Litclub.ge

ბაობაბი
ვერცხლისფერი ელექტრონებით განათებული ევროპული სოფლების ხედები ელვის სისწრაფით ენაცვლებიან ერთმანეთს.
ასე სჩანს მატარებლიდან.
სამგზავრო ვაგონი. შესასვლელიდან ხელ–მარჯვნივ, მესამე რიგში – ფანჯრის მხარეს ზის ის ერთადერთი – ვისაც არ სძინავს.
თეთრი თმა,სიკეთის ნაოჭები, ფიქრიანი შუბლი და დაკვირვებული მზერა მთვარიან ღამეში თუ პირიქით, ღამიან მთვარეში.
მოგონება: ასე, ფანჯრიდან უცქერდა ლიანდაგებს ორმოცდათხუთმეტი წლის უკან თავისი სოფლიდან ქალაქისკენ პირველად განავარდებული ახალგაზრდა და მაშინაც ასე ჰქონდა ნაოჭად დაჩნეული ფიქრიანი მოგონება შუბლზე. მაშინაც ღამე იყო. იხსენებდა ბავშვობას, დედის სითბოს, მამის დაყვავებას, ხელახლად განიცდიდა ყმაწვილობის ყოველ ლამაზ წამს და ნაღველით ევსებოდა სული. გრძნობდა, რომ დასრულდა. არ კი უნდოდა გაეშვა ის ჟამი, სადაც სილაღისა და უშფოთველი ბედნიერების შეუცვლელ განცდას ამომწურავად დაეკავებინა სისასტიკის და სიმუხთლის ალაგი.
მოასწრო და თავისი სამყარო შექმნა. ძალიან მარტივად, სრულიად უწვალებლად: აიღო ადამიანი, დაშალა მარტივ ნაწილებად, დაშლილი ლამაზი ნაწილები გულში შეინახა, ულაზათო ცალკე გადააწყო და უბრალოდ , მათი არსებობა დაიმახსოვრა.
ასე შეიყვარა ადამიანი – დედამ ასწავლა.
„ბაობაბიო, უზარმაზარი ხეაო“– ეუბნებოდა მამა – „იყავ ბაობაბი და ნაჯახების დროდადრო კაკუნი ვერ წაგაქცევსო ვერასდროს.გაძლიერდი საკუთარ თავში, მაგრამ არასდროს ირწმუნო სხვისი სიმცირის, ხანდახან ვეფხვის სიავეს შეიძლება უფრო გადაურჩეს ადამიანი და პატარა მორიელის ნაგესლმა დაღუპოსო“
ასე გაფრთხილდა ადამიანებთან – მამამ ასწავლა.
ჰო, უნდა აღიაროს თავიდან უჭირდა, უჭირდა. მის თანატოლებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ის, რომ თითქმის არასდროს ბრაზობდა, რომ საკუთარ სამყაროში თან ყველა მოათავსა და თან არც არავის უშვებდა ჯებირებს მიღმა(სულიერად განმარტოვდა, თუმცა ადამიანის ამგვარ მდგომარეობას „სულიერი განმარტოება“ რომ ერქვა, ამის შესახებ მოგვიანებით გაიგო), თანატოლებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, რომ შეეძლო მთელი სიმძაფრით განეცადა სოფლის ბოლოში უზარმაზარი ხის წამოქცევა, რომ გულწრფელად, ხელგაშლილი გაიკვირვებდა – რატომ გადაიყოლა ადამიანები ფულის შოვნის სურვილმაო?! დასცინოდნენ, დასცინოდნენ დაუფარავად.თუმცა იცოდა, მომცინარები უთუოდ თვითონაც გრძნობდნენ და უდაოდ ფიქრობდნენ იმავეს. მაგრამ ეშინიათო, –ფიქრობდა – უფრთხიან, მათაც ის გულიანი სიცილი არ დააყარონ, რასაც მე ყური ასე შევაჩვიეო. განა არ ესმით, რომ ის რასაც ისინი ასე შეეთვისენენ, უფლის სურვილისგან შორს დგასო.რატომ ხდება, რომ სიკარგის გამოჩენისა რცხვენიათ და სიავეში თავისუფლად უბამენ ერთმანეთს მხარს და ერთმანეთსაც ეცილებიან შემდეგ ტრაბახშიო?! გარეგნულად ხდებოდა ასე, თორემ ისე იცოდა, იცოდა, რომ მოტრაბახეები უთუოდ იმავეს გრძნობდნენ რასაც თვითონ და უდაოდ იმავეს ფიქრობდნენ. უბრალოდ, იქცეოდნენ სხვაგვარად. თავის რწმენა აკლდათ, საკუთარი თავის რწმენა.
