Litclub.ge

დონკიხოტები
სიზმარ-ცხადის თეთრი დროშით,
თეთრი ნუშის ტოტებით,
ჩვენც დავდივართ საწუთროში,
როგორც დონკიხოტები.

წამით ნისლად ავიშლებით,
გზა ქარივით იწივლებს...
ჩვენც ვაწყდებით გაგიჟებით
ჩვენი ქარის წისქვილებს.

ჰეი, სად არ უცინიათ
ჩემზე, შენზე, სხვისზედაც...
სად ხარ, ჩემო დულცინეა,
რომელ შარაგზაზედა?!

ვიარე და ვიოცნებე
თეთრი ნუშის ტოტებით...
ჩვენც მოვკვდებით, ჩვენც ვიცოცხლებთ,
როგორც დონკიხოტები!