Litclub.ge

დედა
შენ რომ გიყვარდა ყავადანი,
დედის ნახსოვარი ყავადანი,
მეზობლის გოგოს გავატანე,დედა!
ხომ გახსოვს გოგო ალვისტანა...
იქვე დავმარხეთ,-ალვებთანა...
მე დარდი ვეღარ ავიტანე,
დარდმა თავისი გაიტანა,დედა!
აღარც ალვატანი,
აღარც ყავადანი,
შენი ვაჟი კი ავად არი,
ძალზე ავად არი,დედა!
თვალი ჭრილობაა ჩვენი სულის,დე...და...
ცრემლი სისხლი არი ჩვენი სულის,დე...და...
თვალი - შენისლული,
სული - შეისრული,
პირობა ვეღარ შეგისრულე,
წუთისოფელი შევიძულე
და...გვედრით მშობლებს გარდასულებს,
რახან დამიწყეთ - დამასრულეთ,
ჩემი ტკივილიც გაასრულეთ,დედა!
კაცი ტალახით ნაშენია,დედა!
ცხოვრება დარდთა გამჩენია,დედა!
მიწაც ხომ ჩვენი სარჩენია,
მაქ წამოსულა რაც ჩვენია,
აქ არაფერი დამრჩენია,
სულ არაფერი,დედა!
სიკვდილი მწარე წამალია,დედა!
არ მორჩა,ვინაც არ დალია,დედა!
უმჯობესია,რაც მალია,
ყველაზე ნაღდი სამალია -
ტკივილებისგან,
კივილებისგან,
სიკვდილებისგან...დედა!