიცემულ სიტყვას არასდროს გატეხდნენ. ვერნონმა გაიფიქრა, დროა, ძველმა ბრიტანულმა სამშენებლო ბიზნესმაც გაანძრიოს ერთი ადგილიო.
იმ დღეს მზე გამოვიდა, ზღვას ირიბად ეცემოდა მისი სხივები და კაცს თვალებს სტკენდა. მარტის ბოლო იყო, გაზაფხულის პირველი ნიშნები სანაპიროს ამ ნაწილშიც იგრძნობოდა.
- ჰა, რას იტყვი, ვიცურაოთ? – ჰკითხა ვერნონმა, როცა ქალმა ანგარიში მიუტანა.
- არა, არავითარი ცურვა.
- რატომღაც მგონია, რომ პოლონელი უნდა იყო.
- ანდრეა მქვია, - უპასუხა მან.
- ჩემთვის სულ ერთია, პოლონელი ხარ თუ არა.
- ჩემთვისაც.
არშიყობა არასდროს გამოსდიოდა – იმას ვერ ამბობდა, რაც უნდა ეთქვა. განქორწინების შემდეგ კიდევ უფრო ცუდად წაუვიდა საქმე, თუ საერთოდ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო, რადგან გულს ვეღარაფერს უდებდა. სად ჰქონდა გული? ამას ალბათ ოდესმე გაიგებდა. დღეს კი არშიყობაზე უნდა ეფიქრა. კარგად იცოდა, როგორი თვალით გიყურებს ქალი, როცა რაღაცას არასწორად აკეთებ. მის მზერაში იკითხება: ციდან ჩამოვარდა ეს კაცი? ყოველ შემთხვევაში, ამ საქმეს ორი ადამიანი სჭირდება. იქნებ დაბერდა კიდეც ამისთვის. ოცდაჩვიდმეტი წლისაა, ორი შვილი ჰყავს: გარი - რვა წლის და მელანი – ხუთის. აი, რას დაწერდნენ გაზეთებში, თუ ერთ დილას სანაპიროდან მისი კვალი სამუდამოდ გაქრებოდა.
- უძრავი ქონების აგენტი ვარ, - უთხრა მან. აი, კიდევ ერთი რამ, რაც ხელს უშლიდა არშიყობისას.
- ეს რა არის?
- სახლებს ვყიდულობ და ვყიდი. ბინებსაც. და ვაქირავებთ კიდეც: ოთახებს, ბინებს, სახლებს.
- საინტერესო საქმეა?
- ჯიბის ფულს ვშოულობ.
- ყველას გვჭირდება ჯიბის ფული.
უცებ გაიფიქრა: არა, არც შენ გამოგდის არშიყობა. ალბათ მშობლიურ ენაზე არშიყობ კიდეც, მაგრამ ინგლისურად ვერაფერსაც ვერ ახერხებ, ჰოდა, ერთ დღეში ვართ. და ფიქრი განაგრძო: ჯანიანი ქალი ჩანს. იქნებ სწორედ ჯანიანი ვინმე მინდა. ასაკითაც, მგონი, ჩემხელა უნდა იყოს. მაინც ფეხებზე ეკიდა ყველაფერი. არც აპირებდა, რომ მისთვის ეკითხა.
სთხოვა, სადმე გავისეირნოთო. იმ ქალაქში “სასეირნო” ადგილების საკმაოდ მცირე არჩევანი იყო. კინოთეატრი, რამდენიმე ბარი და ერთი-ორი რესტორანი იმის გარდა, სადაც ეს ქალი მუშაობდა. გარდა ამისა, ბინგოც გაეხსნათ იმ მოხუცებისთვის, რომელთა ბინებიც მას უნდა გაეყიდა, როცა დაიხოცებოდნენ და კლუბი, სადაც ერთთავად დაბნეული როკერები დაბორიალებდნენ. ეს ბიჭები პარასკევ ღამით კოლჩესტერში მიდიოდნენ და იმდენ წამალს ყიდულობდნენ, რომ მთელი შაბათ-კვირა ჰყოფნოდათ. გადაწვავდნენ სანაპიროს ქოხებს, აბა, რა.
თავიდან ქალი იმ თვისებების გამო მოეწონა, რომლებიც მასში ვერ იპოვა. ის არ იყო კეკლუცი. არ იყო ენაჭარტალა. არ იყო თავისნათქვამა. სულაც არ აწუხებდა, რომ კაცი უძრავი ქონების აგენტად მუშაობდა, ცოლს გაშორებოდა და ორი შვილი ჰყავდა. ადრე სხვა ქალები თვალს შეავლებდნენ თუ არა, მაშინვე უარით ისტუმრებდნენ. ჰოდა, ჩათვალა, რომ მათ ის ტიპები უფრო იზიდავთ, რომლებიც ჯერ კიდევ ოჯახს ინარჩუნებენ, როგორი დედანათრევიც არ უნდა იყოს ეს ოჯახი, ვიდრე ისინი, ვინც უღელიდან თავის გამოხსნა მოახერხა. რა საკვირველია, მართლაც ასე იყო. თუმცა ანდრეას არაფერი ანაღვლებდა. ბევრ კითხვას არ სვამდა. არც პასუხების გაცემა უყვარდა. როცა პირველად აკოცა, უნდოდა ეკითხა, მართლა პოლონელი ხარ თუ არაო, მაგრამ გადაავიწყდა.
