Litclub.ge

ხელიდან წასვლა
თქვენ თურმე უფლისწულს ელით და
აკორდსაც აიღებთ ფორტეთი,
რადგან პესიმისტებს ვერ იტანთ,
მეც გაღიმებული გშორდებით.

არსად არ მინდოდა, გამეშვით -
ვიცოდი, მარტოობა შემშლიდა.
იმ დღეს ცამ ჩამხედა თვალებში,
იტირა, იმგვარად შეშინდა.

და არის ქვეყანა ჭრელი და
დაცლილი გრძნობით და სითბოთი,
ხომ ნახეთ, ვერ გავუძელი და,
ხომ ხედავთ, ყოველდღე ვითრობი.

იები ჭკნებოდნენ როდესაც
და ორკესტრს უსმენდა ელიტა,
ეს ჩემი ძახილი მოგესმათ,
არყით ჩახლეჩილი ყელიდან.

არა ვარ არც მადლობელი და
არც გამჩენს გაჩენას ვუჩივი,
რად სჩანხართ მომწყდარი ცრემლიდან
ასეთი კარგი და გულცივი?!

ეძებეთ, ძებნას ვინ დაგიშლით?
მზის შუქზე გამოდით ბნელიდან.
როდესაც თქვენ ხელი გამიშვით,
მე მაშინ წავედი ხელიდან.

როდესაც ხანჯალი მჭრელი და
შხამით ალესილი დამისვით,
თქვენ იღიმებოდით მშვენივრად
და მეც სულს ვღაფავდი ხალისით.

ვიცინებ ოცნებით დაღლილი
ადრინდელ ჩემს სადარდელიდან.
დაგნებდი, თეთრ ბაირაღივით
წერო აფრინდება ლელიდან.

კვლავ მტკივა იარა ძველი და
მაქვს ფრთები დალეწილი ქარიშხლით.
ეჰ, მაშინ წავედი ხელიდან,
ხელიდან როდესაც გაგიშვით...