ჩვენს "პაწია სამაგიერო"-ს ბატონმა აკაკიმ პასუხი გასცა "კვალის" ოც-და მეათე ნომერში სათაურით"არ ცოდნა არ ცოდვააო", სწორედ მოგახსენოთ, სხვა ვინმე რომ გამომპასუხებოდა ამ სახით, ყურადღებას არ ვათხოვებდი, მაგრამ აკაკი და უყურადღებობა! ეს ხომ მიუტევებელი, მამაკვდავი ცოდვა და უკადრისობა იქნებოდა. ესეც რომ არ იყოს, აკაკი ისეთს არაფერს დასწერს, რომ მოხერხებული შემთხვევა არ მოგცეს შენის აზრის გასაზიარებლად, გამოსამზეურებლად. ისე გაკრავს კვესსა, რომ თავისს ტალსაც ნაპერწკლებს გააყრევინებს და შენც მადაზედ მოგიყვანს, შენს ტალსაც ბანი მიაცემინო და ნაპერწკლების კონცერტი გააჩაღო. ისიც-კი საბოდიშოა ჩემის მხრივ, რომ პასუხი დავაგვიანე. ერთმა საარაკო სიბრმავემ ხალხის განათლებაში დროით გაძღოლა მოინდომა და იმან დამაგვიანა. იმედი მაქვს აკაკი ამ საბუთს შეიწყნარებს და გულ ნაკლი არ დარჩება ჩემზედ პასუხის დაგვიანებისათვის.
ჩვენი სახელოვანი პოეტი ზმნაში "აღგიარო" პირის მაჩვენებელს ასოს "გ" ნებას არ აძლევს ადგილი იცვალოს, სიტყვის თავში მოექცეს და ასეთი სახე მიიღოს: გაღიარო. ეს უკანონობაა, დამახინჯებააო, ბრძანებს. სრულიად სხვა ნაირად ფიქრობს მთელი აღმოსავლეთის საქართველო (და იქმნება ბევრი დასავლეთ-საქართველოშიაც). კაი ხანია ამ ასოსათვის ნება მიუციათ ამიერ ქართველებს მეორე ადგილი დაეტოვებინა და სიტყვას სათაურში მოჰქცეოდა. იგინი ამბობენ და სწერენ: ვაღიარე, ვაღიარებ, გაღიარებ, მაღიარებ, მაღიარებს, გაღიარო, მაღიარო, მაღიაროს, მაღიარე, ვაღირებდი, მაღიარებდა. მაგრამ იქნება აკაკი იყოს მართალი და მთელი ნახევარი საქართველო მტყუანი? სიმართლის აღმოსაჩენად შევადაროთ ფორმები: ახალი - მაღიარე და ძველი -აღმიარე, მაღიაროს - აღმიაროს, ვაღიარე - აღვიარე. თქვენც დამეთანხმებით, რომ მეორე ფორმა უფრო ძნელი გამოსათქმელია და ამას გარდა ორაზროვანია, რადგანაც იმასაც ნიშნავს, რომ ახლო ამიარე, ამიაროს, მთა ავიაროვო და სხვანი, პირველს ფორმას კი ერთად-ერთი აზრი აქვს. თუ ესრედ წოდებულს სტილის ფილოსოფიას მივმართავთ, ისიც ამ ახლის ფორმის მოსარჩლე გამოდგება. ზმნაში ყველაზედ დიდი მნშივნელობა პირის მაჩვენებელს ასოს ანუ მარცვალს აქვს; თუ იგი სიტყვის თავშია მოქცეული, ეს ნამდვილი ღირსებაა ენისა, რადგანაც პირველსავე წამს შეიტყობთ, რომელ პირის ზმნასთანა გაქვთ საქმე და აზრს სწრაფად იგებთ. ამის გარდა საგრამატიკო ანალიზი მოსწავლეთათვის ძლიერ ადვილდება, როცა პირის მაჩვენებელი ასო თავში ზის და არ არის მოქცეული შუაში. ასე რომ პედაგოგიური მოსაზრებაც ჩვენ მიერ ნახმარ ფორმას ამართლებს.