კაცმა შესთავაზა, ჩემთან წავიდეთო და უარი მიიღო. ანდრეა დაპირდა, სხვა დროს გამოგყვებიო. ვერნონმა რამდენიმე მშფოთვარე დღე გაატარა, ინტერესით კვდებოდა, ნეტა როგორი იქნება ვიღაც ახალთან დაწოლა ამდენი ხნის მერეო. სანაპიროზე თხუთმეტი მილი გაიარა, რათა პრეზერვატივები იქ ეყიდა, სადაც არავინ იცნობდა. კი არ რცხვენოდა ან ეუხერხულებოდა, უბრალოდ, არ უნდოდა, ვინმეს მის საქმეში ცხვირი ჩაეყო.
- მშვენიერი ბინაა.
- ჰო, თუ უძრავი ქონების აგენტმა მისთვის შესაფერისი ბინა ვერ მონახა, დაღუპულა ქვეყანა და ეგ არის.
ქალს საღამური ნივთებით სავსე ჩანთა წამოეღო. ტანსაცმელი სააბაზანოში გაიხადა და იქიდან ღამის პერანგით გამოვიდა. საწოლში ჩაწვნენ თუ არა, კაცმა შუქი ჩააქრო. ქალი მასთან თავს ძალიან დაძაბულად გრძნობდა. ვერნონი უფრო საკუთარ თავთან იყო დაძაბული.
- თუ გინდა, უბრალოდ ჩამეხუტე, - შესთავაზა მან.
- რა არის ჩამეხუტე?
კაცმა აჩვენა, რაც იყო.
- ჩამეხუტე სექსი არ არის?
- არა, ჩახუტება სექსი არ არის.
- კარგი, ჩახუტება იყოს.
მერე დამშვიდდნენ და ქალს მალევე ჩაეძინა.
მომდევნო ჯერზე, კოცნა-კოცნაში კაცმა ისევ გაიხსენა პრეზერვატივთან ბრძოლის ზეთოვანი პერიპეტიები. იცოდა, უნდა გადმოებრუნებინა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ წინდასავით მოუქნელად იცვამდა, თავზე უთავბოლოდ ექაჩებოდა. დიდი ვერაფერი შვება იყო ამის სიბნელეში კეთება. ქალს ხმა არ ამოუღია, არც უხერხულად ჩაუხველებია. ბოლოს, როგორც იქნა, მისთვისაც მოიცალეს. ქალმა ღამის პერანგი გაიხადა და კაცი ზემოდან მოექცა. ტვინის ერთი მხარე ვნებასა თუ დაუფლების ჟინს აევსო, მეორე კი სრულიად გამოცარიელებული ჰქონდა, თითქოს უკვირდა, ამას რას ვაკეთებო. იმ დროს ქალზე ბევრი არ უფიქრია. ჯერ საკუთარი თავი უნდა იპოვო, მერე კი სხვის პოვნასაც შეძლებ.
- მოგეწონა? – ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
- ჰო, მომეწონა.
ვერნონმა სიბნელეში გაიცინა.
- დამცინი? შენ არ მოგეწონა?
- ანდრეა, - უპასუხა კაცმა, - ყველაფერი კარგად არის, არავინ დაგცინის. არავის მივცემ შენი დაცინვის უფლებას.
როცა ქალს ჩაეძინა, ვერნონმა გაიფიქრა: “ცხოვრებას ორივე თავიდან ვიწყებთ. არ ვიცი, წარსულში რა გადახდა, მაგრამ იქნებ ორივე ყველაფერს სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ და ეს კარგია. ყველაფერი მართლაც კარგად არის”.
მომდევნო ღამეს ქალი უფრო დამშვიდებული იყო და მას მჭიდროდ შემოაჭდო ფეხები. კაცი ვერ მიხვდა, იმანაც გაათავა თუ არა.
- კაი ღონიერი ხარ, - უთხრა ცოტა ხანში.
- ღონიერი ცუდია?
- არა, სულაც არა. ღონიერი კარგია.
თუმცა ამის შემდეგ შენიშნა, რომ ქალი ფეხებს ისე მაგრად აღარ უჭერდა. არც მკერდზე მოფერება მოსწონდა. არა, მთლად ასეც არ იყო. დიდად არ ანაღვლებდა, მოეფერებოდნენ თუ არა. ან, უფრო სწორად, თუ კაცს უნდოდა, ყველაფრის უფლება ჰქონდა, მაგრამ ამით მხოლოდ თვითონ ერთობოდა. ვერნონს, რატომღაც, ასეთი შთაბეჭდილება დარჩა. და ვინ თქვა, რომ წყვილმა ყველა წვრილმანი უმალვე უნდა განიხილოს?
მას მართლაც უხაროდა, რომ არშიყობა არცერთს არ გამოსდიოდა. არშიყობა თავისებური თვალთმაქცობაა, ანდრეა კი ყველაფერს პირში ეუბნებოდა. ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ რასაც იტყოდა, ასრულებდა. როცა სთხოვდა, სადაც სთხოვდა, იქ ხვდებოდა და იდგა ასე, ვერნონის ძებნაში გართული, თვალებზე ჩამოშლილ თმას ისწორებდა, ჩანთა იმაზე უფრო მაგრად ეჭირა, ვიდრე ამ ქალაქში იყო საჭირო.
- პოლონელი კალატოზივით სანდო ხარ, - უთხრა ერთხელ კაცმა.
- ეს კარგია?
- ეს ძალიან კარგია.
- ინგლისური გამოთქმაა?
- უკვე - კი.
