გაწვიმდა. ქარმა დაკეცილი ფრთები გაშალა,
ნისლებს ხახაში ჩაეშრიტა ცხელი მზის ალი,
ძილმორეულმა წყარომ, ტყისპირს ძარღვებდამშრალმა
ისევ სიმღერა წამოიწყო ნამაისარი.
გაწვიმდა. ერთურთს ეხვევიან ტოტები ხეთა,
ვერხვთა შრიალზე დამღერიან არაგვის ზვირთნი
ღვართქაფ-გადავლილ ქარაფებზე შურთხები სხედან
და ხეზე ობლად დარჩენილი კანკალებს ფითრი...
გაწვიმდა. ნისლმა ჩასასვლელი ჩარაზა სანეს,
არწივნი მისხდნენ, ზეიმი აქვთ ჩხიკვებს და ყორნებს;
ჭალები ცხარედ ახორხოცდნენ არაგვისანი
და ნასოფლარში კიდევ ერთი ინგრევა ყორე