Litclub.ge

რომ
თავის გზაზე წამიყვანა მოგონებამ სანეტარომ,
მზე რომ ზღვაშ ჩავიდა და ვარსკვლავების სონატა რომ...
გამახსენდა ძელისძველი მოტივები საზეპირო,
არფები და დაფები და ჩანგები და საზები რომ...
მინდა ჩემი სიყვარული წარსულივით დავიტირო,
ნეტავ როგორ იქნებოდა საქართველო, დავითი რომ...
გრიგალივით იზრდებოდა ხიფათი და ფეთერაკი,
ვეფხვი თვალს არ გვაშორებდა, ავაზა და პანტერა კი...
ყველა გზამ და მოედანმა მოითხოვა ობელისკი,
შური ისე დაიბოღმა, ალბათ მეფისტოფელიც კი...
ზუსტი ალღო უნდა გქონდეს, დრო რომ დაახასიათო,
ხელმწიფე და მსაჯული რომ კამათობენ: აზია თუ...
ფიქრი ჩემი არ შორდება ნაციხარს და ნავენახარს,
მაგრამ მზეში ამოვლებულ ალავერდს რომ დავინახავ...
თვალი მშვიდად შეისვენებს ძეგლებთან და გაზონებთან,
ყველაფერი ნათელია, მაგრამ ასჯერ გაზომე და...
მთვარე რომ და ვენერა რომ, მარსი რომ და სატურნი რომ
გაბრწყინდება და მოგვიხმობს ასპარეზზე სატურნირო,
შევუწყოთ და შევუთანხმოთ სამშვიდობო ფიცი ნოტებს,
რომ დიდი და რომ პატარა რომ ყოველთვის იცინოდეს.
1983