Litclub.ge

შემოდგომის საღამო
ვნელში აკაციები
დგანან დაქანცულები.
მოსუნსულდა ოცნება
და ჩემს ფერხთით მიწვა.
ვარსკვლავეთის დათვები
ისე დაძუნძულებენ,
ვარსკვლავების ფოთოლი
ებერტყება მიწას.

ჩუმად! –
მთვარეს ბალიშზე
თავი მიდებული აქვს;
ჰა და ჰა და ჩაყვინთავს
უზრუნველი ფშვენით.
და რა მშვენიერია
და რა დიდებულია
ფოთოლცვენა,
საღამო
და აჩრდილი შენი.

იწვის ოქროს ალებით
შემოდგომის საღამო.
დაიწვება ბოლომდე
და იქცევა ღამედ.
მინდა, შენი ტუჩები
ჩემებთან შევახამო -
ფიქრში შევახამო - და
აქაც ვერ ვახამებ.

ღრუბელს ყელი გაუშრა -
მოყლუპა და დაცალა
სიყვარულით პირამდე
მთვარე ავსებული.
არჩევანი მაცალა? –
ნექტარსა და სამსალას
ერთი-ერთზე მიზავებს
სულწასული გული.

აკაციას ადნება
ტანზე ოქროს ბექთარი.
აკაციაც ამ ღამით
იმოსება, ხამით.
ათას ღამეს თუ კიდევ
ინექტარებს ნექტარი,
ერთი ღამეც იქნება -
ისამსალებს შხამი.

ბნელში აკაციები
დგანან დაქანცულები.
მოჩუჩუნდა ნიავიც,
ფაჩიფუჩით მიწვა.
გეგონება, წუთები
წამებს აკნაწუნებენ,
როცა ფოთლის ჩენჩოთი
იწინწკლება მიწა.