მკვდრებმა დამარხონ თავის მკვდარი.
ჩვენ ვცოცხლობთ მღვრიე წუთისოფელს.
ჩვენ ვცოცხლობთ დილით მზის ამოსვლას,
ბალახის ნამს და
პურის ყანებს ზღვების გზაჯვარედინზე.
ჩვენ ვცოცხლობთ იმას,
რომ ერთხელაც აღარ ვიქნებით
და ყოველივე
არყოფნამდე განწირულია.
მკვდრებმა დამარხონ თავის მკვდარი,
შენ ნუ შეუშლი.
არც შენგან მიყრილი მიწა უნდათ,
არც შენგან დიდხანს დატირება,
თვითონ იციან ეგ წესები,
სხვა რა საქმე აქვთ _
არიან და მიმსვლელს იღებენ.
ახალმისულის დანახვაზე აიშლებიან,
ერთად შეეყუდებიან ქაფიან მკლავებში,
ერთად წააფრიალებენ მარჯვნივ და
პირდაპირ,
სულ ერთად არიან და
ამ ერთადყოფნითაც აღგვემატებიან,
სამყარო თავქვეც რომ დაკიდო,
წვეთი სული არ დასდინდებათ,
ამიტომ, აცადე,
თვითონ დამარხონ თავის მკვდარი,
შენ მე მიცოცხლე.
სანამ მაცვია დაბადება
და ჩემთან ყოველ შეხებაზე
ცისკენ იწევენ მოელვარე ატმის რტოები,
სანამ სიკვდილი შეგვიძლია
და უარყოფილ სატრფოსავით
სიკვდილს არ ვკვდებით,
სანამ სიშორეს
მკლავებით ვზომავთ და
გულის მუხლი გვედრიკება
დაღლილობისგან...
სანამ უხილავს ჯიუტად ვუმზერთ
სხეულების ჭუჭრუტანიდან
და ვხედავთ იმას,
რომ ვიღაც მიმოდის
ნამიან გზებზე
და ჩვენივე თავისგან გვმიჯნავს,
სანამ მარტოობას
იფნის ტოტივით პირწმინდად გავთლით,
რომ მერე ქარმა მიადოს ტუჩი,
რომ ქარმა რამე სიმღერა მოთქვას,
რომ ამ სიმღერამ
ჩვენი სიცოცხლე
იქამდე სრულყოს,
იქამდე სრულყოს _
ვიდრე არ მიცხოვრებ ჩემივე მკვდრებამდე
და აცდი მათ, _
კანგაცლილებმა,
უსაზღვროებმა,
ერთადყოფნის დიდი კანონით,
შენი მკვდრები თვითონ დამარხონ.