Litclub.ge

ვიყო, მეძინოს
ახლა ის დროა,
როცა ჰაერიც სუნთქვას შეიკრავს,
სულს დაიგუბებს,–
და მერე,
ფოთლებს ამოახველებს.

ქარები ქროლვით იქნევენ ხელებს.
და ჭადრის ხმელი ჭიკარტებით,
ხმელი ფოთლებით–
ასობით თეთრ და ათასობით
ნაცრისფერ კრავებს –
ღრუბლის გრაფიკულ ნახატებად
ცაზე აკრავენ.

ვთვლით:
ერთი ცხვარი...
ორი ცხვარი...
მესამე ცხვარი...
მოდის სიზმარიც–
მუსიკალური გაფორმებით
ცივი ქარების.
ტანდაკენკრილი ღამე – მოცვი,
შავი მოცხარი...
არ გადამირთოთ სხვა სიზმარზე.
ცხადშიც ეს არის:
სუნთქვაშეკრული და დამბალი,
ნოტიო სივრცე –
დამჭკნარ,დანამულ, გაფითრებულ
ფოთლებს ახველებს,
იქნევენ ქროლვით ხელებს ქარები...
ქარები ქროლვით იქნევენ ხელებს.