და ტოკავს ახლაც ლერწამი ტბორთან –
მესალამურე პატარა მწყემსი;
ზამთარი მიდის და თითქოს მოთბა
და თითქოს უფრო გნებდება ლექსიც.
ხე–კვიპაროსი – წინარე კაცი,
ქალი–ლატოსი – ისიც ასევე;
"მე ვინ ვიყავი?! – იკითხავს ანწლი
და მოკრძალებით თავს შეგახსენებს.
ფიქრი ძახველზე და ფიქრი ბზეზე,
ფერაფერაზე – ფერში ნაზავზე,
ჯერ თითო–თითოდ ალაგებ ხელზე
და მერე თვალში ერთად ათავსებ.
იღვრება ციდან ფერადი სითხე,
სითხიდან – შუქი, შუქიდან – ჩრდილი,
ჯერ თითო–თითოდ ასხლტება სიმზე,
ჯამდება მერე და ერთად ტირის.
და შედის ჩქამი, ჩქამი და ბგერა
სიტყვაში – როგორც საკუთარ სახლში;
შორს – წყალში ახლაც კანკალებს თხმელა –
დედინაცვლისგან დასჯილი ბავშვი.
ხე–კვიპაროსი – წინარე კაცი,
ქალი–ლოტოსი–ისიც ასევე;
"მე ვინ ვიყავი?!" – კვლავ გკითხავს ანწლი
და მოკრძალებით თავს შეგახსენებს.