Litclub.ge

განუმეორებელი განმეორება
მთვარეს დაუხურეს ყველა პრემიერა,
ღრუბელს შეუმოსავს ზეცის კამარები,
ნეტავ შემახვედრა ვინმე
„ შენმიერა “,ვინმე ემოციით დაუსამარები...
ერთს რომ შემოგცინებს მზიურ შენაფერი,
მერე ის ღიმილი დაგდევს თილისმებად,
თუკი თბილისია შენთვის ყველაფერი,
მთელი დედამიწა გაგითბილისდება...
თუნდაც უნუგეშო იყო ყოფიერად
სულში ჩაიღვრება ჩუმი სონეტები.
ტვინის ხვეულების გაუცნობიერად
გულის სიღრმეებით რომ გადმომედები.
და ამ გადავსებულ გრძნობის პათოსია
ფიქრთა ტიტანური ძალით ელვარება,
რომ ვერც სიმაღლეზე ყოფნით გათოშილა
სიტყვის უსასრულო ამომწვერვალება...
რადგან ღამეებიც ბევრი გავათიე,
წყვდიადს სინათლისკენ ისევ გავაცურებ,
ლექსში სათქმელი კვლავ ვეღარ დავატიე
და კვლავ დასაწყისი სიტყვით დავასრულებ!
მთვარეს...