მომენატრა მიწა მეტი,
მზე მეტი და
ცა მეტი,
მეტი ეშხი,
მეტი ცეცხლი,
მეტი ტემპერამენტი.
ავწრიალდი,
ავხმიანდი,
ავდექი და წავედი
და ვიხილე მიწა მეტი,
მზე მეტი და
ცა მეტი.
იღვიძებდა დედამიწა -
შემოსილი მწვანეთი,
იღვიძებდა მიწა მეტი,
მზე მეტი და
ცა მეტი.
ეწყო მაღალ ამწეებთან
აგური და ცემენტი,
ხმაურობდა მიწა მეტი,
მზე მეტი და
ცა მეტი.
გადავთვალე სართულები -
სიყვარულით ნაგები:
არც თორმეტზე მეტი იყო,
არც თორმეტზე ნაკლები.
სასახლეებს აშენებდნენ
ძველი ამხანაგები:
არც თორმეტზე მეტნი იყვნენ,
არც თორმეტზე ნაკლები.
შრიალებდნენ ეზოებში
ჭადრები და კაკლები:
თორმეტ ხეზე მეტი იყო,
თორმეტ ხეზე ნაკლები.
მზემ ჩრდილები დაურიგა ხეებს,
ღამენათევარს:
ოცდაექვსის ნახევარი -
ოცდაექვსის ნახევარს,
ცას ავხედე:
იცინოდა ზეცა, უწალკოტესი,
არსად ჩანდა ქარაშოტი -
ურჩი და უმეცარი,
ისვენებდა
ტელეგრაფის მავთულების ნოტებზე
ორჯერ ხუთი მერცხალი და
კიდევ სამი მერცხალი.
1974