ბატონი აკაკი კი სასტიკად უარყოფს ამ ახალს ფორმას და მხოლოდ ძველი ფორმა მიაჩნია კანონიერდ. რა საბუთით? ერთად ერთი საბუთი მოჰყავს: საღმრთო წერილში ასეა ნახმარიო. ჩვენ კი ვიცით ეს საბუთი, ყველანი მრწამსში ბავშვობიდანვე ვკითხულობთ: "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა". მაგრამ საღმრთო წერილის ენაზედ მეათე საუკუნიდგან აღარა სდგას საქართველო და ახლა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს როგორ დავუბრუნდეთ. ხომ მთლად დამარხვა მოგვინდება ახლანდელის ცოცხალის ენისა ლიტერატურასა და საუბარში? ლოცვებში ვკითხულობთ: მომეც ჩვენ დღე, ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა და სხვანი. ახლა კი ვამბობთ და ვსწერთ: მოგვეც ჩვენ დღეს, ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა. ნუ თუ უკანასკნელს ცოცხალს ფორმაზედ ხელი უნდა ავიღოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ძველად ასე არ იხმარებოდა? განა ეს ათი საუკუნით უკან გადახტომა არ იქნება?.. არც ერთი აქეთური მწერალი არ შემხვედრია, რომელსაც განცვიფრება არ გამოეცხადებინოს, რომ აკაკიმ უკანონოდ ჩარიცხა ჩემგან ნახმარი ფორმა: ეს ფაქტი ცხადი მოწმეა იმისა, რომ "გაღიარო" ჩემი შეთხზული ჩიქორთული კი არ არის, არამედ მთელ ამიერ საქართველოში მიღებულია.
ამასთანავე საფუძვლიანობით მიწუნებს აკაკი ფონეტიკურს ანალიზს ხსენებულის სიტყვისას. ჩვენ იგი დავანაწილეთ ანუ დავშალეთ ამ სახით: აღ-გ-იარ-ებ. პირველს ნაწილს დავარქვით პრეფიქსი, მეორეს პირის მაჩვენებელი, მესამეს ძირი სიტყვისა, მეოთხეს დაბოლოვება დროისა. აკაკი ბრძანებს: "აღ" რის პრეფიქსია, როდესაც იგი წარმოსდგება სიტყვიდგან "აღმა". აბა სხვა პრეფიქსებსაც მიჰყევით რჯულამდის, იარეთ სათავემდის და ისინიც სიტყვებისაგან აღმოჩნდებიან წარმომდგარნი. მაშ ესენიც პრეფიქსებად აღარ უნდა ჩავრიცხოთ და სხვა სახელი უნდა დავარქვათ. ამ გადანათვალში დიდი ნათლია მოგვინდება და იძულებული ვიქნებით მოვიწვიოთ აკაკი და ვთხოვოთ ამ უსახელო ნაწილებს სიტყვებისას ახალი სახელი მოუგონოს და მეორედ მონათლოს. ჯაფა დიდი მოუნდება, იქმნება ახალი სახელი ვერც-კი გამოუძებნოს; მაგრამ თავისს თავს დააბრალოს, დავა თვითონ ასტეხა.
უფრო დიდი და აშკარა შეცდომა მოუვიდა აკაკის, როდესაც მან სიტყვის ძირად აღიარა არა "იარ", არამედ "რებ". რასა ჰქვიან სიტყვის ძირი? იმ ნაწილს სიტყვისას, რომელიც არ იცვლება, რა რიგი ფორმაც უნდა მისცეთ სიტყვას. განა მარცვალი "ებ" უცვლელია საცილაო სიტყვაში? სრულიადაც არა. იგი ბევრს ფორმაში სრულიად იკარგება, რის გამოც დღესავით ცხადი ხდება, რომ იგი მხოლოდ ლიტონი დაბოლოებაა ზმნის დროისა და სხვა არაფერი. მაგალითად ავიღოთ ფორმები: აღვიარე, აღიარე, აღიარო, აღიაროს. რა იქმნა ამ ფორმებში მარცვალი ებ, თუ იგი სიტყვის ძირს ეკუთვნის? მართალია, მარცვალი იარ სხვა ზმნების ძირსაც შეადგენს; მაგრამ ეს მოვლენა ზმნათა შორის ხშირია. ერთისა და იგივე ძირის ზმნებს სრულიად სხვადასხვა მნიშვნელობა ეძლევათ სხვა-დასხვა პრეფიქსის ანუ სათაურის და სუფიქსის ანუ დაბოლოების დართვით. აშკარაა, ამ შემთხვევაში ძლიერ უმტყუნა აკაკის ენის აგებულობის ცოდნამ, ნახტომი მეტად შეეშალა და უცოდინარობა-კი ჩვენ გვიკიჟინა ისეთის რიხით, თითქო ჩვენი შეცდომა და თავის ცოდნა მათემატიკურსი აქსიომასავით ცხადი იყოს. მაინც დანაშაულებად არ უნდა ჩაუთვალოთ, რადგანაც თვითონვე აღიარა სათაურში, რომ ჩემი არ ცოდნა ცოდვა არ არისო.