ქალმა სთხოვა, როცა ინგლისურად საუბრისას შეცდომას დავუშვებ, შემისწორეო. მანაც ურჩია, სადაც “არ ვფიქრობ”-ს ამბობ, “არა მგონია” თქვიო, მაგრამ სინამდვილეში ძალიანაც მოსწონდა მისი ლაპარაკი. ყოველთვის ხვდებოდა, რასაც ის ეუბნებოდა და გაუმართავი ფრაზებიც მის ნაწილად მიაჩნდა. იქნებ არც სურდა, რომ ანდრეა ინგლისელი ქალებივით ამეტყველებულიყო, თუ ოდესმე მათსავით მოიქცეოდა – ჰო, იმ ერთი ინგლისელი ქალივით. ყოველ შემთხვევაში, მასწავლებლის როლის თამაში ნამდვილად არ უნდოდა.
საწოლში ყველაფერი ძველებურად იყო. კაცი ფიქრობდა, ისეა, როგორც უნდა იყოსო. ქალი ყოველთვის ღამის პერანგით წვებოდა, რაც ალბათ მის კათოლიკობაზე მიანიშნებდა, თუმცა კი ეკლესიაში წასვლა ერთხელაც არ უხსენებია. თუკი ვერნონი სთხოვდა, ასე და ასე გამიკეთეო, უკეთებდა და როგორც ჩანს, სიამოვნებითაც, თუმცა თვითონ მსგავსსაც არაფერს ითხოვდა - თითქოს ისიც კი არ მოსწონდა, როცა ქვემოთ ხელს დიდხანს უფათურებდნენ. მაგრამ კაცს არც ეს აწუხებდა: ანდრეას უფლება ჰქონდა, ყოფილიყო ის, ვინც იყო.
ვერნონს თავისთან არ პატიჟებდა. როცა სახლამდე მანქანით მიიყვანდა, ქალი უკვე ბეტონის ბილიკზე გარბოდა, სანამ კაცი ხელის მუხრუჭს მიაგნებდა. თუ წამოსაყვანად გაუვლიდა, გარეთ ხვდებოდა, ქუჩაში იდგა და ელოდებოდა. თავიდან ძალიან მოსწონდა ეს ამბავი, მერე კი ცოტა უცნაურად მოეჩვენა და სთხოვა, მაჩვენე ერთი, სად ცხოვრობო. მხოლოდ თვალის შევლება უნდოდა, რათა იოლად წარმოედგინა, სად იყო ეს ქალი, როცა მასთან არ იმყოფებოდა. სახლში შებრუნდნენ – ოცდაათიანი წლების ერთოთახიანი, გარედან დამტვრეული ქვით მოლამაზებული, მრავალბინიანი ეზო, ფანჯრებზე ლითონის ჩარჩოები, საზიზღრად რომ ჟანგდება – ქალმა კარი გააღო. კაცმა პროფესიონალის თვალით შეაფასა კვადრატული მეტრები, ავეჯი და ალბათ ქირის ოდენობაც. მის მოსიყვარულე თვალში პატარა კომოდი მოხვდა, პლასტმასისჩარჩოიანი ფოტოებით და ღვთისმშობლის ხატით. ერთი საწოლი, ონკანი და ციცქნა ნიჟარა, გადასაგდები მიკროტალღოვანი ღუმელი, პაწია ტელევიზორი და სურათებიან საკიდზე ჩამოკონწიალებული ტანსაცმელი. რაღაცნაირად შეძრა იმ ამბავმა, რომ ქალის ცხოვრება ასეთი სახით გადაეშალა თვალწინ რამდენიმე წუთში, სანამ გარეთ გამოვიდოდნენ. მოულოდნელი განცდის დასაფარავად ვერნონმა თქვა:
- ორმოცდათხუთმეტზე მეტს არ უნდა იხდიდე. ამას სხვა გადასახადებიც დაუმატე. ამ ფასად უფრო დიდ ბინას გიშოვი.
- ასე იყოს.
გაზაფხულიც მოვიდა და მათ მანქანით გაისეირნეს. საფოლკში წავიდნენ, ნაღდი ინგლისური რამე-რუმეები შეათვალიერეს: შუასაუკუნეებში ჰიდროიზოლაციური ფენის გარეშე აშენებული ხის სახლები, ჩალის სახურავები, მოზრდილ თანხად რომ უნდა დაგეზღვია. სოფლურ სიმწვანეში შეჩერდნენ და კაცი ხის სკამზე ჩამოჯდა, რომლის სიახლოვესაც პატარა ტბა იყო, მაგრამ ქალს არაფრის გაგონება არ სურდა. ჰოდა, ისხდნენ და ცურვის ნაცვლად, ეკლესიას უყურებდნენ. ვერნონს იმედი ჰქონდა, რომ იმის ახსნას არ მოსთხოვდნენ, რა განსხვავება იყო ანგლიკანებსა და კათოლიკეებს შორის, ან მთელს ისტორიას თავიდან ბოლომდე არ მოაყოლებდნენ. ვთქვათ, ჰენრი მეშვიდეს ამბავს, რომელსაც კიდევ ერთი ცოლის შერთვა მოუნდა. მეფური სირი. არა, ყველაფერი მაინც სექსს უკავშირდება, თუ საკმაოდ ახლოდან დააკვირდები. თუმცა ქალს არაფერი უკითხავს.
ის თანდათან მიეჩვია ხელის გადახვევას და უფრო ხშირად უღიმოდა ხოლმე. კაცმა თავისი ბინის გასაღები მისცა. მანაც გაუბედავად დაიწყო იქ ღამის პერანგისა და ასეთი რამეების დატოვება. ერთ კვირას, სრულ სიბნელეში ვერნონმა სასთუმალთან ხელი მოაფათურა, პრეზერვატივების კოლოფი კი ცარიელი დახვდა. შეიგინა და იძულებული გახდა, მიზეზიც აეხსნა.
