Litclub.ge

მარტის ვარიანტი
ბოლო რიგის ბოლო სკამზე მშვიდად იჯდა პირველი,
ამხნევებდა საუკუნის კარის ნათელმხილველი.
წასასვლელად, გასაქცევად, გასაფრენად მზად იყო,
აყოვნებდა არამზადა ანუ არამზადიკო.
ალაყაფთან ჩაუსაფრდა სცილა, როგორც ქარიბდა,
სატანა და ბელზებელი დარაჯობდნენ კარებთან.
უცებ ყველა შებრუნდა და შიშმა თვალი წარტაცა
და ზურგების კედლებს შორის დაინახა ცა და ცა.
უხილავმა ყველაფერი აკრიბა და წაიღო,
არაფერი დაუტოვა, ყველგან მხოლოდ ცა იყო.
საიდანღაც უჩინარი აუხირდა ბოროტი:
- შენ ისედაც ცა გერჩია, შენ ხომ ცაში ცხოვრობდი?!
აჰა ფრთები! აჰა გზები ცათა ახალშენისა,
აწი მაინც მოისვენებთ ერთად შენ და შენი ცა!
იგრძნო ფრთები, იგრძნო სივრცე მარტის ვარიანტისა:
იყო ცა და აღარ იყო მიწა ანუ ანტიცა.