"სიზმარ–სიზმარ მიბრუნდება შატბერდი და შორი ბანა"
(ზურაბ გორგილაძე)
"იცი, შავ ზღვას ბათუმში აფხაზეთის სუნი აქვს"
(როი აბუსელიძე)
"ჩემს საფლავზეც გაიხარებს სოხუმური კვიპაროსი თუ პალმა"
(გენრი დოლიძე)
"იდიდგულე, რომ ამფერი აჭარელი გყავდი განა"
(ზურაბ გორგილაძე)
ბათუმში რომ ზღვა შავია
აფხაზეთის გამოა!
ზღვატკივილთან ნაზავია
უდილუსაღამოა
ეგ სიტყვები, მოდასტურე
რა ჯავრიც გაქვთ შიგნიდან:
მხართან ბანას გადაჰყურებთ,
ტუჩთან სოხუმს იკვნიტავთ!
გული გიცემთ არტისტული
ზოგჯერ წყენას გაურევთ...
ბათუმისკენ წაზიდული
თბილისური აურით
დადიხართ და აჭარელობთ
დიდგულობთ და ქართველობთ!
მინდა რომ ზღვა ავაჭრელოთ
სხვა ფერებად დავწეროთ -
ვინ დამიშლის? და თუ მინდა
ზღვას ვარდისფრად დავხატავ...
თქვენმა სუნთქვამ ბათუმიდან
თბილისს ზეცა ახადა!
საქართველო დაბზარული
ახლა თქვენით ხმიანობს!
თქვენი კილო აჭარული
ქართულს აერთიანებს.
ეგ ხმა ცამდე გრძნობით ატანს
თან თავს გვიხრით მიწამდი,
თქვენი ყარდაშ-ძმობითა და
მემედ ბიძას ციცათი...
ვერნახვისთვის თუ მემდურით
მალე გნახავთ ძალიან -
მომაგებეთ თქვენებური
ლექსით სავსე ნალია,
ის სიტყვებიც – მოდასტურე
რა ჯავრიც გაქვთ შიგნიდან:
მხართან ბანას გადაჰყურებთ
ტუჩთან სოხუმს იკვნიტავთ...
რომ აურით, თბილისურით
ზღვაც შევფეროთ სხვა ფერით...
მერე დიდახნს ვიდიდგულებ
აჭარლებით ამფერით!
2010