- ყველაფერი კარგადაა.
- არა, ანდრეა. ყველაფერი კარგად კი არა, აუტანლადაა. სულაც არ მინდა, რომ დაგაორსულო.
- არ ვფიქრობ. არავითარი ორსულობა. ყველაფერი კარგადაა.
კაცი ენდო. მოგვიანებით, როცა ქალს ეძინა, დაფიქრდა, ნეტა ზუსტად რას გულისხმობდაო. იმას ხომ არა, რომ ბავშვები არასდროს გაუჩნდებოდა? ან იქნებ იმას, რომ ჩასახვისსაწინააღმდეგო აბებს სვამდა, ორმაგი დაზღვევისთვის? თუ ასეა, მაშინ ღვთისმშობელი რაღას იტყოდა ამ ყველაფერზე? იმედი დავიტოვოთ, რომ ციკლის გამოთვლის მეთოდს არ ენდობა, გაუელვა თავში. როგორც წესი, მარცხი სრულიად გარანტირებულია და დარჩები რომის პაპივით გაღიმებული.
დრო გადიოდა. ქალმა გარი და მელანი გაიცნო. ისინიც ძალიან დაუახლოვდნენ. ბავშვებს არ ეუბნებოდა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ. რაც არ უნდა ეთქვათ, თავს უქნევდა. მათ ისეთი შეკითხვები დაუსვეს, კაცი რომ ვერასდროს გაუბედავდა, ან სიფრთხილის გამო ვერ დაუსვამდა.
- ანდრეა, გათხოვილი ხარ?
- შეიძლება, რამდენსაც გვინდა, ტელევიზორს იმდენ ხანს ვუყუროთ?
- გათხოვილი ხარ?
- თუ სამ ცალს შევჭამ, ავად გავხდები?
- რატომ არა ხარ გათხოვილი?
- რამდენი წლის ხარ?
- რომელ გუნდს გულშემატკივრობ?
- შვილები გყავს?
- ტუალეტში წამიყვან?
- შენ და მამაჩემი უნდა დაქორწინდეთ?
ზოგიერთი შეკითხვის პასუხი გაიგო. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქალის მსგავსად, ანდრეა ასაკს არ ამხელდა. ერთხელ კი, როცა კაცმა შვილები ისევ ლონდონში დააბრუნა და სექსის თავი აღარ ჰქონდა, როგორც ასეთ დროს ხდებოდა ხოლმე, ღამით, სრულ სიბნელეში ჰკითხა:
- როგორ გგონია, შეიძლება შეგიყვარდე?
- ჰო, ვფიქრობ, მეყვარებოდი.
- შეგიყვარდე თუ გეყვარებოდი?
- რა განსხვავებაა?
კაცმა ხმა არ გასცა.
- არც არანაირი განსახვავება არ არის. მეც ასე ვარ. ორივეზე გეთანხმები. ყველაფერზე თანახმა ვარ, რასაც ჩემთვის გამოიმეტებ.
არ იცოდა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი – რაც მერე მოხდა. ნუთუ იმან უბიძგა, რომ ეს ქალი ნელ-ნელა უყვარდებოდა, თუ იმან, რომ სინამდვილეში მისგან არც არაფერი უნდოდა? იქნებ უნდოდა, მაგრამ ეშინოდა? ან გულის სიღრმეში, ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაფლავდებოდა? როგორც მისმა ცოლმა – ყოფილმა ცოლმა – უთხრა ერთ დილით, როცა საუზმობდნენ:
- მისმინე, ვერნონ, სულაც არ მეზიზღები, ნამდვილად არა. უბრალოდ, შენთან ცხოვრება აღარ შემიძლია, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერს აფლავებ.
ეს შეფასება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. მართალია, ძილში ხვრინავდა და ტანსაცმელს სადაც გაიხდიდა, იქვე ყრიდა, ტელევიზორში კი უამრავ სპორტულ გადაცემას უყურებდა, მაგრამ შინ ხომ დროზე ბრუნდებოდა, ბავშვები უყვარდა, სხვა ქალებს არ დასდევდა. ზოგიერთის თვალში კი, სწორედ ეს იქნებოდა ჩაფლავება.
- შეიძლება რაღაც გკითხო?
- აბა რა.
- “აბა რას” ამერიკელები ამბობენ, ინგლისში “ჰოს” ვამბობთ ხოლმე.
ქალმა ისე შეხედა, თითქოს ეუბნებოდა, ახლა რატომღა მისწორებ ინგლისურსო.
- ჰო, - გაიმეორა მან.
- პრეზერვატივი რომ არ მქონდა და შენ მითხარი, ყველაფერი კარგადააო, რა იგულისხმე, იმ ღამეს იყო ასე თუ ყოველთვის?
- ყოველთვის.
- ფუ, შენი, იცი რა ღირს ოციანი შეკვრა?
ეს არ უნდა ეთქვა, თვითონვე მიხვდა. ღმერთო, იქნებ ამ ქალს რაღაც საშინელი აბორტი ჰქონდა გადატანილი, ან ვინმემ გააუპატიურა, ან რამე ასეთი შეემთხვა.
- ბავშვის გაჩენა არ შეგიძლია?
- არა, არ გამიჩნდება. გეზიზღები?
- აბა, რას ამბობ, ანდრეა, - კაცმა ხელი მოჰკიდა, - მე ხომ ორი შვილი მყავს. მთავარია, შენ იყო კარგად.
