Litclub.ge

გველის სუნთქვა ქუთუთოებქვეშ
მე თეთრი კაბა მაცვია, სიფრიფანა, ნაზი... თეთრი ფეხსაცმელი
ოდნავ მიჭერს ფეხზე, რადგან ახალია, თან მაღალი ქუსლები აქვს,
მაგრამ არ მაწუხებს - არ დავდივარ მაინც...
მარჯვენა ხელის არათითზე საქორწინო რგოლი მიკეთია, თუმცა
დაქორწინებული არ ვარ... მარცხენაზეც ვგრძნობ რაღაც მეტალს,
მაგრამ ვერ ვხედავ, რადგან მარჯვენა ფარავს...
ჩემს არაბუნებრივად თეთრ კანს საოცრად უხდება ეს საქორწინო
რგოლიც, თეთრი კაბაც და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც, რომელიც
ოდნავ მიჭერს... სისხლისფერი პომადაც როგორ მიხდება... ეს პატარა
მარგალიტის საყურეც...
მინდა დამხატონ ასეთი ლამაზი, მაგრამ აქ მხატვრები არ არიან...
ერთი გველი მსტუმრობს მხოლოდ ხანდახან. კაბის
მოკრძალლებულ დეკოლტეზე გაწვება და თვალებში მიყურებს...
-ეს თვალები ჩემიაო - სისინებს მეათასედ და ქუთუთოების ქვეშ
ლურჯ სივრცეში ვგრძნობ მის სუნთქვას...
მე კუბოში ვცხოვრობ და ჩემს გარშემო დედამიწა კი არა, უბრალოდ
მიწაა...