Litclub.ge

ცივი ლექსი
მგლები ყმუიან თავდახრილი ტოტების მტვრევას
და ბედისწერა - დიდთვალება შიშად ქცეული,
სანამდეც მაცლის ამ დაღლილი სხეულის თრევას
მანამდე მომკლავს მონატრება შენი სხეულის.
.
ვიდრე სიცივე ძვლებს მშიერი ძაღლივით დახრავს,
უნდა მოვასწრო და ამ ღამეს ყელი გამოვჭრა,
ვეღარ ვისწავლე ღმერთებისთვის მე თავის დახრა,
ვერ დავანებე ჩემი ვნების ლაფში ამოთხვრა.
.
ახლა ვერთობი ვერშემდგარი დასაფლავებით
ჭირისუფლები ვერ შევმოსე შავი ფერებით:
შენი სიტყვები- დასეული გულზე ყვავები,
შენი სიჩუმე - ამოსული ყელში ნერვები.
.
უნდა წავიღო წერილი და გავიდე გაღმა,
თუ მოვასწარი დავბრუნდები დილით გამოღმა,
სიცოცხლეს ვყიდი- უვარგისს და საშინლად ნახმარს,
მე ვერ მოვირგე, ან საჩემო ის არ გამოდგა.
.
წამი ბევრია და სიცოცხლეც მათი ჯამია,
უნდა დავასწრო, რომ სიკვდილიც ღმერთად მეწამოს,
ასე მგონია- ღმერთი არის კაციჭამია,
ნამდვილად ვიცი- მეც როდესმე უნდა შემჭამოს.
.
სისხლი ცივია, მოურწყავი ძარღვებიც გახმა,
მინდა მოვასწრო ამ ღამისთვის ყელის გამოჭრა,
ახლა სიცივე ძვლებს მშიერი ძაღლივით დახრავს,
დიდი ხანია გაყიდული სულიც ამომძვრა.
.
უნდა მიშველო, ვიდრე ღამე ასე ბარბაცებს,
თორემ ვნებები შეიძლება ისევ დაობდეს,
გარდაცვლილ მთვარეს დავასვენებ კატაფალკაზე,
ცივ თვალებს დავყრი ყვავილებად სასაფლაომდე.
.
არ შემაწუხოთ, არავისი არ მინდა ნახვა,
გამხმარ ძარღვებში გაყინული სისხლიც ამოხმა,
სიცოცხლეს ვყიდი, უვარგისს და საშინლად ნახმარს,
თუ ვერ გავყიდე, დავბრუნდები ისევ გამოღმა.
.
ღამე იგლოვებს თავდახრილი ტოტების მტვრევას,
მაჩქარებს ბედი- დიდთვალება შიშად ქცეული
და დავამთავრებ ამ დაღლილი სხეულის თრევას
როდესაც მომკლავს მონატრება შენი სხეულის.

2007