Litclub.ge

* * * ჩემი ცხოვრების მკითხველო
ჩემი ცხოვრების მკითხველო,
ჩემო მსაჯულო,
მე მაინც მინდა,
მაინც უნდა შევინარჩუნო
თოკზე გასული მუშაითის წონასწორობა
და არ ჩავთვალო ჩემი თავი ჭკუის კოლოფად, -
არამედ შენს ხმას მოვუსმინო,
ჩემზე ძლიერო,
და არასოდეს მოვითხოვო სამაგიერო.
მე მხოლოდ დიდმა სიხარულმა გამათამამა:
კარგი არა ვარ,
მაგრამ კარგი შვილის მამა ვარ.
1968