Litclub.ge

* * * ერთნაირად არ ანათებს
ერთნაირად არ ანათებს
დიდი მზე და პატარა მზე,
უკვდავები ტახტზე სხედან,
მოკვდავები - ქანდარაზე.
ზოგიერთი პირველია,
ზოგიც უპირველესია,
ზოგ-ზოგისთვის არც არსებობს
ვენერა და ვენეცია.
ერთს საკანი ელოდება
და მეორეს საქანელა,
მესამესთვის სულერთია
საუნჯე და საქონელი.
არ გალობენ ბულბულები,
თუ არა აქვთ ფულ-ფულები.
თუ შაყირობს შაჰინშაჰი,
ტაშს უკრავენ შაჰის შაყირს...
და ამაყი ათეისტი
თეორიებს აგვირისტებს,
ხელში ხატი უკავია
პირწავარდნილ ანტიქრისტეს,
მისხალ-მისხალ აბალანსებს
წუთისოფლის პლიუს-მინუსს,
ყველა უსმენს,
ვინც უნდა და
ვინც არ უნდა მოუსმინოს.
ქანდაკება გეგონება,
ენასაც რომ აშეშებდეს...
ასე მიდის ეს ცხოვრება -
ამგვარად და ასე შემდეგ...
1979