მაშინ თუ გაგახსენდი
მივიწყებულ ფანტივით,
როცა ღრუბლის ტალღები
ქოჩრებს შეითალხავენ,
შენს ქორწილში უთუოდ
მელის მაყრის პატივი
და უზომოდ მოვილხენთ
მე და ჩემი ბალღამი.
ამძაღებულღვინიან
ყანწებს მივეხუტები,
გულს ჩავიხსნი _ იარას,
ვერრით ვეღარმორჩენილს...
რა ვქნა, უსიყვარულოდ
სული თუ მეხუთება
და სიყვარულს ღორივით
ყელი ვერ გამოვჭერი!
თითქოს ამ ქვეყანაზე
მრჩება არც არაფერი.
გაიელვებს ღამეში
ამ სიფათის სიფითრე.
შუბლი ამელანდება
სისხლით გადანაფერი, _
ხსნაზე _ თავის მოკვლაზე _
კვლავ ამაოდ ვიფიქრებ.
ჩემზე მოშიებული
აკივლდება ზარნაშო.
მაყრიონის გზა-კვალი
როგორ გამათელინე!
ჰე, გამიშვით _ ჩამიშვით
მარტოობის ურნაში _
მაგ ნაგავში სულ ერთი
ღამე გამათევინეთ!
კარავი კი იქნება
ტიტით გადაპენტილი
და დაღლილი ტალღები
ქოჩრებს შეითალხავენ...
შენს ქორწილში უთუოდ
მელის მაყრის პატივი
და უზომოდ მოვილხენთ
მე და ჩემი ბალღამი.