Litclub.ge

*** "უსაზღვროებას თავის შიში აქვს"
უსაზღვროებას თავის შიში აქვს,
თავის ყინვა და თავის ცხელება;
მაჯაზე ხელი არ შემიშვია
თავთან ვუჯექი ამ გათენებას.

მაინც რა ხდება, რატომ არ ვიცით,
რა დროს გვემსხვრევა ტანზე ბეგთარი;
ამ წუთებს ახლა ისე განვიცდი,
როგორც რო დანის პირზე შემდგარი.

ფიქრის თანხლებით მთა–მთა რონება,
დღეში, ღამეში ასე ჩარჩენა;
რა შეუძლია ახსნას გონებამ
როგორც სამყაროს გამოსარჩლებამ.

ეს სათნოება მთვარის სახიდან,
ღმერთო ასეთ დროს როგორ ისესხე;
ჩემს უნებურად ფარ–ხმალს დავყრი და
მონობის უღელს ვიდგამ კისერზე.

ჩათვლემილია ირგვლივ მიდამო,
ნისლში ფეხდაფეხ შედის ლიანთხა;
ციდან რო აზრი ჩამოიტანო,
მიწიდან უნდა კიბე მიადგა.

რაღა მეკუთვნის "მე"–ს ნაწილიდან,
შენ რომ გეკუთვნი თითქმის სრულიად;
ხელზე ჩიტივით მიზის სხივი და
სხივსაც დამფრთხალი ჩიტის გული აქვს.

მზე – საკუთარი ცეცხლით დამწვარი
და ვარსკვლავები – ცეხლის მტევნები;
ცასაც ამიტომ დაკრავს ნაცარის
ფერი – ზოგადი თვალის შევლებით.

არც დასაწყისი, არც დასასრული,
დასაბამიდან ასე ულევი,
სამყარო – "ძე"–ზე უფრო "ასული",–
მაშასადამე მდედრი ბუნებით.

საამბორებლად ხელი მიბოძე, – 
მგონია ბაგით სხივებს ვეხები;
შიშსა და ტკივილს ვარქმევ სიცოცხლეს,
მოზელილს ცრემლის მლაშე შხეფებით.

ქუდებს იხდიან უკვე რკოები
და შემოდგომას სალამს აძლევენ;
მე ამ დღეს შენი უმანკოების
გამო თამამად დავენაძლევე.