ასე დაიწყო დაკვირვება ადამიანებზე – ცხოვრებამ ასწავლა.
ამგვარად, ნელ–ნელა თავისი არსებობის ძირითად აზრად გაიხადა ადამიანები:
პრინციპი შემდეგი –იყვარებს, ისე როგორც დედამ ასწავლა, ახსოვს, რომ ბაობაბია, ისე როგორც მამამ ასწავლა, აკვირდება და იმახსოვრებს ისე, როგორც ცხოვრებამ ასწავლა.
კიდევ უფრო მეტად გამოუჩნდათ ადამიანებს მანკიერებები, კიდევ უფრო მეტად შეიბრალა ისინი „ბაობაბმა“და უფრო, უფრო მეტად მიუჩინა მათ ადგილი გულში.
იცის, რომ როცა მას ახსენებენ – მოსაუბრეთ უბრალოდ მომღიმარი წარმოუდგებათ იგი თვალწინ და უთუოდ სიმშვიდეს მოჰგვრით.
არა, არა – ეს მისი მიზანი არ ყოფილა, ეს უბრალოდ ასე მოხდა.
მაინც რომ დასცინიან?! – რას იზამს, იცის, რომ ეს იმათი იარაღია, ვინც ვერ შეძლო დიდი გამხდარიყო უბრალოებით, ვინც ვერ გაუძლო ცხოვრებას. თვითონ ბაობაბია და თვითონ კეთილად იღიმის.
არა, არ იფიქროთ ქედმაღლობის სენი შეეყარა, არ გეგონოთ ზეკმაყოფილებას გრძნობდეს საკუთარი პიროვნების მიმართ... უბრალოდ, წარმოუდგენელია ცხოვრების ამ მუდმივმა დამკვირვებელმა, ადამიანების „მკვლევარმა“ და „მაყურებელმა“ საკუთარ თავზე არ მოახდინოს დაკვირვებები და სწორედ ამის შედეგად, დაასკვნა, რომ უნდა ენდოს თავს – რაკიღა თავისუფალია რისხვისგან და სავსეა ადამიანებით. ამიტომ, დგას და იღიმის კეთილად, უღიმის კეთილად და ენდობა საკუთარ თავს –სწორედ ამან მიანიჭა სიმშვიდე.
ასე რომ , მემგონი დავასაბუთე რატომ არ უნდა ჩავთვალოთ „ბაობაბი“ – ქედმაღალ „ბაობაბად“.
ეს ფიქრები მოდიოდნენ მაშინ, ორმოცდათხუთმეტი წლის წინად, მატარებელში. მაშინ, როდესაც ახალგაზრდამ თავისი სოფლიდან ქალაქისკენ პირველად გაინავარდა, მაშინ როდესაც სოფლად „მასალა“ შემოაკლდა და მეტი, უფრო მეტი ადამიანი „დასჭირდა“ თავისი „საქმიანობისთვის“.
