Litclub.ge

ანანურთან
(მინი-პიესა, შენთვის)

ციხის გალავანზე ჩამომჯდარა შემოდგომა,
ყვითელი, როგორც მოლაღური.
შავი არაგვის თეთრ არაგვთან შერთვის
და შეუმდგარი სიყვარულის საღამოა.

მე:
- ესეც არ იყოს, პოეზია ყველაფერს აიტანს,
მით უფრო - თუ ლექსი პიესაა,
და ყველას მოინელებს,
ყველა შენნაირ მუჰამედს და იესოს,
და ჩემნაირ ბელიარს და შაითანს.

ვალერი ბრიუსოვის პორტრეტს ხატავს ვრუბელი,
ხოლო ღრუბელმა, ფეხთან ერთად, კისერიც მოიტეხა.
"მოდი-ნახე", აქ, აბა, რა მოსატანია?!

ვრუბელი:
- შემართულია ფეხზე ჩახმახი.

ანანურის ეზოში, სამფეხა ტაბლას ვუსხედვართ
მე და ჩემი ძველი ნაცნობი - ტაქსისტი მორდეხაი -
ციტადელს ვამაგრებთ დოქი ღვინით,
დედას პურით და ქვებზე დარჩენილი კალმახით
(ვრუბელი ისევ ბრიუსოვს ხატავს)
და ლექსის ქოქოლას ვაყრით არაგვის ხეობას.

მე:
- მეტის ღირსი ხარ კაცი,
"ამ ჩემს ირმის ფეხებს"-ო, ქალი რომ გეტყვის!
უნდა წახვიდე და იმ ათასივით დალიო სული...

მორდეხაი:
- ან ეს "ირმის ფეხება გოგოები"
რა ჯანდაბაა, დაგენაცვლე?!
რომელი კენტავრები ჩვენ ვართ, ღმერთი, რჯული...

აგრილდა.
ვრუბელი ახლა თამარს ხატავს.

მე:
- თუ ძმა ხარ, მაგას ბრიუსოვის პიჯაკი მოახურე,
სუსტია მაინც, ყვითელია, როგორც მოლაღური.