ქალმა მუხლებზე დაიხედა.
- არა, კარგად არა ვარ. ძალიან უბედური ვარ ამის გამო.
- მოიცა, შეიძლება... რა ვიცი, იქნებ ექიმთან წავსულიყავით. ამ საქმის სპეციალისტთან.
ეგონა, რომ სპეციალისტები ამაში უკეთესად გაერკვეოდნენ.
- არა, არანაირი სპეციალისტი. არავითარი სპეციალისტი.
- კარგი, არავითარი სპეციალისტი.
კაცმა გაიფიქრა: “იქნებ შვილი აგვეყვანა? მაგრამ როგორ უნდა გავზარდო, ჩემი ყოველთვიური გასავალის ფონზე?”
პრეზერვატივებს აღარ ყიდულობდა. შეკითხვებს ისე ტაქტიანად უსვამდა, როგორც შეეძლო. თუმცა ტაქტიც არშიყობის ნიჭივითაა: ან გაქვს, ან არა. არა, მთლად ასეც არ არის. ტაქტიანად მოქცევა გაცილებით იოლია, როცა დიდად არ განაღვლებს, რამეს გაიგებ თუ არა - ძნელია მაშინ, თუ ეს მართლაც გაღელვებს.
- რატომ მისვამ ამ შეკითხვებს?
- შეკითხვებს გისვამ?
- ჰო, მგონი.
- ბოდიში.
თუმცა მხოლოდ იმაზე დარდობდა, რომ ქალმა ეს შენიშნა. კიდევ იმის გამოც, რომ ვერ შეჩერდებოდა. ამას ვერ შეძლებდა. როცა დაახლოვდნენ, პირველ ხანებში მოსწონდა კიდეც ის ფაქტი, რომ მის შესახებ არაფერი იცოდა. ეს ბევრ რამეს ცვლიდა, მეტი ხალისი შემოჰქონდა ურთიერთობაში. თანდათან ანდრეამ ყველაფერი გაიგო მის შესახებ, თვითონ კი ვერაფერიც ვერ შეიტყო ამ ქალზე. და რატომ არ უნდა გააგრძელონ ასე? “იმიტომ რომ ყველაფერს აფლავებ”, - დაიჩურჩულა მისმა ცოლმა, ყოფილმა ცოლმა. არა, ამას ვერ შეეგუებოდა. თუ ვინმე გიყვარს, ძალიან გინდა, რამე მაინც გაიგო. კარგი, ცუდი, უმნიშვნელო. მაინცდამაინც ცუდ ამბებს კი არ ელოდები. აი, ასეა, როცა ვინმე შეგიყვარდება, გაიფიქრა ვერნონმა. ან გგონია, რომ შეგიყვარდა. ყოველ შემთხვევაში, ანდრეა კარგი ადამიანი იყო – ამაში ეჭვი არ ეპარებოდა. მაშ, რა დაშავდებოდა, თუ კარგ ადამიანზე რაღაც-რაღაცებს ფარულად შეიტყობდა?
“რაით ფლეისში” კაცს ყველა იცნობდა: მენეჯერი - მისის რიჯუელი, მეორე მიმტანი - ჯილი და ბებერი ჰერბერტი, რომელიც ამ რესტორნის მფლობელი ბრძანდებოდა, მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ შემოივლიდა, როცა უფასოდ წახემსება მოუნდებოდა. ვერნონმა დრო შეარჩია - ლანჩის დასაწყისი, დახლს ჩაუარა და ტუალეტისკენ წავიდა. ოთახი, რომლის დიდი ნაწილიც ჭურჭლის კარადას ეკავა და სადაც თანამშრომლები თავის პალტოებსა და ჩანთებს ტოვებდნენ, კაცების ტუალეტის პირისპირ მდებარეობდა. ვერნონი შეიპარა, ანდრეას ჩანთა იპოვა, გასაღები ამოიღო და უკან ხელების ქნევით დაბრუნდა, თითქოს უნდოდა ეთქვა, ეს ძველისძველი გრუხუნა ხელსაშრობი კაცს ბოლოს მოუღებსო.
ანდრეას თვალი ჩაუკრა, მერე კი რკინეულობის მაღაზიისკენ გაემართა, სადაც იმ კლიენტებზე იწუწუნა, ერთი გასაღების იმედად რომ დადიან. ცოტა ხანს იხეტიალა, ახალი გასაღები აიღო, “რაით ფლეისში” დაბრუნდა და იმის სათქმელად მოემზადა, გრილმა ამინდმა ჩემს შარდის ბუშტს დედა უტირაო, თუმცა არაფრის თქმა არ დასჭირვებია, ქალს გასაღები ჩანთაში ჩაუდო და კაპუჩინოც შეუკვეთა.
პირველად იქ რომ მივიდა, ისეთი სუსხიანი შუადღე იყო, როცა გამვლელების შესათვალიერებლად არავის სცალია. საწვიმარ ლაბადაში გახვეული ტიპი ბეტონის ბილიკს მიუყვება და წინკართან ჩერდება, რომლის დიდი ნაწილიც გაუმჭვირვალე მინისაა. შიგნით კიდევ ერთი კარი ხვდება. მასაც აღებს. მერე საწოლზე ჯდება, უცებ დგება, ჩაზნექილ ლოგინს ასწორებს, მობრუნდება, ხედავს, რომ სინამდვილეში ეს მიკროტალღოვანი ღუმელი სულაც არ ყოფილა გადასაგდები. ხელს ბალიშის ქვეშ ჰყოფს, იქ ქალის ღამის პერანგი ხვდება. იმ ტანსაცმელს უყურებს, სურათებიან საკიდზე რომ ჩამოკონწიალებულა, ხელს უსვამს კაბას, რომელიც ქალს აქამდე არ სცმია, ფრთხილად იქცევა - ცალი თვალითაც არ იხედება პატარა კომოდზე გამწკრივებული სურათებისკენ, სახლიდან გამოდის და კარს კეტავს. ცუდი არაფერი მომხდარა, არა?
