(პატიმრის ბოლო დიალოგი საკუთარ თავთან)
ეს დედაშენის თვალებია, ჰო, დედაშენის,
უხამხამები, დაუხრელი, თბილი და მკაცრი,
იმდენი სევდით, გრძნობითა და ცრემლით ნაშენი,
გრძნობ რომ დედასთან სულ არაფრად არ ღირხარ კაცი.
წევხარ და ფანჯრებს ემიჯნება მოძრავი ქუჩა,
რჩებიან უკან გამოვლილი სიტყვები, წლები,
ზის დედაშენი სასთუმალთან და ისე ბღუჯავს
შენს თმებს რომ ბოლო დღეებია თმებიდან თბები.
რთულია ყველა ჩაძინება რომ დაიოკო,
დედასაც ჩასთვლემს აშკარაა ერთ-ერთი დილით,
შენ კი შანსი გაქვს სწორედ მაშინ ნელ-ნელა მოკვდე,
რადგანაც სუნთქვამ არ დაუფრთხოს მშფოთვარე ძილი.
ეს მამაშენის თვალებია, ასე ერთგვარად
გამოზომილი, ნისლიანი, მკრთალი და ფიცხი,
რომელიც შენი შუბლის სიცხით ისე შემთბარა,
ავადმყოფობას გავიწყებს და გინდა რომ იცხო
მისი მირონი, მისი თვალის მირონი, სიცხე
მთელი კვირაა არ ჩამოდის არაფრით დაბლა,
თითქოს დამთავრდე შეგიძლია, მაგრამ არ იწყებ
სიკვდილს, რადგანაც გენანება უბრალოდ ჩაფლა,
მამის თვალებში შენი გვამი და საწყენია
წასვლა, რადგანაც აღარ გყოფნის მისი სიწმინდე,
უცქერ ამ მზერას და სიკვდილიც ისე გრცხვენია
რომ კი არ კვდები, გახელილი თვალით იძინებ!...
ეს შენი ცოლის თვალებია, როგორ ფეთქავდნენ
ცვრებით, იებით… დიდი ხნის და ლექსების წინათ,
ახლა კი მხოლოდ სიბრალულით გამოგხედავენ
ათასში ასჯერ და ცხრაასჯერ ცოტაა ბინა...
მცოტაა ძველი სიყვარული, გრძნობებიც ცოტა,
მის თვალებში ხომ გამოვლილი წლებიც არა ჩანს,
მხრებზე მოუსხამს რა ხანია ქვრივის ფარაჯა
და რა ხანია შენთან მხოლოდ სიზმრებში სცოდავს.
ეს შენი შვილის თვალებია, დახუნძლულები,
ბავშვობით, სევდით, უშენობით, ქვეყნის ამბებით,
ეუბნებიან თუ როგორ გგავს სახით, ბუნებით,
მაგრამ თქვენს შორის უფსკრულია და დარაბები,
ვერ მოასწარი თუნდაც ერთი ზღაპარი გეთქვა,
რწმუნდები ისე შეეჩვია რომ აღარც გიცდის,
უმზერ და გრძნობ რომ ის ყველაზე ახლოა შენთან,
გიმზერს და გრძნობ რომ შენ ყველაზე უცხო ხარ მისთვის.
.
ხოლო ეს შენი თვალებია, ცივი და ურჩი,
სხეულის მიღმა მზირალი და ცამდე დაღლილი,
ისე მარტო ხარ საკუთარი ჩრდილიც არ შეგრჩა,
უკან რომ გსდევდა მთვარის შუქზე, ერთგულ ძაღლივით,
ეს საკანია, როგორც კუბო, ხოლო ეს ღმერთი,
რომელიც ბედმა რა ხანია შენგან გარიყა,
ხოლო ეს ლექსი სულ ბოლოა, სიმწრით რომ წერდი,
ეს კი წამება! - შენ ქართველი პატიმარი ხარ!...
და სულ ოცნებობ. ოცნებობდი - ნეტა გაეშვი
სიკვდილს ოჯახთან, შეგძლებოდა სიცოცხლის განსჯა,
მაგრამ შენ მოგკლეს სიკვდილამდე - ხოლო თვალებში,
ღია თვალებშიც დახურული გისოსი დაგრჩა!...