Litclub.ge

თევზაობა
დრო თევზივით გამირბოდა,
როგორც ბადეს მდინარე,
ხან ძალიან მორჩილი და
ხან ძალიან მძვინვარე.

არ შეეძლო ჩემთვის მოცდა,
ძუნწობდა და ფლიდობდა,
ჯერ არ მომცა, როცა მომცა,
უკვე აღარ მინდოდა...

ნამეტანი სიბრძნითა და 
ნამეტანი ბავშვობით,
მგონი ერთხელ თევზებივით
დღეებს მზეზე ვაშრობდი.

ახლა როცა ნატვრის ბადით
თევზაობას მოვეშვი,
სინანულის ანკესს ვაგდებ
მოგონების მორევში.

სძინავთ თევზებს ტკბილი ძილით,
სძინავთ ჩამქრალ იარებს...
დრო თევზივით კვლავ გამირბის,
როგორც ბადეს მდინარე.