Litclub.ge

კადრი
მთვარე სანახევროდ ანათებს, 
გონება თანდათან ფხიზლდება, 
ოდნავ გაწეული ფარდები, 
მალე გათენებას მპირდება... 

ღია წენგოსფერი ზოლები, 
გადიან ფანჯრიდან სივრცემდე... 
მინას ანაბეჭდად ატყვია, 
ხუთი ნათითურის სიცელქე... 

მთვარე სანთელივით ციმციმებს, 
ერთი შებერვა და ჩაქრება, 
ღამენათევი და დაღლილი, 
საათის წიკწიკიც მთავრდება... 

მზერა წამწამებში ჩერდება, 
დღე შემოდგომისფრად ღიღინებს, 
მზე, ურცხვად გაღეღილ გულ-მკერდზე, 
იკრავს მოიისფრო ცის ღილებს...