მეორედ რომ მივიდა, ყურადღებით დაათვალიერა ღვთისმშობლის ხატი და ხუთი-ექვსი სურათი. ხელში არაფერი აუღია, ჩაიცუცქა და პლასტმასის ჩარჩოში ჩასმულ ფოტოებს ისე უყურებდა. ალბათ დედამისია, გაიფიქრა მან, როცა ქიმიურად დახვეული თმა და დიდი სათვალე შენიშნა. აი, პატარა ანდრეაც, ერთიანად ქერა და ჩამრგვალებული. ნეტა ეს ძმაა თუ შეყვარებული? აი, ვიღაცის დაბადების დღეც, სადაც იმდენი სახე ირევა, რომ ვერაფრით გაარჩევ, ვინ ვინ არის. კიდევ ერთხელ დააკვირდა ექვსი თუ შვიდი წლის ანდრეას, რომელიც მელანიზე სულ ოდნავ დიდი იქნებოდა და თავში მკაფიოდ ჩაბეჭდილი სურათის ასლი შინ წაიღო.
მესამე მისვლაზე ზედა უჯრა გამოსწია. ის კი რატომღაც გაიჭედა და ანდრეას დედიკომ ქვემოთ ისკუპა. აქ ძირითადად ქვედა საცვლები იდო, რომელთა უმრავლესობასაც კარგად იცნობდა. მერე ქვედა უჯრა გამოსწია, იმიტომ, რომ საიდუმლო რამეებს, ჩვეულებრივ, ამ ადგილას ინახავენ ხოლმე, მაგრამ მხოლოდ სვიტერები და ორიოდე შარფი შერჩა ხელში. შუა უჯრაში კი, პერანგების ქვეშ, სამი ნივთი აღმოაჩინა, რომლებიც საწოლზე იმავე თანმიმდევრობით დაალაგა და ზუსტად იმ მანძილით დააშორა ერთმანეთს, როგორც იპოვა. მარჯვნივ მედალი იდო, შუაში – ლითონის ჩარჩოში ჩასმული ფოტო, მარცხნივ კი – პასპორტი. სურათი საცურაო აუზზე გადაეღოთ, სადაც ოთხი გოგო ერთმანეთს გადახვეოდა, კორპის ტივტივებიანი წყალგამყოფი თოკი კი წყვილებს შორის გაჭიმულიყო.
ყველანი ფოტოაპარატს უღიმოდნენ და თავზე რეზინის თეთრი დანაოჭებული ქუდები ეხურათ. ანდრეა, მარცხნიდან მეორე, მაშინვე შენიშნა. მედლის ერთ მხარეს აუზში ჩასახტომად გამზადებული მოცურავე ამოეტვიფრათ, მეორეზე კი – რაღაც გერმანული წარწერები და თარიღი: 1986. ნეტა რამდენი წლის იქნებოდა მაშინ: თვრამეტის? ოცის? პასპორტი ადასტურებდა: დაიბადა 1967 წელს, ანუ ახლა ორმოცის უნდა ყოფილიყო. ისიც ეწერა, რომ ჰალეში დაბადებულა, ასე რომ, ანდრეა გერმანელი იყო.
მეტს ვერაფერს მიაგნო - ვერც დღიურს, ვერც წერილებს, ვერც ვიბრატორს. ვერც საიდუმლო რამეებს. კაცი შეყვარებული იყო – არა, ეგონა, რომ შეყვარებული იყო – ქალზე, რომელიც ერთხელ ცურვაში მედლით დააჯილოვეს. და რა დაშავდა იმით, რომ ეს იცოდა? ანდრეა ხომ აღარ ცურავდა. ახლაღა გაახსენდა, როგორ უცნაურად აფორიაქდა ქალი, როცა გარიმ და მელანიმ წყალთან მისი მიყვანა და გაწუწვა სცადეს. იქნებ იმ დროის გახსენება არ უნდოდა? ან იქნებ სულ სხვადასხვა რამეა: შეჯიბრებაზე აუზში ცურვა და ზღვის სიღრმეში ჩაყვინთვა? როგორც ბალერინებს არ სურთ ხოლმე, რომ ისე იცეკვონ, ყველა რომ ცეკვავს.
იმ საღამოს, შეხვედრის დროს, კაცი საკმაოდ მხიარული ჩანდა, ცოტა წაისულელებდა კიდეც. ქალმა თითქოს რაღაც იგრძნო. ვერნონმა თავი მოთოკა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ნაცნობი განცდა დაეუფლა. ყოველ შემთხვევაში, თითქმის ნაცნობი. გოგოებში სიარულის დაწყებისას აღმოაჩინა, რომ იყო წუთები, როცა გონებაში გაუელვებდა, საერთოდ ვერაფერს ვხვდებიო. მაგალითად, მეორე შეყვარებულთან, კარენთან: ერთად დარბოდნენ, უდარდელად ერთობოდნენ, როცა გოგომ ჰკითხა:
- აბა, საით მივდივართ?