არც თავის შეცდომის გამართლებაში იჩენს ჩვენი აკაკი ამაზე მეტს საფუძვლიანობასა. მისი ფრაზა: დედა-მიწის ზურგზედ ადამიანზედ უფრო უსამართლო და გაუტანელი ცხოველი არ მოიპოვება, ჩვენ დავიწუნეთ და ამ გვარი სახე მივეცით: "ადამიანზედ უფრო უსამართლო და გაუტანელი არსება (ან სულიერი) არ მოიპოვება დედამიწის ზურგზედ". აკაკი ამართლებს თავის კონსტრუქციას იმ მოსაზრებით, ვითომც ქართული ენა თხოულობდეს, რომ შესმენილ იქნას ხოლმე მოქცეული წინადადების ბოლოში. დიაღ, მართალია ქართული ენა ითხოვს შემასემენლით გათავდეს ფრაზა, მაგრამ რომელი ფრაზა? მარტივი, მოკლე. გრძელს, ვრცელს ფრაზებში-კი შესმენილს შუა ადგილი უჭირავს და არა ბოლი, და ეს დიდი ღირსებაა ჩვენი ენისა. მოგეხსენებათ, რომ წინადადებაში უმთავრესი მნიშვნელობა აქქვს შესმენილს, რომელიც ამ მხრივ სჭარბობს თვით ქვემდებარესაცა. შესმენილი ხშირად მარტოდ მარტო ადგენს წინადადებას, ქვემდებარეს-კი ეს არ შეუძლიან. ამის გამო რამდენიც უფრო ზევით არის მოქცეული შესმენილი წინადადებაში, იმდენი უფრო ადრე იგებ აზრსა, რამდენიც ქვემოდ, იმდენი უფრო მეტს ხანს რჩება თქვენი გონება განუსაზღვრელს მდგომარეობაში. ამ მოსაზრების ძალით გერმანული კონსტრუქცია, რომელიც ითხოვს შესმენილის ხმარებას ბოლოში, რაც უნდა ვრცელი ფრაზა იყოს, ყველას მიაჩნია ნაკლულოვანებად გერმანულის ენისა და ამ ნაკლს უნდა მიეწეროს ერთის მხრივ ის მოვლენა, რომ გერმანელთა აზრი მოკლებულია ჯეროვანს სიჩქარესა, სიმკვირცხლესა, და მეორედ ჰმოქმედებს. ფრანგული ენა უფრო თავში აძლევს ადგილს შესმენილსა, ჩქარა ატყობინებს ადამიანს, რაშია საქმე, და ძლიერ ეხმარება აზროვნების ჩქარსა და სწორე მიმდინარეობას.
აკაკის რომ ეს თვისება ენისა არ დავიწყებოდა, შესმენილის მოქცევას სულ ბოლოში არ მოინდომებდა და თავის პირველსავე ფრაზას არ დაიწყებდა, წინადადების იმისთანა წევრით (დედამიწის ზურგზედ), რომელსაც ისეთი მცირე მნიშვნელობა აქვს მსჯელობაში, რომ უიმისოდაც აზრი სრული გამოდის... სიტყვა "დედა-მიწის ზურგზედ" მის ფრაზაში ცოტათი აძლიერებს, საზღვრავს აზრსა და უგებს კითხვაზედ: სად არ მოიპოვება? განა ბევრი ფიქრი უნდა, რომ აზრი წინ უნდა უძღოდეს თავისს განსაზღვრულს, განმაძლიერებელსა და არა უკანასკნელი უნდა უსწრებდეს პირველსა?
