Litclub.ge

გულმოწყალება ძუნწისათვის (მთარგმნელი:ანი კოპალიანი)
(ჩემს მეგობარს, რუთს, რომელიც განიცდის, რომ აღსარებაზე არ დავდივარ)

მე წავიკითხე ეს წერილი, რომელშიც ჯავრობ,
რომ არ ვაბარებ აღსარებას და კიდევ ჯავრობ,
რომ არ მწამს ღმერთი და კონვერტში მზრუნველად ჩადე
თვით შენი ჯვარი,
ძაღლის კბილებნაჭდევი ჯვარი,
ფერგადასული მომცრო ნივთი, სულ ცერის ფარდი, 
ხისგან გათლილი, მშვენიერი უეკლო ვარდი _

და მე ვლოცულობ მის მკრთალ კვალზე,
იმ რუხ ლაქაზე,
შენს წერილზე რომ დარჩენილა ცხადად და მრთელად. . .
და სულს მიხუთავს ცოდვები და ვცდილობ, ვირწმუნო
ამ ჯვრის. ვეხები მის თეძოებს, სახის მუქ ხაზებს,
მის ძლიერ კისერს, მის მრუმე თვლემას.

შენ მართალი ხარ _
ლამაზია იესო ქრისტე!
როგორც ხორცს _ ქონი, მის ძვლებს ფენა ყინული ადევს.
რა უმწეოდ სურს, მომიქციოს თავის მკლავებში,
რარიგ უმწეოდ ჩემი თითი მის სხეულს მისდევს;
და მაინც _ ვერა. . . გჭირდებოდეს, არ ნიშნავს გწამდეს!

მთელი დილაა,
რაც დავდივარ ყელზე შებმული
ჯვრით, სულ უბრალო და ხამ ძაფზე რომ ჩამოვკიდე
და მიკაკუნებს გულთან, როგორც ჯერ მუცლად მყოფი
და დაბადების მომლოდინე ნაყოფის გული. . .
შენი ბარათიც, რუთ, გულთან მიდევს.

ჩემო ძვირფასო მეგობარო, მე დავიბადე
ცოდვის სწავლულად და ოსტატად და დავიბადე
მათ მომნანიედ _ სულ ესაა ჩემი ლექსებიც:
გულმოწყალება 
ძუნწისათვის;
წყლის მედგრად ნაყვა;
ამსოფლიური სიბეჯითე; სმენა ნემსების.