ჰო, სულ დამავიწყდა მეთქვა, მამა სწუხდა, მამა ფიქრობდა, რომ მისი ვაჟი ცხოვრებისთვის გამოუდეგარი აღმოჩნდა და თავის ფიქრებში ამის მიზეზად დედის სწავლება მოჰყავდა. „მთავარიაო რიდი ჰქონდეთ შენი და სიყვარულს რა თავში ვიხლიო“– ნახევრად ჩამხშვალი ხმით, არცთუ ხშირად ეტყოდა იგი შვილს, თუმცა იცოდა, ვერაფერი ნაყოფისმომტანი იყო უკვე მისი სიტყვები. „მაშინ შევცოდე, როცა მიწას არ მივაჯაჭვე და განმარტოებით საათობით ჯდომა და ფიქრი არ ავუკრძალეო“ – საკუთარ თავშიც ეძებდა დანაშაულს... რაღას იზამდა?! შეელია და გაუშვა, იქნებ ქალაქის სიდიდემ და სიჭრელემ გონება მოუკრიბოს და გამოცდილ პრაქტიკოსად აქციოსო. დედაც აღარ იყო ამქვეყნად. შვილის თვალების დანაღვლიანებასაც ბოლო მოეღოსო ეგებ ქალაქელი გოგონების თვალციმციმის წყალობით.
„ბაობაბს“ უხაროდა. გულში ჩაეკრა პატარა ჩემოდანი, ნაჩუმათევი და ნასათუთევი ჩანაწერებით სავსე. ეს მისი სამყარო იყო... ეს მისი ფიქრებით სავსე ძველი ჩემოდანი იყო.
მადლიერი იყო მამის. გრძნობდა და იცოდა, მამა შიშობდა, მამას სტკიოდა მისი გაუცხოება მიწასთან – სინამდვილეში არც არასდროს მიუტოვებია მიწა, მხოლოდ დროებით შორდებოდა დედამიწას, რამდენი აისი, რამდენი დაისი აენთო და ჩაქრა მის თავლებში ღრუბლებიდან მზერისას... რამდენად ახლო იყო ყოველი არსება მისთვის - შორიდან. მამას არ ესმოდა. მამა ვერ იგებდა, რომ „ბაობაბად“ ყოფნა მხოლოდ ამქვეყნიურ ძლიერებას არ ნიშნავს. მამამ საწყისი მისცა, დანარჩენი თვითონ განავითარა.
მადლიერი იყო მისი, რომ გაუშვა.

...აქ შეწყვიტა მომღიმარმა თეთრთმიანმა მოგონება ორმოცდათხუთმეტიწლის წინანდელ მოგონებებზე... მოგონება მოგონებებზე.
ისევ გახედა ვერცხლისფერი ელექტრონებით დასერილ ღამეს. იღიმის...
ჰოოო, უნდა აღიაროს, თავიდან უჭირდა, ძალიან უჭირდა ქალაქში. თავიდან შეშინდა კიდეც, აქ მისი სამყაროს პოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა. დააბნია სიჭრელემ, ხმაურმა. ეჭვი შეიტანა თავის „ბაობაბად“ დარჩენის აუცილებლობაში. ბევრი, უამრავი ნაჯახის დარტყმაც აიტანა და რაკიღა დარწმუნდა, ვერ წამაქციესო – ნელ–ნელა გაიხსენა თავისი ძირითადი საქმიანობა – დაკვირვება და სიყვარული, სიყვარული და დაკვირვება.
შეიძლება კითხვაც გაგვიჩნდეს, რატომ არ დაემართა ამდენის გადამტანს იმედგაცრუება ადამიანების მოდგმის მიმართო?! უბრალოდ იცოდა, იცოდა და დამახსოვრებულიც ჰქონდა, რომ არსებობენ ულაზათო ნაწილები ადამიანის მოდგმის ცალკეულ წარმომადგენლებში, არსებობენ ნაჯახები და მორიელები. იცოდა, იდგა და იღიმოდა.