შესმენილით ფრაზის დაბოლოების კეთილ-ხმოვანება მოითხოვსო, ბრძანებს აკაკი. კარგი, ვშინჯოთ. ავიღოთ ფრაზები: აკაკი პოემას სწერს, აკაკი წერილს კითხულობს. მოვაქციოთ ახლა ამ ორს წინადადებაში შესმენილი შუაში და შემავსებელი ბოლოში: აკაკი სწერს პოემას, აკაკი კითხულობს წერილსა. პირველ შემთხვევაში ფრაზები თავდება უხმო ასოებით, მეორეში - სრულხმოვანის ასოებით. აქ ბოლო სრულხმოვანია, იქ უხმო, ყრუ. რომელი უფრო კეთილ ხმიანია? რასაკვირველია, მეორე შენობის ფრაზები.
იტალიური ენა ითვლება მეტად კეთილხმოვანად უფრო იმის გამო, რომ ყოველი სიტყვა ბოლოვდება ხმოვანის ასოთი და უხმო დაბოლოება ძლიერ ეუცხოვება. ამის გამო ეს ენა ხმაურობს სრულიად და არა ყრუდ, მთლად და არა ნახევრობით და ეს თვისება ენისა ძლიერ სასიამოვნოა ადამიანის ყურისათვის, რადგანაც სრული ხმა მხოლოდ ადამიანის კუთვნილებაა, მაშინ, როდესაც უხმო ხმები, ან ნახევარ ხმები ცხოველთა სამეფოში ისმის და პირუტყვულის მდგომარეობის მომასწავებელია.
ამ სახით, მოკლე წინადადებაში ქართველები შესმენილს ბოლოში ვაძლევთ ადგილსა არა კეთილ-ხმოვანებისათვის, არამედ ენის ბუნების მოთხოვნილებით. ხოლო ეს ბუნება ისეთი ვიწრო და ჯიუტი როდის არის, რომ იუაროს შესმენილის გადასმა შუაში და რადგანაც ამ გადასმას მოითხოვს აზრის სწრაფად გაგებაც და კეთილ-ხმოვანებაც, ამიტომ შემდეგში შეიძლება ჩვენის ენის კონსტრუქცია შეიცვალოს მოკლე ფრაზებშიაც და ამ ცვლილებით, მერწმუნეთ, არაფერი არ გაფუჭდება, როგორც არაფერი არ გაფუჭდა იმით, რომ რუსული ენა ბევრში ასცდა სლავიანურს კონსტრუქციას. ახლაც ამისთანა პროცესს ვხედავთ ჩვენს ენაში, ხშირად ლაპარაკშიაც და წერაშიაც, შესმენილს შუაში ვატანთ და მისს შემავსებელს ბოლოში. რაც შეეხება დიდს, ვრცელს ფრაზებსა, წინედაც და ახლაც ჩვენი ენა შესმენილს ხმარობდა და ხმარობს შუა ადგილს, თანახმად სტილის ფილოსოფიის მოთხოვნილებისა. ავიღოთ, მაგალითად, შემდეგი ფრაზა: აკაკიმ, სახელოვანმა პოეტმა საქართველოსამ, დასწერა მოკლე ხნის განმავლობაში, პოემა, სავსე მაღალი აზრით და გრძნობით. სტილის ფილოსოფია გვეტყვის, რომ ამ ფრაზაში სიტყვები დალაგებულნი არიან თითქმის იდეალური წესით და რიგით. პირველი ადგილი უჭირავს ქვემდებარეს, რომელსაც მისდევენ მხლებელი სიტყვები, მეორე ადგილას ვხედავთ შესმენილს თავისი გასამზღვრელებით და მესამე ადგილი დათმობილი აქვს შემავსებელს შესმენილისას, რომელსაც თან ახლავენ თავისი განმარტებითი სიტყვები. ამავე დროს ამ ფრაზას ვერავინ ვერ უკიჟინებს, რომ იგი წმინდა ქართულის აგებულებისა არ იყოს.
