Litclub.ge

წერილი ხუმარა თურმანაულს
არაგვზე შემომეყარე,
ხუმარავ, თურმანაულო,
საცა დევების გზა გადის,
საცა ჩანჩქერი ხმაურობს,
ჯიხვი-ხარლაღი საცა დგას
ხოროთა საყარაულოდ.

ამოჰყევ საარაგვოსა
კაცი მოლაშქრის ზავთითა,
ფშაველმან ფშავის ხევისკენ
გადმოიარე ათი მთა,
თითქოს ორბებმა იყივლეს,
თითქოს არაგვი ადიდდა.

თითქოს ცამ დააგრაგანა,
წვერები იძრნენ მთანანი,
ყორეზე ჩამოჟღარუნდეს
დავითფერულის ვადანი,
ბახტრივნით ჯარი ბრუნდება
მოუძღვი, როგორც სარდალი.

თითქოს სანუკვარ მამულ-წყალს
შენც მათთან ერთად იცავდი,
თითქოს უბეში გიყრიან
ლაშარგორულნი მიწანი,
გაიგო ფშავ-ხევსურეთმა
თურმანაული ვინ არი!

ხუმარავ, ე საქართველო
შენ ხარ და შენისთანები,
შენაირთ მოსავლელია
სათიბები და ყანები,
შენნაირთ უნდა დარეკონ
ლაშარის გორზე ზარები.

ვეძებ შენს სამყოფ-სამკვიდროს,
შენი კაცობით მადლიანს,
ხან მოგიკითხე ქედებში,
ხან უკანფშავს დავდივარ,
ბიძას დაგეძებ ძმისწული,
შენდ შამღერნება მწადია!

თვალყურითა ვარ ძალიან,
არაგვს რომ ავუვლ-ჩავუვლი,
დამწყალობნება მგონია
ლაშარს ნათქომი "ფშაური",
ნუმც მოიშლება არაგვზე
კაი ვაჟების ხმაური!