თითქოს მხოლოდ ორი გზა იყო: ზემოთ საკურთხევლისკენ, ან ქვემოთ – ბაღის ბილიკისკენ. სხვა დროს, სხვა ქალებისთვის რაღაც უთქვამს, სულ უბრალო რამე და შხლუპ - უკვე ღრმა წყალში აღმოჩენილა.
საწოლში იწვნენ. ღამის პერანგის დახვეული ბოლო ანდრეას წელზე სქელ სარტყელად ედო და მუცელზე ეხებოდა კაცს, რომელიც სრულიად მისჩვეოდა ამ ამბავს. ის იყო, ხელი მოუფათურა, რომ ქალმა ფეხები გადაშალა და მას მჭიდროდ შემოხვია - თხილისსამტვრევივით, გაიფიქრა ვერნონმა.
- ჰოოო... მოცურავის კაი ღონიერი ფეხები გაქვს.
ხმა არ გაუცია, მაგრამ კაცი მიხვდა, რომ მან გაიგონა. ხელების ფათური გააგრძელა, თუმცა ანდრეას სხეული ეუბნებოდა, გონება სხვაგან უქრისო. მერე ზურგზე იწვნენ და ის რაღაც სისულელეებს ამბობდა, მაგრამ ქალი ვერაფერს ხვდებოდა. “ჰო, კარგი, ხვალ სამუშაო დღეა”, - გაიფიქრა მან და დაიძინა.
როცა საღამოს “რაით ფლეისში” გაუარა, მისის რიჯუელმა უთხრა, ანდრეამ გაგვაფრთხილა, ავად ვარ და ვერ მოვალო. კაცმა მობილურზე დაურეკა, მაგრამ მის ზარს არავინ პასუხობდა, ადგა და ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. მერე შინ მიაკითხა, კარზე დიდხანს რეკა. რამდენიმე საათს მოითმინა, ისევ დაურეკა, კარზეც ისევ მოსინჯა ზარი, მერე კი სახლში შევიდა.
ოთახი სრულიად სუფთა და ცარიელი დახვდა. სურათებიან საკიდზე ტანსაცმელი აღარ ეკიდა, ფოტოებიც აღარ ეწყო პატარა კომოდზე. კაცმა რატომღაც მიკროტალღოვანი ღუმელი გამოაღო და შიგნით შეიხედა. იქ მხოლოდ მრგვალი თეფში დაინახა. საწოლზე ორი კონვერტი იდო, ერთი - სახლის პატრონისთვის, მეორე კი მისის რიჯუელისთვის. მისთვის არაფერი დაეტოვებინათ.
მისის რიჯუელმა ჰკითხა, ხომ არ წაიჩხუბეთო.
- არა, - უპასუხა მან, - არასდროს ვჩხუბობდით.
- რა კარგი გოგო იყო, - თქვა მენეჯერმა, - ისეთი სანდო.
- პოლონელი კალატოზივით.
- იმედია, მისთვის ეს არ გითქვამთ. აბა, რა გამოთქმაა. თან არა მგონია, რომ პოლონელი ყოფილიყო.
- არა, არც ყოფილა, – კაცმა ზღვას გახედა.
- უუერალი, - ჩაიბუტბუტა.
- რა თქვით?
Mსადგურში მიდიხარ და გაუჩინარებული ქალის ფოტოს მოლარეს აჩვენებ, ვინც მის სახეს იხსენებს და გეუბნება, თუ რა მიმართულებით გაემგზავრა. აი, ასე ხდება ფილმებში. მაგრამ უახლოესი სადგური ოცი მილის მოშორებითაა და იქ არც ბილეთების სალაროა. ავტომატი დგას, რომელშიც ფულს ჩააგდებ, ან პლასტიკურ ბარათს გაატარებ. კაცს მისი სურათიც კი არა აქვს. ისინი ხომ არასდროს მოქცეულან სხვა წყვილების მსგავსად: ფოტო-კაბინაში რომ შეიჭედებიან, გოგო კაცის მუხლებზე მოკალათდება, ორივენი საშინლად სასაცილოები და ფოკუსიდან ამოვარდნილები არიან. ალბათ ამისთვის საკმაოდ დიდები იყვნენ.
შინ დაბრუნებულმა “Google”-ში ანდრეა მორგენის მოძებნა სცადა და შედეგად 497 000 გვერდი იპოვა. მერე ეს სახელი ბრჭყალებში ჩასვა და მათი რიცხვი 3 093-მდე შემცირდა. ხომ არ სურდა მის ნაცვლად ანდრეა მორგანი მოეძებნა? არა, სხვისი მოძებნა ნამდვილად არ უნდოდა. გვერდების უმრავლესობა გერმანულ ენაზე იყო და ის უთავბოლოდ დაბორიალებდა წინ და უკან. სკოლაში უცხო ენების სწავლა ეზარებოდა, აქამდე არც დასჭირვებია რომელიმე. უცებ ერთმა აზრმა გაუელვა. ონლაინ-ლექსიკონი მონახა და “მოცურავეს” გერმანული შესატყვისი იპოვა. სხვადასხვა სიტყვა იყო, იმის მიხედვით, ქალი იგულისხმებოდა თუ კაცი. მან აკრიფა: “ანდრეა მორგენ” და “შვიმერინ”.
რვა გვერდი მოიძებნა, ყველა გერმანულ ენაზე. ორ მათგანზე საგაზეთო სტატია იყო განთავსებული, ერთზე კი ოფიციალური განცხადება ეწერა. აქ მისი ფოტოც ჩანდა. სწორედ ის სურათი, უჯრაში რომ იპოვა: აი, ისიც, მარცხნიდან მეორე, ჯგუფელებთან ხელგადახვეული, დიდი ნაოჭებით თეთრ საცურაო ქუდზე. კაცი შეყოვნდა, მერე კი გვერდის თარგმნის ბრძანება მისცა. მოგვიანებით სხვა გვერდებიც გახსნა, უკვე ინგლისურ ენაზე.