აკაკის ზემოდ მოყვანილს ფრაზაში კი მხლებელს შესმენილისას (არ მოიპოვება, სად? დედამიწის ზურგზედ) ბოლოდგან უსკუპნია, გადამხტარა არამც თუ თავის ბატონს შესმენილზედ, არამედ ქვემდებარესა და მთელს ფრაზაზედ, გამოჭიმულა თავში და სამი დიდი ბატონი უკან მოუქცვია. ეს იმასა ჰგავს, რომ ხარს კუდი მოსჭრა და შუბლზე მოაბა... განა დიდი ხუმრობა ჩაუდენია ჩვენს აკაკის?
ერთის სიტყვით, პირველი ფრაზა ჩვენის პოეტისა კოჭლობს სამის მხრივ: სიტყვების რიგი არეულია, კუდი თავად გარდაქცეულა, კეთილხმოვანება (დედამიწის ზურგზედ ადამიანზედ) დარღვეულია და შეუსაბამოდ არის ნახმარი სიტყვა "ცხოველი", ნაცვლად სულიერისა, ან არსებისა.
ჩვენს აკაკის ჰგონია, რომ მეორე მისი ფრაზა: "ადამიანს უკეთესი ცხოველი, ვირი და ძაღლი, ორივე ამოუჩემებია", ჩვენ დავიწუნეთ ვითომც იმის გამო, რომ "ამოუჩემებია" არა მოგვწონდეს და "ათვალწუნებას" ვამჯობინებდით. არა, ბატონო, მიზეზი სრულიად სხვა გახლავთ. სიტყვები "უკეთესი ცხოველი" რამდენს სულიერს არსებას ეკუთვნის? ორსა: ვირსა და ძაღლსა. მაშასადამე, რომელი რიცხვის დაბოლეობა უნდა ჰქონდეს? მრავლობითისა, ამას მოითხოვს ელემენტარული კანონი სიტყვების შეთანხმებისა. აკაკის ფრაზაში რა რიცხვით არიან ნახმარნი ეს სიტყვები? მხოლობითის რიცხვით. მაშასადამე... ამას გარდა სიტყვების დალაგება არ ვარგა, მძიმეები შეუსაბამოდ არის ნახმარი, და გამოდის: ადამიანს უკეთესი ცხოველი ორივე ამოუჩემებია. უნდა ყოფილიყო: ადამიანს ამოუჩემებია ვირი და ძაღლი, ორივე უკეთესნი ცხოველნი.
თავის სიტყვას "ჭკვიერი" აკაკი შეცდომად არა სთვლის და ამართლებს ამგვარის მაგალითებით: გონებიანი - გონიერი, ღონიანი - ღონიერი, გულისხმიანი - გულისხმიერი. ეს გზა სწორედ ხრამზედ გადაგვჩეხს. ჩვენ იძულებული შევიქმნებით კანონიერად ვაღიაროთ (უკაცრავად "აღვიაროსთან") ორივე ფორმა შემდეგ მაგალითებში: ცხვირიანი - ცხვირიერი, თვალებიანი - თვალიერი, თმიანი - თმიერი, თავიანი - თავიერი, ტანიანი - ტანიერი, სვიანი - სვიერი, ქვიანი - ქვიერი და სხვანი და სხვანი. ამ გზით რომ იაროს ჩვენმა პოეტმა, ვის უცოდინარობასაც დაამტკიცებს? ნუ თუ ჩემსასა? არა მგონია.
გამოთქმას "თავის დღეში" იმიტომ ვაკლებთ ერთს ს, ბრძანებს აკაკი, რომ ამას კეთილხმიანობა მოითხოვსო. ეს იმასა ჰგავს, რომ სასწორს ზედ შეახტე და საკუთარი სიმძიმით დააძლევინო იმ მხარეს, რომელზედაც უძევს ერთი გირვანქა, წინააღმდეგ მეორე მხარისა, რომელიც დატვირთულია რამდენიმე ფუთით. თუ აზრი და მნიშვნელობა იცვლება რომელიმე ასოს გამოტოვებით, ეს ასო უთუოდ დაცული უნდა იქნას. სრულიად სხვა-და-სხვა მნიშვნელობა აქვს გამოთქმასა: თავის (ზემო ნაწილი კაცის სხეულისა) დღეში და თავისს (საკუთარს) დღეში. კეთილხმიანობამ ამისთანა შემთხვევაში ქუდი უნდ მოიხადოს და პრეტენზიაზედ ხელი აიღოს. ვინც ამბობს: "თავის დღეში", იგი სრულს საბუთს გვაძლევს ოხუნჯურად ვკითხოთ: ფეხების დღე რომელიღააო? ამ უსიამოვნო კითხვას მხოლოდ მაშინ აიცილებთ თავიდგან, როდესაც პირველს სიტყვას მიუმატებთ მიცემითს ბრუნვაში ასოს ს, რადგანაც პირველი ს სიტყვის ძირის ნაწილია: თავისს. მხოლოდ ამ შემთხვევაში აზრი აღარ შეიცვლება და უაზრობა მოისპობა.
