- კრუხ-კრუხ,
კრუხ-კრუხ, -
კრუხუნებს
ბებოს ჟღალი დედალი,
- კაკ-კუკ,
კაკ-კუკ, -
ვიღაცა
აკაკუნებს კვერცხიდან.
თვალი დაუჭყეტია
პაწაწინა გიორგის,
ფიქრობს: "ეს რა ხმებია,
ნეტავ გამაგებინა"!
უცებ კვერცხი გატყდა და
ერთმა ქულა წიწილამ
თეთრი ნაჭუჭებიდან
- ჭი-ტა! - ამოიჭიტა.
მორბის გიო ყვირილით:
- ბებო, ბებო, იცი, რა?
მე "ქინდერი"'მეგონა,
მაგრამ, ნახე, იქიდან
ასაწყობი კი არა,
დასაკრავი კი არა,
ამოვიდა ცოცხალი
სათამაშო წიწილა!