Litclub.ge

ყელსახვევის პოეტიკა
მე გამოვიგონე ყელსახვევის პოეტიკა,
პოეტს რომ წვირიან კისერზე ეკიდა.
ოთხასი წლის ყორანი თავის ცქერით მაჩერებს,
როცა ეხეთქება რკინის მოაჯირებს.
შენ, სულო, ცრემლების ნახე ილიონი.
ო, ვინ დამავალა ყელსახვევის პოეტიკა!
ნანას მიგალობდა აღმზრდელი – რიონი,
როცა ჩემი სული სინაზე ეკიდა.
გამოჩნდა ინფანტ ცარიელი, ლამაზი,
ბევრი ჩატერტონი დაფიქრდება ამაზე:
ღამის და ყელსახვევის შავი პოეტიკა.
ჩემი აქვითინება, სიკვდილის მონატრება
და სალომეასთვის სალამის კადრება.
ჩემი თვითმკვლელობის შავი პოეტიკა,
როცა ყელსახვევი კისერზე მეკიდა.
მე-იოქანაანი, მწვანე ვით ფანქარი:
საფირიონის ტახტზე წითელი იროდი.
კვლავ მომენატრება სასტიკი ლანგარი,
მასზე მოკვეთილი თავით რომ ვტიროდი.
წვიმიან მუსიკის ტირილი ხარბი.
ყელის და ყელსახვევის შავი პოეტიკა
და ჩემი ოცნება ბოდლერის წარბით
სოველ მოგონებას კვლავ გამოეკიდა.
ქუჩა და ფარანი: უმიზნო, უნაყოფო,
როცა ჩემი სული წამწამზე ეკიდა.
დაღუპულ ოცნების ღამეში ლაღობა,
როცა თვითმკვლელობის იწვის პოეტიკა!