შემდეგ აკაკი ბრძანებს: "ძაღლი პატრონის საფლავზედ დაკდომოდეს". მე ეს ასე არ მიხმარია, აი ჩემი ფრაზაო: ძაღლი პატრონის საფლავს ზედ დაკდომოდეს. რა განსხვავებაა? განა ერთი და იგივე არ არის: შევედი სახლში, ან სახლსა შინა; ავდივარ ხეზედ, ან ხესა ზედა, და სხვანი?... პირველს შემთხვევაში თანდებული მიბმულია სიტყვაზედ, მეორეში განცალკევებულია, მაგრამ აზრი-კი იოტის ოდენადაც არ იცვლება. ძაღლი ჯავრით დაჰკდომია თავისს პატრონსა. ამითი მას გამოუჩენია სამაგალითო ერთგულება. საწყალს კი აბრალებენ მტკნარს სისულელეს: საფლავს ზედ დააკვდაო. განა ეს უსამართლობა არ არის? მე მგონია - დიდი. რათა სიყვარული სისუსტედ არ ვაქციოთ, მიუცილებლად ფრაზა უნდა ითქვას ასე: ძაღლი პატრონს დაჰკდომოდეს საფლავზედ.
ორიოდე შეცდომას, ჩვენგან დასახლებულს, აკაკი არ ესარჩლება. სჩანს მათი უკანონობა მისთვისაც ცხადი შეიქმნა. მადლობა ღმერთს, ამ შემთხვევაში მაინც ვალი გადახდილი სცნა.
ყველაზე უფრო ცხარედ ესარჩლება ჩვენი სახელოვანი პოეტი თავის სიტყვას "სწორი, მართალი". მაგრამ ეს სიცხარე იმის მოწმეა, რომ იუპიტერი ჰგრძნობს თავისს უსამართლობას. იუპიტერის, ე. ი. აკაკი აზრით სრული უკანონობა იქმნება, რომ ვიხმართო: სწორე, მართალი, ბრუდე სიტყვა. უთუოდ ორივე სიტყვა ასოზედ ი უნდა დავაბოლოვოთ. მთელს ქართლ-კახეთში ვერც ერთ ქართველს ვერ იპოვნით, განათლებულსა, თუ გაუნათლებელს, რომ სწორი სწორეს მაგივრად იხმაროს, ბრუნდი ბრუნდეს ნაცვლად. გამოვკითხე აგრეთვე გურულებს, რაჭველებს, იმერლებს და იმათაც ასეთი ხმარება უარ-ჰყვეს, ეჩოთირათ, ეუცხოვათ. მართალია, თუ დავაკვირდებით კარგად, აღმოჩნდება, რომ სიტყვას "სწორი" სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვს, ბევრად განსხვავებული იმ აზრისაგან, რომელცი გამოითქმის სიტყვით სწორე, ავიღოთ ფრაზა: სწორიდგან სწორამდის. რას ნიშნავს იგი? დროსა ორსაბათიდგან მეორე ორშაბათამდის, კვირიდგან მეორე კვირამდის. ამის გამო ხშირად სიტყვა სწორი იხმარება ნაცვლად ერთის კვირისა. ერთი სწორი გდამიგვიანდა ქალაქში. ერთი სწორი დავრჩი სოფელში. მაშასადამე: სწორი გითხრა მე მართალი, გამოდის: ერთი კვირა მართალი გითხრაო. ერთი გირვანქა მართალი და ერთი ფუთი მარტალი, რომ გამოდიოდეს, კიდევ ჯანი გავარდეს აკაკის მტერსა; მაგრამ ერთი კვირა მართალი: შეგვიბრალეთ.
