აღარ მწერ წერილს,
ჩვენი ქუჩის გახდი სტუმარი,
სადღაც მთა-გორებს მიეფარე
საღამოს მზისებრ.
აღარ მწერ წერილს,
გამიქარწყლე ყველა გუმანი,
მაგრამ მე მაინც დაგეძებ და
მიყვარხარ ისევ!
აღარ მწერ წერილს,
განშორების იდუმალ ხმაზე,
აორთქლდი, როგორც მზემოხვედრილ
ფოთლიდან ნამი.
დავდივარ, ვწუხვარ...
და დღეები მიდიან ასე,
ჩემი წუხილიც, სიხარულიც,
შეგარგოს, ამინ!
აღარ მწერ წერილს,
აღუკვეთე გზა ჩემკენ ალერსს
და გული რაღაც უჩვეულო
სენად იწურვის,
დრო საბოლოო განშორების
დადგება მალე...
მე არ გაყვედრი არც სიყვარულს
და არც სიძულვილს.
აღარ მწერ წერილს,
დამივიწყე ალბათ სრულიად,
სადღაც მთა-გორებს მიეფარე
საღამოს მზისებრ.
ო, შენზე ფიქრი
კვლავ ტკბილი და უსასრულოა,
ალბათ ამიტომ დაგეძებ და
მიყვარხარ ისევ!