Litclub.ge

მამა (ჩემში)
მამას წყლიანი თვალები ჰქონდა,
თბილი ღიმილი და გამოხედვა.
ყოველ წელს, თვეს და დღეს, კარზე მომდგარს,
ვითვლი თითებით
და აღმოჩნდება,
რომ აღარც არის რამ დასათვლელი,
გადასანახი,
ან დასანახი -
მისი თვალების თბილ ხედებიდან.
მამაჩემს სველი თვალები ჰქონდა.
და ისიც გაქრა,
როგორც სუნი და როგორც სითბო
იმ პერანგიდან,
ურომლისოდაც, კიდევ დიდხანს ვერ ვიძინებდი.
იმ პერანგს მამის სუნი ჰქონდა,
მისი მკლავები
ჩემი მკურნალი.
გაქრა... და შემდეგ, სიზმრად მოსულმა
თავის სკამზე რომ მიმიჩინა ჩემი ადგილი -
მისი ცრემლები - მე გადმოვისხი.
სითბო კი – ვეღარ.
მე კი, დავპირდი
სულ და ყოველთვის ის ვიქნებოდი -
ვინც მას ვუყვარდი.
მამაჩემს სველი თვალები ჰქონდა.