ცხადია, რომ ადგილობრივი, სრულიად უკანონო, გამოთქმა სიტყვისა აკაკიმ ჩასთვალა საყოველთაო ტერმინად, ჩიქორთული ქართულად მიიღო და ჩვენ-კი გვიკიჟინებს ჩიქორთულსა. კარგია, შენმა მზემ!
ბოლოს აკაკი ბრძანებს: "ჩვენ მეტსაც ვაპირებდით: "ბუნების კარისა" და "დედა-ენის" გარჩევას" და მაშინ ხომ სულ დავიღუპებოდით: ვინ იცის რას არ დაგვწამებდა. ახლა-კი ღმერთმა მშვიდობა მისცეს იმასაც და იმის ენასაცა.
თუ მართლა ამ განზრახვაზე ხელი აიღო აკაკიმ, დიდად გვაწყენინებს. ჩვენი გულითადი ნატვრა იყო და არის მოვესწროთ როდისმე ჩვენის წიგნების გარჩევას შეგნებულისა და განვითარებულის პირის მიერ. რადგანაც ამისთანა პირთა შორის აკაკის ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს, ამიტომ უკეთესს კრიტიკოსს ვეღარც კი ვინატრებთ. სამაგიერო სიკეთEს ვეცდებით გადავუხადოთ დაუყოვნებლივ. ჩვენ ჯერ პასუხს ვუგებთ, შემდედგ გავარჩევთ მის თხზულებებსა და დავაფასებთ შეძლებისა-დაგვარად მისს ენას. სიკეთის მეტს ეს, ერთმანეთის ნაწერის დაფასება, არაფერს არ მოიტანს. კრიტიკა უკადრის პოლემიკად არ გარდაიქცევა ამ შემთხვევაში, რადგანაც აკაკი ამბობს: "ჩვენ დიდი პატივისმცემელი ვართ იაკობ სიმონისძისა და მისი წყენა სრულიად არ გვესიამოვნებაო". მართალია, შხამიანი ისარი ვესროლეთ, მაგრამ ეს ისე მოგვივიდა, უცაბედად, ლამაზის, მახვილის სიტყვის სიყვარულითაო. გვჯერა.
ჩვენ კიდევ უფრო დიდი პატივისმცემელნი ვართ აკაკისა, და შეუსაბამო სიტყვას არ ვაკადრებთ არას გზით და არც ჩვენ ვიკადრებთ. მაშასადამე, მთავარნი პირობანი რიგიანისა ნაყოფიერის კრიტიკისა და ანტიკრიტიკისა არსებობენ სავსებით, სისრულით და რაღად უნდა ვსთქვათ უარი.
შეიძლება აკაკი სხვა ნაირად მოიქცეს: სხვანი მომისიოს და თვითონ სეირი გვიცქიროს. ამასაც ყაბულ. მაგრამ ეს ხერხი სიკეთEს არ დააყრის არც მის ღირსებას და არც საზოგადო ინტერესს.
ჰო, დიაღ, ენაში ხომ ვკოჭლობთ და ვკოჭლობთ ყველანი, მაგრამ ეს არ შეადგენს ჩვენს მთავარს ნაკლს. მომაკვდინებელი ჩვენი სენი უფრო სხვაა. ჩვენ ძლიერ ღატაკნი ვართ ნათელის აზრითა, მიმართულებითა, გარკვეულის მიზნით. ჩვენი ენა კიდევ ჭარტალობს, ხოლო თავი-კი ცალიერობს. ამის გამო ჩვენი ლიტერატურა წყალ-წყალა შეჭამანდს მოგაგონებთ, რომელშიაც ლობიოს მარცვალი თითო საათობით უნდა ეძებოთ. კალმის ასს ნაწარმოებში ოთხმოც-და-ცხრამეტი უთავბოლო ყბედობა და სხვა არაფერი. ეს სენი დაჰყვა სამწუხაროდ ჩვენს საბავშვო ლიტერატურასა და ცუდს შედეგს უქადის ჩვენს ნორჩს თაობას.
ამის გამო საჭიროა ენის გარდა შინაარსიც გავხადოთ საგნად ერთმანეთის ნაწერების კრიტიკისა, თუ აკაკიც ინებებს.