მამი, გაგვყარა წლევანდელმა გაწამაწიამ,
შენ დედაჩვენის გზას გაჰყევი _ გულგრილი ძილის,
ტკივილის ტვირთი ხელმეორედ ვეღარ ასწიე
და მე დამტოვე ქანცგაცლილი და ნირშეცვლილი,
რადგან ვერ გაგნებ ახალ სახლში, რასაც აქ ფლობდი,
სულ ოხრად დაგრჩა: ოქროს კლიტე, ფაბრიკის წილი,
ოცი კოსტუმი დიუნისგან, ახალი ფორდი
და სიყვარული და ანდერძზე დავა და ცილი.
და ფოტოებით სავსე ყუთი. მე ფრთხილად მოვწმენდ
მტვერს მათ მუყაოს მშრალ სახეებს. აქედან მომწყდნენ!
მაინც თვალები, ამ ალბომის ხესავით ბლანტი,
მათ მიეწება, უყურებს და უნდობლად უკვირს:
ვიღაცას ელის ბიჭი, ყელზე გასკვნილი ბაფთით,
ჯარისკაცს გულში აქვს ჩაკრული თავისი ბუკი,
არ შეუძლია გაღიმება ხავერდის ლედის,
ეს პოლკოვნიკი მამაშენის მამაა, მამი,
ფოსტალიონის ტანსაცმელით? ამათი ბედი
აღარ აღელვებს დღეს არავის, არც ერთი წამით.
და მეც ვუსურვებ ამ სახეებს მოტეხვას კისრის,
ალბომში მაგრად ჩავკეტავ და ზურგსუკან ვისვრი.
გაყვითლებული ქრონიკები. მათი გროვება
იმ წელს დაიწყე, მე რომ გავჩნდი. ახლა ისინი
დაჭმუჭნილან და ჭრაჭუნებენ: აგერ, ჰოვერმა
გადაუარა დემოკრატებს; თითებს იშვერენ
მშრალი კანონის მომხრეები. ჰაინდენბერგმა
მარცხი იწვნია და შენ ომში წასვლა ინებე.
ვნება დაგატყდა, წლეულს, სნეულს, თავზე, ვით დელგმა
და ლამაზ ქვრივზე დააპირე დაქორწინება.
გონს რომ მომეგე, მე ტირილით ვითხრიდი თვალებს
შენს მსუქან ბეჭზე. მესამე დღეს შენ მიიცვალე.
მომენტალური ფოტოები: ქორწილი. ვტოვებთ
ძველებურ ყოფას და ბაქანი მოჩანს ჩვენ უკან;
ეს ნაოსნების შეჯიბრება _ დაგაჯილდოვეს
; კოტილიონი _ შენს ქალბატონს თავს მდაბლად უკრავ;
შენი ძაღლები _ აკვესებენ ვარდისფრად ღორის
თვალებისმაგვარ თვალის გუგებს და ალბათ ყეფენ;
ესეც ჩემი და _ იმ წლის დოღის ტრიუმფატორი;
კაცების ბრბოში შენ _ ამაყი ვითარცა მეფე.
აქ მიგატოვებ, ჩემო ლოთო, ჩემო თავხედო,
რომ მომენატრო და გაისად ისევ დაგხედო.
დედა, რადგან ჩვენ არ ვუსმენდით, დღიურს მიენდო,
და სამ წელიწადს მას უმხელდა შფოთვას და დარდებს:
,,სულ მთლად გალოთდა” _ შენზე წერდა, ,,ძილად მიეგდო”
_ ესეც შენზეა. მამი, ნუთუ ყოველ შობადღეს
მე შენი სისხლით სავსე თასი უნდა დავლიო?!
ამ დღიურს, შენი აბდაუბდა ცხოვრების სარჩევს,
ჩემს თაროზე ვდებ, რომ დღეები ერთად გავლიოთ,
სიყვარულს მხოლოდ ერთგულებით თუ გადავარჩენ.
აღარ ვინაღვლებ წარწყმედილი ხარ თუ მარტვილი,
სახეზე სახით მოგეკრობი და გაპატიებ.