დაღამდა შუშაბანდები და ჯანღიანი მთები
სიზმარში ჩაიზირება და ეკარგება თვალებს;
შემოიბურა, ესაა, ღრუბლის ჭვარტლიან თმებით
ხალმიდან ამოყვანილი – ხელზე დასმული მთვარე.
თეთრ შენობაში ლურჯი ტბა მოჰგავს ჩარჩოში ჩასმულს,
ჭალებში შემორჩენილა გალენჩებული ჩალა;
ახალი თოვლი ამშვენებს მწვერვალებს ცამდე ასულს
და მარგილებზე ჩამოცმულ ფაფახებივით ჩანან.
ძირს, ღარტაფებში – სუბნელე – ტყისა და ღამის ჯამი,
ლანდი მოძრავი ფოთლების მიემატება წყვდიადს;
და სათქმელს მუნჯი ხეობა და თავის გულის ამინდს
მეტყველ ჩანჩქერებს აბარებს და მთებთან ასე მიაქვს.
ცურავენ თეთრი სახლები და აივნები თეთრი,
როგორც უფარფლო თევზები, მინდობილები ჩქერებს;
და დაკეტილი ფანჯრები, სანთლების შუქით მკვეთრით,
წყვდიადში სოფლის სიცოცხლეს და არსებობას წერენ.
მოულოდნელად დამფრთხალი წამოიყმუვლებს ძაღლი,
თითქოსდა დამღლელ დუმილში წამოაგონდა რამე;
ცხენის ჭიხვინიც გაისმის და ცხენის ფეხის დამღით
ამდგარი მტვერი ეყრება ტანზე გალურსულ ღამეს.
და მაინც შორი ქედებით დამძიმებულა თვალი,
ქარებს უსმენენ სახლები და სიზმრის ბოლო წამებს;
ცდილობს და ჯერ ვერ ახერხებს, ბნელს დააჩნიოს ბზარი,
მჭვარტლში დამბალი ღრუბლებით ამოჟონილი მთვარე.