გაიფიქრა, აბა, საიდან უნდა მცოდნოდაო. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბევრი არაფერი გაეგებოდა და არც პოლიტიკა აინტერესებდა. თუმცა ბოლოს მაინც გაიგო და დაინტერესდა კიდეც, ხოლო როცა “რაით ფლეისში” ფანჯარასთან მიდგმული მაგიდიდან ზღვას გახედა, ანდრეა უკვე ნელ-ნელა ფერმკრთალდებოდა მის მეხსიერებაში.
ჰალე იქ იყო, რასაც ადრე აღმოსავლეთ გერმანიას უწოდებდნენ. იმ ქვეყანაში სახელმწიფო გაწვევის გეგმა არსებობდა. როგორც კი გოგოებს თერთმეტი წელი შეუსრულდებოდათ, საუკეთესოებს არჩევდნენ – იმ პატარა ჩამრგვალებულ გოგონაზე მხოლოდ ოთხი წლით უფროსებს, ფოტოზე რომ ნახა. ვერნონმა სცადა, ქალის ცხოვრება წარმოედგინა. მისი მშობლები ხელს მოაწერდნენ ხელშეკრულებას, ალბათ რაღაც საიდუმლო საბუთსაც. ანდრეა ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლაში ჩაირიცხებოდა, მერე კი – აღმოსავლეთ ბერლინის სპორტულ კლუბ “დინამოში”. მას სასკოლო საგნებსაც ასწავლიდნენ, მაგრამ ძირითადად ცურვაში ამეცადინებდენ. “დინამოს” წევრობა დიდ პატივად ითვლებოდა: აი, რატომ წამოვიდოდა სახლიდან. ყურის ბიბილოდან სისხლს აუღებდნენ იმის შესამოწმებლად, სრულიად ჯანმრთელი იყო თუ არა. მერე ორნაირ აბებს მისცემდნენ: ცისფერებსა და ვარდისფერებს. ეტყოდნენ, ვიტამინებიაო. მოგვიანებით ნემსებსაც გაუკეთებდნენ – უფრო მეტ ვიტამინებს. სინამდვილეში კი, ეს ტესტოსტერონი და ანაბოლიკური სტეროიდები იქნებოდა. უარის თქმა არაფრით შეიძლებოდა. მწვრთნელების დევიზი იყო: “აბები ან სიკვდილი”. ისინი აუცილებლად დარწმუნდებოდნენ, ნამდვილად გადაყლაპა გოგომ ეს ყველაფერი თუ არა.
ის არ მომკვდარა. სულ სხვა რამ დაემართა. კუნთები გაეზარდა, მაგრამ მყესები არა, ჰოდა, ეს მყესები დაეჭიმა. უცებ საშინლად გამოაყარა, ხმა დაუბოხდა, სახე და სხეული გაუთმიანდა. ბოქვენის თმა მუცლამდე აუვიდა, ჭიპსაც კი ასცდა. სიმაღლეში აღარ იზრდებოდა, შვილოსნობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმაც იჩინა თავი. ვერნონმა ისეთი ტერმინები მოძებნა, როგორიცაა: “ვირილიზაცია” და “კლიტორის ჰიპერტროფია”, მერე გაიფიქრა, ნეტა არ მენახაო. იმის მოძებნა აღარ იყო საჭირო, თუ რას ნიშნავდა: გულის დაავადება, ღვიძლის დაავადება, საკვერცხის კისტა, მახინჯი ბავშვები, ბრმა ბავშვები.
ისინი გოგოებს წამლებით ჭყეპდნენ, რადგან ეს სასურველ შედეგს იძლეოდა. აღმოსავლეთგერმანელი მოცურავეები, განსაკუთრებით ქალები, ყველგან ოქროს მედლებს იღებდნენ. ანდრეამ ამ დონეს ვერ მიაღწია. როცა ბერლინის კედელი დაინგრა და დიდი სკანდალი ატყდა: მწვრთნელები, ექიმები, ბიუროკრატები – მომწამვლელთა მთელი ბანდა სასამართლოს წინაშე წარსდგა, მისი სახელი არც უხსენებიათ. აბებს კი სვამდა, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში არ ყოფილა. სხვებმა, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს, თუ რას უშვრებოდნენ მათ სხეულსა და გონებას, ოქროს მედლები მაინც აიღეს, ან რამდენიმე წლის მანძილზე პოპულარულები გახდნენ. ანდრეას ხელში არაფერი შერჩა, ერთადერთი მედლის გარდა, რითიც ყველასგან მივიწყებულ ჩემპიონატზე დააჯილდოვეს იმ ქვეყანაში, რომელიც აღარ არსებობდა.
ვერნონმა ბეტონის ზოლსა და ქვიშიან სანაპიროს გახედა, მერე - მორუხო ზღვასა და მის თავზე - მორუხო ცას. თითქოს სხვა ხედი არც არასდროს ყოფილა მას შემდეგ, რაც კაფეს ფანჯარასთან მიდგმულ მაგიდას აქაურები პირველად მიუსხდნენ. იმ შემთხვევის გარდა, როცა სანაპიროს ქოხმახების მწკრივი ყველას თვალში ეჩხირებოდა. მერე ვიღაცამ ისინი გადაწვა.