Litclub.ge

თეთრი ბატკანი
თავს არ მანებებენ ბოროტი აზრები –
ბოღმას და სიშმაგეს დავანთხევ ნაგროვებს!
მე ზეცას ავდრიან ქუხილით გავცდები
და ცათა მეუფეს ღრუბლებთან დავტოვებ!
.
დაფლეთილ ფიქრებში მეჭრება ვიღაცა
და მეტი სიმშვიდის არა ვარ ამტანი!
გონებამ თვალებთან კვლავ გამოიტაცა
წითელი სისხლი და ის თეთრი ბატკანი!
.
გამოჭრილ ყელიდან უმწეოდ ვაბღავლებთ
და ამით საკუთარ სიკვდილებს ვეჩვევით!
ედემის ბაღები ჩვენ უკვე დავცალეთ –
სუყველას გვჯერა, რომ სამოთხეს ვეწვევით!
.
მაგრამ მონდომებით აცხელებს შამფურებს –
მახინჯი სულების არა აქვს ატანა!
და სანამ უფალი მოწყალედ დაგვყურებს
რა მოჰკლავს განკითხვით კმაყოფილ სატანას!
.
რაღაცას ცოდვილობს სამყარო მიხრწნილი
და კაცთა იმედებს ღრუბლებთან აცილებს!
ყველაზე მარტივი შიშია სიკვიდილი...
ვიღაც ჯოჯოხეთით უნიჭოდ მაშინებს!
.
ვინ არის – ურცხვად რომ დამცქერის ზეციდან –
რამეს რომ დამიშლის ან გამაბედინებს!
მე სასაკლაოზე დავკალი ღმერთი და
თეთრ ბატკანს უცოდველ ზვარაკად შევწირე!