მიამბობდა მოხუცი, ოხვრითა და ხველებით,
ჩიფჩიფებდა სიბერე, როგორც ღამე ველებში.
გარედ ქარი ხაოდა გამოუცნობ ბგერებით,
ტყის ხმაური ისმოდა ბუების სიმღერებში,
ეხლაც მათმა ძახილმა გორებს გადაუარა:
"თევდორეე... თევდორე... იპოვნეო თუ _ არა??!!"
და მოხუცმა მიამბო... ო, ბევრი რამ ძალიან,
ქაჯების მონატაცმა გოგომ, ოქროს თმიანმა,
სატრფოს დაშორებულმა, შხამი როგორ დალია,
როგორ გადაარჩინა ანგელოზმა ფრთიანმა.
ხმამ ქარის მონატაცმა თავზე გადაგვიარა:
"თევდორეე... თევდორე... იპოვნეო თუ არა???!!!"
კვლავ ვუსმენდი გულდაგულ, გარედ ღამე ზმუოდა,
ბაყაყების ყიყინი მოისმოდა შორიდან,
ციმციმებდა ვარსკვლავი, თითქოს რამეს სტყუოდა,
მთვარე იმზირებოდა აყუდებულ გორიდან,
მოხუცს ძილმა მოსტაცა, მოურჩენი იარა,
ბუები კვლავ სტიროდენ: "იპოვნეო თუ არა?.."