იფერებს სახე გულხარბ ხარებას
იჭვს არ იყენებს წარბის თილისმა;
დუმილი დუმილს შეეფერება,
ქარტეხილის ხმა – ქარტეხილის ხმას.
გრილოში – შუქი და შუქში – გრილო
და უწონადო ბრელო – არილი;
დაეკიდება ცას უნაპიროს
წერო – დასარეკ საყდრის ზარივით.
შემკრთალ მშვენებას – ტყეების ჩარჩო
და მწვანე ტბორებს – ჭალა ნარიყი;
ავართმევ ამ დღეს ღარიბულ სარჩოს
და ჩიტებისთვის ხელზე დავიყრი.
ამხელს ყოველთვის ეკლებზე წოლას
აღმატებული ნიჭი მოსმენის;
და შეჯამებულ ფრთოსნების ჟრჟოლას
მოვირგებ ტანზე და ვიმოსები.
იდუმალება უხილავ ლანდებს
ასულიერებს და ანამყენებს;
დიდი ხანია, მე ჩემს თავს დავდევ
და ჯერ კედელთან ვერ მივაყენე.