ქალაქის სიუხეშით გახეშეშებული არსებები თავიდან გაოცებით უმზერდნენ და ნელ–ნელა დაუფარავი სიცილით ისმენდნენ მის საოცრად „მარტივ“ და თანამედროვე ცხოვრებისთვის საოცრად შეუფერებელ ნააზრევ–ნაფიქრალს. სოფელი გაახსენდა, კიდევ ერთხელ დაასკვნა – ადამიანები გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად ერთნაირი წარმატებით ეხვევიან მატერიალიზმის საშინელ გარსშიო. ებრალებოდა და უყვარდა.

მალე მიხვდა – არავინ ჰყავდა გამზიარებლად და თავისი ფიქრების და დაკვირვებების შედეგების ფურცელზე გადატანას კიდევ უფრო მოუხშირა. სხვა გზა არ ჰქონდა, ვიღაცისთვის ხომ უნდა გაენდო, სადღაც ხომ უნდა დაცლილიყო განცდებისგან?! მისი პატარა სადგომი ფურცლების უდაბნოს დაემსგავსა და ამ სითეთრეში თავის სამყაროს დაუდო ბინა.
მერე ქალი შემოვიდა მის სამყაროში. ჩუმი, ნაზი, ხანდახან გაურკვევლობისგან შერცხვენილი მორცხვად ხრიდა თვალებს, ყოველთვის როდი ესმოდა მისი მეუღლის ნაუბარი. მას ღრმად სწამდა თავისი მეორე ნახევრის „ბაობაბობის“, ყოველთვის, ყოველთვის ფეხაკრეფით დადიოდა, როცა ის თავის მორიგ შთაბეჭდილებას ანდობდა ფურცელს.
შვილები?! შვილებმა ხომ ათასჯერ უფრო ძლიერად და თან უსუსურად აგრძნობინეს თავი.
ვერ მიმხვდარიყო, მის ირგვლივ რატომ შექმნეს ასეთი ჩუმი გარემო, რატომ აცდიდნენ განმარტოებას და ფიქრს, რატომ ცდილობდნენ ხელი არ შეშლოდა თავისი თეთრი სამყაროსთვის კიდევ უფრო მეტი მოცულობის შეძენაში, რატომ შესცქეროდნენ ასეთი მოწიწებით.
ის იდგა და იღიმოდა. ყველას უღიმოდა, ადამიანების სიყვარულმა ასწავლა ასეთი თბილი და უშუალო ღიმილი.
და რატომღაც ყველა, უკლებლივ ყველა იგივეთი პასუხობდა მას.

* * *
„–ალიონიც სხვაგვარი სცოდნიაო აქ.“– ფიქრობდა თეთრთმიანი და უყურებდა მზის სხივით ოდნავ შეფერადებული ევროპული ქალაქის გარეუბნის სწრაფად მონაცვლე ხედებს.
ასე სჩანდა მატარებლიდან.
სადგური. ბაქანი. უამრავი ფოტო და ტელე–კორესპონდენტი.მატარებლის კიბეზე დგას და მგზავრობისგან ოდნავ დაღლილი კაცის ღიმილით იღიმება.
ერთი წამიც და ბაქანზე აჩოჩქოლებულ ჟურნალისტებს ესაუბრება, ესაუბრება და უმზერს თავისებურად, კეთილად.
ფოტოობიექტივებზე უხვად იღბეჭდება სათნო ნაოჭებით დაღარული, სითბოჩამდგარი თვალები .
სულ მცირე ხანში ევროპის კულტურის დედაქალაქის იმდღევანდელი პრესა მთელს ქვეყანას შეატყობინებს მის სტუმრობას სათაურებით:
„ჩვენს ქალაქს მსოფლიო თანამედროვეობის უდიდესი ჰუმანისტი და ბუმბერაზი მწერალი ეწვია“. მთავარი გვერდებიდან კი ჭაღარა მამაკაცი გაუღიმებს მკითხველს.
„ბუმბერაზი?! ბუმბერაზიიიი ?“ – ეკითხებოდა თავის თავს, – „მე ხომ უბრალოდ „ბაობაბი“ ვარ!“